ჯაბა გორგილაძე – ნაპირი
ნენეი თვალებამღვრეული
გულანთებული თესბით ხელში,
ბაბუი ჯამი ეზოს, ულვაშაწეული,
წარსული ჩამადნა ყელში.
მთვარე ანათებდა, ხატავდა
სამას წელს სამასი ფუნჯით,
წარსული აწმყოს არ ჰგავდა,
ნატაძრალზე ზარი მუნჯი.
სადედოფლოდ ნისლიანი მთები,
ცა უპატრონოდ დასტიროდა ღელეს,
უფალს დავეძებ, უფლის არსებობას ვხვდები,
რაფერ მივდე და მევეფერო ნენეს?!
მამლის ყივილი მაფხიზლებდა ამად,
ღამე საძმაკაცოდ გამომიჩნდა მგონი,
ა, ეს ბოროტება არ მეყოფა ჭამად,
სულში ამიჯანყდა უკანონო ომი.
ვეძებდი საქართველოს, ბაბუ!
ბაბუ, საქართველოს ჩემში,
ადგილს ვერ ვპოულობ, ბაბუ!
სტრიქონს საიმედოს ლექსში.
ნენი, სიზმრად ვნახე წუხელ,
წინაპარი დამცინოდა ძლიერ!
დერდებს სიზმარშიც ვერ ვუმხელ,
ცოდვებს ვეღარაფრით ვძლიე.
რაღაი ქართველობა შემრჩა,
არ ვარ ჩემი ქვეყნის მსხვერპლი,
სამას ნაბატონი მიწის,
სამას გაყიდული ვერცხლის!
წამი წელიწადად მექცა,
სული აიორთქლა ზეცამ,
მიწას ჩემი ხორცი ეცვა,
სისხლი მდინარეში ძერწა!
დილით ვიღვიძებდე, ნეტაი,
ნენი, შენი ლოცვის ხმაზე,
ყურში ჩამესმოდეს ნანაი,
ჯვარი კვლავ დახატე მჭადზე!
ასე მეოცნებედ ბაღვი,
ყველგან დევეძებდი ნაპირს,
ჩემში საქართველოს ბაღი
უფალს შეევედრა აპრილს…