ირმა ტაველიძე, “ავტობიოგრაფია ფრანგულად” (მოთხრობები). თბ. “სიესტა”, 2007.დებიუტანტი ავტორები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან ხოლმე, რაც სრულებით ბუნებრივია _ მაშინ, როცა უკვე ნაცნობი სახელებისაგან სიახლესა და შემოქმედებითი მრავალფეროვნების გამოვლინებას ველოდებით, მით უმეტეს, დიდია ნოვაციის მოლოდინი ლიტერატურულ სივრცეში ჯერ კიდევ უცნობი ავტორისაგან. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სიახლე ხშირად ავტორის ინდივიდუალურ ხელწერასა და ხმას გულისხმობს, რაც შემდგომ გამოცდილებასთან ერთად ოსტატობაში გადაზრდება ხოლმე, და ლიტერატურული დებიუტებიც ავტორების აღმოჩენის თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, ვიდრე _ ტექსტების. მიუხედავად იმისა, რომ “ავტობიოგრაფია ფრანულად” ირმა ტაველიძის პირველი წიგნია, ქართველი მკითხველისათვის ეს სახელი უცხო ნამდვილად არ ყოფილა _ ირმას მოთხრობები და თარგმანები წლების მანძილზე იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში. თუმცა, ეს წიგნი არ არის სხვადასხვა დროს დაწერილი მოთხრობების ტექნიკური თავმოყრა, როგორც ხშირ შემთხვევაში არა მარტო დებიუტანტ ავტორებთან ხდება ხოლმე. მწერალი სწორედ იმ პერიოდს დაელოდა, როცა ტექსტების არც თუ ისე მცირე რაოდენობიდან მოუწევდა საუკეთესოების არჩევა. კრებულშიც სწორედ ის მოთხრობებია შესული, რომლებიც ირმამ თავისი შემოქმედებიდან ამა თუ იმ განსაკუთრებული ნიშნით გამოარჩია. თუ ზემოთ განსხვავებული ესთეტიკისა და ხედვის ავტორის გამოვლენაზე ვსაუბრობდით, “ავტობიოგრაფია ფრანგულად” ის წიგნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მწერალი პირდაპირ გვეუბნება, რომ მოთხრობები ავტობიოგრაფიულია, მათი “ფრანგულობა” ამბებისა და დოკუმენტური სინამდვილის ავტორისეულ ინტერპრეტაციაზე, გაყალბებაზე მიუთითებს (შდრ: “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები” _ სადაც რუსთაველი “სპარსულში” არათუ გეოგრაფიას გულისხმობს, არამედ ამბების ზღაპრულობას, უჩვეულობას). ფრანგულის მოშველიება ირმას ტექტსების ტონალობის, აკუსტიკური ფონის შესაქმნელად სჭირდება, მოთხრობების შინაგანი დინამიკისა და მკითხველთან სასაუბრო ენის მოსახელთებლად. თუმცა, დინამიურობა ამ შემთხვევაში მხოლოდ პრობითია, და იმდენად გაჯერებულია მოთხრობები სხვადასხვა ფორმა-შინაარსობრივი ორნამენტებით, რომ ხშირად ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, “ვიმოძრაოთ” ტექსტებში და ნაწარმოებებიც უფრო მხატვრულ ტილოს, სტატიკურ სურათს მოგვაგონებს. მიუხედავად იმისა, რომ ირმას ყველა მოთხრობა ერთი დასრულებული ეპიზოდი ან ამბავია, მისი თხრობის სტილი და აქცენტები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ავტორისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია ამ ამბის, მოვლენის განვითარება. მისთვის მთავარია იმპრესიულობა, ის შთაბეჭდილება და ემოცია, რაც მას ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ამბებისგან რჩება, და თხრობის დროსაც სწორედ ამას ანიჭებს უპირატესობას _ იოლი შესამჩნევია, რომ სიუჟეტური ხაზის განვითარებაზე მეტად ირმა სახეების შექმნაზე, პერსონაჟების შინაგანი სამყაროს მკითხველამდე მიტანაზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო ამბები და მოვლენები ამ პორტრეტების დახატვაშიკიდევ უფრო ეხმარება. აქ საინტერესოა ერთი დეტალიც _ რაკი წიგნს “ავტობიოგრაფია” ჰქვია და მოთხრობებიც ავტობიოგრაფიულია, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პროტაგონისტი თავად ავტორია, და შექმნილი სახეებიც _ უმეტესწილად, ავტოპორტრეტები. ამ შემთხვევაში ირმა-ავტორი ერთგვარ დისტანცირებას ახდენს ირმა-პერსონაჟთან, უფრო მეტიც _ თვითირონიისა და ფსევდო-ფრანგულობის შეზავებით აყალბებს სინამდვილეს და მისთვის ირმა-პერსონაჟი უკვე ის მასალა ხდება, რომლისგანაც დაუნდობლად შეიძლება გამოაქანდაკო ფიგურა, ისე, რომ მჭრელი იარაღის არცერთი დარტყმა საკუთარ სხეულზე არ იგრძნო. თუმცა, ხანდახან ავტორი ცდუნებას ვერ უძლებს, ბოლომდე ირმა-პერსონაჟს ანდოს სათქმელი და ხშირად რემარკების სახით ერევა ტექსტებში. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევებია, როცა ავტორი ვერ თმობს საკუთარ “მეს”, უჭირს სინამდვილის ბოლომდე უარყოფა და ამიტომაც ყოველი რემარკა ან საკუთარ თავში დაბრუნებაა (მკითხველისთვის კი, უბრალოდ, თავშესაქცევი და სახალისო ლიტერატურული თამაში), ან კიდევ პირიქით _ ხანდახან რემარკად ძირითადი ტექსტი იქცევა ხოლმე და მოთხრობის ქვესათაურებში გამოტანილი “სინამდვილეების” გაბათილებას ემსახურება. ზემოთ არაერთხელ ვახსენე “სიყალბე”, თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არამც და არამც არ არის ტექსტების შეფასება _ პირიქით, ყოველი მხატვრული სახე თუ ეპიზოდი მაქსიმალური სიზუსტითა და დაწურულობითაა გადმოცემული, ავტორს არც ერთი მცირე დეტალი არ რჩება ყურადღების მიღმა, და ასევე შესანიშნავი უნარი აქვს, სათქმელი ძალიან მარტივი, ყოფითი ელემენტებით გადმოსცეს _ რაც ერთგვარი ხიბლია მისი პროზის. ამას თან ერთვის დახვეწილი და გამართული ქართული, რომელიც არა მარტო გრამატიკულად სწორ, სინტაქსურად გამართულ ენას გულისხმობს, არამედ მკითხველთან სასაუბრო ხმას, შინაარსთან შეწყობილ ფორმას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ეს ხმა მხოლოდ სტუდიურ ფოტოებს, ინტერიერში გადაღებულ ფილმებს მოგვაგონებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი კონტაქტი გარესამყაროსთან, თუმცა კი იმდენად დიდი ოსტატობითა შესრულებული, რომ წინათ თქმულს ნაკლად ვერაფრით ჩაუთვლი. ესეც, ალბათ, ირმას, როგორც მწერლის, ერთი მხარეა, ერთი შემოქმედებითი ეტაპი, რომელიც მწერალმა საკმაოდ მძლავრი დებიუტით, “ავტობიოგრაფია ფარნგულად”, უკან ჩამოიტოვა.
ჟურ. “ლიტერატურა, ცხელი შოკოლადი”