მე დავიბადე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ, უსაყვარლეს და უგემრიელეს ქალაქში.ველოდით,რომ იტყოდა პარიზს…
ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მწერალი და ჟურნალისტი ვახტანგ ბესარიონის ძე ბარათაშვილი ქუთაისში 1917 წლის 18 აპრილს დაიბადა. მამა – ბესარიონ ბარათაშვილი ქუთაისში ცნობილი მკერავი იყო, დედა – ნინო მაჭავარიანი დიასახლისი. ვახტანგი 5-შვილიანი ოჯახის მეოთხე შვილი იყო. ბავშვობიდან ცელქი და მოუსვენარი ზღვაოსნობასა და კაპიტნობაზე, მსოფლიოს გარშემო მაგზაურობაზე ოცნებობდა. სწავლობდა ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 12 წლისა იყო, როდესაც მშობლებისგან მალულად, მატარებლით თბილისში გაემგზავრა. ბილეთის ფულის არქონის გამო, მატარებლის კიბეზე ჩამომჯდარმა იმგზავრა. დედაქალაქი დაათვალიერა და ქუთაისში ისევ გამოცდილი მეთოდით დაბრუნდა.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოსკოვში, მეტროს მშენებლობაზე სამუშაოდ გაემგზავრა. იქ შეისწვლა რუსული ენა და შემდგომ პეტერბურგში წავიდა, სადაც საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. იბრძოდა ლენინგრადის ბლოკადის დროს, გადაურჩა ფაშისტურ ტყვიას და ომის შემდეგ კალინინგრადში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ ბარათაშვილმა დაიწყო მუშაობა გემზე „უმბა“, ჯერ რიგით მეზღვაურად, მალე გემის კაპიტანი გახდა. ვახტანგ ბარათაშვილი აწყობდა ექსპედიციებს სხვადასხვა ქვეყნებში, იყო ფლაგმან-კაპიტანი. მან მრავალგზის გადაიყვანა გემების ქარავანი ურთულეს პირობებში ბალტიის ზღვიდან ვლადივასტოკსა და კუბაში. ამავე პერიოდში დაიწყო წიგნების წერა. მისი პირველი ნაწარმოები „საბჭოთა მეზრვაურის ჩანაწერებია“, რასაც მოჰყვა მსხვილტანიანი რომანი „ჰავაის ბულბული“. ასევე საბავშვო მოთხრობების კრებული „ზღვიდან დანახული მსოფლიო“.
ვახტანგ ბარათაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიგო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ასევე ატარებდა საჯარო ლექციებს ქუთაისში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სკოლებში. ვახტანგ ბარათაშვილმა შეიმუშავა საზღვაო ტექნილური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე და გამოსცა წიგნად.
ვახტანგ ბარათაშვილი სხვადასხვა დროს გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს მოგზაურობებისა და ექსპედიციების შესახებ. წერდა ქვეყნების ისტორიებს, მათ კულტურასა და ტრადიციებზე. მისი პუბლიკაციები პოპულარობით სარგებლობდა ქართულ საზოგადოებაში. გარდა ზღვისა , ვახტანგ ბარათაშვილს ხვა გატაცებაც ჰქონდა. დიდი და უნიკალური ბიბლიოთეკა, სხვადასხვა ქვეყნების მონეტები, დაშნები და ამა თუ იმ ქვეყნის დამახასიათებელი ჰერალდიკა, ვახტანგ ბარათაშვილის სახლის არც თუ მცირე მუზეუმს წარმოადგენდა.
ვახტანგ ბარათაშვილმა სიცოცხლეშივე საკუთარი ბიბლიოთეკა სახელმწიფოს გადასცა. იგი 90 წლის ასაკში, 2006 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ამ დიდებულ ადამიანთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ ძალიან სასიამოვნო მოგონებას იხსნებს , რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ :
,,70–იან წლებში, თბილისის მე–4 საშულო სკოლაში, ბატონი ვახტანგი გვესტუმრა. სკოლის დარბაზში მოსწავლეებს თავის თავგადასავალსა და მოგზაურობაზე გვესაუბრა. ის საოცარი ამბები, ჩვენთვის უცნობ მსოფლიოზე დღესაც მახსოვს, მაგრამ მთავარი იყო ბოლოს, როდესაც ერთმა მოსწავლემ ბატონ ვახტანგს კითხა: “თქვენ მთელი მსოფლიო მოვლილი გაქვთ და იქნებ გვითხრათ, თავად სად დაიბადეთ და გაიზარდეთო.” ეს კითხვა ასეთი ფორმით იმიტომ დასვა, რომ იმ მოწაფეს და ჩვენც გვეგონა ბატონი ვახტანგი სადღაც ეგზოტიკურ ქვეანაში ან რომელიმე, მსოფლიოს დიდ და ცნობილ ქალაქში იქნებოდა დაბადებული. ბატონ ვახტანგს გაეღიმა და თქვა: მე დავიბადე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ, უსაყვარლეს და უგემრიელეს ქალაქში. შემდეგ პაუზა გააკეთა და ჩვენ ველოდით, რომ ახლა იტყვის პარიზს, ნიუ–იორკს, ვენეციას და ა.შ. ..და დაამთავრა–ქუთაისში. ბაშვები სახტად დარჩნენ, მე სიხარულისგან წამოვხტი და ტაში დავუკარი. ბატონმა ვახტანგმა მიხმო და მითხრა ; რატომ დაუკარი ტაშიო. მე ვუპასუხე–მეც ქუთაისელი ვართქო. მან გულში ჩამიხუტა და მითხრა: ყველაზე მაგრები ვართ ქუთაისლებიო.”
წყარო – უცნობი ქუთაისი