გამორჩეული ადამიანებიგანხილვა

მიგელ დე უნამუნო – ცხოვრება და შემოქმედება

ესპანეთის კულტურის მეორე “ოქროს ხანაში”, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურას შესძინა ბრწყინვალე მწერალთა და მოაზროვნეთა მთელი პლეადა – ორტეგა ი გასეტი, ანტონიო მაჩადო, გარსია ლორკა, – მთელი თავისი მონუმენტური პიროვნებით წარმოსდგა დონ მიგელ დე უნამუნო – მწერალი, ფილოსოფოსი, ეროვნული მოღვაწე, პოლიტიკოსი, პოეტი, ესეისტი, პუბლიცისტი. დონ მიგელმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმდროინდელი აზროვნების ჩამოყალიბებასა და საზოგადოების სულიერ ზრდაში: “უნამუნოთი დაიწყო ჩვენი შეგნებული ფიქრი და ზრუნვა ფილოსოფიაზე…” – წერდა ხიმენესი.

უნამუნოს მიერ წამოჭრილი პრობლემები დღემდე ისევ სიმწვავით დგას ისტორიის, რელიგიის, განათლების სფეროში. მისი საზოგადოებრივი თუ ინტელექტუალური სფეროების განსაზღვრისთვის საკმარისი იქნება დავასახელოთ მისი ტრაქტატები, ნარკვევები, ესეები და რომანები: “ოდინდელობისთვის”, “ადამიანის ღირსებისთვის”. “პატრიოტიზმის კრიზისი”, “ცივილიზაცია და კულტურა”, “ხელოვნება და კოსმოპოლიტიზმი”, “ესპანური თეატრის აღორძინება”, “ხელოვნება და კულტურა” და ა.შ. და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ დონ მიგელ დე უნამუნოს რომანები “ქრისტიანობის აგონია” და “ცხოვრების ტრაგიკული გრძნობის შესახებ ადამიანებსა და ხალხებში” დღემდე აკრძალულ წიგნთა შორის იკავებს “საპატიო ადგილს”.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ უნამუნომ დაასწრო ეგზისტენციალურ კონცეფციებს, ბევრ მხატვრულ ფორმასა და ექსპერიმენტსაც, რაც მოგვიანებით მიგნებულ იქნა ევროპის სხვა ქვეყნებში. ეგზისტენციალისტები თავიანთ წინამორბედებად თვლიან პასკალს, კირკეგორს, უნამუნოს, დოსტოევსკის და ნიცშეს.

მიგელ დე უნამუნო დაიბადა ბილბაოში, 1864 წლის 29 სექტემბერს, კომერსანტის ოჯახში. 14 წლამდე ესპანური ოჯახისთვის ჩვეულებრივი, ტრადიციული განათლება მიიღო. ერთი პერიოდი ბერობას აპირებდა, მაგრამ მერე სწავლა განაგრძო მადრიდის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც მის ყრმობისდროინდელ რწმენას მეცნიერულმა რაციონალიზმმა შეურყია საფუძველი და ხვრა დაუწყო მის სულს…

1884 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “ბასკების წარმოშობისა და წინაისტორიის პრობლემები”, მიიღო დოქტორის ხარისხი, დაბრუნდა ბილბაოში და ლათინური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სკოლაში.  ასევე აქვეყნებდა ნარკვევებსა და ესეებს ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში.

1901 წლიდან აუკრძალეს ლექციების კითხვა და რექტორის პოსტიდან გადააყენეს, რადგან მონარქიის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ძალიან ცუდად შეხვდა ფაქტს, როცა ხელისუფლების სათავეში ჩადგა სახედრო დიქტატორი პრიმო დე რივერა, შვიდი წელი გრძელდებოდა დიქტატურა, დაკანონებული უსამართლობა, აზრის დაუცველობა და ანონიმურობა. სწორედ ამ პერიოდში უნამუნომ გამოაქვეყნა სტატიები სადაც მეფე ალფონსო XIII-ს უწოდებდა “უტვინო იდიოტს”. შემდეგ ორ სტატიაში გადაუარა პრიმო დე რივერას, სადაც მას მოიხსენიებდა, როგორც “ავხორც აქლემს”.

დაიწყო მისი დევნა. ფრანგი ჟურნალისტები დაეხმარნენ ქვეყნის დატოვებაში.
1930 წლის 9 თებერვალს ის გააცილა ხალხის უზარმაზარმა ჯგუფმა შეძახილებით “გაუმარჯოს ესპანეთს!”.

1931 წელს მისი ყურადღება მიიპყრო დიქტატორის შვილის ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერას გამოსვლებმა; უნამუნო რესპუბლიკას განუდგა. პრიმო დე რივერა უნამუნოს ესტუმრა ამალის თანხლებით. ამ ამბავს უნამუნო ჩანაწერებში იხსენებდა. ამბობდა, რომ მისი ვიზიტისგან დამცირებული და დათრგუნილი დარჩა.

მან თქვა: “მე არ მსურს დავიჯერო, რომ თქვენ როგორც თქვენი თანამოაზრეები სხვა ქვეყნებში, უკიდურესობამდე მიხვალთ კულტურის უარყოფის საკითხებში!” ამ დროს ერთმა ფალანგისტმა შესძახა “ეს XIX საუკუნის ლიბერალები სამშობლოს საფრთხეში აგდებენ!” სიტყვა აირო პრიმო დე რივერამ: “აქ, უნამუნოს სალამანკაში მინდა ყველამ გაიგოს, რომ ესპანელობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რამაა ამ ქვეყანაზე!”
ფაშიზმი, ნაციზმი წინა პლანზე წამოწია რივერამ ამ გამოსვლის დროს, ხოლო უნამუნო იმეორებდა: “კარგი, კარგი ოღონდ რასიზმის გარეშე! ადამიანი! ადამიანი!”

ამავე წლის 11 დეკემბერს უნივერსიტეტში ესპანური რასის დღესასწაულზე უნამუნო გამოვიდა სიტყვით და განაცხადა: “თქვენ შეიძლება გაიმარჯვოთ, რამეთუ თქვენს ხელთაა უხეში ძალა, მაგრამ ვერ დაგვარწმუნებთ; იმისთვის რომ დაგვარწმუნოთ, საჭიროა ის, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ – აზრი და უფლება ბრძოლის!” რაზეც გენერალმა შესძახა: “სიკვდილი ინტელიგენციას! გაუმარჯოს სიკვდილს!” ამის შემდეგ მიგელ დე უნამუნო გადააყენეს უნივერსიტეტის რექტორის პოსტიდან. პროტესტის ნიშნად ის ჩაიკეტა სახლში დ ასიკვდილამდე არ გამოსულა. ერთ-ერთ თავის უკანასკნელ ლექსში წერდა: “ჩემი სახლი, ჩემი საბედისწერო ციხე…”

1936 წლის 31 დეკემბერს ეწვია მას კოლეგა ბარტოლომე არაგონი, შემდეგ კი ყვირილით გამოვარდნილა: “მე არ მომიკლავს, მე არა, მე არა!” იმეორებდა გაუთავებლად, გაფითრებული და კანკალით შეპყრობილი.

“იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის იყოს უმაღლესი უსამართლობა!” წერდა უნამუნო და მისი სიკვდილი ისტორიის ამ საბედისწერო გზაჯვარედინზე მართლაც უდიდესი, უმაღლესი უსამართლობა იყო.

უნამუნოს პირველი რომანი იყო “მშვიდობა ომის დროს”, რომლის მთავარი პერსონაჟი თავად ხალხია.
მეორე რომანი “სიყვარული და პედაგოგიკა” (1902) სადაც გამოავლინა თავისი მსოფლმხედველობა, ეგზისტენციალიზმის პირველი ნიშნები.
მესამე რომანი “ბურუსი” (1914) თამამად გამიჯნა კლასიკური, ტრადიციული რომანებისგან, როგორც ფორმით ასევე შინაარსით; ეს იყო სიახლე, ექსპერიმენტი, რომელსაც უწოდა “რიმანი” და არა, – “რომანი”.
მეოთხე რომანია “აბელ სანჩესი: ერთი ვნების ამბავი” (1917) – ფსიქოლოგიური რომანის აღიარებული შედევრი.
მეხუთე, ტრაგიკული რომანი “წმინდა მანუელ სათნო წამებული” (1930) წარმოადგენდა უნამუნოს აღსარებას, რწმენა-ურწმუნეობის ზღვარზე მდგარი ეჭვით აღსავსე და გამწარებული მწერლის განცდად, სადაც საკუთარი თავი დაგვიხატა დაეჭვებული მღვდლის სახით.
და ბოლოს, “დეიდა ტულა” რომელსაც მწერალმა ისევ “რიმანი” უწოდა, სადაც შეეცადა და შესძლო ადამიანის სულში ჩაწვდომას.

უნამუნო საკუთარი ნაწარმოებების საკმაოდ რთულ სამყაროს ასე განმარტავდა “მე მინდა ვწერო ფილოსოფიაზე იმ ენით, როგორც სთხოვენ ხოლმე მეგობარს ერთი ფინჯანი შოკოლადი დამალევინეო, ანდა მოსავალზე ან სხვა ოჯახურ საქმეებზე საუბრობენ.”

მას სჯეროდა, რომ “რაც ხდება ესთეტიკის სფეროში, რაც ხდება ინდივიდში, იგივე ხდება ხალხში.” მისი სურვილია იყოს ხალხთა გულთამხილველი. და ასეც მიმართავს მათ: “მე რომ არ გეუბნებოდეთ იმას, რაც თქვენი სულის სიღრმეშია ჩაბეჭდილი, – თუმცა კი, ეგებ თთვითონაც იცოდეთ ეს, – განა მე წამიკითხავდით? ერთი სიტყვით, მე ვცდილობ, ჩავწვდე თქვენი სულის ბუნდოვან თუ ბნელ კუნჭულებს, რაღაც ფორმაში მოვაქციო თქვენი ნაფიქრ-ნააზრევი, მაგრამ თუ ჩემი ნათქვამი ზოგჯერ გაგაბრაზებთ და აღგაშფოთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც შევხებივარ თქვენი ცნობიერების ნაოჭებსა თუ ხვეულებში ღრმად მიჩქმალულ ტანჯვის მიზეზს!”

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button