ლიტერატურამოთხრობა

კეტი აკერი – მკვლელები

დღეს ცოტა დავწერე და ეს უბრალოდ ნარაციის შესახებ რაღაცის დასაწყისია. დრო არ მაქვს, რადგან ბევრს ვმუშაობ. ხომ იცით, როგორ ხდება: ფული გითავდება, ძალიან ბევრ სამუშაოს ერთად იწყებ, და ამიტომაც მერე ყველაფერს ენძრევა. და ასე დაუსრულებლად.
ასე რომ, იფიქრეთ, რომ ეს მარტივია და რაღაცის დასაწყისია.
ანუ მე სრულიად ღია საკითხზე ვსაუბრობ და სხვა არაფერზე.
ვფიქრობდი, რომ ნარაციაზე საუბრისას ჩვენ ორ თემას შევეხებოდით. პირველი არის იდენტურობა. ცნობილი თემაა, კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ ვარ მე – ხომ იცით მთელი ეს პოსტმოდერნისტული ნაგავი. რა არის მაშასადამე ნამდვილი? არის კი რაიმე ნამდვილი? ხოლო მეორე თემა კი წარმოშვა ციტატამ ჩვენი შეკრების პატარა სარეკლამო ბარათიდან, რომელიც ეხება წერას საუკუნის დასასრულისთვის. ჰაერში მუდმივად ტრიალებს ეს შეგრძნება. შეგრძნება იმ მოულოდნელი საფრთხისა, რომელშიც ვცხოვრობთ, ადამიანებისა და ადამიანურობის შესაძლო დასასრულის, რომ შეიძლება სულ მალე ყველა დინოზავრების კვალს გავყვეთ.
და რომ კულტურა მიყვება … რა გზას? თუნდაც – დინოზავრების კულტურა. და როცა ჩვენ წერაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს ორი თემა ამოტივტივდება.
მაგრამ მოდი ჯერ ერთ ამბავს გიამბობთ, რადგან ნარაციაზე ვსაუბრობთ. ძალიან მარტივს. ჩემს ამბავს დავიწყებ ჩემი მეგობარი ბობ გლუკით, რომელმაც იყო და არა იყო რა, როგორც თხრობის სტრუქტურა მოითხოვს, ერთხელაც მითხრა, რომ რაღაც ჩვევა აქვს. ჩვევა, რომლითაც ის გაურბის საკუთარ ჩვევებს, სთხოვს რა მეგობრებს, ჩაუტარონ კითხვის გაკვეთილი.
რა უნდა წაიკითხოს მან, ბობ გლუკმა? იქნებ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, იქნებ პირიქით. ანუ ბობ გლუკი მიდის კევინ კილიანთან, ერთ-ერთ მეგობართან _ “კევინ, რა გსურს, რომ წავიკითხო?
კევინი პასუხობს, ერნესტ ჰემინგუეის “მკვლელები”.
ამ ამბის მოსმენისას, რადგანაც ეს ამბავია, წამოვიძახე, “ო, ბობ, რა უცნაურია, ჰემინგუეი?”
“სულაც არაა უცნაური”, მპასუხობს ბობი. “სან-ფრანცისკოს შტატის ყველა
ინგლისელ სტუდენტს უყვარს ჰემინგუეი.”
ამ ამბიდან ორი ღამის შემდეგ სიზმარი ვნახე. პირველ რიგში, უნდა მოგიყვეთ რამდენიმე დეტალი ჩემი ბავშვობის და ბავშვობის წინა პერიოდიდან, რომ ეს სიზმარი ნათლად აგიხსნათ. არასდროს შევხვედრივარ მამაჩემს. მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული იყო დედაჩემზე, მაშინ მიატოვა, როცა სამი თვის ფეხმძიმე იყო ჩემზე.
26 წლისა შემთხვევით წავაწყდი მამაჩემის ოჯახის კვალს. მივწერე მათ და მიპასუხეს, რომ ოჯახში მიმიღებდნენ. შეხვედრაზე შევთანხმდით. ვფიქრობდი, რომ საკუთარ მამას შევხვდებოდი, მაგრამ მხოლოდ ბიძაშვილს შევხვდი. მან მითხრა (ვფიქრობ, ცოტათი შეშლილი იყო _ შეშლილი კი არა, ექსცენტრიული, რადგან მდიდრები არასდროს არიან შეშლილნი), რომ ალბათ სჯობს არ შევხვდე მამაჩემს. რატომ? იმიტომ, რომ მამაჩემმა ვიღაც მოკლა, ვინც მის იახტაზე შეიჭრა. ფსიქიატრიულ კლინიკაში გატარებული 6 თვის შემდეგ შტატმა მოუხსნა მკვლელობის ბრალდება.
შემდეგ მამაჩემი გაუჩინარდა. ბიძაშვილმა თქვა, რომ არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი. ამგვარად თავი დავანებე მამაჩემის ძებნას, რადგან იმ დროს ჩემი ცხოვრება ისედაც რთული იყო, და არ ღირდა მისი გართულება ამ ახალი პრობლემით.
როცა 30 წლის ვიყავი, დედაჩემმა თავი მოიკლა.
საკმარისია ჩემს ბავშვობაზე.
ასეთი სიზმარი ვნახე: ნამდვილ მამას ვეძებდი. სიზმარში ვიცოდი, რომ ეს სისულელე იყო იმიტომ, რომ მამაჩემი მოკვდა.
რადგანაც სულელი არა ვარ, ვიფიქრე მე ან იმან, ვინც ხედავდა სიზმარს, ვალდებული ვარ ვცადო მამაჩემის პოვნა, რომ ამ სახლიდან გაქცევა შევძლო, რომელსაც ქალი მართავს. მივდივარ კერძო დეტექტივთან. ის მე ქალბატონს მიწოდებს.
მე ვეუბნები, “მამაჩემს ვეძებ.”
კერძო დეტექტივი, რომელიც შესაძლებელია ჩემი მეგობარი იყოს, მპასუხობს, რომ ჩემი შემთხვევა მარტივია. მე მომწონს, რომ მარტივი ვარ. ვიწყებთ ძიებას. მისი მითითებების თანახმად, ვუყვები ამ კერძო თვალს ყველაფერს, რაც ვიცი ჩემი საიდუმლოს შესახებ.
რამდენიმე დღე მჭირდება, რომ ყველა წვრილმანი მოვუყვე. დალასში ზაფხული იდგა. ყველაფერი იყო ყვითელი. არაფერი მახსოვს ჩემი ცხოვრების ამ საწყისი პერიოდის შესახებ, ჩემი ბავშვობის შესახებ. მაგრამ შემდეგ ძვირფასეულობა გამახსენდა. დედაჩემი რომ მოკვდა, ზარდახშა გახსნეს. ერთგანყოფილებიან ყუთს შიგნიდან წითელი ველვეტი ჰქონდა აკრული.
იქნებ დედაჩემის საშო მესიზმრება. მე მწვანე ძვირფასი ქვა მომცეს. არ ვიცი, სადაა ახლა ის ქვა. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოუვიდა. სწორედ ამ საიდუმლოზე ვსაუბრობ.
კერძო დეტექტივმა გამოძიება დაიწყო. ორიოდე დღის შემდეგ ის მოვიდა და მამაჩემის სახელი მითხრა: ოლენი.
ეს სახელი არაფერს მეუბნებოდა.
“ოლენი. მამაშენს ქვია ოლენი. ამას გარდა, მამაშენმა დედაშენი მოკლა.”
ფიქრისაგან თავი რომ დამეღწია, მე ვიფიქრე, რომ ეს შესაძლებელი იყო. დეტექტივი აგრძელებდა მამაჩემის შესახებ დეტალების მოყოლას. ის აიოვის შტატიდანაა და დანიური წარმოშობისაა. ყველაფერი ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, რადგან
როგორ უნდა მცოდნოდა რაიმე ზუსტად?
როცა გავიღვიძე, გამახსენდა რაღაც წვრილმანები დედაჩემის თვითმკვლელობის შესახებ.
შობამდე ათი დღით ადრე მოიკლა თავი. მისი ხელით დაწერილ ბარათში, რომელიც გვამთან ეგდო, ეწერა, რომ მისი თეთრი პუდელი ამა და ამ ვეტერინართანაა. მეტი არაფერი. მაგრამ ამ წერილის მიუხედავად, პოლიციელები დარწმუნებული იყვნენ, რომ დედაჩემი მამაკაცმა მოკლა, რომლის სახელი არ იყო ცნობილი. რაც არ უნდა ეფიქრათ, შობა იდგა და არავინ აპირებდა გამოძიების ჩატარებას, რადგან პოლიციელებს სახლში სურდათ დაბრუნება, შობის სითბოში და შვებულებაში.
პირველად ჩემს ცხოვრებაში გამიელვა ამ აზრმა: იქნებ მამაჩემმა მართლა მოკლა დედაჩემი. ბოლოსდაბოლოს, რა, თუ მამაჩემი გიჟია? ამ დროს ძალიან შემეშინდა.
თუ მამაჩემმა მართლაც მოკლა დედაჩემი, მაშინ ის შეიძლება ახლა ჩემს მოკვლასაც გეგმავს.
წინა კვირას ვმოგზაურობდი და როანოკში, ვირჯინიაში, წვეულებაზე აღმოვჩნდი, სადაც სრულიად ფანტასტიურ მწერალს შევხვდი, რიჩარდ დილარდს, და რიჩარდმა მითხრა, რომ როცა ჯერ კიდევ ბიჭი იყო, პირველი წინადადება მამაკაცისაგან მიიღო, როცა ადგილობრივ, როანოკის თეატრში “მკვლელები” გადიოდა.
ეს ამ ამბის დასასრულია.
ასევე უნდა შევნიშნო, რომ “მკვლელებში” იმ შვედს, რომლის მოკვლასაც აპირებენ მკვლელები, ოლენი ქვია.
აბა, არის ეს მოთხრობა, რაც მოგიყევით? ეს ნამდვილად არის ნარატივი, არა? და ყოველი შემთხვევა მართლაც მოხდა.
ანუ ის ნამდვილია. მაგრამ მოთხრობა? მოთხრობა რაღაცის შესახებაა.
ხოლო ის, რაც მე მოგიყევით _ არაფრის შესახებ. ეს ჩემს შესახებაც კი არაა. მოთხრობას, იცით, რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს სინამდვილესთან, იმას კი, რაც ახლა მოგიყევით, არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოველი ნაწილაკი ნამდვილი იყო ან მოხდა.
სხვა ხმასაც მოვუსმინოთ, ვაგრძელებთ რა განძის ძიებას, ანუ ნარაციას. ეს ხულიო კორტასარია.
“ჩემს მიერ დაწერილი თითქმის ყველა მოთხრობა ფანტასტიკის ჟანრს ეკუთვნის, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, და მიმართულია იმ ყალბი რეალიზმის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს რწმენას, რომ ყველაფრის აღწერა და ახსნაა შესაძლებელი, როგორც ამას მე-19 საუკუნის ფილოსოფიისა და მეცნიერების ოპტიმიზმი უშვებდა. ეს რწმენა არის იმ სამყაროს ნაწილი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ჰარმონიულად მართავს კანონებისა და პრინციპების, მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებების, კარგად განსაზღვრული ფსიქოლოგიების სისტემა და ა.შ.” სამყაროს ეს საყვარელი წესრიგი _ რომელიც ჰარმონიულად იმართება მთელი ამ პრინციპებით _ ყველამ ვიცით, რომ უკვე დასრულდა.
ბილ კლინტონის ცრუ რეკლამების მიუხედავად.
კარგი, კიდევ ცოტა რამ რეალიზმზე. რიჩარდ დილარდი სწორად უწოდებს “რედუქციულს” ნარატივის იმ სტრუქტურას, რომელსაც რეალიზმი ქვია.
“მაგრამ არ არის ეს მე-19 საუკუნის რეალისტური რომანის ცენტრალური ამბავი?” ამბობს ის ალესტერ გრეის არაჩვეულებრივი რომანის “საწყალი საგნები” რეცენზიაში. “რეალისტური რომანის ცენტრალური ამბავი: ჩვენ ვიბადებით და ფორმას ვიცვლით ბიოლოგიური მემკვიდრეობით, ჩვენს მიერ უმართავი ეკონომიკური ძალებით, ჩვენი აღქმისაგან დამოუკიდებელი კულტურული ცრურწმენებით, და ბოლოს ვკვდებით მშრალ ტუჩებზე შერჩენილი აუსრულებელი ოცნებებით.”
რეალიზმი: რედუქციული და დეგუმანიზაციური.
“არსებობს სხვა წესრიგი,“ ამბობს კორტასარი, “უფრო ფარული და ნაკლებად კომუნიკაბელური. ის, რომ რეალობის ნამდვილი შესწავლა ამ კანონებით კი არა, ამ კანონებიდან გამონაკლისებით ხდება, ჩემს მიერ ლიტერატურის კვლევის მთავარი პრინციპია მთელი ნაივური რეალიზმის საზღვრებს მიღმა.”
ახლა დავუბრუნდეთ ამბავს, რომელზეც ვსაუბრობდი.
არ შემიძლია ვთქვა, რის შესახებაა იგი: ბობ გლუკთან საუბრის, მამაჩემის შესახებ სიზმრების, რიჩარდ დილარდის ხსოვნის. სად არის ამ ამბავში ნამდვილი? ის ძევს კავშირში ამ სამ ნაწილს შორიხ: კავშირში “ნამდვილ” მოვლენებსა და ხვრელებს, დუმილებს შორის. გადაადგილებაში. გადაადგილება სად?
მობი დიკში მელვილი საუბრობს რეალობაზე, როგორც ნაპრალზე, რომელშიც ყოველი ჩვენგანი ვარდება. ამის თქმა სხვაგვარადაც შეიძლება, განძის ძიება რომ გავაგრძელოთ. ამ ნაპრალებს შეიძლება ქაოსი ვუწოდოთ, ან ადგილები, სადაც ენა არ არსებობს, ან მკვდარია. ამბის მოყოლისას ადამიანები ცდილობენ მნიშვნელობას ჩაწვდნენ.
ნარაციას, ანუ ნარატივს, რომელიც ცდილობს შეხვდეს რეალობას, მე აღვიქვამ როგორც მოვლენას, რომელიც ერთმანეთთან ათანხმებს ორ რიგის დროს: საათის დროს და ქაოტურს. მწერალი თამაშობს _ როცა აყალიბებს ნარატივს ან ნარატივი თავად აყალიბებს საკუთარ თავს _ სიცოცხლესთან და სიკვდილთან. ის მანევრირებს წესრიგსა და უწესრიგობას შორის, მნიშვნელობასა და უმნიშვნელობას შორის და ასე ქმნის ლიტერატურას.
თუმცა ეს მოძრაობა საათის დროსა და ქაოტურს შორის წერილობით თხრობაში სტრუქტურულად უფრო რთულია. დასაწყისისათვის განვიხილოთ დროის ერთი ასპექტი რომანში: დრო. რა? დრო, რომელიც რომანის დასაწერადაა საჭირო. რომანი დიდი რამეა.
მე ვსაუბრობ რომანის ნარაციაზე, იმიტომ რომ სწორედ ეს მაინტერესებს ახლა. ამას ჩვეულებრივ სულ მცირე ერთი წელი სჭირდება, ხშირად რამდენიმე. ამ დროის განმავლობაში მწერლის ცხოვრება იცვლება. ასე რომ არსებობს რეალური ცვლილებების დრო, რომელსაც განიცდის მწერალი _ დრო, რომელიც რომანის დასაწერადაა საჭირო.
მეორე: დრო, რომელიც რომანის წაკითხვას სჭირდება. ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ რომანი ერთი დაჯდომით წაიკითხო. ამგვარად დრო, რომელიც რომანის წაკითხვას სჭირდება, მოიცავს მკითხველების მთელ მეხსიერებას, დროის ყველა ნაპრალს, კითხვას შორის დროის შუალედებს, ყველა დაბრუნებას რომანის წინა თავებთან და ა.შ.
მესამე: ფიქტიური დრო. დრო ნარატივების ან ამბის შიგნით. ჰოპსკოჩის შიგნითაც კი არსებობს ფიქტიური დრო. ასე რომ, ამ გაგებით, რომანი სტუქტურულად დროის სამეულია.
მეტს არ გავაგრძელებ _ თქვენ კი შეგიძლიათ დაიწყოთ რომანის სტრუქტურული ანალიზი _ მე მსურს სწრაფად გადავხტე საბოლოო აზრზე. განვიხილოთ ისევ რეალიზმი. უნდა გითხრათ, რომ რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ წერა დროის შესახებაა.
ისევ განვიხილოთ რეალიზმის ეს საკითხი (სიამოვნებით დავანებებდი თავს მთელ საკითხს). რეალიზმის სფეროს შიგნით არის დაშვება, რომ ენა ასახავს ყველაფერს, რაც არ არის ენა, სწორია? დაფა. რომ ნარატივი რაღაცის შესახებაა: მოყვე ის, რაც არის ან უნდა იყოს მართალი. რომ ნარატივი ასახავს რეალობას.
ახლა კი ვიტყოდი – როგორი გამარტივებაა. მაგრამ მინდა ვიკითხო, რატომ უნდა შეიწუხო თავი იმისთვის, რომ იყო ასე მარტივი? რატომ უნდა შეგაწუხოს ტყუილმა რეალიზმში? რატომ უნდა შეიწუხო თავი იმისთვის, რომ იყო ასე საცოდავი, დამცირებადი, როცა ვიღაცას შეუძლია თამაში? თუკი მე ვაპირებ მოგიყვეთ, რა არის ნამდვილი, მისი სარკისებრი ასახვით, ამბის მოყოლით, რომელიც სინამდვილეს გამოხატავს, ეს ჩემი მცდელობაა მოგიყვეთ ისე, როგორც არის. გაძლევთ რა საშუალებას, იყუროთ ჩემი თვალებით, მე გთავაზობთ ჩემს თვალსაზრისს, მორალურს და პოლიტიკურს.
სხვაგვარად რომ ვთქვა, რეალიზმი უბრალოდ საკონტროლო მეთოდია. რეალიზმს არ სურს მორიგება მოახდინოს, შიგ გაიხსნას, თუნდაც იცოდეს ქაოსი ან სხეული ან სიკვდილი. იმიტომ, რომ მათ, ვინც რეალიზმს იყენებს, სურთ შეზღუდონ მათი მკითხველების აღქმა, სურთ შეზღუდონ აღქმა ცენტრულ _ რომელიც ამ საზოგადოებაში ყოველთვის ფალოცენტრულია _ რეალობამდე. “მე ერთადერთი ვარ,“ ამბობს რეალისტი მწერალი, “მე გიყვებით თქვენ რეალობას.” ზუსტად ასე შემიძლია ვიკამათო ნებისმიერი რაღაცის შევიწროებაზე, დაყვანაზე ერთეულოვან იგივეობამდე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ლიტერატურული ან კულტურული გამოცემის უკან არსებობს პოლიტიკურობა, პოლიტიკური ძალაუფლების სფერო. და როდესაც ვსაუბრობთ ნარაციაზე, ნარატივის სტრუქტურის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური ძალაუფლების შესახებ.
არ არსებობს არანაირი სპილოს ძვლის კოშკები.
თამაშის სურვილი, ისეთი ლიტერატურული სტრუქტურის შექმნის სურვილი, რომელიც ითამაშებს უცნობ ან შეუცნობად სფეროებში, შემთხვევითობების, სიკვდილისა და ენის ნაკლებობის სფეროებში, არის სურვილი იცხოვრო სამყაროში, რომელიც ღიაა და საშიში, რომელიც უსაზღვროა. ხოლო თამაში, როგორც სტრუქტურაში, ისე შინაარსში, არის სურვილი იცხოვრო სასწაულში..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button