ლიტერატურამოთხრობა

ნანა აბულაძე – ამბავი ქართული პუნქტუალობისა

წესრიგის სიყვარული, მაგალითად, ყველგან თავის დროზე მისვლა _ ეს კულტურულობის ნიშანია, მაგრამ ამის საპირისპიროდ მოქცევა რისი ნიშანია?

_ უკულტურობის! _ მიპასუხებთ თქვენ, ხოლო მე მოგიგებთ, რომ ეს არც მეტი, არც ნაკლები, ქართველობის ნიშანია! დაგვიანებას აქ ცოტა ვრცლად უნდა შევეხოთ. ქართველს რომ ეტყვიან: სამ საათზე მოდიო, ოთხზე ადრე არ მივა, დაგვიანებით კი, შეიძლება უფრო მეტადაც დააგვიანოს. რას ვიზამთ? ასეთია ჩვენი ბუნება, ასეთი ხალხი ვართ ქართველები. ერთი-ორი საათით დაგვიანებას არა უშავს, მაგრამ თუ უფრო მეტად დაგაგვიანდა, მაშინ როგორღა უნდა მოიქცე? ამას ქვემოთ თვალნათლივ წარმოგიდგენთ.

I
კახეთი საქართველოს თვალწარმტაცი კუთხეა. მისი ერთ-ერთი რაიონია ყვარელი. განათლებულ მკითხველს ეცოდინება _ აქ ხომ დაიბადა და გაიზარდა დიდი ილია ჭავჭავაძე. ყვარლის განსაკუთრებულობა იმშიც მდგომარეობს, რომ ამ რაიონში მრავალგვარ ადამიანს შეხვდებით.
ოქტომბრის ქუჩაზე კი ადრე ცხოვრობდა უკანასკნელი წარმომადგენელი გამტკიცულაშვილების გვარისა _ თებრო. ისიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მოხუცი ყველას ძლიერ უყვარდა. პარასკევს გარდაიცვალა თებრო და არც ოჯახის წევრები, არც მეზობლები გვერდიდან არ მოსცილებიან.

_ მიდი, თინა, დარეკე თბილისში _ დაკრძალვისთვის მაინც ჩამოვიდნენ ქეთინო და დათო! _ უთხრა თებროს ერთმა შვილიშვილ-

მა მეორეს.

_ უიმე, ქა! რა იმათი გადასახადია ეს ამბავი?! _ შეიცხადა თინამ, _ მარინე, გენაცვალოს ჩემი თავი, ეგეთი რა ახლობლები გყვანან, გო?!

_ ჩვენი ახლობლები როგორ არ არიან? არ გახსოვს ჩვენ და ქეთინო ერთად რომ ვთამაშობდით? მეზობლები არიან და უნდა ჩამოვიდნენ!

თინას მარინეს პასუხი არად ეჭაშნიკა და სრულიად უგულოდ გადარეკა თბილისში, სადაც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდგარ კორპუს-

ში ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი _ ქეთინო და დათო.

მშვიდი საღამო იყო ზაფხულისა. ქეთინო ტელევიზორში რაღაც სერიალს უყურებდა, დათო კი გაზეთს ჩაჰკირკიტებდა. ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა. ქათინომ ყურმილი აიღო და შეჰკივლა:

_ ვაიმე! ეს რა მითხარი თინა!

ტახტზე არხეინად წამოწოლილი მისი ქმარი კინაღამ ძირს ჩამოვარდა:

_ ჰა! რა იყო, რა მოხდა?!

_ თებრო გარდაიცვალა, თებრო! _ დანანებით თქვა ქეთინომ.

_ ვინ თებრო, ქალო?! _ შუბლშეჭმუხვნით ჰკითხა ქმარმა, როცა ქეთინომ ყურმილი დაკიდა.

_ აი, ჩვენი მეზობელი ყვარელში…

_ მერე. ვიღაც თებროს გულისთვის ტახტიდან უნდა გადმომაგდო?! არც ვიცნობ თან. _ მიამატა დათომ მცირედი შეყოვნების მერე. _ კარგი, დავუშვათ გარდაიცვალა, მერე?

_ დავუშვათ კი არა, გარდაიცვალა! _ ცოტა არ იყოს ეწყინა ცოლს.

_ ჰო, მერე?

_ რაღა მერე, შე კაცო? უნდა წავიდეთ დაკრძალვაზე, აუცილებლად უნდა წავიდეთ!

ეს დათოს არ ესიამოვნა და უღიმღამოდ თქვა:

_ ჰო, კარგი წავიდეთ. როდის არის დაკრძალვა?

_ სამშაბათს.

_ აბა, იქამდე კიდევ დროა…

II

ამასობაში სოფელში დიდი მზადება იყო. დაკრძალვის დღეც დადგა. დილით მოხუცმა ციურიმ შვილიშვილი მოიხმო:

– ა, ეს შენ და გადაწერე ლამაზად, ოღონდ, დროზე!

ნინომ ფურცელი გამოართვა. აი, იქ რა ეწერა:

,,1. მშობლები გარდაცვლილისა: გოგი და მართა…”

და ასე ჩამოწერილი იყო თაბროს მთელი გარდაცვლილი სანათესაო.

_ ვაა… არ მეგონა, თუ ,,შპარგალკას” თამადებიც იყენებდნენ! _ გაეცინა ნინოს.

– შენ საქმეს მიხედე მანდ! _ უკმეხად მოუჭრა ბებიამ, _ უყურე ერთი ამასა, არ წაუგრძელებია ენა, ქა!

ნინოს არ გაჰკვირვებია ბებიის ასეთი ქცევა _ უკვე მოხუცი იყო ციური, თუმცა ხუმრობა, როგორც ამბობდნენ, ახალგაზრდო-

ბაშიც არ ჰყვარებია და ახლა მით უმეტეს რა ეხუმრებოდა, როცა მისი ყრმობის საუკეთესო მეგობარი დაიღუპა?!

ნინო მაგიდას მიუჯდა.

_ ჰმ, სადღეგრძელოების თანმიმდევრობა! _ ჩაიცინა და წერა დაიწყო.

მალევე გადაწერა და ნაწერი დეიდას მიაწოდა, რომელმაც თბილად უთხრა:

_ გადაწერე? ჰოო…. კარგი გოგო ხარ! გამოგვყვები დაკრძალვაზე თუ იქნები სახლში?

_ გამოგყვებით, მარტო აქ რა მინდა. _ მოწყენით თქვა ნინომ.

პროცესია სასაფლაოსკენ ნელა დაიძრა…

ქელეხზე ყველა რომ მიუჯდა სუფრას, მარინემ მიმოიხედა და თინას გადაულაპარაკა:

_ ხომ ნამდვილად შეატყობინე დათოსა და ქეთინოს?

_ მა რა, გო!

_ მაშ, რატომ აქ არ არიან?

_ მე რავი! ეგეც მე უნდა ვიცოდე?! _ გაიკვირვა თინამ. გუნებაში კი ფიქრობდა: ,,რად არ მოვიდნენ? რადა და იმადა, რომა ქალაქელი კუდაბზიკები არიან! არ აიტეხა ამ ჩემმა დამაც, ქა?!”

მალე თამადამ რაღაც თქვა და კაცები წამოიშალნენ.

_ გესმის რას ამბობს? _ ჰკითხა ცოლს ფეხზე ამდგარმა გივიმ.

_ პირველი თებროს მშობლების სადღეგრძელოა. _ მის მაგივრად უპასუხა შვილმა.

_ შენ რა იცი?! _ გაუკვირდა დედამისს.

_ ,,შპარგალკა” მე გადავწერე! _ გაეცინა ნინოს.

ქელეხმაც ასე ჩვეულებრივ ჩაიარა: ნინომ თამადის ყველა სადღეგრძელო წინასწარვე ზეპირად იცოდა, მარინემ ვერაფრით მოინელა, რომ დაკრძალვაზე საგანგებოდ დაპატიჟებული დათო და ქეთინო არ ჩამოვიდნენ და გაბრაზებულიც იყო მათზე. მარინემ რა იცოდა, მათ რა შეემთხვათ?!

III

ამ ყველაფრიდან მეორე დილა მშვენიერი გათენდა. მოწმენდილი ცა იყო, მზეც ანათებდა და თან ცოტა ნიავიც უბერავდა.

_ კარგია, გრილად მაინც ვიმგზავრებთ. _ თქვა დათომ და მანქანაში ჩაჯდა. _ შუადღეს რომ ჩავალთ, სამზეა დაკრძალვა და მერე იქიდანაც მალე წამოვალთ.

ამასობაში, ცოლიც გვერდით მიუჯდა. სახლს ცოტა რომ გასცდნენ, ქეთინომ ქმარს შეაპარა:

_ დათო, გვირგვინი არ უნდა ვიყიდოთ?

დათომ პირი გააღო, უნდა ეთქვა: რა გვირგვინი, იმ თებროს საერთოდ არ ვიცნობო! მაგრამ ნაცვალდ ამისა მშვიდად მიუგო:

_ კარგი, ვიყიდოთ. _ და იქვე ყვავილებთან გააჩერა მანქანა.

გამყიდველს მათი დანახვა ძლიერ გაუხარდა _ ისინი ხომ პირველი მყიდველები იყვნენ! ოღონდ, მგონი, ამ დღეს _ არა, საერთოდ, რადგან ამ ქალთან რატომღაც ყვავილს არავინ ყიდულობდა. დათოსა და ქეთინოს კი გამყიდველი, რომ იტყვიან, ზედ გადაჰყვა. საოცრად კმაყოფილი დარჩა მათი სტუმრობით.

უკვე აუტანელი სიცხე იდგა, როცა ოქტომბრის ქუჩაზე შეუხვიეს. ჩამიჩუმი არ ისმოდა, სიცხეში გარეთ გამოსვლას ვერავინ ბედავდა.

_ უცნაურად არ გეჩვენება? _ ჰკითხა დათომ ცოლს.

_ რა? _ ფიქრებიდან გამოერკვა ქეთინო.

_ რა და, ყვარელში სხვანაირად იციან ხოლმე: უბანში ერთი ალიაქოთია ჭირსა თუ ლხინში. ახლა კი ხმაც არავისი ისმის.

_ ისე, მართალი ხარ. _ მიიხედ-მოიხედა ქეთინომ.

დათომ მანქანა გააჩერა. გადმოვიდნენ მანქანიდან ის და მისი ცოლი გვირგვინით ხელში. დათო ჭიშკარს მიუახლოვდა და… ჭიშკარი ბოქლომით იყო დაკეტილი!

_ ეს რა…. რა ხდება?! _ აღმოხდა დათოს.

_ ვახ, ვახ, ვახ კაცო, ამას ვისა ვხედავ! _ მოისმა გვერდიდან ჩიფჩიფი.

_ უი, როგორა ხარ, თევდორე პაპა? _ გადაეხვია მოხუც მეზობელს ქეთინო.

_ დავბერდი შვილო, თორემ რა მიჭირს სხვა? _ როცა თევდორე პაპამ ქეთინოს ხელში გვირგვინი შენიშნა, დაამატა: რა მოხდა შვილო, ხომ მშვიდობაა?

ამ დროს მას დათო მიესალმა.

_ ეს ჩემი მეუღლეა, დათო. _ გააცნო ქეთინომ.

მოხუცმა დათოს ხელი ჩამოართვა.

_ რა მოხდა შვილო? _ იკითხა კვლავ.

_ რა და… თებრო ბაბო გარდაიცვალა! _ დანანებით თქვა ქეთინომ.

_ ჰო, მაშ… მიაბარეს მიწას საწყალი, დაისვენა უბედურმა…

აქ თევდორე პაპას კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ დათომ შეაწყვეტინა:

_ მიწას მიაბარეს?! ეს როგორ, დაკრძალეს?!

_ აბა, ხომ არ დატოვებდნენ, შვილო?! _ გაუკვირდა თავდორე პაპას.

_ აკი, სამშაბათს უნდა დაეკრძალათ? _ ჩაერთო საუბარში ქეთინო..

_ ჰო, მერე? გუშინ იყო სამშაბათი და დღეს დილით წავიდნენ სახლში იმისიანები. _ მოხუცი გაოცებით შესცქეროდა ხან ცოლს, ხან _ ქმარს.

_ ესე იგი, დღეს ოთხშაბათია… _ დათოს ხმა ჩაუწყდა. _ და…

_ იიი! ერთი დღით დააგვიანეთ, მეტით ხომ არა! მერე რა მოხდა? ერთი დღე არც არაფერია! _ გაუღიმა მოხუცმა და წელში მოკაკული ორღობეს გაუყვა. როცა ცოლ-ქმარს კარგა მანძილზე გასცდა, ერთი სიცილ-ხარხარი ატეხა:

_ მე ბებერი ვარ და… ამ ახალგაზრდებს რაღა მოუვიდათ, კაცო!

ამასობაში დათო გონს მივიდა და ბობოქრობდა:

_ ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე, რომ დაკრძალვაზე ერთი დღით გვიან ჩამოვსულიყავი?! უხ, უხ მე…

_ ამ გვირგვინს რაღა ვუყოთ? _ მიამიტურად იკითხა ცოლმა.

_ რა დროს გვირგვინია, ქალო?! ამხელა გზა ტყუილად გამოვიარე და შენ კიდევ გვირგვინს ჩივი?!

_ ჰო, თუმცა, გვირგვინს უკან მივაბრუნებთ. _ მშვიდად თქვა ქეთინომ.

ამაზე ხომ მთლად გაგიჟდა დათო:

_ სად უკან?! იმ ქალმა ძლივს რაღაცა გაყიდა და შენ უკან უბრუნებ?! მერე და, რას უბრუნებ უკან, გვირგვინს?! _ ამ სიტყვებზე დათომ ჩაიცინა.

_ აბა, ხომ არ გადავაგდებთ?

_ მაშ, რა უნდა უყო?!

როცა დათოს ბრაზმა გადაუარა, ამ ყველაფერზე ბევრიც იცინა. საზოგადოდ კი, უნდა აღვნიშნოთ, რომ დათოს მხოლოდ ასეთი შემთხვევების დროს ჰქონდა ახირებული ხასიათი, სხვა დროს მშვიდი და გაწონასწორებული იყო.

აი, ეს გახლდათ მთელი ამბავი ქართული პუნქტუალობისა, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენ ამ ზომამდე მივიდეთ!

11.01.2009

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button