საკითხავისხვადასხვა

გიორგი ლორთქიფანიძე “სია (მაკეტი ფილმისთვის)”

სერიალის დასაწყისში, ტიტრების ფონზე ეკრანზე ვხედავთ რომაული ციფრებისა და ლათინური, რუსული და ქართული ასოებიდან შემდგარ ნაკადს, რაც უნებურად საშუალო მაყურებელს გონებაში ძველი საარქივო მასალის შესაბამის ასოციაციას უქმნის. ამ ნაკადის ჩამთავრების შემდეგ, პირველსავე კადრებში ვხედავთ კარგად მოვლილი შუახნის მანდილოსნის აღელვებულ სახეს და, რაც მთავარია, მის შიშისგან გაოგნებულ, გაფართოებულ თვალებს. მომდევნო წამებში მაყურებლის თვალწინ ახალი სურათი იშლება – ჩვენ ვხედავთ ობიექტივისადმი ზურგით მდგომ და მაისურის ამარა დარჩენილ ჩაფსკვნილ მამაკაცს, რომელსაც მარჯვენა ხელში რევოლვერი უკავია. შემდეგ მამაკაცი მაღლა აწევს კუნთმაგარ ხელს, ლულას საფეთქელთან მიიდებს და… სროლის ხმასთან ერთად გვესმის კივილი, რომელიც თანდათან გმინვასა და კვნესაში გადადის. ქალი მიირბენს მამაკაცის ჯერ კიდევ თბილ გვამთან და გადაეფარება მას… ამის შემდგომ ეკრანი მხოლოდ იმისთვის ბნელდება, რომ რამდენიმე წამში ბუნების ხალისიანი გამოღვიძების მხიარული ფერებით შეიმოსოს და ფილმის სიუჟეტმა თავიდან და დამოუკიდებლად დაიწყოს განვითარება.

…ოთახში დაბალ ხმაზე ამერიკული ჯაზის (სავარაუდოდ, ლუი არმსტრონგის შესრულებით) ბგერები ისმის. წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი მოკლედ შეჭრილი ბლანჟეთი გამხდარ, ყვრიმალიან სახეზე ჯაზის ჰანგებზე სარკის წინ ძვირფასი ჰალსტუხის შეკვრითაა დაკავებული. მამაკაცს სოსო ქვია, ის თბილისში ცნობილი და საკმაოდ პოპულარული მწერალია და – როგორც ეს შემდგომ ირკვევა – ამ წუთებში ქორწილში დიღმის გზაზე მდებარე ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში წასასვლელად ემზადება. რეკავს მობილური ტელეფონი. სოსო ანებებს თავს ჰალსტუხს, თიშავს მუსიკალურ ცენტრს (ჯაზის ჰანგები წყდება), იღებს მობილურს იქვე მდგარი მაგიდიდან და საუბარს იწყებს. რეპლიკებიდან თანდათან ნათელი ხდება, რომ ესაუბრება ძალზე ახლობელ ადამიანს (მალევე ირკვევა, რომ უფროს ძმას – ვასიკოს), რომელიც შეახსენებს მას დიდი ხნით ადრე გარდაცვლილი მამის მიერ მათთვის დანატოვარი ამანათის ამბავს და იმასაც, რომ მამის თხოვნის მიხედვით ამანათი უნდა გაიხსნას იმ დღეს, როდესაც სოსო ორმოცდაათი წლის გახდება – ანუ ხვალ. მობილური მაღალ ხმაზეა ჩართული და ძმის სიტყვები მაყურებელს კარგად ისმის. საუბრის ბოლოს უფროსი ძმა სხვა, უფრო მიწიერ თემაზე გადადის – „ბიჭო, სიგარეტის ფული შემომაკლდა და იქნებ როგორმე გაიმეტო…“. „ხვალ ორმოცდათ ლარს მოგცემ, – პასუხობს ძმას სოსო, – ახლა ქორწილში გავდივარ, იქაც ხარჯია, ხომ იცი… ოღონდ დილით შემომიარე, ამანათიც არ დაგავიწყდეს და ბარემ გავხსნათ, ვნახოთ რაა… თორემ მერე აღარ მეცლება, ნახევარ საუკუნეს მივუკაკუნე, ხუმრობა საქმეა?… საღამოთი პატარა საიუბილეო სუფრას გავშლი ჩინურ რესტორანში, ფალიაშვილზე… ცხადია, დაპატიჟებული ხარ, მაგრამ საქმეს, მოდი, ადრე მოვრჩეთ. ასე, თერთმეტისთვის გამოდი, მანანა უკვე წასული იქნება… ეგ ამანათი, პირველ რიგში, ჩვენი საქმეა“. „ჰო, ეგრე აჯობებს,“ – სწრაფად თანხმდება ძმა. “კაი, აბა დილამდე“, – მშვიდად პასუხობს სოსო, წყვეტს საუბარს, თიშავს მობილურს, ცრის კბილებში „წურბელა“ და ისევ სარკეს უბრუნდება.

(მალე ეკრანზე ცოტა ხნით ვხედავთ სოსოს ეშხიან ქორწილში. ყველანი მხიარულობენ, ირგვლივ ჭამა-სმა, სიმღერა, ცეკვა-თამაშია, სოსო კი ჩაფიქრებულა, თითქოს ამ ქვეყნად არაა… მომდევნო ხანგრძლივი მიზანსცენა კი იწყება იმით, რომ მეორე დილით სოსო, ძმის მოსვლისა და ამანათის გახსნის მოლოდინში, უკვე ჩაცმული და გაპარსული, სავარძელში ნერვიულად ცქმუტავს და სიგარეტს ეწევა. უფროს ძმას მოსვლისთანავე ჯერ ადრე საგანგებოდ მომზადებულ ორმოცდაათლარიანს აძლევს, შემდეგ ამანათს გამოართმევს და მაგიდაზე დადებს, ყავასაც აადუღებს უმნიშვნელო რეპლიკების უწყინარი გაცვლის ფონზე, მერე კი ძმები ერთად ხსნიან ამანათს, რომელიც, როგორც ირკვევა, შეიცავს ძველებური ყაიდის რაღაც სქელ დავთარსა და გახსნილ კონვერტში ჩადებულ წერილს – მამის (საბჭოთა უშიშროების გენერლის) შვილებისადმი ოცდაათი წლის წინათ მიწერილს. წერილს ჯერ უფროსი ძმა – ვასიკო – კითხულობს და მერე ფურცელს უხმოდ უმცროსს გადაცემს.

პირველივე სერიაში მაყურებლისთვის ცხადი ხდება, რომ წინდახედული მამის მიერ შვილებისადმი ოცდაათი წლის წინათ მიწერილი წერილი სინამდვილეში რაღაც მოკლე ინსტრუქციის მსგავსი გზავნილია, ხოლო ამანათში ჩაყოლებული დავთარი შეიცავს საიდუმლო (და, სავარაუდოდ, სამარცხვინო) ინფორმაციას მამის თანადროულ ცნობილ და გავლენიან პერსონებზე – ანუ მათი საქმიანი და ადამიანური რეპუტაციის შემლახავ ძლიერ კომპრომატებს. ამ ცნობებს თან ერთვის ხსენებული პერსონალიების საკმაოდ გრძელი სიაც. თანდათანობით მაყურებლისთვის ისიც გასაგები ხდება, რომ ამგვარი სიის გამოქვეყნება (თუ რაიმე სხვა ფორმით მისი გამოყენება), მიზეზთა გამო, ოცდაათი წლის წინათ შეუძლებელიც იქნებოდა და უსარგებლოც, მაგრამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე და ქართულ პოლიტიკურ სამზარეულოში კარგად ჩახედულმა გენერალმა კაცმა წინასწარ გათვალა ქვეყანაში ახალი სიის შემობერვაცა და ისეთი დროის შემოსვლაც, როდესაც მის მიერ მოპოვებული და შემონახული ინფორმაცია მისი შვილებისთვის შესაძლოა ოდესმე გამოსადეგი გახდარიყო – იმის გათვალისწინებით, რომ სიაში ხსენებულ გავლენიან პერსონალიებს ოცდაათი წლის წინათაც ასევე ჰყავდათ შვილები.

(აქ უპრიანია აღინიშნოს, რომ სერიალის მოქმედების ძირითადი სივრცეა ქალაქი თბილისი, კერძოდ კი მისი ერთობ ელიტარული ვაკის რაიონი, ხოლო ძირითადი დრო – აწმყო შობილი წარსულიდან).

სწორედ ვაკეში ცხოვრობენ ამჟამად, სხვადასხვა სახლებში, მაგრამ ერთმანეთის მეზობლად, ორი ძმა ლაბაძეები – უფროსი ვასიკო და უმცროსი სოსო. ერთ-ერთ საწყის სერიაში – უკვე სიის შიმნაარსის ძმების მიერ გაცნობის შემდგომ – შევესწრებით სოსოს დიალოგს მის მეუღლე მანანასთან, ფრიად სიმპათიურ, კარგად მოვლილ და შესანიშნავად შენახულ ქალთან, რომელიც სოსოზე ოთხი-ხუთი წლით უმცროსი უნდა იყოს. ამ დიალოგიდან ნათელი ხდება, რომ მამის გარდაცვალებიდან გასული ოცდაათი წლის მანძილზე (ანუ 1986-დან 2016-მდე) უფროსი ძმა ვასიკო სწორედ მამის, გენერალ რობერტ ლაბაძის, მიერ დანატოვარ შესაშურ ხუთოთახიან „საგენერლო“ ბინაში ცხოვრობს, ხოლო მასზე ორი წლით უმცროსი სოსო, რომელსაც მანანა ცოლად 90-იანი წლების შუაწელში გაყვა და რომელიც დღეს უკვე ორი შვილის პატრონია, დღემდე სიდერ-სიმამრთანაა ჩასიძებული. ძმებ ლაბაძეებს დედა ადრე გარდაცვლიათ და ცხოვრების დიდ გზაზე უკვე მოზრდილი ბიჭები დაქვრივებულ გენერალ მამას პრაქტიკულად ნათესავების დახმარების გარეშე და თავისი კავშირებისა და ავტორიტეტის წყალობით დაუყენებია. საწყისივე სერიებიდან თანდათან ისიც ირკვევა, რომ გენერალმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, შეიტყო რა თავისი უმძიმესი სენის შესახებ (არაოპერაბელური კიბო), ბოროტად გამოიყენა დაკავებული თანამდებობა და სამსახურეობრივი წესების გვერდის ავლით, ასე ვთქვათ, ისტორიისთვის, საიდუმლო საბუთების კოპირებასა და პირადი დოსიეს შედგენას შეუდგა. დაახლოებით იმავე დროს მას შეუდგენია ანდერძიც, რომლის თანახმადაც ვაკის ბინის მფლობელი მისი სიკვდილის შემდეგ უფროსი ვაჟიშვილი – ანუ ვასიკო – უნდა გამხდარიყო. უმცროსი ბიჭი მამას ცოტა ქარაფშუტად მიაჩნდა, ვინაიდან სოსოს ბავშვობიდანვე გამოკვეთილად ჰუმანიტარული აზროვნება ახასიათებდა (რაც მამას ძალიან არ მოსწონდა). მომდევნო სერიებში უფრო დეტალურად გამოჩნდება, რომ მამის ნებამ დიდწილად განსაზღვრა შვილების პროფესიული მომავალი. ვასიკო ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მამის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა – მისგან საქმის კაცი დადგება და მასახელებსო, ამბობდა ხოლმე გენერალი. უმცროსი და წიგნისა და კითხვის მოყვარული სოსო კი, მამის აზრით, უფრო ცაში დაფრინავდა და დაფარფატებდა და ნამეტანი ამჩატებული იყო გენერლის შვილისთვის. მართლაც ცოტა ცერცეტი ხასიათის სოსელო სტუდენტობიდანვე (იგი პარტმუშაკების „სამჭედლო“ ისტორიულზე სწავლობდა, მამამ ეს მაინც გაუხერხა) მწერლობას იყო შეჭიდებული და დასკვნით მეხუთე კურსზე მწერალთა კავშირის ახალგაზრდული სექციის წევრიც გამხდარა. არც ერთი ძმა ჯარში არ გაუწვევიათ – გენერალ ლაბაძის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგაც საკმარისი გავლენით სარგებლობდა, რათა ვასიკოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამეცნიერო გზა მოსკოვის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტიტუტის ასპირანტურაში გაეგრძელებინა (რასაკვირველია, ამას თვით ვასიკოს „წითელმა დიპლომმაც“ შეუწყო ხელი). რაც შეეხება უმცროს ძმას, ისტორიულზე სწავლას რომ მორჩა, საბჭოთა ქვეყანა უკვე დაშლის პირას იყო მისული და უმაღლესდამთავრებულ ახალწვეულებს რუსეთში სამხედრო სამსახურის გასავლელად აღარ აგზავნიდნენ, ასე რომ, ჯარმა არც მას უწია, ხოლო მამის ავტორიტეტი მაინც გამოადგა – მალევე ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შტატში ჩაირიცხა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. ამ დაწესებულებაში ყოველდღე სიარული საჭირო არ იყო, მეცნიერები ძირითადად სახლში მუშაობდნენ, ესოდენ რბილი სამუშაო რეჟიმი კი თითქმის იდეალურ პირობებს უქმნიდა სოსოს იმისთვის, რომ საყვარელი საქმით – მწერლობით –  დაკავებულიყო. საკუთარი ნების დაფიქსირებით ჯერ კიდევ სავსებით საღ გონებაზე მყოფმა გენერალმა ბინა უფროსს ძმას უანდერძა, საკმაოდ ძვირფასი ანტიკვარიატისა და ნახატების კოლექციის დიდი ნაწილი კი – უმცროსს. ასე და ამგვარად სცადა გენერალმა ძირშივე ჩაეხშო ძმებს შორის მოსალოდნელი კონფლიქტი, რადგან არ სურდა, რომ ძმები ერთმანეთს რაღაც ბინის გულისთვის წაკიდებოდნენ (თუმცა, საბოლოო ჯამში, პირიქით კი გამოუვიდა). ანდერძის შინაარსი მამამ შვილებს არ დაუმალა, მაშინ (1986-ში) ვასიკო ოცი წლისა იყო, სოსო კი თვრამეტისა. თითქოს ბუნებრივიც კი იყო, რომ მამამ ბინა იმას დაუტოვა, ვისაც, სავარაუდოდ, ოჯახი პირველს უნდა შეექმნა და ვისი მომავალიც, იმხანად პრესტიჟული პროფესიის წყალობით, უფრო გარანტირებული ჩანდა. ასე რომ, ვინაიდან ბინა მამის სიკვდილის შემდეგ პირდაპირ ვასიკოზე გადაფორმდა, მალე ჩამომდგარ საყოველთაო პრივატიზაციის ხანაში მის სრულ მფლობელობაშიც გადავიდა. მამის უკანასკნელად გამოხატული ნებისადმი მორჩილებით გამსჭვალულ სოსოს მაშინ არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს, თანაც მის ხელში გადასულ სურათებში რამდენიმე ძვირფასი ტილოც აღმოჩნდა – აივაზოვსკი, პოლენოვი, სურიკოვი, ქართველებიდან კი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ნათელა იანქოშვილი…

სქელი დაბეჭდილი კონვერტი მამამ სწორედ ანდერძის დაწერის შემდგომ დღეებში ვასიკოს სოსოს თანდასწრებითა და გარკვეული დათქმით გადასცა – მამის სურვილითა (თუ ახირებით) ძმებს ის ერთად უნდა გაეხსნათ ზუსტად იმ დღეს, როდესაც უმცროსი სოსო ორმოცდაათი წლის გახდებოდა, ანუ ოცდაათი წლის შემდეგ (ძმების დიალოგიდან ისიც ირკვევა, რომ სიკვდილის პირას მამას შვილებისთვის უთქვამს: ამ კონვერტს უფრო ადრე თუ გახსნით, წესიერად ვერ გამოიყენებთ, უფრო გვიან კი შეიძლება აზრი დაეკარგოსო, კვდება ხალხი… 2018 მაინც ნამეტანი შორსააო, ხოლო 2016-ს კიდევ არაუშავსო, და კონვერტს ზემოდან პასტის კალმისტრით დააწერა – „გაიხსნას სოსო ლაბაძის იუბილეზე, როცა ორმოცდაათის გახდება, აუცილებლად ვასილი ლაბაძის თანდასწრებით“).

აღსანიშნავია, რომ უფროსო ძმის პირველი რეაქცია ამანათის გახსნის, წერილის წაკითხვისა და დავთრის გადაშლის შემდეგ ასეთია: „რა დროს ეგაა? მეც არ მეგონა… მოდი დავწვათ ეს მაკულატურა, რაღა დროს ამ ნაგავში ქექვაა?“ – და ვასიკომ სანთებელას დაუწყო ხელში ტრიალი, მაგრამ სოსოს  უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და დასძინა, ასეთ საქციელს მამა არ მოგვიწონებდაო.

ალბათ, არ იქნება დაგვიანებული თუ გაგიმხელთ, რომ სერიალს მთელ გაყოლებაზე (ანუ ასე 40-50 სერიის მანძილზე) ღერძად გასდევს (და საბოლოოდ ლოგიკურ დასასრულსაც მიაღწევს) ერთი ძირითადი – ძმათაშორისი – კონფლიქტი, რომლის საფუძველში უმცროსი ძმის მამისადმი გულში ჩარჩენილი წყენა ძევს (რასაკვირველია, ბინისა და უსამართლო ანდერძის გამო) და რომელიც ვითარდება რამდენიმე მეორე პლანის კონფლიქტის ფონზე. პირველი სერიიდანვე ჩვენ ვხედავთ და ვხვდებით, რომ კონფლიქტში მონაწილე ორივე ძმა – წარმომავლობისა და ასაკის ძალით – მიმდინარე ახალ დროებაშიც აწ გარდასული საბჭოთა ხანის პირმშოებად რჩებიან (თუნდაც, განსხვავებული ფორმით), რამეთუ მოვლენათა ძაფი სინამდვილეში უწყვეტია. ამდენად, მათ შორის კონფლიქტი წარსულის მიმართ მუდმივი – თუმცა, შეფარული – ნოსტალგიის ფონზე მიმდინარეობს, რაც მთელი სერიალის მანძილზე გმირების ცალკეულ და ნაკლებად იდეოლოგიზირებულ რეპლიკებში ვლინდება ხოლმე. მამის გარდაცვალების მომენტში ორივე ძმა ჯერ უცოლოა. ფიზიკოსი ვასიკო მერეც სულ ასე მარტოხელა რჩება, ცოლს არა და არ ირთავს; სამაგიეროდ სოსომ ცოლი მამის გარდაცვალების შემდეგ  მალევე მოიყვანა, რაღაც ორ წელიწადში (პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირი სულს უკვე ღაფავს, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ წაქცეულა). სოსომ იქორწინა მაშინდელი თბილისის ერთ-ერთი საკმაოდ შეძლებული და ელიტარული ოჯახის პირმშო ქალიშვილზე. მოხდა ისე, რომ ვასიკომ თავის ბინაში (ეს უკვე მისი ბინა იყო) ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი არ შემოუშვა, სოსომაც – თუმცა, ბუნებრივია, ნაწყენი დარჩა – აარიდა თავი კონფლიქტის გამწვავებას და ჩასიძება არჩია, გამომდინარე იქედან, რომ ცოლის ოჯახს ჰქონდა ამის შესაძლებლობა. არ იყო ეს მისთვის სასიამოვნო, მაგრამ რა ექნა – მამის აშკარად გაცხადებული ნების საწინააღმდეგოდ ვერ წავიდოდა…  პირველ ხანებში მისი ჩასიძება ახალშექმნილ ოჯახს რაღაც განსაკუთრებით მძიმე პრობლემებს არ უქმნიდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მამის დანატოვარი ბინა ძმებს შორის ჯერ ფარული, შემდეგ კი ღია დავის საგანი ხდება (მაყურებელს ამაზე, პირველ რიგში, მთელი სერიალის მანძილზე მანანას და სოსოს შორის ხშირი და მკვეთრი დიალოგები მიანიშნებს, მანანა მუდმივად აგულიანებს და აქეზებს მეუღლის უფროსი ძმის წინააღმდეგ). მანანას პრეტენზიებს მართლაც აქვს ობიექტური საფუძველი. მას შემდეგ რაც მეუღლეთ ჯერ ბიჭი – რობერტი (გენერალი პაპის პატივსაცემად) და შემდეგ გოგონა – მაკა – შეეძინათ, მანანას მშობლების ბინაში სივიწროვემ იჩინა თავი. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება მას მერე, რაც ცოლს გაეყრება და უკან, მშობლების ბინაში დაბრუნდება, მანანას უფროსი ძმა კოტე. კოტე, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, თავისი ცხოვრების წესითა და ზნე-ჩვეულებით (ზედმეტი პირდაპირობა, იარაღის ტრიალი, ძმაკაცებში ქეიფის უზომო სიყვარული, ნარკოტიკებთან შეხება, საუბრისას უწმაწური სიტყვების წამდაუწუმ ხმარება) ძალზე განსხვავებულია მის ოჯახში ჩასიძებული სოსოსგან. იმავდროულკად, კოტეს მაინც ყოფნის იმის თანდაყოლილი კეთილშობილება, რომ ეს ბინა თავის დას იურიდიულად არ გაუყოს, თანაც მისი ერთადერთი ვაჟი – კობა (რომელიც იმ პერიოდში საშუალო სკოლას ამთავრებს) – კოტეს ყოფილ ცოლთან, ქალბატონ ლამარასთან რჩება და დედასთან იზრდება.

რაღაც სერიიდან მოყოლებული – განსაკუთრებით იმ მომენტიდან, როცა კობა უმაღლესში ჩააბარებს და სტუდენტი გახდება – სერიალში სულ უფრო იკვეთება, როგორც ძირითადები, კოტესა და თვით კობას ხაზები. თავად კობა წარმოჩინდება როგორც საკმაოდ დაბნეული, არათანმიმდევრული, ზედმეტად ემოციური და იმპულსური, თუმცა სიმართლის მოყვარული და შინაგანად სამართლიანი ბუნების მქონე ყმაწვილი. ფილმის ავტორები ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას კოტეს გამუდმებულ მცდელობებზე როგორღაც თავი დააღწიოს კრიზისულ ვითარებას – გინდა ოჯახში, გინდა გარემოში – და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ თვით კოტე ამ კრიზისის მიზეზებს წმინდა მატერიალურ ფაქტორებში ხედავს. რეჟისორიც და სცენარისტიც თითქოს ცდილობენ დაგვისაბუთონ (ან, უფრო სწორად, ისეთი შთაბეჭდილება შეგვიქმნან), რომ მამა კოტე საქართველოს გზააბნეული, თუმცა ბნელი წარსული, ხოლო შვილი კობა – თავისი დადებითი თვისებებითა და პირდაპირობით –  საქართველოს არანაკლებად გზააბნეული, თუმცა მაინც ნათელი მომავალია.

კოტე, აბა, რის წარსული იქნებოდა, კრიზისიდან ამობობღვის უკანონო და მრუდე გზები რომ არ ეძიოს და ამ მცდელობებში საკუთარი ახლობლების ჩათრევა არ სცადოს! მას შესანიშნავად ესმის, რომ  მისი დისქმარის მოთმინების ფიალა თითქმის გადავსებულია და სოსო უკვე ბევრ რამეზეა წამსვლელი, ოღონდ როგორმე ახალ ბინაში გადასასვლელად საკმარისი ფული იშოვოს. ერთ-ერთ მორიგ სერიაში კოტე სწორედ სოსოს მეშვეობით შედის კონტაქტში ამ უკანასკნელის ძმაკაცთან, ბიზნესმენთან და პარლამენტის დეპუტატთან ვინმე კიაზო ნაცვალაურთან (კიაზოს მამა და გენერალი ლაბაძე ოდესღაც ოჯახებით მეგობრობდნენ). კიაზო სთავაზობს ვასიკოს – როგორც სოსოს პროტეჟესა და მამის მეგობრის შვილს – მონაწილეობას კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობის მეტად სარისკო ბიზნესში.

პარალელურად მაყურებელი გებულობს, რომ კოტეს სიმამრს (ბატონ ზურაბს) თავის დროზე პოლიტიკურ გათვლებსა და არჩევანში მაგრად შეშლია, რადგან თავიდან ნამეტანი ღია გულითა და გახელილი თვალებით მიმხრობია ზვიად გამსახურდიას პირველ ეროვნულ მთავრობას. მოგვიანებით კი, სამხედრო გადატრიალეის შემდგომ ხანაში, შებღალული რენომეს აღდგენა და, ასე განსაჯეთ, თავისუფლების შენარჩუნებაც კი, დიდი ჯაფის, გარჯისა და ხარჯის ფასად მოუწია (ყოველივე ეს, მთელ რიგ მიზანსცენებში აისახება და შიდასაოჯახო გულის მოფხანის საგანი ხდება). ერთი სიტყვით, ბატონი ზურაბი იმ პერიოდში ყველაზე უარეს სცენარს კი გადაურჩა, მაგრამ სერიოზულ საქმეებს საბოლოო ჯამში ჩამოაცილეს, გააფუჭეს კაცი. წარმატებული წლებიდან რაღაც დანაზოგი კი შერჩა, მაგრამ არც იმდენი, რომ დამატებით ერთი პატარა ბინა მაინც შეეძინა – თუნდაც კოტესთვის, არათუ სიძე-ქალიშვილისთვის. რა თქმა უნდა, ამ შიდასაოჯახო აბლაბუდაში გახვეული ყველა თანამონაწილესთვის სწრაფად ხდება ცხადი, რომ გაფართოების ბუნებრივი რესურსის როლის შესრულება მხოლოდ ვასიკო ლაბაძის მამისეულ ბინას ძალუძს, მაგრამ ტკბილი სიტყვით საქმის მოგვარების რამდენიმე მცდელობა მარცხით სრულდება. ხუთოთახიან ვაკის ბინაში ეულად მცხოვრები ვასიკო თავიდანვე არაფერს თმობს, ჯიუტად ებღაუჭება ანდერძით მიღებულ და დაკანონებულ ქონებას და არ თანხმდება მისი საბინაო მდგომარეობის შეცვლისკენ მიმართულ არც ერთ შემოთავაზებულ ვარიანტს. ის ყოველთვის უარით ისტუმრებს სოსოს მიერ ხან ირიბად და ხან პირდაპირ გამოხატულ სურვილებსა და თხოვნებს მამისეული ბინის სარფიანად გაყიდვისა და ამოღებული დიდძალი თანხის არათანაბრად – უფროსი ძმის სასარგებლოდ – გაყოფის შესახებ (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბინის საბაზრო ფასი იმ წლებში – უკვე 90-იანების მეორე ნახევარია – საორიენტაციოდ 150-200 ათას დოლარიანი ნიშნულის მახლობლად მერყეობს).

საქმე ისაა – რაც, სერიალის საწყის ეტაპზე პერსონაჟების ცალკეული გესლიანი რეპლიკებიდან, მომდევნო სერიებში კი თავად სასიუჟეტო ხაზის თანმიმდევრულად განვითარებიდან ირკვევა, – რომ, თუმცა, ძმები ლაბაძეები ოდესღაც (საბჭოთა ეპოქაში) დაახლოებით ერთნაირად იყვნენ შერწყმულ-შეგუებულნი აწ უკუგდებული სოციალური წყობილების ჩვეულ გარემოსა და ქცევის მაშინ მიღებულ ნორმებს, შემდეგ ვითარება შეიცვალა.  წინა ცხოვრებაში სწორედ უფროსი ძმა ითვლებოდა უფრო წინწასულ, დალაგებულ, წარმატებულ, შემდგარ პიროვნებად. მოსკოვის ინსტიტუტში გატარებული ასპირანტურის წლები, მანდვე დაცული საკანდიდატო, დაბრუნების შემდეგ თბილისის პრესტიჟულ კვლევით დაწესებულებაში ლაბორატორიის გამგედ დაწინაურება – ყოველივე ეს თითქოს იძლეოდა შემდგომი ცხოვრებისეული წინსვლის ერთგვარ გარანტიას. მაგრამ ძველი ქვეყნის დაშლისა და დაქვევისდ კვალობაზე, მოიშალა და თან მიყვა ქვეყანას კვლევითი ინსტიტუტების სისტემაც. გამონაკლისი არც ვასიკოს ინსტიტუტი აღმოჩნდა. მართაკია, თავის უღიმღამო არსებობას ვასიკოს დაწესებულება ფორმალურად მაინც აგრძელებს, მაგრამ მუდმივად კლინიკური სიკვდილის რეჟიმშია. წლების განმავლობში არა ხელფასი, არა გრანტი, არა პრემია, არც რეალური სამუშაო – და ასე თითქმის დღევანდელ დღემდე, როდესაც საერთო მდგომარეობა ცოტა გამოსწორდა და ინსტიტუტში შერჩენილმა თანამშრომლებმა ოდნავ ამოისუნთქეს (სამეცნიერო გარემოს ამსახველი კადრების ჩვენება ხდება ფრაგმენტარულად, ერთმანერთისგან დაშორებულ რამდენიმე სერიაში. აქ გამოჩნდება, რომ ვასიკო კაი ხანია, რაც ყოფილი გამგეა, მისი ლაბორატორია გაუქმებულია და მას სამსახურში ძველებურად პატივს აღარ სცემენ). ამდენი უმაქნისი წლის განმავლობაში ვასიკომ, ყველაფერთან ერთად, ბუნებრივი დეკვალიფიკაცია განიცადა, ძველი მეგობრებისა და კოლეგების უმეტესობაც შემოეცალა – ყველას თავის გაჭირვება ყოფნიდა. ამიტომ არაა გასკვირი, რომ შედეგად ვასიკოს საკუთარი თავის რწმენა შეერყა, მომავლის იმედი ჩაუქრა და სმასაც მოუხშირა – დეგრადაციის მთელი ეს პროცესი (მისი ჩვენება რეჟისორისა და მსახიობებისგან განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს) სერიალში ძმებს შორის გამართული დიალოგებიდან, უფროსი ძმის ქცევის მიმართ სოსოს დაუფარავი აღშფოთებიდან, სერიალის გმირების ცალკეული რეპლიკებიდან და თვით ვასიკოს ლოთიანი მონოლოგებიდან ირკვევა. სწრაფად, პირველსავე სერიებში, ხაზი ესმევა იმ გარემოებას, რომ ვასიკო ამჟამად უცოლო მარტოხელა კაცია, უფუნქციოდაა დარჩენილი და ლაბორატორიაც კარგა ხანია მიუხურეს. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, უმცროსი ძმა ჯერ მაინც ბოლომდე არ სწირავს უფროსს, ხშირად ერთჯერად მატერიალურ დახმარებასაც კი უწევს – განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში – მაგრამ ეს არავითარ გავლენას არ ახდენს ვასიკოს პოზიციაზე საბინაო საკითხში. არადა, ამჟამად ვასიკო ფაქტიურად ხელით სათრევი უმუშევარია, ეგაა რომ ჯერ კიდევ ფორმალურად ირიცხება თავის ინსტიტუტში უმნიშვნელო თანამდებობაზე. არცაა გასაკვირი, რომ ის ვერ შეეგუა ახალ წყობაზე ქვეყნის გადასვლას, ხშირად განიცდის დეპრესიას საკუთარი უმწეობისა და უსუსურობის გამო, სასტიკად იტანჯება იმის შეგრძნებისგან, რომ აღარავის – საკუთარი ძმის ჩათვლით – აღარ სჭირდება დედამიწის ზურგზე. ამიტომაცაა სმას რომ მიეძალა და თანდათანობით უბანში გამოუსწორებელი ლოთის სახელიც დაიმკვიდრა. ისე დაეცა, რომ ჯიხურებში შეძენილი იაფფასიანი არყითა თუ სპირტით გაბრუების მანიაკალური სურვილის დასაკმაყოფილებლად უბნის ცნობილ ლოთებთან – ადრე გვერდით რომ არ გაივლიდა, ისეთებთან – ქუჩაში დალევასაც აღარ თაკილობს (ესეც ნაჩვენებია მრავალ შესაბამის მიზანსცენებში). მუდმივი უხელფასობის პირობებში წლების განმავლობაში ვასიკოს საკუთარი თავის რჩენაცა და ელემენტარული (სმაც უკვე „ელემენტარული“ გახდა) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც რაღაც ოჯახური ნივთების, მამის მიერ მისთვის ორიოდე (დანარჩენი სოსოს ერგო) დანატოვარი სურათის გაყიდვით ოდესღაც შემოსული თანხითა და უმცროსი ძმის მიერ დრო-დრო მისთვის მიგდებული ფულის საშუალებით უწევს. მოკლედ, მამის გარდაცვალების ოცდამეათე წლისთავზე, მიმდინარე 2016-ში, ყველაფერი ღირებული უკვე გაყიდულია და ვასიკოს მხოლოდ ვაკის შუაგულში მდებარე ეს სოლიდური ბინაღა შერჩენია ხელში. ბინას კი ვასიკო ვერ ელევა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ სწორედ ეს ბინა გახლავთ მისი ყოფილი ოჯახური ბედნიერებისა და სიძლიერის დღემდე შემორჩენილი სიმბოლო, ერთადერთი უწყვეტი ძაფი, რომელიც წარსულში გადაჭიმულა და ბავშვობის ტკბილ მოგონენებთან აკავშირებს მას ამ სასტიკ სამყაროში. ამ ბინის მფლობელობა მეტნაკლებად უკმაყოფილებს პიროვნული ღირსების გრძნობას. უფრო სწორად მის ნაშთს – რამეთუ სჯობს იშიმშილოს, ვიდრე გაყიდოს ან ძმის ოჯახი შეუშვას შიგ.

უმცროსმა ძმამ კი, უფროსისგან განსხვავებით, მეტნაკლებად მოახერხა ახალ დროებასთან ადაპტირება (ამის ჩვენებაც უბედური ვასიკოს თავგადასავლების ფონზე ხდება). როგორც უკვე აღინიშნა, განათლებით ისტორიკოს კაცსა და ისტორიის აკადემიური ინსტიტუტის რიგით თანამშრომელს, გარკვეული ლიტერატურული ნიჭი და შესაბამისი მისწრაფებები ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე (უკვე ბოლოსკენ) აღმოაჩნდა, მერე კი, უკვე განახლებულ და დამოუკიდებელ საქართველოში, მან რაღაც სახელიც მოიხვეჭა და რამდენიმე წიგნიც გამოსცა – მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ სტილში, ფურცლებზე უხვად მიმოპნეული ფამილიარობებით. განსაკუთრებით ერთმა პატარა რომანმა (სახელად „წილხვედრი“, მიძღვნილი ერთი განარკომანებული და მოდისიდენტო ვაკელი ჭაბუკის ტრაგიკული ბედისადმი) გაუმართლა – წიგნი მოდურიც გახდა, პოპულარულიც, კარგადაც იყოდებოდა და პირველი ლიტერატურული ფულიც მოუტანა ავტორს. ისიც გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა სოსო ლაბაძე თავის პირველ და საკმაოდ უმწიფარ ოპუსებს ჟურნალებსა და გაზეთებში აქვეყნებდა (სხვათაშორის, ამაში ირიბად მამის ავტორიტეტმაც ითამაშა გარკვეული როლი, თუმცა გენერალ ლაბაძეს არასოდეს მოსწონდა სოსოს ლიტერატურული ვნებანი და არასოდეს უზრუნია უმცროსი ვაჟის ოფიციალურ ლიტერატურულ სტატუსზე) ის უპრობლემოდ მიიღეს საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში (იმ წლებში ეს კიდევ რაღაცას ნიშნავდა). ადრე, საბჭოთა ხანაში, სოსო, სავარაუდოდ, არა იმდენად მწერლად, რამდენადაც ერთ ჩვეულებრივ პარტიული ტიპის ლიტერატურულ ფუნქციონერად ჩამოყალიბდებოდა და მისი ნიჭი, მიუხედავად მამის პროტექციისა, საბოლოოდ მაინც აუცილებლად დაითრუნებოდა. მაგრამ ვინაიდან ისტორიულ ჟამთა დინებამ სვლაგეზი შეცვალა, სოსოსაც მიეცა საკუთარი ძალებს თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობა და მან ამ შესაძლებლობით შესანიშნავად ისარგებლა კიდეც. სინამდვილეში, დემოკრატიის – მიუხედავად ყველა თანმდევი სირთულისა და სნეულების – სიის მძლავრად შემოჭრამ და დაბერვამ დაჭაობებული საზოგადოებაზეც და ამ ახალგამოჩეკილ ქართველ ლიტერატორზეც მხოლოდ დადებითი ზეგავლენა მოახდინა. სოსო ლაბაძე ერთ-ერთი პირველთაგანი აღმოჩნდა იმ ავანგარდისტულ. მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ კოჰორტაში, რომელმაც წერა თავისუფლად და ლაღად, ეროტიკული და ზოგჯერ უწმაწური ტერმინოლოგიის ფართო მოშველიებით დაიწყო. წიგნების გამოცემაში მას თავიდანვე ადრე ნახსენები მსხვილი ბიზნესმენ-პოლიტიკოსი და იმპორტიორთა კლუბის საპატიო თავმჯდომარე კიაზო ნაცვალაური ეხმარება, რომელიც სოსოსთან მამების მეგობრობიდან გამომდინარე ახლობლობს. გარდა ამისა, კიაზო ათწლეულების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა პარლამენტების უცვლელი წევრი და საპარლამენტო ფრაქცია „ძველების“ ერთ-ერთი ლიდერიცაა. კიაზო არა მარტო პერსპექტულ ქართველ მწერალს ასპონსორებს, არამედ საქმეს ისე შემოაბრუნებს, რომ მისგან გვარიანად დავალებული სოსოს მეშვეობით ერთ მშვენიერ დღეს მოიხმობს თავის გუნდში „ახალ სისხლს“, ბნელი საქმეების პოტენციურად უზადო შემსრულებელს, სოსოს ცოლისძმა კოტეს – აი, სწორედ იმ აფხაზეთგამოვლილ და რისკიან კოტეს, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ოჯახი შემოენგრა ხელში და ამჟამად დიდ დისკომფორტს განიცდის მისი დის ბინაში ჩასიძებულ სოსოსთან ერთ ჭერქვეშ იძულებითი თანაარსებობის გამო. კიაზო შეეცდება კოტეს კონტრაბანდული იარაღით მეტად სარფიან, თუმცა ფრიად სარისკო სავაჭრო სქემაში ჩართვას. ამ გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილება ნაცვალაურის წყნეთის აგარაკზე სოსოს თანდასწრებით. სოსო, როგორც კიაზოს სანდო პირი, ამ შეხვედრაზე კოტეს მანქანით ამოიყვანს და აწი, უნდა თუ არ უნდა, ამ დაგეგმილი ბიზნეს-ოპერაციის თანამონაწილეა. თანდათან „სამეულისთვის“ ცხადი ხდება, რომ ამ გეგმის საბოლოო წარმატება და მოგების მიღება ერთ-ერთი მინისტრის პოზიციაზეა დამოკიდებული და პარტნიორები წყნეთის მორიგი „სერობის“ დროს იმაზეც ბჭობენ, თუ რომელი მხრით აჯობებს მიადგნენ ამ მინისტრს. ბოლოს, მინისტრის მიმართ სოსოს წინადადებით შერჩეულ იქნება მზაკვრული მიდგომა – წარსულით დაშანტაჟება (აი, სად გამოადგა სოსელოს მამის მიერ ოდესღაც შედგენილი სია, რომელშიც მან ამ მინისტრის – მაშინ აქტიური ოპოზიციონერის – გვარიც, „კლიჩკაც“ და შესაბამისი მაკომპრომეტირებელი ფოტომასალაც აღმოაჩინა). ამ საბუთების ასლს სოსო ნაცვალაურს ხელიდან ხელში გადასცენს. მოგვიანებით, ერთ-ერთ მომდევნო სერიაში კი ნაცვალაური ამ მასალას პირადი შეხვედრისას მიზანში ამოღებულ მინისტრს გააცნობს და – იმავდროულად და საპირწონედ – ამ უკანასკნელს,  თუკი ის მის იმედს გაამართლებს, მოსალოდნელი მოგებიდან წილსა და პარლამენტში „ძველების“ სრულ მხარდაჭერას შეპირდება..

ამავე პერიოდს ემთხვევა სოსოს მორიგი ლიტერატურული წარმატება. მას უმართლებს – მისი წიგნი იმარჯვებს პოპულარულ კონკურსში „აბო“, რასაც მოყვება ფულის მსხვილი დასტა კონვერტში, რომელიც მას საზეიმო ვითარებაში გადაეცემა რუსთაველის თეატრში ქვეყანაში ერთ-ერთი უცნობილესი მწერლის ხელით. საკმაოდ მალე ეს ნაწარმოები – კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურულ სივრცეზე მომუშავე ერთ-ერთი ევროპელი ლიტაგენტის ძალისხმევის შედეგად – ინგლისურ ენაზე ითარგმნება. თარგმანის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკის დიდი დარბაზში გაიმართება. ამ პეწრიოდში ყველაზე რეიტინგული ქართული ტელეარხები ხშირად პატიჟებენ სოსო ლაბაძეს ინტერვიუს ასაღენად, მხიარულ თუ პოლიტიკურ „შოუებში“ მონაწილეობის მისაღებად და სხვა ყურებად ღონისძიებებზე. სოსოს ვინაობა ამიერიდან კიდევ უფრო ცნობადი ხდება ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა, გენერალურ წარმატებამდე დიდი მანძილია გასავლელი – წიგნის გავრცელებისა და ვაჭრობის ბაზარი ღარიბ საქართველოში, სამწუხაროდ, იმაზე გაცილებით უფრო შეზღუდული ყოფილა, ვიდრე სოსო თავიდან ფიქრობდა, ხოლო ახალ უცხოურ თარგმანებამადე და მაღალტირაჟიან ევროპულ გამოცემებამდე ჯერ კიდევ შორსაა. სოსოს შემოსავალი – მისი წარმატებებისა და მამის მიერ მისთვის დანატოვარი ანტიკვარიატის (რომელიც სანახევროდ ისედაც უკვე გაყიდულია) გათვალისწინებითაც კი – ნამდვილად არაა საკმარისი იმისთვის, რათა მან საკუთარი ოჯახის გაზრდილი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს (თან შვილები ეზრდება, თან კი გვარიანად მოხუცებული და საქმიანი ცხოვრების სწრაფი დინებიდან ნაპირზე ამოგდებული სიმამრი ვეღარაფრით ეხმარება მას). მაგრამ ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ სოსოს თავის საბრძოლო არსენალში მძლავრი ბერკეტია შემონახული – უშიშროების აწ გარდაცვლილი გენერლის ხელით შედგენილი და სავსებით ავთენტური აგენტურული სია. შეგახსენებთ, რომ რობერტ ლაბაძის მიერ შვილებისადმი გადაცემული საბუღალტრო დავთარი შეიცავს ყოფილი აგენტების ჩამონათვალს მათი მაშინდელი მისამართების, „კლიჩკებისა“ და ჭეშმარიტი გვარ-სახელების გაშიფრვითა და დართული ფოტომასალით. როგორც ჩანს, მამას სწორედ ასეთი, მისთვის ხელმისაწვდომი სპეციფიკური ხერხით, სურდა ხელი გაემართა შვილებისთვის და, ასე ვთქვათ, „იმ ქვეყნიდან“ დახმარებოდა მათ სამომავლო ცხოვრების აწყობაში; სურდა, რომ მათ მოსალოდნელ ,კრიტიკულ ვითარებაში ასე მაინც გაერკვიათ თუ ვინ რას წარმოადგენდა მათ გარშემო და ფრთხილად ესარგებლათ ამ ცოდნით. მაყურებლისთის გასაგებია, რომ ამ სიის ხელში ჩაგდებით, სოსომ ზოგიერთ მოქმედ გავლენიან პიროვნებაზე ძლიერი მორალური და იურიდიული ზეწოლის უნარი შეიძინა. ეს იდეალური სიტუაციაა მათი დაშანატაჟებისთვის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად სოსო – განსხვავებით დესოციალიზირებული და დეგრადირებული ძმისგან, – მართლაც ძალზე ფრთხილად ეკიდება მამის უცნაური სურვილით მის ხელთ აღმოჩენილ ბედის ამ საჩუქარს. მიუხედავად, ვასიკოს სურვილისა – განსაკუთრებით მის ჩვეულ მთვრალ მდგომარეობაში – ბევრი იჭარტალოს ამ ამბავზე, ჯერჯერობით ახერხებს მისი მჭერმეტყველების შეკავებას (ძირითადად, თუმნიანებისა და ორმოცდაათლარიანების დრო-დრო მიწოდების საშუალებით), თუმცა ესმის, რომ სიტუაცია არამყარია და ვასიკოზე დაყრდნობა შეუძლებელი. თავად სოსო კი არაფრის ტყუილუბრალოდ გახმაურებას არ აპირებს. განზრახული კი მხოლოდ ამ ფეთქებადსაშიში სიის უმნიშვნელო ნაწილის გამოყენება აქვს – ისიც თუ ეს რეალურად წაადგება მის ფინანსურ მდგომარეობას.

სერიალში (ავტორთა ნებით) წარმოჩინებულია ის გარემოება, რომ სოსო – განსაკუთებით პრემია „აბოს“ მისთვის მინიჭების შემდეგ – იძულებული სულ მეტ და მეტ ანგარიშს უწევდეს ე.წ. „ქართული ელიტარული“ საზოგადოების გემოვნებას, რაც ადრე ნაკლებად ახასიათებდა. ნელ-ნელა სოსო ეჩვევა და ერგება ასეთ ვითარებას, სულ უფრო და უფრო მოსწონს ელიტარულ გარემოში ტრიალი და ცნობილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ხელახალი წარმატების მისაღწევად სრულ მზადყოფნაშია მორიგი კომპრომისებისთვის ცხოვრებასა და ლიტერატურაში – ოღონდ როგორმე დაძლიოს კვარცხლბეკისკენ მიმავალი კიბის  მორიგი საფეხური. პირადი მწერლური ამბიციების ზრდის კვალობაზე, მატულობს მისი ოჯახის მატერიალური მოთხოვნილებები და სოსოს სულ უფრო ხშირად უწევს ფრონცქი და განებივრებული მანანას ახირებათა შესრულება. მეუღლენი ერთმანეთს ხშირად ელაპარაკებიან ფულზე, ცხარედ კამათობენ იმის თაობაზე, თუ როგორ და რანაირად მოახერხონ ოჯახური შემოსავლების გაზრდა (სერიალის შესაბამისი მიზანსცენები სავსეა თანამედროვე ცხოვრების ანგარებით აღსავსე წესებისადმი ზიზღით. ქვეცნობიერად სწორედ ამ წესების დიქტატს გაურბის თავად ანგარებითა და ბოღმით სავსე სოსო, როდესაც სერიალის ბოლო ნაწილში ფარულ რომანს გააბამს საკუთარი ცოლისძმისა და საქმიანი პარტნიორის ყოფილ მეუღლესთან, კოტესგან მიტოვებულ ლამარასთან). საბინაო პირობების გაუმჯობესება კვლავაც ცოლქ,რული ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად რჩება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოსოს არც იმხელა ჰონორარები და შემოსავალი აქვს, როგორიც გაბერილი სახელი… ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სოსოს თვალი ისევ და ისევ იმ მამისეულ ბინაზე უჭირავს, რომელსაც მისი გალოთებული და გამოლენჩებული ძმა მარტომარტო დაპატრონებია. სერიალის შუაწელის ბევრ მიზანსცენში ნაჩვენებია, თუ როგორ უგზოუკვლოდ დაბორიალებს ღვინით სავსე ჭიქით ხელში ვასიკო ლაბაძე თავისი ბინის უსასრულო ობმოდებულ დერეფნებსა და მაღალჭერებიან, ბათქაშჩამოცვენილ ოთახებში  და, ალკოჰოლის ოხშივარით გონებადაბინდული, საკუთარ სულიერ წყლულებს წარსულის მოგონებებით ესალბუნება.

ძმებს შორის უნდობლობა დღითიდღე და სერიიდან სერიამდე მატულობს. მეტიც, სოსო უკვე საკუთარი თავის წინაშეც კი არ ერიდება იმის აღიარებას, რომ ორგანულად ძლივსღა იტანს თავის პარანოიდალურად ჯიუტ უფროსს ძმას – მუდმივად გაუპარსავს, სიმყრალემდე უსუფთაოს, ჩაბანძულსა და გამათხოვრებულს. და მით უფრი უღვივდება სოსოს სიძულვილი ვასიკოს მიმართ, რაც უფრო უტეხად ეღობება ეს უკანასკნელი სოსოს სამომავლო გეგმების შესრულებას, რაც უფრო ეხება უმცროსი ძმის სასიცოცხლო ინტერესებს. სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს ვასიკოს ცხოვრებაში მანამდე უცნობი მანდილოსნის შემოჭრა. კლარა ასე ორმოცდაათს მიტანებული განათხოვარი ქალია, თბილისის ერთ-ერთი დიდი საავადმყოფოს რიგითი ექიმი-თერაპევტი, საკმაოდ სიმპათიური გარეგნობისა და მსუბუქი ხასიათის პატრონი. როგორც მოგვიანებით ირკვევა, ვასიკო მასში ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ყოფილა შეყვარებული, თანაც უიმედოდ. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, კლარას მეუღლე ავარიაში გარდაიცვალა და მთელი ცხოვრება დაქვრივებული ქალი ერთადერთ ქალიშვილს ზრდიდა. სერიალში წარსულის ამ აჩრდილის ვასიკოს ლირიკულ ჰორიზონტზე გამოჩენის შემდეგ, სოსოს წინაშე ახალი პრობლემა ჩნდება – ამიერიდან იმაზეც უნდა იდარდოს, ამ კლარამ არ იმარჯვოს, ვასიკო საბოლოოდ არ შეაბას, ცოლად არ გაყვეს, ბინასთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი საკითხები კიდევ უფრო არ აურ-დაურიოს და საბოლოოდ არ გადაუწუროს სოსოს ბინის ხელში ჩაგდების იმედი. ამასობაში კი რამდენიმე სერიის მანძილზე ვასიკოსა და კლარას შორის ვითარდება, ღრმავდება და სულ უფრო რომანტიკულ ელფერს იძენს პირადი ხასიათის ურთიერთობა. ვასიკოს თანდათან უბრუნდება ნორმალური ადამიანური იერი. ბოლოს და ბოლოს, ის ჯერ არც ისე მოხუცია – მერე რა რომ თითქმის ათწლიანი ლოთობის გამო ნამდვილ ასაკთან შედარებით გაცილებით ხნიერად გამოიყურება, სულ რამდენიმე წლითაა ნახევრსაუკონოვან ნიშნულს გადაცდენილი, მეტი კი არა. ბევრი სწორედ ასეთ ასაკში იწყებს ახალ ცხოვრებას…

მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ტყუილად როდია ნათქვამი. ცვალებადი ფორტუნა ამჯერად სრულიად მოულოდნელად გაუღიმებს სოსოს. საქმე ისაა, რომ ის მამის სიაში შემთხვევით თავად კლარას პერსონალურ მონაცემებს აღმოაჩენს. ძმას ამის შესახებ სოსო არაფერს ეტყვის, სამაგიეროდ ხელსაყრელ მომენტს შეარჩევს, კონფიდენციალურად შეხვდება კლარას (სცენა საავადმყოფოშია გადაღებული) და მძაფრი საუბრის განმავლობაში  მას წარსული საქმიანობის გამხელით დაემუქრება. სოსო დაჟინებით მოსთხოვს კლარას თავი დაანებოს ვასიკოს გარშემო ტრიალს და ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აღუთქვამს მას ათას დოლარს ნაღდი ფულის სახით. კლარა დაუწყებს სოსოს ვაჭრობას და საბოლოოდ მის შემოთავაზებას ორ ათასამდე აიყვანს (თავიდან ქალმა ხუთი ათასი მოითხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. არ გინდა და ნახე მერე რაც მოგივა, თავს ვეღარ გამოყოფ გარეთ – ეტყვის მას ამაზე ბრაზმორეული სოსო, სკამიდან წამოდგება, მართლა დააპირებს წასვლას და ქალს შეეშინდება). ასე და ამდაგვარად, სოსო პირველად რწმუნდება სიის მომნუსხავ და ბოროტ ძალაში – ბოლო ათწლეულის განმავლობაში მასაც რასაკვირველია, ბევრი სმენია პოლიტიკურ შანტაჟსა და მის თანმდევ სიბინძურეზე, ბოლო-ბოლო ქვეყნის სათავეში ამასობაში მოასწრეს მოსვლაც და წასვლაც „ნაციონალებმა“, მაგრამ პირადად მისთვის ბევრი არაფერი იცვლებოდა – პოლიტიკაში არასოდეს ჩარეულა, თუ არ ჩავთვლით მის „სატელევიზიო პოპულარობას“, როგორც ავანგარდისტული ყაიდის მწერლისა… მან კლარას პრობლემა ძირშივე გადაჭრა, მაგრამ რჩება ჯიუტი ვასიკოს პრობლემა, რომელიც თავისი აბნეული ცხოვრებიდან კლარას გაუგებარი და სწრაფი გაქრობის შემდეგ (კლარა მის აღარც ტელეფონის ზარებს პასუხობდა და არც სახლის კარს უღებდა) კვლავ ლოთობისა და დეპრესიის მორიგ წრეს გაუდგება.

ყოველივე ამის ფონზე, უმცროსი ძმის ფარული სიძულვილი უფროსის მიმართ რამდენიმე სერიის განმავლობაში აპოგეას აღწევს და დგება წამი, როდესაც სოსო – ჯერ წმინდა თეორიულად – მაგრამ იწყებს ვასიკოს გზიდან ჩამოცილებისა და ბინის მისაკუთრების პრაქტიკული გზების ძიებას, ის უკვე ხვდება – იძულებულია მიხვდეს, – რომ ვასიკოს მშვიდობიანი ხერხებით ნეიტრალიზება შეუძლებელია, უტოპიაა. კაცმა რომ თქვას, სჯობს საკუთარი თავის წინაშე მაინც აღიაროს, რომ ძველი ძმობისგან აღარაფერი დარჩა და მაყურებელიც უკვე შეგუებულია იმ აზრს, რომ პოპულარული თანამედროვე ქართველი მწერალი ფსიქოლოგიურად მზადაა ბინის გულისთვის ფიზიკურად გაუსწორდეს თავის დეგრადირებულ ძმას (გაბრაზებულ გულზე ერთხელ ამის ხმამაღლა წამოძახებისა ცოლის თანდასწრებითაც კი არ მოერიდება, თუმცა, მანანა მაშინ ქმრის ამ ვერბალურად გამოხატულ შინაგან ნატვრას სერიოზულ მუქარად არ აღიქვამს). მაგრამ სოსო ფრთხილიცაა და ჭკვიანიც: კი, ბატონო, ძალიანაც კარგი და სწორი იქნება, თუკი მოახერხებს და გზიდან დროულად ჩამოიცილებს ამ თავგზააბნეულ ეგოცენტიკოს ლოთს, რომლის მიმართ არავითარი თბილი გრძნობა აღარ შერჩა, მოგონებებშიც კი, მაგრამ ასეთი რამ აუცილებლად სხვისი, უცხო ხელით უნდა გაკეთდეს! ყველაფერს თავი რომ დავანებით, სისხლის ისე ეშინია, გულისრევამდე, რომ საკუთარი ხელით ქათამსაც კი ვერ გამოჭრის ყელს… აი, თუკი მოხერხდა რაღაცის ფასად და საზღაურად… არადა, კიდევ რამდენიმე ათასი დოლარის შოვნა წესით არ უნდა  გაუჭირდეს, ბოლო-ბოლო პოლენოვის პეიზაჟი მეტიც კი ეღირება „შავ ბაზარზე“, – აი მაშინ სულ სხვა საქმე იქნებოდა… მოკლედ, სოსო საგონებელშია ჩავარდნილი – ეგ ხომ ფუჭი ოცნებაა, ქილერების სამყარო ხომ სრულიდ უცხოა მისთვის, სხვა თუ არაფერი, ჩავარდნისა და დაჭერის ეშინია… ხოლო თუ მაიმცდამაინც – ისეთი ქილერია გამოსაძებნი, ვისზეც ვერავინ ვერასდროს იეჭვიანებს და ვერც ხელს დაადებს, და არსებობს კი ბუნებაში ასეთი? სადაა გარანტია? მიუხედავარ იმისა, რომ საქართველოში ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს – როგორც ძველად, მაინც სარისკოა… და სწორედ ამგვარ განზრახვა-ჩანაფიქრებში ჩაღმავებულ სოსოს მოკავშირედ უეცრად გამოადგება თანდაყოლილი ნიჭი, მწერლური ფანტაზია და ბედნიერი შემთხვევა.

როგორც მაყურებელმა უკვე იცის (თუნდაც, წიგნების პრეზენტაციებისა და წყნეთის საქმიანი თათბირის ამსახველი მიზანსცენებიდან), სოსოს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს ბიზნესმენ-დეპუტატ კიაზო ნაცვალაურთან, მის პირად სპონსორთან, ოჯახის ახლობელთან და „ძველების“ საკმაოდ მძლავრი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერთან (ამ ფრაქციის ცალკეული წევრები – მდიდარი „ახალი ქართველები“ – ფულისა და ძველი კავშირების ხათრით ყველა ხელისუფლების დროს საკმარისად მყარად გრძნობდნენ თავს პარლამენტშიც და მის გარეთაც). სოსოს პრემირებული და ინგლისურად თარგმნილ-გამოცემული წიგნის პრეზენტაციაზე კიაზო გამოჩნდება რამდენიმე მაღალჩინოსნისა და გავლენიანი უცხოელი სტუმარის (მათ შორისაა გაეროს, საელჩოების, დონორი ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლები) თანხლებით. თავად ამ პრეზენტაციისა (და განსაკუთრებით იქვე რესტორანში პოსტპრეზენტაციული მცირე, მაგრამ მდიდრული სუფრის) „თბილისი მარიოტის“ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში გამართვის მთელი ხარჯები ასევე კიაზოს ჯიბიდან მიდის. უცხოელებს შორის ეგზოტიკური გარეგნობით გამოირჩევა ვინმე რავინდრა რავინდრაი, კუნძულ ცეილონის მკვიდრი, შრი ლანკას მოქალაქე, წარმატებული ფინანსისტი, საერთაშორისო მაკრობანკის მისიის მაღალი რანგის თანამშრომელი, ეროვნებით სინგალი და სოსოს მომავალი მოკავშირე შავბნელ საქმიანობაში. კამერამ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს ის, თუ როგორ შესციცინებენ თვალებში ამ მიღებაზე ქართველი მასპინძლები აქ მოწვეულ უცხოელებს (იგივე ფენომენი იპყრობს მაყურებლის ყურადღებას ერთ-ერთ მომდევნო სერიაშიც, რომელშიც ასახული იქნებ რავინდრაის სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო მაკრობანკის პროგრამულ დაფინანსებაში ჩართულ ერთ-ერთ ქართულ სახელმწიფო დაწესებულებაში). ხდება ისე, რომ პრეზენტაციის შემდეგ, უკვე სუფრის ბოლოსაკენ, ჩვენი წარმატებული მწერალი და ხსენებული სინგალი ფინანსისიტი ცალკე მაგიდასთან განმარტოვდებიან და იქ, კოქტეილის სმის პროცესში, მათ შორის საკმაოდ ლაღი, გულწრფელი და, რასაკვირველია, უზოგადესი ხასიათის საუბარი იმართება. ირკვევა, რომ, თურმე, რავინდრასთვის – პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებისა თუ რეცენზიების წყალობით – უცხო არც სოსო ლაბაძის პერსონა ყოფილა და არც მისი გახმაურებული ნაწარმოებების სათაურები, ანუ რავინდრას ადრეც სმენია მწერალ სოსო ლაბაძის არსებობის შესახებ და ამიტომაც სიამოვნებით დათანხმებულა კიაზო ნაცვალაურის შეთავაზებას ერთად წვეოდნენ დღეს „თბილისი მარიოტს“. ასე რომ, პრეზენტაციამ ბედნიერი შესაძლებლობა მისცა ამ ლიტერატურის მოყვარულ ფინანსისტს პირადად გაცნობოდა თანამედროვე ქართული მწერლობის ცის კამარაზე აღმომავალ ახალგაზრდა ვარსკვლავს. ამ “საკოქტეილო დიალოგის“ განმავლობაში ტეტ-ა-ტეტ მოსაუბრენი უნებურად მრავალ სხვა საკითხსაც შეეხნენ და საქართველოში მიმდინარე პროცესების განხილვისას რავინდრას რამდენჯერმე წამოცდება სიტყვა „ნეოკოლონიალიზმი“. დიალოგის ბოლოსკენ სინგალი ფინანსისტი მოკრძალებით ხაზს გაუსვამს საკუთარ პოზიციას – კერძოდ, არწმუნებს სოსოს, რომ, მიუხედავად „სისხლისმწოველი“ მაკრობანკის ქართულ მისიაში სამსახურისა და მაღალი ანაზღაურებისა, თავადაც შესანიშნავად ესმის ქართველების ფარული გრძნობები ამ „უსინდისო კაპიტალისტური ექსპანსიის“ (ასე ითქვა) მიმართ, რამეთუ თავადაც უძველესი და ამაყი, თუმცა ჩაგრული და ღარიბი ერისა და ცივილიზაციის შვილია. რავენდრა აღნიშნავს, რომ სინგალურ კულტურაში ოდითგანვე დიდ პატივს სცემდნენ მწერლობასა და მწერლებს, ისიც ვალდებულად თვლის თავს სათანადო პატივი მიაგოს მიმღები ქვეყნის კულტურასა და მის განუყოფელ ნაწილს – ქართულ ლიტერატურას. ამიტომ, ბუნებრივია, ფრიად დაინტერესებულია მოწინავე ქართველ მწერლებთან კარგი პირადი ურთიერთობების აწყობით და თუ ბატონი სოსო წინაააღმდეგი არაა… ბატონი სოსო, წინააღმდფეგი, რა თქმა უნდა, არ იყო. ოდნავ შეზარხოშებულმა და წარმატებული პრეზენტაციით განებივრებულმა სოსომ არ დააყოვნა, სტუმარს მხარი აუბა და თამამად განუცხადა, რომ ამჟამად საქართველოშიც, სამწუხაროდ, იმავე ტიპის კოლონიური სინდრომი მძვინვარებს, როგორც, სავარაუდოდ, შრი ლანკასა და მესამე სამყაროს სხვა ღატაკ ქვეყმებში, და ასე იქნება მანამ, სანამ მდიდარი ქვეყნებიდან ჩვენთან ოფიციალურად მოწვეული – თუნდაც დახმარების გაწევის მიზნით – სპეციალისტები, ეს, როგორც წესი (თქვენ, ცხადია არ გგულისხმობთ, ჩემო რავინდრა, და არც საწყენად ვამბობ, რამეთუ კარგად ვიცი, რომ თქვენც ჩვენებრ ღარიბი ქვეყნის შვილი ბრძანდებით!), პატივმოყვარე და ქედმაღალი უცხოელები პირველი სამყაროს ქვეყნებიდან, რომელთაც ჩირად არ უღირთ ჩვენი ზნე-ჩვეულებები და კულტურა, თავზე გვახვევენ ჩვენთვის უცხო ცხოვრების წესებს და ასეთ საქმიანობაში გაცილებით, განუზომლად დიდ ანაზღაურებას ღებულობენ, ვიდრე ჩვენი მინისტრები, აკადემიკოსები და პროფესორები, რომელთა დიდი ნაწილი შიმშილის ზღვრამდეა მისული… თქვა ეს ყველაფერი სოსომ და ენაზეც იპწკინა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ბეღურასავით გაფრენილ სიტყვას ვეღარ შემოაბრუნებდა… მაგრამ ცუდი არაფერი მომხდარა. მაკრობანკის წარმომადგენელი გაგებით მოეკიდა სოსოს ესოდენ მკვეთრად გამოხატულ, თუმცა მართალ და საფუძვლიან პოზიციას. საუბრის საბოლოო შედეგი კი ის აღმოჩნდა, რომ სოსო ლაბაძე და ბატონი რავინდრა რავინდრაი განიმსჭალებიან ერთმანეთის მიმართ ნდობით, ერთმანეთს სავიზიტო ბარათებს გაუცვლიან და სამომავლოდ ურთიერთობის გაგრძელებასა და მეგობრობის გამყარებას დააპირებენ. დამშვიდობებისას სოსო სინგალს თავის ორივე წიგნს – თარგმანსაც და ორიგინალსაც – გულითადი წარწერით აჩუქებს. მოგვიანებით მათ შორის სატელეფონო კავშირი მყარდება, რასაც მალევე სოსოს მიერ რავინდრას საკუთარ სახლში პატარა ვახშამზე მოწვევაც მოყვება…

ერთ-ერთ მომდევნო სერიაში (პარალელურად ძმებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება), რავინდრა  სოსოს ლაბაძეს სიმამრის ბინაში ეახლება დიდი შავი ჯიპით (ბანკში მას „გრანდ ჩეროკი“ ემსახურება). მანანა სტუმარს ლამაზ ტრადიციულ სუფრას გაუშლის. სუფრას ცოლ-ქმრის გარდა სოსოს სიდედრ-სიმამრი (ბატონი ზურაბი და ქალბატონი მზექალა) და სოსოს სიძე (ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ნახიშტარი“ კოტე) მიუსხდებიან. სოსო კოტეს თხოვს – გვითამადეო და ისიც თანხმდება. მართლაც უხდება თამადობა, კარგად იცის ეს მამა-პაპური საქმე. სუფრასთან უხვად ისმის ქართული, რუსული (აღმოჩნდება, რომ რავენდრა საკმაოდ კარგად ფლობს რუსულ ენას) და ინგლისურენოვანი გამონათქვამები. ერთმანეთის „ჩახუტებას“ დიდი ლინგვისტური უნად-ჩვევები არ სჭირდება. ერთმანეთის ქება-დიდება აპოგეას მაშინ აღწევს, როცა სოსო სტუმარს უწოდებს – არც მეტი, არც ნაკლები, – საქართველოს დიდ მეგობარსა და თავისუფლებისმოყვარე სინგალი ხალხის გამორჩეულად სასახელო შვილს. რავინდრას სახეზე ეტყობა, რომ ძალზე სიამოვნებს მისთვის ესოდენ „აღმოსავლური სტილით“ ხოტბის შესხმა, აშკარად უხარია თავისი მისამართით ამდენი გულწრგელად ტკბილი სიტყვების მოსმენა. სუფრის დასრულების შემდეგ, წასასვლელად გამზადებული რავენდრა სოსოს ქუჩაში ერთად გასეირნებას შესთავაზებს, რაზეც მასპინძელი, ცხადია, უარს ვერ ეუბნება და ქუჩაში გაყვება სტუმარს. სახლიდან გასული სოსო აღმოაჩენს, რომ რავენდრას მანქანა გაუშვია (მაინც სამსახურის მანქანაა და არ მინდოდა მძღოლის ზედმეტად შეწუხებაო, უხსნის სოსოს რავენდრა), მაგრამ გარეთ გაზაფხულის თნილი საღამო დგას, ვაკის მრგვალ ბაღში სასიამოვნო სიხალვათეა, ნაქეიფარი მეგობრები მისასვენებლად ერთ-ერთ გრძელ სკამზე – გაეროს შენობის პირდაპირ – ჩამოსხდებიან და მშვიდად განაგრძობენ საუბარს ორივესთვის კარგად გასაგებ და ნაცნობ რუსულ ენაზე. თანდათან ამ საუბრის განმავლობაში კიდევ უფრო იკვეთება ის მოულოდნელი გარემოება, რომ რავენდრა რავენდრაი მართლაც არ გახლავთ ისეთი პრიმიტული და უსულგულო ფინანსისტი, როგორც მავანი მისი კოლეგათაგანი, ჩამოსული საქართველოში მაღალი ანაზღაურებისა და ჩამორჩენილ ქვეყანაში მუშაობისთვის განსაზღვრული დანამატების გამო.  მამაკაცების ნასვამობა მხოლოდ აადვილებს მათ ურთიერთგაგებას, მათ შორის აზრთა გულწრფელად გაზიარებას უწყობს ხელს. აქვე, უკვე რავენდრას ტაქსში ჩაჯდომისას, ისინი დათქვამენ მორიგ შეხვედრას (რასაც ლამის მთლიანად მიეძღვნება შემდეგი სერია). ეს შეხვედრა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პატარა ბარში გაიმართება – ყავისა და ვისკის წრუპვის თანხლებით. სწორედ ამ სერიაში სოსოსთვისაც და მაყურებლისთვისაც თანდათანობით ცხადი ხდება, რომ რაღაც იდუმალი მანქანებით მაკრობანკის ადმინისტრაციაში შეღწეული რავინდრა საქართველოში სპეციფიური მისიითაა მოვლენილი და აქ თავისი ჭეშმარიტი მალული მიზნებისა და პრინციპების თანაგამზიარებლებს ეძებს. სწორედ ასეთი ძიების პროცესში და ქართული პრესის ყოველდღიური მონიტორინგის მეშვეობით შეუღწევია რავინდრას თვალთახედვის არეში მისთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობ პერსპექტულ ლიტერატორს, ვინმე სოსო ლაბაძეს, რომელიც პრესითა თუ ტელევიზიით თავის საჯარო ინტერვიუებსა და გამოსვლებში უხვად აკეთებდა პრო-მონარქისტული ხასიათის განცხადებებს (სინამდვილეში პოსტმოდერნისტ სოსო ლაბაძეს ეპატაჟური ტიპის განცხადებები საკუთარი პოპულარობის ზრდისა და საზოგადოებრივი პიარისთვის სჭირდებოდა და მისი აქტიურობა მხოლოდ ამით იყო გამოწვეული, თორემ გულში ის ისეთივე მონარქისტი იყო, როგორც მისი მამა-გენერალი).უფრი მეტიც, დაკვირვებულ და საქართველოს უახლოეს ისტორიაში საკმაოდ კარგად ჩახედულ რავინდრას არც ის გამორჩენია, რომ ამ მისთვის საინტერესო მწერლის დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მამა ოდესღაც საბჭოთა უშიშროების გენერალი ყოფილა (ეს ფაქტი არასოდეს იმალებოდა და ჟურნალისტებს სოსო ლაბაძის ბიოგრაფიაზე ჭორაობისას გაკვრით უხსენებიათ ხოლმე ამის შესახებ). როდესაც სოსომ ეს ყველაფერი რავინდრასგან ბარში საუბრისას მოისმინა, ბუნებრივია, დაინტერესდა კიდეც იმით, თუ რამ გამოიწვია სინგალი ფინანსისტის ახალი მეგობრისმისდამი ესოდენ სპეციფიკური ინტერესი. საკმაოს შორს შეტოპეს და აღარც რავინდრა აპირებს ვიზავის თავისი შორს მიმავალი გეგმები დაუმალოს, მისი იარაღი გულწრფელობაა. რავინდრა თანდათან უტყდება სოსოს, რომ მისთვის მაკრობანკში სამსახური მხოლოდ ფარია და იგი ამ თანამდებობაზე მსოფლიო ანტოგლობალისტური ორგანიზაციის მეტად გავლენიანი მესვეურების ძალისხმევითაა მოხვედრილი. ამის შემდეგ რავინდრა სოსოს ამ ფარულ ანტიგლობალისტურ ქსელთან თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პირობების განსაზღვრას სთავაზობს. თანაც აგრძნობინებს, რომ, თუმცა, ამ ეტაპზე ჭეშმარიტად დიდი თანხების განკარგვის უფლებით აღჭურვილი არ არის, მაგრამ „ჯიბის სახსრების“ გაცემის რაღაც ლიმიტით მაინც სარგებლობს და, რაც უფრო მნიშვნელოვანიც კია, საცსებით ხელეწიფება ორგანიზაციის რიგებში ახლად მიღებული ნეოფიტის ინტერესებში იმოქმედოს, რაღაც ისეთი უკანონობა თუ უზნეობა ჩაიდინოს, რის უფლებასაც თავად ნეოფიტი საკუთარ თავს თავის ქვეყანაში მიზეზთა გამო ვერ მისცემს. ანუ, თუ სოსოს სურს რაიმე ამორალური ან თუნდაც კრიმინალური ქმედება ჩაიდინოს, საკმარისია თავად განზე გადგეს და ჩანაფიქრის აღსრულება რავინდას მიანდოს. თუ გასაკეთებელი მისი შესაძლებლობის ფარგლებშია, მაშინ პრობლემაა არაა – აბა, ვინ წარმოიდგენს, მაკრობანკის რესპექტაბელური ჩინოსანის მხრიდან უცხო ქვეყანაში რაიმე კრიმინალურ ადგილობრივ სიბინძურეში თანამონაწილეობას, თანაც ხილული მოტივის გარეშე? ასე რომ, ხელი ხელს ბანს და ორივე პირს… რავინდრა სოსოს უმტკიცებს: „ეს ნაძრალა გლობალისტები და მონდიალისტები, ეს ბანდიტი საერთაშორისო ბანკირები სამშობლოშიც აღარ გვაყენებენ – ამის მეტს რას ვხედავ! მაგალითად, ჩვენთან, შრი ლანკაში, სინგალებს თამილი სეპარატისტები მოგვიქსიეს, რაში არ გვდებენ ბრალს… ამიტომ ჩვენი ლომები დღეს ისევე ეწირებიან მათ, როგორც თქვენები ეწირებოდნენ აფხაზებს, ოსებსა და კაზაკებს. ამას მაგალითისთვის ვამბობ, თორემ მსოფლიოში მრავლადაა ასეთი ცხელი წერტილი… გლობალისტების გამოწვევა  უნდა მივიღოთ, ღირსეული პასუხის გასაცემად ერთმანეთს დახმარების ხელი გავუწოდოთ და, თუ საჭიროა, სისხლითაც შევკრათ და შევღებოთ ჩვენი კავშირი. პატარა ქვეყნების ხალხები ისედაც ერთი ისტორიული ზვავის ქვეშ არიან მოყოლილნი. მსოფლიოს გლობალისტურმა ელიტამ უკვე შეადგინა კაცობრიობის „ოქროს მილიარდში“ შემავალი ერების სია და, მერწმუნე, ჩვენ იქ არავინ შეგვიყვანს, ყველა ადგილი დაკავებულია. ამიტომ ხელი თუ არ გავიქნიეთ და არ გავიბრძოლეთ, მუდმივი მონობა და ასეთ მონობაში გადაგვარება და სიკვდილი არ აგვცდება. მოსპობის პირას ვიმყოფებით და საპასუხო სისასტიკის გარეშე არაფერი გვიშველის. კეთილშობილება და მოწყალება დროებით უნდა ამოვიღოთ ჩვენი არსენალიდან და ჩვენი იდეალი დღეს უნდა გახდეს არა ჩე გევარა ან, დავუშვათ, მახათმა განდი ან მანდელა, არამედ პოლ პოტი“. აღმოჩნდა, რომ რისკიანი ავანტიურისტი რავინდრა არ შემცდარა სოსო ლაბაძის სათავისოდ ადრე შედგენილ ფსიქოლოგიურ პორტრეტში: ყოფითი დისკომფორტით, მწერლური ფანტაზიითა და გენეტიკური ჯაშუშომანიით უხვად დაჯილდოვებული სოსო, მართლაც განიცდის შინაგანი უკმარისობის მწვავე შეგრძნებას, პატივმოყვარეობის სენითაცაა შეპყრობილი და იოლად ეგება რავენდრას მიერ ნატყორცნ ანკესს. ეგზოტიკური ფინანსისტის რომანტიკულ წინადადებას სოსოს სულსა და გულში ფრიად ნოყიერი ნიადაგი დახვდება. ანტიგლობალისტური პათოსისგან ის, რასაკვირველია, თავისუფალია, მაგრამ ის მხატვარია, პოსტმოდერნისტი – და როგორც ჭეშმარიტ პოსტმოდერნისტს ეკადრება, – სულაც არ იქნებოდა პატარა მხატვრული არეულობის, პატარა „შუმოკის“ მოწყობის წინააღმდეგი მის გარშემო აღმოცენებულ მოსაბეზრებელ, მღვრიე და დაჭაობებულ სამყაროში – თუნდაც უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო. მით უმეტეს, რომ ჩვეულებრივ, არამხატვრულ ცხოვრებაში სოსო მაინც წმინდა წყლის პრაგმატიკოსია და რავინდრას მრავალსიტყვიანი განმარტებების შესმენისას მყისვე გაუელვებს მაცდური სურვილი ახალი შესაძლებლობების თავის სასარგებლოდ შემობრუნებისა. სოსო მყისვე ხვდება, რომ რაღაც გარეგანი, ყველა აქაურისთვის უცხო ძალის რადიკალური გამოყენებით, ძმასთან თავისი გაგრძელებული დავის ერთი დარტყმით გადაწყვეტის შანსი ეძლევა. ტვინში უმალ ასეთი გეგმა ებადება: იქნებ სწორედ ამ თავში ავარდნილ რავენდრას მოსთხოვოს ანტიგლობალისტურ ქსელში გაწევრიანების საფასურად არა ფული, არა – მხოლოდ ვასიკოს გზიდან ჩამოცილება! დიახ, სჯობს მოირგოს მოჩვენებითი იდეურობის სამოსი და მტრად ქცეული უფროსი ძმის – იმ არარაობის – ფიზიკური განადგურება აიძულოს ამ მდიდარ და ექსცენტრიკულ გადამთიელს. მერე კი, ბინას რომ გადმოიფორმებს, – კანონით კი ზუსტად ასე მოხდება, რადგან ძმაზე ახლო ნათესავი ვასიკოს არ ჰყავს დედამიწის ზურგზე – აი მერე კი ნახავთ ყველანი, რა იქნება და როგორ… კი, შეიძლება ასეთმა თამამმა მოთხოვნამ ეს სინგალიც კი გააოცოს, მაგრამ თაბად არ დაიწყო! ხოლო თუ იმასაც მიანიშნებს, რომ სამაგიეროდ არათუ ახალი წევრის გადმობირების პერსპექტივა, არამედ მამის ცნობილ აგენტურულ სიაში ცალი თვალით ჩახედვის საშუალებაც მიეცემა – შესაძლოა ამაზე სინგალი წამოაგოს კიდეც, მერე ვნახოთ – რომელია ანკესი და რომელი თევზი… ანუ, შესაძლო გარიგების არსი ვასიკოს სიცოცხლის უნიკალურ სახელმწსიფო ინფორმაციაში გაცვლაა – რაც არცთუ უმნიშვნელოვანი მონაპოვარია ყველანაირი საიდუმლო ქსელისთვის. თუ გარიგება შედგა და განხორციელდა, შედეგად სოსოს ალიბიც ექნება, მამისეული ბინაც შერჩება და, თანაც, რესპექტაბელური მკვლელი რავენდრაც სამომავლოდ – რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა – ყურით ეყოლება დაჭერილი. მეტი ამორალობა და ანტიგლობალისტობა წარმოუდგენელია, ეს კი ძალზე მიმზიდველია ანგარებითი პოსტმოდერნისტული აზროვნების ნებისმიერი მატარებლისთვის. გარდა ამ ყველაფრისა, რავენდრას ამ წინადადების კონტექსტი მომავალში შესაძლებელი გახდება ისედაც შანტაჟის მუქარის ქვეშ მყოფი ერთი მინისტრის გამოყენებაც…

მორიგ სერიაში სოსო თითქოს სასხვათაშორისოდ (აი, მაშინ კი დაგეჯერება, ჩემო რავ!) უჩვენებს სინგალს ვასიკოს ფოტოს, აუხსნის მისმართს და დიდი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ფოტოზე გამოსახული მამაკაცის მოცილებას მოსთხოვს, სამაგიეროდ კი რავენდრას ყველა ანტიგლობალისტურ საქმეში თანადგომას დაპირდება და აგრძნობინებს, რომ ბევრი დამატებითი ინფორმაციის მფლობელია. მისდა გასახარად, რავენდრა მყისვე და უყოყმანოდ ეუბნება, რომ ვიღაცის ლიკვიდაცია მისთვის პრობლემა არაა, ამისთვის სათანადოდაა მომზადებული (საწამლავი, ჩხვლეტა და ა.შ.) და არწმუნებს სოსოს, რომ მისი შეკვეთა სავსებით შეაძლებელია ავანსადაც კი შესრულდეს, ოღონდ სოსოსაც გარკვეული სამომავლო ვალდებულებები დაეკისრება ანტიგლობალისტური ქსელის წინაშე („თვითონაც არ ვიცი, რა და როგორ მოხდება, რას მოგთხოვენ, ან რა მომენტში რა შეიძლება დაგვჭირდეს, ჩემო ქართველო მეგობარო. მეც ერთი უბრალო ჭანჭიკი ვარ, მაგრამ გპირდები, რომ შეუძლებელს, ანუ ისეთს, რაც შენს რეალურ ძალებს აღემატება, არაფერს მოგთხოვენ. ორგანიზაციას ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანები მართავენ, თუმცა, იცოდე, მზად ყველაფრისთვის უნდა იყო“, – უხსნის მას რავენდრა და ფოტოსურათს ართმევს. ასე და ამგვარად შედგება პრინციპული გარიგება სოსოსა და რავენდრას შორის.

ყოველივე ამის პარალელურად სერიალში ვითარდება სოსოს ზემოთნახსენები სიძის, მანანას ძმის, აფხაზეთში ნაომარი და ცოლს (ლამარას) გაცილებული კოტეს ხაზი. შეგახსენებთ, რომ სერიალის დასაწყისში ცხოვრებით გაწბილებული კოტე თავის მოწოდებას დედასთან დარჩენილი ვაჟიშვილის – კობას – გზაზე დაყენებაში ხედავს და საწყის სერიებში ქალებს ზედაც არ უყურებს, თუმცა მანანას ზოგიერთი დაქალი ძალზე საეჭვოდ და მაცდურად უჟუჟუნებს თვალებს. გავიხსენოთ ისიც, რომ სოსოს ძმაკაცსა და სპონსორ კიაზოს სწორედ ამ პერიოდში უჩნდება მეტად სარფიანი საქმის გაჩარხვის შანსი (რასაც უკავშირდება წყნეთის საიდუმლო სერობები, მინისტრის დაშანტაჟების გეგმა და ა.შ.). ამ ბიზნეს-ოპერაციის არსი მოკლედ შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: ვითომდა სამოქალაქო დანიშნულების ელექტროტექნიკური მოწყობილობის მსხვილი პარტიის სახით და საბაჟო წესების ფორმალურად დაცვით (თუმცა, შინაარსობრივად მათი სრული უგულებელყოფით), ციმბირის ერთ-ერთი დიდი სამხედრო ქარხნიდან ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი რესპუბლიკისა და სუვერენული საქართველოს გავლით, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც მუდმივი სამოქალაქო კონფლიქტი მძვინვარებს, გასატანია თანამედროვე ტიპის მასობრივი განადგურების იარაღი. კიაზო ნაცვალაურს – როგორც დეპუტატსა და მოქმედ პოლიტიკოსს – ამ საქმეში პირდაპირ გამოჩენა არ სურს, ამიტომ შესაბამის სქემაში მონაწილეობას ფიქტიურ, სხვის სახელზე გაფორმებული გადამზიდავი შპს-ს საშუალებით აპირებს და სანდო ადამიანი სჭირდება. კიაზოს თავის მწერალი ძმაკაცისგან არაერთხელ გაუგია, რომ მისი  გაჭირვებაში ჩავარდნილი ცოლისძმა ნაომარი და თავზეხელაღებული კაცია, რომლის გამოყენება და არალეგალურ საქმიანობაში ჩართვა გარკვეულ საფასურად სავსებით შესაძლებელია. კიაზოს თავდაპირველი გეგმით ამ ახალი შპს-ს ფიქტიურ თავკაც კოტეს საქმიდან გარკვეული „მოჭრილი“ ერგება, ხოლო თავად მწერალ სოსოს ათპროცენტიანი წილი საბოლოო მოგებიდან და მორიგი წიგნის უპრობლემოდა გამოცემა. საბოლოო ჯამში, წყნეთში ნაცვალაურის აგარაკზე გამართული მოლაპარაკების რამდენიმე  „რაუნდისა“ და ყველა დეტალის დაზუსტების შემდგომ, ამ ნათესაურ-ძმაკაცური „სამეულის“ შიდა თანამშრომლობის საკითხი დადებითად გადაწყდება, ხოლო მთელი ამ ოპერაციის მფარველად (ე.წ. „კრიშად“) გვევლინება მთავრობის წევრი, სავაჭრო კომუნიკაციების მინისტრი ბატონი ვალიკო ხუნდაძე, რომელიც საზოგადოებაში შედარებით (ამ ქვეყნად კი ყველაფერი შედარებითია!) წესიერი და პატიოსანი კაცის რეპუტაციით სარგებლობს.

მინისტრი ხუნდაძე (მსგავსად ზემოთ უკვე ნახსენები კლარასი, რომელიც სოსომ ადვილად ამოშალა ვასიკოს ფანტაზიებიდან) გენერალ ლაბაძის სიაში ფიგურირებს „კლიჩკით“ „ჩორო“. სერიალში მინისტრზე ზემოქმედება (მაინც „დიდი კაცია“) ზედიზედ რამდენიმე სერიის განმავლობაში სამი მიმართულებით წარმოებს: შანტაჟი წარსული ცოდვებისთვის, მატერიალური დაინტერესება და ფრაქცია „ძველების“ მიერ პარლამენტში სოლიდარული და გარანტირებული მხარდაჭერის პირობა. შესაძლო გაშიფვრისა და პოლიტიკური კარიერისა და პირადი ცხოვრების სრული დანგრევბის შიშით, მინისტრი ხუნდაძე იძულებული ხდება ჩაერთოს იარაღით კონტრაბანდის უბნელეს საქმეში და ხსენებული „სამეულის“ ინსტრუქციებით იმოქმედოს. შემდგომში ის პირნათლად ასრულებს უკანონო გარიგების ლობისტისა და „კრიშის“ როლს, თუმცა საშინელი მორალური წნეხის ქვეშ ექცევა. მისი გამოცდილებისა და ნებისყოფის კაცი კიდევ როგორღაც შეელეოდა თანმდებობასაც, რეპუტაციის უცილობელ შებღალვასაც და თავისუფლებასაც კი, მაგრამ რა უყოს ერთადერთ ვაჟიშვილს, მერაბიკოს, რომელზედაც მზე და მთვარე ამოსდის? როგორ გადაიტანს (ან გადაიტანს კი) შესაძლო გახმაურებას მისი შვილი – წესიერებისა და პატიოსნების ტრადიციებზე გაზრდილი ბიჭი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს მამა და ამაყობს მისით, თან ამაყობს იმითაც, რომ მამა ეგულება ლამის ერთადერთ მინისტრად, რომელიც (ასეთია საზოგადოებაში გავრცელებული აზრი) არაა ჩართული კორუფციის საყოველტაო მორევსა და მდაბალ, პროვინციულ ინტრიგებში? პრობლემას ისიც ართულებს, რომ მერაბიკო და მინისტრის დამშანტაჟებელი დეპუტატ ნაცვალაურის ქალიშვილი ნუციკო თანაკურსელები არიან, სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ ფაკულტეტზე და ერთ ჯგუფში სწავლობენ და ერთმანეთი უყვარდებათ კიდეც. მთელ სიმართლეს ვალიკო ხუნდაძე ვერც თავის ყველაზე სანდო და ახლობელ ადამიანს, საკუთარ მეუღლეს, ქალბატონ ელენეს, უმხელს, რომელსაც ძალიან მოეწონება ერთხელ შვილთან ერთად სტუმრად ამოსული ნუციკო. ამ სტუმრობის შემდეგ ქალბატონი ელენე თავის ვაჟიშვილისა და ნუციკოს შეუღლების მომხრე ხდება (მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გაგიმხელთ, რომ სწორედ მერაბისა და ნუციკოს სიყვარული აღმოჩნდება მთელ ამ უბედურებაზე და სიბინძურეზე, მთელ ამ სიაში ოდესღაც ჩადებულ ნაღმებზე ძლიერი)…

მომდევნო სერიაში კი ვასიკოს საკუთარი ბინის კართან გახეთქილი თავით სისხლის ტბორში მცურავს იპოვიან, თანაც მკვლელობის ნაკლებად სჯერათ: დათვრა, დაეცა და თავს მიწაზე ცუდად მიატყამდაო – ასეთია სამეზობლოში დამკვიდრებული ურყევი შეხედულება. თავისი უბოროტესი შეკვეთის პირნათლად შესრულების შესახებ სოსო შეიტყობს არა უშუალოდ რავენდრასგან, არამედ „რუსთავი-2“-ისა და „იმედის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებებიდან. ეს ტრაგიკული ამბავი კიდევ უფრო განუმტკიცებს სოსო რწმენას რავენდრას უკან მდგარი ადამიანთა ჯგუფის სიძლიერეში. ძმის გზიდან ჩამოცილების შემდეგ სოსო მალევე მუშაობას იწყებს ახალ ნაწარმოებზე, რომლის სიუჟეტს საფუძვლად მისი უბედური უფროსი ძმის უიღბლო ბიოგრაფია დაედება – როგორც ჩანს, ჩადენილი ბოროტების ერთგვარ თვითგამართლებასა და სინდისის ქენჯნების ჩახშობას სოსო სწორედ ამგვარი მხატვრული მაზოხიზმის საშუალებით ცდილობს. მაინც ნიშანდობლივია, რომ სიის პირველი მსხვერპლი სწორედ ის ადამიანი ხდება, რომელსაც მისგან თითქოს რაღაც ხეირი უნდა ენახა – მისი შედგენიდან ოცდაათი წლის შემდეგ.

ვასიკოს დასაფლავების შემდეგ სოსო კანონის თანახმად ძმის ერთადერთ მემკვიდრედაა აღიარებული და წინ ვეღარაფერი აღუდგება… სინამდვილეში მანანაც გახარებულია, სადღაც გულის კუნჭულში კი ეცოდება ვასიკო, მაგრამ ეს ისეთი შორეული კუნჭულია… სოსო სასწრაფოდ დაკავდება მამისეული საკუთრების თავის სახელზე გადმოფორმებით. მას სურს სასწრაფოდ მოაგვაროს ყველა იურიდიული ფორმალობა და ბინის ერთადერთი მფლობელი გახდეს… ქალაქში ვასიკოს უცნაური სიკვდილის თაობაზე ათასგვარი ჭორი და მოსაზრება ტრიალებს, მაგრამ საქმე სწრაფად იხურება – ექსპერტიზა საეჭვოს ვერაფერს აღნუსხავს.  ამასობაში თბილისის გავლით ახლო აღმოსავლეთში უკვე დაძრულია იარაღის პირველი, საკმაოდ მსხვილი პარტია. კოტეს (რეალურად კიაზოს) შპს ვალდებულია წარუდგინოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში ამ ვითომდა ელექტროტექნიკის (სინამდვილეში კი იარაღის) მოძრაობის ამსახველი გაყალბებული საბუთები და კიაზოც უმალ შეახსენებს მინისტრ ხუნდაძეს, რომ დაწყებულ საქმეს მიხედვა და ბოლომდე მიყვანა უნდა. ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არც ანგარებითა და პრაგმატიზმით აღსავსე სოსო უშვებს. მისი გათვლით, ჭეშმარიტი ანტიგლობალისტებისთვის ზედმეტი სულაც არ იქნებოდა ასაფეთქებელი ნივთიერების მცირე დოზა. ამაში სოსო გარკვეული საზღაურის ფასად (თან კიაზოსთან შეთანხმების გარეშე) რავენდრას საჯიჯგნად – თავისი სიის მეშვეობით – „კრიშაობით“ დაკავებულ მინისტრს მიუგდებს, რათა კიაზოს ოპერაციიდან მოსალოდნელ მოგებას ანტიგლობალისტების ჯიბიდან ამოღებული მოგებაც დაუმატოს. კომპრომატით შეიარაღებული რავენდრა საიდუმლოდ შეხვდება მინისტრს, საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობის ხელწერილის ასლს წააკითხებს და იარაღის შემოსული პარტიიდან ცოტაოდენი (რამდენიმე კილოგრამზეა ლაპარაკი) პლასტიდის „მოტეხვას“ მოსთხოვს. სრული პიროვნული კრახის შიშით მინისტრი იძულებული ხდება ამ მოთხოვნის შესრულებაზე დათანხმდეს (საპასუხოდ რავენდრას ერთადერთ პირობას წაუყენებს: ანტიგლობალისტებმა არაფრით არ დაუშვან ამ პლასტიდის საქართველოში გამოყენება და ამ მოთხოვნაზე რავენდრას სიტყვიერ თანხმობასაც ღებულობს). საბოლოოდ ყველა ეს გარიგება მეტნაკლები წარმატებით ხორციელდება. სოსო უპრობლემოდ ღებულობს რავინდრასგან ბინის გადმოფორმების დაჩქარებისთვის აუცილებელ თანხას, მაგრამ უცნაური რამ ემართება – ყველა აუცილებელ საბუთს რომ შეაგროვებს, საწერი მაგიდის უჯრაში შეინახავს, შემდეგ ჩადის სუპერმარკეტ „გუდვილში“, იქ საუკეთესო და ყველაზე ძვირფას არაყს (ლიტრიან ბოთლში) და გემრიელ მისატანებელს ყიდულობს, სახლში დაბრუნებისთანავე კი გამარჯვების აღსანიშნავად პატარა საკუჭნაოში გამოიკეტება და, სრულიად მარტოდმარტო, საზიზღრად, გონების სრულ ამღვრევამდე თვრება. გვიან ღამით, გამოდის საკუჭნაიდან და მორთავს ღრიალს, აღვიძებს მანანასაც. სიდედრ-სიმამრსაც, შვილებსაც,ყველას უშვერი სიტყვებით აგინებს და ლანძღავს, ნორმალურ კონტაქტში მასთან დილამდე ვერავინ შედის (დილით კი, როგორც იქნა, დაიძინებს). იგივე მეორდება მეორე და მესამე დღესაც. სიძისა და საქმიანი პარტნიორის ესოდენ უმსგავსო საქციელი თვით მრავლისმნახველ კოტესაც კი ამოდის ყელში. რამდენჯერმე, გამოფხიზლებისა და დაშოშმინების მიზნით, იძულებული ხდება მაგრად გაულაწუნოს კიდეც – და ასეთ წუთებში გონებადაბინდული ქმრის გადარჩენა ისევ მანანას უწევს ხოლმე. საბედნიეროდ, სოსო რამდენიმე დღეში გამოდის კრიზისისდან და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.

ყოველივე ამის პარალელურად კოტეს შვილი, დედასთან (ლამარასთან) ეულად დარჩენილი კობა, მინისტრ ხუნდაძის შვილი მერაბი და მისი კარის მეზობელი, ასაკით მათზე გაცილებით უფროსი ჟურნალისტი ჯონდო ბოლქვაძე (არაერთი სკანდალური ანტიკორუფციული პუბლიკაციის ავტორი) აფუძნებენ არასამთავრობო ორგანიზაციას „კრისტალი“, რომლის მთავარი მიზანი – ასე უწერიათ დამტკიცებულ წესდებაში – არის კორუფციის შემთხვევათა გამოვლენა ზედა სახელისუფლებო ეშელონებში და ელიტარულ კორუგციათან ბრძოლა ჟურნალისტური გამოძიების მეთოდით. ბუნებრივია, ახალი „ენჯეოს“ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საგრანტო დაფინანსების მოძიების მცდელობა ხდება. წერენ და აგზავნიან აქეთ-იქეთ წერილებსა და პროექტებს… თავად ჯონდო საკმაოდ გამოცდილი მთამსვლელია, ხოლო მერაბი და მერაბის გულისწორი ნუციკო ხუნდაძე, გარდა იმისა, რომ ერთმანეთში შეყვარებული თანაკურსელებია, კიდევ სტუდენტური ალპიური კლუბის წევრებიც არიან და მათი დაახლოება გარკვეულწილად ალპინიადებში ერთად მონაწილეობის წმიდათაწმიდა მოგონებებითაცაა შედუღაბებული. გრანტის მაძიებელთა შორის დიდი კონკურენციაა, ამიტომ წარმატების მისაღწევად ახალბედა „კრისტალმა“ თავი განსაკუთრებით უნდა გამოიჩინოს. ამ მიზნით ჯონდო ბოლქვაძე (რომელსაც სკანდალური ინფორმაციის მიღების სხვადასხვა საკუთარი არხი გააჩნია) ბევრისთვის მოულოდნელად ახერხებს იარაღის კონტრაბანდისადმი მიძღვნილი მამხილებელი სტატიის გამოქვეყნებას, რომელშიც, სხვათაშორის, გამოთქვამს დასაბუთებულ პრეტენზიებს ერთ-ერთი ფრიად საეჭვო შპს-ს საქმიანობის თაობაზე (არც ბოლქვაძეს, არც „კრისტალის“ სხვა წევრებს ჯერ არანაირი წარმოდგენა არა აქვთ იმის შესახებ, რომ ამ შპს-ს უკან მათი ახლობლების მამები დგანან). კობას  გავლენით „კრისტალის“ საქმიანობაში თანდათან ერთვებიან სოსო ლაბაძის (ფაქტობრივად, მისი ბიძის) მცირეწლოვანი შვილებიც კი (14 წლის რობიკო და 12 წლის მაიკო). ერთ მშვენიერ საღამოს კი რობიკო ყურს მოკრავს მამისა და ვიღაც უცნობის სატელეფონო საუბარში მამის მხრიდან სიტყვების „სია“ და “კომპრომატი“ ზედმეტად მოხშირებულ ხმარებას (სოსო ტელეფონით ამშვიდებს ბოლქვაძის სტატიის გამოქვეყნებით გაღიზიანებულ კიაზოს და არწმუნებს მას, რომ არ გაუჭირდება ზედმეტად გათავხედებულ კორუფციასთან მებრძოლ ჟურნალისტთან გამკლავება, რამეთუ ეგ ვიგინდარა ბოლქვაძე მამის სიაში მოხსენიებულია, როგორც დამწყები აგენტი „ლატავრა“ და ამ „ლატავრას“ ნეიტრალიზაციას და მისი წაგრძელებული ენის დამოკლებას ის როგორმე თავადაც შეძლებს). მეორე დღეს კი რობიკო – რომლის უმწიფარ შეგნებაში „კრისტალის“ საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვური რომანტიზმის ფერებშია შეღებილი და საყოველთაო სამართლიანობის დამყარების უსაზღვრო სურვილსა და ასპარეზს უკავშირდება, – მამის სამაგიდო უჯრების ნამდვილ ჩხრეკას მოაწყობს (მამა ამ თოთხმეტი წლის ბღარტისგან ასეთს არ ელის და სახლიდან ყოველ გასვლაზე თავის უჯრებს არ კეტავს). რობიკო ადვილად პოულობს სიასაც და დავთარსაც და, მიუხედავად იმისა, რომ წესიერად არც კი ესმის ამ საბუთების მნიშვნელობა, სერიალის ერთ-ერთ უკანასკნრლ სერიაში იპარავს სიას და გადასცემს მას მერაბს – არა მარტო როგორც მრგობარს, არამედ როგორც უფროს კოლეგას „კრისტალში“. რობიკოს აზრით ასე უფრო გაუადვილდებათ მორიგი გრანტის მოპოვება და კორუფციასთან შებრძოლება.

მაგრამ ეს მერე მოხდება, ჯერჯერობით კი სია უჯრაშია. კიაზოს მოთხოვნით სოსო ახლა უკვე „ლატავრა“ ჯონდო ბოლქვაძეს აშანტაჟებს. ჯონდოსთვის მისი აგენტურული წარსულის გამომზეურება პროფესიული სიკვდილის ტოლფასია – ასეთ შემთხვევაში დაუნდობელი ჟურნალისტური სამყარო ვეღარასოდეს იგუებს და გაიზიარებს მისი სტატიების ანტიკორუფციულ პათოსს, წყალში ჩაეყრება ამდენი წლის ნაცოდვილარი… ამიტომ ჯონდო იძულებული ხდება სოსოს თვალწინ დახიოს მეორე, უკვე გამზადებული და უტყუარი ფაქტებით უხვად დახუნძლული მამხილებელი სტატია. მაგრამ ვინაიდან პირველმა სტატიამ უკვე მოასწრო დღის სინათლის ხილვა, მან მაინც შეუქმნა გარკვეული პრობლემა „საქმიან სამეულსაც“ და მათ „კრიშასაც“. კიაზო, თუმცა კი ასწრებს ტვირთის საზღვარზე გატანას და იარაღი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ ჩატარებული ოპერაციის  კვალის სრულ დაფარვას მაინც ვეღარ ახერხებს, დაგვიანებულია. ბოლქვაძის პირველის სტატიისა, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (მათ ნუსხაში „კრისტალიც“ შედის) და სხვადასხვა აგენტურულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ლონგინოზ ჭეიშვილი (რომელსაც კოლეგებმა ხუმრობით „კომისარ კატანი“ შეარქვეს) ფაქტს ფაქტზე აწეპებს და თანდათანობით მინისტრ ხუნდაძის უკანონო საქმიანობის მხილებაზე გადის. საცოდავი ვალიკო ხუნდაძე სოსოს ხელდასმით აქეთ რავენდრას შანტაჟის მსხვერლი ხდება, იქეთ კიაზო ნაცვალაურისა, ახლა უკვე „კომისარ კატანიც“ აწვება, თან კიდევ მისი უსაყვარლესი ვაჟიშვილი მერაბი მისი დაშანტაჟების თანამონაწილე და სულისჩამდგმელი კიაზოს ქალიშვილშია უგონოდ შეყვარებული, დაბოლოს პოლიტიკური სიტუაციის სწრაფ ცვლილებასთან დაკავშირებით „ძველების“ საპარლამენტო ფრაქცია ხელებს იბანს და უარს ამბობს წყალშეყენებული მინისტრის სამომავლო მხარდაჭერაზე. მაგრამ ამ ეტაპზე ვალიკო ხუნდაძეს ჯერ კიდევ არა აქვს ბოლომდე გადაწურული გადარჩენისა და საკუთარი უნუგეშო მდგომარეობის გამოსწორების იმედი.

მაგრამ, მინისტრის საუბედუროდ, მისი რწმენა რავენდრას მიერ გაცემული გარანტიების სიძლიერეში გაზვიადებული აღმოჩნდება. ერთ-ერთ ბოლო სერიაში სინგალ ფინანსისტს თბილისიდან მაკრობანკის სათავო ოფისში მიავლენენ. აეროპორტში რავენდრა დიპლომატიური ბარგით (მოზრდილი ხელჩანთით) ხუთიოდე კილო პლასტიდის თვითმფრინავში შეტანას შეეცდება, მაგრამ მიუხედავად VIP-დარბაზის პრივილეგიით სარგებლობისა, მას შენობიდან საფრენ მოედანზე გასვლის წინ შეაჩერებენ –  პოლიციელ დათიკო გაბრაშვილს დააეჭვებს პლასტიდზე დაგეშილი ძაღლის გამალებული ყეფა. რავენდრას მაღალი საერთაშორისო სტატუსის გამო მას საზღვარზე მაინც გაატარებენ, თუმცა პლასტიდს ჩამოართმევენ (რავენდრა სასწრაფოდ განაცხადებს, რომ მას პლასტიდი ხელჩანთაში პროვოკაციის მიზნით მაკრობანკის ადგილობრივმა ქართველმა მტრებმა ჩაუდეს და სასწაფოდ გამოძიების დაწყებასაც მოითხოვს). რავენდრას თავხედობა იმ მომენტში გაჭრის – სხვა საბუთები მას წესრიგში აქვს, სტატუსიც შესაშური და დაბნეული ქართველი პოლიციელები მას თვითმფრინავის ბორტზე აუშვებენ, – მაგრამ ამ ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე მალე ბუნებრივად გადაიკვეთება ლონგინოზ ჭეიშვილის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან. დროთა განმავლობაში სწორედ „კომისარი კატანი“, სამსახურში დაწინაურებული ლეიტენანტ გაბრაშვილის დახმარებით, ხსნის პლასტიდის (და არა ვასიკოს მკვლელობის) საქმეს, მაგრამ მისი დეტალები არ ხმაურდება – ეს არ წაადგებოდა საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს. სასამართლოს განაჩენით პასუხისმგებლობა მხოლოდ ფიქტიური შპს-ს დირექტორ კოტეს მოუწევს – საბუთების გაყალბებისთვის, თანაც მას „ძველების“ შუამდგომლობით საპროცესო გარიგებასა და პირობით სასჯელს აკმარებენ, ხოლო კიაზოც და სოსოც  „სუფთად“ გამოვლენ კოხტად მიჩქმალული საქმიდან. მოკლედ, კოტეზე აკიდებული ჯარიმის გარდა, ყველას ყველაფერი შერჩება. სასამართლო პროცესის ესოდენ უსუსურად დასრულების შემდეგ „კომისარი კატანი“ პროტესტის ნიშნად ტოვებს საგამოძიებო ორგანოებს და გადადის კერძო ბიზნესში. ბაზრობაზე საბურავებით ვაჭრობას იწყებს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი დათიკო გაბროშვილიც. აი მინისტრ ხუნდაძეს კი ბედი არ გაუღიმებს – იმის გარდა, რომ რავენდრასთვის გადაცემული პლასტიდის თანხაც მისი გადასახდელი ხდება, მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ფრიად არასასიამოვნო საუბარიც ელის. უკანასკნელი წვეთის როლს სწორედ სახელმწიფო კანცელარიიდან მისდამი განხორციელებული საბედისწერო ზარი შეასრულებს – და ხუნდაძე ღებულობს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით წავიდეს ამ ცხოვრებიდან და ამით ბოლო მოუღოს მორალურად გაუსაძლის საკუთარ ტანჯვა-წამებას. ყველაფერთან ერთად ის თვლის, რომ ასე უკეთესი იქნება მისი ერთადერთი შვილისთვის. მინისტრის მეუღლე ქალბატონი ელენე მხოლოდ ბოლო წუთს  მიუხვდება განზრახვას, მაგრამ ჩარევას ვეღარ მოასწრებს და საწყალი ვასიკო ხუნდაძე თავს ფაქტობრივად ცოლის თვალწინ იკლავს (გავიხსენით სერიალის პირველი, საწყისი კადრები).

მინისტრის თვითმკვლელობის შემდეგ, მამის ასეთი სიკვდილით უზომოდ დამწუხრებული მერაბი, კობასთან და ნუციკოსთან ერთად გაეცნობა რობიკოს მიერ სახლიდან მოპარულ და გატანილ სიასაც და დავთარსაც. ახალგაზრდები გაოგნდებიან, როდესაც შეიტყობენ თუ ვინ იყო ოდესღაც აგენტი „ლატავრა“ – მათი საამაყო და მისაბაძი უფროსი მეგობარი ჯონდო ბოლქვაძე! შემზარავი სიმართლის გაგება ახლახან ასე ტრაგიკულად გარდაცვლილ მამაზე ხომ სულ გადარევს მერაბს და აიძულებს მას ქვეყნიდან გადახვეწაზეც კი იფიქროს. მაგრამ საბოლოოდ მაინც საღი აზრი გადაწონოს და მერაბს დეპრესიიდან ისევ ნუციკოს სიყვარული გამოიყვანს. ხანგრძლივი და საიდუმლო ბჭობის შემდეგ მერაბი, კობა, რობიკო და ნუციკო ერთმანეთს შეფიცავენ, რომ არავისთან, არასდროს და არანაირ ვითარებაში სიას აღარ ახსენებენ. ფიცის რიტუალის შესრულების შემდეგ (ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!) ისინი წვავენ ჯოჯოხეთურ სიას და დავთარსაც მას მიაყოლებენ. მეტიც, კობა და მერაბი ჯონდოს წყენინებასაც კი მოერიდებიან და არაფერს აგრძნობინებენ მას. მაგრამ „კრისტალს“ მაინც თავს ანებებენ – რაღაც უმტკივნეულო საბაბით წყვეტენ ჯონდოსთან ურთიერთობას და ალპიურ კლუბში სიარულსაც კი. ბოლქვაძეს ამიერიდან თავის არასამთავრობოში გრანტის სხვა მოყვარულების მოძიება უწევს – რაც არაა მაინცდამაინც რთული საქმე.

მძიმე, მაგრამ ხანმოკლე კრიზისის დაძლევას მერაბი ნუციკოსთან შეუღლებით აღნიშნავს. მინისტრის ქვრივსა და მერაბის დედას, ქალბატონ ელენეს, თანდათანობით სიცოცხლისადმი ინტერესი უბრუნდება, ხოლო უკანასკნელ სერიაში გამართული ჯვრისწერის მიზანსცენაში მერაბს გვერდს მეჯვარის როლში მისი ნაცადი მეგობარი კობა უმშვენებს.

ამასობაში, ერთ-ერთი მორიგი ლოთაობის შემდეგ, სოსოს სიის არსებობა ახსენდება – დრო-დრო უყვარს ხოლმე მისი გადაკითხვა და აგენტების გვარებისა და „კლიჩკების“ გაზეპირებაც კი. მაგრამ ახლა კი ჩაუვარდება კოვზი ნაცარში! იწყებს მოპარული სიისა და დავთრის ძებნას და, რასაკვირველია, ვეღარ პოულობს მათ. სულ გაგიჟდება, მაგრამ რაღა უნდა ქნას! ასლის გადაღებას ყოველთვის ერიდებოდა – და აი შედეგიც! ოჯახის წევრების, მით უმეტეს თოთხმეტი წლის ლაწირაკის, პატიოსნებაში ეჭვს მაინც ვერ შეიტანს, მისგან მამის მაგიდის უჯრებში ხელის უშნოდ ფათურს ვერც კი წარმოიდგენს…  ბოლოს, სოსო თავს დაირწმუნებს, რომ სია სიმთვრალეში საკუთარი ხელით დაწვა – თავის მოტყუება არ გაუჭირდება, რადგან ნასვამს მართლაც არაერთხელ ნდომებია ამის გაკეთება, მაგრამ ფხიზელ გონებაზე ვეღარ ბედავდა, ყოველთვის აკავებდა პრაგმატული მოსაზრებები. ახლა კი, როდესაც ბინა უკვე მისია… სიის გაქრობისა და რავენდრას გამგზავრების შემდეგ სოსო ცოტა ხნით თითქოს უფრო ბედნიერი და წელგამართული ხდება. სმასაც უკლებს. ბოლო-ბოლო, დროა ბინას მიხედოს, ევროპულ ყაიდაზე გაარემონტოს და ოჯახიც იქ გადაიყვანოს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ძმის ასე სასტიკად გათელვას სოსოსთვისაც უკვალოდ არ ჩაუვლია. ბოლო სერიებში სოსო ლაბაძე უკვე ყველაფერზე წამსვლელი, წახდენილი კაცია. გარემონტებულ მამისეულ ბინაში გადასვლისთანავე ის თავმომწონედ გამოიჭიმება საკუთარ კაბინეტში და ახალ, ძმის ბედისადმი მიძღვნილ ნაწარმოებზე მუშაობის პარალელურად, გააბავს ფარულ რომანს კოტეს მიერ მიტოვებულ ლამარასთან, რომლის დუმილის ყიდვას ძვირფასი საჩუქრებითა და მის შვილზე, კობაზე, გაკვეული მზრუნველობის გამოჩენით ეცდება. თავისი მანანა კაი ხანია აღარ უყვარს, მაგრამ მაინც იძულებულია რაღაც ანგარიშს უწევდეს საკუთარი შვილების დედას, ამიტომ ამ რომანის გახმაურების ეშინია (ლამარა მეორე პლანის პერსონაჟია, რომელმაც ხაზი უნდა გაუსვას სოსოს შინაგან მარტოსულობას ოჯახში – მის მანანას ხომ ფულის, რემონტისა და შვილების ბედის გარდა ამ ქვეყანაზე არაფერი აღელვებს, უბრალოდ ერთი ფუქსავატი მეშჩანია). დაქალები, რასაკვირველია, მიუტანენ მანანას ენას ქმრის ღალატზე, რასაც ოჯახური სკანდალიც კი მოყვება, მაგრამ ბალანსი მაინც არ დაირღვევა – სერიალის თითქმის ბოლომდე სოსო ინარჩუნებს ნერვიულ პარალელურ ურთიერთობას ორივე ქალთან – ცოლთანაც და საყვარელთანაც. მაგრამ ბოლო სერიაში კობა ანონიმური სატელეფონო ზარით შეიტყობს თავის დედისა და სოსო ბიძიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ და ერთხელაც, როდესაც მანანასთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, ნასვამი სოსო ლამარასთან გარბის, კობა სადარბაზოსთან დახვდება და ჯერ გამეტებით დაუნაყავს ცხვირ-პირს პოპულარულ მწერალს, მერე კი კარში გააგდებს მას. ირგვლივ მდუმარე ნაცრისფერი საღამოა, დასისხლიანებული სოსო სახლში მიბრუნდება და ძლივს მილასლასდება იმ ბინის კარამდე, რომლის გულისთვის საკუთარი ძმა სასიკვდილოდ გაწირა, მაგრამ კარს არავინ უღებს. ბინა სდუმს. ასეა – აღარც ბინა, აღარც ძმა, აღარც ოჯახი, აღარც საყვარელი, აღარც სია და აღარც დავთარი… სოსო კვლავ ქუჩაში ჩადის და უაზროდ მიყვება ტროტუარის დახრილ სიბრტყეს, სულ დაბლა და დაბლა…

ბოლო კადრებში, მსოფლიოს რომელიღაც დიდი და ბრჭყვიალა დედაქალაქის ურბანისტული ლანდშაფტის ფონზე, კვლავ გამოჩნდება გაღიმებული რავინდრა, იგი მარჯვენა ხელს მაღლა, თითქოს მისალმების ნიშნად აღმართავს, რასაც მის ზურგს უკან აღმართული ცათამბჯენის უხმო აფეთქება და მისი ზანტი და დარბაისლური მიწაზე დანარცხება მოყვება. საზეიმო ლანდშაფტი ერთბაშად ქრება. გაისმის ჯაზის მელოდია პირველი სერიის დასწყისიდან, ეკრანზე კი საფინალო ტიტრები გარბის…

Source
burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button