ზღაპარისაბავშვო

ეფხვი, გლეხი და მელია – ინდური ზღაპარი

ტყეში, ნახევრად ჩამონგრეულ გამოქვაბულში, ერთი ვეება ვეფხვი ბუნაგობდა. იგი ღამღამობით შეიპარებოდა ხოლმე ახლომახლო სოფლების ფარეხებში და საქონელს იტაცებდა, ზოგჯერ ადამიანებსაც ესხმოდა თავს.

ერთ ღამეს ვეფხვი მაჰარაჯას* (* მაჰარაჯა — სიტყვასიტყვით — «დიდი მეფე» ან «დიდი მთავარი». აღნიშნავს რაჯაზე უფრო მსხვილ და, ხშირად, დამოუკიდებელ მმართველს.) საწოლ ოთახში შეიჭრა და ისე შეაშინა მბრძანებელი, კინაღამ სული ამოხადა.

მაჰარაჯამ ბრძანა, სასწრაფოდ შეეკრიბათ იმ მხარის საუკეთესო მონადირეები.

ყველამ თავი მოიყარა. მაჰარაჯამ განაცხადა:

— რომელი თქვენთაგანიც დაიჭერს ან მოჰკლავს იმ ბოროტ მტაცებელს და ცოცხლად მომგვრის ან მის ტყავს მომიტანს, ჯილდოდ ათას ოქროს რუპიას* (* რუპია

— ფულის ერთეული.) მივცემო.

მეორე დღისათვის ჯერგით ნადირობა დათქვეს. მონადირეები გარს შემოერტყნენ

ტყეს და ნელ-ნელა მიიწევდნენ იმ კლდისაკენ, სადაც ჯაგნარით დაფარულ გამოქვაბულში ბოროტი ვეფხვის ბუნაგი ეგულებოდათ.

ვეფხვმა, როგორც კი მონადირეები შეამჩნია და საშიშროების მოახლოვება იგრძნო, ფრთხილად გამოვიდა გამოქვაბულიდან, ჯაგებიდან შეუმჩნევლად გავიდა ტყის პირზე და საურმე გზას გაჰყვა. გზაზე ერთი ღარიბი გლეხი შემოეყარა. გლეხი სახედარშებმულ ორთვალაზე იჯდა და ხორბლით სავსე ტომრები მიჰქონდა. გლეხსაც და სახედარსაც ფერი ეცვალათ ვეებერთელა ვეფხვის დანახვაზე, მაგრამ ვეფხვმა შესძახა:

— ნუ გეშინიათ, მეგობრებო, არაფერს გავნებთ, ოღონდ როგორმე გადამარჩინეთ! ბოროტი მონადირეები უკან მოსაკლავად მომდევენო.

— კეთილი, მაგრამ ჩვენ რითი უნდა გიშველოთო? — შეეკითხა შეშინებული გლეხი.

ვეფხვმა ცოტა სული რომ მოითქვა, გლეხს უთხრა:

6

— სულ უბრალოდ! ერთი ტომარა დაცალე და მე შიგ ჩავძვრები. სანამ იმ ტყემდე არ მიმიყვან, საიდანაც გამოვიქეცი, არ ამოვალ. თუ გზაზე მონადირეები შეგხვდებიან და ჩემზე რამეს გკითხავენ, უთხარი, აგერ, იმ შორეული ჯუნგლებისაკენ მირბოდა-თქო.

საწყალი გლეხიც ისე მოიქცა, როგორც ვეფხვმა სთხოვა: ტომარა დაცალა, ვეფხვი ურემზე ახტა, მარდად ჩაძვრა ტომარაში და სული განაბა. გლეხმა ტომარას თოკით მოუკრა პირი, მერე ზედ დააჯდა და გზა განაგრძო.

ცოტა ხნის მერე ვეფხვის კვალს ადევნებული მონადირეები მართლაც შემოხვდნენ გლეხს და ჰკითხეს:

— გზაზე ვეფხვი ხომ არ შეგხვედრიაო?

— როგორ არა, ერთი დიდი ვეფხვი აი იმ ჯუნგლებისაკენ გარბოდაო. მონადირეებმა მადლობა გადაუხადეს და ვეფხვს დაედევნენ.

— გმადლობ, სიკვდილისაგან რომ მიხსენი! შენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებო,

— ეუბნებოდა ტომრიდან ვეფხვი.

როგორც კი გლეხი ტყეს მიუახლოვდა, ტომარას თავი მოხსნა და ვეფხვი ამოუშვა.

მოულოდნელად მხეცმა ბოროტად შეღრინა, ვეებერთელა ხახა დააღო და გლეხს უთხრა:

— ახლა კი შენცა და შენს სახედარსაც შეგჭამთო. გლეხმა ტირილი დაიწყო:

— ეგ როგორ იქნება? მე შენ სიკვდილს გადაგარჩინე და სიკეთეს ამით მიხდიო?

— მართალია, სიკვდილისაგან მიხსენი, მაგრამ მე ხომ სისხლისმსმელი მხეცი ვარ, ვეფხვი იმისათვისაც მქვიან, რომ უნდა შეგჭამოო.

გლეხი უფრო ხმამაღლა ატიდა. ვეფხვს უმტკიცებდა, უსინდისოდ იქცევი, ურცხვად მომატყუეო, მაგრამ ვეფხვს არაფრის გაგონებაც არ სურდა.

სწორედ ამ დროს ცბიერი მელია გამოძვრა ბუჩქებიდან და იკითხა:

— ჩემო ძვირფასებო, ასე გაცხარებულნი რაზედ დაობთო?

თვალცრემლიანმა გლეხმაც ყველაფერი უამბო.

მელიამ გლეხს გულდასმით მოუსმინა და ვეფხვს უთხრა:

— ყველაფერი სწორია, თქვენო მხეცურთკეთილშობილებავ! რასაკვირველია, მართალი ხართ: რაკი ვეფხვი ბრძანდებით, უსათუოდ უნდა შესანსლო გლეხი. მაგრამ საქმე ეგ როდია, მე რაღაც არა მჯერა და ვერც დავიჯერებ, ვითომც ამ ვიწრო ტომარაში ჩაძრომა შეგეძლოსო.

მელიას სიტყვებზე ვეფხვში თავმოყვარეობამ გაიღვიძა, ისე აღელდა, რომ სიფრთხილეც კი დაავიწყდა და იღრიალა:

— რაებსა როშავ! როგორ მიბედავ მაგის თქმას, ვითომც მე მოუხეშავი ვიყო. ახლავე, შენს თვალწინ ჩავძვრები ტომარაში და დარწმუნდები, რომ სცდებიო.

თქვა თუ არა ეს, ვეფხვი სწრაფად ჩაძვრა ტომარაში. მელიამ გლეხს შესძახა:

— ახლა ყველაფერი რიგზეა! ტომარას მაგრად მოუკარი პირი და არ ამოუშვა ეგ უბედური! ერთი ორიოდე კომბალიც უთაქე და მაჰარაჯას მიჰგვარე. ჯილდოდ ათას ოქროს რუპიას მოგცემს და ბედნიერად იცხოვრებ. ოღონდაც ამის შემდეგ დაიმახსოვრე: მტერს თუ ენდობი, თავს საფრთხეში ჩაიგდებო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button