ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ალექსანდრე ყაზბეგი – ნინო

სოფელს გერგეტში, ქვემო უბანს, რომელსაც გვერდით ხევი ჩამოუდის და მოვარდნის დროს არა იშვიათად სახლებს მოუვარდება ხოლმე და აზარალებს მცხოვრებლებს, ყველაზედ საშის ადგილს იდგა ერთი პატარა, ძველი და ნახევრად დანგრეული სახლი. პირველსავე ნახვაზედ თქვენ დარწმუნდებოდით, რომ ამ სახლის პატრონები შეძლებულები არ უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც ამისთანა საშიშს ადგილს ვერ მოსცილებოდნენ და სახლიც ვერ გაეახლებინათ. იქნებოდა ღამის ცხრა საათი, შუაგულს ზამთარში, როდესაც ამ სახლში კერაზედ ცეცხლი ოდნავ ბჟუტავდა, უფრო თვალის მოსატყუებრად, სანამ გასათბობად; კერას გარს შემოხვეოდა რამდენიმე ბალღი და ორი – ერთი ახლად მოწიფული და ერთიც კარგა მოხუცებული ქალი. იმათი ნაკონკი ტანისამოსი, აქა – იქა მიჩხლართულ – მოჩხლართული სხვადასხვა ფერის ძონძებით, ვერ აღსრულებდა თავის დანიშნულებას და ძლივს უფარავდა ხორცს. ყველგან ნაკლულოვანება აშკარად გიჩვენებდათ იმათ ბედშავობას და მწუხარებას. ოთახში ბნელოდა, რადგანაც მბჟუტავი ცეცხლი საკმაო სინათლეს ვერ აძლევდა. ყველანი გაჩუმებულიყნენ და რაღაცას სევდიანს მწუხარებას მოეცვა. ათასში ერთხელ ბავშვები, შიმშილით და სიცივით შეწუხებულნი, თუ დაარღვევდნენ სიჩუმეს და იმათ პასუხად დედისგან გამოისმოდა გულ – დასაწყვეტი, ნაღვლიანი კვნესა, რომელიც აშკარად ამბობდა: ,,ნეტა მე ვიქცე შეშად, რომ გაგათბოთ, ნეტა მე ვიქცე პურად, რომ გაგაძღოთ!..”

ეს გახლდათ მახია გოდერძიანთი, თავისის მოზრდილის ქალით ნინოთი და სამი პატარა ვაჟით, რომელთ გაჭირვებაც უკანასკნელს საზღვრამდის მისულიყო.

მახიას ქმარი ადრე მოუკვდა და სულიად უპატრტონოდ დარჩა და სულს მარტო მეზობლების გულკეთილობით-ღა იბრუნებდნენ.

მახია უყურებდა თავის ნაშობებს და გული სდნებოდა, რადგანაც ხედავდა რო თავის შვილებს გაჭირვებაში, ხედავდა იმათ შიმშილს, წყურვილს და სიცივეს, უნდოდა ეშველა რითმე, მაგრამ რა შეეძლო ქვრივს, უპატრონო მოხუცს, როდესაც სახლს ისეთი არავინა ჰყავდა, რომელსაც შრომის ოფლით მოერწყო ოჯახობა და სისხლით ლუკმა ეშოვნა!

– დედავ! დაიწყო ფშრუკუნი ერთმა ბალღმა, – მცივა, მცივა!

დედამ შეხედა შეწუხებულის სახით და პირისახეზედ აშკარად დაეტყო ის მწარე მტანჯველი მოქმედება, რომელიც იქონია ამ სიტყვების გაგონებამ.

– გაჩუმდი, – წყნარად წარმოთქვა მოხუცმა, – აი, – კვერს ამოგიღებ და გათბები.

– ოჰ, კვერს!.. არ მინდა კვერი, ცეცხლი მინდა! – ჭირვეულად გაიმეორა ბალღმა.

– სუ-ღა, სუ, იყუჩე!.. აგერ მგელი ყმუის! – იეშმაკა დედამ, რომელსაც უნდოდა ბავშვების ყურადღებია სხვა საგნისთვის მიექცია და გაერთო რითიმე.

ბავშვები მართლა გაჩუმდნენ და დაუწყეს ყურის გდება, მაგრამ გარედგან მარტო ქარის ზუზუნი და წივილი მოისმოდა და გამშრალი, გაყინული ტოვლის რაკი-რუკი ფიცრის კარებზედ. აშკარად ეტყობოდა, რომ გაშმაგებული ქარი ებრძოდა ყველას, რაც კი წინ შეხვდებოდა და თუ თან გაიტაცებდა, სუსხავდა და აყინულებდა.

– არ არის მგელი, პური მშია, მცივა!.. – ასტყდნენ ისევ ბავშვები.

– სუთ და ,,ლექს” (ზღაპარს) გიამბობთ, – უთხრა ნინომ, რომელმაც ის-იყო გადასწია ნაცარს და გამოსაცხობლად ჩაფლულს ,,გუდუნას” ,,არცისკანით” წყნარა დაუწყო სინჯვა.

ბავშვები მიეხვივნენ დას, რომელმაც ისე იცოდა იმათი გართობა. ის-იყო ნინომ პირი გააღო, რომ დაეწყო ,,ლექსი”, როდესაც მოისმა კარებში რაკუნი და მოულოდნელად ყველა ერთბაშად შეაკრთო, ყველას პირში სიტყვა გაუწყვიტა.

ჩამოვარდა სიჩუმე, მოისმა კიდევ რაკუნი და ჩახრინწიანებული, უსიამოვნო ხმა.

– გაწყდით, ტუ რაი მოგსვლიათ?.. რაისთვის ხმას არა მცემთ?..

– ვინა ხარ? – იკითხა მახიამ.

– მე ვარ.

– შენ ვინ ხარ/.. რაი გინდა ამ დროსა?

– ნაცვალია, -წასჩურჩულა დედას ქალმა.

– გააღე და გაიგებ… ჩქარა, გავიყინეთ! – აშურებდა გარეთ მყოფი.

– მოხუცი წამოდგა, გაანთო ,,ჩირაღი” (კვარი), ბუტბუტით მივიდა კარებთან და გასწია ურდულს. ოთახში შემოვიდა ნაბდით და ყაბალახ-მოხვეული კაცი, რომელსაც თოვლი დაზდებოდა და გძელს უშნო ულვაშებზედ ყინულები ჩამოჰკიდებოდა. იმან გადიგდო ბაშლუყი და შეიბერტყა ნაბადი.

– უჰ, ჰუ, ჰუ! ძალუმ არ ცივა!.. – წარმოსთქვა შემოსულმა და სიფრთხილით გადისვა ულვაშებზედ ხელი.

– მოგიკვდა ჩემი თავი! ჩვენ კი არაყიც არ მოგვეძებნება! – უთხრა მახიამ და დაუმატა: – აბა რითი-ღა გაგათბო, შეშაც აღარ გვაქვს!

– მე შეშა არ მინდა, – შეიწმუხნა წარბები მოსულმა, რა გაიგო, რომ ,,ჩასაცეცხლებელი” ასცდა, – აი, რუსები მოვიყვანე თქვენთან დასაყენებლად.

– რუსები?! – ელდა-ნაკრავსავით წარმოსთქვა დედაკაცმა და გაფითრებული გაშრა.

– ჰო, რუსები, სტეფანწმინდას აღარ დაეტია და აქ მოვიყვანე.

– ბედშაო ჩემო თაო! კაცი არავინ გყავს და არა ცხო, საიტ ჩავიყენოტ ცხოთა კაცები?

– დედაისი, ნუ დავაყენებთ! – ხვეწნით მოეხვია ნინო მახიას.

– ჰაი, ჰაი, რო არ დააყენებდით, თუ თქვენს კითხაზედ იყოს, – ჩაიცინა ნაცვალმა და მერე უფრო მკაცრად დაუმატა: – ხემწიფეს სამსახური უნდა, მაშ რაი გეგონათ?

– ბარემდის, თუ შეგვეძლოს, მაგრამ ბეჩავები, ღარიბები ვართ…

– თქვენთან ლაპარაკისთვის არ მცალიან, – გააწყვეტინა ნაცვალმა, გაბრუნდა კარისაკენ და დაუძახა სალდათებს, რომლებიც ბარტყა-ბუტყიტ და ყაყანით შემოვიდნენ.

დედაკაცმა გაიშვირა ხელები მიმავლის ნაცვლისაკენ, რომელმაც რუსებს დაუჩვენა ეს სახლი და გაბრუნდა. უნდოდა რაღაცა ეთქვა, შეხვეწნოდა, მაგრამ სიტყვა ვერარ მოეხერხებინა.

ბავშვებმა რა გაიგონეს რუსის სახელი, მაშინვე ნინოს მიეკუჭნენ, თითქმის ზედ გაეკრნენ და შეშინებულები გამოიყურემოდნენ.

სალდათებმა მიიხედ-მოიხედეს, რამდენჯელმე დაურიდებლად, რუსულის წესით შეიგინენ სახლის მოუწყობლობაზედ და მიეხვივნენ კერას, საიდგანაც გათოშილი ბავშვები გაიქცნენ.

სალდათები დასხდნენ, დაიხადეს ფეხთ და ოფლისა და უწმინდურების გამო ფეხზედ სახვევებს დაუწყეს შრობა, მაგრამ ჩამწვარი შეშა მალე ჩანელდა და სიცივემ თავისი ძალა მალე აგრძნობინა.

– როგორა დგანან ამ ჯოჯოხეთში? – დაიწყო ერთმა სალდათმა.

– ,,ბუსურმანები” არიან და რა საკვირველია, – უპასუხა მეორემ და მცოდნე კაცის კილოტი დაუმატა: – ბუსურმანები მხურვალენი არიან, იმათ როდი შესცივათ.

– აგრე უნდა იყოს, თორემ ცვენი დედაკაცი თუ ფეჩის ტავზედ კარგად არ გამოცხვა, რა გააძლებინებს?

– ეგ ყველა-ყველა, მაგრამ შეშა არ გვეკუტვნის? – იკიტხა ერთმა, რომელიც აქამდინ ჩუმად იყო.

– რასაკვირველია, გვეკუთვნის, – უპასუხეს იმას.

– ვისგან გვეკუთვნის, მართველობამ უნდა მოგვცეს, თუ სახლის პატრონმა?

– რასაკვირველია, სახლის პატრონმა, ამიტომ ო ეგ ,,მუჟიკია:, მიჟიკი უნდა ემსახუროს ხელმწიფეს, ჩვენ კი ხელმწიფის კაცები ვართ.

– აი, ეგ მართალია, – მოუწონეს დანარჩენებმა, – რასაკვირველია, მუჟიკი სალდათს უნდა ემსახუროს, რადგანაც სალდათი ხელმიფის კაცია. მუჟიკი რაა? ფუ! – გადააფურთხა მოლაპარაკემ, – ამის მეტი არაფერია.

– მაშ რატომ არ მოქვს შეშა იმ ეშმაკის ფეხს? – წარმოსთქვა მეორემ და მიუბრუნდა მახიას: – ეი, დედაკაცო, შეშა მოიტანე!

მახიას ესმოდა, რომ იმას ელაპარაკებოდნენ, მაგარმ ვერ გაეგო, თუ რას ეუბნებოდნენ, რადგანაც რუსული არ იცოდა, და თუნდას სცოდნოდა, მაინც ვერ დააკმაყოფილებდა იმათ სურვილს, რადგანაც ერთი ,,წკირი” არ მოეძევებოდა სახლში.

– რა ეშმაკივით დაგიჭყეტია თვალები? – შეუტიეს იმას. – შეშა, შეშა! ,,ცეცკლი!”

– ცეცხლი? – მიხვდა დედაკაცი. – საით მოგიტანოთ ცეცხლი?

– არა, რა! – გაბრაზებით და დაცინვით ,,გაუკირცხლეს” მოხუცს. – თავში ქვა შემოიკარ და იშოვე.

– წმინდის გივარგის მადლმა, არა გვაქვს, – შეჰფიცა მახიამ, თითქოს რუსებს ესმოდათ იმისი ლაპარაკი.

– რას უყურებთ მაგას, ჩვენ თითონ მოვნახოთ და დავანთოთ, – არჩიეს სალდათებმა, – საცა იქნება, ვიპოვნით.

– სამი სალდატის გარდა ყველანი წამოცვივდნენ და გაცვივდნენ დერეფანზედ, მაგრამ იმათ ვერა იპოვეს-რა. ბოლოს, ბევრი ძებნის შემდეგ. იმათ თვალი შეჰკრეს ერთს ურემს, რომელიც იქავ ეზოში ეგდო, და ყველანი სიხარულით და ყიჟინით მიეხვივნენ.

-აი, შეშაც ვიპოვეთ, შეშაც!..

მახია, რომელიც გამოჰყვა და კარებიდგან უყურებდა, მიხვდა იმათ აზრს და გაექანა ხვეწნით:

– ღვთის გულისთვის!.. ნუ დამღუპავთ!.. ცხოთა ურებია, შეშის მოსატანად მათხოვეს!..

მაგრამ სალდათები, დარწმუნებულნი, რომ შეშა უნდა მიეცა ვისმე, აღარ არჩევდნენ, რასა შვრებოდნენ; იმათ მხოლოდ ერთი სული ჰქონდათ აზრში, რომ ჩქარა დააგუგუნებენ ცეცხლს და გათოშილს, გაყინულს სხეულს გაითბობენ, სხვა რა ენაღვლებოდათ?..

არც ხვეწნა, არც მუდარა, არც თავის შებრალება აღარ გადიოდა! ისინი მისცვივდნენ ,,ურას” ძახილით ურემს და რადგანაც ცული ვერ ეპოვათ, ხელებით დაუწყეს მტვრევა.

ამ ხნის განმავლობაში სახლიდგან მოისმა გულის გამგმირავი წივილი, რომელმაც მაიხა გააბრუნა სახლისკენ სადაც შესვლის უმალ თვალ-წინ წარმოუდგა საშინელი და შემაძრწუნებელი სურათი:

ორიოდე სალდათი, რომელის სახლში დარჩენილიყვნენ, მისცვივნოდნენ ყუთებს სენას და იქაურობას აბრუნებდნენ და აქოთებდნენ. ერთიც მივარდნოდა ლამაზ ნინოს და თავის დახეთქილს და უმსგავსო ხელებში სჯიჯგნიდა!… შეშინებული ქალი გაფითრებულიყო და წივილ-კივილით ფარტხალობდა, თავს არიდებდა უმსგავსო ტუჩებს, რომლითგან ოტკის სუნი ამოსჩქროლდა. ქალი მაგრა მიეკრა მკერდში და დორბლიანის და მხეცურის წადილიტ დამახინჯებული ტუჩებით ლოშნიდა.

მოხუცს გული მოუკვდა ამ დანახვაზედ, მისწვდა ქმრის დაჟანგებულს ხანჯალს, გააძრო ქარქაშიდგან და ანგარიშ-მიუცემლად, თუ რასა შვრებოდა, ძალზედ ჩასცა გამხეცებულს სალდათს, რომელიც ღრიალით: მიშველეთ, მომკლეს! გასისხლიანებული იქვე დაეცა. იმის ყვირილზედ შემოცვივდნენ სხვა სალდათები, დაუწყეს მახიას უწყალოდ ცემა და მაგრად შეუკრეს ხელ-ფეხი. ხმაურობა შეესმატ სოფლელებს და შეცვივდნენ სახლში, რომ მახია ხელიდგან გაეგდებინათ გაბრაზებულის სალდათებისთვის.

-ნინო, ნინოს უპატრონეთ! – ძლივს წარმოსთქვა მახიამ და გულშემოყრილი იქვე დაეცა.

ხალხმა ბევრი ეძება ნინო, რადგანაც ის სახლში აღარ იყო, ბევრს ეცადა, მაგრამ თითქმის ღამის უფსკრულს შთაენთქა, – ვერარსად იპოვა.

ასე სამწუხაროდ გაუტენდა მახიას მეორე დილა, რომლის შემდეგაც იმის თვალს ცრემლი არ შეშრობია და გულს არ მოჰკლებია კვნესა… ჩქარა ისიც შეიბრალა რმერთმა და მწვალებლის ხელიდგან სამარემ დაიხსნა.

ზამთარი შეიცვალა გაზაფხულით, მიწა აჭრელდა, მთიდგან ტოვლები ზვავებად მოსხლტა. ყველგან გამდნარი ტოვლი სხვადასხვა სიხო ნაკადულად ჟონავდა. ყველგან ხალხი სამუშაოდ ემზადებოდა და ღიმილით მოელოდა ზაფხულს.

ერთს დღეს რამდენიმე კაცს საქონელი ჩაეკრათ ხევში წყალის დასალევად, მაგრამ, რადგანაც გზა ზამტარში ძალზედ ,,ცაეჩუმქრა”, ტოვლი უშლიდა გავლას, იმათ ნიცბებიტ დაუწყეს გზას წმენდა. ერთბაშად ნიჩაბი ტოვლის ქვეშ რაღაცას მოედო და მუშამ დაიძახა:

-მიშველეთ, თოვლის ქვეშ რაღაცაა და არ ვიცი კი რაია! ყველანი მიეხვივნენ, გადმოთხარეს და ერთბაშად მწარის მწუხარებით დაიძახეს:

-ნინო!

დიაღ, ეს გახლდათ საბრალო ნინო, რომელიც იმ უბედურს ღამეს შეშინებული გადმოვარდნილიყო, ქარიშხალს გზა აერია და ხევში გადავარდნილი თივლს დაემარხა. პატარა ძაღლს, რომელიც იმას განუშორებლივ თან დაზდევდა, ეხლაც არ ეღალატნა და პატრონთან ერთად დამარხულიყო!..

მაგრამ, ღმერთმა იცის, რა ერჩივნა ნინოს: სამუდამოდ განსვენება, თუ ცხოვრება, რომელიც ვინ იცის კიდევ რამდენს განსაცდელს შეამთხვევდა?..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button