დავით აღმაშენებლის მონეტა – უნიკალური ფულის ერთეული, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული
1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV. ამ სახელოვანი მეფის დროს ქართველი ხალხი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა; დავითმა შეძლო ქვეყნის გაერთიანება და განმტკიცება, რისთვისაც ხალხმა აღმაშენებელი უწოდა.
დავით აღმაშენებლის მეფობის ხანა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ხანაა. საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. დავითი აგრძელებს ბიზანტიურტიტულიანი ქართული მონეტების ორი ტიპის მოჭრას.
პირველ ტიპზე მოთავსებულია წარწერა: “ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე და სევასტოსი”, მეორის ცენტრში კი გამოსახულია ჯვარი და წრიული წარწერა: “ქრისტე, ადიდე დავით მეფე და სევასტოსი”. მოგვიანებით, მეფემ უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულზე და როდესაც 1118 წელს აიღო ლორე და გააუქმა ტაშირის სამეფო, სპილენძის მონეტა მოჭრა, რომლის ავერსზე გამოსახულია მეფე საიმპერატორო ინსიგნიებით, ხოლო რევერსზე – მედიდური წარწერა: “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”. ეს მონეტა უნიკალურია და დღეს დიდი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. მონეტის წარწერის შინაარსი სრულად ასახავს ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ მდგომარეობას – იმ დროისთვის საქართველო წინა აზიის ერთ-ერთი უძლიერესი სუვერენული სახელმწიფოა.
სპილენძი. დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)
Av. საიმპერატორო ტანსაცმელში გამოწყობილი წვეროსანი მეფის გამოსახულება წელზევით, პირდაპირ. მარჯვენა ხელში გრძელი სკიპტრით. მარცხენაში – ჯვრიანი სფეროთი. თავზე – საიმპერატორო გვირგვინით. გამოსახულების მარცხნივ – ასომთავრული “დთ” – დავით. მარჯვნივ – “მფ” – მეფე.
Rv მონეტის ცენტრში თანაბარტოტებიანი ჯვრის გამოსახულება. გარშემო ქართული ასომთავრული ლეგენდა: “სახელითა ქრისტესი დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა”. ყველაფერი ეს ჩასმულია ხაზოვან რკალში.