ისტორიალექცია

კონსპექტი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში (მინიმალური სტანდარტი)

1. დიაოხი და კოლხა

ძვ. წ-ის II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოები წარმოიშვა. ზოგი ისტორიკოსი მათ „სამხედრო სახელმწიფოებსაც” უწოდებს, რადგან ისინი მუდმივად ომებს აწარმოებდნენ. ასეთები იყვნენ- ხეთების სამეფო, მითანი, ასურეთი. სწორედ ასურულ ლურსმულ წარწერებში იხსენიება პირველად ქართული სახეკმწიფოებრივი გაერთიანება – დაიენი (დიაოხი). ასურეთის ერთ–ერთი უძლიერესი მეფის ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) წარწერაში ლაპარაკია ასურელთა გალაშქრებაზე „ნაირის ქვეყნების“ წინააღმდეგ. ასურელები „ნაირის“ ეძახდნენ მათი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ მიწა–წყალს. ამ წარწერაში იხსენიება დაიენის მეფე სიენი. დაიენი– დიაოხი ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა. მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. შემდგომში დიაოხს იხსენიებენ ურარტული წარწერები. ურარტუს მეფეების მენუას (819–786) და არგიშთი მენუას ძის (786–764) ლურსმულ წარწერებში იხსენიება მათი ძლევამოსილი ლაშქრობები დიაოხის წინააღმდეგ. მენუა იხსენიებს დიაოხის მეფეს უტუფურშის, ხოლო არგიშთი დიაოხის სამეფო ქალაქ ზუას.
არგიშთის შემდეგ დიაოხი აღარ იხსენიება, სამაგიეროდ ურარტულ წარწერებში იხსენიება სამხრეთ დასავლეთ საქართველოს მეორე დიდი გაერთიანება – კოლხა (კულხა). მის შესახებ ლაპარაკია სარდურ II-ის (764–725) წარწერებში. როგორც ჩანს დიაოხის მიწები ურარტუმ და კოლხამ გადაინაწილეს და გამეზობლების შემდეგ მათ შორის ომები დაიწყო. ამაზე მეტყველებენ სარდურის წარწერები, საიდანაც ჩანს, რომ მან სულ ცოტა ორჯერ ილაშქრა კოლხეთში და აიღო სამეფო ქალაქი ილდამუშა.ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან დაიწყო მომთაბარე სკვითების და კიმერიელების შემოსევები. ისინი შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში, ხოლო აქედან ახლო აღმოსავლეთში. ამ შემოსევების შედეგად განადგურდა კოლხა.

2. დიდი ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთი

ძვ.წ. VIII-VII სს-დან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ  დროს ბერძნებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიული სანაპირო (ტერიტორია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ) მოფენილი იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით -პოლისებით. ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელათაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების – კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს – `მეტროპოლიები~ (დედაქალაქები) ეწოდება. რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკური ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა.
როგორი იყო დამოკიდებულება მეტროპოლიასა და კოლონიას შორის? ზოგან მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში) იქმნებოდა, ეს ახალშენი პოლიტიკური და სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა გავითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა.
რა აერთიანებდა ამ დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა; 2. საერთო რელიგია; 3. კულტურა. ამიტომ ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო – ბარბაროსი. ბერძნული ახალშენები გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე: ფაზისი (ფოთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა); ახალშენი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე. პირველი ახალშენები საქართველოში ქალაქ მილეტიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა დააარსეს. ამ ქალაქების შესახებ ორი აზრი არსებობს: ზოგი თვლის, რომ ისინი ტიპური ბერძნული ქალაქები იყო, რომლებსაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდათ და საკმაოდ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ანუ პოლისები იყო. მეორეთა აზრით, კი კოლხეთში, სადაც კოლონიზაციის დროისთვის განვითარების მაღალი დონე და ადგილობრივი ტრადიციები ძლიერი იყო, ბერძენი მოახალშენეები ვერ შეძლებდნენ დამოუკიდებელი, ჩაკეტილი საქალაქო ცხოვრების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, ამ ნაქალაქარებზე ბერძნულ იმპორტულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი კოლხური მასალა თანაარსებობს და ჭარბობს კიდეც.კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ ხე-ტყე, ცვილი, ფისი, სელი და სელის ნაწარმი (გემთსაშენი მასალა), თაფლი, ოქრო, რომელიც მდინარეებს ჩამოჰქონდა და მოსახლეობა ვარცლებითა და ტყავებით აგროვებდა (აქედან მოდის კიდეც მითი ოქროს საწმისზე, არგონავტებზე). კოლხეთიდან ასევე გაჰყავდათ მონებიც. საბერძნეთიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, ზეითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის კერამიკული და მინის ნაწარმი, საიუვილერო ნაწარმი. კოლხეთში აქტიურ ვაჭრობაზე მეტყველებს ადგილობრივი ვერცხლის ფული – კოლხური თეთრი, რომელიც ძვ.წ. VI ს-დან იჭრება.

3. ქართლის სამეფოს წარმოქმნაძვ. წ. IV საუკუნის 30-იან წლებში მაკედონიის მეფე ალექსანდრემ ომი დაიწყო აზიის უდიდესი იმპერიის აქემენიანთა ირანის დასაპყრობად. ალექსანდრეს არმიაში 40 ათასამდე მაკედონელი და ბერძენი მეომარი იყო გაერთიანებული. ირანელების არმიის განადგურების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი იმპერია შექმნა, მაგრამ ძვ. წ. 323 წელს მისი გარდაცვალებისთანავე ეს იმპერია დაიშალა. წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები , რომელთაც ალექსანდრეს ყოფილი სარდლები ჩაუდგნენ სათავეში. ეგვიპტეში გამეფდა პტოლემაიოსის მემკვიდრეთა დინასტია, ირანში და მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ სელევკის (აქედან შეიქმნა სელევკიდების ირანული სახელმწიფო), მაკედონიაში – ანტიგონეს, მცირე აზიის ჩრ–აღ. ნაწილში – პონტოს სამეფოში – მითრიდატეს და ა.შ. მმემკვიდრეები. სწორედ ამ დროს ძვ. წ IV საუკუნის ბოლოს და III ს–ის დასაწყისში შეიქმნა ქართლის სამეფო. როგორც ჩანს, მანამდე მაკედონელთა რომელიღაც რაზმმა (ალექსანდრეს პირადად არ ულაშქრია) აღმოსავლეთ საქართველოში ილაშქრა და აიღო ქალაქები და ციხეები: მცხეთა , ურბნისი, უფლისციხე, წუნდა, ხევთისი, კასპი და ა.შ. მათ ქართლის მმართველად დანიშნეს აზო, რომელიც იყო არიან (ირანის) ქართლის მეფის ძე (აქემენიანთა ირანის შემადგენლობაში შემავალი ქართლის ნაწილის მთავრის ძე). აზომ არიან ქართლიდან წამოიყვანა საკუთარი ნათესავები, რომლებიც აზნაურები გახადა და მცხეთაში აღმართა ორი კერპი გაცი და გა (გაიმი). აზოს დაუპირისპირდა ფარნავაზი, რომელიც მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული იყო. სამარა და მისი ძმაც მაკედონელებთან ბრძოლას შეეწირნენ. დედამ სამი წლის ფარნავაზი აზოს რისხვას ჩრდილოეთ კავკასიაში გაარიდა. დავაჟკაცებული ფარნავაზი მცხეთაში დაბრუნდა. საქართველოში მან მოიმხრო ეგრისის (დას. საქართველოს) ერისთავი ქუჯი, დაიქირავა ჩრდილოეთ კავკასიელი (ოსი,ლეკი) მეომრები და აზო გააძევა. აზო კლარჯეთში გამაგრდა. მას ბერძენთა (პონტოს) მეფე დაეხმარა ჯარით; ფარნავაზს კი სელევკიდების მეფის ანტიოქოსის დავალებით სომხები დაეხმარნენ. ბრძოლა მოხდა არტაანთან. აზო ბრძოლის დროს მოკლეს. გამარჯვებული ფარნავაზი თავის მოკავშირეებს ქუჯის (სწორედ ქუჯის მიწერება ეგრისის დედაქალაქის ციხეგოჯის აგება) და ოსთა მეფეს დაუნათესავდა. მათ თავის დები მიათხოვა ცოლად. შემდეგ მან ქვეყანაში რეფორმები განახორციელა. ქვეყანა დაიყო 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ. ეს საერისთავოები იყო: მარგვეთის, კახეთის,ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის და ეგრისის საერისთავოები, ხოლო შიდა ქართლს მართავდა მეფის შემდგომი მეორე პირი სპასპეტი. მან გაამაგრა ქალაქი მცხეთა. მანვე მცხეთაში აღმართა არმაზის კერპი, რომელსაც მთელი სამეფოს მოსახლეობა თაყვანს სცემდა. მანვე ქართული ენა მთელ სამეფოში განავრცო და შექმნა დამწერლობა ქართული. ფარნავაზი ტახტზე ავიდა 27 წლის და 65 წელი იმეფა.

4. რომის იმპერია

ძვ.წ–ის VIII ს–ში აპენინის ნახევარკუნძულზე, მდინარე ტიბრის ნაპირას ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დაარსდეს ქალაქი რომი. პირველი ლეგენდარული მეფე იყო რომულუსი, რომელმაც მოქალაქეები პატრიციებად (წარჩინებულებად) და პლებეებად (დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები) დაყო. მანვე სენატი (თავიდან უხუცესთა საბჭო, შემდეგ რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ორგანო) დააფუძნა. სენატი თავიდან 100 პატრიციას, შემდეგ 300 პატრიციას და პლებეის აერთიანებდა. რომში სულ შვიდმა მეფემ იმეფა და ამის შემდეგ სამეფო ძალაუფლება დაემხო. დაიწყო რესპუბლიკის პერიოდი, რომელმაც ძვ.წ-ის I ს–ის მეორე ნახევრამდე იარსება. სახელმწიფოს მართავდა სენატი. სენატი ირჩევდა კონსულებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ და მათ ყველა ემორჩილებოდა სახალხო ტრიბუნების გარდა (ასევე არჩევითი თანამდებობა, რომლებსაც პლებეების წრიდან ირჩევდნენ). კონსულებს ეხებოდა საგარეო და საშინაო საქმეები – ომი და ზავი, გადასახადები, სახელმწიფო ხაზინა, სამხედრო ტრიბუნების (მხედართმთავრები) დანიშვნა, ჯარის შეკრება და ა.შ. სენატი განიხილავდა სასამართლო დავებს. რესპუბლიკის დამხობის შემდეგ დამყარდა იმპერია. პირველი იმპერატორი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ. 31– ახ.წ.14 წწ.). რომის იმპერია IV საუკუნეში ორად გაიყო. დასავლეთ რომის იმპერიამ, რომლის დედაქალაქი იყო რომი, V ს-ის 70-იან წლებამდე იარსება, როდესაც მას გერმანულმა ტომებმა, ვესტ გოთებმა ბოლო მოუღეს. აღმოსავლეთ რომის, იგივე ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახდა კონსტანტინოპოლი (ახლან. ისტამბული). ამ სახელმწიფომ იარსება 1453 წლამდე, როდესაც ის თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს.

5. პომპეუსის ლაშქრობა ქართლში

რომმა თანდათან გაფართოება დაიწყო. მან დაიპყრო გალია, დასავლეთ იბერია (თანამ. ესპანეთი), ბრიტანეთი, მაკედონია, საბერძნეთი, სირია. ეგვიპტე. აღმოსავლეთში მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეზობელი პონტოს სამეფო იყო. ძვ. წ. I საუკუნისთვის აღმოსავლეთში პონტოს სამეფოსთან ომები დაიწყო. ამ დროს პონტოს მეფე იყო მითრიდატე VI ევპატორი. მითრიდატეს ემორჩილებოდა დასავლეთ საქართველო, ხოლო მისი მოკავშირეები იყვნენ სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი (ძვ.წ 95–56), იბერიის (ქართლის) მეფე არტაგი და ალბანეთის მეფე. რომაელებმა ჯერ მითრიდატე დაამარცხეს, შემდეგ ტიგრანი დაიმორჩილეს. ძვ.წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი ქართლს (იბერიას) მოადგა. როგორც რომული ისტორიკოსები გადმოგვცემენ, იბერები მტკვრის ორივე სანაპიროზე ცხოვრობენ. მეფე არტაგმა მოციქულები გაუგზავნა პომპეუსს, რათა ის დაებრკოლებინა, თავად კი ომისთვის მზადება დაიწყო. ეს პომპეუსმა შეიტყო და მოულოდნელად თავს დაესხა იბერთა ციხეს. არტაგმა მოასწრო გაქცევა და მდინარე მტკვარზე გადებული ხიდის განადგურება. შემდეგ კვლავ გაუგზავნა ელჩები. ის კისრულობდა ხიდის აღდგენას და პომპეუსის ჯარის სურსათით მოამრაგებას. ეს პირობა არტაგმა შეასრულა, მაგრამ როგორც კი პომპეუსის ჯარი მეორე ნაპირზე გადმოვიდა, არტაგს შეეშინდა, მდინარე არაგვზე გადავიდა და ეხლა იქ გადებული ხიდი დაწვა. მისი ჯარისკაცები, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს ტყეს შეეფარნენ და მაღალი ხეებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ისრებით მტერს ანადგურებდნენ. შემდეგ რომაელებმა ხეები მოჭრეს და ისინი დახოცეს.საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი მაინც დაზავდნენ. არტაგმა მას შვილები გაუგზავნა მძევლად, ხოლო საჩუქრებად – ოქროს სარეცელი, მაგიდა და სამეფო ტახტი. იბერთა მეფე გამოცხადდა „რომის მეგობრად და მოკავშირედ“.

6. ფარსმან ქველი და რომის იმპერია

პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ რომის იმპერია ირანის ტერიტორიაზე არსებულ პართიას გაუმეზობლდა. პართიამ დაუდო ზღვარი რომის იმპერიის აღმოსავლეთით წინსვლას. მათი შემდგომი ურთიერთობა, ხან ომით და ხან ზავით მთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ I-II სს. რომის სიძლიერის ხანად ითვლება, რომის იმპერია ამ დროს ძირითადად დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობდა. ქართლის სამეფოც ამ პერიოდში ნელ–ნელა გაძლიერდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ რომს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩრდილო კავკასიელი მეომარი ტომების შესაჩერებლად ძლიერი ქართლის სამეფო სჭირდებოდა და ხელს არ უშლიდა მის გაძლიერებას. ქვეყანა განსაკუთრებით გაძლიერდა II ს-ის 30–50 – იან წლებში, როდესაც აქ მეფობდა ფარსმან ქველი. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე(117–138). ადრიანე იმპერიის აღმ. პროვინციების მმართველებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. როდესაც ის კაბადოკიაში ჩავიდა, მან აღმოსავლეთის მეფეები და მთავრები თავისთან მიიწვია. ფარსმანმა, რომელსაც თავი დამოუკიდებლად ეჭირა, უარი თქვა მიწვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ მას ყველაზე მდიდრული საჩუქრები, მათ შორის სპილო და 50 მხედარი გაუგზავნა. ფარსმანმა მართალია ჩამოსვლა არ ისურვა, მაგრამ თვითონაც უამრავი საჩუქარი გამოუგზავნა ადრიანეს, მათ შორის მოოქროვილი წამოსასხამები. გაბრაზებულმა ადრიანემ ეს მოსასხამები არენაზე გამოსულ გლადიატორებს ჩააცვა. ამ დაპირისპირების მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო, რომ ფარსმანმა რომის იმპერატორის ნებართვის გარეშე თავისი სამეფო შავ ზღვამდე გააფართოვა (თანამედროვე გურია–აჭარის ტერიტორიები). თუმცა შემდგომმა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (138–161) ეს ტერიტორიები ფარსმანს დაუმტკიცა და რომთან ურთიერთობა მოწესრიგდა. ფარსმანი რომშიც კი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად. იმპერატორმა მას ნება მისცა კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება კი მარსის მოედანზე აღმართა. ამ პერიოდში ფარსმანს პართელებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მის საზღვრებს ჩრდილო კავკასიელებს ხშირად შეუსევდა ხოლმე. ამიტომ მათ მოისყიდეს მისი მზარეული და მოწამლეს.

7. ქართლის გაქრისტიანება

რომის მეტოქე III საუკუნიდან სასანიანთა (ახალი დინასტია ირანის ტახტზე) ირანი გახდა. ისინი ერთმანეთს რელიგიურ სფეროშიც დაუპირისპირდნენ. სასანიანებმა, ირანის სათავეში მოსვლისთანავე, ძველი რელიგია ზოროასტროზმი, იგივე მაზდეანობა ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. მაზდეანთა „უმაღლესი ქურუმი“ შაჰინშაჰის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პირად ითვლებოდა. ირანელები დაპყრობილ ტერიტორიებზე ამ რელიგიის გავრცელებას ცდილობდნენ და ცეცხლთაყვანისმცემლებისთვის ტაძრებს აგებდნენ.
იმავდროულად რომშიც დაიწყო მცდელობა, მაზდეანობის საპირისპიროდ მოეძებნათ ერთიანი რელიგია მსოფლიო იმპერიისთვის. IV ს-ში რომის იმპერია ორ ნაწილად – დასავლეთის და აღმოსავლეთის იმპერიებად გაიყო. მაგრამ მანამდე იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) იმპერიის დედაქალაქი ბოსფორის სრუტეზე მდებარე ქალაქ ბიზანტიონში გადმოიტანა, რომელიც კონსტანტინეს ქალაქად – კონსტანტინოპოლად იწოდა. როდესაც IV ს-ის ბოლოს რომი საბოლოოდ ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთ რომის იმპერიას – უკვე ბიზანტიის იმპერიად იხსენიებენ, ხოლო მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა.
325 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ნიკეის I საეკლესიო კრებაზე რომის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. რომის კვალდაკვალ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ქართლშიც გამოცხადდა ( ზოგი ცნობით 326, ზოგით კი 337 წელს ). ამ დროს ქართლის მეფე იყო მირიანი. ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ I ს-ში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს (დასავლეთ საქართველოში). მაგრამ სახელმწიფო რელიგიად მხოლოდ IV-ს-ის დასაწყისში გამოცხადდა. ამ დროს ქართლში კაბადოკიიდან ჩამოვიდა წმინდა ნინო.
ნინო ქართლში თავდაპირველად ქ. ურბნისში მოვიდა, სადაც ერთი თვე დაყო. ერთ დღეს მან ნახა, რომ მთელი ქალაქი მცხეთაში წავიდა სავაჭროდ და სალოცავად, არმაზისთვის მსხვერპლის შესაწირად. ნინო თან გაყვა. მეორე დღეს მთელი ხალხი წავიდა არმაზის ციხისკენ. აქ გაემართნენ მირიან მეფეც და ნანა დედოფალიც. ნინო დაწინაურდა და მათ არმაზის ციხეში მიასწრო. მან აქ იხილა არმაზის კერპი, სპილენძის კაცი, ხმლით ხელში და ზურმუხტის თვალებით. მის მარჯვნივ ოქროს კერპის გაცი, ხოლო მარცხნივ ვერცხლის – გაიმი იდგა. ნინო შეწუხდა, რომ ხალხი თაყვანს სცემდა თავის გაკეთებულ უსულო კერპებს. ნინომ ილოცა და ქრისტეს სთხოვა კერპების დალეწვა. ლოცვის დასრულებისთანავე მოიღრუბლა, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, მოვიდა სეტყვა. ხალხი გაიქცა. მეორე დღეს კერპების ნაკვალევი აღარ იყო. ნინო მეფის მებაღესთან დასახლდა დიდ ბაღში, სადაც ახლა სვეტიცხოველი დგას. აქ ის 9 თვე ცხოვრობდა. მებაღე და მისი ცოლი გააქრისტიანა. შემდეგ ის ქალაქგარეთ, მაყვლის ბუჩქთან დასახლდა (ეს ბუჩქი ახლანდელი „სამთავსის’’ საკურთხევლის ადგილას იდგა). მან ვაზის ნასხლავისგან ჯვარი გააკეთა, დადგა მაყვლის ქვეშ და იქ ლოცულობდა. ასე გაატარა 6 წელი. ის ქრისტიანობას ფარულად ქადაგებდა და ხალხს კურნავდა. მან დედოფალი ნანა მძიმე სენისგან განკურნა და შემდეგ გააქრისტიანა. უფრო გვიან კი მირიანიც დაარწმუნა და მასაც მიაღებინა ქრისტიანობა. ლეგენდის თანახმად მირიანი თხოთის მთებთან (ქ.გორთან) ნადირობდა. უცებ მას დაუბნელდა და დარჩა მარტო. გზა ვეღარ გაიკვლია. მან პირველად დახმარება ძველ ღმერთებს შესთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ნინოს ღმერთს შეევედრა და სიბნელე მაშინვე გადაიყარა. უკან მობრუნებულმა მირიანმა ნინო დაიბარა და ქრისტიანი გახდა. მან რომის იმპერატორს მღვდლების გამოგზავნა თხოვა. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ნინოს რჩევით თავის ბაღში ხის ეკლესია ააგო. ამის შემდეგ მღვდლებიც ჩამოვიდნენ და ქრისტიანობა მთელ ქვეყანაში გაავრცელეს. ნინომ და იოანე ეპისკოპოსმა ქრისტიანობა მთაშიც გაავრცელეს. აქ მათ ძველი კერპები დაანგრიეს. მთიელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეფის ერისთავმა ძალა გამოიყენა. შემდეგ ნინომ ქრისტიანობა კახეთ-კუხეთშიც გაავრცელა. კუხეთში ნინო დასნეულდა და გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ბოდბის მონასტერში (ქ. სიღნაღთან).
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ახალი ქართული დამწერლობა შეიქმნა. მანამდე გამოიყენებოდა არამეული და ბერძნული დამწერლობები. ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია პალესტინაში ( V საუკუნის 30-იანი წლები), ბოლნისის სიონის კედლებზე (V საუკუნის ბოლო), ასევე VI – VII სს. – მცხეთის წარწერები ( ჯვარზე).

8. ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ გორგასალი V საუკუნის შუა ხანებში გამეფდა. მისი მოღვაწეობის შესახებ იმფორმაციას გვაწვდის „ქართლის ცხოვრების’’ ერთ – ერთი ისტორიული თხზულება – ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა’’. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის გამეფების დროისათვის ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და თავიანთ რელიგიას ცეცხლთაყვანმცემლობას, იგივე მაზდეანობას, ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. მათი მოგვთა უფროსი ბინქარანი ცეცხლთაყვანისმცემლურ ტაძრებს აგებდა.
როდესაც 10 წლის იყო ვახტანგი, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსებმა ილაშქრეს ქართლში. იმავე დროს ბიზანტიელებმა ეგრისი დაიპყრეს თავის დედაქალაქით -ციხეგოჯით. ცოტა რომ წამოიზარდა, ვახტანგი იძულებული იყო ქართლის ჯარით ირანში წასულიყო მათ მხარეზე საომრად. უკან მობრუნებულმა ვახტანგმა მოიწვია სამეფო საბჭო – დარბაზი. დარბაზს ესწრებოდნენ ჯუანშერ სპასპეტი , ორი ეპისკოპოსი და ერისთავები. ვახტანგმა სამეფო კარს ამცნო თავის გადაწყვეტილება ოსებზე ლაშქრობის შესახებ. დარბაზმა ეს ლაშქრობა გადაწყვიტა. ვახტანგმა მოციქული გაუგზავნა დედის ძმას, რანის (ჰერეთის) ერისთავს ვარაზ ბაკურს და დახმარება სთხოვა. ის დათანხმდა, რადგან თავადაც შეწუხებული იყო ოსების ლაშქრობებით. გაერთიანებულმა ლაშქარმა დარიალის კარით ილაშქრა ოსეთში და გაიმარჯვა. დარიალის კარზე ვახტანგმა გოდოლი ააშენა და იქ მთიულები მცველებად დააყენა. ისინი ქართლს ჩრდილო კავკასიელებისგან იცავდნენ. ამის შემდეგ მან დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი . შემდეგ ირანელებთან ერთად ბიზანტიელებთა წინააღმდეგ ილაშქრა, რის შედეგად ბიზანტიის იმპერატორმა მას დაუბრუნა ქართლის სასაზღვრო მიწები, თუხარისის ციხე, კლარჯეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილი. ირანელებისგან შეწუხებულმა ვახტანგმა ვახტანგმა ბიზანტიას მოკავშირეობა შესტავაზა. მან ქართული ეკლესიის რეორგანიზაცია და კათალიკოსობის დაწესება გადაწყვიტა. მანამდე ქართლში უმაღლესი სასულიერო პირი მთავარეპისკოპოსი მიქაელი იყო, რომელიც იერარქიულად კათალიკოსზე დაბლა იდგა. ვახტანგმა მოციქულები გაგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და ითხოვა კათალიკოსად პეტრე და ეპისკოპოსად სამოელი. ეს პირები წარგზავნეს ანტიოქიის პატრიარქთან. ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა პეტრე კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი. მცხეთაში ვახტანგმა ააგო მოციქულთა ეკლესია სვეტიცხოველი (აქ ადრე მირიანის მიერ აშენებული პატარა ეკლესია იყო) და პეტრე იქ დაჯდა კათალიკოსად, ხოლო სამოელი – ეპისკოპოსად. დანარჩენი საეპისკოპოსოები იყო: ახიზის (კლარჯეთში) , ერუშეთის (არტაანში) , წუნდის (ჯავახეთში) , მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის , ნინოწმინდის, უჯარმის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის ( ხუნანში ). შემდეგ ნიქოზშიც ააგო ეკლესია, სადაც დაკრძალული იყო სპარსელთაგან წამებული წმინდა რაჟდენი და იქაც ეპისკოპოსი დასვა. მალე ვახტანგმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. პირველ რიგში 482 წელს, მან მოკლა ირანელთა მოკავშირე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი. მარტო ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლა საშიში იყო. ამიტომ ვახტანგი დაუკავშირდა სომხეთის წარჩინებულებს. ვახტანგი მათ დაპირდა, რომ ჩრდილო კავკასიელ ჰუნებს დაიქირავებდა და მათი დახმარებით სპარსელებს დაამარცხებდნენ. სამწუხაროდ , ჩრდილო კავკასიიდან ქართველებს და სომხებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი შეუერთდა. ამ დროს არც ბიზანტიას ეცალა მათ დასახმარებლად. 484 წელს სამხრეთ კავკასიაში ირანელთა დიდი ლაშქარი მოვიდა ჰაზარავუხტის სარდლობით. მას ნაბრძანები ჰქონდა ვახტანგის ან შეპყრობა, ან მოკვლა, ან კიდევ ქვეყნიდან გაძევება. ჰაზარავუხტმა შეკრიბა ქართველი დიდებულები და დიდი წყალობა აღუთქვა, თუ მას მიემხრობოდნენ. ვახტანგი იძულებული გახდა ეგრისში გახიზნულიყო. თუმცა ამ დროს ირანის შაჰი პეროზი შუა აზიაში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა და ირანელთა სარდალი სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ ირანელები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ დიდ დათმობებზე წავიდნენ: ქრისტიანობის დევნა შეწყვიტეს, სომეხთა მხრიდან აჯანყების მეთაური ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს, ალბანეთში გაუქმებული მეფობა აღადგინეს, ალბანეთის მეფემ ადრე უარყოფილი ქრისტიანობა დაიბრუნა. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა, ჩვენთვის უცნობია. ამის შემდეგ ვახტანგი კვლავ აგრძელებდა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას . ქართლში ირანელთა ახალი ლაშქარი მოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კახეთში, მდინარე იორის პირას. ამ ბრძოლაში ვახტანგი მოწამლული ისრით ერთმა სპარსელმა დაჭრა. სწორედ ამ ჭრილობისგან გარდაიცვალა 502 წელს. ის დაკრძალეს სვეტიცხოველში.
ვახტანგის სახელს უკავშირდება ქ. თბილისის დაარსება. მისი ანდერძის თანახმად აქ დედაქალაქი მისმა ვაჟმა დაჩიმ გადმოიტანა.

9. არაბები (ისლამი)

არაბები სამხრეთ-დასავლეთ აზიაში არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ. აქ მცხოვრები ტომები სოციალ-ეკონომიკური ყოფით და განვითარების დონით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩრდილოეთით მოსახლე არაბები,რომლებსაც ბედუინებს უწოდებდნენ, მომთაბარეობასა და ნადირობას მისდევდნენ. სამხრეთის ტომები მათ ქვეყნებზე გამავალი სავაჭრო-საქარავნო გზების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ძირითადი გზა, ე.წ “გუნდრუკის გზა”, ხმელთაშუა ზგვის ქვეყნებს ინდოეთთან აკავშირებდა.
არაბთა ტომების გაერთიანება შეძლო მუჰამედმა.ის ღარიბი მექელი ვაჭრის შვილი იყო.იზრდებოდა გაჭირვებაში. ადრე დაობლდა. ამ პერიოდში გაეცნო სხვადასხვა ხალხებს და რელიგიებს, მათ შორის ქრისტიანობას და იუდევლობას. 24 წლის ასაკში დაქორწინდა მდიდარ ქვრივზე ხადიჯაზე და ვაჭარი გახდა.ორმოცი წლის მუჰამედს ხილვები დაეწყო. ის ამბობდა, რომ ალაჰის (ღმერთის) მიერ მოვლენილი მოციქული იყო იესოს შემდგომ. მექის მცხოვრებლების ნაწილი მასთან სახლში მიდიოდა და ქადაგებებს ისმენდნენ. (ეს ქადაგებები შემდგომ ჩაიწერა „ყურანში“ ). ისინი იყვნენ პირველი მუსლიმები, ანუ „ღმერთს მინდობილები“(მაჰმადიანი კი მუჰამედის მიმდევარს ნისშნავს). მექის წარჩინებულებმა არ მიიღეს მუჰამედი და მისი მიმდევრების დევნა დაიწყეს. სწორედ ამ დროს ტომების ურთიერთბრძოლით შეწუხებულმა მეზობელი ქ. იასრიბის მცხოვრებლებმა გაიგეს,რომ გამოჩნდა ახალი მოციქული, რომელიც ძმათა შორის მშვდობას ქადაგებდა.მათ მოიწვიეს მუჰამედი. 622 წელს მუჰამედი თავის მიმდევრებთან ერთად გადასახლდა იასრიბში (სხვა სახელი მედინა). ეს თარიღი, გადასახლება – „ჰიჯრა“ ითვლება მუსლიმური წელთაღიცხვის დასაწყისად. შეიქმნა პირველი მუსლიმური თემი,რომლეშიც ყველა თანასწორი იყო. მალე მექელებმა ჯარი გამოგზავნეს იასრიბელების წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა ბადრასთან. ბრძოლის წინ მუჰამედი ყველა ბრძოლის ველზე დაცემულ მუსლიმს სამოთხეს დაპირდა. რწმენამ მათ წარმატება მოუტანა. ამის სემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი იღებდა ისლამს. 630 წელს მათ მექა აიღეს. მუჰამედი არაბთა მთავარ სალოცავ ტაძარში-ქააბაში შევიდა და ძველი კერპების ჩამოყრა ბრძანა.
ისლამი არაბთა მთავარი რელიგია გახდა. მუსლიმი ლოცვის დროს ქააბის მხარეს უნდა მთხვეოდა მიწას. რამადანის თვეში უნდა ემარხულა. აიკრძალა ღვინის სმა და აზარტული თამაშები. სამაგიეროდ დაუშვა მრავალცოლიანობა. თავად მას 9 ცოლი ჰყავდა,რომელთაგან უსაყვარლესი აიშა იყო. 632 წელს ის მექაში გარდაიცვალა.დაკრძალეს მედინაში.მისი სიკვდილის შემდეგ „მოციქულის მოადგილედ“ ანუ ხალიფად აბუ ბაქრი აირჩიეს.ხალიფას დედამიწაზე ალაჰის-ღმერთის ნება უნდა განეხორციელებინა. არაბთა სახელმწიფოს სახალიფო ეწოდა. ისლამი არაბების დროშა გახდა, მათ მიერ წარმოებულ დაპყრობებს – „წმინდა ომი ურწმუნოთა წინააღმდეგ“- „ჯიჰადი“.
ისლამის ძირითადი მცნებებია,რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი- ალაჰი,რომ აუცილებელია ღარიბ-ღატაკების,ობლების დახმარება,მიტევება და სიკეთე.

10. არაბები საქართველოში

ა) დაცვის სიგელი
654 წელს საქართველოში არაბები პირველად გამოჩნდნენ. ქართლის ერისმთავარმა არაბებს თავისი ელჩი შეაგება საჩუქრებით და მათგან ზავი და მშვიდობა ითხოვა. არაბთა სარდალმა ჰაბიბ-იბნ-მასლამამ მორთმეული საჩუქრები მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქართლის მოსახლეობას „დაცვის სიგელი“ გადასცა. სიგელში განსაზღვრული იყო მხარეთა უფლებები და ვალდებულებები :
1) ქართველები იხდიდნენ „ჯიზიას“ – კომლზე ერთ დინარს. ამასთან მათ ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიის შესამცირებლად; ამავე დროს,არაბებსაც არ შეეძლოთ კომლების დანაწილება ჯიზიის გასადიდებლად.
2) ქართველები ვალდებულები იყვნენ რჩევით და საქმით დახმარებოდნენ არაბებს; მათ უნდა შეეფარებინათ და დახმარებოდნენ ჩამორჩენილ მუსლიმებს, უნდა მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე;
3) ისლამის მიმღები ქართველი არაბთა თანამოძმე ხდებოდა, მუსლიმის უფლებებით ისარგებლებდა და არ გადაიხდიდა გადასახადებს;
4) არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ დაეცვათ ქართველები მტრისგან; მაგრამ, თუ არაბთა მოუცლელობის გამო ისინი მათ ვერ დაეხმარებოდნენ და ქართველები მტერს დამორჩილდებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ.
ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, არაბები უშიშროების, ქონების და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდნენ; თუ არა და ალაჰის სახელით ომს გამოუცხადებდნენ.

ბ) მურვან-ყრუს ლაშქრობა
ქართველები დამპყრობლებს თავიდან უბრძოლველად დამორჩილდნენ,მაგრამ შემდეგ სულ ცდილობდნენ ეს უღელი თავიდან მოეშორებინათ: აწყობდნენ აჯანყებებს, ეხმარებოდნენ არაბთა მოწინააღმდეგე ბიზანტიას და ხაზარებს. 735-737 წლებში საქართველოში ილაშქრა არაბთა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა, რომელსაც ქართველებმა სისასტიკის და იმის გამოც, რომ არავის რჩევას ყურს არ უგდებდა ყრუ შეარქვეს. მურვან-ყრუს 120 000 – იანი ჯარი ჰყავდა. მან მთელი კავკასია დაიმორჩილა, ქართლის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დაანგრია, შემდეგ ეგრისში გადავიდა და მისი დედაქალაქი ციხეგოჯი-არქეოპოლისიც დაანგრია. ქართლის ერისმთავარმა აფხაზეთის მთავართან ერთად ანაკოფიის ციხეს შეაფარა თავი. ეს ციხე მურვან-ყრუმ ვერ აიღო, თავი დაანება და სამხრეთ საქართველოში გადავიდა.მან ქართლის სათავეში თავისი მოხელე ამირა დააყენა. ის იყო სარდალიც, ქვეყნის მმართველიც და უზენაესი მსაჯულიც. ამირას მუდმივი სამყოფელი ქალაქი თბილისი იყო. ერისმთავრობა არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ გადაიქცა.
მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს არაბებმა აწამეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც მურვან-ყრუმ ტყვედ ჩააგდო.

11. ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმანა VIII-IX სს. მიჯნაზე

VIII ს ბოლოსკენ არაბთა სახალიფო დაშალა. ამ დროს საქართველოში წარმოიქმნა ხუთი სამეფო-სამთავრო: ტაო-კლარჯეთი, კახეთი, აფხაზეთი, ჰერეთი და თბილისის საამირო.
სამხრეთ-დას. საქართველოში დამოუკიდებელი ტაო-კლარჯეთის სამთავროს საფუძველი ჩაუყარა აშოტ ბაგრატიონმა, რომელიც VIII ს-ს II ნახევარში ქართლის ერისმთავარი იყო. აშოტი როგორც ჩანს არაბებს დაუპირისპირდა და იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებ ინა. ის ჩავიდა შავშეთში და კლარჯეთში. კლარჯეთის ტყეებში, ერთ-ერთ კლდეზე ააგო ქ. არტანუჯი. აქ მან დააარსა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. მას მხარი დაუჭირა ბიზანტიის იმპერატორმა და მას კურაპალატობა მისცა. აშოტი განაგრძობდა არაბებთან ბრძოლას. ნიგალის ხევში ერთ-ერთი ბრძოლისას დამარცხებულმა აშოტმა თავი ეკლესიას შეაფარა, მაგრამ ის საკურთხეველში მოკლეს. იგი არტანუჯში დაკრძალეს. მისმა მემკვიდრეებმა მიიღეს „ქართველთა მეფის ტიტული“.
აშოტის დროს ტაო-კლარჯეთში დიდი საეკლესიო სამონასტრო მშენებლობა წამოიწყო ბერმა გრიგოლ ხანცდელმა. დაწყებული აღმშენებლობა შემდგომშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში აიგო: ხანძთა, ოპიზა(კლარჯეთში), საფარა(სამცხე), კუმურდო, წყაროსთავი(ჯავახეთი), ტბეთი, იშხანი, ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა (ტაოში) და სხვა.
VIII ს-ის ბოლოს დას. საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის სამეფო ჩამოყალიბდა. ის შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე ვრცელდებოდა, ჩრდილოეთით ნიკოფსიამდე, ხოლო სამხრეთით ჭოროხის ხეობამდე. აფხაზეთის მთავარი , ისევე როგორც ეგრისის მმართველი ბიზანტიის ხელქვეითი იყო, მაგრამ VIII ს-ის ბოლოს ბიზანტია დასუსტდა და აფხაზთა მთავარმა ლეონმა მეფის ტიტული მიიღო, დასავლეთ საქართველო გაართიანა და დედაქალაქი ქუთაისი გახადა.
VIII ს-ის ბოლოს ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც შეიქმნა დამოუკიდბელი სამთავრო. 70-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში მთიანეთის მცხოვრები წანარები არაბებს აუჯანყდნენ და მათი მოთავეობით მოხდა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება. ამ სამთავროს ცენტრი ჯერ თიანეთი, შემდეგ კი თელავი გახდა. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ. ეს თანამდებობა თავიდან არჩევითი იყო, შემდეგ კი მემკვიდრეობითი გახდა.
VIII ს-ის ბოლოს ქართლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო. ჰერები ქართლის და ალბანეთის სამეფოებს შორის მცხოვრები ერთ-ერთი ქართული ტომი იყო. შემდეგ ჰერეთი ქართლის ერთ-ერთი საერისთაო გახდა. ჰერეთის სამეფო სამხრეთ დასავლეთით მდ. მტკვრამდე ვრცელდებოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასიონამდე. უკიდურესი სამხრეთი წერტილი იორ-ალაზნის შესართავი იყო. IX ს-ის პირველ ნახევარში ჰერეთის მეფეებმა ალბანეთის ნაწილი შეიერთეს და „რანთა მეფის“ ტიტული მიიღეს.
მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ თბილისის ამირას თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. VIII ს-ის ბოლოდან, როდესაც საქართველოს ცალკეული მხარეები განთავისუფლდნენ, მისი სამფლობელო შემცირდა და შიდა ქართლის ნაწილს და ქვემო ქართლს მოიცავდა. არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ, თბილისის ამირა დამოკიდებულების გზას დაადგა და ხალიფას ხარკს აღარ უგზავნიდა. 853 წელს თბილისის ამირა საჰაკის დასასჯელად ხალიფამ არაბი სარდალი ბუღა თურქი გამოგზავნა. მართალია ბუღამ თბილისი აიღო და საჰაკი მოკლა,მაგრამ IX ს-ის 80- იანი წლებიდან ამირა ჯაფარის დროს თბილისის საამირო დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა.

12. თურქ-სელჩუკები საქართველოში

XI ს-ში ახლო აღმოსავლეთში ახალი ხალხი გამოჩნდა. ესენი თურქ-სელჩუკები იყვნენ. სელჩუკთა სახელწოდება მათ თავისი მეთაურის, სელჩუკის სახელიდან მიიღეს.ეს ტომები ჯერ ცენტრალური აზიის სტეპების და შემდეგ კი შუა აზიის საძოვრების კრიზისმა მოიყვანა. სულთან თოღრულ-ბეგის (1038-1063) დროს მათ დაიპყრეს ირანი,ერაყი,ქურთისტანი და ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. 1055 წელს თოღრულ-ბეგმა დაიპყრო არაბთა სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი და ხალიფამ სულთნად დალოცა.თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები მომდევნო ორი სულთნის ალფ- არსლანის (1063-1072) და მისი ვაჟის მალიქ-შაჰის (1072-1092) დროსაც გაგრძელდა. ალფ-არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა 1064 და 1067 წლებში. ამ დროს საქართველოს მეფე ბაგრატ IV იყო, რომელმაც დამარცხების მიუხედავად ხარკი არ იკისრა.
ბაგრატ IV -ის შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი გიორგი II ავიდა. 1074 წელს ფარცხისთან განძის ათაბაგი დაამარცხა. თუმცა ის სუსტი მმართველი გამოდგა. XIს-ის 80-იან წლებში (1080 წელს) საქართველოში დაიწყო ე.წ „დიდი თურქობა“. თურქული ტომები ყოველ წელს, გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და მოსახლეობას სარჩოს ართმევდნენ. განსაკუთრებით დამძიმდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც მათ აქ დასახლება დაიწყეს. მომთაბარე თურქები სამეურნეოდ ვარგის მიწებს საძოვრებად იყენებდნენ, რაც ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობის გაღატაკებას იწვევდა. ისინი იძულებულები იყვნენ სხვაგან ეძებნათ თავშესაფარი. საქართველოს სამხრეთი ქართველებისგან დაიცალა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იყო და 1083 წელს გიორგი II ეახლა მალიქ-შაჰს. მან ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.

13. დავით აღმაშენებელი (დიდგორი)

გიორგი II 1089 წელს გადადგა თავის სვილის დავითის სასარგებლოდ. დავით IV აღმაშენებელი მეფობდა 1089–1125 წწ. მან პირველ რიგში შექმნა პატარა მუდმივი არმია, რომლითაც მომთაბარე თურქებს ებრძოდა. მან მეფობის დასაწყისშივე დასაჯა ურჩი ფეოდალები – 1097წ. კლდეკარის საერისთავო გააქმება და ლიპარიტ ბაღუაში ბიზანტიაში გადაასახლა. იმავე წელს თურქებს ხარკი შეუწყვიტა. 1103–1104 წწ. (ზოგგან 1105 წელი) მოიწვია რუის- ურბნისის საეკლესიო კრება. ამ კრებაზე ეკლესიიდან გააძევეს უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირები. აქვე გაერთიანდა ჭყონდიდელის (სასულიერო) და მწიგნობართუხუცესის (საერო) თანამდებობები. დავითმა შექმნა სავაზირო. ყველა უწყებას უხუცესი ანუ მინისტრი ხელმძღვანელობდა. მათზე ზემოთ იდგა მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ანუ ფაქტიურად პრემიერ–მინისტრი, რომელიც მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა. პირველი მწიგნობართუხუცეს -ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები იყვნენ: მეჭურჭლეთუხუცესი–ფინანსების, მანდატურთუხუცესი–შინაგან საქმეთა (აქვე შედიოდა „მსტოვართა ინსტიტუტი“–შიდა და საგარეო დაზვერვა), ამირსპასალარი–სამხედრო საქმის. უზენაეს სასამართლოს–„სააჯო კარს“ მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და ნებისმიერს შეეძლო მისთვის მიემართა და სამართალი ეპოვა. სამხედრო რეფორმა- ჯარი სამ ნაწილად გაიყო: „მონასპა“–მეფის პირადი გვარდია; მეციხოვნეები–ციხეებს და ქალაქებს იცავდნენ და მოლაშქრეები (ძირითადი ჯარი). 1118წ. დავითმა ჩამოასახლა 40 000 ოჯახი ყივჩაღი, რომელთაც მუდმივ ჯარში ოჯახიდან ერთი მოლაშქრის გამოყვანა ევალებოდათ. დროთა განმავლობაში დავითმა მთელი საქართველო გააერთიანა. 1103-1104 წლებში კახეთი შემოიერთა. შემდეგ თბილისის საამიროს ტერიტორიებიც დაიკავა და თბილისს ხარკი დააკისრა. 1121 წელს თბილისის, დმანისის და განჯის ვაჭრებმა დახმარებისთვის მიმართეს არაბთა ხალიფას, რათა დაეცვა ქართველი მეფისაგან. გაერთიანებულ მუსლიმთა ჯარს ნეჯმ ედ დინ ილღაზი (მაიფარაკინის მმართველი, ჯვაროსნებთან ომის გმირი) მეთაურობდა. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მოხდა ბრძოლა. ბრძოლის წინ ქართველთა მეფემ უკან დასახევი გზა ხეობაში ჩაიკეტა. ბრძოლის დაწყების წინ 200 მეომარი გაემართა მტრისკენ. მტერს ეგონა ზავის სათხოვნელად ან დასანებებლად მოდიანო და თავის განლაგებაში შეუშვეს. მათ კი ხმლები იშიშვლეს და არეულობა შეიტანეს მტრის ჯარში. შემდეგ დავითმა და მისმა ვაჟმა დემეტრემ მტერს ორი მხრიდან დაარტყეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. 1122წ. დავითმა თბილისი აიღო. დავით IV აღმაშენებელი1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

14. თამარის ეპოქა

ა) ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლა
თამარ–მეფე 1178 წელს მამამისმა გიორგი III–მ თანამოსაყდრედ გამოაცხადა, თუმცა ერთპიროვნულად მმართველობა მამამისის გარდაცვალების შემდეგ 1184 წლიდან დაიწყო. თამარმა იმეფა სხვადასხვა ცნობით 1207, 1210 ან 1213 წლამდე. თამარის ტახტზე ასვლისთანავე დიდგვაროვნებმა თავი წამოყვეს და მეფისგან დათმობები მოითხოვეს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლა. ამ დასის წევრებმა მოითხოვეს ისანში, მეფის სასახლიდან მოშორებით დაედგათ კარავი, სადაც დიდებულები შეიკრიბებოდნენ და სამეფოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტდნენ. შემდეგ მეფეს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ აცნობებდნენ და მას ის უნდა შეესრულებინა. ფაქტიურად მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. თამარმა ყუთლუ–არსლანი დააპატიმრა, თუმცა მისმა დასელებმა გააგრძელეს გამოსვლა. თამარმა მათთან გაგზავნა ორი საპატიო ქალბატონი–ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატის დედა ხვაშაქ ცოქალი და სამძივრების დედა კრავაი ჯაყელი. მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. ორივე მხარე დათმობაზე წავიდა. „კარვის“ დაარსების იდეა შეთქმულებმა უარყვეს; სამაგიეროდ თამარმა ყუთლუ–არსლანი გაათავისუფლა, თუმცა თანამდებობაზე აღარ დატოვა. ამავე დროს ამიერიდან დიდმნიშვნელოვან საკითხებს თამარი დარბაზის წევრთა თანადგომით, მათთან მოთათბირებით და საერთო გადაწყვეტილებით წყვეტდა.

ბ) ბასიანის ბრძოლა
საქართველოს სამხრეთ–დასავლეთით თამარის დროს ბიზანტიის ნაცვლად დიდი ხანია უკვე თურქ–სელჩუკთა სასულთნოები ყავდა გამეზობლებული. ყველაზე ძლიერი იყო მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთანო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ ად–დინ სულეიმან შაჰის დროს (1196–1204). რუქნადდინმა საქართველოში ლაშქრობა გადაწყვიტა და 1202 წელს ჯერ არზრუმს გადავიდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი ლაშქრით ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქედან თამარს ელჩები გაუგზავნა წერილით, სადაც მორჩილებას ითხოვდა. იქვე ეწერა, რომ თუ თამარი ქრისტიანობას უარყოფდა, მას ცოლად შეირთავდა, ხოლო თუ არა, ხარჭად დაისვამდა. ასეთი შეურაცხყოფისთვის ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ელჩს ისეთი გაარტყა, რომ კარგა ხანს ასულიერებდნენ. ქართველების ლაშქარი ბასიანისკენ დაიძრა. თამარმა ვარძიამდე მიაცილა ჯარი. ბასიანთან დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს ქართველების მოწინავე ლაშქარი თავსმოულოდნელად დაესხა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. მისი ბედი ქართვული არმიის მარჯვენა და მარცხენა ფლანგების ბრძოლაში ჩაბმამ გადაწყვიტა. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.

გ) ტრაპიზონის იმპერიის დაარსება
1204 წელს უცხოეთის სავანეებიდან ჩამოსულ ქართველებს თამარმა დიდი ქონებრივი შეწირულობა გადასცა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ბიზანტიის კეისარმა ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. სწორედ ამ დროს 1202–1204 წლებში IV ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო, თუმცა, იმის მაგივრად რომ იერუსალიმისაკენ წასულიყვნენ, მათ კონსტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს. ბიზანტია რამდენიმე სამეფოდ დაიშალა.თამარმა ქართველთა გაძარცვის გამო შურისძიების საბაბით 1204 წელსვე ჯარები გაგზავნა ბიზანტიის შავი ზღვის სანაპიროსკენ, სადაც ქართველთა მონათესავე ლაზები და ჭანები ცხოვრობდნენ. ქართველთა ჯარმა დაიკავა ტრაპიზონი, სამსუნი, სინოპი, კერასუნი და ჰერაკლიამდე მივიდა. აქ, შავი ზღვის სამხრეთ– აღმოსავლეთ სანაპიროზე ცალკე საკეისრო, ტრაპიზონის იმპერია შეიქმნა. თამარმა მის სათავეში მამით ბიზანტიის იმპერატორთა შთამომავალი, დედით ქართველ მეფეთა ნათესავი და თამარის კარზე აღზრდილი ალექსი კომნენოსი ჩაუყენა.

15. მონღოლების იმპერია

მონღოლური ტომები ცენტრალური აზიის სეპებში მომთაბარეობდნენ. ისინი კარგი ცხენოსნები და მეომრები იყვნენ. 1206 წელს ტომებს შორის გაუთავებელ ომებს ბოლო მოუღო ერთ-ერთი ტომის ბელადის ვაჟმა თემუჩინმა. მან მონღოლთა ტომები გააერთიანა და მას ჩინგიზ ყაენი ანუ“ჭეშმარიტი ხელისუფალი“ უწოდეს. 1211 წელს მათ დიდი დაპყრობითი ომები წამოიწყეს.მათ დაიპყრეს ჩინეთი და დასავლეთისაკენ დაიძრნენ. მონღოლები კარგი მეომრები იყვნენ, სალაშქროდ ცოლშვილიანად მიდიოდნენ. მონღოლების ლაშქარი ათეულებად, ასეულებად და ათიათასეულებად( დუმნებად) იყო დაყოფილი. ათიათასეულების მეთაურებად ანუ დუმან–ნოინებად ხშირად უფლისწულები ინიშნებოდნენ. ჩინეთის შემდეგ დაიპყრეს შუა აზია, ხორეზმი, რუსეთი, ირანი. ხორეზმ შაჰმა მუჰამედმა და მისმა ვაჟმა ჯალალედინმა თავს გაქცევით უშველეს.

16. მონღოლები საქართველოში

მონღოლები საქართველოში პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ. საქართველოს მეფე, თამარის ვაჟი გიორგი IV–ლაშა შეებრძოლა მათ, მაგრამ დამარცხდა. თუმცა მაშინ მონღოლები საქართველოში არ დარჩენილან (ეს იყო ხორეზმშაჰის მუჰამედის მდევარი რაზმი), მათ გზა ჩრდილოეთისაკენ განაგრძეს და კავკასიონით სამხრეთ რუსეთში გადავიდნენ. აქ 1223 წელს დაამარცხეს რუსების და ყივჩაღების გაერთიანებული არმია. ისინი 30-იან წლებამდე საქართველოში აღარ გამოჩენილან. ამასობაში მონღოლებისგან დამარცხებული მუჰამედ ხორეზმშაჰის ვაჟმა ჯალალედინმა შეძლო ახალი არმიის შეკრება, დაიპყრო ირანი და აზერბაიჯანი და 1225 წელს საქართველოს მოადგა. დაბა გარნისთან (თანამ. სომხეთი) ქართველები დამარცხდნენ და ჯალალედინმა თბილისი აიღო. ამ დროს საქართველოს მეფე იყო ლაშა-გიორგის და, რუსუდანი(1223–1245 წწ.). თუმცა მალე ირანში მონღოლების გამოჩენის გამო ჯალალედინი გაიქცა და ლტოლვილობაში დაასრულა სიცოცხლე.
XIII საუკუნის 30–იანი წლების მიწურულს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად დაიმორჩილეს. მონღოლთა სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველო შევიდა როგორც ცალკე სამხედრო–ადმინისტრაციული ერთეული– „გურჯისტანის ვილაეთი“. მას ჩამოაცილეს ვასალური მუსლიმური ქვეყნები რანი და შირვანი. ვილაეთებს მართავდნენ დიდი ყაენის მიერ დადგენილი მოადგილეები. ქართველებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში და ეხადათ ხარკი.რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოში დაამტკიცეს ორი მეფე: დავით VII ლაშა–გიორგის ძე (ულუ–უფროსი) და დავითVI რუსუდანის ძე(ნარინი–უმცროსი). შემდგომში დავით ნარინი დას. საქათველოში გადავიდა და ქვეყანა ფაქტიურად ორად გაიყო. 1254 წელს მონღოლებმა დაპყრობილ ქვეყნებში აღწერა ჩაატარეს. აღიწერა ყველაფერი– ადამიანები, საქონელი, ტყეები,მდინარეები და ა.შ. დავთარში შეიყვანეს 15–დან 60–წლამდე ყველა სალაშქროდ გამოსადეგი მამაკაცი. გადასახადი დააკისრეს ყველას– სოფლის მეურნეებს, ვაჭრებს, მეთევზეებს. გადასახადისგან გათავისუფლდნენ მხოლოდ– მოხუცები, ქალები, ბავშვები, კულტის მსახურები, ეკლესია და მისი მიწა–წყალი. საქართველო დაიყო რვა დუმნად (ათიათასეულად). ეს იყო სამხედრო ერთეული, რომელსაც სამოქალაქო ფუნქციაც ჰქონდა. ყველა სამოქალაქო ხელისუფალი დუმნის თავს – მხედართმთავარს ემორჩილებოდა. საქართველოში 14–მდე სახეობის გადასახადი მოქმედებდა, რომლებსაც ქართველები ,,სათათროს“ ეძახდნენ. ეს გადასახადები იყო: მალი-სოფლის მეურნეობაზე, წლიური სემოსავლის 60%, ყაფჩერი-ას სულ საქონელზე ერთი, ულუფა-მონღოლი მოხელეებისთვის განკუთვნილი საჩუქარი ფულის და ცხვრის სახით, ტამღა-სავაჭრო გადასახადი 3%-ის ოდენობით, საიამე-გზებზე აგებული სადგურების შეკეთების და იქ გაჩერებული მონღოლების საკვებით უზრუნველყოფა, ულაყი-საფოსტო ცხენების გადასახადი, სატუზღუე-მონღოლი მოხელისთვის ფეოდალებისგან გაღებული ძღვენი ძვირფასი ნივთების სახით, თაღარა-სალაშქროდ მიმავალი მონღოლის საკვები, ნემარი-სახელმწიფოსგან დაწესებული დამატებითი გადასახადი, თარხი-მოუსავლიანობის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის პროდუქტების დაბალ ფასებში მიყიდვა, საელჩო-ელჩების საჭიროებისთვის ულაყის და ულუფის გადასახადი, ბაჟი-საგზაო გადასახადი ვაჭრებისთვის, ბეგარა-იძულებითი მუსაობა სასახლეების, გზების, არხების მშენებლობაზე და სამხედრო ბეგარა-მონღოლთა ჯარში სამსახური, ცხრა კომლიდან ერთი მოლაშქრე.

17. გიორგი V ბრწყინვალე და მისი დრო

ჩინგიზ–ყაენის გარდაცვალების შემდეგ, მონღოლთა იმპერია მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა 4 ნაწილად გაყვეს. ირანი, ავღანეთი, ერაყი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ქურთისტანი და მცირე აზიის აღმ. პროვინციები ჰულაგუ ყაენს ერგო.მისი მემკვიდრეები ილხანის ტიტულს ატარებდნენ, რაც „ ტომის ყაენს“ ნიშნავს, სახელმწიფოს კი ილხანთა სამეფოდ მოიხსენიებენ. საქართველოს მეფეები მათი ვასალები გახდნენ: ისინი ხარკსაც იხდიდნენ და ომის შემთხვევაში ჯარის გამოყვანაც ევალებოდათ. მალე, ილხანთა სახელმწიფო დაუპირისპირდა ოქროს ურდოს მონღოლურ სახელმწიფოს, რომელიც დას. ციმბირში, რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში იყო გადაჭიმული. მისი ყაენები სამხრეთ კავკასიაში გადასასვლელი უღელტეხილების დაკავებას და სამხრეთ კავკასიის დამორჩილებას ცდილობდნენ. ამ გადმოსასვლელებსა და საზღვრებზე ჯერ კიდევ ჰულაგუ ყაენმა სანგრები, სიბები ააგო; აქ მონღოლთა და ქართველთა გაერთიანებული არმია მორიგეობდა, რომელსაც ჩრდილოეთიდან მოსული მტერი უნდა შეეჩერებინა. აქ ხშირი იყო ეპიდემიები, სწორედ აქ გავრცელებული სენისაგან დაიღუპნენ დავით ულუს უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე გიორგი და თავად დავით– ულუ. გარდა ამისა, ჰულგუიდებს ომები ჰქონდათ ეგვიპტის სულთნებთან სირია–პალესტინის გამო.ამ ომებში ხშირად იწვევდნენ ქართველებს; ასევე, წარმართი მონღოლები კავშირს სთავაზობდნენ დას. ევროპის ქვეყნებსაც, თუმცა, ეს კავშირი არ შედგა. XIII-ს–ის ბოლოს ყაზან–ყაენმა ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
1318–1346 წლებში საქართველოში მეფობდა გიორგი V ბრწყინვალე. მან კარგი ურთიერთობა დაამყარა ილხანთა სამეფოს პირველ ემირ (ვეზირ) ჩობან ნოინთან, რომელიც გიორგის ძალიან ენდობოდა და საქართველოდან ხარკის აკრეფაც მონღოლი მოხელის ნაცვლად მას დაავალა. მალე ყაენმა გიორგის მთელი საქართველოს მეფობა დაუმტკიცა (ამ დროს დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის შვილი მეფობდა). 1327 წელს აბუსაიდ ყაენმა პირველი ემირი ჩობანი და მისი ოჯახი ამოწყვიტა. ამით ისარგებლა გიორგიმ და საქართველოში მდგარი მონღოლური რაზმები გარეკა. 1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მეფე. გიორგი გადავიდა დასავლეთში, ქუთაისი დაიკავა და საქართველო გააერთიანა.
გიორგი ზრუნავდა ქართულ კულტურაზეც. მან ორჯერ გაგზავნა ელჩები ეგვიპტის სულთანთან და მისი თხოვნის საფუძველზე გაუქმდა ქრისტიანებისთვის იერუსალიმში შესვლისას დაწესებული დამამცირებელი წესი-ცხენ-სახედარზე ორივე ფეხის ერთ მხარეს უნდა მსხდარიყვნენ. ქართველებს ნება დართეს იერუსალიმში აეგოთ ტაძარი. მის დროს აშენდა ახალი ეკლესიები და ციხე-ქალაქები, განახლდა ძველები. 1330 წელს რომის პაპის ბრძანებით თბილისში სმირნიდან გადმოიტანეს კათოლიკეთა საეპისკოპოსო. გიორგი ბრწყინვალეს დროს შედგენილ იქნა „ ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელიც სახელმწიფოს მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი და იქ აღწერილია საქართველოს მართვა-გამგეობის სისტემა. მის დროს საქართველოს მთიანეთისთვის შეიქმნა სპეციალური სამართლის კრებული „ძეგლისდება“.

18. საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად

ერთ-ერთი თურქულენოვანი ტომის ბელადის – ოსმან I ღაზის ხელმძღვანელობით თურქებმა მცირე აზიაში, ბიზანტიის იმპერიის საზღვრებთან შექმნეს გაერთიანება – ოსმანთა კავშირი. XV ს-ის II ნახევრისთვის მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ თანამედროვე თურქეთისა და საბერძნეთის დიდი ნაწილი. 1453 წელს სულთან მეჰმედ II-ის (1432-1481 წწ.) თაოსნობით თურქებმა უკვე კონსტანტინოპოლიც აიღეს და ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. რომის პაპ პიუს II-ის ინიციატივით დაიწყო მზადება ჯვაროსნული ლაშქრობისთვის, რომელშიც ბურგუნდიის, უნგრეთის, ნეაპოლის, ვენეციისა და პოლონეთის გარდა ქართველი მეფე-მთავრები, ტრაპიზონის სამეფო და ირანის შაჰი უზუნ ჰასანი უნდა ჩაბმულიყვნენ. 1459 წელს ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. 1461 წელს თურქებმა ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს.
ამ პერიოდში საქართველოს მეფე იყო გიორგი VIII (1446-1466 წწ.). 1463 წელს სამცხის მთავრის ყვარყვარეს წაქეზებით იმერეთის ერისთავმა, დავით ნარინის შთამომავალმა ბაგრატმა თავი მეფედ გამოაცხადა. გიორგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა ჯარით. ჩიხორთან შედგა ბრძოლა, სადაც გიორგი დამარცხდა. 1465 წელს ყვარყვარემ თავფარავანთან გიორგი VIII ღალატით შეიპყრო. ამ დროს გიორგის ძმისწულმა კონსტანტინემ გაქცევა მოახერხა. ბაგრატმა ამით ისარგებლა, 1465 წელს ქართლში გადავიდა და ბაგრატ VI-ის სახელით თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარემ მეფე გიორგის დაპატიმრებით ვერ იხეირა, ამიტომ ის გაათავისუფლა, რათა ბაგრატისა და გიორგის დაპირისპირებით ესარგებლა. თუმცა გიორგიმ 1466 წელს მხოლოდ კახეთში გამეფება მოახერხა. ამ დროიდან დაიწყო კახეთის, როგორც ცალკე სამეფოსა და მისი დინასტიის ისტორია.1478 წელს ბაგრატ VI გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა ალექსანდრემ ტახტზე ასვლა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. ქართლსა და იმერეთში გიორგი VIII-ს ძმისწული კონსტანტინე II გამეფდა. 1483 წელს სოფ. არადეთთან ბრძოლა მოხდა კონსტანტინესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის, სადაც მეფე დამარცხდა. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, ქუთაისი დაიკავა და მეფედ ეკურთხა. ამ დროიდან იწყება იმერეთის სამეფოს ისტორია. კონსტანტინე მეფე დარწმუნდა, რომ მის ცდებს საქართველოს გაერთიანებაზე შედეგი არ მოჰქონდა. 1490 წელს მან მოიწვია კათალიკოსი, ეპისკოპოსები და წარჩინებულები. მათი რჩევით ის დაუზავდა კახეთის და იმერეთის მეფეებს, ასევე სამცხის ათაბაგს. საქართველო საბოლოოდ დაიშალა სამ სამეფოდ: ქართლი, კახეთი, იმერეთი და ხუთ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი და სვანეთის სამთავროები).

19. შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში

1587 წელს ირანის ტახტზე შაჰ აბას I ავიდა. სამი წლის შემდეგ ის იძულებული იყო, თურქებთან დაედო ზავი, რომლის თანახმად აღმოსავლეთ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანის დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო. შაჰ აბასი ხვდებოდა, რომ არმიის ძირეული რეფორმის გარეშე თურქებს ვერ მოერეოდა. თურქებს მუდმივი ჯარი ჰყავდათ, ირანელების არმიის ძირითად ნაწილს კი ფეოდალური ლაშქარი შეადგენდა. მან ჯარი ოსმალურ ყაიდაზე გადააწყო. 12 000-იანი მსროლელთა კორპუსი და ცხენოსანთა გვარდია შექმნა. მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და გლეხებს ნაკვეთებად დაურიგა. რეფორმების გატარების შემდეგ თურქებს ომი გამოუცხადა და წარმატებასაც მიაღწია. მან ქართლ-კახეთიდან ოსმალები განდევნა და ქართულ ციხეებში ირანელები ჩააყენა. ქართლისა და კახეთის მეფეები ლუარსაბ II და თეიმურაზ I ვალდებულები იყვნენ საჭიროების შემთხვევაში ირანის მხარეზე ჯარით გამოსულიყვნენ.
1612 წელს ირან-ოსმალეთის ომი დასრულდა და შაჰ-აბასმა საქართველოსთვის მოიცალა. 1614-1617 წწ-ში აღმოსავლეთ საქართველოში მან ოთხჯერ ილაშქრა.
შაჰ აბასმა პირველი ლაშქრობისას კახეთის სატახტო ქალაქი – გრემი დაიკავა, შემდეგ ალავერდი, რომელსაც გალავანი შემოავლო და იქ ირანული გარნიზონი ჩააყენა. ლუარსაბმა და თეიმურაზმა თავი იმერეთს შეაფარეს. შაჰ-აბასმა კახეთში მმართველად ირანში გაზრდილი უფლისწული იესე, იგივე ისა-ხანი დანიშნა. შემდეგ ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეებში ირანული გარნიზონები ჩააყენა. მან იმერეთში ლუარსაბსა და თეიმურაზს შეუთვალა, რომ დანაშაულს აპატიებდა თუ მასთან გამოცხადდებოდნენ. ლუარსაბ II-ის დარწმუნება ქართლის ერთ-ერთმა თავადმა შადიმან ბარათაშვილმა შეძლო და ის შაჰ აბასთან გამოცხადდა. შაჰმა ის ირანში გაიყოლა (მანამდე ირანში უკვე გაგზავნილი ჰყავდა თეიმურაზ I-ის დედა ქეთევანი და მისი ორი ვაჟი, ალექსანდრე და ლევანი). ირანში შაჰ აბასმა ასევე წაიყვანა ქართლ-კახეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც შაჰის მეგობრებში – `შაჰსევანში~ ჩაეწერნენ. მის ლაშქარში ჩაწერილთა რაოდენობა რამდენიმე ათასი იყო და ისინი საკუთარ ოჯახებთან ერთად ირანში გადაასახლეს.
1615 წელს ქართლ-კახეთში აჯანყება დაიწყო. შაჰმა 15 000-იანი ჯარი გამოგზავნა ცნობილი სარდლის ალი ყული-ხანის მეთაურობით. თეიმურაზმა შეძლო ირანელების დამარცხება. 1616 წელს შაჰ აბასი საქართველოში თავად გამოემართა. თეიმურაზი იმერეთში გადავიდა. შაჰმა ქართლის მმართველად გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. აღმოსავლეთ საქართველოს დარბევის შემდეგ ის უკან ირანში დაბრუნდა. 1617 წელს შაჰი საქართველოს მეოთხედ შემოესია. ამ დროს მან კახეთი ორად გაყო. აღმოსავლეთი განჯის მმართველს – ფეიქარ-ხანს, ხოლო დასავლეთი ბაგრატ-ხანს ჩააბარა. 1619 წელს ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ მმართველად მისი ძე, სიმონ-ხანი დაამტკიცა, ვექილად ე.ი. რეგენტად გიორგი სააკაძე დაუნიშნა. შაჰმა კახეთიდან 200 000-მდე ადამიანი ირანში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლა. ირანში გადასახლებული კახელები სოფლის მეურნეები და შაჰის ერთგული მეომრები იქნებოდნენ. მართლაც, ყულის ჯარში, რომელშიც 12 000 მხედარი და 10 000 ქვეითი იყო, ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველები და სომხები იყვნენ.
1620 წელს შაჰ-აბასმა თეიმურაზის შვილები ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისებინა (ლევანი გარდაიცვალა, ალექსანდრე გაგიჟდა). 1622 წელს სიკვდილით დასაჯა ლუარსაბ II (მან ისლამი არ მიიღო). 1624 წელს აწამა და სიკვდილით დასაჯა ქეთევან დედოფალი.
1625 წელს შაჰმა ქართლ-კახეთში დიდი ჯარი გამოაგზავნა ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მას დარჩენილი კახელები უნდა გაენადგურებინა და ქართლიდან მოსახლეობა აეყარა. ჯარს თან ახლდნენ შაჰის კარზე დაწინაურებული გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. მაგრამ შაჰი მათ ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ მძევლებად გიორგის ვაჟი – პაატა და ზურაბის მეუღლე დაიტოვა. გიორგი სააკაძემ აჯანყების გეგმა შეიმუშავა. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფთან მოხდა ბრძოლა, სადაც ქართველებმა ირანელები გაანადგურეს, გიორგი სააკაძემ პირადად მოკლა ყარჩიხა-ხანი. ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. შაჰმა ახალი ჯარი გამოაგზავნა. მართალია, 1625 წლის 1 ივლისს მარაბდასთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ამ ორ ბრძოლაში ირანელებმა ისეთი ზარალი მიიღეს, რომ შაჰ აბასმა თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა, ოღონდ ვასალობის პირობით. მალე თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. 1626 წელს მათ შორის ბაზალეთთან ბრძოლა მოხდა. თეიმურაზმა გაიმარჯვა. გიორგი სააკაძე ოსმალეთში გადაიხვეწა და იქ დაიღუპა.

20. აღორძინების ეპოქა

შუა საუკუნეების კულტურის ხასიათი ქრისტიანული ქვეყნებისთვის ქრისტიანობამ, ხოლო მუსლიმური სამყაროსთვის ისლამმა განსაზღვრა. თუმცა დროთა განმავლობაში სამყაროს მიმართ ადამიანის დამოკიდებულება შეიცვალა. XIII საუკუნის ბოლოდან კულტურის სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები (მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები…) ანტიკურ ტრადიციებს, სადაც მთავარი იყო ადამიანი თავის სხვადასხვა თვისებებით, უბრუნდებიან. დასავლეთ ევროპის კულტურის ისტორიაში ამ ხანას აღორძინების ხანა, ანუ რენესანსი ეწოდება. „რენესანსი“ ფრანგული სიტყვაა, იტალიურად კი „რინაშიმენტო“ – ანტიკური ხელოვნების აღორძინებას ნიშნავს.მწერლები დანტე (XIII-XIV სს.), პეტრარკა და ბოკაჩო (XIV ს.) ადამიანს, თავის მიწიერი ვნებებით და სურვილებით წარმოაჩენდნენ. ასეთი რამ მანამდე ქრიატიანულ ასკეტურ ლიტერატურაში წარმოუდგენელი იყო. მხატვრობასა და ქანდაკებაში ბრტყელი, თითქოს უსხეულო გამოსახულებები იცვლება სამგანზომილებიანი, რელიეფური სამყაროთი. ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი (XIV-XV სს.) გვიხატავდნენ სრულყოფილ პიროვნებებს, სადაც ფიზიკური და სულიერი სილამაზე შერწყმული იყო.

21. რეფორმაცია ევროპაში

XVI საუკუნეში გერმანიაში დაიწყო რელიგიური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული სწავლებისა და ეკლესიის ორგანიზაციის გარდაქმნისკენ – რეფორმისკენ იყო მიმართული. ეს მოძრაობა სწრაფად გავრცელდა ევროპაში და ამ მოვლენას რეფორმაცია ეწოდა. რეფორმაციის დასაწყისად ითვლება 1517 წელი, როცა გერმანელმა ღვთისმეტყველების დოქტორმა მარტინ ლუთერმა 95 თეზისი გამოაქვეყნა. მან გაილაშქრა ინდულგენციების გაყიდვის წინააღმდეგ. მარტინ ლუთერისთვის მიუღებელი იყო კათოლიკური პრინციპი, რომლის თანახმად ადამიანის სულის ხსნა შეიძლება წირვა-ლოცვაზე სისტემატური დასწრებით, მარხვით, წმინდა ადგილების მონახულებითა და მოლოცვით, შემოწირულობების გაღებით. ლუთერს მიაჩნდა, რომ სულის ხსნა პირადი რწმენის გარეშე წარმოუდგენელია. პირადი რწმენა კი ნიშნავს ადამიანის უშუალო კავშირს ღმერთთან და მას არ სჭირდება შუამავალი პაპის, მღვდლების, ხატების, წმინდანების სახით. ეკლესია არ არის სავალდებულო რგოლი ადამიანს და ღმერთს შორის. ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე თანასწორია, მათ შორის მღვდელიც. მარტინ ლუთერმა გაილაშქრა საეკლესიო იერარქიის წინააღმდეგ. მისი აზრით, რწმენის საფუძველი მხოლოდ ბიბლიაა და მისი განმარტება ნებისმიერ ადამიანს (არა მარტო მღვდლებს) შეუძლიათ. ლუთერმა საკუთარ სწავლებაში ეკლესიის ავტორიტეტი ბიბლიის ავტორიტეტით შეცვალა.
გერმანიის მხარეების (სამთავროების) და ქალაქების ნაწილი რეფორმაციას მიემხრო. 1529 წელს გერმანიის რაიხსტაგმა (წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, რომელშიც გერმანიის უმაღლესი წოდების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. მას ჰქონდა საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქცია) ამ ახალი რელიგიური მოძღვრების გავრცელების საწინააღმდეგო კანონი გამოსცა. ამან რეფორმაციის მომხრეთა პროტესტი გამოიწვია.
კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებულ ლუთერის მომხრეებს პროტესტანტები ეწოდათ, ხოლო ახალ ქრისტიანულ სწავლებას – პროტესტანტიზმი.
ლუთერის იდეების წინააღმდეგ 1545 წელს რომის პაპმა პავლე III იტალიის ქალაქ ტრენტში კრება მოიწვია, სადაც ახალი მოძღვრება დაგმეს. დაპირიპირება მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის ომში გადაიზარდა. 1555 წელს, აუგსბურგის რელიგიური ზავის თანახმად, სამთავროებს, რომლებიც ლუთერის მოძღვრებას იზიარებდნენ, რწმენის თავისუფლება ებოძათ.
მეორე დიდი რეფორმატორი იყო ფრანგი თეოლოგი ჟან კალვინი, რომელიც ჟენევაში (შვეიცარიაში) მოღვაწეობდა. მისი აზრით, მთელი ადამიანური ცხოვრება ღმერთის სამსახურია. რაკი ღვთის ნება წინასწარ არავინ იცის, ნებისმიე5რ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ არის რჩეული. რჩეულობის ერთ-ერთი ნიშანი კი მისი ადგილია ცხოვრებაში, წარმატებული საქმიანობაა, რომელიც არა ამქვეყნიური სიკეთეების მოსაპოვებელი საშუალებაა. რადგან ეს მოძღვრება საერო საქმიანობასაც ღვთის მსახურების ასპარეზად განიხილავდა, ამიტომ პროტესტანტისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. პროტესტანტული თემები აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში (მაგ., ნიდერლანდებში, ინგლისში).
ჩამოყალიბდა ახალი რელიგიური თემები, გაუქმდა მღვდლის ინსტიტუტი, სასულიერო პირებს – პრესვიტერებს, პასტორებს მრევლის შიგნით ირჩევდნენ. კულტმსახურება გამარტივდა და ნაციონალურ ენებზე მიმდინარეობდა.
ზოგადად რეფორმაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ ქრისტიანულ მოძღვრებას პროტესტანტიზმი ეწოდა. თუმცა პროტესტანტებს შორისაც არსებობდა განსხვავება. მაგ., ლუთერის სწავლება განსხვავდებოდა ჟან კალვინის სწავლებისგან. ამიტომ ლუთერის მიმდევრებს ლუთერანები უწოდეს, ჟან კალვინის მიმდევრებს – კალვინისტები. რეფორმაციის პერიოდში რომის კათოლიკურ ეკლესიას ჩამოცილდა ინგლისის ეკლესიაც და მას ანგლიკანური ეკლესია ეწოდა.

22. საფრანგეთის რევოლუცია

XVIII ს-ის შუა ხანებიდან საფრანგეთის მესამე წოდება (გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები, მეწარმეები), რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდა, უკმაყოფილო იყო მეფის მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკით. გადასახადების გადამხდელი მხოლოდ ეს წოდება იყო, ხოლო პირველი ორი – თავად-აზნაურობა და სამღვდელოება გათავისუფლებული იყო ამ ვალდებულებისგან. სწორედ ამ წოდების წარმომადგენელთა ინტერესებს გამოხატავდა ახალი იდეური მოძრაობა, რომელიც განმანათლებლობის სახელითაა ცნობილი. დიდი ფრანგი განმანათლებლები იყვნენ ვოლტერი, რუსო, დიდრო, მონტესკიე. ისინი აკრიტიკებდნენ ხელისუფლების არსებულ მოდელს და ახალ შეხედულებებს ამკვიდრებდნენ. მაგ., მონტესკიეს ეკუთვნის ის აზრი, რომ პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელ პირობას ხელისუფლების სამ შტოს შორის დანაწილების პრინციპი წარმოადგენს. ის თვლიდა, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და ერთმანეთს თვითნებობის საშუალება არ უნდა მისცენ. განმანათლებობისთვის დამახასიათებელი იყო რაციონალიზმი. ამ დროს აღმოცენდა ათეიზმიც. ცნობილია ვოლტერის ფრაზა: „ღმერთი რომ არ არსებულიყო, ის უნდა გამოგვეგონა“. დიდრო კი წერდა: „თუ გონება ზეციური საჩუქარია და იგივე შეიძლება რწმენის შესახებაც ითქვას, მაშასადამე, ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა ორი საჩუქარი, რომელიც შეუთავსებელია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება“. განმანათლებლები თვლიდნენ, რომ ხელისუფლება ესაა საზოგადოების შეთანხმების პროდუქტი, რომელიც უნდა დაიდოს ხალხსა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის შემთხვევაში ძალადობას ძალადობით პასუხის გაცემა და მისი დამხობა უნდა.
ამ პერიოდში საფრანგეთში აბსოლუტური მონარქია იყო. ლუი XVI სახელმწიფო ხაზინას ანიავებდა, ამიტომ მას სულ უფრო და უფრო მეტი ფული ჭირდებოდა. 1787 წლის 5 მაისს მეფემ მოიწვია გენერალური შტატები, წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, რათა მათთვის ახალი გადასახადები დაეტყუა. მაგრამ მესამე წოდების წარმომადგენლებმა თავი ჯერ ეროვნულ კრებად, შემდეგ კი დამფუძნებელ კრებად გამოაცხადეს, რათა ახალი კონსტიტუცია შეემუშავებინათ. 1789 წ. 14 ივლისს პარიზელებმა ხელისუფლების ძირითადი დასაყრდენი ციხესიმაგრე – ბასტილია აიღეს და მეფე აიძულეს, დამფუძნებელთა კრება ეცნო. 1789 წ. 26 აგვისტოს კრებამ `ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია მიიღო.~ ამ დეკლარაციით ყველა ადამიანი თავისუფლად და თანასწორად, ხოლო ძალაუფლების საფუძვლად ხალხი გამოცხადდა. 1791 წ. სექტემბერში საფრანგეთში მიიღეს კონსტიტუცია, რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანოდ ეროვნული კრება, ხოლო აღმასრულებლად მეფე და მისი მინისტრები გამოცხადდნენ. კრების დეპუტატებს აირჩევდა 25 წელს მიღწეული დაბადებით ფრანგი მოქალაქე. 1792 წელს აპრილში ახლად არჩეულმა კრებამ ომი გამოუცხადა ავსტრიას და პრუსიას, რომლის მონაქები საფრანგეთის რევოლუციის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. სწორედ მათთან კავშირის გამო 1792 წლის 10 აგვისტოს პარიზის მოსახლეობამ მეფე დააპატიმრა და მონარქია დაამხო. ლუი XVI-ს და მის ცოლს მარია-ანტუანეტას თავი მოკვეთეს. იმავე წლის სექტემბერში აირჩიეს ახალი კონვენტი (ეროვნული კრება). კონვენტში გამოიყო სამი დაჯგუფება – იაკობინელები (რადიკალური ფრთის წარმომადგენლები), ჟირონდელები (მსხვილი ბურჟუაზიის პარტია) და ე.წ. ჭაობი (მერყევი უმრავლესობა, რომელიც ხან ერთი ფრთუსკენ და ხან მეორისკენ იხრებოდა). ხელისუფლების სათავეში ჯერ ჟირონდელები მოვიდნენ, მაგრამ 1793 წ. 2 ივნისს ისინი იაკობინელებმა შეცვალეს. იაკობინელებმა ჟირონდელთა ლიდერები სიკვდილით დასაჯეს.
იაკობინელების ლიდერები იყვნენ მ.რობესპიერი, დანტონი, მარატი, სენ-ჟიუსტი. 1794 წ. 27 ივლისს იაკობინელები დაამხეს და კონვენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება 5 კაცისგან შემდგარ დირექტორიას გადასცა. 1799 წ. 3 ნოემბერს დირექტორიას ძალაუფლება ჩამოართვეს და სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა სამი კონსული. რეალურად ქვეყანას პირველი კონსული, გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი მართავდა, რომელმაც 1804 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა.

23. ვახტანგ VI

XVI ს-ის 30-იანი წლებიდან ქართლსა და კახეთში ირანელების მიერ დანიშნული მუსლიმი მმართველები ისხდნენ. ქართლს თუ ქართლის ბაგრატიონების შთამომავლები მართავდნენ, კახეთი ირანელი ხანების ხელში იყო. XVI ს-ის ბოლოდან ქართლის მმართველები, იგივე `გურჯისტანის ვალები~ იძულებული იყვნენ ირანელთა მიერ წარმოებულ ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა. გიორგი XI თავისი ჯარით ავღანეთში იბრძოდა. ის ირანის ჯარების მთავარსარდალი და ავღანეთის მმართველიც კი გახდა. ამ დროს ქართლს მისი მოადგილე (`ჯანიშინი~), ძმისწული ვახტანგ VI მართავდა. თუ ვალი აუცილებლად მუსლიმი უნდა ყოფილიყო, ჯანიშინი შესაძლოა ქრისტიანიც ყოფილიყო. ვახტანგი ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. მის დროს, 1709 წელს თბილისში დაარსდა სტამბა, სადაც სახარება და `ვეფხისტყაოსანი~ დაიბეჭდა; შედგა `სწავლულ კაცთა კომისია~, რომელიც საისტორიო კრებულის `ქართლის ცხოვრების~ განახლებასა და გაგრძელებაზე იმუშავა. გიორგი XI და მისი მემკვიდრე `გურჯისტანის ვალი~ ქაიხოსრო (ვახტანგის ძმა) ავღანელებთან ბრძოლას შეეწირნენ. 1711 წელს ქაიხოსროს დაღუპვის შემდეგ შაჰმა არჩევანი ვახტანგზე შეაჩერა. 1712 წელს `გურჯისტანის ვალად~ ანუ ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ვახტანგი ისპაჰანში გაემგზავრა. მის ამალაში იყო სულხან-საბა ორბელიანიც. შაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგს ისლამის მიღება არ სურდა, ამიტომ უარი თქვა. შაჰმა ის დაატყვევა, ხოლო `გურჯისტანის ვალად~ მისი მუსლიმი ძმა, იესე ალი ყული-ხანი დაამტკიცეს.
ვახტანგმა სცადა ირანის შაჰზე გავლენა ევროპელი მონარქების საშუალებით მოეხდინა და სულხან-საბა ევროპაში ელჩად გაგზავნა. 1714 წელს სულხან-საბა შეხვდა რომის პაპს და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. სულხან-საბა საფრანგეთის ეკონომიკურად დაინეტერსებასაც ცდილობდა. მან ევროპულ სახელმწიფოს საქართველოს გავლით იაფი აბრეშუმის მიწოდება შესთავაზა. 1715 წელს ლუი XIV გარდაიცვალა და ეს ელჩობა უშედეგოდ დასრულდა.
ვახტანგი იძულებული გახდა ისლამი მიეღო და ამის შემდეგ შაჰმა ის `გურჯისტანის ვალად~ (ქართლის მეფედ) დაამტკიცა. ვახტანგი ირანის გავლენისგან ქვეყნის დახსნას ცდილობდა და ამჯერად გაძლიერებულ რუსეთს მიმართა.
1715 წლიდან რუსეთის მეფის, პეტრე I-ის ელჩი ირანში იყო არტემ ვოლინსკი, რომელსაც გაეკვეული დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებაც ევალებოდა. 1719 წელს ის ასტრახანის გუბერნატორად დანიშნეს. ვოლინსკიმ ვახტანგათან მოლაპარაკებები დაიწყო. პეტრე I-ს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს დაკავება ჰქონდა განზრახული და ამ საქმეში ვახტანდის დახმარება ჭირდებოდა. ამ გეგმას ქართლში აღფრთოვანებით შეხვდნენ. 1722 წელს პეტრე I-ის ჯარმა კასპიის ნაპირებზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. იმავე წელს ვახტანგის გადაბირება მოინდომა თურქეთის სულთანმაც. მისი სახელით ვატხანგს არზრუმის ფაშა ეწვია. ირანის წინააღმდეგ ბრძოლის სანაცვლოდ ვახტანგს თურქეთის სულთანი მთელ საქართველოს პირდებოდა. ქართლის მეფემ ეს წინადადება არ მიიღო. ამასობაში რუსეთის ჯარმა კასპიისპირეთში სამხედრო მოქმედებები შეაჩერა.1723 წელს ირანის ახალი შაჰის, თამაზის ბრძანებით, კახეთის მეფე კონსტანტინემ დაქირავებული ლეკების, განჯისა და ერევნის ხანების დახმარებით, სამთვიანი ბრძოლის შემდეგ თბილისი აიღო. ვახტანგი ცხინვალში გამაგრდა. არზრუმის ფაშამ ვახტანგს კვლავ შესთავაზა, სულთნის ძალაუფლება ეცნო და მისი წინადადება მიეღო. მეფის დარბაზიც თურქების წინადადებისკენ იხრებოდა, თუმცა ვახტანგს რუსების დახმარების იმედი ჰქონდა და ამიტომ თურქებთან მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. როცა თურქებმა ჩათვალეს, რომ ვახტანგი მათ ატყუებდა, ქართლში შეიჭრნენ. 1724 წელს თურქები და რუსები შეთანხმდნენ: თურქეთი ცნობდა კასპიისპირეთის რუსეთთან შეერთებას, სანაცვლოდ კი აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთსა და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იღებდა. იმავე წელს ვახტანგ VI 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა. მასთან ერთად იყო სულხან-საბა ორბელიანიც.

24. აშშ-ს ჩამოყალიბება

ინგლისმა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია XVII საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1607 წელს მეფე ჯეიმს I-ის ნებართვით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ლონდონის სააქციო საზოგადოებამ დაარსა პირველი ინგლისური კოლონია – ვირჯინია. XVIII ს-ის 70-იანი წლებისთვის ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 13 ინგლისური კოლონია არსებობდა. ამ კოლონიების მოსახლეობის ძირითად ნაწილს პურიტანები (პროტესტანტულ მიმდინარეობის წევრები, რომლებიც რელიგიური დისციპლინის გამკაცრებას მოითხოვდნენ) შეადგენდნენ. ნელ-ნელა ამერიკულმა საქონელმა ბრიტანული საქონელი ბაზრიდან გამოდევნა. ინგლისელები სხვადასხვა გადასახადების, ბაჟების და შეზღუდვების დაწესებით შეეცადნენ კოლონისტების წარმატებები შეენელებინათ. ამან ამერიკელი კოლონისტების პროტესტი გამოიწვია. მათი აზრით, მათი ნების გაუთვალისწინებლად ინგლისის პარლამენტს ახალი გადასახადების შემოღების უფლება არ ქონდა. ამიტომ მოითხოვეს საკუთარი წარმომადგენლების ყოლა ინგლისის პარლამენტში. 1774 წელს კოლონიების წარმომადგენლებმა მოიწვიეს პირველი კონტინენტური კონგრესი, თუმცა ინგლისის ხელისუფლებამ მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
1775 წელს ბოსტონთან მოხდა პირველი შეიარაღებული შეტაკება ბრიტანეთის და კოლონისტების ჯარებს შორის. იმავე წელს ფილადელფიაში II კონტინენტურმა კონგრესმა თავი საკანონმდებლო ორგანო – კონგრესად (პარლამენტად) გამოაცხადა და ინგლისტან ურთიერთობა გაწყვიტა. შეიქმნა მოხალისეთა არმია, რომელსაც სატავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა მიიღო თომას ჯეფერსონის შემუშავებული „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. 1783 წელს ინგლისმა თავი დამარცხებულად ცნო და პარიზის ზავით აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა. ჯეიმს მედისონის პროექტის საფუძველზე 1787 წელს კონგრესმა მიიღო აშშ-ს კონსტიტუცია, რომელიც გარკვეული შესწორებებით დღემდე ძალაშია.აშშ შექმნა პირველმა 13-მა კოლონიამ-შტატმა, რაც მის დროშაზე აისახა. ამერიკის დროშას აქვს 13 წითელი და თეთრი ზოლი, ხოლო მარცხენა კუთხეში ლურჯ ფონზე თავიდან გამოსახული იყო 13 ვარსკვლავი. დროთა განმავლობაში ვარსკვლავების რაოდენობა (შტატების რაოდენობა) იზრდებოდა და ახლა 50 ვარსკვლავია დატანილი.

25. ერეკლეს ეპოქა

ა) XVIII ს-ის 60-იანი წლები და გეორგიევსკის ტრაქტატი
ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ჯერ თურქები დაეპატრონენ (ე.წ. „ოსმალობა“), შემდეგ კი – სპარსელები („ყიზილბაშობა“). მალე ირანელების ახალ შაჰს ნადირ შაჰს თურქების წინააღმდეგ ქართველების დახმარება დასჭირდა. ამიტომ 1744 წელს მან უფლება მისცა თეიმურაზ II-ს და მის ვაჟს ერეკლე II-ს მეფეებად ქრისტიანული წესით კურთხეულიყვნენ. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის ქრისტიანი მეფეები გახდნენ. ისინი ფორმალურად ირანის ვასალებად ითვლებოდნენ. თეიმურაზი ამ დამოკიდებულებიდან თავის დაღწევას ცდილობდა და ქრისტიანულ რუსეთში დასახმარებლად რამდენიმე ელჩობაც გაგზავნა. 1760 წელს თავადაც გაემგზავრა პეტერბურგში, მაგრამ მისმა ელჩობამ შედეგი ვერ მოიტანა. უკან გამობრუნებისას, გზაში ის გარდაიცვალა და ქ. ასტრახანში სიმამრის, ვახტანგ VI-ის გვერდით, დაკრძალეს.
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II გახდა. მის დროს ქვეყანა ზალიან გაძლიერდა. ერევნის, განჯის და ნახჭევანის ხანები მას ემორჩილებოდნენ. 1751 წელს მან ირანის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი აზატ-ხანიც კი დაამარცხა. იმავე პერიოდში იმერეთში სოლომონ I მეფობდა, რომელმაც 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. შემდეგ მისი ინიციატივით 1759 წელს მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც დასავლეთ საქართველოს მთავრებმა და დიდებულებმა მეფეს შეჰფიცეს, რომ უარს იტყოდნენ ე. წ. „ტყვის სყიდვაზე.“ ასევე სოლომონმა და ერეკლემ ერთმანეთტან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმეს.
XVIII ს-ის 60-იანი წლების ბოლოს, 1768 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო, რომელიც 1774 წლამდე გაგრძელდა და მასში რუსების მხარეს ორივე ქართველი მეფე იბრძოდა. 1770 წელს რუსებმა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარი გამოგზავნეს. ტოტლებენი ერეკლესთან ერთად აწყურის ციხის, სადაც თურქული გარნიზონი იდგა, ასაღებად გაემართა. რუსებმა ციხე ვერ აიღეს და უკან ქართლში გაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, მარტო დარჩენილმა ერეკლემ ქართველთა ჯარით ასპინძის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. ამის შემდეგ ის ქართლში დაბრუნდა და რუსეთის იმპერეტორი ეკატერინე II აიძულა ტოტლებენი უკან გაეწვია. 1774 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავი. საქართველოსთვის ფაქტიურად არაფერი შეიცვალა – დასავლეთ საქართველო კვლავ თურქების გავლენის ქვეშ დარჩა. ამ ომში მონაწილეობის გამო ერეკლეს ურთიერთობა გაუფუჭდა არა მხოლოდ თურქეთთან და მის მოკავშირე ლეკებთან, არამედ ირანთანაც, რომელსაც არ აწყობდა რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში. მიუხედავად ამისა, ერეკლე მაინც აგრძელებდა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას და 1782 წელს მან ქართლ-კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ ეკატერინე II-ს ოფიციალურად მიმართა. 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ. ტრაქტატის თანახმად რუსეთი ცნობდა ქართლ-კახეთის ტახტზე ერეკლეს და მისი შთამომავლების სამუდამო უფლებას; რუსეთი ვალდებულებას იღებდა არ ცარეულიყო ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში და ჩათვლიდა ამ ქვეყნის მტრებს საკუთარ მტრებად; ამავე დროს ქართლ-კახეთი რუსეთის დაუკითხავად არ აწარმოებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას; ქართული ეკლესიის მმართველობა უცვლელი რჩებოდა. ტრაქტატს ახლდა საიდუმლო პუნქტებიც: რუსეთს ქართლ-კახეთში უნდა გამოეგზავნა 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი, ხოლო ომის შემთხვევაში უნდა გაეზარდა ჯარის რაოდენობა; ქართული ჯარი საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხარჯებით მონაწილეობას მიიღებდა მათ მიერ წარმოებულ ომებში; სხვების მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იყო ისინი ქართლ-კახეთისთვის გადაეცა.

ბ) ქართლ-კახეთის ანექსია
გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე II-ს ურთიერთობა დაეძაბა ირანთან. ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა წერილი მოწერა ერეკლეს, სადაც მოითხოვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და ირანის ქვეშევრდომობის აღიარება. წინააღმდეგ შემთხვევასი ის აფრთხილებდა ქართველ მეფეს, რომ მის სამეფოში ილაშქრებდა. ერეკლეს კვლავ რუსების დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ის მოტყუვდა. 1795 წელს კრწანისთან მოხდა ბრძოლა, რომელსიც ირანელთა 35 000-იან არმიას მოუმზადებელი ერეკლე 5000 მეომრით დაუპირისპირდა. ორდღიანი ბრძოლის სემდეგ, ქართველები დამარცხდნენ და 11 სექტემბერს ირანელებმა თბილისი აიღეს. მალე აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნდა. შემდეგ ის კვლავ ემზადებოდა საქართველოში სალაშქროდ, მაგრამ შეთქმულებმა მოკლეს. 1798 წლის 11 იანვარს 78 წლის ერეკლე გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი გიორგი XII ავიდა. 1801 წლის დასაწყისში მის სიცოცხლეშივე რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა პაქტს ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ. იმავე წელს გიორგი XII გარდაიცვალა და 12 სექტემბერს რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ახალი მანიფესტი ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ.

გ) იმერეთის სამეფოს გაუქმება
1789 წელს იმერეთის დელეგაციამ ერეკლე II-ს შესთავაზა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთანება, თუმცა ერეკლემ უარი განაცხადა. მისი მოტივაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ამით თურქეთი გაღიზიანდებოდა. იმერეთში გამეფდა ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ II.
ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1802 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი. 1804 წელს სოლომონ II იძულებული გახდა დაედო ელაზნაურის შეთანხმება, რომლის თანახმად იმერეთი და გურია რუსეთის მფარველობაში შევიდნენ. რუსეთმა ესეც არ იკმარა და 1810 წელს იმერეთში მეფობა გააუქმა. სოლომონ II თურქეთში გაიქცა და იქიდან ცდილობდა რუსეთთან ბრძოლას. მან დახმარებისთვის ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. სოლომონ II 1815 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა.

26. ნაპოლეონის ეპოქა

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა კ. კორსიკაზე. მან სამხედრო კარიერა დაიწყო და დაწინაურდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. თავის ნიჭის წყალობით გენერლობამდე მიაღწია. 1796 წელს თავი გამოიჩინა იტალიასი, 1798 წელს კი ეგვიპტეში. 1799 წლიდან საფრანდეთის პირველი კონსული და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. 1800 წელს აუსტერლიცთან დაამარცხა ავსტრია-რუსეთის გაეთიანებული არმია. 1804 წლიდან ის საფრანგეთის იმპერატორი გახდა. ნელ-ნელა მან თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. თუმცა დიდ ბრიტანეთს, რომელსაც საფრანგეთის მთავარ მოწინააღმდეგედ თვლიდა, ვერაფერი მოუხერხა. 1806 წლიდან ამ ქვეყანას „კონტინენტური ბლოკადა“ გამოუცხადა. ეს იყო ეკონომიკური ღონისძიებების სისტემა, რაც დიდ ბრიტანეთთან ევროპული ქვეყნების ვაჭრობის აკრძალვას, ბრიტანული საქონლის ევროპაში არ შემოტანას და ამ ქვეყნისთვის ფინანსური ზარალის მიყენებას გულისხმობდა. თუმცა აქაც მარცხი განიცადა.
ამის სემდეგმთელი ყურადღება რუსეთის იმპერიისკენ გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონმა რუსეთში ილაშქრა. თავიდან წარმატებებს მიაღწია: ბოროდინოს ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის არმია და მოსკოვი აიღო; მაგრამ რუსეთის უზარმაზარმა ტერიტორიამ და ზამთრის სიცივეებმა ფრანგული არმია ქმედითუუნარო გახადა და ნაპოლეონი რუსეთიდან დამარცხებული გამოიქცა. 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლაში რუსეთის, ავსტრიის, პრუსიის და შვედეთის გაერთიანებულმა არმიამ ნაპოლეონი დაამარცხა და 1814 წელს პარიზი აიღო. ნაპოლეონი გადადგა და ის, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კ. ელბაზე გადაასახლეს. საფრანგეთში აღდგა მონარქია, ბურბონთა დინასტია და ეს ქვეყანა 1792 წლის საზღვრებს დაუბრუნდა. 1815 წლის მარტში ნაპოლეონმა დატოვა კ. ელბა და საფრანგეთში დაბრუნდა. მისმა მმართველობამ 100 დღეს გასტანა. იმავე წლის ივნისში ვატერლოოს (ბელგია) ბრძოლაში მისი არმია დამარცხდა ბრიტანელთა და პრუსიელთა გაერთიანებულ ძალებთან, რომელსაც ინგლისელი ლორდი ველინგტონი მეთაურობდა. 22 ივნისს ნაპოლეონი მეორედ გადადგა და ის გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე (ატლანტის ოკეანეში).
1814 წელს სექტემბერში ნაპოლეონის პირველი გადადგომის შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა ვენაში მოიწვიეს კონგრესი, რომლის დასკვნით აქტს 1815 წლის 9 ივნისს მოაწერეს. მას საფრანგეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მეთაურობდა, ნაპოლეონის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმჟამად ბურბონთა სამსახურში ჩამდგარი, ცნობილი დიპლომატი ტალეირანი. ამ კონგრესზე შემუშავდა საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა, რომელიც წონასწორობის დაცვას ევროპაში „დიდ სახელმწიფოებს“ – დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, პრუსიას, ავსტრიას და რუსეთს აკისრებდა. ის ისტორიაში „ვენის სისტემის“ სახელით შევიდა და საერთაშორისო სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობდა. პირველად ამ დროს დაინერგა მოლაპარაკებები შეიარაღების შემცირების შესახებ.

27. თერგდალეულები

XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“. ესენი იყვნენ რუსეთის უნივერსიტეტებში განათლებამირებული ახალგაზრდები – ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები. „თერგდალეულების“ აღიარებული ლიდერი იყო ი. ჭავჭავაძე. მათ თავიდანვე შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავდა.
1875 წელს მათი ინიციატივით დაარსდა თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი. ამ ბანკს 30 წლის მანძილზე მეთაურობდა ი. ჭავჭავაძე. მოგვიანებით ასეთი ბანკი ქუთაისშიც დაარსდა. მათი მიზანი შემდეგი იყო: ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გაღარიბებული თავადაზნაურობის შემოსავლის ძირითადი წყარო მამულების გაყიდვა იყო. ამ მიწებს კი ძირითადად მდიდარი ბურჟუაზია, რომელთა შორის უცხოელები სჭარბობდნენ, ყიდულობდა. ეს ბანკები თავადაზნაურობას იმის საშუალებას აძლევდნენ, რომ მიწა არ გაეყიდათ და დროებით დაეგირავებინათ. თანხის ბანკში დაბრუნების შემდეგ კი მას უკან იბრუნებდნენ. ამ ბანკების შემოსავლის საკმაო ნაწილი კი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ხმარდებოდა.
1879 წელს „თერგდალეულების“ ინიციატივით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნა, რომლის თავჯდომარე ჯერ დიმიტრი ყიფიანი, შემდეგ კი ილია ჭავჭავაძე იყო. ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობდნენ ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე და სხვები. მათ მთელ საქართველოში დაწყებითი ქართული სკოლების ქსელი შექმნეს; დაიწერა ახალი ქართული სახელმძღვანელოები – „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და ა.შ. ორგანიზაციამ შეაგროვა მოსახლეობაში გაბნეული ძველი ქართული ხელნაწერები, ქართული კულტურის ძეგლების და ტრადიციების აღსაწერად ჩაატარა ექსპედიციები და ა. შ.
1863 წელს ი. ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“; 1866 წელს გიორგი წერეთელმა და სერგეი მესხმა- გაზ. „დროება“; 1877 წელს ი. ჭავჭავაძემ-გაზ. „ივერია“. ეს გამოცემები ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას უწყობდა ხელს. 70-80-იან წლებში „თერგდალეულების“ რიგები ორად გაიყო. პირველ დასს კვლავ ი. ჭავჭავაძე ედგა სათავეში, ხოლო მეორე დასს – გ. წერეთელი და ნ. ნიკოლაძე. მათ იდეებს, რომელიც რადიკალური ბურჟუაზიის მსოფლმხედველობას ასახავდა, გაზ. „დროება“ გამოხატავდა.

28. I მსოფლიო ომი და ვერსალის კონფერენცია

ა) I მსოფლიო ომი (1914-1918)
XIX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დიდ სახელმწიფოებს გადანაწი – ლებული ჰქონდათ. აზიისა და აფრიკის კოლონიები ძირითადად დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელში იყო. ეს იწვევდა დაპირისპირებას გერმანიასთან, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ ტერიოტორიებზე. საკუთარი ინტერესები ჰქონდათ რუსეთს, ავსტრია-უნგრეთს, იტალიას, აშშ-ს, იაპონიას და სხვებს. ამ ინეტერსების გათვალისწინებით ეს სახელმწიფოები დაჯგუფდნენ ორ სამხედრო ბლოკში. 1882 წელს დაიდო ხელშეკრულება გერმანიას, ავსტრია-უნგრეთსა და იტალიას შორის, რომელიც ისტორიაში “სამთა კავშირის” სახელით არის ცნობილი. 1892 წ. ამ სამხედრო ბლოკის საპირისპიროდ ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთსა და რუსეთს შორის. 1904 წ. დაიდო ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, რომელსაც “ანტანტა” (გულითადი შეთანხმება) ეწოდა. შემდგომში “ანტანტა” ეწოდებოდა I მსოფლიო ომში დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მათი მოკავშირეებისგან შემდგარ კავშირს. 1907 წელს გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ორი სამხედრო ბლოკი ევროპაში ასე ჩამოყალიბდა. “სამთა კავშირს” მოგვიანებით შეუერთდნენ თურქეთი და ბულგარეთი, ხოლო “ანტანტას” იაპონია, სერბეთი, აშშ. 1915 წელს იტალია გამოვიდა “სამთა კავშირიდან” და I მსოფლიო ომში “ანტანტის” მხარეზე მიიღო მონაწილეობა.
I მსოფლიო ომის საბაბი გახდა ტერორისტული აქტი. 1914 წლის 28 ივნისს ქ.სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა სტუდენტმა გავრილო პრინციპიმ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მის მეუღლე მოკლა. ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, შემდგე კი თავს დაესხა. რუსეთის იმპრეტორმა ნიკოლოზ I I -მ მოძმე სერბი ხალხის დასაცავად ჯარის მობილიზიაცია გამოაცხადა. ამის საპასუხოდ 1914 წლის 1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა (ეს თარიღი I მსოფლიო ომის დასაწყისად ითვლება). 3 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთსაც და ბელგიის ტერიტორიის გავლით საფრანგეთში შეიჭრა. 4 აგვიტოს დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას გამოუცხადა ომი. I მსოფლიო ომი 4 წელზე დიდხანს გაგრძელდა. საბრძოლო მოქმედებები ერთდროულად აფრიკაში, აზიასა და ევროპაში რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა, მაგრამ ძირითადი ევროპის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტები იყო. აქ გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა: სომის, იპრის და ვერდენის. I მსოფლიო ომის მსვლელობისას გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები. 1915 წლის აპრილში მდ. იპრთან გერმანელებმა ფრანგების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მომწამლავი გაზი. ამის შემდგომ ასეთ გაზებს ორივე მხარე იყენებდა. ამის საწინააღმდეგოდ აირწინაღები შეიქმნა. 1916 წ. სომის ბრძოლაში ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტანკი. ამ ომში პირველად იქნა გამოყენებული წყალქვეშა ნავი გერმანელების მიერ. მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს ავიაცია, ტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნები, რომლებიც ჭურვებს 10 კმ-ზე შორს ისროდნენ. 1917 წლის აპრილში ომში ჩაება აშშ, რომელმაც “ანტანტის” დასახმარებლად ევროპაში 2 მლნ-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზავნა. ომის მსვლელობაზე ასევე გავლენა იქონია 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ. სახელმწიფოს სათავეში ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები მოვიდნენ. ახალმა მთავრობამ 1918 წ. 3 მარტს გერმანიასა და მის მოკავშირეებთან ბრესტ-ლიტოვსკში სეპარატული ზავი დადო და ომიდან გავიდა. ამ ზავის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად რუსეთის ჯარებს ამიერკავკასიაში უნდა დაეტოვებინათ არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები, რაც ფაქტობრივად მათი თურქეთისთვის გადაცემას ნიშანავდა. 1918წ. მარნის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გერმანელებმა უკან დახევა დაიწყეს, ხოლო აშშ-ს ჩართვამ ომში დააჩქარა მოვლენები და ომის ბედიც გადაწყდა. მალე ბულგარელები, თურქები და ავსტრიელები დანებდნენ. 1918წ. ნოემბერში გერმანიაში მოხდა რევოლუცია და 9 ნოემბერს ვილჰელმ II ჰოლანდიაში გაიქცა. 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიამ თავი დამარცხებულად ცნო. I მსოფლიო ომი დასრულდა. ხელშეკრულების მიხედვით გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიოტორიები, ელზასი და ლოთარინგია, ანტანტის ქვეყნებისთვის უნდა გადაეცათ მთელი შეიარაღება. 1918წ. ბოლოს ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები: ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია. I მსოფლიო ომში ორივე მხრიდან დაიღუპა 9-10 მლნ ადამიანი.
I მსოფლიო ომში საქართველო, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, მონაწილეობდა. ის ჩართული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზეც მიმდინარეობდა. საქართველოდან ომში 200 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაიწვიეს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ არზრუმის, ერევნის, ოლთისისა და სარიყამიშის საომარ ოპერაციებში. 1915-16 წწ. მიმდინარე საომარ ოპერაციებში თურქეთის ჯარებმა დამარცხება განიცადეს.

ბ) ვერსალის კონფერენცია

I მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს შემდგომი განვითარების გზები დღის წესრიგში დადგა. აშშ–ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა კონგრესს წარუდგინა პროგრამა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობიანი თანაარსებობის 14 პირობას შეიცავდა. ეს პროგრამა „ვილსონის 14 პუნქტის“ სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო : არანაირი საიდუმლო საერთაშორისო მოლაპარაკებები არ უნდა შემდგარიყო, ანუ უნდა ყოფილიყო ღია დიპლომატია; ზღვაოსნობა თავისუფალი უნდა ყოფილიყო; ეკონომიკური ბარიერები უნდა გაუქმებულიყო; შეიარაღება უნდა შემცირებულიყო; უნდა შექმნილიყო ხალხთა საერთაშორისო გაერთიანება „ერთა ლიგა“, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია იქნებოდა. ეს 14 პუნქტი სახელმწიფოებრიობის უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ მხოლოდ „ერთა ლიგის“ შექმნის იდეა მოიწონეს.1919 წლის იანვარში საფრანგეთში ვერსალის სასახლეში მოიწვიეს ანტანტის მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენლები. კონფერენციის მიმდინარეობას განსაზღვრავდა 3 დიდი სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი (პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ- ჯორჯი) საფრანგეთი (პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო) და აშშ ( პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი). 28 ივნისს კონფერენციის გადაწყვეტილებები ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ დააფიქსირა. გერმანიას ისეთი ვალდებულებები დააკისრეს, რომ ის მომავალში არ გაძლიერებულიყო. ის საფრანგეთის სასარგებლოდ უარს ამბობდა ელზასსა და ლოტარინგიაზე. ასევე გერმანიამ დაკარგა ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთით პოლონეთის სასარგებლოდ. მთლიანად გერმანიამ დაკარგა 1/8 ნაწილი. 1919– 1921 წლების განმავლობაში გერმანიას ოქროთი, საქონლით, ხომალდებით, ფასიანი ქაღალდებით 20 მილიარდი ოქროს მარკის ექვივალენტი უნდა გადაეხადა; მდინარე რაინის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მას არ უნდა შეექმნა სიმაგრეები; ანტანტის ქვეყნების სასარგებლოდ ის უარს ამბობდა კოლონიებზე. ვერსალში გადაწყდა „ერთა ლიგის“ შექმნა. მისი მუდმივ მოქმედი წევრები გახდნენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია. აშშ–მ თავიდან უარი თქვა „ერთა ლიგაში“ შესვლაზე და მას მოგვიანებით შეუერთდა. „ერთა ლიგა“ მუშაობას 1920 წლიდან შეუდგა. მისი შტაბბინა შვეიცარიაში , ქალაქ ჟენევაში მდებარეობდა. მას საბჭო მართავდა, რომელიც შედგებოდა 4 მუდმივ -მოქმედი და 4 არჩევითი წევრი ქვეყნებისგან. ძირითადი ორგანო იყო ასამბლეა. ეს იყო მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ყველა სახელმწიფოს ერთი ხმა ჰქონდა, ვეტოს უფლებით; ამიტომ ამ დემოკრატიულმა პრინციპმა „ერთა ლიგა“ არაქმედითი გახადა, რადგან ბევრი საკითხი იბლოკებოდა. ამ დროს შეიქმნა საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში (ჰოლანდია), რომელიც სხვადქვეყნებიდან არჩეული 15 მოსამართლისგან შედგებოდა და ქვეყნებს შორის დავას განიხილავდა.

29. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.)

I მსოფლიო ომის მსვლელობისას მის მონაწილე ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 1917 წლის თებერვალში რუსეთში ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. მარტში თავის ძმის მიხეილის სასარგებლოდ იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა, მაგრამ 1 დღეში მიხეილმაც ტახტზე უარი თქვა და რუსეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. სახელმწიფოს სათავეში დროებითი მთავრობა ჩაუდგა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიის მართვა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (ოზაკომს) დაავალა, რომლის თავჯდომარე რუსეთის კონსტიტუციურ–დემოკრატიული (კადეტთა) პარტიის წევრი ხარლამოვი გახდა.
კომიტეტში შედიოდა სიციალისტ–ფედერალისტი კიტა აბაშიძე. აპრილში საქართველოში შეიქმნა ინტერპარტიული საბჭო, რომელშიც საქართველოში მოქმედი პარტიები და პოლიტიკური მიმდინარეობები გაერთიანდნენ. ესენი იყვნენ: სოციალ–დემოკრატები, სოციალ–ფედერალისტები, ეროვნულ–დემოკრატები, სოციალურ–დემოკრატიული ჯგუფი „ალიონი“ და ა.შ. ამ საბჭოს თავჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. ეს საბჭო რუსეთისგან საქართველოს გამოყოფის საკითხს არ აყენებდა (ამას მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატები მოითხოვდნენ). საბჭოს აზრით რუსეთში ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში საქართველოს ავტონომია უნდა მოეთხოვა, ხოლო უნიტარული სახელმწიფოს შექმნის პირობებში რუსეთთან ურთიერთობა გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე უნდა გაეგრძელებიათ. რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და დროებითი მთავრობა უდღეური აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ მოქმედებდა რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები, სადაც დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრთას. მათ საკუთარი სამხედრო დანაყოფი წითელი გვარდია ჰყავდა. ბოლშევიკთა ლიდერმა ლენინმა 1917 წლის აპრილში გაზეთ “პრავდაში“ გამოაქვეყნა ე.წ. აპრილის თეზისები, რომლის თანახმად რუსეთში პარლამენტური რესპუბლიკის ნაცვლად უნდა შექმნილიყო მუშათა, მოჯამაგირეთა და გლეხთა საბჭოების რესპუბლიკა და ძალაუფლება ხელში უნდა აეღო პროლეტარიატს და უღარიბეს გლეხობას. 1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს) ბოლშევიკებმა დროებითი მთავრობა დაამხეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. საქართველოში ოზაკომმა არსებობა შეწყვიტა. ინტერპარტიულმა საბჭომ რუსეთის ახალი ხალისუფლება არ ცნო. 1917 წლის 15 ნოემბერს თბილისში სამხარეო ხელისუფლების ახალი ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი დაარსდა ( თავჯდომარე მენშევიკი ევგენი გეგეჭკორი). 19 ნოემბერს გაიმართა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც მენშევიკ ნოე ჟორდანიას თავჯდომარეობით აირჩია ეროვნული საბჭო. საბჭოში შედიოდნენ სხვადასხვა პარტიების, საინგილოს და აჭარის წარმომადგენლები: აკაკი ჩხენკელი, ნიკო ნიკოლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კოტე აფხაზი, მემედ-ბეგ აბაშიძე, რაფიელ ივანიცკი.. ეს საბჭოც გაემიჯნა რუსეთს. ისინი თვლიდნენ, თუ რუსეთში დემოკრატიული მთავრობა აღდგებოდა, მაშინ მასში საქართველო ცალკე ავტონომიად შევიდოდა; თუ არა, მოიწვევდნენ დამფუძნებელ კრებას და დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. 1918 წლის მარტში რუსეთსა და გერმანიას შორის დადებული ბრესტის ზავის შემდეგ, ამიერკავკასიის კომისარიატმა თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკება. მაგრამ თურქეთი ამიერკავკასიას განიხილავდა როგორც რუსეთის ნაწილს და ამიტომ მოლაპარაკება ჩაიშალა. აპრილში თურქებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი. ქართულმა ჯარმა თურქების შეტევა მდინარე ჩოლოქთან გააჩერა. 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ახალი სახელმწიფოს , ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მასში შედიოდნენ : საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მთავრობის თავმჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. 11 მაისს განახლდა მოლაპარაკება თურქეთთან. თურქეთი ბრესტის ზავით მინიჭებული ბათუმის, ყარსის და არტაანის გარდა, ახლა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებსაც მოითხოვდა. გარდა ამისა, ამიერკავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა: აზერბაიჯანს-თურქოფილური, საქართველოს-გერმანო– ფილური, ხოლო სომხეთს-ანგლოფილური. აკაკი ჩხენკელი ბათუმში შეხვდა გერმანიის დელეგაციის თავმჯდომარე გენერალ ფონ ლოსოვს. ამ მოლაპარაკების დროს დადგინდა, რომ გერმანია საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გადაწყვიტა 26 მაისს ქ. თბილისში სეიმის სხდომა მოეწვია. აქ ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა. 3 ივნისს თურქეთთან დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც ბათუმის ოლქთან ერთად, ახალციხის და ახალქალაქის ოლქიც მათ გადაეცათ. ნოემბერში გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, თურქებმა ახალციხე და ახალქალაქი დატოვეს, ხოლო 1919 წელს ინგლისის ჩარევით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბათუმის ოლქიც დაიბრუნა.
საბჭოთა რუსეთი იმპერიის ტერიტორიების დაკარგვას ვერ ეგუებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მოახერხა და 1920 წლის 7 მაისს დადო ხელშეკრულება რუსეთის სოციალისტურ ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასთან, რომლის თანახმადაც რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იღებდა ვალდებულებას არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში და თავს არ დაესხმოდა მას. საქართველო თავის მხრივ კისრულობდა თავის ტერიტორიაზე რუსეთის მიმართ მტრული მოქმედებები არ დაეშვა და კომუნისტური ორგანიზაციებისთვის მიეცა მოქმედებების თავისუფლება. მიუხედავად ამისა რუსეთი ემზადებოდა საქართველოს ოკუპაციისათვის. 1920 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დაპყრობის შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს ლორეს ოლქში მოხდა გამოსვლა მთავრობის წინააღმდეგ და იქ საბჭოთა მთავრობა, ე. წ. “შულავერის კომიტეტი” შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მამია ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვ. მათი დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის წითელი არმია (მეთერთმეტე არმია) შემოვიდა და 25 თებერვალს თბილისი აიღო. საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით ჯერ ბათუმში გადავიდა, ხოლო შემდეგ 17 მარტს იტალიური გემით ბათუმი დატოვა და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა.

30. საბჭოთა კავშირის შექმნა და 1924 წლის აჯანყება

1922 წლის 30 დეკემბერს ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაარსებული საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების გაერთიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო-საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ). შემოკლებით – საბჭოთა კავშირი. თავიდან საბჭოთა კავშირი შემადგენლობაში შევიდა 4 რესპუბლიკა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). 1936 წელს, ახალი კონსტიტუციით ამიეკავკასიის ფედერაცია გაუქმდა და მასში შემავალი რესპუბლიკები სსრკ–ში ცალკეულ ერთეულებად შევიდნენ. საბჭოთა კავშირმა თანდათან შეიერთა ყოფილი რუსეთის იმპერიის თითქმის მთელი ტერიტორია. 40-ანი წლებისთვის მასში 15 რესპუბლიკა შედიოდა.
საბჭოთა რეჟიმის დამყარებას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. უკვე 1921 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გამოსვლები დაიწყო. წითელ არმიასთან საბრძოლველად შეიარაღებული რაზმები შეკრიბეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა და მიხეილ ლაშქარაშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. სარიყამიშის ბრძოლის დროს, გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. შემდეგ ის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა. 1922 წლიდან წითელი არმიის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარტიზანულად იბრძოდა. მან და მისი რაზმის წევრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ საქართველოს დამოუკიებლობისათვის იბრძოლებდნენ. ამიტომ, მათ ”შეფიცულები” ეწოდათ.
1922 წელს გენუაში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 ქვეყანა მონაწილეობდა და ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. ამავე კონფერენციაზე დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის იურიდიულად ცნობის საკითხი იდგა. კონფერენციის მონაწილეებს სპაციალური წერილით მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ. მიმართვაში ის ხაზს უსვამდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის და ბოლშევიკების მიერ სამღვდელოების დევნის ფაქტს. ის თხოვდა კონფერენციას, რუსეთზე გავლენა მოეხდინათ, რათა მას საქართველოდან საოკუპაციო ჯარი გაეყვანა და ქართველ ხალხს უფლება მიცემოდა ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა. თუმცა ამ დროს ევროპის ქვეყნებს საქართველოსთვის არ ეცალათ.
1922 წლის გაზაფხულზე ჩამოყალობდა ”საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი”, რომელშიც სხვადასხვა პარტიები გაერთიანდნენ. იმავე წელს საყოველთაო აჯანყების ორგანიზების მიზნით, გენერალმა კოტე აფხაზმა ”სამხედრო ცენტრი” დააარსა. კოტე აფხაზი ი.ჭავჭავაძის დიშვილი იყო. ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამააარსებელი გახლდათ. 1923 წელს სამხედრო ცენტრის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს. იმავე წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მიმართა ერთა ლიგას დახმარებისთვის, რათა აღკვეთილიყო ერის განადგურება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა. თუმცა ეს მიმართვაც უშედეგო იყო. მალე დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებიც. მიუხედავად ამისა, 1924 წელს საქართველოში აჯანყება დაიწყო. 28 აგვისტოს გამოსვლა დაიწყო ჭიათურაში, შემდეგ მთელ საქართველოს მოედო და ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა მანგლისი აიღო და დუშეთისთვისაც იბრძოდა, მაგრამ აჯანყება დამარცხდა. ბრძოლებს და ხელისუფლების რეპრესიებს ოთხიათასამდე ადამიანი შეეწირა. ქაქუცამ თანამებრძოლებთან ერთად საქართველო დატოვა და თურქეთის გავლით საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა.
1924 წლის 21 სექტემბერს ერთა ლიგაში სსრკ–ს საგარეო საქმეთა კომისარმა გ. ჩიჩერინმა 1924 წლის აჯანყება შეადარა ბურჟუაზიული მთავრობების მიერ მხარდაჭერილ უაზრო ავანტიურას, რომლის მიზანი საბჭოთა კავშირის საერთაშორისო დისკრედიტაცია და იზოლაცია იყო, რასაც აჯანყებულებმა ვერ მიაღწიეს.

31. საბჭოთა კავშირის. ამერიკა და ევროპა II მსოფლიო ომამდე

ა) ევროპა I პირველი მსოფლიო ომის შემდგომ
1919 წლიდან გერმანიაში, ძალაში შევიდა რესპუბლიკის კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრება ქ. ვაიმარში მუშაობდა, ამიტომ მას “ვაიმარის კონსტიტუცია” დაარქვეს, ხოლო სახელმწიფოს, ვაიმარის რესპუბლიკა. გერმანიას სარეპარაციო თანხები მძიმე ტვირთად აწვა. მან სამხედრო ფლოტი გამარჯვებულ ქვეყნებს გადასცა და საკუთარი ტერიტორიების ნაწილი დათმო. გარდა ამისა , ფაქტიურად საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 1922 წელს პირველი საერთაშორისო შეთანხმება გერმანიამ, იტალიის ქ.რაპალოში საბჭოთა რუსეთთან დადო.1925 წლის ლოკარნოს ხელშეკრულებით გერმანიას ევროპაში დიპლომატიური სტატუსი დაუბრუნდა და მომდევნო წელს ერთა ლიგაში მუდმივ წევრად მიიღეს. 1925 წელს გერმანიის პრეზიდენტი გახდა ყოფილი გენერალი, ფელდმარშალი 77 წლის პაულ ჰინდენბურგი. 1929 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც “დიდი დეპრესიის” სახელითაა ცნობილი.ასეთ პირობებში ხალხში ნდობა მოიპოვა და გაძლიერდა ნაციონალ–სოციალისტური პარტია (ლიდერი ადოლფ ჰიტლერი), რომელიც მკვეთრი რეფორმების და ცვლილებების მომხრე იყო. 1932 წლის ორჯერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნაცისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს. 1933 წელს ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. ძალაუფლება ნაცისტებმა ჩაიგდეს ხელში, რაც ვაიმარის რესპუბლიკის დასასრულს ნიშნავდა.
გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია 1919 წელს შეიქმნა. 1 წლის შემდეგ, მის სათავეში ჰიტლერი მოექცა. 1920 წლიდან მათი სიმბოლო სვასტიკა იყო (ძალაუფლების სიმბოლო). 1923 წელს თანამოაზრეებთან ერთად ჰიტლერმა სახელმწიფო გადატრიალება სცადა ( ე.წ. „ლუდხანის პუტჩი“), რისთვისაც დააპატიმრეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხეში დაწერა “ჩემი ბრძოლა” (“Mein Kampf”) , სადაც ნაცისტების იდეოლოგიური მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. ჰიტლერი ციხიდან ადრე გამოუშვეს.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ნაცისტებმა, მკაცრი დისციპლინა დაამყარეს. სახელმწიფო უწყებაში სხვაგვარად მოაზროვნეებს და ებრაელებს სამსახურიდან უშვებდნენ. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები; თუმცა დისციპლინის დამყარებამ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისის დასრულებამ გამოწვია ეკონომიკური წარმატებები.განვითარდა სამხედრო ინდუსტრია, რამაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტექნიკური წინსვლა დააჩქარა.
ომის შემდგომ ევროპაში ფაშისტური პარტიები შეიქმნა უნგრეთში, ფინეთში, საფრანგეთში, ინგლისში და სხვა. მაგრამ ხელისუფლებაში მხოლოდ იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში მოვიდნენ. ფაშიზმი იტალიური სიტყვიდან (Fasces) “ფასცია” მომდინარეობს და ლათინურად წნელის კონას ნიშნავს, რაც ძველ რომში ძალაუფლების სიმბოლო იყო და მას დიქტატორის დაცვის წევრები ატარებდნენ. ფაშიზმის შემქმნელი იყო იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე ბენიტო მუსოლინი (დუჩე). ეს ტერმინი პირველად მან 1919 წელს გამოიყენა. თავიდან სოციალისტური პარტიის წევრი იყო. მუსოლინი I მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაიჭრა კიდეც. ომის შემდეგ ის რადიკალ – ნაციონალისტად ჩამოყალიბდა. 1919 წელს მან 200 კაციანი “შავხალათიანთა” ფაშისტური სამხედრო მოძრაობა, “იტალიის მებრძოლთა კავშირი” შექმნა. 1921 წელს ის ნაცისტურ, ფაშისტურ პარტიად გარდაიქმნა. მომდევნო წელს მათ ამბოხი მოაწყეს და იტალიის ხელისუფლება ხელში აიღეს. 1922 წელს მუსოლინი პრემიერ-მინისტრი გახდა და 1943 წლამდე დარჩა. მუსოლინიმ ჩამოაყალიბა დიქტატორული მმართველობა. ფაშისტები ებრძოდნენ, როგორც ლიბერალიზმს, ისე სოციალიზმს. ისინი თვლიდნენ, რომ ორივე მიმდინარეობა საზოგადოების წევრებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა: ლიბერალიზმი – ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, ხოლო სოციალიზმი – კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ინდივიდებს და კლასებს ფაშიზმი განიხილავდა, როგორს ერთ მთლიანს, რომელიც ძლიერი მაშინ შეიძლება ყოფილიყო თუ საერთო მიზნის მისაღწევად ერთი პარტიის და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანდებოდნენ. მუსოლინიმ აკრძალა თავისუფალი პრესა, პროფკავშირები.
XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური კრიზისი ესპანეთშიც მძვინვარებდა. 1931 წელს უსისხლო რევოლუციის გზით მონარქია დაემხო და ესპანეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. თუმცა ამან ქვეყანას მშვიდობა ვერ მოუტანა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მემარცხენეები (კომუნისტები, ანარქისტები, სოციალისტები, რესპუბლიკელები კატალონიელები და ბასკები) და მემარჯვენეები (კონსერვატორები და ფაშისტური “ესპანური ფალანგა”). 1936 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა. თუმცა ახალმა მთავრობამ ვერ შეძლო წესრიგის დამყარება. მუშათა გაფიცვები გრძელდებოდა, კატალონია და ბასკეთი დამოუკიდებლობას ითხოვდა. გახშირდა პოლიტიკური მკვლელობები. 1936 წლის ივლისში, მაროკოში განლაგებულ ესპანურ სამხედრო ნაწილში ამბოხი დაიწყო, რომელსაც სათავეში გენერალი ფრანცისკო ფრანკო ჩაუდგა. ის 20 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ესპანეთის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ომებში და 33 წლის უკვე გენერალი გახდა. მან დახმარებისთვის გერმანიისა და იტალიის მთავრობებს მიმართა. მას მხარი დაუჭირა კათოლიკურმა ეკლესიამ და პორტუგალიამ. ფრანკომ წლის ბოლოსთვის ნახევარი ესპანეთი დაიკავა. რესპუბლიკელებს მხარს უჭერდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მოხალისეები – “ინტერნაციონალური ბრიგადები”. საბჭოთა კავშირმა ესპანეთში სამხედრო გამოცდილების მქონე კომუნისტები გაუშვა და სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. 1937 წლის მარტში რესპუბლიკელებმა გვადალახარასთან იტალიელთა სამხედრო კორპუსი გაანადგურეს. ამის საპასუხოდ გერმანულმა ავიაციამ აპრილში ბასკური ქალაქი გერნიკა დაბომბა, სადაც სამხედროებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. იტალიელი მოხალისეების და გერმანული თვითმფრინავების მონაწილეობამ ომის ბედი გადაწყვიტა. 1939 წელს, 26 იანვარს ფრანკისტებმა ბარსელონა, ხოლო 8 მარტს მადრიდი აიღეს. რესპუბლიკურმა არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 7 აპრილს სამოქალაქო ომი დასრულდა. ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ კანონიერად ცნეს ფრანკოს მთავრობა. სამოქალაქო ომში დაიღუპა 300 ათასამდე ადამიანი.
20-იან წლებში დიდი ბრიტანეთი კონტინენტური ევროპის პრობლემებით ნაკლებად იყო დაინტერესებული. ამ დროს მის კოლონიებში განმანთავისუფლებელი მოძრაობები მიმდინარეობდა. დიდი დეპრესიის გამო ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა – უმუშევრობა გაიზადა, ხალხი გაღარიბდა. მთავრობაში ხან კონსერვატორები, ხან ლეიბორისტები მოდიოდნენ. 1935 წლიდან ქვეყნის სათავეში კონსერვატორები მოვიდნენ
(პრემიერ-მინისტრი ჯერ სტენლი გოლდვინი, შემდეგ კი ნევილ ჩემბერლენი გახდნენ). მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსად ე.წ “დაშოშმინების პოლიტიკა” აირჩიეს. ის გულისხმობდა მოლაპარაკებებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რათა ახალი ომი თავიდან აეცილებინათ.
საფრანგეთშიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. გაიზარდა უმუშევრობა, პრობლემები შეიქმნა კოლონიებში. ამის გამო, თავი წამოყვეს კომუნისტებმა და ფაშისტებმა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად 1924 – 1932 წლებში თავდაცვის მინისტრმა ანდრე მაჟინომ შექმნა მავთულხლართებით, სანგრებით და სიმაგრეებით გამაგრებული თავდაცვითი ხაზი, ე.წ “მაჟინოს ხაზი”.

ბ) დიდი დეპრესია ფ.რუზველტის “ახალი კურსი”

1929 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რაც 10 წელი გრძელდებოდა. ამ კრიზისმა გამოიწვია ბანკების გაკოტრება, ინდუსტრიული წარმოების და სოფლის მეურნეობის დაქვეითება, ქალაქების გაღატაკება, სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ფასების 50 %-ით დაკლება, მასობრივი უმუშევრობა (წამყვან სახელმწიფოებში- აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია უმუშევართა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია). ეს მოვლენა “დიდი დეპრესიის” სახელით შევიდა ისტორიაში. მისი შედეგები უმეტესად აშშ–მ იწვნია, ამიტომ ხშირად დიდ დეპრესიად ამერიკის ეკონომიკურ კრიზისს გულისხმობენ. 1920-იან წლებში დაიწყო საშუალო ფენის სპეკულაციური ბუმი. ამერიკელების უმეტესობა სახსრებს სხვადასხვა აქციებში აბანდებდა. აქციებზე მოთხოვნა იზრდებოდა. თუ სახსრები არ ჰქონდათ, ბანკებიდან სესხს იღებდნენ და აქციებს ყიდულობდნენ. აქციების ფასი დღითი დღე იზრდებოდა, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. 1929 წლის 24 ოქტომბერს “შავ ხუთშაბათს” დაიწყო აქციების სწრაფი გაუფასურება. გაიყიდა 13 მილიონი აქცია, ხოლო 29 ოქტომბერს, “საშინელ სამშაბათს” 16.5 მილიონი აქცია. სულ შემდეგ დღეებში გაიყიდა 30 მილიონი აქცია. აქციები გაუფასურდა და მილიონობით ინვესტორი გაკოტრდა. მთელი კვირის მანძილზე აშშ–ს სავაჭრო ეკონომიკურმა ბაზარმა 30 მლრდ დოლარი დაკარგა. ბანკები, რომლებიც ადრე აქციების შესყიდვას აფინანსებდნენ და კლიენტების ნაწილს ამისთვის ფულს აძლევდნენ, უძლურნი აღმოჩნდნენ დანარჩენი კლიენტებისთვის ვალი დაებრუნებინათ, გადასახადები გადაეხადათ ან მეწარმეებისთვის სესხი გამოეყოთ; ბევრი ბანკი გაკოტრდა. იმის გამო რომ მეწარმეებს ბანკებიდან კრედიტების მიღება აღარ შეეძლოთ, ბევრი საწარმო გაკოტრდა, რამაც თავის მხრივ უმუშევრობის კატასტროფული ზრდა გამოიწვია. ეს საბირჟო კრახი “უოლ სტრიტის” სახელითაა ცნობილი და ამერიკაში ის დიდი დეპრესიის დასაწყისად იქცა. ყოველი მეოთხე ამერიკელი უმუშევარი გახდა. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა დასავლეთ ევროპა, რადგან მათი წარმოება ჯერ ისე ძლიერი არ იყო და ამერიკულ საბანკო სესხებზე იყო დამოკიდებული. აშშ–მ კი სწრაფად მოითხოვა კრედიტების დაბრუნება. 1933 წლიდან აშშ–ს პრეზიდენტი გახდა დემოკრატი ფრანკლინ დელანო რუზველტი. მან გამარჯვებისთანავე კონგრესს მიაღებინა 70 საკანომდებლო აქტი, რომლებიც წარმოების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის გაჯანსაღებას ემახურებოდა. ყველა ამ ღონისძიებამ ერთი სახელწოდება – “ახალი კურსი” მიიღო. ახალი კურსის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, ბანკების რაოდენობის შემცირება (1933 – 1939- მდე 15 % შემცირდა). აქტივები გამსხვილდა 37%-ით. საზოგადოებრივი საქმიანობისთვის სახელმწიფომ 12 მლრდ. დოლარი გამოყო. სახელმწიფო მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში თავად ასაქმებდა – მაგ: ხეების დარგვა, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა, მდინარეების დასუფთავება, ნაკრძალების შექმნა; ფერმერებს გამოეყოთ სახსრები, რათა მათ ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი მარცვლეული მოეყვანათ. ამით მარცვლეულის ფასები გაიზარდა. დაწესდა ფიქსირებული ფასები და ხელფასები. დადგინდა მშრომელთა პენსიების მოცულობა. საპენსიო ასაკი 65 წლით განისაზღვრა. უმუშევრებს, ინვალიდებს, ობლებს და ქვრივებს დაენიშნათ დახმარება. დადგინდა სამუშაო საათების მაქსიმალური ზღვარი და ბავშვების მუშაობა აიკრძალა. 1936 წელს რუზველტი პრეზიდენტად ახალი ვადით აირჩიეს. 1937 წელს აშშ – ს მრეწველობამ 1929 წლის, ანუ დეპრესიამდე არსებულ ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში, აშშ საგარეო ურთიერთობების დროს იცავდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას. 1933 წელს მან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სსრკ-სთან. 1935 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი ნეიტრალიტეტის შესახებ. აიკრძალა ამერიკული შეიარაღების ექსპორტი მეომარ სახელმწიფოებში. მაგალითად, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს აშშ მკაცრად იცავდა ჩაურევლობის პოლიტიკას და არც ერთ მხარეს არ დაეხმარა.

გ) სსრკ 20-30 – იან წლებში
რუსეთში, ბოლშევიკების სახელმწიფო სათავეში მოსვლის შემდეგ სამოქალაქო ომი 2 წელს გაგრძელდა. შემდეგ შეიქმნა სსრკ (1922 წ.). მიუხედავად პოლიტიკური წარმატებებისა, ბოლშევიკების ხელში ეკონომიკურად დაუძლურებული ქვეყანა აღმოჩნდა. საჭირო იყო ახალი გზების ძიება; ამიტომ რათა ქვეყანა მომძლავრებულიყო, ლენინი იძულებული გახდა, მცირე დოზით კერძო საკუთრება დაეშვა. ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ისტორიაში მოიხსენიებენ, როგორც “ნეპს” (Новая экономическая политика). ის გაგრძელდა 1927 წლამდე. ნეპის დროს შეიცვალა შემდეგი: სასუსართო გაწერა შეიცვალა სასურსათო გადასახადით; ქალაქსა და სოფელს შორის, პროდუქციის გაცვლის ნაცვლად, ურთიერთობის ახალი ძირითადი ფორმა ვაჭრობა გახდა; მსხვილი და საშუალო წარმოება სახელმწიფოს ხელში დარჩა, მაგრამ წვრილ წარმოებაში შეიძლებოდა კერძო ბიზნესი; დაუშვეს სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღება და იქ დაქირავებული შრომის გამოყენება; სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დაუშვეს კერძო ვაჭრობის განვითარება; შეიქმნა შრომის ბირჟები, საიდანაც ხდებოდა საწარმოების მუშა ხელით მომარაგება; გაუქმდა უფასო სახელმწიფო მომსახურება. 1927 წლისთვის კომუნისტური პარტიის შიგნით ბრძოლა ძალაუფლებისთვის დასრულდა. კომუნისტების ელიტა ძირითადად ტროცკისა და სტალინის ირგვლივ დაჯგუფდა. გაიმარჯვა სტალინის დაჯგუფებამ, რომელსაც ქვეყნის განვითარების საკუთარი სტრატეგია ჰქონდა. ქვეყანაში ყველა სფერო, განსაკუთრებით ეკონომიკა, წინასწარ უნდა დაგეგმილიყო. 1928 წლიდან შეიქმნა ე.წ “ხუთწლიანი გეგმების სისტემა”. საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად კურსად ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია გამოცხადდა. ეს ნიშნავდა ახალი ფაბრიკა- ქარხნების მშენებლობას, ტრანსპორტის, განსაკუთრებით სარკინიგზოს გაძლიერებას. პრი -ორიტეტული გახდა მძიმე მრეწველობის დარგები. სამრეწველო პროდუქციის 95%-ს სახელმწიფო საწარმოები უშვებდნენ. 30-იან წლებში სსრკ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპები გერმანიის ანალოგიური იყო: სსრკ-ში – 4.4%, ხოლო გერმანიაში – 4.6% და უსწრებდა ინგლისს, აშშ-ს და საფრანგეთს. ტემპების გასაზრდელად 1933 წელს კომპარტიამ მოიგონა, სოციალისტური შეჯიბრების სისტემა, როცა ცალკეული მშრომელები ან მთელი საწარმოები ხუთწლიანი გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ამისთვის მცირე პრემიით ან წითელი დროშით ჯილდოვდებოდნენ.
ინდუსტრიალიზაციის დროს საქართველოში ამუშავდა ზესტაფონის ფერო – მანგანუმის ქარხანა, გაიზარდა მანგანუმის და ქვანახშირის მოპოვება (ჭიათურასა და ტყიბულში), მეტი ინტენსივობით ამუშავდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აიგო ჰიდრო -ელექტროსადგურები – ზაჰესი (მტკვარზე), რიონჰესი და ა.შ
საშინაო პოლიტიკის მეორე ძირითადი კურსი იყო – კოლექტივიზაცია. 20- იან წლებში სსრკ-ს სოფლის მოსახლეობა შედგებოდა მდიდარი (კულაკი), საშუალო და ღარიბი გლეხობისგან. 1927 წლიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი კურსი შეიმუშავა. ინდივიდუალური საგლეხო მეურნეობები კოლექტიურ საგლეხო მეურნეობებში – კოლმეურნეობებში უნდა გაერთიანებულიყვნენ. გლეხს საკუთრებაში უმნიშვნელო ნაწილი რჩებოდა. სოფლად კერძო საკუთრება იცვლებოდა კოლექტიური საკუთრებით, რომლის განმგებელი ფორმალურად თავად კოლექტივი, ფაქტიურად კი სახელმწიფო იყო. 1929 – 1938 წლებში 250 ათასი კოლმეურნეობა შეიქმნა. ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგებოდა, მათ კულაკებად აცხადებდნენ – ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. განკულაკების პერიოდში 15 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 1932-33 წლები მოუსავლიანი იყო. მარცვლეულის ის რაოდენობა რაც უკრაინაში მოვიდა, გლეხობას ჩამოართვეს და ამით შიმშილობა გამოიწვიეს. ამ დროს 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა. თუმც სოფლის კოლექტივიზაციით, საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობისა და არმიის პროდუქტებით სტაბილური მომარაგების და სამრეწველო საწარმოების ნედლეულით მომარაგების პრობლემა გადაჭრა. სწორედ ამ დროს საქართველოში აღორძინდა სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მესიმინდეობა; კოლხეთის ჭაობის დაშრობის შემდეგ აქ გაშენდა ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები.
საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი რეალობებიდან გამომდინარე მიიღო ახალი კონსტიტუცია (1936 წ), რომელმაც სახელმწიფო მართვის ძირითად ორგანოდ მშრომელ – დეპუტატთა საბჭოები, ხოლო ეკონომიკის საფუძვლად სახელმწიფო და კოლექტიური საკუთრება გამოაცხადა.
ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაწყებული სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ რეპრესიები 30-იან წლებში გაიზარდა. შეიქმნა შრომა გასწორების ბანაკების ქსელი – “გულაგი”. ეს ბანაკები 1930 წლებამდეც არსებობდა, მაგრამ ამ წელს ისინი ახლად შექმნილი სახელმწიფო სამმართველოს “გულაგს” (Государственное управление лагерями) დაექვემდებარა. სსრკ-ში ორასამდე გულაგი არსებობდა. გულაგში ასახლებდნენ: ბურჟუაზიას, მემამულეებს, სამღვდელოებას, გლეხობას, ინტელიგენციას. 20-30 იან წლებში მთელ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, დაინგრა ან გადაკეთდა მრავალი საკულტო ნაგებობა: ეკლესიები, სინაგოგები, მეჩეთები და ა.შ. კომპარტიამ (სტალინმა) წმენდა საკუთარი პარტიიდან დაიწყო. ამის მიზანი იყო ახალგაზრდა კადრების დაწინაურება, რომლებიც სატლინის მიერ დასახულ ნებისმიერ ამოცანას გადაჭრიდნენ. ხალხის მტრებად გამოცხადდნენ კომპარტიის ლიდერები: ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, რიკოვი და ა.შ. ამას მოჰყვა ჩვეულებრივი მოქალექეების გადასახლებები და დახვრეტები. ხალხის მტრებს და მათ ოჯახის წევრებს შუა აზიასა და ციმბირში, გადასახლებაში აგზავნიდნენ. 1936-38 წლებში ოფიციალური მონაცემებით, 700 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. დიდმა რეპრესიებმა საქართველოში შეიწირა: მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ლიტერატორი ვახტანგ კოტეტიშვილი, პოეტები – ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მხატვარი პეტრე ოცხელი და სხვები; ასევე კომპარტიის ლიდერები: მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი და სხვ. ამ დროს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო ლავრენტი ბერია.

დ) მეორე მსოფლიო ომის წინ

ნაცისტების სახელმწიფო სათავეში მოსვლისთანავე, გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა.ევროპის ლიდერები შეეცადნენ გერმანიისთვის აღმოსავლეთში საბჭოთა კავშირი დაეპირისპირებინათ. 1934 წელს საბჭოთა კავშირი მუდმივი წევრის სტატუსით ერთა ლიგაში მიიღეს. გერმანიამ 1935 წელს საარის მხარეში პლებისციტი ჩაატარა და შეიერთა. 1936 წელს გერმნალებმა დაიკავეს რაინის დემილიტარიზებული ზონა. 1938 წელს გერმანიამ შეიერთა ავსტრია და დიდი გერმანიის შექმნა გამოაცხადა (ე.წ ავსტრიის ანშლუსი). ამ დროს ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი ე.წ დაშოშმინების პოლიტიკას ანიჭებდნენ უპირატესობას; ანუ ყოველ მხრივ უნდა ეცადათ დათმობებით, მოლაპარაკებებით აეცილებინათ მსოფლიო ომი. ჰიტლერს ეს ხელს აძლევდა. ეს კარგად გამოჩნდა ჩეხოსლოვაკიის კუთვნილ სუდეტის ოლქთან მიმართებაში. ჰიტლერმა იმ მოტივით, რომ სუდეტის ოლქში გერმანულ მოსახლეობას ავიწროებდნენ, ჯერ მისი ცალკე გამოყოფა, ხოლო შემდეგ მისი გერმანიისთვის მიერთება მოითხოვა. 1938 წლის 28 სექტემბერს ოთხი ევროპული ქვეყნის -გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერი (ჰიტლერი, ჩემბერლენი, დალადიე და მუსოლინი) მიუნხენში შეიკრიბა. აქ ჩემბერლენმა წარმოადგინა მემორანდუმი, რომელიც ფაქტიურად ჰიტლერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ეს მემორანდუმი გააცნეს გვერდზე ოთახში მყოფ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას და მოსთხოვეს დათანხმება. ამ მემორანდუმის თანახმად ჩეხოსლოვაკიის ჯარებს ათ დღეში უნდა დაეტოვებინათ სუდეტის ოლქი, ხოლო გერმანიის ჯარები 1-ლი ოქტომბრიდან ეტაპობრივად დაიკავებდნენ დაცლილ ტერიტორიას. ეს შეთანხმება ისტორიაში შესულია “ მიუნხენის გარიგების” სახელით. ინგლისში ჩასულმა ჩემბერლენმა აეროპორტში განაცხადა, – “მე თქვენ მშვიდობა ჩამოგიტანეთ”, მაგრამ ის მართალი არ აღმოჩნდა. სულ მალე დაიწყო გერმანიის და საბჭოთა კავშირის დაახლოება. ამ ეტაპზე ურთიერთდაპირისპირება არც ერთ მხარეს არ სურდა. იმავდროულად პრეტენზიები ჰქონდათ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში დაიდო გერმანია – რუსეთის თავდაუსხმელობის (მოლოტოვ – 38 რიბენტროპის) პაქტი. პაქტის ოფიციალური ნაწილის თანახმად, ამ ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებულ ომში ორივე ქვეყანას უნდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი. თუმცა პაქტს ახლდა საიდუმლო პუნქტებიც. ამ პუნქტების თანახმად, გერმანიას ერგებოდა დასავლეთ პოლონეთი, ხოლო სსრკ–ს ბესარბია (იმ დროს რუმინეთის ტერიტორია), ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და აღმოსავლეთ პოლონეთი.

32. II მსოფლიო ომი

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს (II მსოფლიო ომის დასაწყისი). 3 სექტემბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მათ შორის პრაქტიკულად არ დაწყებულა. დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანია აგრესიას აღმოსავლეთით სსრკ-სკენ მიმართავდა და კვლავ დაშოშმინების პოლიტიკას აგრძელებდნენ. ამ პერიოდს 1939 წლის სექტემბრიდან 1940 წლის მაისამდე „უცნაური ომი“ ეწოდა.
1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა დაეცა. მანამდე, 17 სექტემბერს მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის შესაბამისად საბჭოთა არმიამ დაიწყო აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარები ფინეთში შევიდნენ. ფინეთის არმიამ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა არმიამ 200 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა; ფინეთმა დაკარგა 25 ათასი ადამიანი. 1940 წლის 12 მარტს დაიდო ზავი, რომლის თანახმად ფინეთმა სსრკ–ს გადასცა კარელიის ნაწილი. ამ ომის გამო სსრკ ერთა ლიგიდან გარიცხეს. 1940 წლის გაზაფხულზე გერმანული ჯარები ჯერ დანიაში, შემდეგ კი ნორვეგიაში შეიჭრნენ. გერმანიას აინტერესებდა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი, რესურსები და გეოპოლიტიკური მდებარეობა. დანიამ კაპიტულაცია 1 დღეში გამოაცხადა; გერმანიამ ნორვეგიაც მალე დაიპყრო და ხელისუფლება ადგილობრივ ფაშისტს ვიდკუნ კვისლინგს ჩააბარა. 1940 წლის 10 მაისს გერმანიამ შეტევა დაიწყო ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის მიმართულებით. დასავლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო ზიგფრიდის, ხოლო საფრანგეთის მხრიდან მაჟინოს ხაზით. გერმანულმა არმიამ გვერდი აუარა მაჟინოს ხაზს და 17 მაისს ბრიუსელი (ბელგია) აიღო; 20 მაისს ფრანგულ ქალაქ კალემდე მიაღწია და დიუნკერკის მიდამოებში ალყაში მოაქცია 340 ათასიანი ფრანგულ–ბრიტანული არმია. 14 ივნისს გერმანელებმა პარიზი დაიკავეს, ხოლო 22 ივნისს კომპიენის ტყეში, იმავე ვაგონში საფრანგეთის მარშალმა პეტენმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი.. საზავო ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთის ჩრდილოეთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, ხოლო სამხრეთ ნაწილში შენარჩუნდა მთავრობა მცირე არმიით. საფრანგეთის ფლოტი განაიარაღეს, ხოლო მისი კოლონიები გერმანიის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო. „ელვისებური ომი“ ანუ „litzkrieg“ სულ 6 კვირას გაგრძელდა. ევროპაში გერმანიის მეტოქედ დიდი ბრიტანეთიღა რჩებოდა. გერმანელებმა შეიმუშავეს სამხედრო გეგმა კოდური სახელწოდებით „ზღვის ლომი“, რომელიც საჰაერო შეტევებით ბრიტანეთის სამხრეთის დაბომბვას და მისი ავიაციის განადგურებას გულისხმობდა. 1940 წლის მაისში დაშოშმინების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ჩემბერლენი გადადგა და პრემიერ-მინისტრი გახდა აქტიური საბრძოლო მოქმედებების მომხრე უინსტონ ჩერჩილი. 1940 წლის ზაფხულში გერმანულმა ავიაციამ ბრიტანული ნავსადგურების და ქარხნების დაბომბვა დაიწყო. დაბომბვის შემდეგ გერმანული ფლოტი ლა მანშზე უნდა გადასულიყო და ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე გამაგრებულიყო. მაგრამ ბრიტანულმა ავიაციამ ეფექტური კონტრშეტევა განახორციელა და დაიწყო გერმანული ქალაქების დაბომბვა. ეს ბრძოლები 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ორივე მხარე აიძულა დაბომბვები შეეწყვიტა. 1940 წლის ზაფხულში ბენიტო მუსოლინიმ მოკავშირეთა ქვეყნებს ომი გამოუცხადა. შემოდგომაზე იტალია ალბანეთის ტერიტორიიდან საბერძნეთს დაესხა თავს, მაგრამ მისმა არმიამ ბერძნების კონტრშეტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. 1941 წლის აპრილში გერმანელებმა იტალიელთა დასახმარებლად ბალკანეთზე შეტევა დაიწყეს. მათ იუგოსლავია, შემდგომ საბერძნეთიც დაიპყრეს. 1940 წლის 22 სექტემბერს გერმანიამ, იტალიამ და იაპიონიამ ხელი მოაწერეს სამთა პაქტს, რაც ომის დროს შეთანხმებულად მოქმედებას და გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს მათ შორის გადანაწილებას გულისხმობდა.
1940 წლის ბოლოდან გერმანიასა და სსრკ-ს შორის წინააღმდეგობა გამოიკვეთა. დეკემბერში გერმანიამ შეიმუშავა გეგმა “ბარბაროსა” (ფრიდრიხ ბარბაროსას საპატივსაცემოდ). გეგმა საბჭოთა კავშირზე ელვისებურ თავდასხმას და მისი არმიის დიდი ბრიტანეთის დამარცხებამდე განადგურებას ითვალისწინებდა. 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე სსრკ-ს თავს დაესხა დაახლოებით 150 გერმანული დივიზია. სსრკ ამ შეტევას მოუმზადებელი შეხვდა და 2 დღეში გერმანული ჯარები 230 კმ-ის სიღრმეში შეიჭრნენ. გერმანელები ნოემბერში მოსკოვს 25-30 კმ-ზე მიუახლოვდნენ და დეკემბერში კრემლის კედლებს დურბინდით ხედავდნენ. მაგრამ დიდი გმირობის ფასად საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს გერმანელთა შეტევა და მათუკან დაახევინეს (საბჭოთა დაზვერვამ შეიტყო რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას და ციმბირული დივიზიები მოსკოვთან გადმოიყვანეს).
ომის დაწყების დღიდან აშშ ნეიტრალიტეტს იცავდა, თუმცა დიდ ბრიტანეთს ფარულ დახმარებას მაინც უწევდა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაცია მოულოდნელად თავს დაესხა აშშ-ს წყნარი ოკეანის მთავარ ბაზას – პერლ-ჰარბორს(ჰავაის კუნძულებზე). მათ გაანადგურეს 19 სამხედრო გემი(მათ შორის 5 სახაზო), 188 თვითმფრინავი და 2400-2500 ადამიანი. აშშ-მ და ინგლისმა ომი გამოუცხადეს იაპონიას, ხოლო გერმანია იძულებული გახდა საპასუხოდ ომი გამოეცხადებინა აშშ-სთვის. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა “დიდი სამეულის” ალიანსი – აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, რომელსაც 1942 წლის 1 იანვარს შეუერთდა კიდევ 23 სახელმწიფო. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული ერების შესახებ. ეს დეკლარაცია მიმართული იყო გერმანიის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებდნენ ომში დახმარებოდნენ ერთმანეთს. ფაქტიურად ამ აქტმა 4 წლის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას დაუდო საფუძველი. 1942 წლისათვის მოკავშირე ქვეყნები “სამთა პაქტის” ქვეყნებზე 3-ჯერ მეტ თვითმფრინავს და 10-ჯერ მეტ ტანკს აწარმოებდნენ.
1942-43 წლებში ომის მთავარ ფრონტს წარმოადგენდა აღმოსავლეთის ფრონტი, სადაც თავმოყრილი იყო გერმანელთა ძირითადი ძალები. 1942 წლის ივლისში გერმანულმა ჯარებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ორჯონიკიძემდე (ახლანდელი ვლადიკავკაზი) მიაღწიეს, თუმცა აქ გააჩერეს. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები ქალაქ სტალინგრადთან მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადის ჩრდილოეთით გერმანელებმა მდინარე ვოლგაზე გადასვლა მოახერხეს, წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1942 წლის შემოდგომაზე ქალაქისთვის დიდი ბრძოლები გაიმართა. საბჭოთა ჯარმა კონტრშეტევა განახორციელა და გერმანელები ალყაში მოაქცია. 1943 წლის 2 თებერვალს გერმანული ჯარების სარდალმა ფელდმარშალმა ფონ პაულიუსმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას და საბჭოთა ჯარებმა ტყვედ აიყვანეს 100 000-მდე გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი.
სტალინგრადში დამარცხების შემდეგ, გერმანელებს კურსკის მიდამოებში რევანშის აღება სურდათ. 1943 წლის ზაფხულში კურსკთან მოხდა დიდი სატანკო ბრძოლა, რომელშიც ორივე მხრიდან 1200 ტანკი მონაწილეობდა. საბჭოთა ტანკებმა გაანადგურეს გერმანელთა ტანკების დიდი ნაწილი; გერმანელები აქაც დამარცხდნენ.
ამავე პერიოდში გერმანელებმა წარმატებას ვერც ჩრდილოეთ აფრიკაში მიაღწიეს, სადაც ბრიტანელებმა შეძლეს მათი წინსვლის შეჩერება ეგვიპტისკენ და სუეცის არხს კვლავ ისინი აკონტროლებდნენ. მალე დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანელთა (გენერალი მონტგომერი) და ამერიკელთა (გენერალი ეიზენჰაუერი) ერთობლივი შეტევა, რის შედეგად 1943 წლის მაისში გერმანულ-იტალიური ძალები ტუნისში დამარცხდნენ და აფრიკა დატოვეს. ივლისში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ჯარები სიცილიაზე გადასხდნენ, რამაც იტალიაში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია. ბ. მუსოლინი დააპატიმრეს, ხოლო ახალმა მთავრობამ მარშალ ბადოლიოს მეთაურობით მოკავშირეებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ინგლისურ-ამერიკული ჯარები აპენინის ნ.კ-ზე გადავიდნენ. იტალიის ჯარებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს. იმავდროულად გერმანელებმა ჩდ. იტალია დაიკავეს და მუსოლინის მეთაურობით ჩდ. იტალიის ფაშიტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს.
1942-43 წლებში “სამთა პაქტის” ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლ მოკავშირეთა ჯარებს დიდ დახმარებას უწევდნენ ის ძალები, რომლებიც დაპყრობილ ქვეყნებში იბრძოდნენ გერმანელებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. დას. ევროპაში წინააღმდეგობის მთავარ ძალას საფრანგეთში ორგანიზებული მოძრაობა წარმოადგენდა, რომელსაც გენ. შარლ დე გოლი ხელმძღვანელობდა. 1943 წლის მიწურულს მოკავშირეთა უპირატესობა აშკარა გახდა. 1943 წლის 21 ნომებერს-1 დეკემბერს ირანში, თეირანში შეიკრიბნენ “დიდი სამეულის” სახელმწიფოთა მეთაურები- ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი. აქ გადაწყდა, რომ მე-2 ფრონტი გახსნილიყო დასავლეთში, სადაც ჩდ. საფრანგეთში 1944 წლის მაისში გადმოსხდებოდნენ ბრიტანულ-ამერიკული ჯარები. 1944 წლის 6 ივნისს ჩდ. საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა არმია გადმოვიდა. მოკავშირეთა არმიას სარდლობდა აშშ-ს გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი. აგვისტოში მოკავშირეთა დესანტი სამხ. საფრანგეთშიც გადასხეს, პარიზში კი ფრანგ პატრიოტთა აჯანყება დაიწყო. მათ ქალაქის გათავისუფლება 4 დღეში მოახერხეს. წლის ბოლომდე მოკავშირეებმა თითქმის მთელი საფრანგეთი დაიკავეს და გემანიის საზღვრებს მიადგნენ. პარალელურად საბჭოთა არმიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 1944 წლის დასაწყისისთვის შეუტიეს ლენინგრადისა და უკრაინის მიმართულებით, დაამარცხეს ფინეთი. აგვისტოს ბოლოს სსრკ-ს მთელი ტერიტორია გათავისუფლდა; საბჭოთა არმიამ აღმ. პრუსია და პოლონეთი დაიკავა, რუმინეთი და ბულგარეთი კი, ომიდან გამოთიშა, სექტემბერში კი იუგოსლავიაშიც შევიდა. 1945 წლის იანვრისთვის საბჭოთა ჯარები ბერლინიდან 60 კმ-ზე შეჩერდნენ. 1945 წლის 4-12 თებერვალს იალტაში (ყირიმი) მოეწყო სამი მოკავშირე ქვეყნის – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს მეთაურების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა: გერმანიის დამარცხების შემდეგ, მისი საბოლოო ბედის გადაწყვეტამდე მოკავშირეები ზონებად დაყოფდნენ, სადაც მათი ჯარები განლაგდებოდნენ; ომის შემდგომ შექმნიდნენ ახალ საერთაშორისო ორგანიზაციას – გაერთიანებული ერების კონფერენციას; საბჭოთა კავშირი ვალდებულებას იღებდა გერმანიის დამარცხების შემდეგ, ჩაბმულიყო იაპონიის წინააღმდეგ ომში; სამაგიეროდ, საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მიერ დაკარგული სამხ. სახალინისა და კურილიის კ-ებს ითხოვდა. 1945 წლის თებერვალში მოკავშირეთა ჯარებმა გერმანიისკენ შეტევა დაიწყეს. მარტში მათ მდ. რაინი გადალახეს და რურის ოლქში გერმანული ჯარები ალყაში მოაქციეს. 16 აპრილს ბერლინზე შეტევა დაიწყო. ამასობაში იტალიაში პარტიზანებმა დაიჭირეს მუსოლინი და სიკვდილით დასაჯეს. მისი გვამი მილანის მოედანზე თავდაყირა დაკიდეს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჰიტლერმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. 30 აპრილს მან თავი მოიკლა. მისიგვამი დაწვეს. იმავე დღეს საბჭოთა ჯარისკაცებმა რაიხსტაგი (მთავრობის სასახლე) აიღეს. 7 მაისს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის ჯარმა იარაღი დაყარა. 8 მაისს, გვიან ღამით გერმანიის ჯარების ფელდმარშალმა კაიტელმა ბერლინში უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ბერლინში შეიკრიბნენ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უ. ჩერჩილი(28 ივლისიდან ის შეცვალა ეტლიმ) აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და იოსებ სტალინი. ბერლინთან ახლოს ქ. პოსტდამში (17 ივლისი-2 აგვისტო) ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდა გერმანიის მომდევნო ბედი. უნდა აკრძალულიყო ნაციონალ-სოციალისტური პარტია, იაპონიას მოსთხოვეს უსიტყვო კაპიტულაცია და ა.შ. ევროპაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მოკავშირეთა ერთადერთ მოწინააღმდეგეს იაპონია წარმოადგენდა. 8 აგვისტოს სსრკ-მ ომი გამოუცხადა იაპონიას და მანჯურიაში განლაგებულ იაპონიის ჯარების წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა ჯარებმა მალე დაიკავეს ჩდ.აღმ. ჩინეთი, ჩდ. კორეა, კ.სახალინი და კურილიის კ-ები. 6 და 9 აგვისტოს აშშ-მ იაპონიის ორ ქალაქში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 2 ატომური ბომბი ჩააგდო, რის შედეგადაც 140 000 ადამიანი დაიღუპა. შემდგომმა რადიაციამ მომდევნო წლებში კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იაპონია იძულებული გახდა 1945 წლის 2 სექტემბერს ტოკიოს ყურეში კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი. ამ აქტით მე-2 მსოფლიო ომი დასრულდა.
II მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა. სხვადასხვა მონაცემებით 60-დან 75 მლნ-მდე ადამიანი დაიღუპა. (მათ შორის 40 მლნ. მშვიდობიანი მოქალაქე) გერმანელთა მიერ შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში 6 მლნ. ებრაული წარმოშობის ადამიანი მოკლეს. ებრაელების, ასევე ბოშების, სექსუალური უმცირესობების მასიურ გენოციდს ეწოდება ჰოლოკოსტი (ინგლ. “სრულიად დაწვა”). II მსოფლიო ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია ლენინგრადის ბლოკადა, რომელიც 1941-44 წწ. 900 დღე გრძელდებოდა. გერმანელების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში სურსათის შეტანა ვერ ხერხდებოდა, რამაც მასობრივი შიმშილი და მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია.
გერმანიის დამარცხების შემდეგ პოლონეთს დაუბრუნდა აღმ. პრუსია და ზემო სილეზია, საფრანგეთს ელზას-ლოტარინგია და საარის მხარე; თავად გერმანია ორ სახელმწიფოდ აღმ. და დას-ად დაიშალა. სსრკ-მ 1940 წელს დაიპყრო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აზიაში სახალინი, კურილიის კ-ები. გასაბჭოვდა აღმ. ევროპის ქვეყნები, ჩდ. კორეა; გაეროს ინიციატივით ახალი ებრაული სახელმწიფო – ისრაელი შეიქმნა. ომის შემდეგ 1945წ. 20 ნომებრიდან 1946 წ. 1 ოქტომბრამდე გერმანიის ქ. ნიურნბერგში გაიმართა II მსოფლიო ომის დამნაშავეთა სასამართლო პროცესი, სადაც გასამართლდენენ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწეები – გერმანიის სამხედრო ძალების მთავარსარდალი ჰერმან გერინგი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოხიმ რიბენტროპი, რუდოლფ ჰესი(ჰიტლერის მოადგილე პარტიის მართვის საკითხებში), კარლ დენიცი ( გერმ. ფლოტის ადმირალი), ვილჰელმ კაიტელი( შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი) და სხვ. 12 მათგანს (მათ შორის: გერინგს, რიბენტროპს, კაიტელს და სხვ.) სიკვდილით დასჯა, დანარჩენს კი, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.II მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარი შინ არ დაბრუნებულა. ქართველები იბრძოდნენ ყირიმის ნ.კ-ზე, კავკასიის ფრონტზე, მოსკოვთან, ლენინგრადთან,სტალინგრადში, კურსკთან და ა.შ. საბჭოთა არმიის რიგებში თავი ისახელეს გენერალმა კონსტანტინე ლესელიძემ, პორფირე ჩინჩიბაძემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა და სხვ. დიდი ნაწილი გერმანელების ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პარტიზანულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ – უკრაინაში, ბელორუსიაში პოლონეთში და ა.შ. განსაკუთრებით სახელი გაითქვა იტალიაში ფორე მოსულიშვილმა. II მსოფლიო ომის დროს ქართველები გერმანული ჯარების შემადგენლობაშიც იბრძოდნენ. 1921 წელს საქართველოდან ევროპაში წასული ემიგრანტებისგან და ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ჯარისკაცთა ნაწილიდან შედგა 15 ბატალიონი და ორი დივერსიული რაზმი – თამარა I და თამარა II. ბატალიონების სახელწოდებები იყო “მეფე ერკლე II”, “დავით აღმაშენებელი”, “თამარ მეფე”, “ილია ჭავჭავაძე”, “შოთა რუსთაველი” და ა.შ. ამ ადამიანებს სურდათ გერმანელების დახმარებით, საქართველო კომუნისტური რეჟიმისგან გაეთავისუფლებინათ.

33. ცივი ომი და მისი მიზეზები

ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, იმ ქვეყნებზე, სადაც მისი ჯარი იდგა, კონტროლის დაწესება მოახერხა. ის ჩაერია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეებში და იქ კომუნისტური რეჟიმების დამყარებას შეუწყო ხელი. ეს ქვეყნები იყო: აღმ. გერმანია (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა -გდრ), პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი და იუგოსლავია. სსრკ-ს ასეთ ქმედებას დას. ევროპასა და აშშ-ში დიდი აღშფოთება მოყვა. 1946 წ-ს 5 მარტს ერთ-ერთი შეხვედრისას უ. ჩერჩილმა წარმოთქვა სიტყვა, “მსოფლიოს კუნთები”. ამ სიტყვით მსოფლიოში ფაქტიურად დაიწყო ”ცივი ომი” _ დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ-ს და მის მოკავშირეებს და მეორე მხრივ, სსრკ-ს შორის. ის მოიცავდა დაპირისპირებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სფეროში. ის 90-იან წლებამდე გაგრძელდა. ამ სიტყვაში ჩერჩილმა სსრკ-სთან მიმართებაში პირველად იხმარა ტერმინი “რკინის ფარდა”.
ამ დროს გერმანია ოთხ ზონად (ამერიკულ, ინგლისურ, ფრანგულ და საბჭოთა ზონებად) იყო დაყოფილი. ამერიკელებს მალე სურდათ გერმანიიდან ჯარის გამოყვანა, რადგან ძალიან ძვირი უჯდებოდათ; ინგლისელებს სურდათ ძლიერი გერმანია აღედგინათ, რათა სსრკ-ს დაპირისპირებოდა. საბოლოოდ გაერთიანდა დას. ევროპის მოკავშირეების სამი ზონა, რომელიც ახალი ძლიერი გერმანული სახელმწიფოს საფუძველი გახდა. რაც შეეხება საბჭოთა ზონას, აქ კომუნისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) შეიქმნა.
“ცივი ომის” დაწყების შემდეგ 1947 წლიდან აშშ-მ “ტრუმენის დოქტრინისა” და “მარშალის გეგმის” განხორციელება დაიწყო. 1947 წლის 12 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა კონგრესს წარუდგინა პროექტი, რომელიც ისტორიაში “ტრუმენის დოქტრინის” სახელით შევიდა. აქ ჩამოყალიბდა აშშ-ს ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გულისხმობდა თავისუფალი ერებისათვის (კონკრეტულ შემთხვევაში ტრუმენი მოითხოვდა 400 მლნ. დოლარს საბერძნეთის და თურქეთის დასახმარებლად) სხვადასხვა ტიპის (ეკონომიკურ, სამხედრო) დახმარებას, რათა ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილიყო ტოტალიტარული ან კომუნისტური რეჟიმები.
1947 წლიდან დაიწყო მოქმედება “მარშალის გეგმამაც” , რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჩამოაყალიბა. ოფიციალურად გეგმას “ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა” ეწოდა და ომის შედეგად ეკონომიკურად დასუსტებული დას. ევროპის ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამის შედეგად 4 წლის განმავლობაში აშშ-ს ფინანსური დახმარება (12 მლრდ. დოლარი) 17-მა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო. განსაკუთრებით დიდი დახმარება დას. გერმანიამ მიიღო. 1947 წლის 23 მაისს დას. გერმანია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად(გფრ) გამოცხადდა. მას სათავეში კონრად ადენაუერი ჩაუდგა. მისმა მთავრობამ, პირველ რიგში ეკონომიკის მინისტრის ლუდვიგ ერხარდის ძალისხმევით და აშშ-ს ფინანსური დახმარებით მოახერხა, რომ 1950 წლისთვის დას. გერმანიის წარმოება ომამდე არსებულ ნიშნულს გაუტოლდა, 1956-ში გაორმაგდა, ხოლო 1962-ში გასამმაგდა.
ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ სსრკ-მ საკუთარი პოლიტიკა დაუპირისპირა. 1947 წლის მიწურულს შეიქმნა გდრ. 1949 წელს მოსკოვში სსრკ-მ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა და ჩეხოსლოვაკიამ ხელი მოაწერეს “ეკონომიკური ურთიერთ-დახმარების კავშირის” ხელშეკრულებას; ეს კავშირი უპირისპირდებოდა დას. ევროპის ქვეყნებს და კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობდა.

34. ნატო და ვარშავის პაქტის ქვეყნები

1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში აშშ-მ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ , ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ნატოს შექმნას (NATO-The North Atlantic Treaty Organization). ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. მოგვიანებით ალიანსს შეუერთდნენ საბერძნეთი, თურქეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთი. სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ მას შეუერთდნენ ჩეხეთი,პოლონეთი,უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი, მოგვიანებით ხორვატია და ალბანეთი. ნატოს თავდაპირველი მიზანი იყო ერთიანი ძალებით სსრკ-სგან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველაზე თავდასხმა.
1955 წელს ნატოს საპასუხოდ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ვარშავის პაქტს. ამ პაქტს ხელი მოაწერეს სსრკ-მ, ალბანეთმა, ბულგარეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, გდრ-მ, უნგრეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა. მოგვიანებით სსრკ-სთან ურთიერთობის გაუარესების გამო, პაქტიდან გამოვიდა ალბანეთი. ამ პაქტის ძირითადი მიზანი იყო, ნატოს ალიანსიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. ასე შეიქმნა ევროპაში ორი ურთიერთდაპირისპირებული სამხედრო ბლოკი, თუმცა ომამდე საქმე არ მისულა. 90იან წლებში კომუნისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ვარშავის პაქტმა არსებობა შეწყვიტა და მისი წევრების დიდი ნაწილი ნატოს შეუერთდა.

35. ცივი ომის ეპოქის ომები: კორეა, ვიეტნამი, კარიბის კრიზისი, ავღანეთი

ა) კორეის ომი

1945 წლის აგვისტოში სსრკ-მ და აშშ-მ კორეა იაპონელებისგან გაწმინდეს. მათი შეთანხმების თანახმად კორეა 2 ნაწილად ჩრდ. და სამხ. კორეად გაიყო.
1950 წლის 25 ივნისს კომუნისტური ჩრდ.კორეის ჯარებმა ქვეყნის გაერთიანების საბაბით სამხრეთ კორეაში ომი დაიწყეს. იმავე დღეს გაერომ სამხ.კორეისთვის დახმარების გაწევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ომში სამხ. კორეას დახმარებას ნატოს წევრი ქვეყნები უწევდნენ, ჩრდილოეთს კი- ჩინეთი და სსრკ (შეიარაღებით). ორ წელიწადში, ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლის მიუხედავად (2 მლნ.დაღუპული და დაჭრილი) ომი უშედეგოდ დასრულდა და კორეა დღემდე ორ სახელმწიფოდაა გაყოფილი (38-ე პარალელზე).

ბ) ვიეტნამის ომი
საფრანგეთის ყოფილი კოლონია ვიეტნამი 1954 წლის შემდეგ ორ ნაწილად კომუნისტურ ჩრდილოეთად და სამხრეთ ვიეტნამად გაიყო.1957 წელს სამხ. ვიეტნამში დაიწყო პარტი-ზანული მოძრაობა ვიეტნამის გასაერთიანებლად; 1959 წლიდან პარტიზანების დახმარების საბაბით ჩდ.ვიეტნამის ჯარებმა მათი ლიდერის ხო ში მინის მეთაურობით ომი წამოიწყეს. სამხ.ვიეტნამის მთავრობას აშშ ეხმარებოდა, რომელმაც 1965 წლიდან ვიეტნამში დიდი რაოდენობით ჯარები გადმოისროლა. ჩდ.ვიეტნამს ჩინეთი (სამხედრო ძალით) და სსრკ (შეიარაღებით და სამხედრო მრჩეველებით) ეხმარებოდნენ. აშშ-მ ამ ომში გამოიყენა ქიმიური იარაღი – დეფოლიანტები, რომელიც ტყეების გასაშიშვლებლად და მოწინააღმდეგის ძალების აღმოსაჩენად ფოთოლცვენას იწვევდა. საბოლოოდ ეს ომი აშშ-ს დამარცხებით დასრულდა. აშშ-მ და ჩრდილოეთ ვიეტნამმა 1973 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ამერიკულ ჯარებს ვიეტნამი უნდა დაეტოვებინათ. თუმცა უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მხოლოდ 1975 წლის აპრილში დატოვა სამხ.ვიეტნამი. ვიეტნამი გაერთიანდა. ომი დასრულდა მასში მონაწილე ქვეყნების დიდი ზარალით (აშშ-მ დაკარგა 58 ათასი ადამიანი, სამხ.ვიეტნამმა – 250 000, ხოლო ჩდ. ვიეტნამმა-1 მლნ.ადამიანი).

გ) კარიბის კრიზისი
”ცივი ომის” კულმინაცია იყო ე.წ. „კარიბის კრიზისი“. 1959 წელს კუბაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო მოვიდა. მან კუბაში აშშ-ს კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია (სახელმწიო საკუთრებაში გადაცემა) დაიწყო, რამაც აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია და კუბა 1962 წ-ს ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის საწინააღმდეგოდ ფ. კასტრომ სსრკ-სთან დაახლოება დაიწყო. 1962 წლისთვის ნატოს წევრ თურქეთში, რომელიც სსრკ-ს მეზობელი იყო დიდი რაოდენობით ატომური რაკეტები იყო განლაგებული. ამის საპასუხოდ სსრკ-ს სახელმწიფოს ლიდერმა ნ. ხრუშჩოვმა კუბაში, ამერიკის სანაპიროებთან ატომური რაკეტები განათავსებინა. 1962 წელს აგვისტოში სსრკ-მ კუბის ტერიტორიაზე საიდუმლოდ დაიწყო სამჭოთა ატომური რაკეტების განლაგება და სამხედრო დანაყოფების გადასხმა. იმავე წელს ოქტომბერში ამერიკულმა სადაზვერვო თვითმრფინავმა ეს რაკეტები დააფიქსირა. ამოქმედების შემთხვევაში ისინი მთელი ამერიკის ტერიოტორიას დაფარავდნენ. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გადაწყვიტა კუბის სამხედრო ბლოკადის დაწყება. 200-მდე ამერიკულმა გემმა კუბას ალყა შემოარტყა. პარალელურად კენედიმ ნ. ხრუშჩოვს მოსთხოვა რაკეტების დემონტაჟი. სსრკ-ს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში აშშ ატომური ომის დაწყებით დაიმუქრა. ატომური ომი ყოველ წუთს შეიძლებოდა დაწყებულიყო. 10 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 28 ოქტომბერს აშშ და სსრკ შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაუყოვნებლივ დაიწყებდა რაკეტების დემონტაჟს და კუბიდან გატანას, აშშ კი საზღვაო ალყას მოხსნიდა და არ ეცდებოდა კუბის დაპყრობას. 1962 წლის ნოემბერში ეს ხელშეკრულება შესრულდა. გარდა ამისა აშშ-მ ატომური რაკეტები გაიტანა თურქეთიდანაც.

დ) ავღანეთის ომი
1973 წელს ავღანეთში მონარქია დაემხო. სახელმწიფოს სათავეში გენერალი დაუდ ხანი მოვიდა. 1978 წელს აპრილში სსრკ-ს დახმარებით ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და სათავეში სოციალისტური მთავრობა მოვიდა. თუმცა სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამოქალაქო ომი დაიწყო,რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები (არაბ. წმინდა საქმისთვის მებრძოლი – მუსლიმური სარწმუნოებისთვის მებრძოლები) ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, სსრკ-ში თვლიდნენ , რომ სახელმწიფო მეთაური ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა. ყოველივე ამის გამო, 1979 წლის ბოლოს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ამინი ჩამოაგდეს და სსრკ-სთვის მისაღები პიროვნება ბაბრაქ ქარმალი დანიშნეს. ომი 10 წელი გაგრძელდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთის, პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ეს ომი 1989 თებერვლამდე გაგრძელდა. ომში მონაწილეობა მიიღო 500 000 სამჭოთა და 300 000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ და 200 000-მდე მოჯაჰიდმა. ომი საბოლოოდ საბჭოთა ჯარების ავღანეთის დატოვებით დასრულდა.1992 წელს კი მოჯაჰიდებმა დაამარცხეს ავღანეთის მთავრობის ჯარები. ავღანეთის ომით ”ცივი ომი” დასრულდა.

36. უძრაობის ეპოქა საბჭოთა კავშირში

1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. სახელმწიფოს სათავეში ნიკიტა ხრუშოვი მოვიდა. მის დროს გულაგებიდან გამოუშვეს პატიმრები. სტალინის “კულტი” დაგმობილ იქნა. ამ პერიოდს ისტორიაში “დათბობის ხანა” ეწოდება. თუმცა ეს არ ნიშნავდა დემოკრატიზაციას. 9 მარტს თბილისში დემონსტრანტები, რომელიც იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღს აღნიშნავდნენ დახვრიტეს; ასევე1956 წ. საბჭოთა ტანკები შეიყვანეს უნგრეთში, რომლის მთავრობა შეეცადა, დემოკრატიული რეფორმები განეხორციელებინა. სწორედ ხრუშოვის სახელს უკავშირდება, “კარიბის კრიზისი”. 1964-1982 წწ საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა. სწორედ ამ პერიოდს ეწოდა “უძრაობის ხანა”, რადგან რეალურად ცხოვრების არცერთი სფერო, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა არ ვითარდებოდა. პირიქით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში დაღმასვლაც კი დაიწყო. 80-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა უკვე სურსათის ნაკლებობას განიცდიდა.
საგარეო პოლიტიკაში სსრკ განაგრძობდა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რაც “ბრეჟნევის დოქტრინაში” გამოიხატა. ამ დოქტრინის მიხედვით, მოსკოვს არ უნდა დაეშვა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების დემოკრატიზაცია; ამიტომ უნდა ჩარეულიყო მათ საშინაო საქმეებში. ასემოხდა 1968 წელს, როცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობა შეეცადა ქვეყნის დემოკრატიზაციას და ქვეყანაში ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო. სსრკ–მ ტანკები შეიყვანა ამ ქვეყანაში და ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშო.
მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, აშშ შეეცადა დაეწყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან. 1972 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და ბრეჟნევმა, ქ. მოსკოვში ხელი მოაწერეს, რაკეტსაწინააღმდეგო და სხვა სტრატეგიული შეიარაღების წარმოების შეზღუდვის ხელშეკრულებას. მათი შეხვედრის ერთგვარი გაგრძელება იყო, 1973 წელს ქ. ჰელსინკში “ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის” – ეუთოს (OSCE) შექმნა. 1975 წელს 35 სახელმწიფოს (ევროპის ქვეყნები, სსრკ, აშშ და კანადა) მეთაურმა ხელი მოაწერა დასკვნით აქტს, რომლის თანახმად, პატივი უნდა ეცათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანთა უფლებებისათვის. სამხედრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომბლობა უნდა განმტკიცებულიყო.
XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანის დასაწყისში, სსრკ–მ დასავლეთ საზღვარზე, აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში განალაგა რაკეტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ამის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის (1981-1989) ინიციატივით, აშშ-მ მსგავსი რაკეტები ევროპაში განალაგა. ისინი სსრკ-სკენ იყო მიმართული. ამას გარდა, რონალდ რეიგანმა აკრძალა სსრკ-სთვის ამერიკული მარცვლეულისა და მაღალი ტექნოლოგიების მიყიდვა. 1983 წლიდან აშშ-ში ახალი პროგრამა – “ სტრატეგიული თავდაცვითი სისტემა” შეიმუშავეს. მისი მიზანი იყო ისეთი სარაკეტო და კოსმოსური დანადგარების წარმოება, რომელიც ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას მოიგერიებდა. ამ პროგრამას მასმედიამ “ვარსკვლავური ომების” პროგრამა შეარქვა. სწორედ რეიგანმა უწოდა სსრკ-ს “ბოროტების იმპერია” (1983 წელს). აშშ-ს მთავარი მოკავშირე ამ დროს დიდი ბრიტანეთი იყო, რომლის პრემიერ მინისტრი, “რკინის ლედად” წოდებული მარგარეტ ტეტჩერი (1979-1990) იყო. ამ პროგრამის საპასუხოდ სსრკ იძულებული გახდა თავადაც დაეწყო ახალ პროგრამებზე მუშაობა და დასავლეთს “ გამალებულ შეიარაღებაში” აყოლოდა. თუმცა ამას ძლიერი ეკონომიკა სჭირდებოდა, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა. შესაბამისად ქვეყანაში დაიწყო გაჭირვება. სურსათის გაყიდვა ტალონებით დაიწყეს. ფაქტიურად სსრკ-ში დაიწყო მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია.

37. ეროვნული მოძრაობები და საბჭოთა კავშირის დაშლა

60–იანი წლებიდან სსრკ-ში დაიწყო ე.წ “დისიდენტური” ანუ სხვაგვარად მოაზროვნეთა მოძრაობა. ამ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ სხვადასხვა მრწამსის ადამიანები – კომუნისტებიდან დაწყებული ლიბერალებით დამთავრებული. ყველა მათგანს აერთიანებდა ერთი რამ, სწრაფვა სსრ კავშირის დემოკრატიზაციისკენ. დისიდენტური მოძრაობის გაძლიერებას ხელს უწყობდა ის რადიოსადგურები – “თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”, “ბი-ბი-სი ”, “გერმანული ტალღა” და ა.შ., რომლებიც საზღვარგარეთულ და საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე მაუწყებლობდნენ და საბჭოთა ხალხს ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამავე დროს დაიწყო ე.წ “სამიზდატის” ისტორია. საბეჭდ მანქანებზე იბეჭდებოდა და ხალხში ვრცელდებოდა აკრძალული ლიტერატურა. დისიდენტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ :აკადემიკოსი ა.სახაროვი, მწერალი ა. სოლჟენიცინი, კ. ბუკოვსკი და სხვები. ამ მოძრაობის გაქტიურებაში დიდი როლი ითამაშა ჰელსინკის შეკრებამ, სადაც სსრკ-მ აიღოვალდებულება, რომ ადამიანთა უფლებებს დაიცავდა. “ჰელსინკის” ჯგუფები ჩამოყალიბდა – რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში.
ქართული ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ფიგურები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1974 წელს მათი თაოსნობით შეიქმნა ადამიანთა და ერის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია – “ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი”. 1975 წელს თბილისში “სამიზდატის” ლიტერატურულ – პუბლიცისტური ჟურნალი “ ოქროს საწმისი” (რედ.ზვიად გამსახურდია) გამოვიდა. ამ ჟურნალში იბეჭდებოდა აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები ქართული ენისა და კულტურის დევნაზე. 1976 წლიდან ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას რედაქტორობით გამოვიდა კიდევ ერთი ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელშიც საბჭოთა მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციები იბეჭდებოდა. იმავე წელს ამ ადამიანების ინიციატივით ჩამოყალიბდა ჰელსინკის ჯგუფი, მაგრამ მალე ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1978 წელს გამოქვეყნდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა. ადრინდელი კონსტიტუცი – ისგან განსხვავებით პროექტში აღარ იყო მუხლი საქ. სსრ სახელმწიფო ენის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენა იყო. ამ ფაქტმა ქართული საზოგა-დოების, განსაკუთრებით სტუდენტების პროტესტი გამოიწვია და 14 აპრილს, უზენაესი საბჭოს მიმდინარეობის დღეს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გრანდიო-ზული დემონსტრაცია გაიმართა. ვითარება განიმუხტა მას შემდეგ, რაც საქართველოს კომპარტიის ცკ-ს I მდივანმა ე. შევარდნაძემ დაარწმუნა მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნელები, რომ ამ მუხლის აღდგენა აუცილებელი იყო.
1985 წელს სსრკ კომპარტიის გენერალური მდივანი გახდა, ახალგაზრდა რეფორმატორი, მიხეილ გორბაჩოვი. მისი და მისი გუნდის ლოზუნგები იყო: “ახალი პოლიტიკური აზროვნება”, “ გარდაქმნა”, “საჯაროობა” და “პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია”. მათ აღიარეს, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანთა უფლებების მხრივაც. მ. გორბაჩოვმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცით შეამცირა საბჭოთა არმია და განაცხადა, რომ სახელმწიფო მილიტარისტული ეკონომიკიდან განიარაღებაზე გადავიდოდა. მანვე მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ აღარ აპირებდა მათ შინაურ საქმეებში ჩარევას და მათ თავად უნდა აერჩიათ განვითარების საკუთარი გზა. ამან გამოიწვია ის რომ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნის ხანა დაიწყო. შეიცვალა კომინუსტური რეჟიმები. 1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი.
“გარდაქმნის” პოლიტიკამ საბჭოთა კავშირში ეროვნული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია. დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაიწყო გამოსვლები საქართველოში, ესტო-ნეთში, ლიტვაში, ლატვიაში, აზერბაიჯანში და სხვა. 1989 წლის გაზაფხულზე მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობდა მიტინგი, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დაარბია მომიტინგეები. დარბევის დროს 16 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. 1990 წელს საბჭოთა რესპუბლიკებში უმაღლესი ორგანოების არჩევნები ჩატარდა და მთელ რიგ რესპუბლიკებში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობის წარმომად-გენლები, ყოფილი დისიდენტები მოვიდნენ. მოსკოვში უკვე ვეღარ აკონტროლებდნენ შექმნილ სიტუაციას. 1991 წელს დეკემბერში რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის პირველი პირების შეხვედრაზე საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა.

38. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა – თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს მოაწყო რეფერენდუმი კითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს დამოუკი-დებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? მოსახლეობის 98% დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხოლო 26 მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად იქნა არჩეული.
1991 წლის II ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საზოგადოების ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლო დეკადაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. 1992 წლის 6 იანვარს, ზ. გამსახურდია მომხრე-ებთან ერთად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ორი თვის მანძილზე ქვეყანას “სამხედრო საბჭო” მართავდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანება “მხედრიონის” ლიდერი, ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში ქვეყანაში ჩამოვიდა ე. შევარდნძე და სათავეში ჩაუდგა სამხედრო საბჭოს.
1993 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) რეგიონს დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე.

39. საქართველო და მსოფლიო თანამეგობრობა

1992 წლის 31 ივლისს საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) 179 – ე წევრი. გაერო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა. საქართველო თანამშრობლობს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა ორგანიზაციებთან – უნისეფთან (Unicef – გაეროს ბავშვთა ფონდი), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და იუნესკოსთან (Unesco – გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია).
1998 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა, ევროპის საბჭოს 41 – ე წევრი, ეს ორგანიზაცია 47 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოს ევროპის საბჭოში მიღების დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზ. ჟვანიამ წარმოსთქვა ისტორიული ფრაზა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”.
1995 წელს შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის მიზანს გლობალური სავაჭრო კანონების დაწესება და მის წევრ ქვეყნებს შორის სადავო ეკონომიკური საკითხების მოგვარება წარმოადგენს. 2000 წელს საქართველო ამ ორგანიზაციის სრულ-უფლებიანი წევრი გახდა.
1975 წელს ჰელსინკში დაფუძნებულ ორგანიზაციას, 1995 წლიდან ეუთო (ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ეწოდა. ამ ორგანიზაციაში საქართველო 1992 წლიდან გაწევრიანდა.
საქართველოს თანამშრომლობს ევროკავშირთან და ნატოსთან, რომელთა წევრიც არ არის.
ევროკავშირი აერთიანებს ევროპის 27 ქვეყანას. ის წარმოადგენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას. რაც გგულისხმობს მასში შემავალი ერების საერთო მოქალაქეობას, მათ თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საერთო საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის წარმოებას, მჭიდრო თანამშრომლობას სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში, რისი მთავარი პირობაც საერთო ვალუტა – ევროა. 1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა, “საშუალედო შეთანხმებას”, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 2006 წელს – სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო – ევროკავშირის სამოქმედო გეგმას.
1997 წ. ნატოსთან შეიქმნა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და საქართველო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 2004 წლის 29 ოქტომბერს ნატოს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს “ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა”.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button