განხილვამუსიკა

ადიო – შინ (1995)

ethno jazz, jazz-rock / fusion, progressive folk

  1. Blessing / დასალოცი (0:58)
  2. Adio / ადიო (4:43)
  3. Somersault / კამარა (7:17)
  4. Epitaph / ეპიტაფია (5:10)
  5. Gege / გეგე (6:33)
  6. Niaz / ნიაზი (4:51)
  7. Memories / მოგონებანი (9:26)
  8. Qweri / ქვერი (6:44)
  9. Shin (Home) / შინ (5:03)

შემადგენლობა:

  • ავთო უგიაძე – ფორტეპიანო
  • დავით მალაზონია – კლავიშები, ვოკალი
  • ზაზა მიმინოშვილი – გიტარა, ვოკალი
  • ზურაბ გაგნიძე – ბასი, ვოკალი
  • მერაბ სანოძე – დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული როკ-ჯგუფებისთვის პოტენციალთა ორიენტირი მკვეთრად შეიცვალა. ერთი მხრივ, შესაძლებელი ჩამოიშალა რკინის ფარდა, მაგრამ იმ პერიოდში მის იქით გასვლა დიდძალი ფინანსები იყო საჭირო, რაც მაშინ თითზე ჩამოსათვლელ ხალხს თუ მოეპოვებოდა; უცხოეთში ფეხის მოკიდება კი დიდ მუსიკალურ პროფესიონალიზმს და გარჯას მოითხოვდა. და მაინც, რამდენიმე ქართულმა ჯგუფმა იმ პერიოდში სცადა დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობა. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ ირაკლი ჩარკვიანი, „ბეთლემი“, Soft EjectNew Discipline… მაგრამ ახლა ლაპარაკი გვექნება იმ კოლექტივზე, რომელმაც ევროპაში მაღალი აუდიოხარისხის მქონე ალბომის ჩაწერა მოახერხა და შემდეგ მის წევრთა უმეტესობამ ევროპაში განაგრძო მოღვაწეობა.

ადიო“ 1991 წელს შეიქმნა. ამ კვინტეტის მუსიკალური სტილი კონტრასტირებდა იმდროინდელი ქართული მუსიკის ტენდენციებთან. მათი შემოქმედებითი საწყისი ქართული ფოლკლორი იყო, რომელსაც ატმოსფერული, ECM-ჟღერადობის ჯაზ-როკი ეფუძნებოდა. ჯგუფმა საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, თან საკმაოდ წარმატებულად; მაგრამ ვინაიდან ’92-’93 წლებში საქართველოში რაფინირებული, მშვიდი მუსიკისთვის არავის ეცალა, მათ გადაწყვიტეს, გერმანიაში ეცადათ ბედი. ამ სვლამ გაამართლა და „ადიო“-მ იქ თავისი პირველი ალბომის ჩაწერაც მოახერხა.

ერთწუთიანი a capella შესავლის შემდეგ ალბომი იძრება. „Adio“ ეფუძნება სოლიდურ და აქტიურ რიტმ სექციას (სადაც ბასი და დრამი პერკუსიითაც არის გაძლიერებული). ეს მკვრივი რიტმულობა ვოკალს რთული იმპროვიზაციის აშენების, კლავიშებს კი მოულოდნელი აკორდული პროგრესიების საშუალებას აძლევს. “Sommersault” კი წინა ნაწარმოების იდეებს უფრო ეპიკურ მასშტაბებში ავითარებს. აქ რიტმული პერკუსიის ფონზე ბასსა და ფორტეპიანოს შორის მართლაც საოცარი დიალოგი იმართება, სადაც მომენტებში აკუსტიკური გიტარა ერთვება ხოლმე. ეს უმაღლესი კლასია!

მაგრამ ალბომის მწვერვალი, ჩემი აზრით, შემდეგი კომპოზიცია, Epitaph-ია. ეს არის პატარა შედევრი, რომელშიც ჯაზ-ბალადის ფორმატი შერწყმულია თანამედროვე კლასიკის / მინიმალიზმის საუკეთესო ტრადიციებთან. ნაწარმოების პირველი ნახევრის საფუძველი ლამაზი, განმეორებადი საფორტეპიანო პასაჟია, რასაც ლამაზი ვოკალური იმპროვიზაცია ადევს. მეორე ნახევრიდან კი ძალიან ლამაზი დასინთეზებული სიმებიანები შემოდის და ნელ-ნელა ეპიტაფია კულმინაციამდე მიჰყავს. GOOSEBUMPS!

ალბომის მეორე ნახევარში წარმოდგენილ მუსიკაში უფრო მეტად შეიმჩნევა ის მოტივები, რომლებსაც მოგვიანებით ჯგუფ „შინ“-ის მუსიკაში დომინირებს. “Gege” მინიმალურადაა გაფორმებული: სტაბილურ რითმზე ერთმანეთს ქართულ კილოებზე დაფუძნებული ფორტეპიანოს, აკუსტიკური გიტარის და ბასის სოლოები ენაცვლებიან, ბოლოში მოკლე თითქმის-რეჩიტატივური ვოკალით.

ტიპიურ ethno-fusion ბაზაზე შექმნილი „Niaz”  ვოკალური გაფორმებებით ძლიერადაა დატვირთული. “Memories” კი ყველაზე ხანგრძლივი კომპოზიციაა ალბომზე. ნელი და მშვიდი ატმოსფერო 9 წუთის განმავლობაში თანდათანობით ვითარდება; განსაკუთრებით აღსანიშნავია კლავიშების ხანგრძლივი სოლო და ზაზა მიმინოშვილის ლამაზი, ლირიკული გიტარა.

Qweri” ამ ალბომიდან ყველაზე ახლოს დგას მიმინოშვილის შემდგომი პროექტის მუსიკასთან. აღმოსავლური მოტივებით დატვირთულ, რიტმულად აქტიურ კომპოზიციაში ტიპიური „შინ“-ური ვოკალი იქსოვება.

ჩანაწერს ამთავრებს ყველაზე მშვიდი კომპოზიცია, “Shin”, რომელიც ECM-jazz-ის და new age-ს საზღვარზე დგას. თავისი უპრეტენზიულობის მიუხედავად, იგი იმდენად ლამაზადაა არანჟირებული, რომ ის ალბომის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილად მიმაჩნია. ის თავისუფლად მოხვდებოდა Pat Metheny-ს ან Jan Garbarek-ის საუკეთესო ალბომებზე.

ალბომის დამთავრების შემდეგ ცოტათი უცნაური შთაბეჭდილება გრჩება: ალბომი მოსასმენად ძალიან რაფინირებული და კომფორტულია, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ვნებს ექსპრესიას. ჩემი აზრით, ამის ძირითადი მიზეზია: 1) ვირტუოზული კლავიშები, განსაკუთრებით ფორტეპიანო 2) მოძრავი, ზედმიწევნით დახვეწილი რიტმ სექცია 3) ბრწყინვალედ არანჟირებული ვოკალური ჰარმონიები. მოსმენისას ნათლად იგრძნობა მუსიკოსთა პოტენციალი. სამწუხაროდ, 1996 წელს ჯგუფი გერმანიაშივე დაიშალა, მაგრამ წევრთა უმრავლესობამ იქვე განაგრძო მუსიკალური მოღვაწეობა. დავით მალაზონიამ დაიწყო მუსიკის წერა თეატრალური სპექტაკლებისთვის და გამოსცა სოლო ალბომი “First Swallow”. ზაზა მიმინოშვილმა და ზურაბ გაგნიძემ ჩამოაყალიბეს ჯგუფი „შინ“, რომელიც „ადიო“-ს მუსიკალურ მემკვიდრედ შეიძლება მივიჩნიოთ. მერაბ სანოძე დაბრუნდა საქართველოში, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სესიური დრამერი გახდა და თავისი ხმის ჩამწერი სტუდიაც შექმნა. სამწუხაროდ, ბევრი არაფერია ცნობილი პიანისტ ავთო უგიაძეზე, რომლის ძალიან ლამაზი დაკვრის სტილი, ჩემი აზრით, ალბომის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.

ადიო“-ს ერთადერთი ნამუშევარი ძალიან სოლიდური, საქმის ცოდნით შექმნილი ალბომია, სადაც 2-3 განსაკუთრებით ლამაზი მწვერვალია (SommersaultEpitaphShin). ეს იმდროინდელი ქართული მუსიკისთვის ძალიან ღირებული ნოვაცია იყო; ევროპელი ჯაზ-მსმენელისთვის კი „ადიო“ ქართული ფოლკლორის ეთნო-ჯაზური პოტენციალის დასანახ ფანჯარად გამოდგება. შეფასება: 8,5/10.

გადმოსაწერი ბმულიAdio – Shin (1995)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button