საკითხავი

დავით ყიფშიძე – უძირო ტბის რაინდები

ყველაფერი მარტივი იდეით დაიწყო: მთაში დასვენება მინდოდა. ასე აღმოვჩნდი შოვში. ჩემი პირველი სტიმული ტემპერატურა იყო, როდესაც მინივენიდან ჩამოსულმა აღმოვაჩინე, რომ აშკარად იმაზე მეტად ცხელოდა, ვიდრე ამას მოველოდი. მივხვდი, ტყეში ბოდიალს თავისუფლად შევძლებდი. ჩემი  შოვში ჩასვლის მიზანიც ხომ ეს იყო, მოვწყვეტოდი ქანცგაცლილი თბილისის ოხშივარს და ქალაქის უაზრო გუგუნის მაგივრად ტყის თანაბარი ზუზუნისთვის მესმინა.

საკუთარი ძალები მეორე დღესვე მოვსინჯე. გავიარე პანსიონატის გრძელი დაღმართი და შევუდექი აღმა გზას პარკისაკენ. მირჩიეს, პატარა ხიდს გადახვალ და ეგრევე ტყეში ხარო. ასეც მოხდა, მაგრამ  ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო, რადგან მაღლა მინდოდა ავსულიყავი და ზემოდან გადმომეხედა დასახლებისათვის. ვიპოვე რასაც ვეძებდი და მეც შევუყევი აღმართს დიდი მონდომებით. თხუთმეტ წუთში ეს მონდომება ქოშინში გადამივიდა და მივხვდი, უნდა შემესვენა, თან მეგობრებს ვწერდი მესენჯერში. ფოტოებზე გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ ტყის გარემო, მე კი ვიჯექი ჩემს ზურგჩანთაზე, ვიღებდი ფოტოებს, ვფიქრობდი რამდენის გაქაჩვა შემეძლო კიდევ და ხარბად ვისუნთქავდი დიდი ხნის მონატრებულ ჟანგბადს. დიდი წაქცეული ხის შემდეგ აღმართმა მარჯვნივ შეუხვია და  გართულდა, თუმცა უკვე დიდი ჯოხით ვიყავი შეიარაღებული, რომელიც იქვე, სხვა ბევრი ჩამოცვენილი უზარმაზარი ნაძვის ტოტებიდან გამოვარჩიე. ხედი გადავიღე და შევუყევი ზემოთ დროებითი ნაკადულის მიერ შექმნილ ვიწრო ტყის ბილიკს. ჩემს აღტაცებას ყველაზე მეტად პატარა და ხასხასა მწვანე ნაძვის ყლორტები იწვევდნენ, რომლებიც იმედიანად იდგნენ ამაყი მრავალწლოვანი ნაძვების ძირში შეყუჟულები და თავის რიგს ელოდებოდნენ, რომ გაზრდილიყვნენ და ძველი თაობასავით მაღლიდან ეცქირათ სამყაროსათვის.

აქ სიარული უფრო მიმარტივდებოდა, თან სიამოვნებას მგვრიდა, რადგან მიწა რბილი იყო და ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც ბავშვობაში, როდესაც საწოლის არათანაბარ ზედაპირზე საკუთარ თავს წონასწორობის დაცვაში ვცდიდი. ის-ის იყო მზის სინათლე დავინახე ტყის დაუმთავრებელი აღმართის ბოლოში, რომ ბურდღუნის ხმაც მომესმა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ხმა ჯიუტად განაგრძობდა ექოს და თან ტოტების მტვრევაც დაიმატა. გავაანალიზე რა, რამდენად არასახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი თბილისიდან ჩამოსული, ტყეში სწრაფად გადაადგილებაში გამოუცდელი შორტებიანი, გამხდარი, მაგრამ სავარაუდოდ მაინც გემრიელი სტუმარი, უკან მოუხედავად დავეშვი დაბლა, თან ვცდილობდი იგივე გზაზე დავბრუნებულიყავი, რადგან ტერიტორიას საერთოდ არ ვიცნობდი. ასე დამთავრდა ჩემი პირველი გასვლა ბუნებაში.

შემდეგი დღე ადგილობრივი გარემოს შესწავლაში და დროის ფლანგვაში გავატარე, მოკლედ არ მეცალა. ბიჭებმა მითხრეს, აქვე ახლოში ბუბას მყინვარია და იქ ვიყავითო. მივხვდი, ლამაზი იქნებოდა, ტურისტულ რუქაზეც წავაწყდი, მაგრამ ასე მარტივად მყინვარზე მოხვედრა დიდად არ მეპიტნავა, რაღაც უფრო დახვეწილს ვეძებდი. საბედნიეროდ ტელეფონი ინტერნეტს კარგად იჭერდა, მეც შევუდექი ინფორმაციის მოგროვებას და სულ მალე ჩემი ყურადღება უძირო ტბის სურათმა მიიქცია. შენიშვნებით და კომენტარებით მივხვდი, რომ 6-7 საათის გზა დანიშნულების წერტილამდე და სხვადასხვა მარშრუტის შეთავაზება უკვე გამოცდილი მოლაშქრეებისგან რაღაც რთულს და საინტერესოს მოასწავებდა. მაშინვე ამიტაცა ამ იდეამ და ჩემი განზრახვა მასპინძლებს და სხვა სტუმრებს გავანდე. იდეის გაგონებაზე ყველას ღიმილი ადგებოდა სახეზე, მაგრამ როგორც კი ვიტყოდი, რომ მარტო ვაპირებდი ასვლას, შეცბუნებულები ცდილობდნენ ჩემს გადარწმუნებას. ბიჭებმა მირჩიეს, ჩვენც ვაპირებთ ასვლას ერთ-ორ დღეში და ერთად წავიდეთო. სხვებმა გიდი გაიყოლე, არ არსებობს, დაიკარგებიო, თან მხეცმა არაფერი გავნოსო. მოკლედ, ყველა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ჩემს აკვიატებას. მე კი ვიცოდი, რადგან გადავწყვიტე, უკან ვეღარაფერი დამახევინებდა – ვერც მანძილი, ვერც შეცბუნებული სახეები და ვერც ბურდღუნა დათუნია. ამ ყველაფერს ემატებოდა შემდეგი საღამოდან ამინდის გაუარესების მოლოდინი. ვახშამზე კიდევ ჩამეკითხნენ, მართლა აპირებო? როდესაც ჩემგან დასტური მიიღეს, სასტუმროს მენეჯერმა გამიყვანა და შეძლებისდაგავარად ამიხსნა გზის თანმიმდევრობა. ჯერ ტყეს გაივლი, მერე ხევს აუყვები ბოლომდე და გადაუხვევ მარჯვნივ, შემდეგ ზემოთ და ტბაზე ხარო. შეძლებ, ისეთი არაფერიაო. მეც გუგლის რუქა გავხსენი, რომელზეც სატელიტური ფოტოების ერთფეროვან მთათა სისტემის წვერზე, სუფრაზე შემთხვევით დაწვეთებულ ლაქასავით ეწერა უძირო ტბა, თვითონ ტბა კი არსად ჩანდა. მოკლედ მოვხაზე მარშრუტი, ჩავიწერე შემოთავაზებული ნომრები საგანგებო შემთხვევისათვის და ყველასგან წარმატება ნასურვები შევბრუნდი ნომერში. მაშინვე დავწერე მოლაშქრეების გვერდზე ჩემი სურვილის შესახებ და მოვიკითხე შემოერთების მსურვებელები, აღმოჩნდა რომ შუა კვირაში არავინ იყო იქ. არ დამეზარა და ცალკე დავდე პოსტი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის სიზუსტეზე, თუ არის ასე და ასე-თქო. ერთი გამოხმაურება მომეწონა ყველაზე მეტად, სადაც ერთი პიროვნება ამომწურავად პასუხობდა ყველაფერს, რაც მაინტერესებდა. მაშინვე დავიწყე ამ ინფორმაციის შესრუტვა. გადმოვწერე უინტერნეტო რუქის აპლიკაცია და ვეცადე ერთ-ერთი გვერდის შემოთავაზებული მარშრუტის აპლიკაციაში შეყვანა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ გამოვიდა. ამ დროს ჩემს გვერდით გოჭზე და კარგ ღვინოზე ტკბილად ქეიფობდნენ. კიდევ კარგი არ შევედი, ნასვამი ნამდვილად ვერ შევძლებდი ვერც აპლიკაციის გამართვას და ვერც იმ ყველაფრის გამოვლას, რაც თურმე შემდეგ დღეს მელოდა. ჩემს მეგობარს ვესაუბრე. გამამხნევა და მარტივად მითხრა, როგორაც ხარ განწყობილი, ზუსტად ისე გამოგივა, დარწმუნებული ვარ, იდეალურად დალაშქრავო. ჩემებს დავურეკე და გავაფრთხილე, შეიძლება საღამომდე ვერ დაგიკავშირდეთ და არ მეძებოთ-თქო. ერთი კი შეიცხადეს, მაგრამ ისინი ხომ სხვებზე უკეთ მიცნობდნენ, მოკლედ მოგვარდა.

დილას დანიშნულზე ერთი საათით ადრე გაღვიძებული სრული შემართებით შევუდექი სამზადისს. გასვლა მაინც დანიშნულ დროს მომიწია, რადგან საგზალს მიმზადებდნენ და ველოდე. წავიხემსე, პატარა მინერალურის ბოთლით წყალი შევივსე, დავამშვიდე ყველა, ნავიგატორით მივდივარ-მეთქი და დავეშვი დაღმართზე საგზლიანი ზურგჩანთით. ტყეში შესვლამდე, უძირო ტბის გზის მაჩვენებელთან ადგილობრივი მაცხოვრებელი შემხვდა და მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ტელეფონით ნავიგაცია მიმქონდა თან, მანაც წარმატება მისურვა.

საათი 9:45, ბატარია – 89%, წყალი – სავსე.

ტყეში შესვლისთანავე ჯოხი ამოვარჩიე, რომელიც განგებ დატოვებულს გავდა. გადავამოწმე კოორდინატები გადმოწერილ აპლიკაციაში და შევუდექი აღმართს. ათი წუთი იქნებოდა მხოლოდ გასული, გეგონება დამინახაო, დედა მირეკავს: რატომ სუნთქავ ასე? რამ გაგაგიჟა? ხომ იცი მხარი გტკივა, აქ წამალს სვამდი და მანდ რას აკეთებ? მოკლედ სტანდარტულად. დავამშვიდე და მონდომებულმა განვაგრძე გზა. პირველმა მარკერმაც არ დააყოვნა, ანუ, რაც მითხრეს მარკირებული გზის შესახებ, მართალი აღმოჩნდა. სულ მალე ჩემს ორი დღის წინანდელ ვოიაჟზე უფრო შორს, ქოშინიანი, მწყურვალი და სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოვჩნდი. შემდეგი მარკერი, ცოტა შესვენება, ბევრი აღმართი, ისევ მარკერი და გუგლის და აპლიკაციის რუქას ერთდროულად დავხედე.

საათი: 10:25, ბატარია – 76%, წყალი – ნახევარზე მეტი.

ტელეფონი მობილური სერვისების არარსებობას მაუწყებს. მე კი ვცდილობ, კადრში ჩავატიო ტყე, რაც,  რა თქმა უნდა არ გამომდის და მხოლოდ ფრაგმენტების გადაღებით შემოვიფარგლები. მარკერიც გადავიღე შუბიანი მეომრის ფორმაში (შუბი ჩემი ჯოხია), მაინც, შვილიშვილებს რომ მოვუყვე. აღმართი არ მთავრდება, საათს აღარ ვაკონტროლებ და პირველი შოკი! შემთხვევით გავიხედე გვერდით – ყბა ქვემოთ, ტელეფონი ზემოთ. ჩემი ჩაბურული ტყიდან მოჩანს რაღაც ულამაზესი, დათოვლილი მყინვარი, რომლის წინა ფერდობებიც ჯერ სალათისფერი მწვანე მინდვრით, შემდეგ კი მუქი ნაძვნარით არის შეფერილი. წყალი, რუქა, განვაგრძეთ გზა. როგორც იქნა ნანატრ სოკოს მივაგენი, რაც ჩამოვედი მთელი სოფელი ერთად რომ ვეძებთ. ეს ძველია, მაგრამ ლამაზი, ხელუხლებელი. ან რა გააფუჭებდა, ხალხი გვერდს უვლის, აქ ვინც ამოდის მათ ამისთვის ნამდვილად არ სცხელათ, მანქანები არ ბოლავენ და დათვსაც ალბათ მოეწონა და დატოვა ასე, კი, ნამდვილად მოეწონა.

საათი 10:55, ბატარია – 65%, წყალი – ერთი მესამედი.

ჰაერს კი არ ვსუნთქავ, ვჭამ, მწვანე ტყე, ლურჯი ცა და სიცხე, ჯერ ვუძლებ და არ ვფიქრობ ჩემი გადასაცმელი ქურთუკის გახდაზე. ერთი რამ მიტრიალებს მხოლოდ თავში: გუშინწინ ვახშმობა შემაგვიანდა და 7:45-ზე ვივახშმე, გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა. გამოდის, თუკი ათ საათზე გამოვედი, შვიდ საათში იქნება დღის ხუთი საათი, უკან სამი-ოთხი საათის სავალიაო, ანუ რვამდე ვერანაერად ვერ ჩამოვალ, აი სად დამერხა. ერთი ნათხოვარი გერბერის დანა, სანთებელა და დეზადორი, დიდი ვერაფერი შეიარაღებაა თბილისში მაწანწალა ძაღლებივით მონავარდე აქაური დათვების და ტურების შესაშინებლად. რამდენიმე წუთის წინ ერთი ეგეთი ბურდღუნა მაცილებდა აშკარად, ალბათ, ბოლოს შეეზარა აღმართზე ამოყოლა.

საათი 11:10, ბატარია – 60%, წყალი – ერთი მესამედი.

ტყე შეიცვალა, თანდათან იკლო მაღალ-მაღალმა ფიჭვნარმა და ადგილი დაუთმო დაბალ, ფოთლოვან და ჩახუთულ ტყეს. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება, რადგან ვგრძნობ, როგორ მატულობს ტემპერატურა ჩემს წყურვილთან ერთად. გზა სწორია და ბედნიერი მივიწევ წინ, რადგან ფაქტიურად გავათავე დაბურული ტყის მასივი და დათქმული ორი საათიც არ დამჭირვებია, საათ-ნახევარში ჩავეტიე, ვაშა! ვიღებ სურათებს: ისევ შორი მთები, ისევ ტყის ფერდობები და სიმწვანე, ულევი სიმწვანე. ეს ხომ ის ფერია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. რომელი გინდა სულო და გულო – ძალიან მუქი, ოდნავ მუქი, ოდნავ ღია, ღია, ბაცი, მოკლედ სრული პალიტრაა. ვიღებ სურათებს და უკვე გახუნებულ ბალახებში განვაგრძობ გზას.

საათი 11:25, ბატარია – 51%, წყალი – ერთი მეოთხედი.

დაღლილობას უნდა შემოეტია, რომ დაღმართი დაიწყო. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, თვალუწვდენელი ხეობა სუბალპური ზონისთვის დამახასიათებელი დაბალი მცენარეებით, უსუფთავესი ცა, ხეობის ძირში პატარა, ჩემი მხსნელი მდინარე, ხეობის თავზე კი გოროზი კლდეები. ნეტავ უკან არ მომეხედა. ჩემს უკან იშლება თვალუწვდენელი სივრცე ამაყი კავკასიონის ხედებით. ტელეფონს ვიმარჯვებ და ვცდილობ მეორე პანორამული სურათის გადაღებას. ისევ ვერ ვატევ ვერაფერს. ასოთხმოცი გრადუსი არ ყოფნის იმის აღქმას, რაც გარშემო ხდება. ვერ ვუძლებ და მინდა ვიღრიალო, მაგრამ მახსენდება, რომ ამით შესაძლოა ოთხფეხა მეგობრებმა მიიქციონ ყურადღება და თავს ვიკავებ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის, თვალები მიელამდება და ჟანგბადს ისევ ვისრუტავ. ორი რამ მაწუხებს – სიცხე და წყურვილი, მეორე უფრო, რადგან მდინარე ჯერ ისევ შორსაა და თურმე იმაზე შორს, ვიდრე ამ მომენტში მგონია. განვაგრძობ გზას, რომელიც ალბათ სხვა რაკურსიდან დაღმართია, ჩემთვის კი სწორი გზა. ნერვებს ის მიშლის, რომ ვერაფრით მივუახლოვდი მდინარეს, ორი საათი კი გადის!

საათი: 11:55, ბატარია – 45%, წყალი – არ მაქვს.

ხუთი წუთის წინ ბოლო ყლუპი ჩავუშვი გამომშრალ ყელში. ვდგავარ ახლა მდინარის შუაგულში და ცივ ჰაერს გამალებით ვისუნთქავ. მდინარის შხუილი ყველა სხვა ხმას ახშობს, ჩემს ფიქრებსაც კი. კარგა ხანს მომიწია კისრამდე ბალახებში ბოდიალი, რომ აქამდე მოვსულიყავი. თან ჯოხით ბალახს ვახმაურებდი, თუ რამე იყო წინ, რომ გამცლოდა გზიდან. ერთადერთი, უზარმაზარი ხოჭო თუ ობობა ვერ შევაშინე დროულად, ოდნავ ავცდი, რომ ზედ არ შევმდგარიყავი. დანარჩენის მხოლოდ კუდს ვხედავდი, ალბათ რამდენი მლანძღეს. მე ხომ შეძლებისდაგვარად ჩუმად მივედი იქამდე, ახლა კი, ჯოხის მინდვის ბალახზე უეცარი შხარუნით ვარღვევდი მათ მყუდროებას. კარგი იქნებოდა, შემთხვევით ლენცოფას არ მოვჭიდებოდი ხევში ჩამოსვლისას, მაგრამ არაუშავს, ჯოხს აწი მხოლოდ მარჯვენათი ვატარებ, მტკივან ხელს კი მდინარეში გავიგრილებ. მდინარის წყალი საოცრად გემრიელი და ცივია, არ ვიცი, ეს მართლაც ასეა, თუ დაღლილობისგან მეჩვენება. ვუყურებ წინ თვალუწვდენელ აღმართს, ვიღებ უკვე არ ვიცი მერამდენე ფოტოს, ვათვალიერებ მანამდე გამოვლილ უზარმაზარ ლოდებს და თვალუწვდენელ მინდვრებს, ვავსებ ჩემს პატარა ბოთლს კამკამა წყლით და ვაგრძელებ გზას. დავფიქრდი შიმშილზე, მაგრამ რატომღაც ჯერ არ მშია, ალბათ ხედების ბრალია. ფოტოაპარატი იმდენად უსუსურია ამ ხედებთან შედარებით, რომ სამახსოვრო ვიდეოც ვერაფერს შველის, ამიტომ ვცდილობ თავში ჩავიბეჭდო ის აუტანელი სილამაზე, რასაც გარშემო ვხედავ.

საათი: 12:20, ბატარია – 36%, წყალი – სავსე.

მივუყვები აღმართს, ვცდილობ მდინარეს არ მოვშორდე, მაგრამ არ გამომდის. მარკირებები სულ უფრო და უფრო მაშორებს მდინარეს, გზაც უფრო და უფრო რთულდება. ცოტა ხნის წინ მარჯვენა ხელის მტევანი თითქმის ჩემი სიმაღლის ჭინჭარმა დამისუსხა და ეს ჭრილობაც ნაკადულით მოვიბანე. ვამოწმებ აპლიკაციას და აშკარად, ჩემი მარშრუტი ცდება გადმოწერილ მარშრუტს, თუმცა ორივე ერთი მიმართულებით მიდის და ეგ მამშვიდებს. ახლა, პრობლემა ტელეფონის ბატარიაა, რომელიც ჩემი ფოტო/ვიდეო გადაღებების და როგორც მომდევნო დღეს აღმოვაჩინე, თურმე ჩემი გადმოწერილი აპლიკაციის წყალობით, სხვა დღეებთან შედარებით არანორმალურად სწრაფად ჯდება. მცხელა და მიჭირს გრძელმკლავიანი გადასაცმელით მოძრაობა, მაგრამ თან ვერ ვთმობ, რადგან ფლორა ისეთია, ხან რას გამოვედები და ხან რას, ლენცოფას და ჭინჭრის კვალი კი ისევ მატყვია ხელებზე. მაინც ვიხდი და ბრეტელებიანი მაიკის ამარა ვაგრძელებ გზას. ფეხი რაღაც პატარა ნაკადულში ჩამივარდა და გაჩერება მომიწია, ვზივარ წელამდე ბალახში, რომელიც ახლა თავს ზემოთ მაქვს, ვცდილობ არ დავცურდე და არ ჩავვარდე ხევში და თან ვუსმენ გარემოს. საერთოდ არ მაქვს სურვილი ან  რაიმე დამახტეს თავზე, ან გვერდიდან მიკბინოს. ბალახებში სწრაფად ვაშრობ ფეხსაცმელს და ვაგრძელებ გზას.

საათი: 1:13, ბატარია – 29%, წყალი – ბინძური

გზა ამებნა, უფრო სწორად თითქოს ამებნა, მაგრამ ვის დავეკითხო აზრი? ჩემი თავი რასაც მირჩევს, ის არ დაიჯერება, იმიტომ, რომ რაღაც შიზოფრენიული სიმბიოზი გამოვა, თუ მას ჩემგან განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა. ამიტომაც ვანებებ თავს მარკირებებს, რომლებსაც ღმერთმა უწყის სად მივყავდი და ვაპირებ ხეობაში  დაშვებას. მივყევი, მივყევი მარკირებებს და თავი მდინარისგან შორს, რთულად ასასვლელ, გაუვალი ბალახებით გატენილ ფერდობზე ამოვყავი, არადა ბოლო მარკირებამ სწორედ აქ მომიყვანა. მოგვიანებით გავიგე, ბევრი მაგ გზით ადის თურმე. ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ, მდინარეში მეორედ აღებული წყალი ისეთი ბინძურია, რომ თავს ვიკავებ დალევისაგან და ამ დროს, სადღაც უაზრო აღმართზე ვიჭედები რომელიმე მხარეს გათელილი ბილიკის დანახვის უპერსპექტივობით. ვხვდები, რადგან წინ არ არის არაფერი, სავარაუდოდ ზემოთ დაჭაობებული ნაკადულის ავლაა საჭირო და ალბათ შემდეგ გასწორდება გზა, მაგრამ მასშტაბები გასავლელი გზის და თვითონ ამ აღმართის სირთულე ისეთია, რომ თავს ვიკავებ ზემოთ გზის ძიებისგან და რაც ჩავიფიქრე, იმას ვასრულებ, ვეშვები. ორ მარკირებას გავდივარ ისევ უკან. რომ მეგონა, საშველი აღარ იყო და მარტო დამჯდარი ტელეფონის ნავიგაციის იმედადღა ვრჩებოდი, სწორედ ამ დროს შევნიშნე სულ სხვა მარკერი ჩემს წინ. როგორც ჩანს არჩევანის საშუალებაც გვქონია. მინდოდა რაღაც პარალელი გამევლო რელიგიასთან, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, გამახსენდებოდა წარმატებული თუ წარუმატებელი დისკუსიები სხვადასხვა პიროვნებებთან და ისედაც მზით და ათასი ფიქრებით გატენილ თავს უაზროდ დავამძიმებდი ზღვის დონიდან 2400 მეტრის სიმაღლეზე. ცოტა ხანში ამ მარკერმაც დამაბნია და მაშინვე მოვიმარჯვე ჩემი ნავიგატორი.

საათი: 1:55, ბატარია – 22%. წყალი – სავსე, სუფთა

კიდევ კარგი არ დავლიე ის წყალი. მუხლამდე გაუკვალავ ჯეჯგვ ბალახებში, ლოდებზე და მდინარის განშტოებებში ბოდიალის შემდეგ, როგორც იქნა დავდექი ნავიგაციის მიხედვით სწორ გზაზე. პარალელურად ვცდილობდი, მარშრუტის შერჩევა აღმასვლასთან შემეთავსებინა, რადგან წინ ულამაზესი ვულკანური მთებით შემოსარტყული დაუმთავრებელი აღმართი, უკან კი დამატყვევებელი სილამაზის თეთრქუდიანი ნაცრისფერი ქედების და სუბალპური ფერდობების დაუმთავრებელი დაღმართი იყო. ცოტა ხანში ნავიგატორს შევეშვი და საერთოდ გამოვრთე ისედაც ეკონომ-რეჟიმზე გადაყვანილი ტელეფონი, მეშინოდა, ზემოთ ასვლამდე არ დამჯდომოდა. დაახლოებით გამოვთვალე რამდენი ხანი უნდა მევლო უეჭველად პირდაპირ და შევუდექი მდინარის ლოდებზე ცოცვას. ორჯერ ჩამივარდა ფეხი ქვებში, რადგან მდინარეს ბეჯითად ემუშავა და ბევრ ქვას ქვეშ მიწა გამოცლილი ქონდა. ქვა თავის წონას კი იტანდა, მაგრამ ჩემსას ვეღარ. წყლის სიკამკამემ ბოთლიც შემავსებინა და კინაღამ მეც შეგნებულად მდინარეში ჩავხტი. ალბათ ასეც მოვიქცეოდი, ოდნავ მაღალი წყალი რომ ჰქონოდა. ჯოხი ძირში გადამიტყდა ერთ-ერთ ლოდში ჩარჭობისას და პილიგრიმს უფრო დავემსგავსე, ვიდრე შუბიან მეომარს. მაგას არც ვჩიოდი, რადგან ცოტა დამაკლდა, რომ ფეხი მომტეხვოდა. გავიაზრე, ისევ ვინმე ჩემნაერი თუ მიპოვიდა რამდენიმე დღის შემდეგ, თორემ აქ არც ტელეფონი იჭერს და 10 კილომეტრის რადიუსში ვერც ვერავის მივაწვდენდი ხმას, მით უმეტეს მდინარის ხმაურის ფონზე. თავზე მწველმა მზემ თავის ტკივილი ფიზიკურად მაგრძნობინა, ამიტომ ზედ ცხვირსახოცი დავიფარე და თან მთელი ბოთლიც დავიცალე ზემოდან. რა მენაღვლებოდა, მდინარე სულ ფეხქვეშ მქონდა. წყალსაც, როცა მინდოდა, მაშინ შევივსებდი და დავლევდი.

საათი: 2:25, ბატარია – 19%, წყალი – ორი მესამედი

ვზივარ, ვჭამ. მგელივით მომშიებია, არც მიკვრის. შეუჩერებელი, საოცრად დამღლელი აღმასვლა, ცხვირზე ფაქტიურად ჟანგბადის ბალონი და მდინარის ნოტიო ჰავა, მოდი და ნუ მოგშივდება. ერთი კიტრი და ერთი მოხარშული კვერცხი უკანა გზისთვის შევინახოთ, ყველს კი ოდნავ წავეპარები, თორემ მომაწყურებს. კიტრმა, პამიდორმა, ორმა კვერცხმა და ლობიანის ნაჭერმა წამიერად გადამავიწყეს ყველა პრობლემა, ერთის გარდა. ვზივარ გაუკვალავ, გაურკვეველ, დაბალი და მზეგაუმტარი მცენარეებით გამოტენილ მინდორში და თავზე მამხია ჩემი საწვიმარი მსუბუქი ლაბადა, რომელიც ამ წუთას ხის ჩრდილის მაგივრობას მიწევს. მას შემდეგ, რაც რთული ლოდებიანი აღმართი დავძლიე, მდინარესაც დავშორდი და გზაც შედარებით მოსწორდა. ეს ბოლო მინდორი, სადაც მიწა გამოჩნდა, ყველგან დახვრეტილი იყო, ანუ რაღაცა ბინადრობს, მე ამ დროს ვზივარ ისეთ ადგილას, რომც არ უნდოდეს, გული წაძლევს რომ ამომაბობღდეს. ამ დროს ლაბადაში შეფუთული ვჭამ და იმ მხარეს გავყურებ, სადაც ტბა მეგულება. მოვრჩი, ნაგავი შევინახე და გადავუხვიე ტბის აღმართისკენ.

საათი: 3:30, ბატარია – 17%, წყალი – სავსე

უნდა შევისვენო, წარმოუდგენელია ამდენი სიარული, ან როგორ ვუძლებ. ფეხებში ძალა აღარ მაქვს და ვცდილობ ლოდებს მივყვე ისევ, რადგან ასე ხელებსაც ვიხმარიებ. აღმართი სულ უფრო ძლიერდება. აქ პატარა ნაკადულს აქვს გაკეთებული ათი მისხელა დაკლაკნილი ჭრილი და მეც მას მივყვები, მაღლა და მაღლა. ხედები საერთოდ შეიცვალა, აქამდე თუ მწვანე ფერი და მცენარეები დომინირებდა, ახლა ყვითელი და ნაცრისფერი ლოდები ეჯიბრებიან ერთმანეთს, დაბლა კი ისევ საოცრება ხდება, მდელოების შეფერილობა მწვანედან ჩალისფერში გადადის, ხოლო მათ თავზე წინა ზამთრის თოვლშერჩენილი საუკუნოვანი მთები ადგანან. ახლა მე იმ ხედს ვუყურებ, რომელიც ხეობაში შესვლისას მისი ზედა ბოლო მარცხენა ნაწილი იყო. საოცარი ხედია, ნეტავ ტელეფონი არ იყოს დამჯდარი… მაინც უნდა გადავიღო. კადრში ისევ ვერაფერს ვატევ, ფოტო 2 წამში გადავიღე, ხედი 2 წუთი ვარჩიე. ამ ნაკადულის მიტოვებაც მომიწია, რადგან სხვა მხარეს უხვევდა, მე კი გეზი კატიწვერას უღელტეხილისკენ უნდა დავიჭირო, რადგან ვიცი, ტბა მის მეორე მხარესაა.

საათი: 3:50, ბატარია – 14%, წყალი – ორი მესამედი

 დამთავრდა, აღარ მაქვს ენერგია. ყველაფერზე ვიხოხე – მინდორზე, მდინარეზე, კლდეზე, ლოდებზე, ისევ მინდორზე და ახლა ისევ ლოდების თავზე ვდგავარ კლდის შუაში. ვდგავარ რა, ვწევარ, მაგრამ თითქმის ვდგავარ ისეთი დამრეცი უფსკრულია დაბლა. ჯოხზე ვჯავრობ, ცოტა ხნის წინ ჩემი დაუდევრობის და დაღლილობის გადამკიდე ისევ გადამიტყდა. ერთ-ერთი ლოდი იმდენად მაღლა იყო, ჯოხის ჩარჭობა და ზედ აზიდვა მომიწია. მეორე ხელის მოკიდება ძლივს მოვასწარი ზედა ლოდზე, გადატყდა და კინაღამ მეც დაბლა ჩამიტანა, მაგრამ მეორედ ჩავარჭე უფრო მაღლა და ამან გადამარჩინა. საქმეს ის მირთულებს, რომ ქვები მოძრაობენ და სანამ ახალ ლოდზე ავცოცდები, სათითაოდ მიწევს შემოწმება რომ არ გამოძრავდეს და მთელი ეს ლოდების ბუჩქი თავზე არ დამექცეს, ან უკან არ გადამაგდოს. ვწევარ ახლა და ვცდილობ ზურგჩანთიდან წყალი ისე ამოვიღო, არც ზურგჩანთა გადამივარდეს და არც მე დავცურდე. ისევ ფოტოს ვიღებ, ოღონდ ქვემოთ. ფოტოს დავხედე და ამ ჩემს უფსკრულს, რაღაც უბრალო დაღმართად აღვიქვამ. მეცინება, ან რა მაცინებს, საცოდავად ვიკიდებ ისევ ამ ჩემს ზურგჩანთას მიწაზე გაწოლილი და ღონეს ვიკრებ გასაგრძელებლად. ზემოთაც ლამაზია, მაგრამ არც იმდენად, როგორც დაბლიდან ჩანდა. ნაკადულის კალაპოტიდან კატიწვერა მწვანეში ჩაფლული აღმართის ლოდებიანი ულამაზესი ბოლო იყო, ახლა კი მხოლოდ ლოდებიანი კლდეა, აქეთ იქით გადასასვლელებით, რომელსაც ვერა და ვერ მივუახლოვდი. მზე კი ჩადის, კატიწვერას გაღმა მხარისკენ მიიწევს!

საათი: 4:07, ბატარია – 13%, წყალი – ნახევარზე ნაკლები

ამოვაღწიე, უფრო სწორად ამოვფოფხდი. არ მეგონა, ასე სწრაფად თუ ამოვაღწევდი, რადგან ბოლო 150 მეტრი ჩავარდნის, არწივის და გზის არევის შიშში გავატარე. ტელეფონის ბატარია იმდენად დაჯდა, ნავიგატორი დიდი ხანია არ გამიხსნია, არადა, ორი გადასასვლელი ჩანდა ქედზე, რომელიც ჩემგან ზემოთ თანაბრად იყო დაშორებული. მე მარჯვენა ავირჩიე, ალბათ იმიტომ, რომ იქ რაღაც პატარა ქანდაკებასავით მინიშნება მოჩანდა. თავზე მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩიტები დამტრიალებდნენ და ვნატრობდი, არწივი არ ყოფილიყო რომელიმე. რამდენგანმე ისეთ ცუდ პოზიციაში ვიყავი, უბრალოდ მხარი რომ გაეკრა, თავისუფლად გადამაგდებდა, კატიწვერას კლდეში კი ბლომად ხვრელები იყო, საიდანაც ყოველი ჩემი მოძრაობის გაკონტროლება შეეძლო. მე სულ სხვა საზრუნავი მქონდა: ამ დღეს პირველად, დიდი მცდელობის მიუხედავად მზე დავკარგე, ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი ყველანაერი გაგებით. ბოლო 100 მეტრი ჩრდილში და სიცივეში ვიხოხე, მაგრამ ჩაცმა არც მიფიქრია, რადგან ვერც ზურგჩანთას შევიხსნიდი და ვერც ქამარივით შემოკრულ ჩემს გადასაცმელს.

ზემოთ ამოსული მივხვდი, რა ქანდაკებასაც ვხედავდი ქვემოდან, ყველა აქამდე მოღწეულის მიერ დატოვებული, ერთმანეთზე დალაგებული ბრტყელი ქვების ხოხოლა იყო, ზედ წარწერებით. მეც, მაშინვე ვწვდი კატიწვერადან ჩამოყრილი ლოდების ერთ ნამსხვრევს და მეორე, უფრო მომცრო ნამსხვრევით მარტივად ამოვკაწრე ზედ ჩემი სახელი. ჩემი სიამაყის ხოხოლაზე ზემოდან დადება არ მომინდა, სადაც შუაში სიცარიელე ვნახე, იქ დავდე კოხტად, რომ შემდეგ სხვას ჩემსაზე დაედო თავისი და შემთხვევით არ გაეფუჭებინა ეს ხელოვნების ნიმუში.

საათი: 4:08, ბატარია – 10%, წყალი – ერთი მესამედი

ესეც ტბა. ვდგავარ ხელოვნების ნიმუშთან და გავცქერი ამ ერთი ბეწო, ლეგენდარულ, ბასეინის ხელა ცისფერ ტბას, რომლის სიღრმე დღემდე ვერ გაურკვევიათ. ამაყი ვარ, ო როგორი ამაყი, მაგრამ არანაკლებ დაღლილი. მახსენდება გუშინდელი სიბრძნიდან, რომ ტბამდე მისვლას ერთი საათი კიდევ უნდა ცუდი რელიეფის და ნაშალი ლოდების გამო. მეცინება, ამ ხელის გაწვდენა მანძილს ერთი საათი რად უნდა თქო. ხედები კი ისევ მაოცებს, არა მამუნჯებს. სადაც არ უნდა გაიხედო მთებია – კლდე, თოვლი, თეთრი, შავი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ჩალისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი და უკიდეგანო სივრცეები ქედებს შორის, ქვემოთ კი ტბა, ტბის იქით ისევ შორი მანძილი და ხავერდოვანი ქედები. დგახარ და არ იცი როგორ მოიქცე. მზე კი ისევ შემომციცინებს. მეც ძვლები თანდათან მითბება და ვღიღინებ. აქ უკვე დიდხანს ვიქნებით მე და მზე ერთად, აქ ვერ დამეკარგება, რადგან მომდევნო ქედამდე სანამ მივა, მე სახლის გზაზე ვიქნები უკვე.

საათი: 4:18, ბატარია – 8%, წყალი – იგივე

ათი წუთი დაღმართზე სრიალის, ლოდებზე ხტუნვის და ხედებზე გაშტერების შემდეგ, ვდგავარ ნაკადულთან, უფრო სწორად, თოვლის მასივის ბოლოსთან, საიდანაც ნაკადული ჩემს თვალწინ იბადება. ემოციის გამოხატვის თავი აღარ მაქვს, მაგრამ მომწონს, ძალიან მომწონს და მეც სურათს ვუღებ, ასეთი რამ ხომ შეიძლება ვეღარასოდეს ვნახო. ენერგია კი აღარ დამრჩა, რომ ყველაფერი დავიმახსოვრო. აქ ყველაფერი შავი და თეთრია და ეს უფრო მამშვიდებს, თითქოს გამიმარტივა ბუნებამ აღქმა. ტბას ვეღარ ვხედავ, მაგრამ არ მადარდებს, ვიცი სადაც არის. უკვე ფრაგმენტებად ვფიქრობ.

საათი: 4:45, ბატარია – 10%, წყალი – იგივე

ათი წუთის წინ დავინახე ისევ ტბა, მეგონა გზა ამებნა, როცა ტბა გამოჩნდა, მის ნაპირას კი კარავთან მოფუსფუსე გოგო და ბიჭი. შვიდი გრძელი საათის შემდეგ მარტო აღარ ვიყავი, ხმის გამცემი მყავდა და მეც ისევ თანაბრად ვსუნთქავდი. ჯერ ერთს გადავეხვიე, მერე მეორეს. გაოცდნენ, როდესაც გაიგეს, რომ მარტო ვიყავი, დღეს ამოვედი და თან უკანაც ვაპირებდი გაბრუნებას. აღმოჩნდა, რომ დაუღამდათ დაბლა და მე რომ თმები გამითეთრა ის ბოლო მონაკვეთი მეორე დღეს ამოიარეს, უკან კი მომდევნო დღეს აპირებდნენ ჩამოსვლას. ტელეფონიც დავტენე ოდნავ მათი მზის ბატარიით. მესამე გვყავს და ტელეფონზე საუბრობსო რომ მითხრეს, ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე იმ მხარეს გავწიე გახარებულმა, სადაც ის მადლიანი პიროვნება მეგულებოდა. დავურეკე ჩემებს და მენეჯერს, ცოცხალი ვარ და სხვებსაც გააგებინეთ-თქო. ამ დროს, ჩემს წინ ისეთი ხედი გადაიშალა, ალბათ ტელეფონი თავისით დაიტენა ფოტოს გადაღებისას. მცირედით შევისვენე, ყინულივით ცივი და სუფთა წყალი შევივსე სათავესთან, მოვიკითხეთ ერთმანეთი და გავემზადე უკან წამოსასვლელად. ძლივს ავბობღდი გლოლას გადასახვევ უღელტეხილზე, მივხვდი ძალა საერთოდ აღარ მქონდა. სანამ ბოლომდე ავედი, ყოველ წამს ველოდი, რომ ან ფეხი მიმტყუნებდა ან ხელი, მაგრამ მშვიდად ვიყავი, რადგან აქ მარტო არ ვიყავი, აქ მიშველიდნენ.

საათი: 5:45, ბატარია – 9%, წყალი – თითქმის სავსე

ავედი როგორც იქნა უღელტეხილზე. ახლა სულ სხვა ხედი გადამეშალა თვალწინ, მე ხომ ერთი გზით ამოვედი და უკან მეორეთი ვბრუნდები, როგორც მირჩიეს. გავყურებ კავკასიონს და მშია. ციცაბო დაღმართზევე გავშალე ჩემი გლეხური სუფრა. კიტრი, კვერცხი, პური და გემრიელი წყალი. ყველს აღარ გავეკარე. შევფუთე ისევ ჩემი საგზალი და ვიწყებ დაშვებას. უზარმაზარი გამოცდა მელოდება წინ – საშუალოდ სამსაათნახევრიანი გზა ორ საათში უნდა გავიარო. ამ დროს, რაღაც მბზინავმა ქვამ აირეკლა ჩამავალი მზის სხივი ჩემგან 15 მეტრში, მეც მივხოხავ, ვიღებ ქვას და უკან გზაზე ვბრუნდები. დაშვებაც რთული ყოფილა.

საათი: 6:00, ბატარია – 7%, წყალი – ორი მესამედი

ვეღარ ვუძლებ ამდენ სილამაზეს. ჩამავალი მზე, კლდეების ჩრდილი მარცხნიდან მარჯვნივ, კრიალა ცის ფონზე კავკასიონის ქედები, უკვე სიბნელეში მოქცეული აქა-იქ შერჩენილი ქათქათა თოვლი ჩემს განვლილ გზაზე და მეც ვუღებ უკანასკნელ სურათებს ჯერ განვლილ გზას, შემდეგ კი წინ ნაცრისფერ-მწვანე კლდეებს და შორს თვალუწვდენელ დათოვლილ მყინვარებს. ამდენი ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმულს ერთი კი გამიელვა, როგორ რაინდებივით მედიდურად დამყურებენ ზევიდან თქო და  ასეც იყო, რადგან  ეს რაინდები ინახავდნენ ჩემს პატარა ქვეყანას ამდენ ხანს და ეს რაინდები აყალიბებდნენ ჩვენს ხალხს და წარსულს ამდენი საუკუნის მანძილზე. ამ რაინდებმა შექმნეს ის სილამაზე, რომლის გამოც რეალურ საფრთხეში ვაგდებდი მე დღეს საკუთარ თავს.

საათი: 6:30, ბატარია – 4%, წყალი – ერთი მესამედი

ისევ მზეს ვეჯიბრები, ის კი ტოლს არ მიდებს, ვცდილობ გამოვძვრე ჩრდილიდან და თავქუდმოგლეჯილი ვეშვები პატარა ქალაქისხელა ფერდობებზე, ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, შემდეგ დაბალი ბალახები, შემდეგ მაღალი ბალახები, მისახვევი, მოსახვევი, ფეხის ასრიალება, ორჯერ წვივების გადაბრუნება, ყოველ წამს რომელიმე ფერდობზე დაგორების შესაძლებლობა. მე კი ისევ ვეშვები მოჯირითე ცხენის რიტმში ხელში ორჯერ გადანატეხი ჯოხით და ვცდილობ არ შევისვენო, ვცდილობ არ დამაღამდეს თავზე. ტელეფონს ბოლოჯერ დავხედე და ვთიშავ საერთოდ. უკვე აღარ ვერიდები ხმაურს, არც წაქცევას, არც ქვეწარმავალს, რადგან აქ ვერ დავრჩები, 3000 მეტრზეც გავიყინები და 2500-ზეც. ისედაც შემცივდა უკვე და ჩემი მოსაცმელი მაცვია. ჯერ ერთი ფეხი გადამიბრუნდა ერთ-ერთი ნახტომის დროს, შემდეგ მეორე, როდესაც თხრილში ჩავკარი, მაგრამ უძლებენ, რამდენიმე ნაბიჯში მივლის. უფრო მუხლები მტკივა, მარტივი არაა სრული სვლით ფერდობზე დაშვება და თან თავის შეკავება, რომ საცალფეხო ბილიკიდან მოსახვევში არ გადახტე. გზად ამომავალი უცხოელი ტურისტები შემხვდნენ ქართველი გიდით და მეც გავახარე, ამას და ამას რომ გადაივლით, მერე ბოლო აღმართია-მეთქი. მოგვიანებით, გზაში მეცინებოდა, ეს ხომ ყველაზე ცნობილი დასამშვიდებელი გამოთქმაა ჩვენებურ მოლაშქრეებში.

საათი: 7:15, ბატარია – 4%, წყალი – სავსე

ჩამოვაღწიე ალპური ზონიდან, მგონი სუბალპურიდანაც. გზად წყარო შემხვდა, შეიძლება ესეც იქიდან ჩამოვიდა, საიდანაც მე, მაგრამ ამას არ ეჩქარება, მე კი. ამიტომ ვერ ვასწრებ ბუნებით ტკბობას, სასწრაფოდ ვავსებ წყალს და ვსვამ მხოლოდ ორიოდე ყლუპს, ეს რომ სულ დავლიო დეჰიდრატაცია გარანტირებული მაქვს. ჩამოვჯექი ქვაზე და ვცდილობ შევასვენო ამოვარდნაზე მყოფი გული და განადგურებული ფეხის კუნთები, მაგრამ მახსენდება, რომ ყოველთვის, როცა ვივარჯიშებდი, დიდხნიანი შესვენება უფრო მღლიდა, ამიტომ სასწრაფოდ ვეყრდნობი ჩემს მოძმე ჯოხს და ვაგრძელებ გზას ფოთლოვან-წიწვოვან სუსტ ტყეში. მზე თითქმის ჩავიდა, მე კი გადათელილ გზაზე მიზანმიმართულად გავრბივარ.

საათი: 8:15, ბატარია – 0%, წყალი – ნახევარი

არ ვიცი, სად რამდენი ვირბინე, ან რამდენი ვიხმაურე. რამდენიმე ადგილას ჩამოსრიალება მომიწია, რადგან ფეხზე დამდგარი აუცილებლად დავგორდებოდი უღონობის გამო. ზოგან ტოტებს და ბალახებს ვეჭიდე, ვიწრო ბილიკებზე გადასვლისას რომ არ გადავჩეხილიყავი. ტელეფონი კი მაშინ მოკვდა საბოლოოდ, როდესაც ტყეში შესულმა, გახარებულმა მარკირებასთან არ გაყინვის და ჩაბურულ ტყემდე ჩამოღწევის აღსანიშნავი ფოტოს გადაღება გადავწყვიტე. მივხვდი, განათების შანსი აღარ მქონდა, რადგან ზემოთ აღმოვაჩინე, სანთებელა არ მქონდა ჩანთაში – სავარაუდოდ დასაწყისშივე ამომივარდა. უკან ხის ფესვებზე მიყუდებული ვცდილობ გადახურებული სხეული ფეხზე მდგომმა დავასვენო, რადგან თუ დავჯექი, ალბათ ვეღარც ავდგები, მაგრამ ვინ გაცლის – შორიდან ლეკვის წკმუტუნი მესმის, რაც თავიდან მაღიმებს, მაგრამ უცებ ვიაზრებ, უღრან ტყეში ძაღლი არ შევა, მით უმეტეს ლეკვებით. სასწრაფოდ გადმომაქვს დანა ზურგჩანთიდან შარვლის წინა ჯიბეში, რომელიც ზემოთ რაღაცას გამოვდე და მუხლის შიდა მხარეს გახეულია, მაგრამ არ ვდარდობ, მთავარია ჩამოვაღწიო. მზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა, ახლა უკვე ცა მინათებს გზას.

 საათი: 8:45, ბატარია 0%, წყალი – ერთი მესამედი

ჩამოვაღწიე, გლოლაში ვარ ზუსტად ორ საათში, შევძელი! ბოლო ნახევარი საათი თითქმის ჩაბნელებულ გზაზე, ბედნიერებას ჯერ ნაცნობი მდინარის, შემდეგ მანქანის საყვირის ხმა, ბოლოს კი სახლის სახურავის დანახვა მგვრიდა. ტყეში უკვე სეირნობით ჩამოვედი, თუ შეიძლება ჩემს მდგომარეობას ასე ეწოდოს, რომელიც უფრო ზუსტად ალბათ ასე აღიწერებოდა: სწრაფად გადაადგილების სურვილი, მაგრამ ტვინისგან მიწოდებული ბრძანების შესრულების ფიზიკური შეუძლებლობა, კი ასე სჯობს. ალბათ ასე, 20 მეტრი მაშორებდა ბოლო მოსახვევს, როდესაც გვერდით გემრიელად თქლაფუნის და ნაცნობი ბურდღუნის ხმა შემომესმა. შევჩერდი, ალბათ ღორები თუ იქნებიან თქო, რადგან ზემოდანვე შევნიშნე, მალე სახლის ღობე უნდა ყოფილიყო, მაგრამ უცებ, თქლაფუნთან ერთად ისეთი მძლავრი ხმა ამოუშვა, ღორის ვარიანტი გამოირიცხა. მაშინვე გადავედი გზიდან და აღმოვჩნდი პირდაპირ ჭაობში. ჩემი ყოვლისშემძლე ჯოხით გამოვაღწიე ამ ჭაობიდან, რომელიც განში სულ 5 მეტრი თუ იქნებოდა და ღობე-ღობე სიარულით აღმოვჩნდი სოფლის შარაგზაზე.

ცხრის ნახევარზე ჩავედი შოვში, რადგან ჯერ ერთი ბიჭის სალაშქრო ჯოხს ვეძებდი გლოლას უძიროს ასახვევში, მთხოვა მანდ დამრჩა და იქნებ მიპოვოო, შემდეგ კი ფეხით, ამაყად მივუყვებოდი განათებებიან მცირე აღმართზე სწორ, ასფალტირებულ გზას ჩემი სამყოფელისაკენ.

                                                                                                                                                9/9/2017

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button