ოდესღაც, შორეულ წარსულში, ფლორენციაში ცხოვრობდა ერთი კაცი. ეს კაცი საინტერესო ამბების მოყვარული იყო. საღამოს ისე არ გაუშვებდა, სადმე არ წასულიყო. სულ ისეთ ხალხს ეძებდა, ვისაც ბევრი ემოგზაურა და ბევრი რამ ენახა. თვითონ თავისი ცხოვრება ფლორენციას არ გასცილებია. ჰოდა, გულს აკლდა, ყეყეჩივით რომ იჯდა ხოლმე და ვერავის ვერაფერს უამბობდა. ძალიან უნდოდა მოგზაურობა. ბოლოს ვეღარ გაუძლო სურვილს, ერთ მშვენი-ერ დღეს მიყიდ-მოყიდა თავისი ავლა-დიდება და გზას გაუდგა.
იარა, იარა ფლორენციელმა, ბევრი იარა თუ ცოტა, ერთი მღვდლის სახლს მიადგა და დაიძახა, ღამე გამათევინეთო. მღვდელმა სიამოვნებით მიიღო. დას-ხდნენ ვახშმად, პური რომ ჭამეს, მასპინძელმა სტუმარს ჰკითხა: საით მიემ-გზავრებიო. ფლორენციელმა უამბო, მთელი ცხოვრება ფეხმოუცვლელად ფლორენციაში გავატარე. ახლა გადავწყვიტე, ქვეყანა შემოვიარო, გავიხედ-გა-
მოვიხედო, მეც ვნახო რამე და მერე ნახულ-გაგონილი ამბებით ხალხი შევიქ-ციოო.
ეს რომ გაიგო მღვდელმა, სტუმარს უთხრა:
— მოდი, ერთად წავიდეთ, შემიამხანაგეო.
— მოხარული ვარ, თანამგზავრი რომ ვიპოვეო, — უპასუხა ფლორენციელმა.
ირიჟრაჟა თუ არა, წამოდგნენ მღვდელი და ფლორენციელი, ახსენეს ღმერ-თი და გზას გაუდგნენ. იარეს, იარეს, შებინდებულზე ერთ საბატონოს მიად-გნენ და თავშესაფარი ითხოვეს.
გამოვიდა მოურავი და ჰკითხა:
— რა გაჭირვება დაგდგომიათ, საით გაგიწევიათო?
ფლორენციელმა და მღვდელმა უამბეს, სად, ან რისთვის მიდიოდნენ. ახლა მოურავსაც მოუნდა მოგზაურობა და სამივე ერთად გაუდგა გზას.
იარეს, იარეს, დიდი გზა გაიარეს და ერთ დღეს გოლიათის სასახლეს მიად-გნენ.
— ვთხოვოთ, ღამე გაგვათევინოს. შინ რომ დავბრუნდებით, ნაცნობ-მეგობ-რებს გოლიათის ამბავს მოვუყვებით და გავაკვირვებთო, — ურჩია ფლორენცი-ელმა ამხანაგებს.
გოლიათმა კარი გაუღო მგზავრებს და სასახლეში შეიყვანა.
— გინდათ, ჩემთან დარჩით საცხოვრებლად, არც მღვდელი მყავს, არც მოუ-რავი. მართალია, ფლორენციელისთვის ჯერ არა მაქვს ადგილი, მაგრამ მალე მაგასაც გამოვუნახავო, — შესთავაზა გოლიათმა მგზავრებს.
სამივეს უნდოდა დარჩენა და დარჩნენ კიდეც.
— საქმეზე დილას მოვილაპარაკოთო, — უთხრა გოლიათმა მგზავრებს, სა-მივეს ღამის გასათევი მიუჩინა და გავიდა.
დილით გოლიათმა მღვდელს უხმო:
— წამომყევი, საეკლესიო წიგნებს ჩაგაბარებო, — ერთ-ერთ ოთახში შეიყვა-ნა.
ფლორენციელი დიდი ცნობისმოყვარე იყო, საინტერესო ამბავი არ გამომეპა-როსო და კარის ჭუჭრუტანაში შეიჭვრიტა: გოლიათმა მღვდელს რაღაც ქაღალ-დი დაუდო წინ, მღვდელი დაიხარა, გოლიათმა ხმალი მოიქნია, მღვდელს თა-ვი წააგდებინა, მერე ასწია და ორმოში გადაუძახა.
ფლორენციაში რომ დავბრუნდები, ამ ამბავს დაწვრილებით მოვყვები, — გა-იფიქრა ფლორენციელმა, — მაგრამ უბედურება ესაა, ვაი თუ არ დამიჯერონო.
შევიდა გოლიათი.
— მღვდელი უკვე გავამწესე, ახლა მოურავს მოვაწყობ. წამომყევი, საქმე ჩაი-ბარეო, — უთხრა მოურავს.
საწყალ მოურავს ეჭვიც არ აუღია, როგორ გაამწესეს მღვდელი და გულარხე-ინად გაჰყვა გოლიათს. გოლიათმა მოურავი იმავე ოთახში შეიყვანა.
ფლორენციელი ისევ კარის ჭუჭრუტანას მიეკრა: დაიხარა თუ არა მოურავი ქაღალდზე, მოიქნია გოლიათმა ხმალი, წააგდებინა თავი და მერე ორმოში გა-დაუძახა.
ფლორენციელი ცას ეწია სიხარულით, რამდენ საინტერესო რამეს ვნახავ ფლორენციაში დაბრუნებამდეო. მაგრამ უცებ თავში გაუელვა, მღვდლის და მოურავის შემდეგ შენი გამწესების ჯერიც დადგება და ვის რას უამბობო.
როგორმე თავს უნდა ვუშველო, — თქვა თავისთვის ფლორენციელმა. ამის გაფიქრება და გოლიათის შემოსვლა ერთი იყო.
— ჯერ ვისადილებ, მერე კი შენც მოგაწყობ, ფლორენციელო, — უთხრა გო-ლიათმა.
მიუსხდნენ სუფრას. ისეთ დღეში იყო ფლორენციელი, სულ ჭირის ოფლს ასხამდა, როგორ გადაუვიდოდა ლუკმა ყელში. რა ვიღონო, როგორ დავუძვრე გოლიათს ხელიდანო, არ ასვენებდა ამის ფიქრი.
გოლიათი ცალი თვალით ბრმა იყო და სადილის შემდეგ ფლორენციელმა უთხრა:
— რა საწყენია, ბატონო ჩემო, რომ ასეთ ლამაზ ვაჟკაცს ცალი თვალი…
გოლიათს არ ეამა, თვალი რომ უხსენეს, აწრიალდა, ააფახულა, მოჭუტა ცა-ლი თვალი.
— ერთი ისეთი სამკურნალო ბალახი ვიცი, ბრმას თვალის ჩინს უბრუნებს. თუ არა ვცდები, ამ თქვენს ბაღშიც ვნახე ის ბალახიო, — უთხრა ფლორენცი-ელმა გოლიათს.
— ჩემს ბაღში? რას ამბობ! — წამოიძახა გოლიათმა. — წამო, ჩქარა დაგლიჯე და მიწამლეო.
გავიდნენ გოლიათი და ფლორენციელი ბაღში. მიდიოდა ფლორენციელი და აქეთ-იქით აცეცებდა თვალს, საით გავიქცეო. დაგლიჯა რაღაც ბალახი და შინ შებრუნდა. ჩადო ბალახი ქვაბში, დაასხა ზეითუნის ზეთი და ცეცხლზე შე-მოდგა.
— წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, ბატონო ჩემო, ამ წამალს რომ დაგა-დებთ, თვალები ძალიან გეტკინებათ. როგორ ფიქრობთ, არ გაინძრევით, გაუძლებთ ტკივილს?
— როგორც არ უნდა მეტკინოს, მოვითმენ, ოღონდ თვალი ამეხილოსო, — უპასუხა გოლიათმა.
— ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო. ამ ქვის მაგიდაზე მაგრად მიგაბამთ, რომ ტკივილით გამწარებული არ წამოხტეთ და წამლობაში ხელი არ შემიშალოთ. თუ გაინძრევით, წამალი ძალას დაკარგავსო, — უთხრა ფლორენციელმა გოლიათს.
გოლიათი მთელი სიცოცხლე თვალის ახელაზე ოცნებობდა და, რაღა თქმა უნდა, ყველაფერზე თანახმა იყო. დააბა ფლორენციელმა გოლიათი ქვის მაგიდაზე, მაგრად შეკოჭა, ასწია მდუღარე ზეთი, შიგ სახეში შეასხა, ორივე თვალი ამოუწვა და კისრისტეხით გაიქცა. გარბოდა თავქუდმოგლეჯილი და მაინც იმაზე ფიქრობდა, ქვეყანას გავაოცებ ჩემი თავგადასავალითო.
გამწარებულმა გოლიათმა ისე შებღავლა, კედლებმა ზრიალი გაიღეს. წამოხტა, აითრია ქვის მაგიდა და ფლორენციელს გამოუდგა. მაგრამ დროზე
მიხვდა, უსინათლო თვალხილულს ვერ დაეწეოდა და ისევ ეშმაკობას მიმართა:
— ფლორენციელო! ჰეი, ფლორენციელო! სადა ხარ, რად მიმატოვე. აკი დამპირდი, გიწამლებო. რა მოგცე, რომ თვალის ჩინი დამიბრუნო. გინდა, ამ ბეჭედს გაჩუქებო? — დაუყვირა, წაიძრო თითიდან ჯადოსნური ბეჭედი და ფლორენციელს გადაუგდო.
შენი გულისა! რა კარგია, გოლიათის ბეჭედს წავიღებ, ყველას ვუჩვენებ, მაშინაც არ დაიჯერებენ, რომ გოლიათს ვაჯობეო, — გაიფიქრა გახარებულმა ფლორენციელმა, დასწვდა ბეჭედს და თითზე წამოიცვა.
წამოიცვა თუ არა ბეჭედი, თითი გაუქვავდა, ისე დაუმძიმდა, რომ მიწისკენ დაზიდა, მკლავი, ბეჭი, მთელი ტანი გაუქვავდა, ადგილიდან ვეღარ დაიძრა, გოლიათი კი სწრაფად უახლოვდებოდა.
იძრო დანა ფლორენციელმა და ბეჭდიანი თითი ძირში წაიჭრა. წაიჭრა თუ არა თითი, საძრაობა დაუბრუნდა და უკანმოუხედავად მოკურცხლა.
ისეთი გულამომჯდარი, ენაგადმოგდებული შეიჭრა ფლორენციაში, რომ მოგზაურობაც სამუდამოდ გადაავიწყდა და საინტერესო თავგადასავალიც. არავისთვის გაუმხელია თავისი ამბავი. თითი რად გაკლიაო, რომ ჰკითხავდნენ, ასე უპასუხებდა: ბალახს ვთიბავდი და წავიჭერიო.
პიზა