ლიტერატურამოთხრობა

ნანა აბულაძე – მხატვარი და მგალობელი

(ლეგენდა)
I
_ გადასახადები უნდა გავზარდოთ! _ ჰერცოგმა ფურცელი გვერდზე გადადო.
_ სისულელეა! არავინ გადაიხდის _ რაც არის, იმაზეც წუწუნებენ! _ შეედავა მსახური.
_ რას ჰქვია სისულელეა?! _ ჰერცოგს სისხლი აემღვრა და მაგიდაზე მუშტი დაარტყა _ ბედავ და მასწავლი, როგორ მოვიქცე?! ისე გადაიხდიან, როგორც დაგიბარებია!.. ეტლი მომიმზადეთ, მაესტროს უნდა ვესტუმრო! _შეუბღვირა ბოლოს.
_ ახლავე! _ გულგრილი პასუხის შემდგომ მსახურმა მდაბლად დაუკრა თავი ჰერცოგს და გავიდა.

II
გაზაფხული იდგა. საამოდ ჰქროდა ნაირფრად აფეთქებული ყვავილების სურნელით გაჯერებული სიო. მილანის ქუჩებში სიცოცხლე, როგორც იტყვიან, დუღდა და გადმოდუღდა: ისმოდა ხელოსანთა და ვაჭართა ხმაურობა.
ქვაფენილით მოკირწყლულ ვიწრო ქუჩაზე მდგარ სახლში ხელოვანი ხალხის საქმიან ფუსფუსს განრიდებოდა. წაბლისფერი, ხვეული თმა, მოკლე წვერ-ულვაში, მაღალი შუბლი, მუქი,უფსკრულივით ღრმა თვალები, რომელთაგანაც სხვაგვარი ჭკუა და ცნობისმოყვარეობა გამომეტყველებდა _ ამ გარეგნობის პატრონს ჩაერგო თავი და მარცხენა ხელით გულმოდგინედ აწრიპინებდა ბატის ფრთას.
მისი ოთახი საკმაოდ უბრალოდ იყო მოწყობილი. არ შეიძლებოდა, თვალში არ მოგხვედროდათ ნახატები, ფუნჯები, საღებავები. მაგიდაზე კი სრული არეულობა სუფევდა: საფრენი და სატყორცნი მოწყობილობების ნახაზები, სარკისებური ხელნაწერები, უცნაური და სასაცილო შესახედაობის მქონე ადამიანთა პორტრეტები _ თითოეულ ამ უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ფურცელთაგანს ბოლოში ხელმოწერა ჰქონდა: `ლეონარდო და ვინჩი~.
ოთახის კარი უეცრად ჭრიალით გაიღო.
_ შეიძლება, მაესტრო? _ ლეონარდომ მყისვე იცნო მედიდური ხმა, რომლის პატრონმაც ზემოთხსენებული კითხვა აშკარად მოვალეობის მოხდის მიზნით დაუსვა.
მხატვარმა წერა შეწყვიტა, ბატის ფრთა დადო და კარისკენ მიიხედა. მის წინაშე იდგა ძვირფას სამოსში გამოწყობილი, ამაყად მომზირალი, საშუალო სიმაღლის, ჩაპუტკუნებული კაცი. თმები მრგვალად ჰქონდა შემოკრეჭილი, სახეს უმშვენებდა ფუმფულა ლოყები და ოდნავ წაწვეტებული ცხვირი. ეს გახლდათ მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა.
_ რა თქმა უნდა. მობრძანდით! _ ცივად მიუგო ლეონარდომ.
_ მესმის, მესმის! _ დამცინავად წარმოთქვა ჰერცოგმა _ არ გსიამოვნებთ, როცა ხელს გიშლიან, მაგრამ რადგან პირადად გეახელით, ესე იგი თქვენი შეწუხებისთვის განსაკუთრებული მიზეზი მაქვს. განა ასე არ არის?
_ რასაკვირველია, ასეა. _ კვერი დაუკრა და ვინჩიმ _ მაინც რა საქმე გაქვთ ჩემთან?
_ მე მინდა, რომ თქვენმა ნამუშევარმა დაამშვენოს სატრაპეზო სანტა მარია დელლა გრაციეს ტაძრისა. თქვენ უნდა შეასრულოთ ფრესკა `საიდუმლო სერობა~. გასამრჯელოს დამთავრებისთანავე მიიღებთ. ქვემოთ ეტლი გველოდება, მაესტრო, ასე რომ, თუ გცალიათ, შეგვიძლია ახლავე წავიდეთ ტაძარში და მუშაობა დაიწყოთ.
_ ამდენად საჩქაროა?_ ჰკითხა ლეონარდომ.
_ რაც მალე დაასრულებთ, მით უკეთესი იქნება.
_ მაშინ წავიდეთ.
მაესტრომ მოხიკა ფუნჯები, საღებავები და დანარჩენი ნივთები, რაც დასჭირდებოდა ხატვისას, საგარეო ტანისამოსში გამოეწყო და ჰერცოგს გაჰყვა.
მდიდრულ ეტლში შებმული იყო ორი თოვლივით თეთრი ცხენი. როდესაც ლეონარდო და ჰერცოგი ლუდოვიკო ეტლში მოკალათდნენ, მეეტლემ ცხენებს შოლტი გადაჰკრა და ისინიც გზას გაუდგნენ.
მიაღწიეს ბრამანტეს მიერ აგებულ ტაძრამდეც.
_ მალე მოვბრუნდები, აქ დამელოდე! _ უბრძანა ჰერცოგმა მეეტლეს და ლეონარდოს სატრაპეზოსკენ გაუძღვა.
_ მე დრო არ მაქვს, სასწრაფოდ უნდა წავიდე. _ მიმართა ლუდოვიკომ მაესტროს _ ნიკოლო გიჩვენებთ იმ ადგილს, სადაც ფრესკა უნდა შეასრულოთ. _ და კართან მდგარ წარმოსადეგ ახალგაზრდაზე მიუთითა.
_ კარგად ბრძანდებოდეთ! _ დაემშვიდობა ლეონარდო.
_ აბა, თქვენ იცით, მაესტრო, არ დამაღალატოთ! _ ლუდოვიკო სფორცა წავიდა.
_ წამობრძანდით, მაესტრო! _ უთხრა ლეონარდოს ნიკოლომ.
_ თქვენ…
_ მე დარაჯი ვარ, მუდმივად აქ ვტრიალებ: Dდღისითაც და ღამითაც. ნუ გიკვირთ, მაესტრო, _ ნიკოლოს ხმაში სევდა შეეპარა _ ობოლი გახლავართ. სიღატაკეში გარდამეცვალა მშობლები. ქურდობით ვირჩენდი თავს ტაძრის წინამძღვარმა, პადრე ფრანცისკმა რომ მომიყვანა აქ. თავიდან მესის დროს ვეხმარებოდი, მერე აღარ მოვინდომე. ცოტა გამიწყრა და დარაჯად გამამწესა… აი, ეს კედელია, მაესტრო! მე ხელს აღარ შეგიშლით. _ და ნიკოლო სატრაპეზოდან გავიდა.
ლეონარდო მუშაობას შეუდგა. კედელი დაფარა თაბაშირით, ჩვეულებრივი და დანამასტაკის ფისით. ეს უკანასკნელი უკვე წაესვა ნახევარი კედლისთვის, როცა შეყოყმანდა: `ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის! _ გაუელვა თავში _ მაგრამ არა! სწორედ ექსპერიმენტების დროა!..~

III
მეორე Dდღეს ნიკოლომ შენიშნა, რომ ლეონარდო აღელვებული იყო, თითქოს ხატვას გულს ვერ უდებდა, ცარიელ სატრაპეზოში ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა.
_ რამე მოხდა, მაესტრო? _ ჰკითხა ნიკოლომ.
_ გაცილებით რთული ყოფილა ამ ფრესკაზე მუშაობა, ვიდრე მეგონა.
_ შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?
_ არა მგონია. მე ქრისტეს დასახატად მოდელს ვეძებ, ანუ ვეძებ ადამიანს, რომელიც ხორცშესხმული სათნოება იქნება. მას უნდა ჰქონდეს კეთილად მომღიმარი სახე, მის თვალთაგან სიყვარული და სიმშვიდე უნდა გამოსჭვივოდეს.
ნიკოლო ჩაფიქრდა. მცირე ხანში გონება გაუნათდა:
_ ხვალ მესას დაესწარით, მაესტრო! იქნებ ტაძარში შეკრებილი მრევლიდან ვინმე მაინც ამოარჩიოთ.
_ მართლაცდა! კარგი აზრია, ნიკოლო, ასეც ვიზამ! უღრმესი მადლობა.

IV
კვირას მესაზე უამრავი ადამიანი მივიდა. მათ შორის იყვნენ ლეონარდო და ნიკოლო. ლეონარდო ყველას ყურადღებით აკვირდებოდა. მისი მზერა ერთ-ერთ მგალობელზე შეჩერდა. ტაძრის სარკმლიდან შემოჭრილი სხივი ანათებდა მგალობლის სახეს სათნოებით ისედაც გაცისკროვნებულს და ამ შუქზე თმა ოქროსფრად უბრწყინავდა.
_ ვიპოვე! _ უჩურჩულა ლეონარდომ ნიკოლოს _ აი, ის არის.
_ აჰ, პიეტრი ბანდინელლი. საუცხოო პიროვნებაა, თბილი და მხიარული. ამაში მალე თავადაც დარწმუნდებით.
მესის დასრულებისთანავე ნიკოლო პიეტრის მიუახლოვდა:
_ ერთი ნიჭიერი ადამიანი უნდა გაგაცნო. აი, ისიც: მაესტრო ლეონარდო და ვინჩი.
_ ფრიად სასიამოვნოა! _ პიეტრიმ ლეონარდოს ხელი ჩამოართვა _ ბევრი მსმენია თქვენზე. აგრეთვე ვიცი, რომ ჩვენს სატრაპეზოში `საიდუმლო სერობას~ ხატავთ.
_ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან… _ წამოიწყო ლეონარდომ.
_ ბრძანეთ! _ გაუღიმა პიეტრიმ.
_ ჩემი სურვილია, თქვენ მიხედვით მაცხოვარი დავხატო.
პიეტრი შეშფოთდა და დაიბნა. ღიმილი სახიდან გაუქრა.
_ უფალი იესო ქრისტე დახატოთ და ნიმუშად მე გამომიყენოთ?! ვფიქრობ, ეს შეუძლებელია! _ მიახალა და გაცლა დააპირა, მაგრამ ლეონარდომ შეაკავა:
_ ღვთის გულისათვის, უარით ნუ გამისტუმრებთ! მერწმუნეთ, მომხიბლა თქვენმა ხმატკბილმა გალობამ და იმანაც, თუ როგორ მთელი გულით იყავით ჩართული ღვთისმსახურებაში. ხანგრძლივად არ შეგაყოვნებთ, მხოლოდ რამდენიმე ჩანახატს გავაკეთებ და თავისუფალი იქნებით.
_ კეთილი. _ უხალისოდ დაეთანხმა პიეტრი და სამივენი სატრაპეზოსკენ გაემართნენ, სადაც ლეონარდომ საჩქაროდ გააკეთა რამდენიმე ჩანახატი.
_ გმადლობთ, რომ ეს დრო დამითმეთ! _ უთხრა ბოლოს ლეონარდომ პიეტრის.
_ ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ! _ გულთბილად მიუგო პიეტრიმ და გავიდა.
ლეონარდომ მას თვალი გააყოლა. მგალობელს ერთი გამურული, ძველ, ალაგ-ალაგ გახეულ ტანსაცმელში ჩაცმული ბიჭუნა მიუახლოვდა და მოწყალება ითხოვა. პიეტრიმ მას ალერსიანად გადაუსვა თავზე ხელი და სამი ვერცხლის მონეტა მისცა. ლეონარდომ აღტაცებით წარმოთქვა:
_ ჰო… ნამდვილად არ შევმცდარვარ!..

V
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეონარდომ დაიწყო `საიდუმლო სერობის~ ხატვა. ამ წუთშიც ხატავდა. ხანდახან შეჩერდებოდა, გაირინდებოდა, მერე კვლავ საქმეს მიუბრუნდებოდა.
სატრაპეზოში ტაძრის წინამძღვარი, პადრე ფრანცისკი შემოვიდა. ლეონარდოს მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა ეს ერთთავად მოქუფრული მოხუცი, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოსგან მრავალჯერ გაეგონა მისი ქება.
_ რაღაც ამ ბოლო დროს მესაზე ვეღარ გხედავთ, მაესტრო! _ მკაცრი საყვედურის კილოთი მიმართა წინამძღვარმა.
_ ალბათ, იმიტომ, რომ უკვე მოხუცდით და დროა, სათვალე ატაროთ, პადრე! _ ირონიულად დასძინა ლეონარდომ.
პადრე ფრანცისკმა ბრაზი ვეღარ შეიკავა:
_ ღვთის მადლით თვალთ ჯერ არ მაკლია და მშვენივრად ვხედავ! _ შემდეგ კი ვითომ გულმტკივნეულად განაგრძო _ მაგრამ შენ თუ ხედავ, შვილო ჩემო, როგორ იღუპება შენი სული?
_ ეჰ, პადრე, პადრე! გენიოსები არ ხედავენ, ისინი ჭვრეტენ! _ უდარდელად, თითქოს დანანებით თქვა ლეონარდომ, თან ხატვას არ წყვეტდა.
_ რაც არ უნდა იყოს, ეგ ნიჭი ღმერთმა გიბოძა, შენ კი ზაციურ მამას არ ემსახურები! _ წინამძღვრის ხმაში ლეონარდომ დაფარული ბოღმა იგრძნო. ხატვა შეწყვიტა და მშვიდად უთხრა:
_ პადრე, ნიჭის სანაცვლოდ ღმერთი ჩვენგან არაფერს ითხოვს და ამ ნიჭის გამოყენებაც მე ერთგვარ ღვთისმსახურებად მიმაჩნია. ახლა კი, გთხოვთ, ხელს ნუღარ შემიშლით, თუ სხვა რამ სათქმელი არ გაქვთ, გაბრძანდით.
_ რაკი ასეა, გირჩევნია, მალე დაამთავრო ეგ შენი შედევრი! _ გაცხარებით წამოიძახა პადრე ფრანცისკმა და კარი გაიჯახუნა. კართან მდგარ ნიკოლოს შეეჩეხა, უხეშად ჩამოიცილა გზიდან. ნიკოლომ გაკვირვებული მზერით გააცილა წინამძღვარი და სატრაპეზოში შევიდა.
_ აბა, როგორ მიდის საქმე, მაესტრო? _ ფრესკას შეხედა _ მე რამდენადაც ვამჩნევ, უკვე ამთავრებთ.
_ არც მთლად ასეა, ნიკოლო, იუდა არ დამიხატავს ჯერ. არადა, ხვალისთვის მთლიანი ფრესკა მზად უნდა იყოს.
ლეონარდო გარეთ გავიდა და ნიკოლოც გაჰყვა. სუსხიანი ზამთრის ღამე ჩამომდგარიყო, მსხვილად ბარდნიდა. მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ბზინავდა ქათქათა თოვლი. ლეონარდო კვლავინდებურად გაფაციცებული აკვირდებოდა მიდამოს.
_ ჰეი, თქვენ! მომიახლოვდით და შემებრძოლეთ! _ უკნიდან მოესმა ლეონარდოს.
_ მაესტრო, სჯობს, გავეცალოთ აქაურობას და სატრაპეზოში შევბრუნდეთ. ღამით აქ სიარული სახიფათოა _ ვინ აღარ დაეხეტება ამ დროს მილანის ქუჩებში. _ გადაუჩურჩულა ნიკოლომ, მაგრამ ლეონარდოს ეს თითქოს არც გაუგონია.
_ გაქცევა არ გაბედოთ, მხდალებო!
მაესტრო შებრუნდა. მის წინ მდგარს ხელში ჯოხი ეჭირა. ის ყვირილით გამოიქცა ლეონარდოსკენ და ჩაიკეცა. ლეონარდომ დაიჭირა.
_ მომეხმარე, ნიკოლო, სატრაპეზოში უნდა წავიყვანოთ!
_ მაგრამ…
_ არავითარი მაგრამ! დაუჩქარე!
ნიკოლოც მიეშველა.
მაწანწალას წინააღმდეგობა არ გაუწევია, სანამ სატრაპეზოსკენ მიათრევდნენ. დროდადრო თუ ამოიძახებდა:
_ გამიშვით, ლაჩრებო, სად ჯანდაბაში მიგყავართ?!
გლახაკი სატრაპეზოში შეათრიეს და სკამზე დასვეს. სანთლების შუქზე მისი აღნაგობა გამოიკვეთა: აბურდული, დაუბანელი თმა და წვერი ჰქონდა, ეცვა დაკონკილი, ჭუჭყიანი და სველი ტანისამოსი. მის თვალთაგან შიში, მზაკვრობა, სიძულვილი გამოსჭვიოდა. სახეზე ჩალაგებული ნაოჭები მიხრწნილ ბებერს ამსგავსებდა.
_ როგორმე უნდა შევაკავოთ, ნიკოლო! ჩანახატების გაკეთების დრო აღარ მაქვს და არ ვიცი რამდენ ხანს მოუწევს აქ ყურყუტი.
მაგრამ მაწანწალა გაქცევას არ აპირებდა. ის ისე მისჩერებოდა ფრესკას, თითქოს რაღაცის გახსენებას ლამობდა. ზოგჯერ თვალს ლეონარდოსკენ ან ნიკოლოსკენ გააპარებდა ხოლმე.
ხატვისას ლეონარდო ამჩნევდა, რომ სახის გამომეტყველება მის წინ მჯდომს თანდათან ეცვლებოდა. ბოლოს გლახაკს ნიკაპი აუკანკალდა, თვალზე ცრემლი მოადგა და აღმოთქვა:
_ მაესტრო! ნუთუ ვერ მცნობთ?!
_ ვერ გცნობთ?! _ ლეონარდომ გაოცებით შეხედა მაწანწალას, რომელიც შეურაცხადი ეგონა და გიჟს ამ წუთში არ ჰგავდა _ მე თქვენ საერთოდ პირველად გხედავთ!
_ აბა, კარგად დამაკვირდით! _ მოსაუბრეს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები _ თქვენ, მაესტრო, რამდენიმე ხნის წინ მოდელად გამომიყენეთ, როცა… როცა ქრისტეს ხატავდით!
ლეონარდოს ცნობიერებაში გლახაკის სახეს მოშორდა წვერ-ულვაში, ნაოჭები და თვალწინ წარმოუდგა თეთრი კვართით მოსილი მგალობელი.
_ პიეტრი ბანდინელლი! თქვენ?! _ თვალები გაუფართოვდა მხატვარს.
_ ღმერთო დიდებულო! _ აღმოხდა ნიკოლოს _ ეს როგორ?!
_ მართლაცდა, ეს როგორ?! _ გაიმეორა გაოგნებულმა ლეონარდომ _ რას მივაწეროთ თქვენი ამგვარი ფერისცვალება?
_ ჩემი ამბავი საკმაოდ გრძელია. _ ნაღვლიანად დაიწყო პიეტრიმ _ ჩვენს ოჯახში სამნი ძმანი ვიყავით. მე შუათანა ვარ. მამაჩემი შეძლებული ყასაბი იყო. დედა ადრეულ ბავშვობაშივე დაგვეღუპა. მამის გარდაცვალების შემდეგ მთელ ქონებას ჩემი უფროსი ძმა, კლაუდიო განაგებდა. ჩვენი შეხვედრის მეორე დღეს, მაესტრო, კლაუდიო თავის ოთახში მკვდარი ვიპოვეთ. ის მაგიდასთან იჯდა და ცარიელი ჭიქისთვის მოეკიდებინა ხელი. ცხადი გახდა _ მოწამლეს. თავზარი დამეცა, მთელი გულით ვიგლოვდი. უმცროსი ძმა, ჯუზეპე, კლაუდიოს სიკვდილში მე მადანაშაულებდა _ ქონების ხელში ჩასაგდებად მოკალიო! საბოლოოდ იმდენი ქნა, რომ მთელი სანათესაო ჩემ წინააღმდეგ აამხედრა. ყველა დაარწმუნა, თითქოს მკვლელი მე ვიყავი. დღემდე ვერ მივხვდარვარ, როგორ გადმომაბარა ასე ოსტატურად თავისი დანაშაული. დიახ, მაესტრო, ჯუზეპეს მუდამ ეშინოდა, რომ როდესაც დრო მოვიდოდა, კლაუდიო უსამართლოდ გაანაწილებდა ქონებას, არ შეასრულებდა მამაჩვენის ანდერძს და უმეტეს წილს თავისთვის დაიტოვებდა. ამიტომ ჩაიდინა ასეთი საშინელი საქციელი.
მე კი პადრე ფრანცისკთან მივედი ნუგეშის მისაღებად. არც მან დამიჯერა და გამომაგდო, მკვლელი მიწოდა. გაკაპასებულმა მითხრა: თვალით აღარ დამენახოო!
ჯუზეპეს წყალობით ყოველმა ჩემმა ახლობელმა ზურგი მაქცია. შემდეგ კი ცრუ ჩვენების საფუძველზე ჰერცოგის ბრძანებით საპყრობილეში ჩამაგდეს. ძლივს ვუძლებდი მცველების სისასტიკეს, რომლებიც უმიზეზოდაც ხშირად გადაგვიჭერდნენ ხოლმე მათრახს. ღორის სალაფავს თუ გვაღირსებდნენ, მადლობელნი უნდა ვყოფილიყავით. ამასაც ძალაუნებურად ვირთხებსა და საზიზღარ ხოჭოებს ვუნაწილებდით _ ბნელ, ცივ და ნესტიან ჯურღმულში მათთვის საუკეთესო საცხოვრებელი პირობები იყო.
ორი წელი ვითმინე ეს მიწიერი ჯოჯოხეთი, მერე კი გამოვიქეცი და პირველი რაც გავაკეთე ის გახლდათ, რომ ჯუზეპე გამოვასალმე სიცოცხლეს, ჩემი ძმა ჯუზეპე… ამის შემდეგ შინ საერთოდ აღარ დამედგომებოდა, ამიტომ ქუჩაში დავიდე ბინა. დღენიადაგ ძარცვა-გლეჯით ვირჩენ თავს, ხშირად სასმელს მივეძალები, რათა როგორმე ჩავკლა ჩემი დარდი, მაგრამ ვგრძნობ_ ამით ყველაფერი უარესობისკენ მიმყავს. უკვე ძალზე გვიანაა! _ პიეტრი სკამიდან წამოხტა და გარეთ გავარდა. ლეონარდო და ნიკოლო დაედევნენ. ვერსად იპოვეს, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო…

VI
მეორე Dდღეს, სისხამ დილით, ლეონარდო კმაყოფილებით უცქერდა თავის დასრულებულ ნამუშევარს, როცა ნიკოლომ სატრაპეზოს კარი შეაღო. ერთიანად გაფითრებულიყო, აფორიაქებული ჩანდა.
_ მაესტრო, სასწრაფოდ წამომყევით!
_ რა მოხდა, ნიკოლო? _ ლეონარდო დარაჯს გაჰყვა. ტაძრის ეზოში მდგარ ხეს მიუახლოვდნენ. პიეტრი ბანდინელლის თავი ჩამოეხრჩო…
ლეონარდო ერთხანს მდუმარედ იდგა, შემდეგ მწუხარე ხმით ესღა თქვა:
_ ჩვენი ცხოვრება ამაოებაა უკვდავებისთვის ბოძებული!..

16_18 .12.2009

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button