ზღაპარისაბავშვო

გამარჯვებული განეში – ინდური ზღაპარი

(* განეში — სპილოსთავა ღმერთი. სიბრძნისა და საქმეში წინააღმდეგობის დაძლევის მფარველი. ინდოელები ყოველი ახალი საქმის წამოწყებისას მიმართავენ განეშს. განეში ითვლება მეცნიერების მფარველად.)

ღმერთ შივასა და ქალღმერთ პარვატის* (* პარვატი — სიბრძნის მფარველი ღმერთი

— განეში დედა.) ორი ვაჟიშვილი ჰყავდა: კარტიკეა* (* კარტიკეა — ომის ღმერთი. ინდოელთა რწმენით ყოველი ღმერთი მოგზაურობისას ყოველთვის ერთსა და იმავე ამორჩეულ ცხოველზე ან ფრინველზე ჯდება. კარტიკეა დაჰყავს ფარშავანგს.) და გაეში. შესახედავადაც და ხასიათითაც ძმები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ექვსსახა კარტიკეა მაღალი იყო, გამხდარი, ფიცხი და შესანიშნავი მეომრის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მშვიდი და კეთილი ხასიათის განეში კი თავისი ხორთუმითა და ტლანქი სხეულით სპილოს მოგაგონებდათ. განეში თავიდან ძალიან ლამაზი ბიჭი დაბადებულა. სპილოს კი მერე დამსგავსებია. აი, როგორ მომხდარა ეს ამბავი:

ბიჭი მეორე თვეში რომ გადამდგარა, დედას მისი მონათვლა გადაუწყვეტია და სამზადისს შესდგომიან. ზეიმზე ყველა ღმერთი მოუწვევიათ, ანდა რომელი ღმერთი იტყოდა უარს დიდ შივასთან მისვლაზე! დამდგარა ნანატრი დღეც. პარვატის განგეში ლამაზად გამოუწყვია, ძვირფასი სამკაულებით შეუმკია და ოქროს აკვანში ჩაუწვენია.

ღმერთები აღტაცებულან ბიჭის სილამაზით და უამრავი საჩუქრებიც მიურთმევიათ, მარტო ღმერთი შანი* (* შანი — ღმერთი. მას პლანეტა სატურნთან აიგივებენ. გადმოცემის თანახმად, მისი მზერა ყველაფერს ფერფლავს.) დამდგარა განზე თავდახრილი და ცდილობდა მაღლა არ აეხედა.

თურმე სახლიდან წამოსვლის წინ განი ცოლს რაღაცაზე წაჩხუბებია. ცოლს ზეიმზე წასასვლელად მორთული შანი რომ დაუნახავს, საბოლოოდ გამოსულა

მოთმინებიდან. უნდოდა ქმარი შინ დაეტოვებინა და მთელი ჯავრი იმაზე ეყარა. მაგრამ ცოლის ჭირვეულობით თავგაბეზრებულ შანის მაინც გადაუწყვეტია წასვლა. მაშინ ცოლს დაუწყევლია: პირველივე, ვისაც კი შეხედავ, უთავო დარჩესო და შანის ამიტომ არ უნდოდა ვინმესთვის შეეხედა.

პარვატის შანისთვის უგუნებობა რომ შეუტყვია, განეში აუყვანია და ახლოს მისულა, შანის ზურგი უქცევია და უამბნია, ცოლმა როგორ დაწყევლა. მაგრამ ვაჟის სილამაზით გაამაყებულ დედას მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და უთქვამს:

— აბა, შეხედე, შანი, რა ლამაზი ბიჭი მყავს. იმისი მამა ხომ დიდი შივაა! დაივიწყე ეგ წყევლა და შეხედეო.

შანის შეუხედია თუ არა, განეშს მაშინვე თავი მოსძრობია. ღმერთები გამშრალან. მხიარულება შეწყვეტილა, ყველა დაღონებულა. პარვატი ჯერ გაქვავებულა, მერე კი უთავო შვილისთვის რომ დაუხედავს, მწარედ აქვითინებულა. საბედნიეროდ იქვე ყოველგვარი უბედურების ამცილებელი ღმერთი — ვიშნუც — ყოფილა. — თუ განეშს ახლავე ვისიმე თავს მივადგამთ, მაშინვე შეეზრდებაო, — უთქვამს.

პირველი, რისთვისაც იმწუთას შივას თვალი მოუკრავს, პატარა სპილო ყოფილა, შივას მაშინვე წაუცლია სპილოსთვის თავი და განეშისთვის მიუდვია. ბიჭი გაცოცხლებულა. პარვატის ჯერ გახარებია, მაგრამ როცა განეშის სახეზე დაკიდებლი ხორთუმი დაუნახავს, ისევ დადარდიანებულა, ახლა ყველა მასხარად აიგდებს ჩემს შვილს და პატივს არავინ სცემსო, მაგრამ განეშს გული არ გასტეხია! ძალიან უყვარდა დედ-მამა, მორჩილი და ერთგული შვილი იყო. მადლობის ნიშნად შივამ შვილი დალოცა: ყველაზე ჭკვიანი, კეთილი და პატივცემული ყოფილიყავ ღმერთებს შორისო.

ასეც მოხდა: იმ დღიდან პირველ რიგში განეშს სცემენ თაყვანსა და მერე კი სხვა ღმერთებს.

ერთხელ განეში და კარტიკეა წმინდა ტბის მანასაროვარის* (* მანასაროვარი — ტბა ჰიმალაის ჩრდილოეთში. მას ინდოელები წმინდა ადგილად მიიჩნევენ. ამ ტბიდან სათავეს იღებს მდინარე სატლეჯი.) ნაპირას თამაშობდნენ. განეში ხორთუმით ტკბილეულს იღებდა და კარტიკეას აწვდიდა. მაგრამ როგორც კი კარტიკეა ხელს გაუშვერდა, განეში მოხერხებულად შეაგდებდა ტკბილეულს ჰაერში და თვითონვე იჭერდა, კარტიკეა კი ხახამშრალი რჩებოდა.

ასე განეშს ვერ ვაჯობებ, ისევ ისა სჯობს, სირბილში შევეჯიბრო. განეში ტლანქი და მოუხეშავია, სწრაფად ვერ ირბენსო, — გადაწყვიტა კარტიკეამ.

მაგრამ ჭკვიანი განეში ხელად მიუხვდა განზრახვას. ღიმილი ძლივს შეიკავა და უთხრა:

— რად გინდა სირბილში შემეჯიბრო, ძმაო! სულ ერთია, მაინც მე გაჯობებო. იდავეს ძმებმა, იდავეს და ბოლოს გადაწყვიტეს:

— ვინც თხუთმეტ დღეში სამ სამყაროს* (* სამი სამყარო — დედამიწა, ზეცა და ქვესკნელი.) გარს შემოუვლის და პირველი დაბრუნდება, გამარჯვებული ის იქნებაო.

მეორე დღეს კარტიკეა ზუსტად ოთხ საათზე შეაჯდა თავის ფარშავანგს და გაემგზავრა.

ნეტავი როგორ ფიქრობს განეში ჩემს გასწრებას, როცა ასეთი ტლანქი და მოუხეშავია. მიწაზეც კი ძლივს დადის — სულ აქეათ-იქით ირწევა, — თანაც ამ ბოლო დროს იმდენ ტკბილეულს ჭამს, კიდევ უფრო გასუქდა. ამას გარდა თაგვზე ზის და ისე დადის. განა თაგვის სიარული ფარშავანგისას შეედრება? მე რომ

დავბრუნდები, ის, ალბათ, ტბასაც არ იქნება გაცილებული, დავამარცხებ განეშს და პირველობას ავიღებო, — ფიქრობდა გზაში კარტიკეა.

ამასობაში კარგა გამომძღარმა და ნაბანმა განეშმა გამოიანგარიშა, როდის უნდა დაბრუნებულიყო კარტიკეა და მშვიდად შეუდგა წიგნის კითხვას.

იმ დღეს კი, როცა კარტიკეა შინ უნდა დაბრუნებულიყო, განეში თავის დედასთან მივიდა. დაიცვა პარიკრამა* (* პარიკრამა — რომელიმე პირისა ან საგნის ირგვლივ შემოვლა მისდამი ღრმა პატივისცემის გამოხატვის ნიშნად.) თაყვანი სცა და გვერდით მიუჯდა. დაღლილი, აქოშინებული კარტიკეა სახლში შევარდა და რას ხედავს: განეში დედის გვერდით ზის.

— ძმაო, ნუთუ მოასწარი სამი სამყაროს შემოვლა? — წამოიძახა მან.

— მე არსადაც არ წავსულვარ. აქ ვიჯექი და ისე შემოვიარე სამივე სამყარო, — უპასუხა სიცილით განეშმა.

— კი მაგრამ, განა ეს შესაძლებელიაო? — ჰკითხა კარტიკეამ.

— ყური დამიგდე, უფროსო ძმაო! დედა სამივე სამყაროზე უფრო მეტია და მის წინაშე პარიკრამის დაცვა სამივე სამყაროს შემოვლაზე მეტიაო. — უპასუხა განეშმა.

ამ სიტყვებზე პარვატის გაეღიმა. კარტიკეამ მამას მოსთხოვა განესაჯა ეს ამბავი. შივამ რომ ყველაფერი მოისმინა, განეში გაამართლა.

ჭკვიანმა და მოსიყვარულე განეშმა პირველის სახელი მოიხვეჭა.

როცა განეშის ერთგულების ამბავი ყველგან გავრცელდა, ღმერთებში დავა ატყდა:

— ამის შემდეგ რომელ ღმერთს უფრო დიდი პატივით მოეკიდება ხალხი, რომელ ღმერთსა სცემს პირველ რიგში თაყვანს, ვის შესწირავენ უპირველეს მსხვერპლს და ვის დაუნთებენ ხოლმე პირველად წმიდა ცეცხლსაო?

ყოველი ღმერთი იმის მსურველი იყო, რომ ეს პატივი თვითონა რგებოდა. დავა რომ შეეწყვიტა, უხუცესმა ღმერთმა — ბრაჰმამ — თქვა:

— ამ პატივს ის დაიმსახურებს, ვინც სამჯერ შემოუვლის დედამიწას და პირველი დაბრუნდებაო.

ეს რომ ღმერთებმა გაიგეს, შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად ერთ ადგილას შეგროვდნენ. როგორც კი ნიშანი მისცეს, ყოველი მათგანი თავის ცხოველზე შეჯდა და შეჯიბრებაც დაიწყო. მარტო ტლანქი და მოუხეშავი განეში შეჯდა თავის თაგვზე და ისევ შინ დაბრუნდა.

ნეტავ რა უნდა ვქნა, თაგვი შორს ვერ წამიყვანს, — ფიქრობდა გზაზე განეში, — მართლა, მომაგონდა! ბრაჰმას რამდენჯერ უთქვამს, კეთილი, მშვიდი და შვილების მოსიყვარულე დედა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედამიწა. მამა — შივა კი მთელ სამყაროს მოიცავსო. განა მათ მიმართ პარიკრამის დაცვა საკმარისი არ იქნებაო?

თაგვზე ამხედრებული განეში კაილაშისაკენ* (* კაილაში — შივას ადგილსამყოფლად მიჩნეული ჰიმალაის ერთ-ერთი მთა.) — თოვლიანი მწვერვალისაკენ — გაემართა.

კაილაშის მთაზე მამა შივა ღრმა ფიქრებში გართული იჯდა.

— დედა, მოდი ჩქარა, მამას გვერდით მოუჯექიო, — უთხრა პარივატის განეშმა და ხელი მოავლო.

— რა მოხდა, განეშ? — ჰკითხა გაკვირვებულმა დედამ.

— რაც მოხდა, მერე გიამბობ, ოღონდ ახლა ისე მოიქეცი, როგორც გეუბნებიო. როგორი ონავარია ჩემი განეში. ალბათ, ისევ ახალი გასართობი მოიგონაო, —

იფიქრა პარივატიმ და შივას გვერდით მიუჯდა.

განეშმა ჯერ თაყვანი სცა თავის დედ-მამას, მერე მათ მიმართ პარიკრამა დაიცვა, შვიდჯერ შემოუარა გარშემო და ისევ ბრაჰმას სამყოფელისაკენ გაეშურა.

სწორედ იმავე დროს სხვა ღმერთებიც დაბრუნდნენ შეჯიბრებიდან და განეში ბრაჰმასთან რომ ნახეს, იფიქრეს: ალბათ, განეშმა ვერ შეძლო დედამიწის შემოვლა და შუაგზიდან დაბრუნდა. ახლა კი უზის ბრაჰმას და ელაქუცება, რომ როგორმე თავისი მარცხი დაფაროსო. მაგრამ, როცა დიდებულმა ბრაჰმამ ღმერთებს შეატყობინა, პირველობა განეშს დარჩაო, ყველას გაუკვირდა.

— ეს როგორ, დიდებულო ბრაჰმავ, განეშს შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღია და პირველობა როგორღა დარჩაო? — კითხულობდნენ აღშფოთებულები.

— როგორ და, განეშმა მარტო დედამიწას კი არა, მთელ სამყაროს შვიდჯერ შემოუარაო.

— განა ეს შესაძლებელი იყოო? — წამოიძახეს გაკვირვებულმა ღმერთებმა.

— განეში თავისი მშობლების მოსიყვარულე და პატივისმცემელი შვილია. შვიდჯერ შეასრულა მათ გარშემო პარიკრამა და განა ვინმეს ეჭვი შეეპარება, რომ მისი მშობელი დედა დედამიწაზე უფრო მაღლა დგას, ხოლო ღმერთი შივა კი მთელი სამყაროს განსახიერებაა? განეშიც გამარჯვებულად სწორედ ამიტომ ითვლებაო, — თქვა ბრაჰმამ.

აი, რატომ აღიარეს თავისი მშობლების უერთგულესი და თავდადებული შვილი განეში ღმერთებს შორის უპირველეს და ყველაზე უკეთეს ღმერთად.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button