ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – უსახელო უფლისციხელი

რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რამექნა. რაღაც დაიბადა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო კი გადიოდა.

გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა უფლისციხის ისტორია. პირველადვე წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში, მაგრამ აღარდამიხევია უკან. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომლებიც აქ გადიოდა. გავეცანი მის მიდამოებს; სადღაც აესხა მძივი. შევადგინეკონსპექტი: უფრო კარგად ვიგრძენი უფლისციხე.
                ახლა საღამოა.
                ვზივარ შინ და ვკითხულობ კონსპექტს; ის სულ უფრო მითრევს: რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში.
უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისიმიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც.
                ანტიკური ხანიდან იწყება ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სამოსახლო ადგილების გაძლიერება. ამ ხანის პირველ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერიამტკვრის მარჯვენა სანაპირო. აქ მტკვრის ყოველი შენაკადი ხეობა წარმოადგენს ცალკე გამაგრებულ რაიონს, რომლის ბინადარნიც თავს იყრიან რომელიმე ძლიერისამოსახლოს გარშემო. იმდროინდელი გამაგრებული ადგილები გაშენებულია ბორცვებზე…

                ახლა ასეთი სამოსახლოს გათხრა მიმდინარეობს სოფელ ხოვლესთან, ე.წ. ხოვლისგორაზე… მაგრამ იმდროინდელი ტექნიკისა თუ გახშირებული ლაშქრობა-ძარცვის პირობებში ასეთი გამაგრებული ბორცვები უძლურნი ხდებიან. ისინი კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანდათან ჰკარგავენპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. ასეთი დაცემის კვალი შემონახულია ხოვლიგორაზე.
                ეკონომიური სიძლიერე და მასთან პოლიტიკურიც ნელ-ნელა გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ. აქ იქმნება მთელი რიგი გამაგრებული ქალაქებისა: მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი.

                ელინისტურ ხანაში ამ ქალაქებზე გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა. გზა მოდის ინდოეთიდან ან ჩინეთიდან, ან სპარსეთიდან, ამოდისკასპიის ზღვაში, მოყვება მტკვარს, გამოივლის ხუნანს, ბოსტან-ქალაქს, მცხეთას, უფლისციხეს, გორს, ურბნისს, შორაპანს, გადადის კოლხეთში ფაზისამდე (ფოთი).
                ამ დროისათვის უფლისციხე უკვე ძლიერი ქალაქია. მისი პირველი საფუძვლიანი გამაგრება-აშენება ამავე დროს უნდა მიეკუთვნოს. უფლისციხის აშენებაზედახარჯული შრომა მკაფიოდ მეტყველებს მონის შრომის გამოყენებაზე. ამ ციხის გარშემო შენდება სოფლები. უფლისციხის დასავლეთით (გორის მიმართულებით) დადასტურებულია უზარმაზარი დასახლებული ადგილი და ხოვლიგორის მსგავსი სამოსახლო ბორცვი.

                აქ ამ დროისათვის უკვე სახლობს წარჩინებული უფალი, რომლის მმართველობასაც ექვემდებარება ახლომახლო მიდამოები. მდაბიონი იქვე ქალაქისკედლებს გარეთ სახლობენ. იმდროინდელი ტექნიკის პირობებში უფლისციხის აღება შეუძლებელია. მას ორი მხრიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, საზღვრავსბუნებრივი უფსკრულები, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს კლდეში გამოკვეთილი თხრილი, სიგანით ათიოდე, ხოლო სიმაღლით ხუთიოდე მეტრამდე. ახლა უკვესაკმაოდ ცნობილი ქალაქია. თავისი შინაგანი სიძლიერით თუ არქიტექტურული გარეგნობით იგი ყურადღებას იპყრობს. უზარმაზარი ქვაბები, ტალანები თუ პატარასაკნები, მთლიანად სამლოცველოებიც კი კლდეშია შეთხრილი და საიმედოდ დაცული.

                შიგნიდან კედლები მოჩუქურთმებულია. ამ კელდებთან იშვიათი არ არის აქლემთა თუ ჯორ-ცხენთა ქარავნები – დატვირთული აღმოსავლური საქონლით. ამავე დროს ეკუთვნის გორის და მცხეთის გაძლიერებაც. ახლო კულტურული კავშირი მყარდება ამ ციხე-ქალაქებს შორის. უფლისციხე თავის მნიშვნელობასინარჩუნებს არაბობის დროსაც. ამ ხანისათვის იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოსავალ პუნქტს ქართლის გაერთიანებისათვის. უფლისციხის დასაპატრონებლადერთმანეთს ეცილებიან სომეხთა მეფე, აფხაზთა მეფე და არაბთა ცნობილი სარდალი აბულ-კასიმი.

                შემდეგი ბრძოლები უფლისციხეს ახსოვს ძმათა შორის სისხლისღვრის დროს, როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარს შემოეწყო „ყოველითა ძალითა თვისითადა მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხესა და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავალ დგესშიგნით“. როგორც ჩანს, უფლისციხის აღება ამ დროს მხოლოდ მოტყუებით ან ურიცხვი სპით შეიძლებოდა.
                საქართველოში არაბთა ბატონობის შესუსტებასთან და თბილისისი განთავისუფლებასთან დაკავშირებით უფლისციხე ჰკარგავს თავის ძველ მნიშვნელობასდა მყუდრო ცხოვრებას იწყებს…
                ახლა, როდესაც გავეცანი ამ ქალაქისა და მისი მიდამოების ისტორიას, მივდივარ მის სანახავად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკვე ნაცნობი იქნებაჩემთვის. მატარებელი დილით გადის. დილა რუხია და მოწყენილი.

                არა ცხელა. ლიანდაგი გზას მიიკვლევს უამრავ პატარა თუ დიდ სახლებს შორის. მერე ქალაქი თავდება. სახლების რიგი კი გრძელდება. მერე წყდება. ახლამთაზე რაღაც საყდარი მოჩანს, შემდეგ ისეთივე რიგია სახლებისა; ზევით, მთაში, გვირაბი გაჰყავთ. მტკვრის მეორე მხარეს ვენახებში იფლობა დიღმის ველი.

                ვათვალიერებ. ერთ პატარა ადგილსაც ვერ ნახავ დაუსახლებელ-დაუმუშავებელს. მატარებელი ზაჰესის ხიდზე გადადის, ზაჰწსი უკან რჩება. წინიდანმოდიან ხრიოკი მთები. აქ ახლა არავინ სახლობს. არც ხნავს. ხანდახან საყდარი და ძველი ქვაბულები მოჩანს.

                მრავალჯერ განცდილი უფრო იზრდება: ჯვარი, სვეტიცხოველი, შორს – სამთავრო, არმაზი, სარკინეთი. სადღაც მთებში გამოქვაბული და შიო მღვიმისმონასტერი. მერე ისევ ციხე მთაზე. ხალხი იღიმება. „იცი, რას ეძახიან მაგ ციხეს?“ – მიჩურჩულებს ვიღაც. მეც ვიღიმები. ის ჰყვება თათართა ალყის ამბავს, შემდეგსაიდუმლო გვირაბზე ჰყვება, რომლითაც ქართველები გვირაბზე გადიოდნენ და კალმახებსაც იჭერდნენ.

                მეციხოვნენი კალმახებს მტერს აჩვენებდნენ. ახელებდნენ თათრებს. დამარცხდნენ თათრები. ეს ამბავი მეც ვიცი. მე სხვაც ვიცი. ახლა მთებს იქითაცვიხედები, მიწის შიგნითაც ვიხედები – მაგონდება ახლად ნასწავლი. იქით ხეობებია ქართლისა, კლდეკარები, სააკაძის სამშობლო ნოსტე, ერთაწმინდა.

                აქეთ, კასპის მიწაში, ორი ათასი წლის წინანდელ სამოსახლოებს ვხედავ.
                აგერ კასპის ცემენტის ქარხანა, იმის გადაღმა თეთრად დათხრილი საბადოები.

                კოლმეურნეთა შრომით აყვავებული ველ-მინდვრები, დაბურული ბაღები, გორაკებზე გადმომდგარი ახალი ფართო აივნიანი სახლები…
                მატარებელი ჩერდება. მიდის. ჩერდება.
                გრაკლიდან ხოვლე მოჩანს.

                ხოვლეს ბოლოზე უძველესი სამოსახლო ბორცვი ითხრება. მატარებლიდან საკონტროლო თხრილი ჩანს შავ ხაზად. მატარებელი ისევ მიდის. ჩერდება. მექვახვრელში ჩამოვდივარ. აქ, ქვაში, სამოსახლო ხვრელებია – იმიტომ ჰქვია ქვახვრელი. მწვანეში ზის ახლანდელი სოფელი.

                ჩემს პირდაპირ, მტკვრის მარცხენა ნაპირთან, უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით. ცხელა. მტკვრის ნაპირას ვჯდები. ვისვენებ. ჩემს პირდაპირბორანს აკეთებენ. იმის უკან სახლებს აშენებენ, დავიღალე. ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეში! ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომქვა არ იყოს ქვაზე დადებული.

                და ეს მონაკვეთი, რაც მე დღეს ვნახე, ნაწილია ერის დიდი ისტორიისა. ვცდილობ, აღარ ვიფიქრო. ჭიანჭველასავით მშრომელი და დაუზარელი ყოფილაჩემი ხალხი.
                მზე უფრო აჭერს. ნელა მივყვები ბაღების ხეივანს. აქ ჩრდილია და ცოტას ვისვენებ. შემდეგ მწვანე უცებ წყდება: გვერდიდან მაცხუნებს უფლისციხე.

                ავდივარ ქვაბებში. ვიწყებ ზევიდან, ჩამოვდივარ ქვევით. ჯერ ვერ გავრკვეულვარ კიდევ. ქარი სისინებს ნაპრალებში. ქანი იფიტება. ქარი უფრო ღმუის. გრძელფეხა ჯოჯოები ხრიოკებს სერავენ, კედლებზე დარბიან ეშმაკებივით და შუა კედელზე ქრებიან.

                მე ქვას ვესვრი. ქვა ხვდება. ჯოჯო გაკვირვებული მიყურებს, მერე მირბის, მივდევ. უცებ კლდე წყდება და იწყება უფსკრული. ჯოჯო ქვევით ჩარბის. მერეჩერდება და ისევ იხედება. ქვევით ხრიოკი სოფელი მოჩანს.

                ისტორიიდან ვიგონებ – აქ დიდი დასახლებული ადგილი ყოფილა. ახლა სოფელი გადაბუგულია, სულ არა ჰგავს ქვახვრელს. მეჩვენება: ჯოჯო იქით მიდის, მერე ისევ უკან მოდის და სხვებს აღვიძებს. „იქნებ შემოსეული მოძალადეების შთამომავლები არიან ჯოჯოები, – ვფიქრობ, – იქნებ დაპატარავდნენ და ჯავშანშიგახვეულები დარბიან“. აქ ხრიოკი და უდაბნოა. ქარი საშინლად უბერავს. ცხელა.

                ქვიშა გეყრება თვალებში. თითქმის ბანცალით შევდივარ ღრმა ქვაბში და ქვიშაზე ვწვები. ქვიშა აქ ცივია. ვწევარ და ჭერს ვუყურებ. ჭერი დატიხრულია.ჩუქურთმები გამოდიან სიბნელიდან. კედლები მოხატულია ფარდაგად.

                აქ ჯოჯოები არ დადიან. ჯოჯოებს ეშინიათ სიცივისა. ისევ ჭერის ჩუქურთმებს ვუყურებ. თვალები დაღლილი მაქვს და ძლივს ვარჩევ ჩუქურთმებს შორისღრმად ამოჭრილ ახალ წარწერებს. მაგონდება მატიანეში ამოკითხული, რომ აქ ქვა რბილია და ადვილი დასამუშავებელი. ყველას შეუძლია ამოჭრას რაც უნდა!..
                გამოვდივარ გარეთ.
                ცხელა.
                ისევ ჩავდივარ ქვევით და ხელოვნულ თხრილს მივყვები ზევით. მისი სიმაღლე საშუალოდ ოთხი მეტრია. ის კლდეშია ამოჭრილი. თხრილი ზევით მიდის, მერე უხვევს და ბუნებრივ ხევს უერთდება. აქედან იწყება უფსკრული. თუ არა გვირაბით, შეუძლებელი იყო ამ ქალაქში ასვლა.

                მე უფრო ზევით ავდივარ. აქედან უფსკრული უფრო ღრმა მოჩანს. ის საშიშია. მე მსიამოვნებს, რომ ის საშიშია: რაღაც ბუნდოვან შეგრძნებას იწვევს. მზეაჭერს. ვბრუნდები. ვწერვარ და ქალაქის ისტორიაში დავბორიალობ: რამდენიმე მთავრის თუ მეფის სახელი, და მორჩა! „საინტერესოა, რატომ არ შემორჩა ვინმეგმირის სახელი, გლეხი გმირის“, – ვფიქრობ.

                მზე უფრო აჭერს. მე უფრო ვბრუვდები. თვალებს ვხუჭავ. მინდა ცოტა წავიძინო. ძილი კი არ მოდის. თვალებდახუჭული უფრო მეტსა ვხედავ.
                მეჩვენება, რომ ღამეა და უფლისციხე გარშემოწყობილია.

                მეციხოვნეებს ცეცხლი უნთიათ. დიდ ქვაბებში ადუღებენ კუპრს. თხრილებიდან ქვა გროვდება დასაშენად. თხრილს იქით კი მტრები დგანან.
                მხოლოდ უფსკრულის მხარეა ჩაბნელებული. აქ ყარაული არ არის საჭირო. აქ ამოსვლა შეუძლებელია ღამით.

ცა იბურება და ჟინჟღლავს.
                იმ წელს ადრე შემოდგომაზე მოდის თოვლი. თოვლი ზაფხულში გახურებულ კლდეს ადნება, მხოლოდ უფსკრულის მხარეს იკიდებს ფეხს. ქარიმატულობს. თანდათან მატულობს.
მეციხოვნენი თავს იბურავენ. ქარი საბურავებში შედის და ყურებსა ყინავს.
                სამლოცველოში ქარი არ არის. აქ ქალები მუხლმოდრეკით ევედრებიან ღმერთს. ღმერთი ისმენს და პასუხს არ აძლევს – უსაზღვროა მისი ძალა დაუფლება. ქალები მუხლმოდრეკილნი ლოცულობენ თავიანთი შვილებისათვის. შვილებს კი სძინავთ: ღრმა ქვაბებში, კლდის საწოლებზე თივა ჰყრია, თივაზეხალიჩები აგია და იმაზე სძინავთ. მერე რომელიმე იღვიძებს. ტირის, უძახის დედას.

                დედა კი ფილაქანზეა დაჩოქილი. მუხლისთავებიდან სისხლი სდის. ლოცულობს. ლოცულობს თავისი შვილისათვის – ღმერთი დიდია და მოწყალე, უსაზღვროა მისი ძალა.
                გარეთ ცივა.
                ქარი შრიალით ყრის ხევებში მიწას. თხრილის იქით მტრები დგანან და ემზადებიან.
                იერიში გათენებისას დაიწყება.
                მეციხოვნენი ცოტანი არიან, მტერი ბევრია. ბევრად მეტია. დიდი მთავარი მჭმუნვარეა. „გაუძლებს ციხე?..“ – არის მისი ფიქრი. იერიში დილით იწყება. შუაღამისას ქარი ღრუბლებს ფანტავს.

                ჰყინავს. უფსკრულზე ჭირხლი ეკიდება. უფრო მატულობს ქარი. ღრუბელი აღარ არის. ვარსკვლავები. უმთვარო ღამეში მოჩანან – დიდი, შორეული, ცივი.
                უფსკრულში კაცი მიცოცავს.

                ის ფეხშიშველაა. ქალამნიანი ფეხის მოკიდება აქ არ შეიძლება, კაცის თვალები არ ჩანს, არც ტანი ჩანს, არც თავი, არც სისხლიანი ხელები. ის მიცოცავს. ყინვა იჭრება მის სხეულში, თითები უხევდება. ცერი ყველაზე ადრე კვდება; მერე კვდება ნეკი. ის სამ-სამი თითით მიცოცავს. უკვე ექვსი საათია, რაც მიცოცავს.

                ჯერ სწორზე მიფორთხავდა: მტრის ბანაკიდან გზა ვაკეა უფსკრულამდე. ბანაკი კი გარშემორტყმულია. ის მისი შუაგულიდან მოფორთხავს. ის მტრისსარდლის მზარეული იყო. როდის გახდა მზარეული, აღარ ახსოვს. მისი გონება ბუნდოვანია. მხოლოდ ის იცის, რომ მისი სამშობლო ეს არის, უფლისციხე; ხოლოის, ვისაც ემსახურებოდა – მტერია.

                მტერს მისი არ ეშინია. მტერი მისი თანდასწრებით ლაპარაკობს, ადგენს გეგმებს. ის დიდი ხანია მთავარსარდლის მზარეულია და ენა არა აქვს. იმიტომ, რომ მოჰკვეთეს. მთავარსარდალს არ სჭირდება მეტყველი მსახური. ამიტომ მოჰკვეთა ენა და ჰყავს უენო მსახური. უენომ იცის, რომ ისინი, მისი ბატონები და მისიხალხის მტრები, საიდუმლო გზით აპირებენ ასვლად ამაღამ, იცის უენომ და თქმა არ შეუძლია.

                ახლა ის უფსკრულის თავზე ჰკიდია. აქ შუაგზაა. ზევით ციხეა – იქ არის მისი ხალხი. ქვევით კი უფსკრულია და დგანან – მტრები და მისი ბატონები.
                ქარი მატულობს.
                ჰყინავს.
                ქარი უფრო მატულობს.
                ეკლესიაში, სადაც დედები ლოცულობენ ბავშვებისთვის, ღრიალით იჭრება ქარი.

                კარი იღება და იხურება. ქარი წყდება. უენო დგას შიგ. მის უკან კარი მიხურულია. ის დგას. მერე მუხლებზე ეცემა თავისი ღმერთების წინ და ლოცულობს.

                ღმერთი დიდია და მოწყალე, განუსაზღვრელია მისი ძალა. კუთხეში მიყუჟული ქალები შიშისაგან კანკალებენ და აღარ ლოცულობენ.
                გადის ხუთი წუთი.
                გადის ათი წუთი.
                გადის ნახევარი საათი.
                წინ უენო მიდის. იგი ფრთხილად ადგამს ფეხს.

                უკან მეციხოვნენი მისდევენ. ის უენოა და ხელით ანიშნებს. ის უენოა და ვერა კვნესის; ფეხები კი დახლეჩილი აქვს. ტერფები დახეთქილი: ლურჯი, წითელი, შავი.
                დილით მზე ანათებს უფლისციხეს. მზე აშუქებს სალოცავს. სხივი სალოცავში სარკმლიდან შედის და ძირს ეცემა. მისი ფერია ნათელი და შავი.

                იქ კაცია დამხობილი მუხლებზე. ლოცულობს. სიტყვები არ ისმის. ის უენოა. ქალები დასისხლიანებული მუხლისთავებით დგანან ფილაქანზე. ღმერთსმადლობას სწირავენ გადარჩენისათვის: ღმერთი დიდია და მოწყალე.

                გარეთ მზე ანათებს; მტრის გვამები ჰყრია ყველგან: უფსკრულის ძირას, უფსკრულის თავზე, თხრილის გარეთ და თხრილის შიგნით.

                მეციხოვნენი თხრიან უზარმაზარ სამარეს: ხვალიდან აყროლდება გვამები. დღე წყნარია და მზე ანათებს. ვიღაცა ჭიანურს აჟღერებს. დიდი მთავარიგაღიმებული დადის ტალანებში, მერე მხსნელს იბარებს. ის მეციხოვნეებს მოჰყავთ ხელით. მას ფეხები დაყინული აქვს და სიარული არ შეუძლია. მას სვამენტახტზე; კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას, თხოვენ: თქვას თავისი ვინაობა.
                ის კი უენოა.
                თხოვენ:
                დაწეროს თავისი გვარი ან სახელი. მან კი წერა არ იცის.
                და გვერდზე საკანში ღვთისმოსავი კაცი, უფლის მონა ფურცლავს მატიანეს და წერს დიდი ასოებით: „ჟამსა ამასა და ამასა, წყალობითა ღვთისათა, დიდმამთავარმა ვამეხმა სძლია მტერსა და უკუაქცია იგი კედლებიდან უფლისციხისა“.
                მე ვფხიზლდები.
                მზე ჩასულა.

                აღარ აცხუნებს.
                ქარი კი მატულობს.
                ვდგები. მეჩვენება, რომ მე ვიცი იმ კაცის სახელი. რაღაცას ვლუღლუღებ. ალბათ ვაჟა ერქვა, ან უბრალოდ წყალობა, ან მახარე, ან ქიტესა; ქართველებსუმეტესად ეს სახელები ჰქვიათ. იმასაც ეს ერქმეოდა. „ჰო, უეჭველად რომელიმე მათგანია ის“, – ვფიქრობ.
                საშინელ წყურვილს ვგრძნობ: მათარა თანა მაქვს. მაინც არა ვსვამ. რატომღაც მინდა უფრო მომწყურდეს. შევდივარ დიდ ტალანში, აქ ქვის სკამებია და ქვისმაგიდები. ვჯდები ქვის სკამზე. ვინ იცის, ვინ იჯდა?!. – შეიძლება დიდი მთავარი ვამეხიც.

                ვფიქრობ. ვიწყებ წერას. არ შემიძლია ამდენი ვნახო და არაფერი დავწერო. ფურცლებს ვუზიარებ ჩემს განცდას.
                რაღაც მაწუხებს, ვერაფრით ვერ მოვახერხე ჩემყუდროება, ქვის სკამიც კარგია, მაგიდაც კარგია. მაინც ვერ მოვეწყვე. აქ ყველაფერი ძველია და იდუმალი.
                ვდგები.
                ჩემ გარშემო კი ყველაფერი ძველია და იდუმალი, ახალია მხოლოდ არქეოლოგთაგან დატოვებული მიწის გასატანი ორთვალები. ისინი დამტვრეულია. ორთვალებისაგან მაგიდის მსგავსს ვაკეთებ: ერთმანეთზე ვდგამ სამს და ისე. ერთზე ვჯდები. მოვეწყვე. განვაგრძობ წერას.

                ვერთობი. ჩემს გარშემო კი ტალანია დიდი, ცარიელი, საშიში. ამ მხოლოდ ქვის სკამები და მაგიდები დგას, ძველი, ძალიან ძველი. მე ვზივარ ერთი თვისწინათ გაკეთებულ რკინის ორთვალაზე და ვწერ. ეს ორთვალა უფრო მოხერხებულია ჩემთვის. ალბათ, ერთი დროის რომ ვართ ორივე, იმიტომ.

1957.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button