ბიოგრაფია

შოთა რუსთაველი – Shota Rustaveli ბიოგრაფია

XII- XIII საუკუნე

პოეტი და მოაზროვნე. მისი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად.

ყველა სახელებში მხოლოდ რუსთაველი

იხსნის განსაცდელით მრავალ საუკუნეს.

                          გალაკტიონი

 ქართულ საისტორიო წყაროებში არ მოიპოვება სარწმუნო ცნობა, მინაწერი, მინიშნება, შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას რომ მიესადაგოს. სავარაუდოდ, XIIდXIII საუკუნეებია რუსთაველის მოღვაწეობის არეალი, მაგრამ თამარის კონსერვატორულმა სამეფო კარმა უბრძანა პოემის დაწერა თუ რინდების მეგობარმა, ლაღმა  მიჯნურმა და მამაცმა სარდალმა ლაშა-გიორგიმ,  უცნობია.

თავი თვითონ გაგვაცნო „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში: „მე, რუსთველი, ხელობითა…“ და  „დავჯე, რუსთველმან გავლექსე…“ 

რუსთველი ზედწოდებაა – ქალაქის მკვიდრიც შეიძლება იყოს, პატრონიც და ეპისკოპოსიც. რუსთავიც რამდენიმე იყო, მათგან ორი მნიშვნელოვანი – მესხეთისა და ჰერეთის.

სახელი – შოთა, ისევ პოეტმა შემოგვინახა, თეიმურაზ I-მა: შოთა რუსთველმა შეამკო პოემის გმირებიო.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იყო პორტრეტი წარწერით: ,,ამისა დამხატავსა შოთას, შეუნდვნეს ღმერთმან. ამინ! რუსთველი~ და ჩანაწერი სააღაპო წიგნში: შოთა მეჭურჭლეთუხუცესი. XVIII საუკუნეში ტიმოთე გაბაშვილმა აღწერა ეს პორტრეტი, საქართველომ 1960 წელს იხილა ხელაპყრობილი, მავედრებელი, მხცოვანი მგოსანი. XXI საუკუნეში დააზიანეს, სახე წაუშალეს.

რუსთაველს პოეზია სიბრძნის დარგად მიაჩნდა. სწორედ ,,ვეფხისტყაოსანია! სიბრძნისა და პოეზიის საბადო. პოემის ყოველი სტროფი ავტორის ღრმა განსწავლულობაზე მეტყველებს. ანტიკური ფილოსოფია, ქრისტიანული მოძღვრება, ნეოპლატონიზმი, აღმოსავლური მწერლობა – ეს არის რუსთაველის აზროვნების საფუძველი, მაგრამ არც ერთს დოგმატურად არ მიჰყვება. სამყაროს შემოქმედის მსგავსად, ამ სიბრძნის ზღვიდან სხვადასხვა ფერს, სხვადასხვა ტონს იღებს, ახამებს და ჰუმანიზმზე დაფუძნებულ ახალ მსოფლმხედველობას, სამყაროს ახლებურ ხედვას ქმნის. ,,ვეფხისტყაოსანში~ ერთნაირად აირეკლა აღმოსავლური გრძნობიერი სამყარო, დასავლური რაციონალური აზროვნება და შეიქმნა ქართველი ადამიანის სულისკვეთების, ოცნებისა და იდეალის გამომხატველი წიგნი.

,,ვეფხისტყაოსანი~ ქართველი ერის შემოქმედებითი ნიჭისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია. ამავე დროს, მასწავლებელიც არის – სიყვარულის, გონიერების, ვაჟკაცობის, ზნეობისა და ჰუმანიზმის მქადაგებელი. პოემიდან მოდის რწმენა, რომ ,,უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერიაკკ;  ტურფა ვარდს, უეკლოდ ვერავინ მოწყვეტს: ,,მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?!~, დაკარგულს მაშინ დაიბრუნებ, თუ გრძნობას, გონებას, ძალასა და მოხერხებას შეაერთებ; ნაძრახ სიცოცხლეს, სახელოვანი სიკვდილი ჯობს; ყოველ მოსახვეჭელს – სახელის მოხვეჭა; ჭირს კი ქვითკირივით უნდა გაუმაგრდე; როგორც მზე ათბობს თანაბრად ვარდსა და ნეხვს, მეფემაც ასევე უნდა გაუნაწილოს წყალობა დიდსა და მცირეს.

რუსთაველისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია – გარეგნულად მშვენიერი, ძლიერი, გონიერი, ქველი, ზნეობრივად სრულყოფილი, ერთგული მეგობარი, ლაღი, სიყვარულით ამაღლებული და, რაც მთავარია, არა გაღმერთებული, რეალური, კაცთათვის მისაბაძი და მისაღწევი. ამით ქართველი პოეტი და მოაზროვნე გახდა წინამორბედი და დამწყები იმ დიდი მოძრაობისა, XIV-XVI საუკუნეების ევროპაში რენესანსის სახელით რომ გავრცელდა და აზროვნების, ცხოვრების კრიტერიუმად იქცა.

,,ვეფხისტყაოსანი” თამარის ბრწყინვალე ეპოქის ნაყოფია, მაგრამ თვითონ ,,ვეფხისტყაოსანმა” აქცია ის ეპოქა ნამდვილ ,,ოქროს საუკუნედ~.

რაც უფრო ვშორდებით რუსთაველს, მით უფრო გვხიბლავს და აღგვაფრთოვანებს  ,,ვეფხისტყაოსანი”, ბოროტებასთან ბრძოლისა და სიკეთის გამარჯვების ჰიმნი. მას ეთაყვანებოდა მომდევნო თაობის ყველა მწერალი, მეფე, მოაზროვნე, გლეხი და მეომარი – თითოეული თავისი ტკივილის მალამოს, სიხარულის გამზიარებელს ამ წიგნში პოულობდა. აკაკი წერეთელის აზრით ,,ვეფხისტყაოსანი” სახარებაზე მეტად გაუტკბა ქვეყანას. საუკუნეების განმავლობაში, დიდი და პატარა, ყველას იმას ეწაფებოდა: კაცები ტარიელ-ავთანდილსა ჰბაძავდნენ, ქალები ნესტან-თინათინობას ცდილობდნენ, მეფე და კარისკაცები როსტევან-სოგრატობაზე სდებდნენ თავს, მსახურნი შერმადინობდნენ და მოახლე-გამზრდელები კი ასმათობას სჩემობდნენ.”

როგორც ყველა გენიოსს, რუსთაველსაც ებრძოდნენ. ალბათ ამიტომ არ ვიცით არაფერი მისი ვინაობის შესახებ, ამიტომ არ შემოგვრჩა შეურყვნელი ხელნაწერები, პირიქით, წვავდნენ კიდეც, საყვედურობდნენ, ,,ამაოდ დაშვრაო”, მაგრამ ჩვენი ტკივილი დღეს სხვა უნდა იყოს – მსოფლიოს კულტურულ საგანძურში ,,ვეფხისტყაოსანს” კუთვნილი ადგილი არა აქვს მიჩენილი, რუსთაველის ხმა არსად ისმის. თითო-ოროლა ქართველოლოგის აღტაცებული გამონათქვამი, ანდა ადრეული თარგმანები ამ მოვალეობას ვერ ასრულებს. თვით ჩვენსა და რუსთაველს შორის ზღვარი თანდათან ღრმავდება, საღმრთოდ გასაგონი სიტყვა სამუზეუმო ექსპონატად იქცა, სიბრძნის წყარო – გარეგნულ სამკაულად.

დავიბრუნოთ რუსთაველი და ის დაგვიბრუნებს დაკარგულს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button