Facebook-ი გეგმავს მომხმარებლებს საშუალება მისცეს – ერთდროულად ისარგებლონ Messenger-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის შეტყობინებებით
The New York Time-ში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, facebook-ი მუშაობს, რომ უზრუნველყოს შეტყობინებების გაცვლა Facebook Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს შორის.
თითოეული სერვისი კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი აპლიკაცია, თუმცა Times-ის ინფორმაციით, Facebook-ი ახდენს საბაზისო ინფრასტრუქტურის გადაწყობას, რათა მათ, ვინც Facebook-ს იყენებენ, შეძლონ კომპანიის ეკოსისტემის სხვა აპლიკაციებით ურთიერთობაც. ყველა აპლიკაციას ერთიანი უწყვეტი შიფრირების მხარდაჭერა ექნება. Facebook-ს ჯერჯერობით არ წარუდგენია გრაფიკი, თუ როდის განხორციელდება ეს სიახლე.
„გვსურს, შევქმნათ შეტყობინებების გაცვლის უკეთესი სერვისი. მომხმარებლებს სურთ, რომ შეტყობინებების გაცვლა იყოს სწრაფი, მარტივი, საიმედო და კონფიდენციალური“ – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. – „როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილი აქვს უამრავ დისკუსიასა და დებატებს, ამრიგად, ჩვენ ვიწყებთ დეტალების ხანგრძლივ განხილვას, თუ როგორ იმუშავებს ახალი შემოთავაზება“.
სხვადასხვა პლატფორმის შეტყობინებების გაერთიანებით, Facebook-ი იმედოვნებს, რომ უფრო აქტიურად მოიზიდავს მომხმარებლებს – ისარგებლონ გაერთიანებული სისტემით ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. ამგვარად, კომპანია შეძლებს გაზრადოს საკუთარი პოტენციალი იმ დროს, როდესაც ზრდის ტემპი შენელებულია.
Facebook-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს სხვა სოციალური ქსელების პლატფორმებთან შედარებით. საკუთარი აქტივების ამგვარად გაერთიანებით კომპანია შეძლებს უფრო მეტად გაუწიოს კონკურენცია Apple iMessage-სა და Google-ის შეტყობინებათა გაცვლის სერვისებს.