ნიოტაიმორი 女体盛り
ნიოტაიმორი, ასევე ცნობილი როგორც “სხეულის სუში”, არის იშვიათი ფორმა სუშის ან საშიმის მირთმევისა. მსურველები იაპონურ სამზარეულოს აგემოვნებენ ქალის სხეულიდან, რომელიც როგორც წესი, შიშველია.
ნიოტაიმორის ეტიმოლოგია ასეთია:
ნიო (女) – ქალი.
ტაი (体) – სხეული.
მორი (盛り) – გაწყობა, მოწყობა.
იაპონიაში ნიოტაიმორი ხელოვნების სახედ მიიჩნევა და საუკუნეების წინ გეიშების მოსამზადებელ პრაქტიკაში შედიოდა. ტრადიციის წარმოშობის მიზანი იყო ის, რომ სუშიმ არამარტო პირი, არამედ თვალებიც უნდა დაატკბოს.
რესტორნები, სადაც ნიოტაიმორით შეგიძლიათ დატკბეთ, საკმაოდ იშვიათია. ამ ტრადიციის შესახებ ინფორმაცია ფართო მასებამდე მივიდა მედიის საშუალებით გასული საუკუნის 90-იან წლებში. ჩინეთში 2005 წელს აკრძალეს ნიოტაიმორი. მიზეზად დააასახელეს, რომ ეს მორალს ეწინააღმდეგებოდა. დასავლეთში კი მართალია, მსგავსი ცენზურა არ შეხებია, მაგრამ ზოგიერთმა რესტორანმა პროტესტების საფუძველზე ამოიღო. საქმე იმაშია, რომ ნიოტაიმორის ტრადიციის გავრცელებას სუსტი სქესის ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. მათი თქმით, ქალის სხეულის გამოყენება, როგორც ჭურჭლისა, არაჰუმანურია.
საკვები, რომელიც ქალის სხეულზე დევს, თანდათან თბება სხეულის ტემპერატურამდე, რის შედეგადაც კლიენტი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და უკეთ შეიგრძნობს საკვების გემოს. აკრძალულია ,,თეფშთან” საუბარი, ხელით შეხება და მითუმეტეს ფათური, ან ნებისმიერი რამ, რაც მას შეაწუხებს.
ნიოტაიმორის მოდელობა ადვილი არაა. გოგონებს დიდი ხნის განმავლობაში წვრთნიან, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად იწვნენ, ასევე არ შეხტნენ ან არ შეიშმუშნონ, თუკი ცივი სასმელი გადაესხმებათ ან შემთხვევით ჩხირები უჩხვლეტთ. მაგიდაზე წამოწოლამდე მათ ბანენ სპეციალური საპნით, რათა სასიამოვნო სურნელი ჰქონდეთ. ასევე ცხადია, რომ ესთეტიკისთვის სხეული მთლიანად გაპარსული უნდა იყოს.
ტრადიციულად, საკვები პირდაპირ კანზე დევს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ჰიგიენის დაცვის მიზნით გოგონებს ჯერ პლასტიკურ შალს ახვევენ ტანზე და შემდეგ ადებენ საკვებს. წეს-ჩვეულების თანახმად, გოგონა ქალწული უნდა იყოს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ამ დეტალს უკვე ნაკლები ყურადღება ეთმობა.
ფსიქოლოგების თქმით, ეს ტრადიცია მამაკაცებს იმიტომ იზიდავს, რომ ის სიმბოლურად ნიშნავს ქალის მიერ კაცის კვებას. როცა მამაკაცი ჯერ კიდევ ნაყოფის სტადიაშია, ის დედის სხეულში ცხოვრობს და მისი მეშვეობით იკვებება. დაბადებიდან გარკვეული პერიოდი დედის რძით საზრდოობს. აქედან გამომდინარე, ქალი მისთვის დანაყრებისა და სიამოვნების სიმბოლოა.
სანამ ნიოტაიმორით სარგებლობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ მისი წესები:
● არ ესაუბრები მოდელს.
● პატივისცემით ეპყრობი მას.
● არ ეხები სხეულზე.
● ჩხირები მხოლოდ საკვების ასაღებად გაქვს.
● აკრძალულია შეუფერებელი ან ავხორცი კომენტარები, ჟესტები და ა.შ.
საკვებზე მისაყოლებლად შეგიძლიათ აირჩიოთ ლიქიორი, ლუდი ან მრავალი სახეობის საკედან (ბრინჯის არაყი) ერთ-ერთი.