პოეზია

დარია ახვლედიანი – ლექსები

“სახსოვრად გალაქტიონს”

როცა ფიქრებით გული ღონდება
და დაიცლება ჩემთვის სამყარო,
იმ წუთში მხოლოდ შენ მაგონდები,
შენ მაგონდები, ძმავ, მეგობარო!
შენს ლექსთა კრებულს უბით ვატარებ,
შენს ლექსთა კრებულს ვეალერსები,
დამწვარ სტრიქონებს შენს სულს ვადარებ,
მხიბლავს და მიყვარს შენი ლექსები”.

1927 წ. 2 აპრილი

***
ბავშვს

როს შევსცქერ მთიდან მომდინარ წყაროს,
ოდეს თრთის, ლაღობს წმინდა, ანკარა,
იმ წუთში მხოლოდ შენ მაგონდები,–
სულით უმანკოვ, ბავშვო პატარა!
როს გაზაფხულის სურნელებითა
ვხედავ ბუნება ხარობს, დამტკბარა,
მაშინაც მხოლოდ შენ მაგონდები,
ქვეყნის ნუგეშო,–ჩემო პატარა!
სანამ ნორჩი ხარ ციური ენით,
უმანკო გრძნობით ახარებ ყველას;
მომავლის სხივათ ბრწყინავ, ციმციმებ,
სამშობლო შენგან მოელის შველას.
ნეტავი იმას,– თვისი სიცოცხლე
ნაყოფიერათ ვინც გაატარა!…
აღივსე სწავლით, რომ გაამართლო
ქვეყნის იმედი–ჩემო პატარა!

(გადმოცემით მიუძღვნა თავის ვაჟს ილიას, რომელიც ახალგაზრდა დაიღუპა).

***
“გაზაფხული”

ლაჟვარდ ციდან დღის მნათობი
სიყვარულით გადმოგვყურებს,
ჩაგრულთ გულთა სამკურნალოთ,
უკვდავების ნამს აპკურებს.
ჩაღარა მთებს ჰკოცნის სხივი,
ყვავილთ სხივი ეკონება
და ბუნების ლურჯ სივრცეზე
უკვდავების შუქათ დნება.
ლალ–ზურმუხტი მობიბინე,
თვალწარმტაცი მთა და ველი,
ჩურჩულებენ საამურად,
ვით სატრფონი საყვარელი…

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button