გიორგი პატარკაციშვილი, მარიამ მაღულარია, თორნიკე ჯანიბეგაშვილი – პროგრესის ორმაგი არსი და წრფივი აზროვნება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” სტუდენტები
პროგრესი: განვითარება, წინსვლა; განვითარების უფრო დაბალი საფეხურებიდან უფრო მაღალ საფეხურებზე გადასვლა. საპირისპირო ცნება – რეგრესი. პროგრესი: ცნება, რომელსაც თიოთოეული მოქალაქე თავისებურად განმარტავს. მისი განმარტების ყველაზე გავრცელებულ ფორმად შეგვიძლია ჩავთავალოთ: წინსვლა, განვითარება, მაგრამ აქვე იბადება რამდენიმე შეკითხვა: არსებობს თუ არა პროგრესის მეორე სახე? არის თუ არა მისი აღქმა ისეთივე მარტივი, როგორც თავად პროგრესის? რამდენად არის ეს ყველაფერი ადამიანის აზროვნებაზე დამოკიდებული? თუ არის რატომ იკარგება მეორე მხარე მისი განმარტების უმრავლეს შემთხევაში?
ყველაზე გავრცელებული შეხედულებით, დედამიწაზე არაფერია სრულყოფილი, ადამიანის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ყველაზე მარტივად შეგვიძლია მივიდეთ დასკვანამდე, რომ შეუძლებელია პროგრესმა, როგორც ცნებამ, იარსებოს მხოლოდ ერთი, ყველასთვის ადვილად აღსაქმელი სახით. არსებობს მეორე მხარე, რომლის დანახვაც, ჩვენი აზრით, ბევრად რთულია, მასზე საუბარი კი, ალბათ, კიდევ უფრო რთული. მაგალითისათვის, რა მისცა საზოგადოებას დენთის აღმოჩენამ? გაადვილდა წიაღისეულის მოპოვება, რაც თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ პროგრესად (განვითარებად), მაგრამ, მეორეს მხრივ, დენთის, როგორც იარაღის გამოყენებამ, შეიწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ბიძგი მისცა ატომური იარაღის შექმნას, რაც კარგად ასახავს იმ მეორე სახეს, რომელზეც ვსაუბრობთ. რა მისცა კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა სზოგადოებას? ან რას მისცემს მომავალში? კომპიუტეული ტექნოლოგიები აშკარა ნაბიჯია საზოგადოებისა ახალ ეტაპზე. მან შეამცირა ადამიანური რესურსების აუცილებლობა, ფაქტობრივად, მინიმუმამდე, მაგრამ რას მოგვცემს კომპიუტერს მიჯაჭვული ადამიანი, რომელიც კიდევ უფრო პასიური და დამოკიდებული ხდება, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს წრფივ მოვლენებზე დამოკიდებულ აზროვნებას?
პირდაპირ რომ ვთქვათ, პროგრესსაც სჭირდება რაღაც, რის ხარჯზეც შეძლებს განვითარებას: მსხვერპლი, ადამიანის მეორე პლანზე გადასვლა, ხშირ შემთხევაში ადამიანური ემოციების დაკარგვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია დავსვათ კითხვა – რამდენად შიძლება პროგრესის გაიგივება მხოლოდ განვითარებასთან, დადებითთან? პასუხი მარტივია, ყველაფერს აქვს ფასი, უბრალოდ საჭიროა ვიცოდეთ რამდენად ღირს მსხვერპლის გაღება. ჩვენი აზრით, სწორედ ამაშია პრობლემა, შეუძლებელია გესმოდეს რისი გაღება მოგიწევს თუ უბრალოდ ვერ ხედავ პროგრესის მეორე სახეს. უმრავლესობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას უბრალოდ ვერ ხედავს. არც ის ესმის, რამდენად უღირს მსხვერპლის გაღება და არც იმაზე დაფიქრებულა, რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ საზოგადოება დაფიქრდეს ამ ყველაფერზე, ან რა მიზეზითაა საზოგადოება „ჩრდილებს მიჩერებული“.
ფაქტია, რომ ადამიანთა უმრავლესობა ნაკლებად აზროვნებს. მათ არ სურთ დაინახონ თითოეული გადადგმული ნაბიჯის ორსახოვნება. ასევე, თუ დავფიქრდებით იმაზეც, რომ ადამიანთა უმრავლესობას თავისი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობაც კი არ აქვს გააზრებული, მაგალითად, დემოკრატია, რომლის მეორე მხარეც ისევე იკარგება, როგორც პროგრესის. აღსანიშნავია, რომ ამ „მეორე მხარის“ გარეშე შეუძლებელია უმრავლესობის მმართველობა. ამ ყველაფრის გათვალსიწინებით, აბსურდულად აღარ მოგვეჩვენება რომ საზოგადოება არ არის დაინტერესებული იმ მეორე სახის ძიებით, რადგან მის პირველ თავისთვის მისაღებ სახეს საკმარისი მოგება მოაქვს. მაგრამ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ნუთუ საზოგადოების სრული უმრავლესობისათვის მთავარია მოგება, რომელსაც პროგრესი მისცემს? ნუთუ უმრავლესობას უბრალოდ არ აინტერესებს რა ხდება, როცა მზეს გაუსწორებ თვალს და დაინახავ ჩრდილების ნამდვილ ბუნებას?
სწორედ ეს არის წრფივი აზროვნება, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდება და არ, ან ვერ ინტერესდება რა ხდება მის პარალელურად. წრფივი აზროვნების მიზეზია ის დოგმატური ჩარჩოები, რომლებსაც მთავრობა და რელიგია სთავაზობს ხალხს. ასეთ ჩარჩოებში ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან ხედავს მხოლოდ ერთ მხარეს, რომელიც ფარგლებს გარეთ გასვლის ყოველვარ სურვილს კარგავს. რელიგია მკაცრად ტაბუირებული თემებით გაწვდის მოქმედების გეგმას, რომლის მიღმაც შენ არ უნდა გადაუხვიო, არ დასვა კითხვები, არ დაინტერესდე.
იდეალურ შემთხევაში ადამიანმა უნდა დაიწყოს კითხვების დასმა, რადგან ის თავის არჩევანში თავისუფალია, მაგრამ საზოგადოება იდეალისაგან ისევე შორს დგას, როგორც ის ჩარჩოები, რომლებშიც ჩვენ მოქცევას ცდილობენ. ადამიანისათვის აუცილებელია კითხვების დასმა რელიგიაზე, პოლიტიკაზე, მთავრობაზე, პლატონზე, განმანათლებლებზე, კლოდ ლევი-სტორის ნაშრომებზე. ამ შეკითხვებით უნდა გავიაზროთ რელიგია, რომლისაც გვწამს, ამ კითხვებით უნდა შევიმეცნოთ სამყარო (ვცადოთ მაინც), ამ კითხვების დასმის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება წრფივი აზროვნება, ამ კითხვების დასმის შემდეგ აღარ განმეორდება 17 მაისი.
მიგვაჩნია, ადამიანი ბუნებრივად არის ცნობისმოყვარე და ამ ცნობისმოყვარეობის ჩვენ სასარგებლოდვე გამოყენება მოგვცემს ბევრად დიდ შედეგს, ვიდრე დოგმებსა და პიროვნებებს უკან ამოფარება. არ შეიძლება შენი განვითარება შეაფერხოს რომელიმე საზოგადო რელიგიურმა დოგმამ. და ბოლოს, ნაპოლეონი ამბობდა: „საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე“, მაგრამ რამხელა იქნებოდა დედამიწა დღეს, ყოველთვის კომპასის ზუსტ მიმართულებას რომ გავყოლოდით?
***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი