Topლიტერატურაწიგნები

Top 10 გა(სა)მართლებული წიგნი

ეს არ არის მხოლოდ აკრძალული წიგნების სია. ასეთი ბევრია. აქ საუბარია კონკრეტულად ეროტიული ხასიათის ისეთ ცნობილ წიგნებზე, რომლებიც არამარტო აკრძალეს, არამედ – „გაასამართლეს“ კიდეც. მაშ ასე, თქვენ წინაშეა გა(სა)მართლებული წიგნები:
1. ჯონ კლელანდის „ფენი ჰილი, ანუ სიამოვნების მომნიჭებელი ქალის მემუარები“ (1749)
„ფენი ჰილი“ გამორჩეულია იმით, რომ აშშ-ის ისტორიაში მიიჩნევა ყველაზე დიდი ხნით აკრძალულ წიგნად. 1821 წელს წიგნი გამოცხადდა ამორალურად და მანამდე ატარებდა ამ სტატუსს, სანამ 1966 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საპირისპირო არ გადაწყვიტა. ამ 145 წლის განმავლობაში ამ წიგნის აკრძალული ხილის გემო ჰქონდა, დღეს კი, მხოლოდ ვიწრო წრის ყურადღებას იქცევს. 

2. გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“ (1857)
როცა მადამ ბოვარის ნაწყვეტი 1856 წელს საფრანგეთში გამოიცა, სამართალდამცველებს თვალში არ მოუვიდათ ექიმის მოღალატე ცოლის მხატვრული აღწერა (აქ განხილულ ნაწარმოებებთან შედარებით მადამ ბოვარი ნამდვილი დედა ტერეზაა) და სცადეს მთლიანად აეკრძალათ ნაწარმოების გამოცემა პორნოგრაფიის მარეგულირებელი მკაცრი ფრანგული კანონების დახმარებით. საქმე სასამართლომდე მივიდა. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ ფლობერმა პროცესი მოიგო და წიგნის გამოცემა კვლავ განახლდა 1857 წელს.

3. ჯეიმს ჯოისის „ულისე“ (1922)
ალბათ ყველაზე ცნობილი გასამართლებული წიგნი. როცა „ულისეს“ მასტურბაციის ეპიზოდი 1920 წლის ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდა, New York Society for the Suppression of Vice-ის შოკირებულმა წევრებმა გადაწყვიტეს უსაქმოდ აღარ ყოფილიყვნენ და თავის თავზე აიღეს „ულისეს“ ამერიკული გამოცემის აკრძალვა. 1921 წელს სასამართლომ განიხილა „ულისე“, მიიჩნია პორნოგრაფიულ ნაწარმოებად და აკრძალა „ულისეს“ არა მარტო ამ ეპიზოდის, არამედ მისი მთლიანად გამოცემა. გადაწყვეტილება შეცვალეს 12 წლის შემდეგ და 1934 წელს ულისეს ამერიკული გამოცემა კვლავ დაბრუნდა თაროებზე.

4. დევიდ ჰერბერტ ლოურენსის „ლედი ჩატერლეის საყვარელი“ (1928)
ის, რაც დღეს ლოურენსის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიიჩნევა, მისი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ პირად საიდუმლოებას წარმოადგენდა. წიგნი, რომელიც თავდაპირველად პირადი დაფინანსებით გამოიცა, 1928 წელს (ლოურენსის სიკვდილამდე 2 წლით ადრე), მოგვითხრობს მდიდარი ქალბატონისა და მისი ქმრის მოსამსახურის სასიყვარულო ურთიერთობაზე. წიგნმა ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ამერიკულმა (1959 წ.) და დიდმა ბრიტანულმა (1960 წ.) გამომცემლებმა გამოსცეს. ორივე გამოცემამ სათავე დაუდო გახმაურებულ სასამართლო პროცესებს (წიგნების პორნოგრაფიული ხასიათის ბრალდებით), თუმცა ორივე შემთხვევაში გამომცემლები გამართლდნენ.

5. რედკლიფ ჰოლის „მარტოობის ჭა“ (1928)
ამ ნაწარმოების მთავარი გმირი ლიტერატურის პირველი ლესბოსელი წარმომადგენელია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რომანის ყველა ეგზემპლარი გაენადუგურებინათ და სასამართლო პროცესები დაწყებულიყო. რომანმა აღიარება უკანასკნელ ათწლეულებში მოიპოვა და უკვე კლასიკად ითვლება. რომანში კარგად ჩანს XX საუკუნის დასაწყისში არსებული დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ.

6. ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“ (1934) 
„ჩემ თავს პირობა დავუდე“, ამბობს მილერი, „რომ, ჩემს დაწერილში ერთ სიტყვასაც არ შევცვლი“. ეს სიტყვები 1963 წელს წარმოითქვა, როცა მილერის „კირჩხიბის ტროპიკის“ სასამართლო პროცესები დაიწყო. ეს ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი დაახლოებით ისეთივეა, მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ვუდი ალენს რომ დაეწერა. ჯორჯ ორუელმა რომანს უდიდესი ინგლისური ნაწარმოები უწოდა. სემუელ ბეკეტმა კი რომანის გამოცემა მისი თანამედროვე მწერლობის უდიდეს მოვლენად შერაცხა. 1964 წელს აშშ-ის უზენასმა სასამართლომ „კირჩხიბის ტროპიკს“ ამორალური ნაწაროების სტატუსი მოუხსნა.

7. ალენ გინზბერგის „ყმუილი და სხვა ლექსები“ (1955)
„დავინახე, თუ როგორ გაანადგურა სიგიჟემ ჩემი დროის საუკეთესო წარმომადგენლები…,“ – წერს გინზბერგი „ყმუილის“ დასაწყისში. დასაწყისი ისეთია, რომ საჯარო გამოსვლის ან რელიგიური ქადაგების კარგ დასაწყისადაც შეიძლება გამომდგარიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ლექსში ანალური პენეტრაციის აღმნიშვნელი ფრაზა წაიკითხეს [“who let themselves be fucked in the ass by saintly motorcyclists, and screamed with joy.”], 1957 წელს მან სასამართლო პროცესზე ამოჰყო თავი, რამაც გინზბერგი უცნაური ბიტნიკიდან რევოლუციურ მწერლად აქცია.

8. უილიამ ბეროუზის „შიშველი ლანჩი“ (1959)
ბიტთაობის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები პირველად ორ ამერიკულ ჟურნალში გამოჩნდა და როცა ეს ჟურნალები ფოსტაში ჩაეშვა, უფლებამოსილმა ორგანომ ჟურნალის ყველა ასლი ამოიღო, რათა თავიდან აეცილებინა „ამორალური პროზის საზოგადოებაში გავრცელება.“ 1962 წელს გამართულ პროცესზე წიგნი მიჩნეულ იქნა ამორალურად პედოფილიისა და ბავშვის მკვლელობის ელემენტების აღწერისთვის. თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს ოთხი წლის შემდეგ, როცა პროცესზე უილიამ ბეროუზის დასაცავად სიტყვით გამოვიდნენ ნორმან მეილერი და უკვე ამ საქმეში გამოცდილი ალან გინზბერგი.

9. ჰუბერტ სელბის „უკანასკნელი გამგზავრება ბრუკლინში“ (1964)
ეს არის შოკისმომგვრელი შინაარსობრივი ელემენტებისა და ცნობიერების ნაკადით დაწერილი ექვსი მოთხრობის ბნელი კრებული, რომელიც მოგვითხრობს მკვლელობაზე, ჯგუფურ გაუპატიურებაზე და მუდმივ სიღარიბეზე სექსით ვაჭრობისა და იატაკქვეშა გეი საზოგადოებაზის არსებობის ფონზე. კრებულმა ოთხი წელი გაატარა ბრიტანეთის სასამართლოს სისტემაში სანამ ოფიციალურად აღიარებდნენ, რომ წიგნი არ იყო ამორალური. სელბის მეორე ცნობილი ნაწარმოებიც აქვს: „რექვიემი ოცნებაზე“. დიახ ის, რის მიხედვითაც გადაიღო დარენ არონოფსკიმ თავისი შედევრი.

10. არუნდჰატი როის „პატარების ღმერთი“ (1996)
ინდოელი ნოველისტის არუნდჰატი როის ამ სადებიუტო რომანმა ავტორს მილიონობით დოლართან, საერთაშორისო ცნობადობასთან და 1997 წლის ბუკერის პრემიასთან ერთად სასამართლო პროცესიც არგუნა წილად. 1997 წელს ინდოეთის უზენაეს სასამართლოში მას მოუწია იმის მტკიცება, რომ ნაწარმოებში აღწერილი მოკლე და შემთხვევითი სექსის სცენები ქრისტიან ქალსა და დაბალი კასტის წარმომადგენელ ინდუისტს შორის საფრთხეს არ უქმნიდა საჯარო მორალს. პროცესი როიმ მოიგო.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button