ახალი ამბებიმსოფლიო

სახიფათო კავშირები: აშშ კონტროლს ამკაცრებს წყალქვეშა ინტერნეტ-სადენებზე

მიმდინარე კვირაში აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის (FCC) წევრმა წინადადება გამოთქვა გატარდეს იმ წყალქვეშა სადენების ახალი სახის შემოწმება, რომლებითაც ხდება თითქმის მთელი მსოფლიოს ინტერნეტ-ტრაფიკის მიწოდება. – „ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოწინააღმდეგე ქვეყნების სასადენო სადგურებს, – განაცხადა FCC-ის კომისარმა Geoffrey Starks-მა. – მათ რიცხვში შედის აშშ-ისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ოთხი მოქმედი სადენი, რომელთა დიდი ნაწილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის“.

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ჩინეთის როლის შესახებ ქსელური ტრაფიკის მართვასა და ჯაშუშობის პოტენციალთან დაკავშირებით. დაახლოებით 300 წყალქვეშა სადენი, რომლებითაც 99%-მდე მსოფლიო მონაცემთა ტრაფიკის გადაცემა ხდება, ინტერნეტის საფუძველს წარმოადგენს. სტარკსმა აღნიშნა, რომ FCC-მ „უნდა უზრუნველყოს, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნებმა და სხვა მტრულად განწყობილმა სუბიექტებმა ვერ შეძლონ ჩარევა, დაბლოკვა და გადაცემული შეტყობინებების ჩაჭრა“.

სტარკსის განცხადება გაკეთდა იმ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც Google-მა და Facebook-მა უარი თქვეს ჰონგკონგურ წყალქვეშა სადენზე – Pacific Light Cable Network, რომელიც აკავშირებს აშშ-ს ტაივანსა და ფილიპინებთან. სადენის სეგმენტი ჰონგკონგამდე უკვე გაყვანილია, თუმცა მას არ გაააქტიურებენ ამერიკული სპეცსამსახურების გაფრთხილების გამო – პეკინმა შესაძლოა ეს არხი გამოიყენოს ამერიკულ ქსელში შეღწევისთვის. რესურს The Register-ის წყარო ამ სიტუაციას სახალისოდ მიიჩნევს იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მეთვალყურეობდა წყალქვეშა სადენებს.

სტარკსმა FCC-ს ორი რეკომენდაცია წარუდგინა. პირველი, კომისიამ უნდა შექმნას ცენტრალიზებული „უწყებათაშორისი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი“. მეთვალყურეობის ამჟამად არსებული სისტემის მიხედვით საკითხები ნაწილდება სხვადასხვა დაწესებულებას შორის, რაც „ართულებს შიდა კოორდინაციას სხვადასხვა ორგანოს შორის და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიდგომას“.

სტარკსის მეორე წინადადებაა – განიხილონ FCC-ის უფლებამოსილების ზრდის საკითხი წყალქვეშა სადენების გამოყენების საკითხში. „იმის გათვალისწინებით, რომ ამ სადენებთან დაკავშირებული პრობლემები ხდება სულ უფრო რთული და მნიშვნელოვანი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, უნდა განვიხილოთ საკმარისია თუ არა ჩვენი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება იმისთვის, რომ შეესაბამებოდეს არსებულ გამოწვევებს“ – განაცხადა სტარკსმა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button