ნანა აბულაძე – სადჰუ
`ვინც თავისთავი ვერ დაიმონა,
ის სამუდამოდ სხვის მონად დარჩა.”
გოეთე
მზის სხივები ნელ-ნელა მოეფინა ინდოეთის ქალაქ ბენარესს. ინდუსი ასკეტი ანუ სადჰუ სახელად სვამი საწოლიდან წამოდგა, ქოხის იატაკზე ლოტოსის პოზაში დაჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, თვალები დახუჭა და გაიფიქრა:
_ `აი უკვე ერთი კვირაა, რაც მდუმარების აღთქმა დავდე და სიტყვა არ დამცდენია პირიდან. გმირი ვარ, ნამდვილი გმირი! ხუმრობა ხომ არაა მთელი კვირის განმავლობაში დუმილი! ბავშვობაშიც ყველასგან გამოვირჩეოდი, გურუს ვაოცებდი _ ერთი გრძელი პოემა `ბჰაგავადგიტა”, სადაც კრიშნას სწავლებაა გადმოცემული, მთლიანად ზეპირად ვისწავლე!..”
სვამის გაეღიმა, შემდეგ ფიქრს თავი ანება და მედიტაციას მიეცა…
ხანგრძლივ მედიტაციასა და დუმილში გადიოდა დღეები, სადჰუს კი ეს ყველაფერი ნელ-ნელა ბეზრდებოდა, ძლივს აკავებდა ენას კბილებს შორის, რომ შემთხვევით რამე არ ეთქვა. ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა და ქოხში რაღაცის გამალებული ძებნა დაიწყო. ხელში შამფური მოხვდა. სვამიმ ნივთი ყურადღებით შეათვალიერა, თავში შემაძრწუნებელმა აზრმა გაუელვა. ენა გამოყო და შამფური დაუყოვნებლივ გაიყარა! საშინელ ტკივილს ერთი იმედით გაუძლო: ენაშიშამფურგაყრილი ხომ ვერ ილაპარაკებდა! ენა ჯერ კიდევ სტკიოდა, მიუხედავად ამისა, სადჰუმ შვებით ამოისუნთქა.
მალევე მიიქცია ტურისტთა და მოგზაურთა ყურადღება, რაც დიდად სიამოვნებდა. დაიმკვიდრა ხალხში წმინდანის სახელი და როგორც ვალმოხდილი ადამიანი, ისე გარდაიცვალა.
20.08.2009