პოეზია

ჯაბა გორგილაძე – ნენე ზღაპარს მიკითხავდა

ნენე ზღაპარს მიკითხავდა, ბაბუ თუთუნს ახვევდა,
ფეჩი ძირას ფისო იწვა, კუდს კნავილით არხევდა…
გარეთ ქარი ფიფქის ფრქვევით მთებს თეთრ კაბას აცმევდა,​
დათვი ალბათ ბოკვერებთან უღრან ტყეში აცეკვდა.
როგორ მახსოვს ამ ნათოვლზე სხალთის ლოცვის ზარები,
ნათათრალი საუკუნის გზა _ ტანჯვის ნაკვალევი.
გული ცემდა, ნასიზმრალი ყურში ბგერა მესმოდა,
ბებო-ბაბუს ნალოცავი უცხოდ რაფერ მესმოდა…
ისევე ნაქართველარი წინაპარი მებრძოდა,
გონებაში ბევრი აზრი რიგრიგობით მეფობდა.
დილით ადრე მეჩეთში ბაბუი მუდამ მიხმობდა,
როგორც ბაბუს შვილიშვილს, ხალხი ასე მიცნობდა.
სხალთის ტაძარს მიმავალს ანგელოზი მიგალობდა
და მოლასთან ნაკამათი სული ტკივილს მონობდა.
რა ვქნა, ბებო, არ გეწყინოს, გული იქეთ მიმიწევს,
სადაც ჩემი წინაპარი მიცემეს და მიწამეს,
ერი ამიწიოკეს და სული შურით მოწამლეს.
რაფერ უნდა შევიყვარო – მტერი მოყვრად ვაქციო,
სალოცავზე უარი ვთქვა – ღვინო გადავაქციო.
ნენეს მისი მოხუცობა ჩემთან ტკბილი აცადე…
ის თუ რწმენით გამიბრუე, ჯვრის ტარება მაცადე!
იქნებ ლოცვით შევინანო მისი გასხვაფერება,
შენ მოყვარედ გამომიჩნდი, ფული არ გენანება?
ნაწყალობევ პურის ნაცვლად გველის გადაგვარება!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button