ვაჟა-ფშაველა – მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.
ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.
ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.
მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.
– უნდა წავიდე – იძახის გამიხარდა.
-სად? – ეკითხება ცოლი.
– მგელთან.
– გადაირიე კაცო?!
– კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს – ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.
– მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! – ეუბნება ცოლი.
გამიხარდას თოფი არ მიაქვს.
ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.
დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.
გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.
მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.
დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.
გამიხარდამ ეკალი ამოაძრო…
მერე?
გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.
– ქალო! – გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.
ქალი სახლში შევიდა.
– დამისხი! – თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:
– ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!
– აუუუ! – თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.
ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება.
მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას..