ფრანც კაფკას წერილი მამას
ამასწინათ მკითხე, თუ რატომ ვამბობ, რომ შენი მეშინია. როგორც ყოველთვის, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ შენი ისევ მეშინია და ამ შიშს საფუძვლად იმდენი წვრილმანი უდევს, მეგონა მათ ბოლომდე გააზრებას ვერასდროს შევძლებდი. შევეცდები წერილით გიპასუხო ამ კითხვაზე, თუმცა, ალბათ, არც ეს იქნება სრულყოფილი პასუხი, რადგან წერის დროსაც კი შენს გავლენას ვგრძნობ და შიში მიპყრობს, რაც შემდეგ გონებაში ირევა და თავგზას მაკარგვინებს.
შენთვის ყველაფერი მარტივი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდი მე და, როგორც წესი, სხვებსაც. მთელი ცხოვრება შრომობდი, ყველაფერს შვილებისთვის აკეთებდი. ამ მსხვერპლს შენ ჩემთვის იღებდი. „ფუფუნებაში“ ვიზრდებოდი, თავისუფლად შემეძლო მესწავლა ის, რაც მინდოდა. ამის გამო მადლობას კი არ მოითხოვდი – „შვილების მადლიერების“ ფასი კარგად იცი – არამედ ელემენტალურ გაგებასა და თანაგრძნობას. მე კი ამის ნაცვლად ყოველთვის გაგირბოდი ჩემს ოთახში, წიგნებთან, შეშლილ მეგობრებთან, გიჟურ იდეებთან. სინაგოგაში არ დაგყვებოდი, გულახდილად არ დაგლაპარაკებივარ, ფრანცენსბადში არ მომინახულებიხარ, საერთოდ არასოდეს გამომივლენია ნათესაური გრძნობები, შენს წვრილმან საქმეებზე და ოჯახზე არ მიზრუნია. შენს დასახმარებლად თითიც არ გამინძრევია (თეატრის ბილეთიც კი არასოდეს მომიტანია), მეგობრებისთვის კი ყველაფერს ვაკეთებდი. შენი განაჩენი ასეთია: ამორალური და ბოროტი კი არ ვარ (გამონაკლისია ჩემი ბოლო სურვილი ქორწინების შესახებ). არამედ ცივი, უცხო და უმადური. ისე მსაყვედურობ, თითქოს ამაში მხოლოდ მე ვიყო დამნაშავე, თითქოს ხელის ერთი მოსმით შემეძლოს ყველაფრის გამოსწორება, ხოლო შენ კი სრულიად უდანაშაულო იყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის მეტისმეტად კარგად მექცეოდი.
შენი შეხედულება ცხოვრებაზე, ასე თუ ისე, ახლოსაა სიმართლესთან. ვფიქრობ, ჩვენს გაუცხოებაში სრულიად უდანაშაულო იყავი, მაგრამ მეც ხომ ასევე უდანაშაულო ვარ. ეს რომც ამეხსნა, ახალ ცხოვრებას მაინც ვერ დავიწყებდით, ორივეს ძალზედ დაგვაგვიანდა, მაგრამ იქნებ ცოტა მაინც დავმშვიდდეთ, იქნებ შენი გაუთავებელი საყვედურებიც ოდნავ შერბილდეს.
მგონი, გრძნობ, რისი თქმაც მინდა. ამასწინათ მითხარი: „ყოველთვის მიყვარდი, თუმცა გარეგნულად ამას ისე ვერ ვავლენდი, როგორც სხვა მამები, რადგან მათსავით თამაში არ შემიძლიაო“. იცი, მამა, შენს სიკეთეში არასოდეს დავეჭვებულვარ, თუმცა მაინც ვერ დაგეთანხმები. თამაში მართლაც არ გეხერხება, მაგრამ ამის გამო იმის მტკიცება, რომ სხვა მამები თამაშობენ, ან სისულელეა, რომელზედაც არ უნდა იკამათო, ან – რაც უფრო სწორად მიმაჩნია – ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ვერ არის რიგზე, რაშიაც მეც ისევე ვარ დამნაშავე, როგორც შენ, თუნდაც უნებლიეთ. თუ მეთანხმები, მაშინ ერთსულოვანნი ვყოფილვართ.
არ დაგაბრალებ, რომ ასეთი შენ გამხადე. ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა (თუმცა გაზვიადება მიყვარს). შენი გავლენა რომ არა, ადვილი შესაძლებელია, მაინც სუსტი, მშიშარა, მერყევი, აფორიაქებული ადამიანი ვყოფილიყავი. არც რობერტ კაფკა და არც კარლ ჰერმანი, და მაინც სულ სხვანაირი, ვიდრე ვარ, და ალბათ, ერთმანეთსაც მშვენივრად გავუგებდით. ბედნიერი ვიქნებოდი მეგობარი, უფროსი ბიძა, პაპა ან თუნდაც მამინაცვალი, რომ ყოფილიყავი, მაგრამ როგორც მამა – ზედმეტად ძლიერი ხარ ჩემთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძმები ადრე დამეხოცნენ, დები კი გვიან გაჩდნენ, შესაბამისად, პირველი დარტყმა მარტოს უნდა გადამეტანა, ამისთვის კი ძალიან სუსტი აღმოვჩნდი.
მშიშარაც ვიყავი და ალბათ ჟიუტიც, როგორიც ყველა ბავშვია. რა თქმა უნდა, დედაც მანებივრებდა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ განსაკუთრებით დაუმორჩილებელი ვიყავი, ვერ დავიჯერებ, რომ ერთი თბილი სიტყვით, ხელის ჩაკიდებით, კეთილი მზერით იმას ვერ მიიღებდით ჩემგან, რაც გინდოდათ.
მართალია, შენ კეთილშობილი და ძლიერი ხარ, მაგრამ ყველა ბავშვი არ არის უშიშარი და არა აქვს იმდენი ნებისყოფა, რომ ფარულ სიკეთეს ჩაწვდეს. მხოლოდ ისე მექცეოდი, როგორიც თვითონ ხარ: ძლიერი, ხმაურიანი, მრისხანე… მესმის გინდოდა ჩემგან ძლიერი, მამაცი ყმაწვილი დაგეყენებინა, მაგრამ ე შეუძლებელი იყო.
ბავშვობიდან ზუსტად მახსენდება ერთი შემთხვევა. იქნებ შენც გახსოვს. ერთხელ, ღამით, გამუდმებით წყალს ვითხოვდი, წყურვილის გამო კი არა, შეიძლება უფრო იმიტომ, რომ გამებრაზებინე, ანდა ლაპარაკი მინდოდა. როდესაც რამდენიმე მწარე დამუქრებამ არ გაჭრა, საწოლიდან წამომაყენე, დერეფანში გამიყვანე და რამდენიმე ხანს პერანგისამარა იქ, დაკეტილი კარის წინ, მარტო დამტოვე. ვერ ვიტყვი, რომ ეს უსამართლობა იყო, მაშინ ალბათ მხოლოდ ამ გზით მოიპოვებდი ღამის სიმყუდროვეს. ამის გახსენებით მხოლოდ შენი აღზრდის მეთოდებისა და მათი ჩემზე ზემოქმედების ჩვენება მინდა.. წლების შემდეგაც კი ვიტანჯებოდი მოგონებებით, რომ ეს ბუმბერაზი კაცი, მამაჩემი, ღამით, თითქმის უმიზეზოდ მოვიდოდა, საწოლიდან ამაყენებდა და დერეფანში მარტო დამტოვებდა. აი, თურმე როგორი არარაობა ვყოფილვარ მისთვის.
მაშინ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ ჩემში გაბატონებული საკუთარი არარაობის განცდა (მეორეს მხრივ, მაინც კეთილშობილური და ნაყოფიერი) შენი გავლენის შედეგია.
სულ ეს იყო ჩემი აღზრდა. მე მგონი, შენ აღმზრდელობითი ნიჭი გაქვს. ჩემგან განსხვავებულ ბავშვთან იქნებ წარმატებისთვისაც მიგეღწია. შენთვის დამახასიათებელი აღზრდის ორატორული ხერხები იყო: ლანძღვა, მუქარა, ირონია, ბოროტი სიცილი და, ჩემდა გასაოცრად, საკუთარი თავის გამოტირება… რომელთა მიმართაც სრულიად უძლური ვიყავი.
თუ შენგან გაქცევა მინდოდა, ოჯახსაც უნდა გავქცეოდი, დედასაც.. მართალია, ის ყოველთვის მიცავდა, მაგრამ ამასაც შენი გავლენის დაღი აჩნდა.
ძალიან ძუნწი ბავშვი ვიყავი. საერთოდ, სიძუნწე ერთ–ერთი უეჭველი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი უკიდურესად უბედურია. იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და საგნებში, რომ სინამდვილეში ვფლობდი მხოლოდ იმას, რაც ხელში მეჭირა ან პირში მედო და უნდა მეჭამა.
ქორწინება, ოჯახის შექმნა, ღვთისგან ბოძებული ყველა ბავშვის გაჩენა, ამ ცვალებად სამყაროში მათი შენარჩუნება და სწორ გზაზე დაყენება, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანისთვის მიცემული ყველაზე დიდი სიკეთეა.
სულაც არ არის აუცილებელი მზის შუაგულში შეჭრა, მაგრამ დედამიწის ერთ სუფთა ნაწილამდე ხომ მაინც უნდა მიცოცდე, სადაც მზე ხანდახან გამოანათებს, რომ ცოტათი გათბობა შეძლო…
ვიყავი ამისთვის მზად? არა, ალბათ, უფრო არა…
რაც მე მიპყრობს, ის შენც არც კი გეხება და პირიქით, რაც შენთვის დანაშაული არაა, ჩემთვის შეიძლება იყოს, რასაც შენ ყურადღებას არ აქცევ ის ჩემთვის საზრუნავია… აქ იყრება ჩვენუი ცხოვრების გზები. ჩვენი მომავალიც ესაა… მინდა გითხრა, რომ ეს დაუმორჩილებლობა შენს მიმართ, შენი კი არა უფრო ჩემი ბრალია. შენი უნდობლობა სხვებისადმი იმდენად დიდი არ არის, როგორც ჩემი, ჩემივე თავის მიმართ. ამ უნდობლობას შენ მიმაჩვიე.
შეიძლება, მოვლენები რეალობაში ისე არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს, როგორც მტკიცებულებები ჩემს წერილში. ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ერთი ერთზე თამაში, მაგრამ კორექტივებით, რომელიც ამ თამაშში ჩნდება, კორექტივებით, რომლის გამოაშკარავება არც შემიძლია და არც მინდა. და მაინც, ამ წერილში, ჩემი აზრით, იმდენად მივუახლოვდი ჭეშმარიტებას, რომ მას შეუძლია ცოტათი მაინც დაგვამშვიდოს და, იქნებ, ცხოვრებაცა და სიკვდილიც გაგვიადვილოს.
ფრანცი,
1919 წელი