ბიოგრაფიაგამორჩეული ადამიანებიმეცნიერებატექნოლოგიაფაქტები

ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო


ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”.


 
 

ადრეული წლები

ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს ავსტრიის იმპერიის პატარა სოფელ სმილიანში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე. მამა, მილუტინ ტესლა, სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, დედა კი, დიუკა მანდიკი, საოჯახო ხელსაწყოებს იგონებდა, ასევე ზეპირად იცოდა მრავალი სერბული ლექსი, მაგრამ კითხვა არასდროს უსწავლია.

ოჯახში ნიკოლა რიგით მეოთხე ბავშვი იყო ხუთიდან, ჰყავდა 1 ძმა (დანილო, რომელიც ცხენის ჭენებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა. მაშინ ნიკოლა 5 წლის იყო) და 3 და (მილკა, ანგელინა და მარისა). 1862 წელს ოჯახი ქალაქ გოსპიკში გადავიდა. ტესლამ კარლოვაკის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა და 4 წლიანი კურსი 3 წელიწადში გაიარა.

ნიკოლა ტესლას სახლი და ეკლესია მის გვერდზე, სადაც მამამისი მსახურობდა

1875 წელს ნიკოლა ტესლამ ელექტრული ინჟინერიის შესწავლა გადაწყვიტა ავსტრიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ქალაქ გრაცში მდებარეობდა. იქ მან აითვისა ცვლადი დენის გამოყენება და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მიიღო ბაკალავრის ხარისხი, თუმცა უნივერსიტეტის განცხადებით, მესამე კურსის პირველი სემესტრის შემდეგ მას აღარ უვლია ლექციებზე და შესაბამისად, არც სწავლა დაუმთავრებია. 1878 წელს ტესლამ დატოვა გრაცი და გაწყვიტა ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა. გაეშურა ქალაქ მარბურგში (ამჟამინდელი მარიბორი სლოვენიაში), სადაც პირველად დასაქმდა თანაშემწე ინჟინრად 1 წლის ვადით. ამ პერიოდში მას ნერვული აშლილობა აწუხებდა. მოგვიანებით მამამ დაარწმუნა ნიკოლა, რომ ჩარლზ-ფერდინანდის უნივერსიტეტში (პრაღა) ესწავლა, რაც 1880 წლის ზაფხულის სემესტრით შემოიფარგლა. აქ მასზე გავლენა იქონია ფიზიკოსმა ერნსტ მახმა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ტესლამ სწავლას თავი გაანება და მისმა დასწრებამ მხოლოდ 1 სემეტრი შეადგინა.

ტესლა ეცნობოდა მრავალ ნაშრომს, ფოტოგრაფიული მეხსიერების მეშვეობით იმახსოვრებდა მთლიან წიგნებს. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მას აწუხებდა უცნაური სენი – ხშირად მის თვალწინ დამაბრმავებელი ნათება ჩნდებოდა, რასაც უმეტესწილად ერთგვარი ხილვები მოჰყვებოდა ხოლმე. ისინი იმ იდეებს უკავშირდებოდა, რომლებზეც იმ მომენტში მუშაობდა, ზოგჯერ კი ამ დროს მიეწოდებოდა იმ განსაკუთრებული პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც დაბრკოლებად ხვდებოდა ხოლმე. მხოლოდ ობიექტის სახელის გაგონებით მას შეეძლო, საკმაოდ რეალისტურად, დეტალებში წარმოესახა ის გონებაში. მიიჩნევა, რომ ეს იყო სინესთეზიის სიმპტომი. გამოგონება წინასწარ ტესლას ტვინში ახდენდა ვიზუალიზაციას ყველანაირი წვრილმანის ჩათვლით, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა მისი კონსტრუქცია. ეს იყო ტესლას მიდგომის მეთოდი, ის იშვიათად ხაზავდა ან ხატავდა რამეს.

1880 წელს ნიკოლა ტესლა ბუდაპეშტში გადავიდა და მუშაობა დაიწყო უნგრელ ინჟინერ-გამომგონებელ ტივადარ პუშკაშთან საკომუნიკაციო კომპანიაში. აქ შეხვდა ნებოიშა პეტროვიჩს, ახალგაზრდა სერბ გამომგონებელს, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე იყო, თუმცა ერთად მუშაობდნენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ტყუპი ტურბინების შექმნას მუდმივი ენერგის წყაროს მისაღებად. 1881 წელს ბუდაპეშტის ცენტრალური სატელეფონო სადგურის გახსნაზე ტესლა დაინიშნა კომპანიის მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი ქვეყნის პირველი სატელეფონო სისტემის ინჟინერიც გახდა. მან შექმნა მოწყობილობა, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იყო ტელეფონის გამაძლიერებელი, სხვა წყაროები კი მას პირველ რეპროდუქტორად ასახელებენ.

 
 

საფრანგეთი და აშშ

1882 წელს ტესლა პარიზში გადავიდა და მუშაობა დაიწყო ინჟინრად ,,Continental Edison Company”-ში, სადაც ელექტრომოწყობილობებს აუმჯობესებდა. ავტობიოგრაფიის მიხედვით, იმავე წელს შექმნა პირველი პრაქტიკული ასინქრონული ძრავა და დაიწყო ბრუნვად მაგნიტურ ველზე მომუშავე მექანიზმების განვითარება, რისთვისაც 1888 წელს პატენტები მიიღო. თუმცა ასინქრონული ძრავის გამომგონებლის ვინაობა დღემდე დაუზუსტებელია, რადგან ტესლასგან დამოუკიდებლად, იტალიელმა ფიზიკოსმა გალილეო ფერარისმა შექმნა მსგავსი მოწყობილობა 1885 წელს. თუმცა ტესლას მტკიცებით, მან ბრუნვადი მაგნიტური ველის ცნება ჯერ კიდევ 1882 წელს განსაზღვრა, რისთვისაც 1888 წელს პატენტი გადაეცა.

ნიკოლა ტესლას 1879 წელს გადაღებული ფოტო და პასპორტი 1883 წლიდან

1884 წლის 6 ივნისს ნიკოლა ტესლა პირველად ჩავიდა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში და დიდი არაფერი გააჩნდა, რაც დაეხმარებოდა. თუ არ ჩავთვლით 4 ცენტსა და ინგლისელი გამომგონებლის ჩარლზ ბეჩელორის სარეკომენდაციო წერილს, რომელიც ამერიკელი მეწარმისა და გამომგონებლის, ტომას ედისონის მიმართ იყო დაწერილი:
– დღევანდელობაში მე ორ დიდ ადამიანს ვიცნობ. ერთი შენ ხარ და მეორე ეს ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც შენი ნახვა სურს.

ედისონმა ტესლა დაიქირავა და ,,Edison Machine Works”-ში დაასაქმა. მისი მუშაობა დაიწყო მარტივი ელექტრული ინჟინერიით და ძალიან მალე კომპანიის ყველაზე რთული პრობლემების ამოხსნაზე გადავიდა. ტესლას შესთავაზეს, ედისონის კომპანიის მიერ დამზადებული მუდმივი დენის გენერატორების ახალი თაობა დაეპროექტებინა. 1885 წელს ტესლა ამ წინადადებას დათანხმდა, მან მიზნად დაისახა, არაეფექტური ძრავები და მოწყობილობები ვარგისად ექცია, შესაბამისად, ეკონომიისა და მომსახურების მხრივ დიდი წინსვლა გაეკეთებინა. ტესლას მიხედვით, ედისონი მას 50 000 დოლარს შეჰპირდა ამ საქმისთვის, თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. ეს ფაქტი უცნაურია იქიდან გამომდინარე, რომ ედისონი და მისი კომპანია წუწურაქობით გამოირჩეოდნენ. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ტესლამ პროექტი დაასრულა და ედისონისგან ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო, რომ ფულთან დაკავშირებით იხუმრა: ,,ტესლა, შენ არ გესმის ჩვენებური ამერიკული იუმორი”. ტესლას იმდროინდელი ანაზღაურება კვირაში 18 დოლარს შეადგენდა და ედისონმა 10 დოლარით გაზრდა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო და საბოლოოდ ტესლამ თანამდებობა დატოვა.

მცირეოდენი თანხა მაინც რომ ეშოვნა, გარკვეული დროით ტესლა თხრილების გავლებით იყო დაკავებული ედისონის კომპანიაში. ამ პერიოდში ის ფოკუსირებას ახდენდა მის მიერ შემუშავებულ ცვლადი დენის მრავალფაზიან სისტემაზე.

ორი მეცნიერის დაპირისპირების მიზეზი ისიც იყო, რომ ტესლას მტკიცებით, ატლანტის სანაპიროზე აშენებულ მუდმივი დენის სადგურებს დიდი სარგებელი არ მოჰქონდა და ცვლადი დენი უკეთესი იქნებოდა. ედისონის ლამპები, რომლებიც მუდმივ დენზე მუშაობდნენ, ძალიან სუსტი იყო. სისტემა არ ვარგოდა, რადგან შორ მანძილზე დენის სადენებით გადასაცემად მაღალი ძაბვა იყო საჭირო, რასაც გაყვანილობები ვერ უძლებდნენ. გამართულად რომ ემუშავათ, საჭირო იყო ყოველ 3 კმ-ში ელექტროსადგურები დაედგათ. ამისგან განსხვავებით, ტესლას შემოთავაზებული ცვლადი დენი წამში 50-60-ჯერ იცვლიდა მიმართულებას და მოწყობილობები თავისუფლად გაუძლებდნენ მაღალ ძაბვას. ენერგიის დანაკარგიც ძალიან უმნიშვნელო იყო მუდმივი დენისგან განსხვავებით. აშკარა გახდა, რომ მომავალი ცვლად დენს ეკუთვნოდა.

 
 

შემდგომი წლები

1886 წელს ნიკოლა ტესლამ შექმნა საკუთარი კომპანია ,,Tesla Electric Light & Manufacturing”, სადაც დააპროექტა თაღოვანი ნათურის უფრო ეფექტური ვერსია და ელექტრომაგნიტზე მომუშავე ნახშირბადის ელექტროდები. თუმცა ფინანსური ინვესტორები არ დაეთანხმნენ მის გეგმას ცვლადი დენის ძრავებზე და კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარდა ამისა, კომპანიის მოგების უმეტესი წილი ინვესტორების ანგარიშში მიდიოდა.

1886-1887 წლებში ტესლა დაბალი კვალიფიკაციის მუშაკად დასაქმდა, რათა თავი ერჩინა და შემდეგი პროექტისთვის სახსრები ეშოვნა. 1887 წელს მან შექმნა ცვლადი დენის ასინქრონული ძრავა, რომელსაც არ ჰქონდა კოლექტორის მუსი. მისი პრეზენტაცია მოხდა 1888 წელს ამერიკული ელეტროინჟინერიის ინსტიტუტში. იმავე წელს მან განავითარა თავისივე ტრანსფორმატორი და ამერიკელ ინჟინერ ჯორჯ ვესტინგჰაუსთან დაიწყო მუშაობა კომპანია ,,Westinghouse Electric & Manufacturing Company’s”-ის პიტსბურგის ლაბორატორიებში. ვესტინგჰაუსმა მოისმინა მისი იდეები მრავალფაზიანი სისტემების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ცვლადი დენი გაცილებით დიდ მანძილზე გადაიცემოდა.

1887 წლის აპრილში ტესლამ ვაკუუმის მილების გამოყენებით დაიწყო მუშაობა იმაზე, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ,,X სხივები”. მისი მოწყობილობა განსხვავდებოდა სხვა X სხივების მოწყობილობებისგან, რადგან არ ჰქონდა სამიზნე ელექტროდი. 1892 წელს ტესლამ აღმოაჩინა, რომ კანი დაუზიანდა, რაც მოგვიანებით გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა განსაზღვრა, როგორც X სხივების ეფექტი.

ადრეულ კვლევებში ტესლამ X სხივების შესაქმნელად რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. მისი თქმით, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებდა, რომ ,,ინსტრუმენტს შეუძლია, გამოიმუშაოს გაცილებით მძლავრი რენტგენის სხივები, ვიდრე ეს შესაძლებელია ჩვეულებრივი მოწყობილობებით.” ის ასევე საუბრობდა სხივებთან დაკავშირებულ რისკებზე. თავიდან მიიჩნევდა, რომ კანს ზიანი არა აპარატმა, არამედ ოზონმა მიაყენა, შემდგომში კი აზოტოვანმჟავა (HNO2) დაადანაშაულა.

ტესლა აგრძელებდა ამ სფეროში მუშაობას და ვილჰელმ რენტგენის აღმოჩენამდე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. მან სურათი გადაუღო საკუთარი ხელის ძვლებს და რენტგენს გაუგზავნა, თუმცა ეს ინფორმაცია ფართო მასებამდე არ გასულა. მისი ნაშრომების უმეტესობა განადგურდა 1895 წლის მარტში, როცა ლაბორატორიას ცეცხლი წაეკიდა (ამბობენ, რომ ამაში ედისონის ხელი ერია).

ტესლამ შექმნა ისეთი ვაკუუმის მილიც, რომელიც სინათლეს გამოჰყოფდა. ეს გამოგონება დიდად დაეხმარა ფოტოგრაფიის განვითარებას.

1891 წლის დასაწყისში ტესლამ მოახდინა ენერგიის უსადენო გადაცემის დემონსტრირება. ამ ტიპის ელექტრულ გამტარობას დღემდე უწოდებენ ,,ტესლას ეფექტს”.

ძალისა და ენერგიის უსადენო გადაცემის დემონსტრაცია 1891 წელს


 
 

ამერიკის მოქალაქეობა

1891 წლის 30 ივლისს ნიკოლა ტესლა შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. იმავე წელს ნიუ-იორკში ლაბორატორია დააარსა, მოგვიანებით კი ახალი ლაბორატორია გახსნა ჰიუსტონის ქუჩაზე (მანჰეტენი). ორივეგან ელექტრონათურებს უსადენოდ ანთებდა და ამით ამტკიცებდა, რომ ენერგიის უსადენო გადაცემას დიდი პოტენციალი ჰქონდა.

1892 წელს ნიკოლას დედა გარდაეცვალა და ევროპაში დაბრუნდა მის დაკრძალვაზე დასასწრებად. ამის შემდეგ ავად გახდა და 3 კვირა მოანდომა ძალების აღდგენას. ამ პერიოდში ტესლა განიცდიდა ვედური ფილოსოფიის გავლენას, განსაკუთრებით აინტერესებდა სვამი ვივეკანანდას სწავლებები. ეს გავლენა ისეთი ძლიერი იყო, რომ მის მიერ შემუშავებულ ცნებებს, რომლებიც მატერიისა და ენერგიის ფუნდამენტს ეხებოდა, სანსკრიტული სახელები დაარქვა (აკაშა = მატერია, პრანა = ენერგია).

1892 წელს შეიქმნა ენერგიის გადაცემის პირველი მრავალფაზიანი სისტემა. ტესლა ამ დროს 36 წლის იყო. ის აგრძელებდა კვლევას ბრუნვადი მაგნიტური ველის პრინციპებზე. 1892-1894 წლებში ინჟინერ-ელექტრიკოსების ამერიკული ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1893-1895 წლებში იკვლევდა მაღალი სიხშირის ცვლადი დენის დინებას. კონუსური ტრანსფორმატორის მეშვეობით ახერხებდა მილიონამდე ვოლტი ძაბვის დენის მიღებას. გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ადამიანს აძინებდა, ასევე უსადენო ლამპა, რომელიც ელექტრულ მუხტებს იონიზებული აირის მეშვეობით იღებდა. ახდენდა ელექტრომაგნიტური ენერგიის უმავთულოდ გადაცემას, ააგო პირველი რადიოგადამცემი. 1893 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ტესლამ რადიოკომუნიკაციის დემონსტრირება მოახდინა, ასევე ახსნა მოქმედების პრინციპები. ეს ამბავი იმდროინდელმა მედიამ ფართოდ გააშუქა. ტესლა დაინტერესებული იყო იმ ენერგიის ათვისებით, რომელიც ,,მთელ კოსმოსში იყო გაბნეული”, ამჟამად კი ცნობილია, როგორც მიკროტალღოვანი ფონის რადიაცია. მას სწამდა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, ვიდრე ადამიანები ბუნების ძალის გამოყენებას შეძლებდნენ: ,,ჩვენი მექანიზმები მალე იმუშავებენ იმ ენერგიაზე, რომლის მოპოვებაც სამყაროს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი”.

1893 წელს ჩიკაგოში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, სახელად ,,მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია”, სადაც პირველად ადგილი დაეთმოთ ელექტროტექნიკის ნამუშევრებსაც. ნიკოლა ტესლამ და ჯორჯ ვესტინგჰაუსმა წარმოადგინეს ცვლადი დენის სისტემა და მისი მეშვეობით ექსპოზიცია გაანათეს. თავისი მნიშვნელობით ეს ისტორიული მოვლენა გახლდათ. ყველაზე შოკისმომგვრელი ის იყო, რომ ნათურების ასანთებად მაღალი სიხშირის ცვლადი დენი მეცნიერმა საკუთარ სხეულში გაატარა. სტუმრებს ასევე წარუდგინეს ფლუორესცენციური ნათურები. ტესლას კიდევ ერთი ნამუშევარი იყო ე.წ. ,,კოლუმბის კვერცხი”, რომლის მეშვეობითაც ყველას აჩვენა ბრუნვადი მაგნიტური ველისა და ასინქრონული ძრავის პრინციპები.

1895 წელს მეცნიერმა შექმნა გენერატორი, ასევე წინ წაიწია აირის გათხევადების საკითხში. ლორდ კელვინის აღმოჩენებიდან ტესლამ იცოდა, რომ თხევადი აირი ისრუტავს მეტ სიმხურვალეს, როცა ხელახლა ხდება მისი გაზიფიცირება. თუმცა ამ საკითხზე მუშაობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ლაბორატორიაში ხანძარი გაჩნდა და მთლიანად გაანადგურა მისი აღჭურვილობა, მოდელები და გამოგონებები. ამ ამბიდან ძალიან მალე გერმანელმა ინჟინერმა კარლ ფონ ლინდემ წარმოადგინა ნაშრომი ანალოგიურ თემაზე, ასევე თხევადი აირების დანადგარების ნახაზები, რომელსაც «ოქსილიქვიტი» უწოდა.

1895 წელსვე ტესლამ განახორციელა ნიაგარას ჩანჩქერებთან პირველი ჰიდროელექტროსადგურის აგების პროექტი, რაც ცვლადი დენის საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა. ამ ამბავმა მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა და ტესლა საყოველთაო გმირად შერაცხეს.

მოგვიანებით ნიკოლა ტესლამ წარმოადგინა ელექტროენერგიის უსადენო გადაცემის მსოფლიო სისტემის მოდელი, რომელიც დამოკიდებული იყო დედამიწის ელექტროგამტარობაზე. ამ პრინციპების მიხედვით, მაღალი სიმძლავრის ულტრაიისფერი სხივი შეიძლებოდა, გამოყენებული ყოფილიყო მიმღებ-გადამცემი სადგურების თავზე ვერტიკალური იონიზებული არხის შესაქმნელად. იგივე პრინციპები გამოიყენება დღეს მეხამრიდებსა და ელეტროშოკურ იარაღებში, განიხილება ასევე ავტომობილის შესაჩერებელ მოწყობილობებში გამოსაყენებლად.

 
 

ედისონი

გვიან 1880-იანებში ტესლა და ედისონი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ნაწილობრივ იმის გამო იყო, რომ ედისონი მხარს უჭერდა მუდმივი დენის გამოყენებას, რომელსაც თანდათან ანაცვლებდა ტესლასა და ვესტინგჰაუსის მიერ უპირატესად მიჩნეული და უფრო ეფექტური ცვლადი დენი. ასინქრონული ძრავის გამოგონებამდე ცვლადი დენის უპირატესობებს მაღალი ძაბვის შორ მანძილზე გადაცემასთან დაკავშირებით ჩრდილს აყენებდა ის ფაქტი, რომ ცვლადი დენით ძრავების ამუშავება ვერ ხერხდებოდა. ე.წ. ,,დინებების ომის” შედეგად ედისონი და ვესტინგჰაუსი ლამის გაკოტრებამდე მივიდნენ, ამიტომ 1897 წელს ტესლამ ვესტინგჰაუსთან კონტრაქტი გაწყვიტა. იმავე წელს მეცნიერმა დაიწყო სინქროტრონული გამოსხივების კვლევა, რამაც მალე მიიყვანა კოსმოსური სხივების ძირითად ფორმულირებამდე.

1897 წელს 41 წლის ტესლამ წარმოადგინა პირველი რადიოს პატენტი. 1 წლის შემდეგ მან ჯერ აშშ-ის ჯარს, შემდეგ კი ,,მედისონ სქვეარ გარდენის” გამოფენას წარუდგინა რადიოკონტროლირებადი ნავი, რადგან მიიჩნევდა, რომ სამხედრო ძალას მსგავსი პრინციპით მოქმედი ტორპედოები გამოადგებოდა. ტესლა ირწმუნებოდა, რომ თანდათან ავითარებდა ,,ტელავტომატიკას”, რობოტექნიკის ერთგვარ სახეობას, რომელიც ტექნოლოგიის შორიდან კონტროლირებას ეხებოდა. იმავე წელს ტესლამ გამოიგონა ელექტრული ცეცხლგამჩენი, იგივე აალების სანთელი, რომელიც ბენზინზე მომუშავე ძრავებში გამოიყენება შიდა წვისთვის. შემდეგი წლები ტესლამ რადიოტალღების კვლევას მიუძღვნა, რადიოკონტროლირებადი სისტემები კი დიდხანს დარჩა სიახლედ, სანამ I მსოფლიო ომში სხვადასხვა ქვეყნებმა არ დაიწყეს მისი გამოყენება სამხედრო დანიშნულებით.

 
 

კოლორადო-სპრინგზი

1899 წელს ტესლამ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და გადაბარგდა კოლორადო-სპრინგზის მუნიციპალიტეტში, კოლორადოს შტატში. მეცნიერული საქმიანობისთვის მას ჰქონდა ლაბორატორია, რომელიც მოიცავდა ოთახს მაღალი ძაბვისა და სიხშირის ელექტროენერგიაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ჩამოსვლისას ტესლამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უსადენო ტელეგრაფიაზე მუშაობდა და აპირებდა, ,,Pikes Peak”-ის მთიდან (კოლორადო-სპრინგზი, კოლორადო) პარიზში სიგნალები გადაეცა. ტესლას დღიურები შეიცავს იმ ექსპერიმენტების განხილვას, რომლებიც იონოსფეროსა და ტელურულ დენებს ეხებოდა. თავის ლაბორატორიაში ტესლამ დაამტკიცა, რომ დედამიწა გამტარია და ამაზე დაყრდნობით ხელოვნური ელვა შექმნა, რომლის მუხტიც მილიონობით ვატი იყო, სიგრძე კი – 40 მეტრზე მეტი. ტესლა ასევე იკვლევდა ატმოსფეროს ელექტროობას, თავისი მიმღებების მეშვეობით აკვირდებოდა ელვის სიგნალებს. ტესლას მიმღებისა და დამაკავშირებელი მოწყობილობების რეპროდუქცია აჩვენებს სირთულის მოულოდნელ დონეს (მაგალითად, მაღალი ხარისხის სპირალური რეზონატორები, რადიოსიხშირის უკუკავშირი, დაუმუშავებელი ჰეტეროდინის ეფექტები და რეგენერაციული ტექნიკა). ტესლა ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში ის აკვირდებოდა სტაციონარულ (მდგარ) ტალღებს.

ნიკოლა ტესლა კოლორადო-სპრინგზის ლაბორატორიაში ზის და წიგნს კითხულობს,
მისი გადამცემი კი მილიონობით ვოლტს გამოიმუშავებს.
როგორც ტესლა ამბობდა, გადამცემს შეეძლო შეექმნა 100 მილიონი ვოლტი ძაბვა,
ასულიყო 1000 ამპერზე და მიეღო 100 მილიარდი ვატი სიმძლავრე!

ნიკოლა ტესლა აქტიურად იკვლევდა გზებს, რათა ენერგიის დიდ მანძილზე უსადენოდ გადაცემა მოეხერხებინა (რაც მოკლე მანძილზე განივი ტალღებით მოხდებოდა, გრძელზე კი – გრძივით). მან მიწის გავლით გადაგზავნა ძალიან დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური რადიაცია დედამიწის ზედაპირიდან ჰევისაიდ-კონოლის ფენამდე (90-150 კმ ზედაპირიდან). მათემატიკური გამოანგარიშებებითა და აღრიცხვებით მან დაადგინა, რომ დედამიწის რეზონანსული სიხშირე დაახლოებით 8 ჰერცი იყო. 1950-იანებში მკვლევარებმა ეს გამოთვლა დაადასტურეს და მოგვიანებით ,,შუმანის რეზონანსი” უწოდეს.

კოლორადო-სპრინგზში ტესლამ რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა ენერგიის გრძელ მანძილზე უსადენო გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებით. ამ მეთოდს ,,ტესლას ეფექტს” უწოდებენ. გრძივი ტალღების გავლით ტესლა ახდენდა ენერგიის გადაცემას მიმღებ აპარატურამდე.

კოლორადო-სპრინგზის ლაბორატორიაში ტესლა აკვირდებოდა უჩვეულო სიგნალებს, რომლებსაც არამიწიერი (ვენერა ან მარსი) ცივილიზაციისგან გამოგზავნილი რადიოტალღური კომუნიკაციის გზად თვლიდა. მისი მიმღები მუდმივად აფიქსირებდა ისეთ სიგნალებს, რაც შტორმისა და დედამიწისგან წამოსული ხმაურისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ეს სიგნალები ჩნდებოდა 1, 2, 3 ან 4 ტკაცუნის სახით. ის მიიჩნევდა, რომ მის დანადგარებს სხვა პლანეტებთან დაკავშირება შეეძლოთ. არის გადმოცემები, რომ ამ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მან გამოიგონა მოწყობილობა ,,ტესლასკოპი”. დღემდე გაურკვეველია, რა ტიპის სიგნალებს იღებდა მეცნიერი ან საერთოდ იღებდა თუ არა. არის ვერსია, რომ მან უბრალოდ ბოლომდე ვერ გაიგო ახალი ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპი ან ეს სიგნალები მართლაც არამიწიერი რადიოტალღები იყო, ოღონდ ბუნებრივი წარმოშობისა, როგორიცაა მაგალითად იუპიტერის პლაზმური ტორუსის სიგნალები.

ექსპერიმენტი კოლორადო-სპრინგზში:
ეს ნათურები ენერგიას იღებენ ახლომდებარე გადამცემიდან
ელექტროდინამიკური ინდუქციის მეთოდით

კოლორადო-სპრინგზი ტესლამ 1900 წლის 7 იანვარს დატოვა. 1905 წელს ლაბორატორია დაშალეს და მისი ნაწილები გაყიდეს, რათა ვალები დაეფარათ. კოლორადოს ექსპერიმენტებმა შეამზადა ტესლა ტრანსატლანტიკური უსადენო ტელეკომუნიკაციების შენობის ასაგებად, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ვარდენკლიფი.

 
 

ვარდენკლიფის წლები

1900 წელს 150 000 დოლარიანი დაფინანსებით (რომლის 51% გაიღო ამერიკელმა ფინანსისტმა და ბანკირმა ჯონ პირპონტ მორგანმა) ტესლამ ვარდენკლიფის კოშკის აშენებისთვის დაიწყო მზადება. 1902 წლის ივნისში ტესლას ლაბორატორიულმა სამუშაოებმა ჰიუსტონის ქუჩიდან ვარდენკლიფში გადაინაცვლა.

1901 წლის 12 დეკემბერს გამაოგნებელი რამ მოხდა – გულიელმო მარკონიმ უსადენო კავშირგაბმულობით ატლანტის ოკეანის იქით (კანადიდან დიდ ბრიტანეთში) წარმატებულად გაგზავნა სიგნალი, რითაც ნიკოლა ტესლას პიონერობის იმედები დაუმსხვრია. აღსანიშნავია, რომ მარკონის შემოქმედებაში თითქმის არაფერი ყოფილა ახალი და ძირითადად ტესლას იდეების ასლს წარმოადგენდა. 1943 წელს აშშ-ში უზენაესი სასამართლოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მარკონის პატენტი გაუქმებულად ცნეს და ტესლას მიაკუთვნეს. რადიოსა და უკაბელო კავშირის შემქმნელად ისევ ტესლა აღიარეს.

მიუხედავად მარცხისა, ვარდენკლიფის კოშკი შენდებოდა და მას მუდმივად მეთვალყურეობდა დაცვა, რათა ცნობისმოყვარეები გაერიდებინათ. მისი სიმაღლე 57 მეტრი იყო, ჰქონდა გუმბათი, რომლის დიამეტრიც 21 მეტრს შეადგენდა. გუმბათი წარმოადგენდა ნახევარსფერული ფორმის 55 ტონიან ფოლადის (სხვა ცნობით, სპილენძის) სტრუქტურას.

ვარდენკლიფის კოშკი, ასევე ცნობილი, როგორც ,,ტესლას კოშკი"

მორგანი იმედგაცრუებული იყო, მან ტესლას უარი უთხრა შემდგომ დაფინანსებაზე. მეცნიერი ფინანსურად და ემოციურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადასახადების დასაფარად მას მოუწია კოშკის გაყიდვა $20 000-ად (დღევანდელი $400 000). 1917 წელს კოშკის ახალმა მფლობელებმა ნაგებობა დაშალეს და ნაწილებად გაყიდეს.

1906 წელს თავის 50-ე დაბადების დღეზე ტესლამ წარმოადგინა ტურბინა, რომლის სიმძლავრეც იყო 200 ცხენის ძალა (150 კილოვატი), ბრუნვის სიხშირე კი – წუთში 16 000. 1910-1911 წლებში ნიუ-იორკში მდებარე ,,Waterside Power Station”-ში მისი ტურბინები გამოსცადეს 100-5000 ცხენის ძალაზე.

 
 

ნობელის პრიზი

რადგანაც ნობელის პრიზით ფიზიკის დარგში გულიელმო მარკონი დააჯილდოვეს 1909 წელს, იმდროინდელმა პრესამ ტომას ედისონი და ნიკოლა ტესლა დაასახელა სავარაუდო კანდიდატებად 1915 წლის პრიზისთვის. მიუხედავად მათი (განსაკუთრებით ტესლასი) უზარმაზარი სამეცნიერო ღვაწლისა, არცერთ მათგანს არ გადასცეს პრიზი, არამედ უილიამ ჰენრი ბრაგსა და უილიამ ლოურენს ბრაგს ,,იქს სხივების კრისტალოგრაფიის საკითხში შეტანილი წვლილისთვის”. ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა, რომ ამის მიზეზი იყო ორმხრივი შუღლი მეცნიერებს შორის. თითოეული მათგანი მიიჩნევდა, რომ პრიზის გაყოფა მათ შრომას დააკნინებდა და ნობელის პრემია მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. შესაბამისად, მათ უარი განაცხადეს პრიზის ამ სახით მიღებაზე და ამგვარად ზოგადად პრიზის მიღების ალბათობაც ნულამდე დაიყვანეს.

მანამდე მსგავსი ხმები და ჭორები ვრცელდებოდა, რომ ტესლა 1912 წლის ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული. ეს იყო მაღალი სიმძლავრისა და მაღალი სიხშირის რეზონანსული ტრანსფორმერების აგების გამო. თუმცა წინასწარი ვარაუდები იმჯერადაც მცდარი აღმოჩნდა და ნობელის პრიზი შვედმა ინჟინერმა ნილს გუსტავ დალენმა მოიპოვა ,,ავტომატური სარქველების გამოგონებისთვის, რომლებიც გაზის აკუმულატორთან ერთად მუშაობდნენ შუქურებსა და ქერქეჭელებზე (ტივტივებზე)”.

 
 

მომდევნო პერიოდი

1915 წელს ტესლამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი მარკონის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა. ვარდენკლიფის შემდგომ ტესლამ ააგო ტელეფუნკენის უსადენო სადგური ლონგ-აილენდის ქალაქ სეივილში. მისი მიზნების ნაწილი, რომელთა განხორციელებასაც ვარდენკლიფის კოშკში გეგმავდა, სისრულეში მოვიდა ტელეფუნკენში. 1917 წელს შენობა ხელში ჩაიგდეს და გაანადგურეს საზღვაო ქვეითმა ჯარისკაცებმა, რადგან ეჭვობდნენ, რომ სადგურს გერმანელი ჯაშუშები გამოიყენებდნენ.

I მსოფლიო ომამდე ტესლამ ოკეანის იქითა ქვეყნებს მიმართა დასახმარებლად, რათა კვლევებისთვის საჭირო სახსრები მოეპოვებინა. ომის დაწყებისას ევროპულმა ქვეყნებმა მას დაფინანსება შეუწყვიტეს. ომის შემდეგ მალევე მას აღმოაჩნდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები. ის შეპყრობილი გახდა ციფრ 3-ით. ხშირად შენობის დატოვებამდე სამჯერ შემოუვლიდა გარშემო ქვას, მოითხოვდა, რომ ყოველ კერძს თეფშთან ჰქონოდა 3 ცალი დაკეცილი ხელსახოცი და ა.შ. იმ მომენტში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ახალი ხილი იყო, კარგად არ ჰქონდათ შესწავლილი და მკურნალობის მეთოდებიც არ არსებობდა. ამიტომაც მიიჩნიეს, რომ მეცნიერი ჭკუიდან გადავიდა, რამაც მის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა.

I მსოფლიო ომის პერიოდში ტესლამ წამოაყენა იდეა, გამოეყენებინათ რადიოტალღები გერმანული წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად (იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ უცხო ტექნოლოგია, რომელსაც ამჟამად ,,რადარს” უწოდებენ). ტომას ედისონმა ამ იდეას სასაცილო და უაზრო უწოდა.

ნიკოლა ტესლა ვალდორფ-ასტორიას სასტუმროში იყო დაბინავებული და გადავადებული გადასახადების დაფარვის ხერხებზე ფიქრობდა. მას მოუწია, მილიონერ ჯორჯ ბოლდტისთვის მიეყიდა ვარდენკლიფი, რათა 20 000 დოლარი გადაეხადა. 1917 წელს, იმ პერიოდში, როცა ბოლდტმა ვარდენკლიფი გაანადგურა, რათა ტერიტორია მდიდრულ მამულად ექცია, ტესლამ მიიღო ამერიკული ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდო – ედისონის მედალი. მედალის სახელწოდების გამო ეს მისთვის ერთგვარი შეურაცხყოფა იყო.

1917 წელს ტესლამ პირველად განსაზღვრა პრინციპები, რომლებიც ეხებოდა სიხშირესა და სიმძლავრის დონეს პირველი პრიმიტიული რადარული ერთეულებისთვის.

გადმოცემის მიხედვით, 1920-იან წლებში ტესლა მოლაპარაკებას აწარმოებდა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ე.წ. ,,სასიკვდილო სხივზე”. ტესლა იმასაც ამტკიცებდა, რომ ,,სასიკვდილო სხივის” მოპარვა რამდენჯერმე სცადეს. ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა ნევილ ჩემბერლენის მთავრობის დასრულების გამო.


1931 წელს, როცა ტესლა 75 წლის გახდა, ჟურნალმა ,,Time”-მა მისი სურათი ყდაზე დაბეჭდა. სურათის აღწერა ხაზს უსვამდა მის ღვაწლს ელექტროენერგიის სისტემის განვითარებაში. ბოლო პატენტი ტესლამ 1928 წელს მიიღო საჰაერო ტრანსპორტირების აპარატის გამო, რომელიც ვერტიკალური აფრენისა და დაშვების შესაძლებლობის მქონე თვითმფრინავის პირველ მაგალითს წარმოადგენდა. 1931 წლის მიწურულს ტესლამ გამოუშვა ნაშრომი სახელად ,,ჩვენი მომავალი მამოძრავებელი ძალა”, სადაც ოკეანის თერმული ენერგიის გარდაქმნის სისტემა აღწერა. 1934 წელს მან წერილი მისწერა კონსულ იანკოვიჩს თავისი სამშობლოს შესახებ. წერილში მადლიერება გამოხატა წარმოშობით სერბი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის მიხაილო პუპინის მიმართ, რომელიც გამოდიოდა შემოწირულობების სქემის შექმნის ინიციატივით, რისი მეშვეობითაც ტესლა დაფინანსდებოდა ამერიკული კომპანიების მიერ. ტესლამ დახმარებაზე უარი თქვა, მას საკმარისად მიაჩნდა იუგოსლავიის სახელმწიფოსგან დანიშნული მოკრძალებული პენსია და კვლევები განაგრძო.

1936 წელს პოლიტიკოს ვლადკო მაჩეკის მიერ გამოგზავნილი დაბადების დღის მისალოცი ტელეგრამის საპასუხოდ ტესლამ განაცხადა, რომ ის ერთნაირად ამაყობდა სერბული წარმოშობითა და ხორვატიული სამშობლოთი. თანამედროვე ეპოქაში ამ ციტატას ხშირად უკეთებენ პერეფრაზირებას ხორვატიისა და სერბეთის ერთიანობის მომხრეები.

ხშირად ცდილობდნენ, მეცნიერი ჩაერთოთ იუგოსლავიაში მიმდინარე ეთნიკურ და პოლიტიკურ კონფლიქტებში, რაზეც მან ერთხელ უპასუხა: ,,თქვენი სიძულვილის ელექტროობად გადაქცევა რომ შესაძლებელი იყოს, მთელ მსოფლიოს გაანათებდა.”

 
 

ველის თეორიები

81 წლის ასაკში ტესლა ამბობდა, რომ დასრულებული ჰქონდა ,,გრავიტაციის დინამიკური თეორია”. ის ამტკიცებდა, რომ თეორია ყველა დეტალში ზუსტი იყო და იმედოვნებდა, რომ მსოფლიო მალე იხილავდა მას. თუმცა ნაშრომი არასდროს გამოქვეყნებულა.

თეორიის ძირითადი ნაწილი შემუშავებულ იქნა 1892-1894 წლებში, როცა მეცნიერი ექსპერიმენტებს ატარებდა მაღალი სიხშირისა და სიმძლავრის ელექტრომაგნეტიზმზე და მათზე მომუშავე მოწყობილობებს ქმნიდა. ის მიიჩნევდა, რომ შეუძლებელი იყო სივრცის გამრუდება, რადგან მას თვისებები არ გააჩნდა. ასევე თვლიდა, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში ახალი არაფერი იყო ნათქვამი, რადგან იგივე აზრები უკვე წამოყენებული ჰქონდა ხორვატიელ მათემატიკოს, ფიზიკოსსა და ასტრონომს რუჯერ-იოსიპ ბოშკოვიჩს:

– სხვათა შორის, ფარდობითობის თეორია გაცილებით ძველია. ის 200 წლის წინ წამოაყენა ცნობილმა თანამემამულემ რუჯერ ბოშკოვიჩმა, დიდმა ფილოსოფოსმა, რომელმაც ათასობით ტომი ბრწყინვალე ლიტერატურა დაგვიტოვა სხვადასხვა საკითხებზე. ბოშკოვიჩი სწავლობდა ფარდობითობას, მათ შორის ე.წ. დროისა და სივრცის პროცესების ერთობლიობას.

ტესლა კითხულობს რუჯერ ბოშკოვიჩის წიგნს ,,ნატურალური ფილოსოფიის თეორია"


 
 

გამანადგურებელი იარაღი

სიცოცხლის ბოლო პერიოდში ტესლამ რამდენჯერმე განაცხადა მძლავრი იარაღის შესახებ. პრესამ მას უწოდა ,,მშვიდობის სხივი” და ,,სასიკვდილო სხივი”. მთლიანობაში, მოწყობილობა მოიცავდა შემდეგ კომპონენტებსა და მეთოდებს:
● აპარატი, რომელიც ენერგიის ნაკადს ღია სივრცეში ქმნიდა და არა მაღალი წნევის ვაკუუმში, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
● მექანიზმი, რომელიც ქმნიდა უზარმაზარი ძალის ელექტრულ ნაკადს.
● ამ ნაკადის კიდევ უფრო გაზრდა და გაფართოება.
● დიდი სიმძლავრის მქონე შემტევი ელექტრული ნაკადის მიღების ახალი მეთოდი. მას ექნებოდა ქვემეხის ფორმა.

გამანადგურებელ იარაღზე ტესლა ადრეული 1900-იანებიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა. 1937 წელს მან დაწერა ტრაქტატი სახელად ,,ბუნებრივ გარემოში კონცენტრირებული ენერგიის პროექტირების ხელოვნება”, რომელიც ეხებოდა დამუხტული ნაწილაკების სხივს. ტესლამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რათა ვრცლად განემარტა ტექნიკური მხარე იმ ,,სუპერიარაღისა, რომელიც ყველანაირ ომს ბოლოს მოუღებდა”. ეს ტრაქტატი ამჟამად ინახება ნიკოლა ტესლას მუზეუმის არქივში, ქალაქ ბელგრადში. ის აღწერს ღია დაბოლოების მქონე ვაკუუმის მილს, რომელიც ნაწილაკებს გამოსვლის საშუალებას აძლევდა, ასევე მეთოდს, რომელიც ნაწილაკებს მუხტავდა მილიონობით ვატამდე და მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ნაწილაკების სხივის შექმნა და სამიზნეზე მიმართვა იყო შესაძლებელი.

ჩანაწერები მიუთითებს, რომ მოწყობილობა დაფუძნებული იყო ვერცხლისწყლის ან ვოლფრამის ატომების ჯგუფის მჭიდრო დინებაზე, რომელსაც მაღალი ძაბვის დენი აჩქარებდა. ტესლას თქმით, მოწყობილობა ამოქმედებისას გამოტყორცნიდა ენერგიის მძლავრ ნაკადს, რომელიც მაშინვე ჩამოაგდებდა მტრის 10 000 თვითმფრინავს 200 მილის (322 კმ) მანძილზე, არმიას კი სავალ ბილიკზევე მოუღებდა ბოლოს. ტესლა შეეცადა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დაეინტერესებინა, ასევე შესთავაზა თავისი გამოგონება ევროპის ქვეყნებს. მაგრამ ტესლას სამწუხაროდ, არცერთი ქვეყნის მთავრობა არ დათანხმდა ამ მოწყობილობის აგებაზე, ამიტომ მისი გეგმა სისრულეში ვერ მოვიდა.

 
 

თეორიული გამოგონებები

ნიკოლა ტესლას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორიული გამოგონება მოიხსენიება, როგორც ,,ტესლას მფრინავი მანქანა”, რომელიც მოგვაგონებს იონომფრენს. ტესლა ირწმუნებოდა, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი მიზანი იყო, შეექმნა ისეთი მფრინავი აპარატი, რომელსაც არ დასჭირდებოდა თვითმფრინავის ძრავა, ფრთები, ელერონი (ფრთების ბოლოების მოძრავი ზედაპირი, რომელიც საჭიროა წონასწორობის დასაცავად), პროპელერები ან ბორტზე განლაგებული საწვავის მარაგი. ტესლას შემუშავებული ჰქონდა ისეთი თვითმფრინავის იდეა, რომელიც იმუშავებდა ელექტროძრავზე, რასაც თავის მხრივ მიწაში ჩაფლული სადგურები მოამარაგებდნენ ენერგიით. ასეთი აპარატის თეორიული შესახედაობა სიგარის ან ლამბაქის ფორმის იქნებოდა. არსებობს თეორია, რომ მეოცე საუკუნეში აქტიურად გამოჩენილი ე.წ. ,,ამოუცნობი მფრინავი ობიექტები” სწორედ ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე მექანიზმები იყო.

 
 

პირადი ცხოვრება

ნიკოლა ტესლა პოლიგლოტი იყო და გარდა მშობლიური ენისა, კარგად ფლობდა ჩეხურს, ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, უნგრულს, იტალიურსა და ლათინურს.

სწავლის პერიოდში მან გამოავლინა დაინტერესება (და კარგ მოთამაშედაც ითვლებოდა) ბილიარდის, ჭადრაკისა და ბანქოს მიმართ, ზოგჯერ სათამაშო მაგიდასთან 48 საათსაც კი ატარებდა. მეცნიერს ცოტა ხნით ძილი სავსებით ყოფნიდა – როგორც თავად ირწმუნებოდა, დღე-ღამეში 2 საათზე მეტს არასდროს უთმობდა ძილს. ერთხელ ლაბორატორიაში მთელი 84 საათი ისე იმუშავა, რომ ერთი წუთითაც არ მოუხუჭავს თვალი და შესვენებაზეც უარი თქვა.

ტესლა იტანჯებოდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით, ჰქონდა ბევრი უცნაური თვისება და ფობია. ხშირად ერთსა და იმავეს სამჯერ იმეორებდა, სასტუმროში ყოველთვის ისეთ ნომერში ჩერდებოდა, რომლის ნომერიც სამზე იყოფოდა და ა.შ. ტესლას ზიზღი ჰქონდა ძვირფასეულობის მიმართ, განსაკუთრებით მარგალიტის საყურეებს ვერ იტანდა. იყო მეტისმეტად მომთხოვნი სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვის მიმართ. მრავალი წყარო ადასტურებს, რომ მას ახასიათებდა მიზოფობია – დაბინძურების ან რაიმე დაავადებით დასნებოვნების აკვიატებული შიში.

ტესლას სიგიჟემდე უყვარდა მტრედები, ყიდულობდა სპეციალურ საკვებს და ცენტრალურ პარკში კვებავდა მათ, ზოგჯერ კი სპეციალურად უშავებდა რამეს, რომ შემდეგ სასტუმროს ნომერში წაეყვანა, მოევლო და გამოეჯანმრთელებინა. ტესლას ძალიან უყვარდა ცხოველები, გამორჩეულად კი კატები.

სერბი გამომგონებელი არასდროს დაქორწინებულა და ცხოვრების ბოლომდე ცელიბატად დარჩა. ირწმუნებოდა, რომ სექსუალური უმწიკვლოების შენარჩუნება დიდად ეხმარებოდა სამეცნიერო მოღვაწეობაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, არის ცნობები, რომ მასზე უამრავი ქალი სიგიჟემდე იყო შეყვარებული. მეცნიერი ძირითადად თავდაჭერილად და ზრდილობიანად იქცეოდა, მაგრამ ასეთ ქალებთან ამბივალენტური ხდებოდა.

ტესლას თანამედროვეები მასზე დადებითად საუბრობდნენ და აღტაცებას გამოთქვამდნენ. ამერიკელი მწერალი რობერტ ანდერვუდ ჯონსონი ამბობდა, რომ მის ხასიათში შერწყმული იყო ,,სიტკბოება, გულწრფელობა, თავმდაბლობა, დახვეწილობა, დიდსულოვნება და ძლიერება”. ტესლას ერთგული მდივანი დოროთი სკერიტი წერდა: ,,მისი ჯენტლმენური ხასიათიდან ყოველთვის გამოირჩეოდა თბილი ღიმილი და კეთილშობილური დამოკიდებულება, რასაც მისი სულის სიღრმეში ჰქონდა ფესვები გადგმული”. ამერიკელი მწერალი ნათანიელ ჰოტორნი აღნიშნავდა: ,,იშვიათად შეხვდება ადამიანი ისეთ მეცნიერსა თუ ინჟინერს, რომელიც იმავდროულად არის პოეტი, ფილოსოფოსი, კარგი მუსიკის დამფასებელი, ლინგვისტი და კარგი საკვებისა და სასმლის გარჩევის უნარის მქონე”.

მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ტესლა ფიცხი იყო. ის დაუფარავად გამოხატავდა თავის სიძულვილს ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ, ერთხელ ერთ-ერთი თანაშემწე სწორედ წონის მომატების გამო დაითხოვა. ასევე ხშირად აკრიტიკებდა სხვებს ჩაცმულობის გამო, რიგ შემთხვევებში ხელქვეითებს უბრძანებდა, სახლში მიბრუნებულიყვნენ და ტანსაცმელი გამოეცვალათ.

ტესლა ცნობილი იყო სანახაობის მოწყობის უნარით. თავისი გამოგონებებისა და სიახლეების პრეზენტაცია ხელოვნების დონეზე აჰყავდა, ხშირად ილუზიონისტივით იქცეოდა. ტესლა რთული ადამიანი იყო. უარს ამბობდა კრებების ჩატარებაზე, თუკი თან არ ჰქონდა თავისი რეზონანსული ტრანსფორმერი, რომელიც ელექტროენერგიის ნაკადებს გამოყოფდა მთელ ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანახაობა მთელ აუდიენციას აშინებდა, ის ყველას არწმუნებდა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა და უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.

ცნობილია ნიკოლა ტესლას ახლო ურთიერთობა საბავშვო მწერალ მარკ ტვენთან. ისინი დიდ დროს ატარებდნენ ერთად ლაბორატორიასა და სხვა ადგილებში.

მარკ ტვენი ტესლას ლაბორატორიაში 1894 წელს

ტესლას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ტომას ედისონთან. ედისონის გარდაცვალების მეორე დღეს ,,New York Times”-ში გამოქვეყნდა მისი ცხოვრების დეტალები და სხვადასხვა ადამიანთა მოგონებები, რომელთაგან მხოლოდ ტესლა საუბრობდა ნეგატიურად.

– მას არ გააჩნდა რაიმე სახის საყვარელი საქმიანობა და სრულ გულგრილობას იჩენდა ჰიგიენის ელემენტარული წესების მიმართაც კი… მისი მეთოდები უვარგისი იყო, პატარა შედეგის მისაღებად სჭირდებოდა დიდი ზომის ტერიტორიის გამოყენება და მოლოდინიც ძირითადად ბრმა შანსის იმედზე იყო დამყარებული. თავდაპირველად, როცა მის საქმიანობას ვაკვირდებოდი, სიბრალულს ვგრძნობდი მის მიმართ, რადგან ვიცოდი, რომ მცირეოდენი თეორიული აზროვნება და მათემატიკური გამოთვლები 90%-ით შეუმსუბუქებდა შრომას. მაგრამ მათემატიკური ცოდნისა და წიგნის კითხვის მიმართ უდიდესი ზიზღი ჰქონდა, ენდობოდა მხოლოდ საკუთარ თავსა და თავის გამომგონებლურ ინსტინქტებს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ედისონმა განაცხადა, რომ მისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო მუდმივი დინების ელექტროობის დახვეწაზე მუშაობა, როცა ამის ნაცვლად შეეძლო, გადართულიყო უფრო ეფექტურ ცვლადი დენის სისტემაზე, რომლის უპირატესობაც ტესლამ ნათლად დაინახა.

ტესლას შეეძლო, გამხდარიყო მსოფლიოში პირველი მილიარდერი ვესტინგჰაუსის კონტრაქტის მეშვეობით, მაგრამ მან ეს დოკუმენტი ნაკუწებად აქცია. ამის მიზეზი იყო კონტრაქტის ქვეტექსტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის ხედვას თავისუფალი ენერგიის მომავალთან დაკავშირებით – ელექტროენერგია გახდებოდა მდიდარი ადამიანების შემოსავლის წყარო და ღარიბ ხალხს მასზე წვდომა არ ექნებოდა. გარდა ამისა, ვესტინგჰაუსის კომპანიას პროფილი შეეცვლებოდა და ტესლას მოუწევდა კრედიტორებთან ურთიერთობა, რაც სასტიკად არ სურდა.

სიცოცხლის ბოლო 10 წელი ტესლამ გაატარა სასტუმრო ,,ნიუ-იორკერის” 33-ე სართულზე, 3327-ე ოთახში. ის ხშირად ამბობდა, რომ ყოველდღე სტუმრობდა თეთრი მტრედი. მეცნიერის ბიოგრაფების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტესლა თავის ნაშრომებსა და საკუთარ თავს აღიქვამდა ამ მტრედად, ხოლო მტრედის სიკვდილი ბოლო დარტყმა იყო მისთვის.

ნიკოლა ტესლას სჯეროდა, რომ შეუძლებელი იყო ომის აცილება, თუკი მათი მოხდენის მიზეზი ბოლომდე არ ამოიძირკვებოდა. თუმცა ის ზოგადად ომების წინააღმდეგი გახლდათ, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, როცა მისი აზრით, ბრძოლა სამართლიანი იყო. ტესლა მუდმივად ეძებდა გზებს, რომ ადამიანებისთვის შეემცირებინა მანძილის პრობლემა კომუნიკაციის გაუმჯობესებით, ტრანსპორტირებით, ენერგიის გადაცემით. მიიჩნევდა, რომ ამ ხერხებით საერთაშორისო ურთიერთობები ნაწილობრივ მაინც დაბალანსდებოდა.

1926 წელს ტესლამ კომენტარი გააკეთა ქალების სოციალურ ვარგისიანობასა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის შესახებ. მისი თქმით, ადამიანთა მომავალი წარიმართებოდა ,,დედოფალი ფუტკრების” მიერ. მეცნიერი თვლიდა, რომ მომავალში დომინანტი სქესი ქალები გახდებოდნენ.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში ნიკოლა ტესლა ვეგეტარიანელი გახდა. ამერიკულ ჟურნალ ,,The Century Magazine”-ში დაბეჭდილ სტატიაში ის ამბობს: ,,ჩემი აზრით, უდავოდ უმჯობესია, მოვიყვანოთ ბოსტნეული, რადგან ვეგეტარიანელობა არის არაჩვეულებრივი გადახვევა გავრცელებული ბარბაროსული წესიდან”. ტესლა მუდმივად კამათობდა ხორცით კვების საკითხზე. ამბობდა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია, რადგან მსოფლიოში ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობს. ის ასევე თვლიდა, რომ მცენარეული საკვები იყო ,,ხორცზე აღმატებული როგორც მექანიკურ, ისე გონებრივ საკითხებში”, ხოლო ცხოველთა ხოცვა გახლდათ ,,უზნეობა და სისასტიკე”.

ახალგაზრდობის პერიოდიდანვე მეცნიერი იტანჯებოდა სინათლის, ხმისა და სხვა სტიმულების მიმართ უკიდურესი მგრძნობელობით. მაგალითად, ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკში იყო, მეზობლები სიკვდილს გადაარჩინა, რადგან მათ სახლში გაჩენილი ცეცხლის ალების ტკაცუნი გაიგონა. განსაკუთრებული შემოტევების დროს მისი გულისცემა ზოგჯერ ძალიან დაეცემოდა, ზოგჯერ კი წუთში 260-ზე ადიოდა, თან სხეულის მთელი კუნთები და ქსოვილები უცახცახებდა. ტესლა თავის დღიურში აღწერს შემდეგ მტანჯველ განცდებს:

● მას შეეძლო 3 ოთახის იქით მყოფი საათის წიკწიკის გაგონება.
● ბუზის მაგიდაზე სიარულის ხმა ჩაქუჩის დარტყმასავით ჩაესმოდა ყურში.
● რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ვაგონის გადაადგილების ხმისგან მთელ სხეულში კანკალი ეწყებოდა.
● ვერაფრით ახშობდა მისი სკამის ვიბრაციას, რომელსაც 32 კმ-ის იქით გავლილი მატარებლისგან წამოსული სტვენა იწვევდა.
● იძულებული იყო, საწოლის ქვეშ რეზინის ბალიშები დაელაგებინა, რათა ბგერით ვიბრაციებს მისთვის ხელი არ შეეშალათ.
● სიბნელეში ღამურასავით შეეძლო ობიექტის დისტანციიდან აღქმა შუბლის მიდამოში გაჩენილი თავისებური შეგრძნების მეშვეობით.

40 წლის ასაკშიც კი, როცა მეცნიერი კოლორადოს მთაზე ელვაზე ატარებდა დაკვირვებებს, შეეძლო გაეგონა 880 კმ-ით დაშორებული ქუხილის ხმები, როცა მასზე ორჯერ უმცროსი ასისტენტი მაქსიმუმ 240 კმ-ის დისტანციაზე აღიქვამდა მათ.

 
 

გარდაცვალება

ნიკოლა ტესლა 1943 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა გულის თრომბით სასტუმრო ,,ნიუ-იორკერის” 3327-ე ოთახში, ამ დროს ის სრულიად მარტო იყო. რამდენიმე დღეში მოხსენება წაიკითხეს მისი მიღწევებისა და დამსახურებების შესახებ. ეპისკოპოსმა უილიამ მენინგმა წირვა აღასრულა. დაკრძალვის ცერემონიალს უხელმძღვანელა სერბმა მართლმადიდებელმა მღვდელმა დუშან შუკლეტოვიჩმა. დაკრძალვას 2000 ადამიანი ესწრებოდა. ამერიკულ და სერბულ დროშებში გახვეული კუბო ნობელის პრემიის ლაურეატებს მიჰქონდათ. მისასამძიმრებელი სიტყვა გაავრცელა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის აშშ-ის პირველმა ლედიმ ელეანორ რუზველტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰენრი უოლესმა. მოგვიანებით ტესლას სხეულს კრემაცია გაუკეთეს, ფერფლი კი ბელგრადში გაგზავნეს 1957 წელს.

მეცნიერის კრემირებული ფერფლი მოოქროვილ ურნაში, რომელსაც მისი საყვარელი სხეულის, სფეროს ფორმა აქვს. ნიკოლა ტესლას მუზეუმი, ქალაქი ბელგრადი.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლად დენზე მომუშავე პატენტებს წარმატებით ჰყიდდა, სიკვდილის წინ ტესლას სერიოზული ვალები ჰქონდა.

ტესლას ნამუშევრების ნაწილი მისი სიცოცხლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა. ისინი FBI-ის თანამშრომლებმა გამოიკვლიეს და ,,Top Secret”-ის სტატუსი დაადეს. FBI-ს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა, ედგარ ჰუვერმა, ეს საქმე განსაკუთრებით გაასაიდუმლოვა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, ტესლას გამოგონებებისა და პატენტების თავისებურებები იყო. ამ დოკუმენტებმა და ტესლას ოთახიდან წამოღებულმა აპარატებმა ორი სატვირთო მანქანა გაავსო.

ტესლას ოჯახის წევრები და იუგლოსლავიის მთავრობა იბრძოდნენ ამ ნივთების დასაბრუნებლად, რადგან მათში მეცნიერის კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ინახებოდა. საბოლოოდ ელჩმა სავა კოსანოვიჩმა შეძლო მათი მოპოვება და ამჯერად ნიკოლა ტესლას მუზეუმში ინახება.

 
 

მემკვიდრეობა

ტესლას ბევრ გამოგონებას დღესაც არ აქვს ანალოგი. მის მიერ დაპროექტებული ცვლად დენზე მომუშავე ძრავა ყველა დროის უდიდესი გამოგონებების ათეულშია შესული. ტესლა ითვლება თანამედროვე რადიო და ელექტროგადამცემი მოწყობილობების მამად. მთელი სიცოცხლის მანძილზე მან 700 პატენტი დაარეგისტრირა. მომავალთან დაკავშირებული მისი ხედვა მოიცავდა მზისა და წყლის ენერგიის ათვისებას. იწინასწარმეტყველა საპლანეტათაშორისო კომუნიკაციებისა და ხელოვნური თანამგზავრების ტექნოლოგია.

ტესლას შექმნილ პატენტებზეა დაფუძნებული დღევანდელი ელექტრული გაყვანილობები, ელექტრული ძრავები, ელექტრომობილები და ზოგადად ელექტროენერგიის სისტემა. კრიოგენულ სითხეებსა და ელექტროობაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა თანამედროვე სუპერგამტარების შექმნას ჩაუყარა საფუძველი. მეცნიერის მიერ ჩატარებული სამუშაოები და ექსპერიმენტები იქცა თანამედროვე ელექტრომოწყობილობათა უმრავლესობის საფუძვლად და მრეწველობითი რევოლუციის წინაპირობად.

ტესლას მოიხსენიებენ სხვადასხვა ეპითეტებით: ,,ფიზიკის მამა”, ,,ადამიანი, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”, ,,ადამიანი, რომელმაც ხვალინდელი დღე გამოიგონა”, ,,თანამედროვე ელექტროობის მფარველი წმინდანი”, ,,ადამიანი, რომელმაც დედამიწას სინათლე მოჰფინა” და ა.შ.

ნიკოლა ტესლას მუზეუმი ქალაქ ბელგრადში. გაიხსნა 1952 წლის 5 დეკემბერს

 

ნიკოლა ტესლას სახელი პოპულარულ კულტურაშიც დამკვიდრდა. პერსონაჟის სახით ის ნახსენებია სხვადასხვა წიგნებში, ფილმებში, კომიქსებსა და ვიდეოთამაშებში. განსაკუთრებით ცნობილია რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის 2006 წლის მხატვრული ფილმი ,,პრესტიჟი”. ფილმში აღწერილია ორი ილუზიონისტის დაპირისპირება, რომელთაგან ერთ-ერთი შოუზე ტესლას მოწყობილობას იყენებს კლონების შესაქმნელად.

დევიდ ბოუი ნიკოლა ტესლას როლში ფილმში ,,პრესტიჟი"

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მაგნიტური ველის (წარმოებულ) ერთეულს ტესლა ეწოდება. ტესლა ეწოდა ასევე მთვარის ერთ-ერთ კრატერსა და პატარა პლანეტას (2244 Tesla), სერბეთის უდიდეს ელექტროსადგურს კი ,,ნიკოლა ტესლა” დაარქვეს. კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში ჩამოყალიბებული როკ-ჯგუფი ,,ტესლა” სახელს ცნობილი გამომგონებლისგან იღებს.

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ,,Tesla Motors”-მა ეს სახელი მეცნიერის პატივსაცემად დაირქვა.

ელექტროძრავიანი ავტომობილი Tesla Roadster Sport 2.5

 

2009 წლის 10 ივლისს ,,გუგლმა” ნიკოლა ტესლას დაბადების დღე ორიგინალურად აღნიშნა:

მეცნიერს რამდენიმე ქალაქში დაუდგეს ძეგლი, მათ შორის მისი დაბადების ადგილას სოფელ სმილიანში 2006 წელს. მისი ავტორია მოქანდაკე მილე ბლაჟევიჩი. 2006 წლის 7 ივლისს ქალაქ ზაგრებშიც მოხდა ტესლას ძეგლის პრეზენტაცია, რომელიც ივან მეშტროვიჩმა გამოაქანდაკა 1952 წელს და ათეულობით წლების განმავლობაში რუჯერ ბოშკოვიჩის ინსტიტუტში ინახებოდა. ტესლას ძეგლი დადგეს ნიაგარას ჩანჩქერებთანაც 1976 წელს. მისი ავტორია ფრანო კრშინიჩი. ძეგლის ასლი დგას ბელგრადის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის შენობის წინ.

ნიკოლა ტესლას ძეგლი ნიაგარას ჩანჩქერებთან

ნიკოლა ტესლას ძეგლი სოფელ სმილიანში


 
 

ტესლას გამოსახულება ფულად ერთეულებზე:


 
 

საპატიო წარწერაა გაკეთებული ,,ნიუ-იორკერის” სასტუმროში, 3327-ე ოთახის კარებზე, სადაც ტესლა 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა:


 
სასტუმრო ,,ნიუ-იორკერის” კედელზე კი სამახსოვრო დაფაა გაკრული:

 

იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2006 წელი (როცა მეცნიერს 150 წელი შეუსრულდა) გამოცხადდა ,,ნიკოლა ტესლას წლად”.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button