გიორგი წერეთელი “ფოთი”
ნაწყვეტი რომანიდან “პირველი ნაბიჯი”
იყო დრო, როცა ქალაქ ფოთის ნავსადგურში პირველად იწივლა ცეცხლის გემმა, მისმა წივილმა პირველად განუფრთხო ძილი მტრისგან მოუძლურებულ საქართველოს ერს. ეს იყო ახალი დროის მამლის ყივილი დასავლეთ საქართველოში. ფოთი აღინიშნა შავი ზღვის კიდეზე კავკასიის ბოღაზათ.
სამეგრელოში ატყდა დიდი ფაცა-ფუცი, დიდი და პატარა ყველა ფოთისკენ გარბოდა. იმ დროს ერთადერთი ფულის მოსაგები კუთხე ფოთი შეიქნა. მალე გაიკვერა კავკასიის შუაგულზე ქვეყნის სავაჭრო გზატკეცილი. დასავლეთით ფოთი შეიქნა კავკასიის სავაჭრო ყურე, ევროპისაკენ მიქცეული, და აღმოსავლეთით ბაქო- მეორე სავაჭრო ყურე, აზიისკენ მიქცეული. დადგა მეორე ხანა კაცობრიობის მოძრაობისა და კვლავ მოუბრუნდა იმედი კავკასიას; მასთან საქართველოსაც განუახლდა ძველიდგანვე დაკარგული სასოება, რომ ხელმეორედ გამხდარიყო კაცობრიობის განათლების გზათ და ხიდათ.
იმ დროს უცხო ქვეყნების ნაწარომებს დაშლა არ ჰქონდა კავკასიის ნიადაგზე შემოტან-გატანისა. ფოთში უცხო ტომის კაცები იმ დროს ჭიანჭველასავით ირეოდენ. ისინი ყიდულობდენ კავკასიის ნაწარმოებს იაფ ფასად და გაჰქონდათ უცხო ქვეყნებში. იმ დროს თქვენ აქ, მდინარის რიონის შესართავთან, ბერძენსაც შეხვდებოდით, ინგლისელს, ფრანგს, გერმანელს, ამერიკელს, ოსმალელს და სლოვენის ტომის სხვა-და-სხვა გვარობას. ამათ ჰქონდათ ევროპის სხვა-და-სხვა სახელმწიფოსთან, აგრეთვე სპარსეთთან ინდოეთამდის ვაჭრული დამოკიდებულება, გაჰქონდათ ზღვით და ხმელეთით ნიგვზის კუნძები, ბზა, ურთხველი, ყოველნაირი ხე-ტყე, მატყლი, აბრეშუმი, სიმინდი, პური, ღვინო, ბეწვეულობა, საქონლის ტყავები, თივთიკი, ლეკის შალები, ნაბდები და ნუხური ხალები. მრავალი მათგანი ამ ნაწარმოებში სცვლიდა უცხო ქვეყნიდან მოტანილ ფართალს, აბრეშუმის ქსოვილებს, მაუდებს, სხვა-და-სხვა კოლონიის საქონელს და წვრილმან საფაფუკო, სადიდკაცო ავეჯეულობას.
ეს ის დრო იყო, როცა შავ ზღვაზე ახლად დაარსდა რუსის სავაჭრო და ცეცხლის გემის საზოგადოება, როდესაც ახალ ფეხადგმული რუსის ინჟინრები ადგენდენ პროექტებს, სხვა-და-სხვა საშუალებით გაეკეთებიათ ფოთში პორტი, მაგრამ პორტის გაკეთების მაგიერად აუარებელი ხე-ტყე გამოახვრევინეს ზღვის ჭიას და თვითონაც აუარებელი ფული გამოხრეს ხაზინაში.
იმ დროს ფული ბჟირივით იყო. კაცის ხელი უფრო ძვირად ფასობდა. მაშინ მეგრელისათვის რომ გეკითხა: “სო მეურქო” (სად მიხვალო?) – “ფოთიშა მეურქ, პატონი” (ფოთს მივდივარ, ბატონო)- მოგიგებდა: “ეგება ჟირიოდე ფარა ივშუა” (ეგება ორიოდე ფარა ვიშოვოო).