იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცოლ-ქმარი. ლამაზი სახლი ედგათ. მათი სახ-ლის ფანჯარა კუდიანების ბაღს გადაჰყურებდა.
ქალი ფეხმძიმედ იყო. ერთხელ ოხრახუში მოუნდა, ფანჯრიდან კუდიანების ბოსტანში გადაიხედა, ოხრახუშის კვალი ბიბინებდა. დაუდარაჯდა ქალი და, როცა კუდიანები შინიდან წავიდნენ, ფანჯრიდან აბრეშუმის კიბე ჩაუშვა, ბოს-ტანში ჩავიდა, მადიანად შეექცა ოხრახუშს, მერე ისევ აბრეშუმის კიბით ავიდა შინ და ფანჯარა მიხურა.
მეორე, მესამე და მეოთხე დღესაც ეწვია ქალი კუდიანების ბოსტანს.
— იცით, რა ვქნათ? ხვალ ერთ-ერთი შინ დავრჩეთ, დავუდარაჯდეთ ბოს-ტანში და გავიგებთ, ვინ შემოეჩვია ჩვენს ოხრახუშსო, — თქვა უფროსმა კუდი-ანმა.
მეორე დღეს ფეხმძიმე ქალმა ისევ ჩაუშვა აბრეშუმის კიბე ფანჯრიდან, ჩავი-და ბოსტანში და ის იყო ოხრახუში უნდა მოეკრიფა, რომ კუდიანი ბუჩქიდან გამოვარდა და თავს წაადგა.
— აჰა, დაგიჭირე! აი, თურმე ვინ გაგვიჩანაგა ოხრახუშიო! — წამოიძახა კუ-დიანმა.
— ნუ გამიჯავრდები, ძალიან მინდოდა ოხრახუში, ხომ ხედავ, ფეხმძიმედ ვარ, — შეეხვეწა ქალი.
— კარგი, გაპატიებ, მაგრამ ერთი პირობით. თუ გოგო გაგიჩნდა, ოხრახუშა დაარქვი, თუ ბიჭი — ოხრახუში. ბავშვი რომ წამოიზრდება, ჩვენ უნდა მოგ-ვცეო.
ატირებული ქალი შინ დაბრუნდა. ქმარს უამბო, ასე და ასე დამემართაო. ქმარი ძალიან გაუჯავრდა:
— აი, შე ღორმუცელავ, ეს რა გიქნიაო.
გავიდა ხანი. ქალს გოგო გაუჩნდა და ოხრახუშა დაარქვა.
დედ-მამას თანდათან დაავიწყდა კუდიანებისთვის მიცემული სიტყვა. გო-გონა წამოიზარდა, უკვე სკოლაში დადიოდა. სკოლიდან შინ რომ ბრუნდებო-და, გზაზე კუდიანები დახვდებოდნენ ხოლმე და ეუბნებოდნენ:
— ოხრახუშავ, დედას გაახსენე, რომ ჩვენი რაღაც მართებს და მოგვცესო…
— დედი, — უთხრა ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულმა ოხრახუშამ ქალს, — კუდიანებმა შემოგითვალეს, მოგვეცი, რასაც დაგვპირდიო.
საწყალ ქალს კინაღამ გული წაუვიდა ამის გაგონებაზე, მაგრამ შვილს არა-ფერი გაუმხილა.
გავიდა ხანი და ოხრახუშამ ისევ უთხრა დედას:
— დედი, კუდიანებმა მითხრეს, ჩვენი ვალი აქვს დედაშენსო.
ქალი რაღაცაზე ჩაფიქრებული იყო და ანგარიშმიუცემლად უპასუხა შვილს:
— კარგი, კარგი, წაიღონ რაც მმართებსო.
მეორე დღეს ოხრახუშა სკოლაში წავიდა. კუდიანები გზაზე დახვდნენ და ჰკითხეს:
— ოხრახუშავ, რა გითხრა დედამ, ხომ არ დაავიწყდა დანაპირებიო?
— არა, დედამ დამაბარა, წაიღონ, რაც მმართებსო.
ჩაავლეს ხელი კუდიანებმა ოხრახუშას და გაიტაცეს.
უცადა ქალმა შვილს, უცადა, სკოლიდან რომ არ დაბრუნდა გოგო, აფორიაქ-და. უცებ გაახსენდა, წინა დღით რა პასუხიც გასცა შვილს და ტირილი წასკდა:
— ეს რა დამემართა მე უბედურს, ვაი, ჩემო საწყალო გოგო, რაღა ვქნა, შინ ვეღარ დამიბრუნდებიო.
კუდიანებმა ოხრახუშა ერთ გაჭვარტლულ ოთახში შეაგდეს და უთხრეს:
— ოხრახუშავ, ხომ ხედავ ამ გაჭვარტლულ და ჩაშავებულ კედლებს? საღა-მომდე თუ თოვლივით არ გაათეთრებ ოთახს და ქვეყნად რა ჯურის ფრინვე-ლიც არის, კედლებზე არ დახატავ, შეგჭამთო.
წავიდნენ კუდიანები. დარჩა მარტო ოხრახუშა გაჭვარტლულ ოთახში. იჯ-და, ტიროდა, ტიროდა, სულ ცრემლად იღვრებოდა.
უცებ კაკუნი შეესმა, ალბათ კუდიანები დაბრუნდნენ, დავიღუპე მე უბედუ-რი, ხელად შემახრამუნებენო. მაგრამ არა, თურმე კუდიანების ბიძაშვილი მემე აკაკუნებდა.
— ასე მწარედ რა გატირებს, გოგონა? — ჰკითხა მემემ.
— ჩემს ადგილზე თქვენც იტირებდით. აბა ერთი ეს გაჭვარტლული კედლე-ბი საღამომდე თოვლივით გაათეთრეთ და ზედ ათასნაირი ჯურის ფრინველი
დახატეთ. თუ ამ საქმეს საღამომდე ვერ გავაკეთებ, კუდიანები რომ დაბრუნ-დებიან, შემჭამენო.
— ერთი მაკოცნინე და მე გაგიკეთებ ყველაფერსო, — უთხრა მემემ. გოგონამ უპასუხა:
მირჩევნია კუდიანმა
წამითაც არ მაცოცხლოს,
ვიდრე ვიღაც მამაკაცი
მომეხვიოს, მაკოცოს.
— შენი პასუხი მომეწონა და ამ საქმეს მე გაგიკეთებო, — უთხრა მემემ.
მერე ჯადოსნური ჯოხი მოიქნია. თოვლივით გათეთრდა ოთახის კედლები და ათასნაირი ჯურის ფრინველით აჭრელდა. ყველაფერი გააკეთა, რაც კუდია-ნებმა ოხრახუშას დაავალეს.
მერე გამოემშვიდობა გოგოს და წავიდა. დაბრუნდნენ კუდიანები.
— აბა, ოხრახუშავ, გააკეთე, რაც დაგავალეთო? — ჰკითხეს.
— დიახ, შემობრძანდით და თქვენი თვალით ნახეთო! — უპასუხა ოხრახუ-შამ.
გაოცებულმა კუდიანებმა ერთმანეთს გადახედეს.
— მართალი თქვი, ოხრახუშავ, ჩვენი ბიძაშვილი მემე აქ ხომ არ იყოო.
ოხრახუშამ უპასუხა:
არ ყოფილა მემე ჩემთან,
და არც ჩემი ტკბილი დედა.
მეორე დღეს კუდიანებმა ერთიმეორეს ჰკითხეს, რა ვქნათ, რა შარი მოვდოთ ოხრახუშას, რომ შევჭამოთ? და გადაწყვიტეს, კუდიან მორგანასთან გაეგზავ-ნათ.
— ჰეი, ოხრახუშავ!
— რას მიბრძანებთ?
— ხვალ დილით კუდიან მორგანასთან წადი და ბელ-ჯულარიას ზარდახშა სთხოვეო.
— კარგით, ქალბატონებო, — უპასუხა ოხრახუშამ და მეორე დილით გზას გაუდგა.
გზაში კუდიანების ბიძაშვილი მემე შეხვდა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო.
— კუდიან მორგანასთან მივდივარ, ბელ-ჯულარიას ზარდახშა უნდა გამო-ვართვაო, — უპასუხა ოხრახუშამ.
— კუდიან მორგანასთან? მერე, ხომ შეგჭამს მორგანაო! — წამოიძახა მემემ.
— შემჭამოს, რაც მალე მოვკვდები, მით უკეთესიაო, — უპასუხა ოხრახუშამ.
— სულით ნუ დაეცემი, ოხრახუშავ, მე გიშველი, — დაამშვიდა მემემ, — აი, ეს ორი ქოთანი წაიღე, მორგანას კოშკთან რომ მიხვალ, უზარმაზარ ჭიშკარს დაინახავ. ვინც კი მორგანას ეზოში შევა, უკან ვეღარ გამოვა. შენ ქონით კარგად გაპოხე ჭიშკრის ანჯამები და უკან გამოგიშვებს. ეზოში რომ შეხვალ, ორი ქო-
ფაკი დაგხვდება, აი, ეს ერთი პური ერთს მიუგდე, მეორე — მეორეს. მერე ხა-რაზს დაინახავ. ის საცოდავი თმასა და წვერს იგლეჯს და თავისი ბალნით უკე-რავს მორგანას ფეხსაცმელს. ეს სადგისი და გასანთლული ძაფი მიეცი, უკან რომ გამობრუნდები, ხარაზი აღარ დაგიჭერს. მერე მზარეულ ქალს დაინახავ, საწყალს ნაცარი ხელით გამოაქვს ბუხრიდან. მიეცი ეს ცოცხი და აღარ დაგაკა-ვებს. ოღონდ იცოდე, ოხრახუშავ, ყველაფერი თვალის დახამხამებაში უნდა გა-აკეთო. გაიგე, რაც გითხარიო? — ჰკითხა მემემ.
წაიღო ოხრახუშამ ქონი, პური, გასანთლული ძაფი, სადგისი და ცოცხი. ყვე-ლაფერი ისე გააკეთა, როგორც მემემ დაარიგა. ყველა მადლიერი დარჩა საჩუქ-რებისთვის. მივიდა ოხრახუშა მორგანას ციხე-კოშკთან და დააკაკუნა.
— ცოტა ხანი დამაცადე, გოგონა! — დაუძახა კუდიანმა მორგანამ.
ოხრახუშას კარგად ახსოვდა მემეს დარიგება, მარდად გააკეთე ყველაფერიო, აირბინა კიბე, შეიხედა კუდიანი მორგანას ოთახში, დაინახა ბელ-ჯულარიას ზარდახშა, დასტაცა ხელი და მოგეცეს ლხენა, იმან მოკურცხლა.
დაინახა კუდიანმა მორგანამ, რომ ოხრახუშამ ბელ-ჯულარიას ზარდახშა მოიტაცა, ფანჯარაში გამოყო თავი და დაიყვირა:
— ჰეი, მზარეულო, დაიჭი, არ გაუშვაო!
— რად დავიჭერ? ამდენი წელია ბუხრიდან ნაცარი ხელით გამომაქვს, მოვი-და ეს გოგო და ცოცხი მაჩუქაო.
— არიქა, ხარაზო, გაინძერი, არ გაუშვა ეგ გოგო!
— რად დავიჭერ? რამდენი წელია თმა-წვერს ვიგლეჯ და ფეხსაცმელს იმით გიკერავ. მოვიდა ეს გოგო, სადგისი და გასანთლული ძაფი მიბოძაო.
— აბა, ძაღლებო, თქვენ მინც არ მიღალატოთ, არ გაუშვათ ეგ გოგოო!
— რად დავიჭერთ? შიმშილით სული გვძვრებოდა, მოვიდა გოგო და დაგვა-პურაო.
— ჭიშკარო, მიშველე, არ გაუშვა ეგ გოგო!
— რად დავიჭერ? რამდენი წელია ჩემი დაჟანგული ანჯამები ღრჭიალებს. მოვიდა გოგო და ქონით გამიპოხაო.
ასე დააღწია თავი საფრთხეს ოხრახუშამ.
გავიდა გზაზე, შიშით გული აღარ უფართხალებდა, მაგრამ ახლა ცნობის-მოყვარეობამ არ მოასვენა: რა ლამაზი ზარდახშაა, ნეტა რა დევს შიგ? ბოლოს ვეღარ მოითმინა, ახადა სახურავი.
ახადა სახურავი და უცებ აუარებელი პაწაწინა კაცუნები ამოხტნენ ზარდახ-შიდან. თურმე მთელი ბრბო მჯდარა შიგ. ამოხტნენ, ჩამწკრივდნენ, წინ ორკეს-ტრი გაიმძღვარეს და გაემართნენ. აწრიალდა ოხრახუშა, აქეთ ეცა, იქით ეცა, რა ქნას, როგორ ჩარეკოს კაცუნები ზარდახშაში. ვერაფერს რომ ვერ გახდა, მორ-თო ღრიალი. ამ დროს, სად იყო და სად არა, მემე გაჩნდა მის გვერდით.
— მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა სიკეთეს არ დაგაყრის. ხედავ, რა ჩაიდი-ნეო? — გაკიცხა მემემ ოხრახუშა.
— მარტო გასინჯვა მინდოდა და… — შესჩივლა ოხრა-ხუშამ.
— ახლა რაღა ეშველება ამ საქმეს. თუმცა, ერთს თუ მაკოცნინებ, მოგეხმარე-ბიო, — უთხრა მემემ.
გოგონამ უპასუხა:
მირჩევნია კუდიანმა
წამითაც არ მაცოცხლოს,
ვიდრე ვიღაც მამაკაცი
მომეხვიოს, მაკოცოს.
— მომწონს ეგ სიტყვა და გიშველიო, — უთხრა მემემ.
— ერთი კი მოიქნია ჯადოსნური ჯოხი და კაცუნები სულ პანტა-პუნტით ჩაცვივდნენ ბელ-ჯულარიას ზარდახშაში.
კუდიანებს ოხრახუშას კაკუნი რომ შემოესმათ, გაოცდნენ, რა მოხდა, ნუთუ მორგანამ არ შეჭამა ოხრახუშაო.
— დილა მშვიდობისა. აი, თქვენი ზარდახშაო, — უთხრა ოხრახუშამ.
— გმადლობთ, გმადლობთ, რა დაგაბარა მორგანამ? — ჰკითხეს კუდიანებმა.
— მოკითხვა შემოგითვალათ, მეტი არაფერი დაუბარებიაო.
— რაკი მორგანამ დაგვიბრუნა ოხრახუშა, ხვალ ჩვენ თვითონ შევჭამოთო, — წაუჩურჩულეს ერთმანეთს კუდიანებმა.
საღამოს მემე ეწვიათ.
— მემე, მორგანამ ოხრახუშა დაგვიბრუნა, ხვალ უნდა შევჭამოთო, — უთ-ხრეს კუდიანებმა.
— ძალიან კარგს იზამთო, — მოუწონა მემემ.
— ხვალ დილით ოხრახუშა სახლს რომ მიალაგ-მოალაგებს, ცეცხლს დავან-თებინებთ ჩვენი დიდი ქვაბის ქვეშ. წყალი რომ აჩუხჩუხდება, ქვაბში ჩავაგ-დებთ და მოვხარშავთო, — უთხრეს კუდიანებმა მემეს.
— ჩინებული აზრი მოგსვლიათო, — მოუწონა მემემ.
კუდიანები სადღაც წავიდნენ.
— ოხრახუშავ, — დაუძახა მემემ, — ხვალ მდუღარე წყალში გიპირებენ ჩაგ-დებას. შენ ქვაბს ცეცხლი შეუნთე, მერე კუდიანებს უთხარი, შეშა სამყოფი არ არის-თქო, და ფარდულში შედი, მე იქ დაგიხვდები და გიშველიო.
დილით კუდიანებმა ოხრახუშას უბრძანეს: ცეცხლი დაანთე და დიდი ქვა-ბით წყალი შედგი, თეთრეული უნდა გარეცხოო.
დაანთო ოხრახუშამ ცეცხლი და ცოტა ხნის შემდეგ კუდიანებს უთხრა:
— შეშა სამყოფი არ არისო.
— შედი ფარდულში და გამოიტანეო, — უპასუხეს კუდიანებმა.
წავიდა ოხრახუშა.
— ოხრახუშავ, ნუ გეშინია, აქა ვარო, — შემოესმა მემეს ხმა.
მემემ ხელი ჩაჰკიდა ოხრახუშას და ფარდულის ბნელ კუთხეში მიიყვანა.
— ხომ ხედავ, რამდენი სანთელი ანთია! ეს სულ კუდიანების სულებია. მო-დი, ჩავაქროთო, — უთხრა მემემ.
მიჰყვნენ და ერთიმეორის მიყოლებით ჩააქრეს სანთლები. ჩააქრეს ერთი სანთელი — ერთმა კუდიანმა გააფრთხო სული; ჩააქრეს მეორე სანთელი — მე-ორე კუდიანმა გაფშიკა ფეხები. ბოლოს ერთი ყველაზე მსხვილი კელაპტარიღა დარჩა.
— ეს კუდიანი მორგანას სულია, — უთხრა მემემ ოხრახუშას.
შეუბერეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, და ის კელაპტარიც ჩააქრეს.
ოხრახუშას და მემეს დარჩა კუდიანების მთელი ქონება.
— ახლა კი ცოლად გამომყევიო, — უთხრა მემემ ოხრახუშას;
ოხრახუშამ გაიცინა და მემეს აკოცა.
მემე და ოხრახუშა კუდიანი მორგანას სასახლეში დასახლდნენ. ხარაზს ჰერ-ცოგობა უბოძეს, მზარეულ ქალს — მარკიზობა, ძაღლებსაც სასახლეში მიუჩი-ნეს კუთხე და ანჯამებს ყოველდღე პოხავდნენ ქონით.
და ცხოვრობდნენ კარგად, ტკბილად,
ყველა იყო ბედნიერი…
მეც იქ გახლდით, მაგრამ სულ არ
მიწყალობეს არაფერი.
ფლორენცია