გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze ბიოგრაფია
1882-1962
ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთდერთი ფუძემდებელი.
,,ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს!“
გამოჩენილი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
გრიგოლ რობაქიძე 1880 (სხვა წყაროებით 1884) წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში დაიბადა. მამამისი – ტიტე რობაქიძე სასულიერო პირი იყო. გრიგოლიც თავდაპირველად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს , შემდგომ კი სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1901 წელს გრიგოლი ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. მალე მას კიტა აბაშიძე და გიორგი ზდანევიჩი ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდიის დანიშვნაში დაეხმარნენ და 1902 წელს გრიგოლ რობაქიძე სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა. იგი ლაიფციგის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი ლექციების მოსმენა პარიზის უნივერსიტეტში განაგრძო. 1908 წელს გრიგოლ რობაქიძე სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თბილისსა და ქუთაისში იგი ხშირად გამოდიოდა საჯარო ლექციებით ქართული და უცხოური, ძირითადად გერმანული, ლიტერატურის შესახებ. ამავე პერიოდში ხშირად სტუმრობდა პეტერბურგს, სადაც გაიცნო რუსი მწერლები და პოეტები – ბელი, გიპიუსი, ბრიუსოვი, ივანოვი და სხვები. 1910 წელს რობაქიძე ტარტუში გაემგზავრა რათა სწავლა კვლავ იურიდიულ ფაკულტეტზე განეგრძო, თუმცა ზოგიერთ პროფესორთან უთანხმოების გამო დიპლომის ასაღებად მას ყაზანის უნივერსიტეტში მოუწია გამოცდების ჩაბარება. 1915 წელს, სამშობლოში დაბრუნებული გრიგოლ რობაქიძე თანამოაზრეებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ,,ცისფერყანწელთა” გაერთიანებას და მათი ლიდერიც გახდა. ქართველ სიმბოლისტთა ეს დაჯგუფება მიზნად ისახავდა ქართული ლექსის განახლებასა და ქართულ ნიადაგზე ევროპული სიმბოლიზმის დამკვიდრებას. თავიანთ წინამძღოლად ,,ცისფერყანწელებმა” იმთავითვე გრიგოლ რობაქიძე აღიარეს.
1917 წელს გრიგოლ რობაქიძემ რამდენიმე თვე სპარსეთის ომში გაატარა. აქ მან გაიცნო ჩვიდმეტი წლის მოწყალების და ნინო დომანსკაია, რომელიც ცოლად შეირთო. თუმცა, შემდგომში გაშორდა. მეორედ მან ლენა ფიალკინაზე იქორწინა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში რობაქიძე სახელმწიფო საქმეთა სამმართველოში რედაქტორად მუშაობდა და სტილურად ამუშავებდა ნოე ჟორდანიას მთავრობის დადგენილებებს. იგი კვლავ აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში – 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარგზავნილი ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრია. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში. ამასთან, იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა – კითხულობდა ლექციებს რუსული ფილოსოფიისა და პოეზიის უახლესი მიმდინარეობების შესახებ თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ იგი დოცენტად აირჩიეს ქართული ლიტერატურის კათედრაზე.
1919 წელს რობაქიძე გერმანულ რომანტიზმს ასწავლის ბაქოს, ხოლო 1920-21 წლებში თბილისის უნივერსიტეტებში. მალე თბილისს რუსეთის სამოქალაქო ომს გამორიდებული ბევრი რუსი მწერალი, არტისტი და საზოგადო მოღვაწე მოაწყდა. გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაერთო მათ მიერ მოწყობილ საღამოებსა და დისკუსიებში. განსაკუთრებით დაუახლოვდა პოეტ სერგეი რაფალოვიჩს, რომლის გამომცემლობაშიც 1919 წელს მისი პირველი წიგნი ,,პორტრეტები” დაიბეჭდა. საქართველოში ბოლშევიკური მმართველობის დამყარების შემდეგ რობაქიძე ხელმძღვანელობდა ხელოვნების განყოფილებას განათლების კომისარიატში, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა ქაშუეთის ტაძრის გადარჩენაში. 20-იანი წლების დასაწყისში ქართული თეატრის სცენაზე წარმატებით იდგმებოდა რობაქიძის პიესები: ,,ლონდა”, ,,მალშტრემი” და ,,ლამარა”. ეს უკანასკნელი 1930 წელს მოსკოვშიც უჩვენეს. სპექტაკლმა, რომელსაც თვით სტალინი ესწრებოდა, ფურორი მოახდინა. 1925-26 წლებში ჟურნალ ,,მნათობში” გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის პირველი, მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი, რომანი ,,გველის პერანგი”, რომელმაც მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა არა მარტო სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც. რომანის გერმანიაში გამოსულ თარგმანს წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგმა დაურთო. თუმცა საბჭოთა კრიტიკამ რომანი სპეციალურად დასავლური ბურჟუაზიისათვის დაწერილ ნაწარმოებად მიიჩნია. 1931 წლის მარტში გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც ვერაფრით შეძლო კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობა, გერმანიაში გაემგზავრა. საზღვარგარეთ დარჩენის გამო იგი გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებიდან, მეგობრები საჯაროდ უარყოფდნენ მასთან ახლობლობას, მწერალს ჩამოართვეს საბჭოთა მოქალაქეობა…
1933 წელს გერმანიაში გამოდის რობაქიძის ცნობილი რომანი ,,ჩაკლული სული”, რომელშიც სტალინი მან დემონურ დიქტატორად გამოიყვანა. 30-იან წლებშივე გერმანიაში გამოვიდა მისი ნაწარმოებები: ,,კავკასიური ნოველები” (1932), ,,მეგი” (1932), ,,ქალღმერთის ძახილი” (1934), ,,დემონი და მითოსი (მაგიური ჩანახატები)” (1935), ,,გრაალის მცველნი” (1937) და სხვ. ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესსეები. აღსანიშნავია, რომ იგი წერდა გერმანულ ენაზეც, რომელსაც სრულყოფილად ფლობდა. როგორც კომუნიზმის მოძულეს, მწერალს ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტების მიმართ – ჰიტლერსა და მუსოლინის მან ფილოსოფიურ-ანალიტიკური ნაწარმოებები მიუძღვნა. საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის მიმართ სასტიკი და ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა. იგი “სოციალისტური სამშობლოს” მტრად და ფაშისტად გამოცხადდა. საბჭოთა კავშირში აიკრძალა არა მარტო მისი შემოქმედება, არამედ მისი სახელის ხსენებაც კი. მაშინ მხოლოდ რამდენიმე მწერალს ეყო გამბედაობა, გამოსარჩლებოდა გრიგოლ რობაქიძეს – მათ შორის იყო მისი ახლო მეგობარი მიხეილ ჯავახიშვილი. თავად მწერალი თავის ნაწარმოებებს ფაშისტურად სულაც არ მიიჩნევდა. ისტორიულ პერსონებში ის ზეადამიანურ ბუნებას ხედავდა. რობაქიძეს აღაფრთოვანებდა მათი სიტყვის დემონური ძალა, ადამიანებზე ზემოქმედებისა და მასებით მანიპულირების უნარი. საერთოდ, იგი გატაცებული იყო ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებით და მის პროზაზეც უდიდესი გავლენა იქონია ნიცშეს ნაშრომებმა. 1962 წელს ირაკლი აბაშიძისათვის გამოგზავნილ წერილში გრიგოლ რობაქიძე წერდა, რომ ხმები მისი ფაშისტობის შესახებ ,,ტყუილი და ბოდვაა”, რომ ის 1941 წლიდან ომის დამთავრებამდე გესტაპოს თვალთვალის ქვეშ ცხოვრობდა. 1945 წლის აპრილში გრიგოლ რობაქიძე დიდი გაჭირვებით გადავიდა შვეიცარიაში, სადაც მიიღო ,,ინტელექტუალური ემიგრანტის” სტატუსი. გარდაიცვალა 1962 წელს შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მარტოობასა და სიღარიბეში. დაკრძალეს ჟენევის სასაფლაოზე. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების – ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით მისი ნეშტი გადაასვენეს საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.