ლიტერატურასაკითხავი

შარლ ბოდლერი “მარტოობა”

ერთი ფილანთროპი, უხეირო გაზეთის ჟურნალისტი მეუბნება, რომ მარტოობა ცუდია კაცისათვის; თან, თავისი თეორიის დასამტკიცებლად, იწყებს, როგორც ამას ყველა ეჭვიანი სჩადის, ეკლესიის მამათა სიტყვების ციტირებას.

ვიცი, რომ დემონი სიამოვნებით სტუმრობს ხრიოკ ადგილებს და რომ დანაშაულებრივი და ავხორცხი გონება ჩვეულებრივად იღგზნება მარტოობაში. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს მარტოობა მხოლოდ უსაქმური და მოხეტიალე სულისთვის იყოს სახიფათო, რომელსაც დემონი ვნებებითა და ქიმერებით აღავსებს.

უდავოა, რომ ყბედი, რომლის ყველაზე დიდ სიამოვნებას წარმოადგენს ტრიბუნიდან თუ კათედრიდან ლაქლაქი, საშინელი სიგიჟის ზღვართან მივიდოდა, კუნძულზე რომ რობინზონივით მარტო აღმოჩენილიყო. მე არ მოვითხოვ ჩემი მეგაზეთისგან კრუზოს თამამ სათნოებას, თუმცა ვთხოვ, – ბრალდებას ნუ წაუყენებს სიმარტოვისა და იდუმალების მოყვარულთ.

ჩვენი მოლაყბე მოდგმა იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნაკლები თავგამოდებით დაეთანხმებოდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას, თუკი ნება მიეცემოდათ, ეშაფოტიდან წარმოეთქვათ საზეიმო პათოსით სავსე სიტყვა ისე, რომ არ შინებოდათ, რომ სანტერის ბატალიონის დოლები უდროო დროს არ გააწყვეტინებდნენ.

მე ისინი არ მებრალებიან, რადგან ვიცი, რომ ასეთი ორატორული წიაღსვლები ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს ამ ადამიანებს, როგორც სხვებს – სიჩუმე და გარინდება; თუმცა – მძულს ასეთი ხალხი.

ყველაზე მეტად კი მსურს, ჩემმა წყეულმა ჟურნალისტმა ჩემს გემოზე გართობა მაცალოს.
– ნუთუ არასდროს არ გიპყრობთ სურვილი, – მეუბნება იგი აპოსტოლური ქედმაღლობით, – თქვენი სიხარული სხვასაც გაუზიაროთ?

ო, ეგ ფარული ბოღმა! მან კარგად იცის რომ თავს მარტოც მშვენივრად ვირთობ. ამიტომაც ვერ ისვენებს და მაინცდამაინც ცდილობს ვინმე თანამეინახედ შემომაჩეჩოს!

„არ შეგეძლოს, იყო მარტო – დიდი უბედურებაა!…“ – სადღაც ამბობს ლა ბრიუერი, თითქოს იმისთვის, რომ შეარცხვინოს ყველა, ვინც კი თავდავიწყებისათვის ბრბოსკენ მიილტვის – იმის შიში, რომ ვერ გაუძლებს საკუთარ თავთან ყოფნას…

„თითქმის ყველა ჩვენი უბედურება იმის შედეგია, რომ ვერ შევძელით საკუთარ კედლებში დარჩენა“, – ამტკიცებს მეორე ბრძენი, პასკალი და ამით თითქოს დაფიქრებისკენ მოუწოდებს ყველა გადარეულს, რომლებიც მოძრაობაში ხედავენ ბედნიერებას, ან კიდევ სულიერ გარყვნილებაში, რომელსაც მე დავარქმევდი ძმათაშორისს იმ შემთხვევაში, თუკი მოვისურვებდი ჩვენი ეპოქისთვის ნიშანდობლივი მოქარგული ენით საუაბრს.

Source
https://burusi.wordpress.com
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close