
ორი წლის წინ იაპონიაში შეიქმნა კონსორციუმი Space Port Japan Association (SPJ) კოსმოსური ტურიზმის განვითარების შესახებ. საქმიანობის სფერო საინტერესოა, თუმცა არც ისე ახლო მომავლის საკითხი.
ახლახანს ტოკიოს არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია Noiz Architects-მა კონსორციუმისთვის წარადგინა ტოკიოს ყურეში მცურავი კოსმოდრომის პროექტი. მიუხედვად იმისა, რომ წინადადება ფანტასტიკური ჩანს, პროექტი ორიენტირებულია სუბორბიტალურ ფრენებზე – ისეთებზე, რომლებიც უახლოეს წლებში რეალურად იქნება მიღწეული. მაგალითად, ტურისტულ სუბორბიტალურ ფრენებზე წინასწარი განაცხადების შეკრება უკვე დაიწყო კომპანია Virgin Galactic-მა. ფასი შთამბეჭდავია – 250 ათასი აშშ დოლარი ერთი ადგილისთვის, თუმცა სამომავლოდ მსგავსი შემოთავაზებები გაიაფდება.
Noiz Architects-ის პროექტი ორიენტირებულია Virgin Galactic-ის მსგავს ოპერატორებზე. დიდი, თუმცა ჩვეულებრივი თვითმფრინავი SpaceShipTwo Unity აფრინდება სტანდარტული საფრენი ბილიკიდან და მასზევე დაეშვება. მაქსიმალურ 15-16 ათას კილომეტრ სიმაღლეზე მიღწევის შემდეგ თვითმფრინავი გაუშვებს „კოსმოსურ თვითმფრინავ“ SpaceShipTwo-ს, რომელიც ამჯერად უკვე საკუთარი ძრავით აფრინდება კიდევ 80 კმ სიმაღლეზე, სადაც ტურისტები რამდენიმე წუთს გაატარებენ უწონადობის მდგომარეობაში და დატკბებიან შორეული დედამიწის ხედებით. ამის შემდეგ SpaceShipTwo კოსმოპორტში ჩვეულებრივი თვითმფრინავივით დაეშვება.

თვითმფრინავი-ტრანსპორტერი საჰაერო სტარტისთვის. წყარო: Virgin Orbit
კოსმოპორტის პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ „ჰორიზონტალური“ ფრენების მომსახურებას ახლოკოსმოსურ სივრცეში, არამედ ასევე სამომავლოდ შეეხება ნაკლებად შეძლებულ ტურისტებსაც. განთავსდება მუზეუმები, არტ-ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, საცურაო აუზები, „კოსმონავტების“ სავარჯიშო ცენტრები და ბევრი სხვა რამ. სანაპიროსთან კოსმოპორტი დაკავშირებული იქნება საავტომობილო ესტაკადით.
Virgin Galactic-მა უკვე შეარჩია იაპონიის ერთ-ერთი ქალაქი, როგორც ცენტრი აზიის კოსმოსური ფრენებისთვის.




