ზღაპარისაბავშვო

ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი

ხელმწიფემ ძვირფასი ბეჭედი დაკარგა. ეძება, ეძება, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ბეჭედი ვერსად ნახა. ბრძანა ხელმწიფემ: აუწყეთ ყველას, რომ ოქროში ჩავსვამ იმ ვარსკვლავთმრიცხველს, ვინც ბეჭედს მიპოვისო. ერთ ღარიბ-ღატაკ გლეხსაც შეესმა გზირის ხმა. გლეხს გამბარას ეძახდნენ, რაც კიბოს ნიშნავს. გამბარამ წერა-კითხვა არ იცოდა და ისეთი ღატაკი იყო, სულს იქით არა ებადა რა.
‘ვითომ ეგრე ძნელია ვარსკვლავთმრიცხველობა? — გაიფიქრა გამბარამ. — რა იქნება მეც ვცადო ბედიო?» — ადგა და ერთ მშვენიერ დღეს ხელმწიფეს ეახ-ლა.
ხელმწიფის ბრძანებით გამბარა ერთ ოთახში ჩაკეტეს. ოთახში საწოლი, მა-გიდა და სკამი იდგა. მაგიდაზე ეწყო სამელნე, კალამი, ქაღალდი და ვარ-სკვლავთმრიცხველობის წიგნი.
მიუჯდა გამბარა მაგიდას და იმ სქელ წიგნს დაუწყო ფურცვლა. მართალია, არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც აიღო კალამი და აქა-იქ რაღაც ჩანიშნა. გამბარას კალამი თავის დღეში არ სჭერია ხელში და ისეთი უცნაური ნიშნები გამოუვი-და, რომ მსახურებმა, დღეში ორჯერ რომ შეჰქონდათ მისთვის კერძი, გაიფიქ-რეს, ეს კაცი, მართლაც, დიდი ვარსკვლავთმრიცხველიაო. საქმე ის იყო, რომ ხელმწიფის ბეჭედი სწორედ იმ მსახურებმა მოიპარეს და სინდისი სუფთა არა ჰქონდათ. გამბარა კი, როგორც ნამდვილ ვარსკვლავთმრიცხველს შეეფერება, კუშტად გადახედავდა ხოლმე მსახურებს. მათაც შიშით ფერიფური მისდიო-დათ — ალბათ ყველაფერი იცის ამ ვარსკვლავთმრიცხველმაო.
მსახურებმა აღარ იცოდნენ, როგორ მილაქუცებოდნენ, როგორ შემოვლე-ბოდნენ თავს გამბარას.
— გისმენთ, სინიორ ვარსკვლავთმრიცხველო! რას გვიბრძანებთ, სინიორ ვარსკვლავთმრიცხველოო!
მართალია, გამბარა ვარსკვლავთმრიცხველი არ იყო, მაგრამ გლეხი გახ-ლდათ და ეშმაკობას ვერავინ ასწავლიდა. ხელად აუღო ალღო, ასე რად ელაქუ-ცებოდნენ მსახურები და გადაწყვიტა, მახეში უნდა გავაბა სამივეო.
ერთხელ, სადილობა რომ მოახლოვდა, გამბარა საწოლქვეშ შეძვრა. შევიდა მსახური, მიიხედ-მოიხედა და ვერავინ დაინახა.
— აი, პირველი! — დაიძახა ამ დროს საწოლქვეშ შემძვრალმა გამბარამ.
მსახურს ელდა ეცა, თეფში ხელიდან გაუვარდა და გიჟივით გაენთო ოთახი-დან.
შევიდა მეორე მსახური და თითქოს ქვესკნელიდან გაისმაო:
— ეს კი, მეორე!
მეორე მსახურიც გავარდა ოთახიდან.
შევიდა მესამე მსახური…
— ესეც მესამე! — დაიძახა გამბარამ.
შეიყარნენ მსახურები და მოითათბირეს:
— რა ვქნათ? ვარსკვლავთმრიცხველმა ყველაფერი გაიგო. ხელმწიფეს რომ მოახსენოს, ცხენის კუდზე გამოგვაბამენ. მოდი, ვეახლოთ და ყველაფერი გუ-ლახდილად ვუთხრათო.
ადგნენ და ეახლენ გამბარას.
— შეგვიბრალე, ბრძენთა ბრძენო. საწყალი ხალხი ვართ, ყელს ნუ გამოგ-ვჭრი, ნუ მოახსენებ ხელმწიფეს და, აი, ეს ქისა ინებეო.
გამოართვა გამბარამ ოქროთი სავსე ქისა და უთხრა:
— კარგი, რა გაეწყობა, არ გაგცემთ. ოღონდ ისე მოიქეცით, როგორც დაგარი-გებთ. აი, იმ ინდაურს ხომ ხედავთ ეზოში, ადექით და ბეჭედი გადააყლაპეთ, დანარჩენი ჩემზე იყოსო…
ადგა მეორე დღეს გამბარა, ეახლა ხელმწიფეს და მოახსენა:
— დიდი ფიქრის და ანგარიშის შემდეგ გავიგე, სად არის თქვენი ბეჭედიო.
— სად არისო? — ჰკითხა ხელმწიფემ.
— თქვენო უდიდებულესობავ, ბეჭედი ინდაურს გადაუყლაპავსო.
დაკლეს ინდაური, გამოშიგნეს და იპოვეს ბეჭედი. ხელმწიფემ უხვად დაასა-ჩუქრა ვარსკვლავთმრიცხველი, მერე მის პატივსაცემად დიდი ნადიმი გამარ-თა. მოიწვია რაც კი იმ ქვეყანაში ბარონები, გრაფები, მარკიზები და გრანდები იყვნენ.
ათასნაირ კერძთან ერთად სუფრაზე კიბორჩხალებიც მოიტანეს. თურმე იმ ქვეყანაში კიბორჩხალა თვალით არავის ენახა — სხვა ქვეყნის ხელმწიფეს გამო-ეგზავნა ძღვნად.
— შენ ხომ დიდი ვარსკვლავთმრიცხველი ხარ. აბა, მითხარი, ეს რა არისო? — მიმართა ხელმწიფემ გამბარას.
იმ საცოდავ გამბარას თვალით არ ენახა კიბორჩხალები, რა იყო, არ იცოდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
— ეჰ, გამბარა, გამბარა, შენი აღსასრულის წუთი დადგაო.
ხელმწიფემ არ იცოდა, თუ გლეხს გამბარა ერქვა და ვაშა, ვაშაო, წამოიძახა.
— გამოიცანი, ჩემო კარგო, მართლა კიბორჩხალებია. შენ ხარ უდიდესი ვარ-სკვლავთმრიცხველი დედამიწის ზურგზეო.
მანტუა

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button