ბიოგრაფია

პლინიუს უფროსი – Pliny the Elder – ბიოგრაფია

პლინიუს უფროსი.

პლინიუს უფროსი. XIX საუკუნეში დახატული წარმოსახვითი პორტრეტი, მისმა ორიგინალურმა პორტრეტმა ჩვენამდე ვერ მოაღწიაგაიუს პლინიუს სეკუნდუსი  (23 – 79) ცნობილია როგორც პლინიუს უფროსი, თავისი დისშვილის პლინიუს უმცროსისგან განსასხვავებლად. რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი, “ბუნების ისტორიის” ავტორი.

 ბიოგრაფია

პლინიუსი დაიბადა ქალაქ კომოში (ცისალპიური გალია) 23 წელს. 35 წლისთვის მამამისმა იგი რომში წაიყვანა განათლების მისაღებად. მისი რიტორიკის მასწავლებელი იყო პუბლიუს პომპონიუს სეკუნდუსი.

45 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, პლინიუსმა სამხედრო სამსახური დაიწყო გალიასა და ბელგიაში, სადაც იგი სამხედრო ტრიბუნი იყო. ახალგაზრდა კაცისთვის ეს სამსახური იყო გარდამავალი საფეხური მხედრობისკენ ან სენატორობისკენ. 47 წელს იგი მონაწილეობდა გერმანულ ტომთან, ხავკებთან, ბრძოლებში და მდინარე რეინსა და მაასს შორის არხის მშენებლობაში. 50-ანი წლების დასაწყისში იგი განაგრძობდა გერმანულ ლეგიონში მსახურობას, მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში. ამ პერიოდში მან დაწერა პირველი ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. რეინის არმიაში მსახურობისას მან დაწერა დღეისთვის ცნობილი ნაშრომი “გერმანელების ისტორია”. ამავე პერიოდში მან გაიცნო და დაუახლოვდა ტიტუს ფლავიუსს, მომავალი იმპერატორი ვესპასიანე ფლავიუსის ვაჟს.

59 წელს პლინიუსი რომში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დამსახურებული ვეტერანი და მწერალი იყო, ამ პერიოდში მისთვის კარიერული ზრდა ადვილი არ ყოფილა. იმპერატორ ნერონის გარშემო მეტწილად ხელოვანი ხალხი იყო და არა ყოფილი სამხედროები. სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის, თუ რატომ არ დაიწყო პლინიუსმა საჯარო სამსახური. ამ პერიოდში მთელ დროს პლინიუსი წიგნებს უძღვნიდა. იგი მუდამ კითხულობდა ან მონებს აკითხინებდა, სადილობისას, გზაში და აბანოშიც კი. როგორც მისი დისშვილის წერილებიდანაა ცნობილი, პლინიუსი ფუჭად დაკარგულად მიიჩნევდა ყოველ წამს, როდესაც რაიმე ახალს არ სწავლობდა. ყოველი წაკითხული წიგნიდან იგი ამონაწერებს და შენიშვნებს იკეთებდა. ამ პეროდში მან არაერთი წიგნი გამოაქვეყნა სხვადასხვა თემაზე.

62 წელს პლინიუსის დას ეყოლა ვაჟი – გაიუს კეცილიუს სეკუნდუსი. პლინია მალევე დაქვრივდა, რის შემდეგაც, ვინაიდან მას საკუთარი ცოლშვილი არ ჰყავდა, პლინიუსმა დისშვილი იშვილა.

69 წელს პლინიუსის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. პირველ რიგში, 68 წლის ბოლოს იმპერატორ ნერონს სენატიცა და პრეტორიანელებიც აუჯანყდნენ. შედეგად იმპერატორმა თავი მოიკლა. იმავე წელს ერთი მეორის მიყოლებით ტახტზე ავიდა და შემდეგ მოკლულ იქნა 3 იმპერატორი. რიგით მეოთხე იმპერატორი გახდა პლინიუსის მეგობრის მამა ვესპასიანე. სწორედ ამან განაპირობა პლინიუსის კარიერული წინსვლა. 70 წელს იგი გახდა პროკურატორი გალიაში, 72 წელს აფრიკაში, 73 წელს ესპანეთში და 75 წელს ბელგიურ გალიაში.

რომში არ ყოფნისას მან დისშვილს აღმზრდელად ვერგინიუს რუფუსი დაუნიშნა, რათა მისი არყოფნა უარყოფითად არ ასახულიყო ახალგაზრდას აღზრდა-განათლებაზე. გალიიდან დაბრუნების შემდეგ მან მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა უშუალოდ იმპერატორთან. რა შედიოდა მის ფუნქციებში უცნობია, თუმცა, როგორც უმცროსი პლინიუსი მოგვიანებით წერდა, უფროსი პლინიუსი ძალიან დაკავებული იყო.

პლინიუსის კარიერაში შემდეგი ნაბიჯი იყო მისენუმის ფლოტის მეთაურად დანიშვნა. ახლა პლინიუსი უკვე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

კადრი ფილმიდან “პომპეი: უკანასკნელი დღე” პლინიუსის როლში თიმ პიგოტ-სმიტი. პლინიუსი ვეზუვის ამოფრქვევას ადევნებს თვალყურს79 წლის აგვისტოში პლინიუსი, მისი და და დისშვილი მისენიუმში იყვნენ. 24 აგვისტოს პლინიამ დაინახა ზღვის მიღმა ვეზუვის მთაზე აღმართული სქელი კვამლის სვეტი და ძმას უხმო. იმ დროს რომაელებმა ჯერ არაფერი არ იცოდნენ ვულკანების შესახებ. ასეთმა უჩვეულო მოვლენამ პლინიუსის ყურადღებაც მიიპყრო, რომელსაც, მიუხედავად დაკავებულობისა, დაწერილი ჰქონდა ფუნდამენტალური ნაშრომი “ბუნების ისტორია”. ამ მოვლენისთვის ახლოდან თვალყურის სადევნად მან სასწრაფოდ გემის გამზადება ბრძანა. პლინიუსს დისშვილის წაყვანაც სურდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეცადინეობა არჩია. ამ დროს მოვიდა ცნობა რომ პომპეის მოსახლეობას ვულკანისგან საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ პლინიუსი არა მარტო თვითონ გაემგზავრა ვეზუვისკენ, არამედ ფლოტიც გაუშვა მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ქარის გამო მან პომპეის ვერ მიაღწია და გაჩერდა სტაბიაში, სადაც ღამე მეგობრის სახლში გაატარა. მეორე დღეს იგი ამოვრქვევის ზონას მიუახლოვდა რათა უკეთ აღეწერა იგი და დაიღუპა კიდეც, სავარაუდოდ მომწამვლელი გაზებისგან.

 ნაშრომები

პირველი ნაშრომი პლინიუსმა შექმნა გერმანულ ლეგიონში მსახურობისას 51 წელს. ეს იყო ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ. როგორც ჩანს იგი აკვირდებოდა თუ როგორ აკეთებდნენ ამას გერმანელები და აღწერა, რათა რომაელ ჯარისკაცებსაც ესწავლათ შუბის ტყორცნის გერმანული ტექნიკა.

მეორე ნაწარმოები პლინიუსმა 52 წელს დაწერა თავისი მასწავლებლის და შემდეგ სამხედრო მეთაურის პომპინიუს სეკუნდუსის ცხოვრების შესახებ, როგორც ჩანს ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.

რეინის არმიაში მსახურობისას გერმანული ტომების შესახებ მიღებული ცოდნა და გამოცდილება პლინიუსმა შეაჯამა ნაშრომში გერმანელების ისტორია, რომელიც 20 ტომად გამოიცა. იმ დროისთვის ამ ნაწარმოებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მას მოგვიანებით იყენებდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, რომელიც ასევე წერდა გერმანელების ისტორიას.

59 წელს რომში დაბრუნებულ პლინიუსს ნერონის დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობდა ხელს საჯარო სამსახურისთვის, ამიტომ დარჩენილ თავისუფალ დროს იგი წიგნების კითხვას ახმარდა. ამ პერიოდში მან შემდეგი ახალი წიგნები გამოაქვეყნა: როტირიკის სახელმძღვანელოები სამ წიგნად (შტუდიოსი), 8 წიგნი გრამატიკული პრობლემების შესახებ და ისტორიული ნაშრომი 31 ტომად, რომლებსაც აუფიდიუს ბასუსის ისტორიის გაგრძელება უწოდა , ვინაიდან მისი ისტორია იწყება იმ პერიოდიდან, სადაც სრულდება ბასუსის ისტორია.

“ბუნების ისტორია”ყველა ზემოთხსენებული ნაშრომი დაიკარგა და მათ შესახებ ცნობები მხოლოდ იმ დროინდელი ავტორებისგან და უმეტესად პლინიუს უმცროსის წერილებიდან მოიპოვება. ერთადერთი შემონახული ნაშრომი არის “ბუნების ისტორია”  37 ტომად. ეს არის ენციკლოპედიური სახის ნაშრომი, რომელშიც აღწერილია იმ დროს დაგროვილი ცოდნა ბუნების შესახებ.

1 ტომში არის შესავალი, რომელიც ტიტუსს ეძღვნება და იმ ავტორთა ჩამონათვალი რომელთა ნაშრომებიდან მან ისარგებლა,

2 ტომი ეძღვნება ასტრონომიას,

3 და 4 დედამიწის აღწერას და ცნობებს ევროპის ხალხების შესახებ,

5-6 – აზია-აფრიკის გეოგრაფიას,

7 – ანთროპოლოგიასა და ადამიანის ფიზიოლოგიას,

8-11 – ზოოლოგიას,

12-19 – ბოტანიკას,

20-27 – სამკურნალო მცენარეებს,

28-32 – ცხოველური წარმოშობის სამკურნალო საშუაელებებს,

33-37 – მინერალოგიას, მეტალურგიასა და მათ პრაქტიკული გამოყენებას.

ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სახის ენციკლოპედიურ ნაშრომს იმ დროს უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. ეს ნაშრომი დღესაც საინტერესოა იმით, რომ გვაწვდის პრაქტიკულად ამომწურავ ინფორმაციას იმდროინდელი საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების შესახებ. ამავე დროს ეს ერთადერთი წყაროა ანტიკურ ეპოქაში ლითონებისა და ძვირფასი ქვების დამუშავებაზე, თანაც პლინიუსის მიერ ჩამოთვლილი ავტორების ნაშრომთა უმეტესობა დაკარგულია, ამიტომ მათზე ხშირად ერთადერთი ინფორმაცია მხოლოდ ამ წიგნში გვხვდება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button