PDFდრამატურგიალიტერატურაწიგნები

უილიამ შექსპირი – ვენერა და ადონისი

ინგლისურიდან თარგმნა  მედეა ზაალიშვილმა

ზიზილპიპილები მხოლოდ ბრბოს ჭრიან თვალს; მე კი, დაე ჟღალთმიანმა აპოლონმა მომართვას კასტილიის წყლებით პირთამდე სავსე თასები.

 (ოვიდიუსი., I. სიყვარულის შესახებ., XV 35) მის ბრწყინვალებას ჰენრი რიზლის, საუთჰემპტონის ჰერცოგს, ტიჩფილდის ბარონს.

            თქვენო ბრწყინვალებავ, კარგად ვუწყი, თუ ჩემის მხრივ რაოდენი გამბედაობაა ამ უღიმღამო სტრიქონების თქვენდამი მოძღვნა და ისიც ვიცი, რომ მაღალი საზოგადოება არ მაპატიებს თქვენისთანა ყოვლისშემძლე მფარველის არჩევას მაშინ, როდესაც ჩემი ტვირთი ესოდენ მსუბუქია. მაგრამ, თუ თქვენი ბრწყინვალება მოწყალე თვალით გადმომხედავს, ამას უდიდეს ჯილდოდ ჩავთვლი და ვფიცავ, რომ არც ჩემს თავისუფალ დროს და არც ძალღონეს არ დავიშურებ, რათა შევთხზა უფრო სერიოზული ქმნილება, ჭეშმარიტად თქვენი ღირსი რომ იქნება. მაგრამ, თუ ჩემი ფანტაზიის პირმშო ხინჯიანი აღმოჩნდება, ჭმუნვა შემიპყრობს, რომ მას ასეთი კეთილშობილი ნათლია ჰყავს და ამიერიდან ამგვარ მწირ ნიადაგს აღარ დავამუშავებ ცუდი მოსავლის აღების შიშით. ახლა კი თქვენთვის მომინდვია ჩემი პირმშოს სიავკარგის განსჯა და იმავდროულად, ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველა სურვილების ახდენას ვუსურვებ თქვენს ბრწყინვალებას, ვიზედაც ერი მთელ თავის იმედებს ამყარებს.

თქვენი ბრწყინვალების მონა-მორჩილი

უილიამ შექსპირი.

როცა სისხლისფერ მზემ გაფანტა აისის ნისლი,

დილას მოტირალს მოაფინა სხივი ნათელი,

ნადირს მწევრებით დაედევნა ყრმა ადონისი

და დაივიწყა ამაქვეყნად სხვა ყველაფერი,

წამოეწია გზად ქალღმერთი ვენერა მყისვე

ვით აბეზარი მომჩივანი ფეხდაფეხ მისდევს.

და ეუბნება: «მეც კი მჯობნი პირმშვენიერი,

მინდვრის ყვავილთა მეუფე ხარ, სურნელის მფენი,

ნიმფებსაც ჩრდილავ, არვის დაჰყვა შენი იერი,

მტრედს სისპეტაკე წარსტაცე და ვარდს კი ელფერი.

არ დაიშურა მადლი, როცა ბუნებამ შეგქმნა,

თუ შენ გაქრები გასრულდება სიცოცხლე ქვეყნად.

წამით შეჩერდი, დაასვენე დაღლილი ცხენი,

კოტაზე მარდად გამოაბი მისი აღვირი,

ათასი ტკბილი საიდუმლო მაქვს გასამხელი,

როცა გაგიმხელ, აივსები მწველი სამხილით.

მოდი აქ დავსხდეთ, აქ არასდროს სისინებს გველი,

ჩემი ამბორი გაგაბრუებს სიამის მგვრელი.

არ მოსწყინდება ბაგეს შენსას უხვი ალერსი,

დაეწაფება მოწყურებით მხურვალე კოცნას,

სიფითრეს შეცვლის ვნების ცეცხლი უმხურვალესი,

რომ ათი კოცნა ერთს უდრიდეს, ერთი კი ოცსა.

ზაფხულის ცხელ დღეს შეგვიმოკლებს ჩვენი ცდუნება,

დაგავიწყდება წუთისოფლის შემობრუნება.»

და ამ სიტყვებით, ადონისის დაოფლილ ნებებს,1

სიცოცხლითა და ძალით სავსეს, ჩაეჭიდება,

უწოდებს ბალზამს სასიცოცხლოს, მიწის მბრძანებელს,

ვნებით ცახცახებს, არ იშურებს ქება-დიდებას.

ჟინით აღსავსე არც ვაჟს ინდობს, არც მის ამლაყ ცხენს,

მხედარს უმალვე გადმოითრევს და ძირს ანარცხებს.

ცალ ხელით ცდილობს ბედაურის ეპყრას აღვირი,

მეორეთი კი ძლივს აკავებს ჭაბუკს სანუკვარს,

ის კი ესწრაფვის თავის დახსნას ჯიუტ ბავშვივით,

რომ აძალებენ ის აკეთოს რაიც არ უყვარს.

ნაღვერდალივით იწვის ქალი ვნებით ძლეული,

ყინულს ჰგავს ვაჟი, მის მკლავებში გამომწყვდეული.

მოჭედილ აღვირს მკვირცხლ ეკლიან ბუჩქისკენ ისვრის;

(თავგზა გვებნევა თუ ტრფიალის ქსელში გავებით!)

ცხენი დააბა, ახლა დროა მხედარი მისი

გამოამწყვდიოს სალტეებში ცხელი მკლავების.

მიწას მიაკრა, ეხვეწება დაჰყვეს მის ნებას,

ძალას ნებდება ადონისი და არა ვნებას.

და აი, ქალმა დრო იხელთა დ დაუგო მახე,,

დაეყრდნო მიწას მუხლებით და მკლავებით იგი,

თან ეფერება წარბშეყრილი ჭაბუკის სახეს,

მის საყვედურებს ახშობს კოცნით, არა აქვს რიდი.

კოცნის, ჩურჩულებს და ვნებიან სიტყვებით ავსებს:

“იმდენს გაკოცებ, რომ სიტყვის თქმის არ მოგცემ საშველს.”

ვაჟი სირცხვილის ალით იწვის, ვენერა ტირის,

რომ მისმა ცრემლმა გაუქარვოს სიმორცხვის ალი,

მერე კი სახეს ოქროსფერ თმის ნაკადით ხშირით

და ოხვრის ქარით შეუმშრალებს უცხრობი ქალი,

კიცხავს შმაგ ქალღმერთს ადონისი და შესთხოვს მოცდას,

მაგრამ, ულმობლად კლავს მის სიტყვებს მგზნებარე კოცნა.

როგორც არწივი დამშეული მსხვერპლს იგდებს ხელად,

ბუმბულს აცლის და მის ძვალრბილს კი ძიძგნის სისხარტით,

ფრთებს აფართხუნებს, ნადავლს სანსლავს სულმოუთქმელად,

სანამ არ დახრავს ძვლებს ბოლომდე ბასრი ნისკარტით,

ვენერაც ისე კოცნის მის შუბლს, ღაწვებს და როცა,

სულს მოიბრუნებს, ისევ ხარბად დაუწყებს კოცნას.

არა ნებდება ადონისი, თუმც მძლავრმა ქალმა

დათრგუნა იგი, მის მკლავებში სულს ძლივსღა ითქვამს,

ვით უმწეო მსხვერპლს მის ხშირ სუნთქვას ისე ნთქავს

ხარბად,

სუნთქვას, რომ მოჰგავს სველი ქარით მოტანილ წვიმას.

ნატრობს, ბაღნარად გადაექცნენ ღაწვები ნეტავ,

რომ დაეპკუროს ვაჟის სუნთქვა ზეციურ წვეთად.

შეხედეთ! როგორ აფართხალდა მახეში ჩიტი,

ვაჟი ქალღმერთის მკლავებიდან თავს ვეღარ იხსნის,

სირცხვილიც, რისხვაც მასში უკვე ჩამქრალა თითქმის

და ანთებულა მთელის ძალით მშვენება მისი.

იგი ჰგავს წვიმას ღრუბლებიდან გადმომსკდარს ღვარად,

მოჰგავს მდინარეს ადიდებულს ნაპირს რომ ფარავს.

სურს ლამაზ ამბით რომ დაიპყროს ჭაბუკის სმენა,

კვლავ ალერსს შესთხოვს და ტკბილად ჟღერს მისი ვედრება,

ის კი პირქუშად თავს არიდებს, ბრაზობს და ღელავს,

ხან ფითრდება და ხან სირცხვილის ალი ედება.

ვენერას აღგზნებს ადონისის ღაწვების ცეცხლი

და ვნება იპყრობს, როცა ამ ცეცხლს სიფითრე შეცვლის.

ვაჟი უარყოფს, ის კი მისგან სიყვარულს ელის

და თავის ნატიფ, უკვდავ ხელით ფიცსა დებს მარადს,

რომ ადონისის მკერდზე ჰპოვოს ნავსაყუდელი,

ცრემლით გაულხოს გაყინული ვნებების ლავა,

ცრემლის საფასურს, მის ღაწვებს რომ ნაკადად დასდის,

გამოისყიდის ერთი კოცნა მხურვალე ბაგის.

შეისმენს მის ფიცს ადონისი და ასწევს სახეს,

ჰგავს იმ ყურყუმელს ტალღებიდან რომ იმზირება

და მერე უმალ, თუკი სადმე დალანდავს საფრთხეს,

მოსწყდება ადგილს და ტალღებში ჩაიძირება.

და ადონისიც როცა კოცნა სწადია ქალღმერთს,

შიშისგან თვალებს ახამხამებს და ბაგეს ართმევს.

ზაფხულის ცხელ დღეს მგზავრი ისე მწყურვალი არ ჩანს,

როგორც ვენერა, რომ ერევა გრძნობა ვნებიანს,

წყარო იქვე აქვს, პირგამშრალს კი წყურვილი ტანჯავს,

წყალში ჩამდგარა და ცეცხლი კი წაკიდებია.

“ო, შემიბრალე!” კვლავ შესძახებს, “გულქვა ჭაბუკო;

ნუ მორცხვობ, გვედრებ მხოლოდ ერთი კოცნა მაჩუქო!

გთხოვ შენც ისევე გაიმეტო ალერსი შენი,

როგორც მე მთხოვა, ომის მკაცრმა, საზარმა ღმერთმა,

იმ ღმერთმა, რომლის დაძარღვული, მძლავრი კისერი,

არვის უნახავს მოდრეკილი წინაშე მტერთა;

რომელიც იქცა ტყვედ და მონად უგუნურ ვნების,

ჩემთვის დნებოდა ისე, როგორც მე შენთვის ვდნები.

ჩემს საკურთხეველს ის გულუხვად წირავდა ნადავლს,

ნაცად შვილდ-ისარს, მუზარადს და ფარს ბრძოლით

დაღლილს,

ჩემს შესაქცევად ყველა ხერხის შესწავლა სცადა:

ცეკვა-თამაში, ხუმრობა და სიმღერა ლაღი.

დროშებიც დათმო, წინწილებიც და ბრძოლის ველიც,

რათა ჩაეხშო მღელვარ გულში სახმილი მწველი.

ვაქციე ჩემს ტყვედ იგი, ვისი მჭმუნვარე შუბლი,

მტერს თავზარს სცემდა და შევბოჭე ვარდთა ბორკილით,

და თუმც მბრძანებელს მტკიცედ ეპყრა ფოლადის შუბი,

ჩემი ქალური ქედმაღლობის გახდა მორჩილი.

ო, ნუ იწონებ თავს ამაოდ, რომ გრძნეულ ძალით

დაიმორჩილე ომის ღმერთის დამძლევი ქალი.

თუმც ნატიფ ბაგეს შენსას ჩემი ვერ შეედრება,

მაინც მაკოცე და გაგითბობ ცივ ბაგეთ უმალ;

მიწას რად ჩასცქერ? შეისმინე ჩემი ვედრება;

სახეს მარიდებ და ტუჩებიც ჯიუტად სდუმან.

და თუ ეს თვალნი მაგ თვალებში იძირებიან,

რად არ გსურს ბაგეც რომ შეერწყას ბაგეს ვნებიანს.

რად გერიდება ჩემი კოცნა? დახუჭე თვალნი,

მეც დავხუჭავ და ეს დღე ღამედ იქცევა ჩვენთვის,

დაგვეუფლება გრძნობა ტკბილი და იდუმალი,

ვერვინ შეგვნიშნავს ვერცა კაცი და ვერცა ღმერთი

და ია-ია ჩვენს ირგვლივ რომ ლურჯ თვალებს ნაბავს,

გულს ჩაიმარხავს ჩვენი ტრფობის იდუმალ ამბავს.

ცდუნებით სავსე ბაგე ნორჩი და სასურველი,

ელვარებს ნაზი გაზაფხულის ფერით და ეშხით,

მაგრამ იჩქარე, დრომ არ მოსპოს მისი სურნელი,

შენი მშვენება უნაყოფოდ არ ჩაკვდეს შენში.

ყვავილს დროულად თუ არ მოსწყვეტ დაჭკნება უცებ,

დრო ულმობელი არ დაინდობს მის ლამაზ ფურცლებს.

რომ ვიყო ავი დედაბერი, ანჩხლი და მკაცრი,

თვალდაშრეტილი, თმაჭაღარა, მოხრილი ზურგით,

ვინ შეხედავდა სახეს ჩემსას გრძნობისგან დაცლილს,

ბერწ ბებრუხანას, გამოფიტულს, ცივსა და გულგრილს.

ასე უნაკლოს რად მირიდებ ან რად მიძულებ,

ბოლო იმედი სულმთლად რისთვის გადამიწურე.

არ დაუფარავთ ჯერ ნაოჭებს სპეტაკი შუბლი,

მაცდური სხივი კვლავ კიაფობს ჩემს რუხ თვალებში

და ადრეული გაზაფხულის დამნათის შუქი,

დაუფლებია სხეულს ვნება უმხურვალესი;

და თუ საერთო გამონახეს ჩვენმა ხელებმა,

ხელები ჩემი შენს ხელებში დაიფერფლება.

ოღონდაც მთხოვე და დაგიტკბობ უმალვე სმენას,

ან ვინარნარებ მწვანე მოლზე ფერიის მსგავსად,

ან ნიმფასავით თმებგაშლილი ვიცეკვებ ნელა

და ცხელ ქვიშაზე არ დავამჩნევ ნატერფალს არსად;

ტრფობა სულია მონავარდე, აღსავსე გზნებით,

ჰაეროვანი და მსუბუქი მიილტვის ზევით.

ფურისულები ფეხქვეშ უხვად მიმობნეულნი

არც იხრებიან და მიძლებენ ვით მძლავრი ხენი,

წყვილ მტრედსაც ძალუძს აიტაცოს ჩემი სხეული

და ცის სივრცეში მანანაოს აღსავსე ლხენით,

ტრფობაც ნაზია და მსუბუქი – ნუ მიხშობ იმედს,

და ნუ გგონია სიყვარული მძიმეზე-მძიმე.

ნუთუ გულს შენსას შეუყვარდა შენივე სახე?

ან ხელს მარჯვენას შეუძლია მარცხენის ტრფობა?

მაშ, ეარშიყე საკუთარ თავს, დაუგე მახე,

თავის მძარცველმა, მძარცველობის მოჰყევი გმობას;

ნარცისიც თვისი ანარეკლის დადნა მზერაში,2

ვერ მოერია მისი კოცნის სურვილს ვერასგზით.

ჩირაღდანი ხომ გზას გვინათებს, ვით ცის მნათობი,

სამკაულს ვქმნით რომ დაგვამშვენოს, გემოსთვის – სიტკბოს

ღერო ყვავილით თავს იწონებს, ხე კი – ნაყოფით,

უნაყოფო კი ნეტარებას ვერასდროს იგრძნობს,

თესლი მრავლდება, მშვენება კი შექმნის მშვენებას,

თუ ბედს გაექეც, გიწერია გადაშენება.

საზრდოობ მიწით, შენც რაიმე შემატე მიწას,

შენს მემკვიდრეში საკუთარი ჰპოვე ხატება,

რომ არ განძარცვო, ვინც სამყაროს სიცოცხლე მისცა,

შენი მამობით მას სიმდიდრე შეემატება.

მიწის წესია – ყვარობდე და მემკვიდრეს შობდე,

შვილში იცოცხლებ როს დატოვებ ამ წუთისოფელს.»

ოფლმა დაასხა სიყვარულით შეპყრობილ ქალღმერთს,

ჩრდილს ვეღარ ჰფენდნენ მის სავანეს შუადღით ხენი,

დაღლილ ტიტანმა, სამყაროს რომ მწველ სხივებს აფრქვევს,3

მათაც დახედა ცეცხლოვანი, ელვარე მზერით,

ნეტავ მზედ ენთოს ადონისი ზეცის ტატნობზე,

და ტიტანივით ცხელი ხვევნით მარად ატკბობდეს.

ადონისი კი შუბლს იჭმუხნის კვლავინდებურად,

და აღშფოთებულს უკვირს თვისი დაძაბუნება,

ღონედაცლილი ვენერას წინ გარინდებულა,

როგორც ავდრის წინ გარინდდება ხოლმე ბუნება.

მერე კი ყვირის: აღარა მსურს მე ასე ყოფნა,

მწველი მზისაგან დასიცხული ვიღვრები ოფლად.

“ღმერთო”, აღმოხდა ქალღმერთს, “მითხარ, ეგ გულის კარი

რამ დაგიხურა, ან რად ეძებ მიზეზს ამაოდ;

ჩემს სუნთქვას მოგფენ, გაგაგრილებს ვით ზენა ქარი,

ან თმებს დაგაფენ, დაგედები გულზე მალამოდ;

თუკი ამითაც ვერ გიშველი, ცრემლების ნამით

დავნამავ ჩემს თმებს, გაგაგრილებს სველი თმა წამით.

ზეცის თაღიდან რომ დაგვყურებს – ცხოველი მზეა;

ხედავ? მე ვწევარ მაღალ მზეს და შენს შორის ახლა,

მაგრამ, იმ მზეზე მცხუნვარეა მაგ თვალთა მზერა

და ვერას მაკლებს ის მზე, ცაზე რომ ელავს მაღლა,

ვინ გაუძლებდა მოკვდავთ შორის ორ მნათობს ერთად,

მე უკვდავი ვარ, თორემ ალბათ მაქცევდით ფერფლად!

თუმც უტეხი ხარ, არა ჰგავხარ არც რკინას, არც ქვას,

რადგანაც ქვაც კი იხვრიტება მუდმივ წვეთებით,

თუ ქალმა გშობა – სიყვარულის გრძნობა რად არ გაქვს,

ანდა სურვილი, რომ შეაღო ტრფობის ედემი.

რომ მოქცეოდა დედაშენიც სხვას ასე მკაცრად,

მხოლოდ წყვდიადი შეგრჩებოდა სიცოცხლის ნაცვლად.

რად შემიძულე, მითხარ, ნაკლი თუ მაქვს რაიმე?

ან რად გაშინებს ჩემი ტრფობა უმხურვალესი,

რა დაგაკლდება, ერთი კოცნა მაინც გაიღე,

ან ერთი სიტყვა გაიმეტე ნაზი ალერსით!

ერთხელ მაკოცე, ნუ იქნები ასე სასტიკი,

მსურს, რომ ორმაგად დაგიბრუნო გამოსასყიდი.

ო, უსიცოცხლო ცივო ხატო, კერპო, უგულოვ,

ნუთუ შეგთხიპნეს მხოლოდ თვალთა დასატკბობელად,

ქვის ქანდაკებავ, შორიდან რომ უნდა უყურო,

კაცის მსგავსებად გაგაჩინა შენმა მშობელმა,

შენ ფიტული ხარ, არ გამოგყვა ვნებანი კაცთა,

და არ გაღელვებს მიწიერთა ლტოლვა და განცდა”

თქვა ეს და ღელვამ დაადუმა ბაგენი მისნი,

გულში აბორგდა დიდი ვნება და სამდურავი,

სახე ეწვის და უელვარებს თვალები რისხვით,

სხვათა დამწყემსავს დაუკარგავს განსჯის უნარი.

ხან ტირილს იწყებს, ხან კი ისევ აიდგამს ენას,

ხან კი ქვითინად აღმოსკდება რისხვა და ღელვა.

სევდით თავს იქნევს, ხან ადონისს უჭერს ხელს მძლავრად,

ხან მიწას ჩასცქერს, ხან ჩაჰყურებს თვალთა სარკეში,

მაგრამ ამაოდ, – ადონისი არ აგდებს არად,

გამომწყვდეული მის შროშნისფერ მკლავთა სალტეში.

ადონისი კი იბრძვის, ქალღმერთს დაუსხლტეს იქნებ,

მაგრამ, ერთმანეთს მტკიცედ აჭდობს ქალღმერთი თითებს.

მერე კი ეტყვის: «რადგან ჩემი სპილოს ძვლის ღობე,

გარს შემოგავლე, მე ნაკრძალი ვიქნები მაშინ,

ჩემო ირემო, საბალახოდ გამოხვალ ოდეს,

ძოვე, სადაც გსურს, გინდა მთაში და გინდა ბარში.

ჩემს ტუჩებზედაც ძოვე და თუ წყალი არ გეყოს,

ქვემოთ წყაროსკენ ჩაუყევი გორაკის ფერდობს.

რას არა ჰპოვებ ჩემს ნაკრძალში – სიამეს ყოველს:

ხასხასა ბალახს, ხავერდოვან კორდებზე ყვავილს,

თუ გაიავდრებს, ან გრიგალი ატყდება ოდეს,

გამოქვაბულში შეაფარე უმალვე თავი.

რადგან მე შენი ნაკრძალი ვარ – დაჰყევ ჩემს ნებას,

აქ ვერ მოგწვდება გაავებულ მწევრების ყეფა“.

დაცინვით უმზერს ადონისი და ეღიმება,

ორი ნაჩვრეტი გაუჩნდება ტუჩებთან ახლოს,

ეს სიყვარულის სამარეა, იმის იმედად,

რომ თუ სიკვდილი უწერია, იქ დაიმარხოს;

სადაც ცოცხლობდა სიყვარული დაე, იქ დარჩეს

და სხვაგან წასვლას, სამუდამოდ იქ ყოფნას არჩევს.

ამ მომხიბლავმა ნაჩვრეტებმა დააღეს ხახა,

და ჰა, ქალღმერთის სიყვარული მათში ინთქმება,

ისედაც შმაგი, ვით გაუძლებს ამ საფრთხეს ახლა,

ერთხელ მოკლულის ისევ მოკვლა როგორ იქნება!

უარყოფილი, მარტოდ დარჩა ტრფობის ქალღმერთი,

სატრფოს დაცინვა გულში მოხვდა სასოწარკვეთილს.

საით წავიდეს? ან რაღა თქვას, თუ სიტყვა მისი

გაუფასურდა და მის წუხილს აღარ აქვს ზღვარი,

დრო ულმობელი სწრაფად გარბის და ადონისი,

მის მკლავებიდან თავს იხსნის და მიქრის ვით ქარი.

“გთხოვ შემიბრალო”, აღმოხდება ქალღმერთს მუდარა,

მაგრამ ადონისს ცხენის მეტი არღა უნდა რა.

ამოფარებულს იქვე ახლოს ატეხილ ბუჩქებს,

მოუკრავს თვალი ჯერ კიდევ ნორჩ და ამაყ ფაშატს

ბედაურისთვის და ჭიხვინით დაძრულა უცებ

მისკენ, ვინც პატრონს ერთგულებდა ტყვეობის ფასად;

ხეზე მიბმული მიწას ფეხთქვეშ ტკეპნიდა უქმად,

ფაშატის ხმაზე აღვირს სწყვეტს და თავს იხსნის უცბად.

ხტის და ჭიხვინებს, თან ამაყად უჭირავს თავი,

დაწნულ მოსართავს გლეჯს და შორით მოისვრის იგი,

მიწას დაამჩნევს ღრმა ჭრილობას ფლოქვებით მძლავრით,

მიწის წიაღი ხმას გამოსცემს გუგუნით, გრგვინვით;

კბილით ღრღნის ლაგამს და რკინას კვნეტს აღსავსე რისხვით,

მბრძანებლობს მასზე მბრძანებელი რაც იყო მისი.

ყურებს ცქვეტს, ღელავს და დაწნული ფაფარი თხელი

წამოეშლება, ვეღარ მალავს იდუმალ წადილს,

ნესტოებს ბერავს, თითქოს ორთქლი სდიოდეს ცხელი,

ან ოხშივარი, გახურებულ ღუმელს რომ ასდის.

აგზნებულ თვალებს აბრიალებს, ნაპერწკალს აფრქვევს,

და ამით უმალ მიახვედრებს ფაშატს თვის სათქმელს.

ხან ჯირითს იწყებს და თანდათან უმატებს ნაბიჯს,

ხან დადინჯდება, დგას მორჩილი და თვინიერი,

ხან ყალყზე დგება, ხან კი ნახტომს აკეთებს სწრაფი,

თითქოსდა ამბობს: ვინ გეგულვით ჩემზე ძლიერი;

მინდა მოვნუსხო ის ფაშატი რომ მიმზერს შორით,

და ვიცი რომ მე გამომარჩევს სხვა ამლაყთ შორის.

მოუსვენრობას შეუპყრია ყრმა ადონისი,

ბედაურს უხმობს, მრისხანებით სივრცეს გაყვირის,

მაგრამ ბედაურს არად უღირს ძახილი მისი,

არც ლაგამი სურს, არც მდიდრული მისი აღვირი;

შეჰყურებს ფაშატს, მხოლოდ მისთვის ბორგავს და ღელავს,

სხვა ვერაფერი ვერ მოხიბლავს მის ამაყ მზერას.

შეხე! მხატვარი როგორ ცდილობს, ფერით ცხოველით,

რომ გამოხატოს კანჭმაღალი რაში ნამდვილი,

მაგრამ, ამაოდ – არ გამოსდის, რასაც მოელის,

მისი ნახატი ცოცხალ ცხენთან მოჩანს ლანდივით.

ასე ამ ცხენმაც, ვინც კი იყო ჯილაგი მისი,

ყველა დაჩრდილა აღნაგობით, ფერით და ჯიშით;

მრგვალი ჩლიქებით, გრძელ ქაჩაჩით, მკერდგანიერი,

მოკლე ყურებით, სავსე თვალით, პატარა თავით,

ფართო ნესტოთი, თხელი ფაფრით, ქედით ძლიერით,

უნაზეს კანით, სქელი კუდით, განიერ გავით,

მართლაც რომ იყო დიდებული შესახედავი

და მის ამაყ ქედს აწ ამაყი აკლდა მხედარი.

ხან მიქრის და ხან იმზირება ფხიზელი თვალით,

მერე ბუმბულის შეხებაზეც უეცრად კრთება,

ხან ემზადება, რომ დაჯაბნოს ქარი სისწრაფით

და არვინ იცის თუ საითკენ მიეჩქარება.

კუდსა და ფაფარს აფრიალებს მსუბუქად ქარში

როგორც მარაოს, შებუმბლულ ფრთებს წააგავს მაშინ.

ახლა ფაშატ ცხენს შესჭიხვინებს, ვერა სწყვეტს მზერას,

ისიც ჭიხვინით უპასუხებს და თითქოს იცის

რა უძევს გულში, მაგრამ მისი მაინც არ სჯერა,

ჯიუტ ქალივით ინაზება, თუმც ვნებით იწვის,

ვითომ თავს იცავს და ცბიერი გაბოროტებით

ალერსს სატრფოსას იგერიებს მძლავრი ფლოქვებით.

სევდამ შეიპყრო ბედაური ბრაზმორეული,

მსუბუქი კუდი ბუმბულივით დაუშვა უცებ

და მისმა ჩრდილმა გაუგრილა ცხელი სხეული,

ფეხს ურტყამს მიწას და თან ბრაზით მუსრს ავლებს ბუზებს

და როს ფაშატი განრისხებულ ბედაურს ხედავს,

დაუწყებს ალერსს და უქარვებს უსაზღვრო სევდას.

ადონისი კი აქეთ-იქით აწყდება, რათა

ხელში ჩაიგდოს ურჩი ცხენი, მაგრამ დამფრთხალი

ფაშატი გარბის, ბედაურიც მიჰყვება სწრაფად

დაბურულ ტყისკენ, რომ იქ ჰპოვონ თავშესაფარი.

ჰა, შეეფარნენ ტყეს და შიშით დაფეთებული,

ჩხავილით უსწრებს წინ ჭილყვავთა მთელი კრებული.

გააფთრებული ადონისი ჯდება მიწაზე,

კიცხავს ბედაურს დაუდგრომელს, ურჩს და თავნებას,

დროს მოიხელთებს და გაჩნდება მასთან იმ წამსვე

უარყოფილი და მწუხარე ტრფობის ღვთაება.

ძნელია როცა ვერას ამბობ სევდით ძლეული,

თუ მწუხარება დაგრჩა გულში გამომწყვდეული.

როცა ბუხარი ჩანავლდება – მეტ სითბოს აფრქვევს,

დაგუბებული მდინარე კი მღელვარებს რისხვით,

თუ მწუხარებით შეპყრობილი გულს ახდი სარქველს,

ცეცხლს გაინელებ და სათქმელსაც იოლად იტყვი;

მაგრამ თუ შენი გულის ვექილს დაება ენა,

ბრალდებულივით, საკუთარ თავს დაიცავ ძნელად.

ადონისი კი, როს მომავალ ვენერას უმზერს,

წითლდება, როგორც ნაკვერჩხალი ქროლაზე ქარის,

გაბრაზებული ჩამოიწევს ქუდს ლამაზ შუბლზე,

მერე ჯიუტად დახრის თვალებს ქალღმერთზე მწყრალი,

თითქოს ვერც ამჩნევს, თითქოს ახლოს არ დგას არავინ,

თუმც თვალს აპარებს მისკენ, კუშტი და შემპარავი.

ვინ გაუძლებდა ამ თვალწარმტაც სანახაობას!

მიუახლოვდა ვაჟს უჩუმრად ტრფობის ქალღმერთი,

თითქოს შროშანა პირმშვენიერ ვარდთან დავობდა,

ენაცვლებოდა თეთრს წითელი და წითელს თეთრი!

ხან ფითრდებოდა, ხან კი სისხლი უდუღდა წმინდა,

ხან ანათებდა მისი სახე, ვით ელვა ციდან!

აქამდე ვნებით შეპყრობილი და მჭევრმეტყველი,

მის წინ იჩოქებს, არც რამეს სთხოვს და არც აქეზებს,

მხოლოდ შუბლიდან ქუდს აუწევს ის ერთი ხელით,

მეორეთი კი ეფერება სათნო სახეზე.

ლამაზ ღაწვებზე კვალს სტოვებენ თითები თრთოლვით,

თითქოს ნაკვალევს დაესეროს პირველი თოვლი.

ო! ვით ქიშპობენ მათი თვალნი, არ თმობენ ბრძოლას,

ვენერა შესთხოვს შეიწყალონ ვაჟის თვალებმა,

მზერას არიდებს ადონისი უნებურ ძრწოლით,

და ხედავს ქალი, რომ არ ელის გულმოწყალება.

თუ კი რამ დარჩა აუხსნელი ამ მუნჯი სცენით, 4

გვეტყვიან თვალნი უხვად დაღვრილ ცრემლების ენით.

მერე კი ნაზად ხელს ჩაავლებს ვაჟის თეთრ მაჯას

და თოვლის კოშკში მოემწყვდევა შროშანი ნაზი,

სპილოს ძვალსა ჰგავს, ალებასტრის ჩარჩოში ჩამჯდარს,

თეთრი მოყვარე ჩახვევია თეთრ მტერს ვით ვაზი.

ვის გაუღიმებს ამ ბრძოლაში ნეტავი ბედი,

პირისპირ სხედან მტერ-მოყვარე, ვით ორი მტრედი.

მერე ვენერა ისევ იწყებს ნათქვამს ათასჯერ:

“ო, მოკვდავთ შორის შენი მსგავსი არ მეგულება,

ან შენ რად გაჩნდი კაცად, ან მე რისთვის დამსაჯეს,

ქალად რომ იქცე – შეგიწყობდი მაშინ გუნებას,

გულთბილ მზერისთვის აგავსებდი ალერსით ტკბილით,

სიცოცხლის ფასად მოგირჩენდი ყოველგვარ ტკივილს.”

“ხელი გამიშვი”, ადონისი შესძახებს რისხვით,

“თუ გსურს გაგიშვა, – უპასუხებს ვენერა უმალ,

შენც დამიბრუნე ჩემი გული, ვნებით რომ იწვის,

ან დაამსგავსე შენს კაჟის გულს – ცივსა და მდუმარს!

არ აღმოგხდება სიყვარულის ღრმა ოხვრა მაშინ,

ვერც სევდას ვიგრძნობ, ვერც სინანულს – მტკიცე, ვით

კაჟი.”

ვაჟი პასუხობს: “წადი, ნუღარ მისწორებ თვალებს,

დღე მომიშხამე, ბედაურიც გამექცა ურჩი”

გაფითრებული, მრისხანებით ყვირის, მძვინვარებს,

“მარტო დამტოვე! სიძულვილი ჩამღვრია გულში

და თუნდ დამიჯდეს ეს მცდელობა სიცოცხლის ფასად,

უნდა წავართვა ჩემი ცხენი იმ წყეულ ფაშატს.”

„ცხენს რაღას ერჩი – უპასუხებს ვენერა მწყრალი –

ემორჩილება ბუნების წესს შვილი ბუნების,

სიყვარული ხომ მხურვალეა, ვით ნაკვერჩხალი,

უნდა განელდეს, რომ არ დაწვას გული უნებურ,

ზღვაც კი მშვიდდება, მაგრამ ვნება ძნელად თუ ცხრება,

სწორედ ამიტომ მიგატოვა იმ ურჩმა ცხენმა.

ხომ გმორჩილებდა ჯაგლაგივით ხეზე მიბმული,

ქედმოდრეკილი ლაგამს ზანტად ღეჭდა კბილებით,

მაგრამ, როგორც კი შეამჩნია თვისი მიჯნური

ლაგამიც, დეზიც მოისროლა, ვით ბორკილები.

არად ჩააგდო არც მათრახი, არც ტყავის ღვედი,

თავისუფალმა ქარს მიანდო ამაყი მკერდი.

აბა, ვის ძალუძს შეიკავოს თავი, თუ თვალწინ

ხედავს მის სატრფოს ტანშიშველს და თოვლივით სპეტაკს,

თუ თვალს შეავლებს გემრიელ კერძს მშიერი კაცი,

შიმშილის მოკვლას მხოლოდ ცქერით თუ შეძლებს ნეტავ!

ან ვინ დაგძრახავს, თუ ავდარში სიცივით კვდები,

რომ ცეცხლთან ახლოს მიხვიდე და გაითბო ძვლები?

არა, არ ტყუის შენს წინაშე ის შენი ცხენი,

მიჰბაძე მას და სიყვარულის სიამე იგრძენ,

მუნჯიც რომ იყო, შენი ცხენი თავისი ქცევით

შეგასწავლიდა სიყვარულის იდუმალ სიბრძნეს.

ისწავლე ტრფობა, გაამართლე შენი ცხოვრება,

რასაც ისწავლი – სამუდამოდ გემახსოვრება.”

“არა, არა მწამს სიყვარული – პასუხობს ვაჟი,

მარტოდენ ტახზე ნადირობა მწამს და მიტაცებს;

ტრფობა – ვალია, არ მსურს ვინმეს რომ დავრჩე ვალში,

ყველაზე მეტად ტრფიალი მძულს დედამიწაზე.

სიცოცხლეშივე სიკვდილია – ამბობენ მასზე,

მისთვის სიცილიც ტირილია – ბალღამით სავსე.

განა დაბლანდულ სამოსელში გაივლის კაცი?

ვინ მოწყვეტს ნორჩ კვირტს, ვინ იქნება ასე ბოროტი?

უმალ დაჭკნება, თუკი ხელი შეახე მკაცრი

და არ აცალე, რომ ყვავილი გახსნას ბოლომდის.

თუ კვიცს აჰკიდე ცხენის ტვირთი, ვეღარც გახედნი,

ღონეს დაკარგავს და გახდება მსგავსი სახედრის.

ხელს ნუღარ მიჭერ, დამეხსენი, დავშორდეთ ახლა,

უქმი ლაქლაქით ვერ მოდრიკავ ჩემს სიამაყეს,

აწ უკვე დროა, ჩემს ჯიუტ გულს შემოხსნა ალყა,

ტრფობის განგაში გულის ჭიშკარს ვეღარ გააღებს,

ფარისევლური არ მწამს ფიცი, არც ცრუ ვედრება,

ჩემს გულს სიმტკიცით ფოლადიც კი ვერ შეედრება.”

“ენა გქონია! – თქვა ვენერამ – ხმა მესმის ტკბილი,

ნეტავ შენ იყო მუნჯი და მე სმენადახშული,

სირინოზის ხმა აორკეცებს ჩემს გულისტკივილს, 5

ტვირთად მაწვება ვნება ჩემი ზღვარს გადასული,

ციურნი ხმანი უხეშად რომ ჟღერას ცდილობენ,

უნაზეს ჰანგით გულს მამჩნევენ მძიმე ჭრილობებს.

გინდაც რომ ვიყო უსინათლო, მარტოდენ სმენით

მომედებოდა სიყვარულის მგზნებარე ალი,

ყრუც ვიყო, მაინც დამიპყრობდა მშვენება შენი

და შენს ყოველ ნაკვთს აღვიქვამდი იდუმალ ძალით.

რად მინდა თვალი, ანდა ყური, თუ კერპად ქცეულს,

შეიგრძნობს ხელი შენს სრულყოფილ და ლამაზ სხეულს.

რომც დამკარგოდა ყოველგვარი გრძნობის უნარი,

ბრმაც ვყოფილიყავ, დამხშობოდა სმენა სრულებით

და მხოლოდ ყნოსვა შემრჩენოდა, მაინც უმალვე

გულს შემიძრავდა შენი სუნთქვის ნაზი სურნელი.

ვის არ მონუსხავ, როს საკმეველს აფრქვევ უნაზესს,

თავბრუ მეხვევა მე შენს ყოველ ამოსუნთქვაზე.

თუ ოთხსავ გრძნობას დაატკბობდი, მაშინ ვერც ერთი

ვერ გაუძლებდა ცდუნებას და დიდებულ ნადიმს

მიეცემოდა მოხიბლული ნუგბარ კერძებით;

მაშინ გუმანი ­ ეს ერთგული დარაჯი მათი,

ეჭვიანობას დახვდებოდა უმალ კარებთან

და მათ უხვ სუფრას არასოდეს გააკარებდა.”

აქ ადონისმა ლალისფერი კვლავ გახსნა ბჭენი

და მისი ბაგე ჰგავდა აისს სისხლივით წითელს,

წამსვე რომ ამცნობს მეზღვაურებს დაღუპვას გემის,

ავდარს – მხვნელ-მთესველს, მწყემსს – დანაკარგს, ქარიშხალს

– ჩიტებს,

მენახირენიც ძრწიან შიშით, რადგან იციან

გრიგალი მოსდევს უცილობლად დილას სისხლიანს.

ახლა კი უკვე გადაიწყვეტს ქალღმერთი იმედს;

გაავდრების წინ ასე სდუმან ციურნი ძალნი,

დაყმუვლებამდე გამოაჩენს მგელი ბასრ კბილებს,

ჩამოცვენამდე ზედ ასკდება მწიფე ხილს კანი,

და როგორც თოფი – ვიდრე ტყვიას შიგ გულში გესვრის,

აშინებს სიტყვა ჯერ უთქმელი და სავსე გესლით.

ვაჟის მკაცრ მზერას ვერ გაუძლო ქალღმერთის გულმა,

დაეცა მიწას, რადგან ვერ ცნეს ტრფიალის ღირსად,

უსიყვარულოდ დაჭრილ გულს კი ღიმილი კურნავს,

გაღატაკებულს კვლავ უბრუნებს სიმდიდრეს მისას;

სიკვდილის ჩრდილი ნორჩ ადონისს მხნეობას ართმევს

და ღაწვებს უსრესს, ვიდრე ფერი მოუვა ქალღმერთს.

გულს შეუღონდა, ვერ გაუძლო მის მზერას ქალმა,

მზერა კლავს ტრფობას ან კვლავ უღებს სიცოცხლის კარსა,

მზერით დაჭრილ გულს დაედება ღიმილი წამლად,

და რაღას კარგავ, სიყვარული თუ გიზღავს ასად!

უგუნურ ყმაწვილს ჰგონია, რომ მოკვდა ვენერა

და უსრესს ღაწვებს, ვიდრე ფერი არ მოერევათ.

გადაავიწყდა შეშფოთებულს მუქარა, მკაცრად

რომ გაეკიცხა ტრფობის ღმერთი ვნებით მბორგავი,

რადგან კვიმატმა ბედისწერამ გაკიცხვის ნაცვლად

სიკეთის გზისკენ შეაბრუნა ბედის ბორბალი:

წევს მწვანე მოლზე ფერმიხდილი ვენერა ისევ

და ადონისის ცხელი სუნთქვა გადასდის პირზე.

არ იცის რა ქნას, ცხვირზე უჭერს ხელს დაბნეული,

თითებს უსრესს და შეშფოთებით უსინჯავს მაჯას,

ცდილობს აუვსოს ცხელი სუნთქვით ცივი სხეული,

ხან გულს უსმენს და ღაწვებს უზელს, თან შიში ტანჯავს.

და უცებ კოცნის! აჰა, ახდა ქალის ოცნება,

სვებედნიერი აღარც ცდილობს გამოცოცხლებას.

მწუხარე ღამე ქალღმერთისთვის დღედ იქცა ახლა,

უღონოდ გახსნა მან ცისფერი ორი სარკმელი,

თითქოს ნათელი მზე აცურდა უეცრად მაღლა

და დედამიწას მოაფრქვია ზეცის საკმელი,

როგორც ციურ თაღს აცისკროვნებს მზის ბრწყინვალება,

ისე ინათეს მის სახეზე მისმა თვალებმა.

უწვერულვაშო ვაჟის სახეს ქალღმერთის მზერა

არა სცილდება, თითქოს სურს, რომ ისესხოს შუქი,

და ოთხი თვალი, როგორც ოთხი ლამპარი ელავს,

ჩრდილს რომ ჰფენს მხოლოდ ადონისის მჭმუნვარე შუბლი.

ცრემლებიც ბრწყინვით სხივს აწვდიან ვენერას თვალებს

და ანათებენ, როგორც წყალში ანათებს მთვარე.

“სადა ვარ? მიწამ მიმიღო თუ ნათელმა ზეცამ?

წყალში ვდგავარ თუ ტანს ალმური მედება ცხელი?

განთიადია თუ დამდგარა საღამო ნეტავ?

სიცოცხლე მელის თუ სიკვდილის მომცელავს ცელი?

სიკვდილად ვთვლიდი ჩემს სიცოცხლეს ვცოცხლობდი როცა,

და როს ვკვდებოდი, ნაზმა კოცნამ სიცოცხლე მომცა.

ერთხელ ხომ მომკალ – სიხარულად მექცა ეს ყოფა,

მაგ ცივმა გულმა, თვალებს შენსას – ერთგულ შეგირდებს,

ასწავლა ჩემი დათრგუნვა და უგულველყოფა;

მხოლოდ ტუჩებმა შემიწყალეს, ცოდვა შემინდეს

და დამაპკურეს თბილი სუნთქვა, თორემ ჩემს თვალებს

დედოფლის ერთგულ წინამძღოლებს, შთანთქავდა ღამე.

დე, უებარი შენი კოცნა, კოცნა მკურნალი

გაგრძელდეს, რათა იელვაროს ბაგემ ალისფრად,

ვერას დააკლებს შენს სინორჩეს ჟამი მბრუნავი,

მეწამულ ტუჩებს დრო მტარვალი ვეღარ დანისლავს.

ვარსკვლავთმრიცხველმა რომ გვაუწყოს სიკვდილის მოსვლა,6

ისიც ვერ შეძლებს მაგ მშვენების უკვალოდ მოსრვას.

მსურს გაგირიგდე, რომ დაასვა ჩემს ტუჩებს ნაზად

მაგ მშვენიერი ნორჩი ბაგით ტკბილი ბეჭედი.

თუ თავს მოგყიდი, მსურს მიყიდო შესაფერ ფასად,

რომ საზღაურად ის მივიღო, რასაც ვეძებდი.

გაუგებრობის რომ არ დამრჩეს მტანჯველი ეჭვი,

ეს გარიგება განამტკიცე კვლავ ტკბილი ბეჭდით.

ჩემს გულს მოგყიდი ათას კოცნად, საფასურს როცა

მოგთხოვ, გადმიხდი გინდ თანდათან, გინდაც ბითუმად;

განა რასა გთხოვ – ათიოდე ას გულთბილ კოცნას,

წამსვე რომ ქრება, როგორც სიტყვა თქმული იდუმალ,

თუ დააყოვნებ, უნდა მიზღო ორმაგი ფასი

და დაგედება ვალად კოცნა კვლავ ოცჯერ ასი.”

“ტურფა ქალღმერთო! მე აქამდეც მინდოდა მეთქვა,

რომ ჩემი ქცევა არ ჩათვალო ჩემს სიძაბუნედ;

შენ ვერ შემიცნობ, რადგან ჯერ მეც არ ვიცნობ ჩემს თავს.

მეთევზე წვრილ თევზს ისევ ისე ზღვაში აბრუნებს,

ქლიავს კი კრეფენ, როცა დგება სიმწიფის ჟამი

და თუ მკვახეა – კბილებს მოგჭრის ქლიავი მჟავე.

შეხე, სამყაროს მაცოცხლებელს! დაღლილმა შრომით

ცხელი დღე განვლო და მიადგა დასავლის კარებს,

ღამის მებუკის, ბუს კივილი გაისმა შორით,

ჩიტი თბილ ბუდეს უბრუნდება, ცხვარი კი – ფარეხს.

ზეცის ნათელი დაუფარავთ კუპრისფერ ღრუბლებს,

ახლა კი დროა, რომ დავშორდეთ ერთმანეთს უკვე.

ღამე მშვიდობის რომ გისურვო, მომეცი ნება,

თუ შენც მისურვებ, კიდევ ერთხელ გაკოცებ მაშინ,”

“ღამე მშვიდობის” ამბობს ქალი და მის წინ დნება,

მოლოდინი და ჩუმი ღელვა ჩაღვრია ხმაში.

მერე თეთრ მკლავებს შემოაჭდობს ნაზად მის კისერს,

ორი სხეული ერთ არსებად იქცევა ისევ.

სუნთქვაშეკრული ადონისი იცილებს ქალღმერთს,

მას კი მარჯნისფერ ბაგის სილბო სწყურია კვლავად,

როცა დაღლილი ადონისი ტკბილ ბაგეს ართმევს,

ქალი ჩივის, რომ ტუჩებს ისევ დაუდგათ გვალვა;

კვლავ მაცოცხლებელ წყაროს ეძებს, არ კარგავს იმედს,

ბოლოს ორივე ეშვებიან მიწაზე მძიმედ.

ქალღმერთი ისევ აიტაცა უგონო ვნებამ,

ვით მტაცებელი თავის ნადავლს დააცხრა უცებ,

ვით უძლურ მონას, რომ მორჩილებს მბრძანებლის ნებას,

ხარკს ახდევინებს ადონისის ტყვედ ქცეულ ტუჩებს

და პირსისხლიან ფასკუნჯივით, რომ არვის სწყალობს,

სურს, რომ ბოლომდე ამოაშროს გრძნეული წყარო.

ნადავლის გემო რა იგემა, ბრმა მძვინვარებით

განაგრძო ძიძგნა, დაივიწყა რიდი ქალური,

სისხლი უდუღს და ანთებია ვნებით თვალები,

სახეალეწილს ერთიანად ასდის ალმური,

თავგანწირული სიმამაცით მიიწევს წინ და

აღარც კი ახსოვს მას სიმორცხვის ნათელი წმინდა.

ადონისს თენთავს, ღონეს აცლის ამდენი ხვევნა,

ჩიტს ჰგავს დაჭერილს – რომ წვრთნიან და წვრთნას ვეღარ

უძლებს,

ირემს ჰგავს დაღლილს – ძირს რომ დასცა ამდენმა დევნამ,

მტირალ ჩვილსა ჰგავს – რწევისგან რომ ყუჩდება უცებ;

გაბრუებულა, ეხუთება ტყვედქცეულს სული

და ითმენს, ვიდრე დაიოკებს ვენერა სურვილს.

თუგინდ გაყინო – ცეცხლთან ცვილი მაინც გადნება,

გამღვალს კი მისცემ შენს სასურველ ფორმას და იერს,

ზღვარს ვინ დაუდებს ტრფიალებას, ურჩს და თავნებას,

რკინის გალღობა არად უღირს ცეცხლოვანს, ძლიერს.

არც იმ მხდალსა ჰგავს, ფერწასული უკან რომ იხევს,

ნამდვილი გრძნობა დაუმხობელს დაამხობს ციხეს.

თუ არ შეუკრთი გულცივ მზერას, – იგემებ შარბათს,

როდესაც ტუჩნი სიყვარულით ტუჩებს ეკვრიან

და თუ აჰყევი უხეშ სიტყვას, ინანებ რადგან,

დაკარგავ იმ ვარდს, რომ ამშვენებს ღეროს ეკლიანს.

და სილამაზე ცხრაკლიტულში რომ ჩასვა კიდეც,

მაინც დალეწავს სიყვარული ცხრასავე კლიტეს.

ბოლოს და ბოლოს შეიბრალა ქალღმერთმა იგი,

და ისიც იგრძნო, ადონისი რომ კვლავ განუდგა,

ემშვიდობება და თან შესთხოვს ქალური რიდით,

მისი სახელი არ გაივლოს გულში აუგად

თანაც მაცდური კუპიდონის იფიცებს ისარს, 7

რომ არასოდეს დაივიწყებს მბრძანებელს მისას.

“ო, ჩემო ტკბილო! – ეუბნება – ჩემი გონება

გამატეხინებს მე ამ ღამეს ვიცი უძილოდ,

რადგან ეს გული ვერ აიტანს შენს განშორებას

და ფხიზლად ყოფნას დაავალებს თვალებს უძიროს.

ხვალ კვლავ შემხვდები?!” ადონისი პასუხობს სწრაფად:

“არა, ხვალ ტახზე ვინადირებ დილიდან, ალბათ.”

“ტახზე?!” შეჰკივლებს ქალღმერთი და სიფითრე დაჰკრავს,

თითქოს ატლასი დაეფინა ფერგამკრთალ ღაწვებს,

აუტანია მისი ტანი უეცარ კანკალს,

ვაჟს თეთრი მკლავნი უღელივით კისერზე აწევს.

მუხლთ ეკვეთება, მაგრამ სატრფოს ხელს აღარ უშვებს,

და ადონისიც მასთან ერთად ეცემა უცებ.

ამხედრებულმა სიყვარულმა შეიპყრო მტერი,

გულში იხუტებს თავის ტყვეს, რომ გადმოიბიროს,

მაგრამ ნიავქარს თან მიჰყვება ოცნების მტვერი,

და გაკერპებულ ტყვის მოსყიდვას ამაოდ ცდილობს.

განიცდის ტანჯვას ტანტალოსზე ათასჯერ მეტად, 8

თუმც ელისიის მწვანე მინდვრებს მიადგა ნეტარს. 9

ვით ოსტატურად დახატული ყურძნის მტევანი, 10

საბრალო ჩიტს რომ თვალს მოსტაცებს მშვენებით უცებ;

ასე ქალღმერთიც, მიუწვდომელ ნატვრის მდევარი,

ჰგავს ჩიტს, ამაოდ რომ უპირებს დაკენკვას ყურძენს,

ვენერა გრძნობს რომ გაუცივდა ვაჟს გული ისევ,

ცდილობს რომ ცეცხლი გაუღვივოს და კოცნის მყისვე.

მაგრამ, ამაოდ! არ ახდება ოცნება მისი,

არ ეღირსება ტურფა ქალღმერთს ტრფობა აროდეს;

თუმც თანაგრძნობის ღირსი იყო, ხელი ჰკრეს ზიზღით,

სიყვარულის ღმერთს შეყვარებულს არა ყვარობენ!

“აჰ, ყვირის ვაჟი ­ ჩემი შთანთქმა გწადის ბოლომდის,

გადააჭარბა შენმა ქცევამ ყველა მოლოდინს!”

ქალი პასუხობს: “ხომ მოგეცი შინ წასვლის ნება

და როცა ტახზე ნადირობა ახსენე, შევკრთი. 11

ო, დამიჯერე! შენ არ იცი მაშინ რა ხდება,

შუბის წვერით თუ ვერ გაუპე ველურ ტახს მკერდი.

ბასრი ეშვები უქარქაშო მახვილებს ჰგვანან,

ტახმა ყასაბზე კარგად იცის, სად დაჰკრას დანა.

ციცინათელებს უგავს თვალნი, როცა ბრაზდება,

ფხებივით აზის ზურგის ბორცვზე ხშირი ჯაგარი,

გააფთრებული ანადგურებს, რაც კი გზად ხვდება

და სასაფლაოდ მოაქციოს ძალუძს ჯაგნარი.

მაშინვე ამჩნევს საფრთხეს მისი თვალი მზაკვრული

და კვდება მსხვერპლი მის საზარელ ეშვზე აცმული.

ვერას დააკლებ შუბის წვერით, რადგან ვით ფარი,

იცავს ველურ ტახს დაკუნთული მისი გვერდები,

ჩამჯდარი კისრით, მაგარ მკერდით, მახვილი თვალით

შეებრძოლება მძვინვარ ლომსაც თავგამეტებით.

მაყვლის ბუჩქები, ჩვენ რომ ნდობით ტანზე გვეკვრიან,

როცა ის მორბის, განზე სწევენ ტოტებს ეკლიანს.

ვაი, რომ ის ვერ შეაფასებს მაგ ღვთიურ სახეს,

მორჩილებით რომ უმზერს ტრფობა მონადქცეული,

ის შენს მშვენებას სასიკვდილოს დაუგებს მახეს,

ჩირად არ უღირს სრულყოფილი შენი სხეული.

და თუ შეგინგრევს ბასრ ეშვებით მაგ გულის ფიცარს,

მშვენებას შენსას ისე მოთხრის, ვით ფეხქვეშ მიწას.

ნუ შეაშფოთებ, დაე, თავის ბუნაგში თვლემდეს,

სილამაზე და სიმახინჯე ერთურთის გვერდით

ვერ ძლებს იცოდე, სანანებლად არ დაგრჩეს შემდეგ

და მეგობრული ჩემი რჩევა მიიღე, გვედრი!

როცა ახსენე ტახი, უცებ შენი სხეული

წარმოვიდგინე უსიცოცხლო და დამსხვრეული.

მთლად ავცახცახდი და გავფითრდი, თვითონაც ნახე

ვით გადაეკრა შიშის ლიბრი წეღან ამ თვალებს,

მუხლთ მომეკვეთა და მკვდრისფერი დაედო სახეს

და ჩემი გული დაჭრილივით თრთის და ფართხალებს,

მკერდი, რომელზეც მიგიკარი, შენც გარწევს ისე,

თითქოს მიწისძვრას შეერყიოს უსაზღვრო სივრცე.

იქ, სადაც მეფობს სიყვარული, ეჭვიც თან ახლავს,

თავს ადგას მცველად, რომ არ შეხვდეს მას ფათერაკი,

მშვიდობის დროსაც უმიზეზოდ ატეხავს განგაშს

და აკივლდება – მოკალიო მტერი ვერაგი.

და თუ სიყვარულს ვნებათაღელვა წვავდა აქამდის,

ახლა ჩაქრება, როგორც ცეცხლი ცხელი ნაკადით.

ეს ენამწარე მაცნე, მარად მთესველი ავის,

ვით მღრღნელი ჭია, რომ მიცოცავს ტრფიალის კართან,

ძირში რომ აჭკნობს სიყვარულის უნაზეს ყვავილს,

და ვერ გაარჩევ მის ნათქვამში ტყუილს და მართალს,

სწორედ ეს ეჭვი ჩამსისინებს ყურში, ვით გველი,

რომ ნადირობის ჟამს საზარი სიკვდილი გელის.

თვალთ წარმომიდგა მე ის ტახი ქცეული რისხვად

და მისი ბასრი ეშვების ქვეშ შენი სხეული,

იარებიდან ამოხეთქა ნაკადად სისხლმა,

მიწას ფარავდა ლეკერტებად გადმონთხეული,

წითლად ღებავდა ჯერეთ ახლად გადაშლილ ყვავილთ

და მწუხარებით ჩაექინდრათ ლამაზებს თავი.

მაშინ რაღა ვქნა, თუ კი დაგცა ველურმა ტახმა,

ამაზე ფიქრით გულს მერჭობა ბასრი ისარი,

სხეულში მივლის ცხელი სისხლის მღელვარე ტალღა,

შიში გამხდარა ავბედითი ჩემი მისანი,

ჩემო ცოცხალო მწუხარებავ, ის მამცნობს სევდით,

რომ არ დაგინდობს, თუკი იმ ტახს პირისპირ შეხვდი.

გთხოვ, დამიჯერო, ნუ გექნება იმედი შველის,

სდიე მარდ კურდღელს, სხვაც ბევრია მცირე ნადირი,

თავს რომ ვერ იცავს მშიშარა და უმწეო შველი,

ეშმაკი მელა, ისარივით ველს რომ გადივლის;

დაბორცვილ ველზე შენც ქარივით აედევნები

ამაყი ცხენით და ფეხმარდი შენი მწევრებით.

და როს დააფრთხობ მშიშარა და ბრუტიან კურდღელს,

ნახე, ვით ცდილობს აიცილოს ბოროტი ხელი,

როგორ ეცემა აქეთ-იქით, ხან ქრება უცებ,

იცის ათასი კუნჭული და ათასი ხვრელი.

მდევარს გზას უბნევს, სიცოცხლისთვის ღონეს არ ზოგავს

და ყოველ ნაბიჯს რა სიფრთხილით, რა ზუსტად ზომავს.

მეძებრებს გზა რომ აურიოს და მოიშოროს,

უცებ ცხვრის ფარას შეერევა შეფენილს მთაზე,

ან მიადგება მიწისმთხრელი ბოცვერის სოროს

და ისევ გარბის გააფთრებულ მწევრების ხმაზე,

მათი გნიასით დამფრთხალს ახლა შიში კარნახობს,

რომ შეერიოს ირმებს გასულთ საიალაღოდ.

ვეღარ იღებენ მის სუნს ახლა სწრაფი მწევრები,

გახურებულნი, დაბნეულნი შეწყვეტენ ყმუილს,

მერე კი კვლავ ყეფს მთელი ხროვა თავგამეტებით,

როცა ხვდება, რომ მხდალ კურდღელმა აჯობა ჭკუით.

მათი გნიასი ექოდ ისმის და ცამდე ადის,

თითქოს ზეცაშიც მისდევენო მწევრები ნადირს.

ამ დროს კი ბორცვზე ის საწყალი კურდღელი უსმენს

ყურდაცქვეტილი და უკანა ფეხებზე მდგარი,

საიდან მოდის მათი ყეფა, მიაგნეს უკვე,

და აი, მალე იმ საზარ ხმებს მოუტანს ქარი.

ისე ჩაესმის ახლა ეს ხმა, რომ აღწევს ზენიტს,

ვით გლოვის ზარი – კაცს შეპყრობილს უკურნელ სენით.

და უნდა ნახოთ ოფლისაგან ტანდაცვარული,

როგორ წრიალებს და დახლართულ ბილიკებს ეძებს,

როგორ აშინებს ყველა ჩქამი, ჩრდილი ფარული

და ასკილისგან კანდაკაწრულს ძლივს ადგამს ფეხებს.

უბედურს ძალუძს დამარცხება უბედურების,

თუმც საბოლოოდ მაინც მოსპობს ძალა ბუნების.

იწექი წყნარად, ვხედავ შფოთავ და ვეღარ ითმენ,

ამაოდ იბრძვი, მეყოლები მიკრული მკერდთან,

შენს გულში წადილს არ აღმოვფხვრი, ძვირფასო, ვიდრე,

რომ ინადირო დილით ტახზე ტოლებთან ერთად,

აწ შენი ხსნაა ჩემი ფიქრი და საზრუნავი,

რადგან სიყვარულს წინათგრძნობის შესწევს უნარი.

ჰო, სად გავჩერდი „თუ გინდა რომ გაჩერდე მაშინ

გამიშვი ახლავ. მიიწურა თან უკვე ღამე,

მიმეჩქარება ჩემს ტოლებთან, – პასუხობს ვაჟი,

და შეიძლება სიბნელეში დავეგო რამეს”.

მაშინ ვენერა კვლავ პასუხობს: “რას ნაღვლობ ნეტავ,

ყველაზე კარგად სიყვარული ღამეში ხედავს.

ძირს რომ დაეცე, შენს ნატერფალს შეიგრძნობს, როცა

შეყვარებული მიწა კოცნით მიგიკრავს გულთან,

შენი მშვენება ის განძია – კაცს პატიოსანს

რომ აცდუნებს და გადააქცევს აბეზარ ქურდად.

დიანაც ცდილობს დაემალოს შენს მარჯნის ტუჩებს, 12

რომ არ შესცოდოს, არ გაკოცოს შეფარვით უცებ.

ახლა კი ვხვდები რატომ ბნელა ამ ღამეს ასე,

ცინტია თავის ვერცხლის სხივებს სირცხვილით მალავს, 13

და რადგან მიწამ შენ შეგმატა ცის სილამაზე,

მწყრალი მთიები თვით ბუნებას სწამებენ ღალატს,

ბრწყინვალე შუქი მან ჩაუდგა შენს ლამაზ თვალებს,

რომ დაგეჩრდილა დღისით მზე და ღამით კი მთვარე.

ავ ბედისწერის მოსყიდვა სურს ცბიერ მთვარესაც,

ლამობს, რომ მოსპოს მიწის პირმშო ულმობელ ხელით,

რომ შეაჯვაროს სიმახინჯე სილამაზესთან

და ჰარმონიას შეენაცვლოს ქაოსი ბნელი,

რომ ვერ იაროს სილამაზემ თავაწეულმა

და ვეღარ აღდგეს ბოროტებით რაც დაცემულა.

ბოდვა, სუსტი და ფერგამკრთალი ციებ-ცხელება,

სიგიჟე, ჭირი და სახსრების ანთება მწვავე,

სისხლს რომ ამღვრევს და ტკივილი კი სხეულს ედება,

სევდა, წუხილი და ნაღველი გულ-ღვიძლს რომ წვავენ,

საზარნი წყლულნი გააფთრებით წყევლიან მიწას,

შენს სილამაზეს, რომ ასეთი ნათელი მისცა.

მაშინვე მოსპობს ამ სენთაგან ნებისმიერი,

მაგ შენს მშვენებას გამოიწვევს ბრძოლაში ოდეს,

კეთილგანწყობა, სურნელება, ნაზი იერი,

რომლის ნახვაზეც თვალნი ჩვენნი სიამით კრთოდნენ,

ისე გაქრება, ვერ იხილავ ვერასდროს ვერცერთს,

მთის თოვლიც ასე დნება ხოლმე შუადღის მზეზე.

ამიტომ არ ღირს, რომ მიბაძო გულცივ წმინდანებს 14

ანდა მონაზვნებს – შეყვარებულთ საკუთარ თავში,

მხოლოდ სიბერწეს რომ თესავენ დედამიწაზე

და არა ცნობენ ნორჩ ქალ-ვაჟთა ღვთაებრივ კავშირს.

იყავ გულუხვი! ლამპარიც კი არ ზოგავს იმ ზეთს,

რითაც თვით იწვის, რომ სამყაროს ნათელი მისცეს.

ნუ გადააქცევ მაგ შენს სხეულს იმ ხარბ სამარედ,

სადაც ჩამარხავ შენგნით მომშთარ შთამომავლობას:

თუ იძუნწე და შენი თესლი არ გაამრავლე,

თუ არ აღირსე შვილთა შენთა შენი მამობა,

თუ შენი მოდგმა ბნელ წყვდიადში გაანადგურე

მაშინ სამყარო შეწყალებას აღარ გარგუნებს.

როცა შენს თავში გინდა ჩაკლა ჯილაგი შენი,

ძმათა მკვლელობა შენს საქციელს რითი არა სჯობს,

ან რითი არ სჯობს შენისთანას კაცი თვითმკვლელი,

ანდა ყასაბი თავის შვილს რომ თვითვე მოახრჩობს;

ჟანგი ედება თუკი დიდხანს დამალე განძი

და ოქროს იხვეჭს ხელგაშლილად მხარჯველი კაცი.”

ადონისი კი ეუბნება: “ნუთუ არ გესმის,

ერთს და იმავეს იმეორებ გზნებით აღსავსე,

ერთხელ გაკოცე და ახლა გსურს მდინარეს გეზი

უკუუქციო და იდინოს წყალმა აღმართზე.

ბილწ სურვილების ძიძას ვფიცავ – ამ პირშავ ღამეს,

რომ უმეტესად შემძულდები, თუ კვლავ თქვი რამე.

თუგინდ რომ ტრფობამ ოცი ენა ჩაგიდგას კიდეც,

და მეტი გზნებაც მიანიჭოს თვითეულ ენას,

გულში სიყვარულს ვერასოდეს ვერ დამიმკვიდრებ,

სირინოზივით ვერ მოხიბლავ მაინც ჩემს სმენას,

რადგან ეს გული დგას ჩემს ყურთან აბჯარასხმული

და ყალბ ხმებისთვის ყველა გზაა მისკენ დახშული.

თუ უნებლიეთ შეიჭრება ჰანგი მაცდური,

თუკი შეაღებს ჩემი გულის კარიბჭეს მძიმეს,

ძილს და სიმშვიდეს ვეღარ ჰპოვებს მაშინ ეს გული,

მოუსვენრობა შეათრთოლებს მის სათუთ სიმებს

არა, არა მსურს დედოფალო, რომ დღემდე მშვიდი

გული ბორგავდეს, ვერ უძლებდეს გრძნობათა ჭიდილს.

რადგან ბილიკი საფრთხისაკენ პირდაპირ მიდის,

მე გვერდს ავუხვევ ფარისევლურს შენს ზრახვას ყოველს;

მე მწამს ტრფიალის ჭეშმარიტის, წრფელის და წმინდის

და მძულს უხეში, მძაფრი ვნება, შენში რომ ვპოვე.

განა მას ნაღვლობ, რომ უშვილოდ მოვკვდები ბოლოს,

ვნებით აღვსილხარ, გონება კი გმაჭანკლობს მხოლოდ.

ცამ შეიფარა, რასაც არქმევ შენ ტრფიალებას,

რადგან ოფლიან ვნებამ შერყვნა სახელი მისი,

აქ კი მიწაზე დარჩა მხოლოდ მისი მსგავსება,

რომ ისაზრდოონ სილამაზის ხორცით და სისხლით;

მას ტირანივით სურს, რომ ყველა შიშითა თრთოდეს

და კლავს სიყვარულს, როგორც ჭია უნაზეს ფოთლებს.

ავდარს მზით შეცვლის სიყვარულის კეთილი ნება,

ვნება მზის შემდეგ ამოვარდნილს მაგონებს ავქარს,

ტრფიალის ნაზი გაზაფხული არასდროს ჭკნება,

შუა ზაფხულშიც დაზამთრდება თუ ტრფობა გაქრა.

ზომიერია სიყვარული, ვნება კი – ხარბი

და დიდხანს ვერ ძლებს თუ სიცრუით არ უზღე ხარკი.

კიდევ შემეძლო მეთქვა მეტი, თუმც ვეღარ ვბედავ,

რადგან ეს ძველი ქადაგება თქმულა ათასჯერ,

მე ვით განვსაჯო მისი არსი ჯერ ახალბედამ;

დროა წავიდე, ვეღარ ვუძლებ ამდენ სატანჯველს,

გული მიდუღს და ყურები კი სირცხვილით მეწვის,

როდესაც შენი ვნებიანი სიტყვები მესმის.”

იმ ლამაზ მკლავებს, მოსვენება რომ არ აღირსეს

და მკერდს მიიკრეს, მოიცილებს ახლა ადვილად,

ბნელ მინდორს მისდევს, მოუთმენლად გარბის სახლისკენ

და უიმედოდ ტოვებს ქალღმერთს იმავ ადგილას.

ისე ქრებიან უკუნეთში სატრფოს თვალები,

ვით განთიადზე ვარსკვლავების ცად ნაკვალევი.

ვენერას მზერა თან მიჰყვება, თითქოს ნაპირზე

მდგომი ადევნებს თვალს ვით სტაცებს სატრფოს ხომალდი,

მოეფარება ვიდრე იგი ქაფიან ზვირთებს,

მღელვარს, ბობოქარს და მძვინვარეს, ცამდე რომ ადის.

და ის თვალები, რომ უტკბობდა მზერას აქამდის,

კუნაპეტ ღამემ გადაფარა შავი ნაკადით.

დარჩა ქალღმერთი დაბნეული, თითქოს წყლის თქეშში

ჩაუვარდა და ნაკადს გაჰყვა ძვირფასი თვალი,

ანდა მიმავალს ღამით ბნელ და გაუვალ ტყეში,

ქარმა უეცრად გზის მიმცემი ჩაუქრო ალი.

იწვა მწუხარე, როგორც დარდით აღსავსე კაცი,

ჯერ რომ ჰპოვა და მერე ისევ დაკარგა განძი.

მერე კი მკერდში ხელებს იცემს ოხვრით და კვნესით,

გამოქვაბულნი გამოსცემენ ამ ოხვრას უმალ,

თითქოს, როდესაც შემზარავი გოდება ესმით,

ისინიც მისებრ გულმოკლულნი კვნესენ და წუხან.

“ვაი უბედურს” – ოცჯერ ყვირის და მოთქმით დაღლილს

ოცჯერ უბრუნებს ოცი ექო მწუხარე ძახილს.

როდესაც ქალღმერთს შორი ექოს გოდება ესმის,

მოთქმით მინამღერს გულის შემძვრელს შეთხზავს ის ხელად:

თუ როგორ აქცევს ყველას მონად ტრფიალის ცეცხლი,

მოხუცს – აბავშვებს, ბრძენს – აბრიყვებს, ბრიყვს აქცევს

ბრძენად.

ამ ჰიმნს მწუხარეს კვლავ გოდებით ამთავრებს ბოლოს

და გოდებითვე უპასუხებს ექოთა ქორო.

გათავდა ღამეც ხან სიმღერით და ხან გოდებით,

ისე გათენდა, ვერც მოეგო გონზე ვენერა;

შეყვარებულნი დროს ებრძვიან თავგამოდებით

და ბუზღუნებენ, რომ წუთები ხელში ელევათ;

ენად გაკრიფავს მათ ტრფიალი მოუთმენელი

და არც ადარდებთ ქვეყნად ვინმე თუ ჰყავთ მსმენელი.

ვით გაათიოს ღამე? უკვე აისიც ელავს

და მხოლოდ ექო თუ დაარღვევს მიდამოს მდუმარს,

როგორც მედუქნე, ძახილზე რომ პასუხობს ყველას

და მთვრალ მუშტრების ოხუნჯობას აჰყვება უმალ,

ექო უცვლელად ბაძავს თუ რამ წამოსცდა ქალღმერთს

არ გამოტოვებს აბეზარი მის სიტყვას არცერთს.

ჩუ! ცად აჭრილა ხმაწკრიალა ტოროლა უკვე,

ცვრიან ბუჩქებში ჩუმად ყოფნა არ ძალუძს ახლა,

მზემ მიატოვა ვერცხლისფერი აისის უბე

და თვალის მომჭრელ ბრწყინვალებით მიიწევს მაღლა.

ასეთ მშვენებას ვერაფერი ვერ შეედრება,

ჯიღა დაიდგეს ბორცვებმა და მწვანე კედრებმა.

ახლა ვენერაც ესალმება დილის მზეს ცხოველს:

“ო, შენ ხარ ზეცის მეუფე და ნათელი ღმერთი,

შენვე ანიჭებ ბრწყინვალებას ცის სხეულს ყოველს

შენგან სესხულობს სხივს ლამპარი და მხოლოდ ერთი

მიწიერ დედის ძე არსებობს ამ ქვეყნად მარტო,

რომელსაც ძალუძს, რომ ნათელი შეგმატოს მნათობს.”

ეს თქვა და უმალ მიაშურა მირტის წარაფებს; 15

მალე საღამო დადგება და ქალღმერთი ღელავს,

აღარ დაეძებს იგი ქვეყნად უკვე არაფერს,

ოღონდ საყვირის ან მწევრების ხმა მისწვდეს სმენას.

და აი, უცებ გაისმება ძახილი ველზე,

იმ ხმისკენ გარბის, წრიალებს და ადონისს ეძებს.

გარბის, ბუჩქებმა გადუღობეს უეცრად გზები

და ეჭდობიან მთელს სხეულზე მძლავრი ტოტებით,

ხან კისერზე და ხან სახეზე კოცნიან გზნებით,

ის კი იჩქარის, ბარდებს ებრძვის გაბოროტებით,

ვით ფურირემი, რომ ასკდება ცური რძით სავსე

და გარბის, რათა მიმალულ ნუკრს აჭამოს წამსვე.

მერე შემკრთალი კვლავ ჩერდება მწევრების ხმაზე,

თითქოს ჭრელ ბაფთის გორგალივით ტანდახვეული

შენიშნა გველი, მახრჩობელა, უეცრად გზაზე

ისე უთრთოდა შიშისაგან მთელი სხეული.

მწევართ წკავწკავი ეფინება ტყესაც და ველსაც

და გრძნობს ვენერა ვერ წაუვა მტარვალ ბედს ვერსად.

ცხადზე ცხადია – მონადირეს უმტყუნა ბედმა,

შემოეყარა გზაზე ტახი, ლომი ან დათვი,

შექუჩებულან იქ მწევრები და ყეფენ ერთხმად,

იქიდან ისმის, როგორ ყვირის პატრონი მათი.

მწევრების ხროვა დაუფრთხია მძვინვარე ნადირს,

ქანცგაწყვეტილი ზოგი იბრძვის და ზოგი გარბის.

მათი წკავწკავი მის ყურებში ზარივით რეკავს,

რომ მიაწვდინოს ეს ხმა გულის უნაზეს სიმებს,

და მწევრებიდან ვინც გადურჩა მტერს მძლავრს და ვერაგს

თითქოს დაჩლუნგდა, დალასლასებს ნელა და მძიმედ,

როგორც ის ჯარი, რომ დაფრთხება გზააბნეული,

თუ მათ მეთაურს მიეწია ბედი წყეული.

ვენერა დგას და მთლად ცახცახებს ეჭვებით სავსე,

მერე თავისთავს ეუბნება თითქოს და კიცხვით,

რომ თვითვე შეთხზა ახლა, რაც მას აშინებს ასე,

ბავშვურ შეცდომას ჰგავს ყოველი ნაბიჯი მისი.

ან რა აშინებს, მის სიყვარულს ვერავინ მოკლავს

და ამის თქმაზე თვალი უცებ ველურ ტახს მოჰკრა.

ისე ღვიოდა ქაფმომდგარი საზარი დინგი,

შეურიესო თითქოს რძეში სისხლი წითელი;

შიშმა ძარღვებში დაუარა, გიჟივით მირბის,

თუმც გზა და კვალი არც კი იცის დაბეჯითებით.

ხან წინ გარბის და ხან უკანვე ბრუნდება ბოლოს,

ტახს უთვლის კრულვას, პირსისხლიანს, ავსა და ბოროტს.

ხან ერთ გზასა და ხან მეორეს სირბილით მისდევს,

ხან კი წრიალებს ერთ ადგილზე აღსავსე დარდით,

ხან დააყოვნებს, ხან ნაკვალევს დაეძებს ისევ,

ხან კი მთვრალივით უგონოდ და უმიზნოდ დადის.

თითქოს ხედავს და ვერას ამჩნევს აღსავსე ურვით,

თითქოს რაღაც სურს, მაგრამ უმალ ივიწყებს სურვილს.

აი, უეცრად წააწყდება ხშირ ტევრში მწევარს,

და შეშფოთებით ეკითხება სად ჰყავს პატრონი,

მერე მეორეს, ჭრილობებს რომ ილოკავს ნელა,

ძლივსღა სუნთქავენ, დაღლილნი და უნიათონი.

ერთი მათგანი სევდიანად წკავწკავებს მარტოდ,

თითქოს დასტირის სასიკვდილოდ განწირულ პატრონს.

და როცა მისი სევდიანი წკავწკავი წყდება,

ყრუდ აყმუვლდება მოქუფრული ნაგაზი შავი,

აიყოლიებს გზააბნეულ მწევრების წყებას

და ველს გნიასი მოედება გულშემზარავი.

კუდით მტვერს ხვეტენ, ყურჩამოყრილთ აიტანს ჟრჟოლა,

იარებიდან ცხელი სისხლი უწყვეტად ჟონავს.

საბრალო მოკვდავს რა აშინებს ამ ქვეყანაზე:

მოჩვენება და სასწაული, ავი ნიშანი;

გუმანი მათ სულს დაუძლეველ თრთოლვით აღავსებს,

წინასწარ ჭვრეტენ ბედისწერას ვით გულთმისანნი.

ვენერაც გრძნობს, რომ არ დაინდობს ბედი სასტიკი,

რომ სიკვდილია მისი ტანჯვის გამოსასყიდი.

და ლანძღავს სიკვდილს: “მჭლევ, მახინჯო, რაღა არ გქვია,

შეყვარებულთა გამთიშველო, მზაკვარო, გულქვავ,

პირქუშო სულო საზარელო, საფლავის ჭიავ,

თვით სილამაზე რომ მოსპე და მოსტაცე სუნთქვა

მას, ვინც გვხიბლავდა სრულყოფილი და სასურველი,

ვარდს რომ ელფერი შემატა და იას სურნელი.

ო, არ იქნება! ვერ შეძლებდი მოსპობას მისას,

თუ მის მშვენებას თუნდაც წამით დაინახავდი;

თუმცა, ბეცი ხარ, განურჩევლად სტყორცნი შენს ისარს,

დაუნდობელი და საზარი როგორც სახადი.

ნიშანში იღებ სუსტ მოხუცებს, მაგრამ თუ ასცდი,

შხამიან ისრით გულში დაჭრი უცოდველ ყმაწვილს.

ნეტავ სცოდნოდა მას მზაკვრული განზრახვა შენი,

მაშინ ტკბილი ხმით მოგნუსხავდა ვერაგს და ნაცადს;

რისხვას დაგატეხს ბედისწერა, რომ სასტიკ ხელით

მოწყვიტე ვარდი სარეველა ბალახის ნაცვლად.

მსურდა ტრფიალის ოქროს ისრით დამეჭრა ისიც, 16

შენ კი მომტაცე განგმირული მაგ შავი ისრით.

შენ ალბათ წყურვილს მხოლოდ სხვისი ცრემლებით იკლავ

და თავისუფლად სუნთქავ, როცა სხვა ოხრავს მძიმედ,

ძილს მარადიულს რად მიეცი ის თვალნი, მითხარ,

სხვის მზერას უხვად რომ აწვდიდა ბრწყინვალე სხივებს.

ამ მიწისათვის უფრო მძიმე რაღა იქნება,

მტვრად გადუქციე სრულყოფილი მისი ქმნილება”

ქალღმერთს უსაზღვრო ეუფლება სასოწარკვეთა,

სარქველებივით დაუშვია ქუთუთოები,

თუკი ვერცხლისფერ ცრემლთა წვიმამ ზღუდე გაკვეთა,

შიგ ჩაიხრჩობა მისი გული ჩუმი გოდებით.

ცრემლის ნაკადი ვერაფერმა ვერ შეაკავა,

გადმოსკდა ღვარად მისი გულის წასალეკავად.

რა იდუმალი კავშირია თვალს და ცრემლს შორის!

თვალებში ცრემლი ირეკლება, ცრემლში კი თვალი.

ერთურთის წუხილს იტევს ორი კამკამა ბროლი,

სევდიან ოხვრით რომ ევლება ცრემლების არილს,

როგორც ქარი და მძაფრი წვიმა ავდრიან ღამეს,

ხან ოხვრა აშრობს და ხან ცრემლი ასველებს თვალებს.

მის დარდს ერთადერთს, გარს ეხვევა ათასი გრძნობა,

უსაზღვრო სევდამ დაუბნელა ზეცის თავანი

და ყოველ გრძნობას უსათუოდ სურს პირველობა,

ყველა წუხილი იბრძვის, რათა იყოს მთავარი.

უბედურება ყველა მათგანს თავს უყრის ერთად

იმ ღრუბლებივით ავდრის წინ რომ ფარავენ ზეცას.

და სწორედ ამ დროს მონადირის ძახილი ესმა;

ვერ დაატკბობდა ძიძის ნანა ჩვილ ბავშვს ამგვარად,

ახლა მის გულში კვლავ იხარა იმედის ფესვმა,

და მწუხარების შავი ნისლი შორით განყარა.

აღარც იგონებს ახლა იგი ეჭვებს წინანდელს,

ამ ხმაზე უტკბესს სხვას არაფერს აღარც ინატრებს.

უკუქცეული ცრემლი ისევ თვალთა ზღვას ერთვის

და ჰგავს მარგალიტს გამჭვირვალე ბროლში მოქცეულს,

მხოლოდ ხანდახან დაგორდება კამკამა ცრემლი

და ზედ აშრება ღაწვებს მისას ნაღვერდლად ქცეულს,

რომ არ დაეცეს დედამიწის გაჟღენთილ გულმკერდს,

რადგან ცრემლით მთვრალს ერთი წვეთიც დაახრჩობს უკვე.

ო, ქარაფშუტა სიყვარულო, შენ ვინ გენდობა!

შენს სიბრიყვეს და ახირებას ბოლო არ უჩანს,

უკან დაგყვება მუდამ ბედი და უბედობა,

ბოლოს კი ყველა განურჩევლად გიგდებს აბუჩად.

უბედობისას იმედი დგას მუდამ შენს გვერდით,

და ლხენის ჟამს კი უცილობლად გიმტყუნებს ბედი.

ახლა ეჭვის ქსელს არღვევს გაბმულს საკუთარ ხელით

და ადონისის გადარჩენა აწ მართლა სჯერა,

კიდევაც ნანობს, რომ მან სიკვდილს უწოდა მკვლელი,

აქებს მის ძალას უზენაესს და რაცხავს მხსნელად.

უწოდებს საფლავთ ბნელ მეუფეს, ქვესკნელს რომ მართავს

და განიკითხავს მოკვდავ კაცის ცოდვას და მართალს.

“ო, მომიტევე – ამბობს იგი – როს მოვკარ თვალი

ტახს ამ ბნელი ტყის პირქუშსა და ბოროტ ბინადარს,

რომლის ეშვებზე, მოელვარე ვით ნაღვერდალი,

გულშემზარავი, მეწამული სისხლი ელავდა,

მაშინ დაგწყევლე და გიწოდე ძალა ვერაგი,

ვერ მოვიცილე დამთრგუნველი შიში ვერაფრით.

ტკბილო სიკვდილო, განრისხება ჩემზე არა ღირს,

ჯობს რომ ეძიო სისხლიანი ტახი ბოროტი,

მე ვიყავ მისთვის მარტოოდენ ბრმა იარაღი,

იძიე შური, მისი მოდგმა მოსპე ბოლომდის.

ორი ენა აქვს მწუხარებას და თუა ღმერთი

გამჭრიახობა უნდა მისცეს ქალს ათჯერ მეტი.”

სწამს, რომ ადონისს ნახავს ისევ სიცოცხლით სავსეს

და სურს სიკვდილი მოისყიდოს ლმობიერებით,

ამიტომ უფრო განადიდებს მის სილამაზეს,

აღწერს ადონისს პირმშვენიერს უხვი ფერებით.

უყვება, როგორ ნადირობს და იბრძვის სიცხარით,

რამდენჯერ ერგო გამარჯვება დაუვიწყარი.

მერე შესძახებს: “ზევსო! რისთვის ამავსე შიშით,

რად დამადინე მე ამაოდ ცრემლები მწველი,

რად დავიჯერე უგუნურმა სიკვდილი მისი,

ვინც არ მოკვდება სანამ ცოცხლობს სამყარო ვრცელი.

მისი მშვენების უკვდავება თუ არ ვიწამეთ,

მაშინ ქაოსი დამკვიდრდება დედამიწაზე.

ო, სიყვარულო, მაგ სიმხდალის გრცხვენოდეს უნდა,

რისთვის კანკალებ განძის მფლობელ სოვდაგრის მსგავსად,

მძარცველები რომ ელანდება შარაზე მუდამ,

თუმც მათი კვალი შორიახლო არ მოჩანს არსად.”

და სწორედ ამ დროს საყვირის ხმას გაიგებს უცებ,

ზე წამოხტება, გული შვებით და მძლავრად უცემს.

და როგორც ქორი ნადავლისკენ, ვენერაც მიქრის,

არც კი იხრება მის ფეხთაქვეშ ბალახი მწვანე,

მაგრამ თვალს მოკრავს ტახს საზარელს, შეღებილს სისხლით

და გულში ეჭვი გაუელვებს მწარეზე მწარე,

ჩაეფერფლება მწუხარებით ქალღმერთს თვალები,

თითქოს ცისკრის ჟამს განქარდნენო ცად ვარსკვლავები.

ვით ლოკოკინა, მის ნაზ რქებს თუ შეახებ თითებს,

შეიკუმშება, ნიჟარაში რომ უმალ შეძვრეს,

სული ეხუთვის სიბნელეში და მაინც ითმენს,

ვერ გამოსულა შიშისაგან საბრალო მზეზე,

იმალებიან ქალის თვალნიც ფოსოებს მიღმა,

რადგან არა სურთ საზარელი სურათის ხილვა.

შეშფოთებული გონება კი მის თვალებს ურჩევს,

ქალღმერთს და დღის შუქს სამსახურზე უარი უთხრან

და მეგობრებად ექცნენ ღამეს მახინჯს და უხეშს,

რომ ვერ იხილონ ამა ქვეყნის ტანჯვა და ურვა;

და როგორც მეფე, რომ წაართვეს ულმობლად ტახტი,

გულიც აღვსილა უსამანო სევდით და დარდით.

და ქვეშევრდომნიც ცახცახებენ შიშით ძლეულნი,

ასე ირყევა თვით სამყაროც, როცა ქარები

მიწისქვეშეთში ტყვეებივით გამომწყვდეულნი

ლამობენ ზევით ამოიჭრან გამძვინვარებით.

ქალღმერთსაც უცებ საზარელი კანკალი იტანს

და ლამის თვალნი გადმოსცვივდნენ ბუდეთა შიგან.

როცა თვალს ახელს, ეფინება უეცრად შუქი

ფართო ჭრილობას ადონისის შროშნისფერ მკერდთან

და ჭრილობიდან მოთქრიალებს ნაკადი მუქი,

ვით მეწამული ნიაღვარი მდუღარე ცრემლთა.

ფარულად სვამენ ალისფერ სისხლს ყვავილნი ნაზნი

და მათაც თითქოს სისხლის ცხელი ნაკადი დასდით.

მიხვდა ადონისს ყვავილნი რომ ჩუმად გლოვობდნენ,

სევდისგან გული მოეწურა და აუთრთოლდა,

არა, არ ძალუძს დაიჯეროს მაინც ბოლომდე,

ასე უდროოდ მისი წასვლა ამ საწუთროდან.

მუხლთ მოეკვეთა, ხმა წაერთვა, ვეღარას ამბობს,

ცრემლთა ნაკადი თითქოს მიწის წალეკვას ლამობს.

დაჟინებული უმზერს იგი ღია იარას,

თვალთ უჭრელდება, დაბნეული ერთს ხედავს სამად

და ჰყვედრის თვალებს, რადგან ვერა გაუგია-რა

თუ რად არ უდებს თვალსაწიერს ზღვარსა და სამანს,

ან რად აჩვენებს ორ სახეს და ორ სხეულს ერთად,

ან გონი რისთვის დაუბინდა მაღალმა ღმერთმა.

“მხოლოდ ერთისთვის არ მეყოფა ცრემლები ალბათ,

ჩემს წინ კი ორი ადონისი უსულოდ გდია,

წამკიდებია თვალზე ცეცხლი, რადგანაც ქარმა

შემიშრო ცრემლი და მიქცია ეს გული ტყვიად.

ცხელი ცრემლებით თვით ტყვიაც კი წვეთობით დნება,

მეც ასე უნდა ჩამომადნოს მხურვალე ვნებამ.

ვაი, სამყაროვ, განძარცვულო, ვით გაღატაკდი!

განძი დაკარგე, რომლის ბადალს ვეღარსად ნახავ,

ან ვის ჩაღვრია ხმაში მისებრ ტკბილი ბადაგი?

რით იამაყებ – ნამყოთი თუ მომავლით ახლა?

ვერ მოიწონებს თავს ყვავილი უნაზეს ფერით,

თან წაიყოლა ადონისმა მშვენება მთელი.

აღარ გვჭირდება არც პირბადე, არც ქუდი ახლა, 17

ან რად გვაკოცებს მზე და ქარი, როცა ისინი

კოცნით, ალერსით გულს იკრავდნენ ადონისს ლაღად,

ჩვენ კი მზე გვწუნობს და გაგვირბის ქარი სისინით.

ადრე კი, ცოცხალს, მწველი მზე და ნიავი ანცი,

ჰპარავდნენ, ღამის ქურდებივით, მშვენების ნაწილს.

ჩამოიწევდა ადონისი ქუდს უმალ შუბლზე,

როს მზე ცდილობდა შეეჭყიტა მის ქვეშ ალერსით,

ავი ქარი კი მოსტაცებდა ხოლმე ქუდს უცებ

და უწეწავდა ნაზ კულულებს ცელქი თარეშით.

თუ იტირებდა ადონისი, ურთიერთს მაშინ

ეცილებოდნენ, რომ შეეშროთ ცრემლი მის თვალში.

და ატყვევებდა მშვენიერი მისი იერი,

ბუჩქს მოფარებულ ნადირთ მეფეს, მძვინვარე ლომსაც,

გაქვავდებოდა მონუსხული და თვინიერი,

მისი სიმღერა ვეფხვს შემზარავს ესმოდა როცა,

მის ხმაზე ხარბი, დაუნდობი და შიშისმგვრელი,

თავს ანებებდა უსუსურ კრავს მშიერი მგელი.

როს ნაკადულში სურდა სახე ენახა თვისი,

ოქროსფერ ფარფლებს აფარებდნენ თევზნი მალულად,

მის სიახლოვეს ფრინველები იწყებდნენ ჟივჟივს,

ნისკარტით თუთას აწვდიდნენ და მწიფე ალუბალს,

გარს ეხვეოდნენ, ჟღურტულებდნენ შეუჩერებლივ,

თავად კი ყველას აპურებდა უცხო მშვენებით.

მაგრამ, საზარელ და პირქუშ ტახს, ბოროტი თვალით

მსხვერპლს რომ დაეძებს, საფლავს უთხრის ბასრი ეშვებით,

რომ დაენახა ადონისი, – მშვენებით მთვრალი

ქედს მოიხრიდა და მუხლებზე დაეშვებოდა,

ან იქნებ ვნებით შეპყრობილი კოცნას ცდილობდა

და მიაყენა ბასრ ეშვებით მძიმე ჭრილობა.

და ასეც იყო! ადონისი, როს ბასრი შუბით

ტახს შეეჯახა, მონუსხულმა ვაჟის მშვენებით,

ვეღარ დაუდო უცებ ზღვარი ბობოქარ სურვილს

და კოცნის ნაცვლად გამოფატრა ბასრი ეშვებით.

ვნებით ელტვოდა ჭაბუკს ტახი ჟინმორეული

და შერჩა ეშვზე წამოცმული მისი სხეული.

მეც რომ ეშვები მქონებოდა იმ ტახის მსგავსად,

ვერ გავუძლებდი მოძალებულს ჩემს გულში ვნებას,

დაუჯდებოდა ერთი კოცნა სიცოცხლის ფასად;

ახლა გლოვის და დარდის გარდა სხვა რაღა მრჩება”.

და ამ სიტყვებით ძირს ეცემა, ძალა არ ყოფნის,

სისხლი სახეზე ეშხეფება პირქვედამხობილს.

დაჰყურებს ტუჩებს გაფითრებულს, სისხლისგან დაცლილს,

მის ხელს იღებს და გაყინული თითები ზარავს,

ეჩურჩულება, ის კი ისევ ცივი და მკაცრი,

ადრინდელივით მის ღრმა წუხილს არ აგდებს არად.

მერე აუწევს ქუთუთოებს და იმ შუქს ეძებს,

რომ ჩაფერფლილა უსიცოცხლო თვალების ფსკერზე.

ის ორი სარკე დაბინდულა, რომელთა იქით

თავის ორეულს უყურებდა ვენერა ხშირად,

გაუჩნდა ბზარი, რასაც ჰქონდა მადლი და ხიბლი,

რაც თვალს გვტაცებდა დამჭკნარი და იავარქმნილა.

ო, ჟამთა დენავ! მზეს ცაზე სვლა არ მოსწყინდება,

თუმც ადონისის მზე არასდროს არ ამობრწყინდება.

რადგან დატოვე ეს სოფელი, ვგრძნობ, რომ მარადის

გაჰყვება ტრფობას თანამგზავრად სევდა უძირო,

სიამტკბილობა მოექცევა თავში ამალას

და სინანული თან მოყვება ბოლოს უცილოდ.

სიწმინდეს მოსპობს ძალადობა და დამცირება

და სიხარული მწუხარებას შეეწირება.

ყალბი, ორპირი სიყვარული გრძნობებს წალეკავს

და შუღლით შობილს კვირტში მოსპობს ძალა ცბიერი,

ზედაპირს ატკბობს, საწამლავს კი ძირში დალექავს,

გამოცდილ თვალსაც მოატყუებს ყალბი იერით,

ძლიერს მოაქცევს უსუსურად, ბრძენს დაამუნჯებს

და ბრძნულ იგავებს ათქმევინებს სულელის ტუჩებს.

ხან მძვინვარებით, ხან წყალობით იქნება სავსე

და ბერიკაციც მის წინ ცმუკვას დაიწყებს ანცად,

შარაგზის ყაჩაღს დააყენებს სიკეთის გზაზე,

მდიდარს განძარცვავს, ღატაკს ჰგიებს ყოველთა განძთა,

სულელს მოთოკავს, გიჟს კი უფრო გადარევს დამშვრალს,

ყრმას ბერად აქცევს და ბერიკაცს უსუსურ ბავშვად.

ეჭვით დაგხრავს და უმიზეზოდ აგავსებს შიშით,

შიშს გაგიქარწყლებს, თან ჩაიდებს გულს სიბოროტეს,

ხან აგამაღლებს, ხან დაგამხობს სასწორი მისი,

მართალს ტყუილად მოგაჩვენებს, მოგსპობს ბოლომდე,

გულით მიმნდობს კი გიღალატებს და თავზარს დაგცემს,

ძლიერს აღავსებს შიშით, მხდალს კი მამაცად აქცევს.

გადაიქცევა ის მიზეზად ცხარე ომების

და შვილი მამას გამოუტანს სასტიკ განაჩენს,

ქვეშევრდომი და მონა ყოველ უთანხმოების,

ვით მშრალი თივა ნაპერწკლიდან ხანძარს გააჩენს;

რადგან სიკვდილი სატრფოს ჩემსას არ დაერიდა,

დე, სევდა სდევდეს ყველა მიჯნურს ამიერიდან.”

და უცებ, თითქოს ავიდაო ზეცაში ნისლი,

უსულო ვაჟი მის თვალთაწინ უცებ გაქრება

და იმ ადგილას, სადაც მიწას ფარავდა სისხლი

ჩნდება ყვავილი მეწამული, თეთრი ლაქებით, 18

რომ წააგავდა მის მკრთალ ღაწვებს და წვეთებს სისხლის,

რომელსაც უხვად დაეფარა სხეული მისი.

ქალღმერთი დაბლა დაიხრება და ყვავილს სუნავს,

მისი სურნელი ადონისის სუნთქვას აგონებს

და ჰფიცავს, რომ მას არ მოაკლებს მოვლას და ზრუნვას,

რადგან ადონისს ვერ იხილავს ვეღარასოდეს.

მოწყვეტს ყვავილს და მწვანე წვენი მკერდს დაეღვრება

და ეჩვენება იგი სატრფოს ცხარე ცრემლებად.

“ნაზო ყვავილო, შესაბრალო, მამის ხატებავ,

ხარ მშვენიერი, თუმცა გჯობდა მამა მშვენებით,

მცირე სევდაც კი მის თვალს ცრემლით გაანათებდა,

სხვებს გაურბოდა და სიმორცხვე ჰქონდა შენებრი,

შენს სამყოფელად დამითმია ეს თბილი უბე,

სჯობს რომ აქ დაჭკნე, ვიდრე სისხლის მოგაშთოს გუბემ.

ჰა, მამაშენის სარეცელი, ეს თბილი მკერდი,

მემკვიდრე შენ ხარ და უცილო მფლობელი მისი,

იძინე მშვიდად, მეც ვიჯდები მუდამ შენს გვერდით,

როგორც აკვანთან ძიძა რომ ზის ღამით და დღისით.

ო, ჩემი სატრფოს ნაზო პირმშოვ, სხვა რაღა მრჩება

აწ შენი კოცნით უნდა ჩავკლა უსაზღვრო ვნება.”

და მიიჩქარის, რომ გასცილდეს ამ ცოდვილ სოფელს,

ვერცხლისფერ მტრედებს მსუბუქ ეტლში შეაბამს უმალ,

ქარივით სწრაფნი მიელტვიან ცათა სამყოფელს,

ფრთების შრიალით მიარღვევენ სივრცეებს მდუმარს.

პატმოსისაკენ მავალ ქალღმერთს მფარველობს ზენა, 19

რომ სამუდამოდ განერიდოს მოკვდავთა მზერას.

შენიშვნები

მითი ადონისის შესახებ მიეკუთვნება უძველეს ფოლკლორულ თქმულებას. იგი სირიული წარმოშობისაა, შემდეგ ეგვიპტეში გავრცელდა, აქედან გადავიდა კვიპროსში, ბერძნებთან და მიიღო ისეთი სახე, რა სახითაც ეს თქმულება ცნობილია ევროპელ ხალხებს შორის.

            უძველეს ვარიანტში ადონისი (ადონიდი) იყო ასირიელი მეფის – ფინის ვაჟი, ხოლო ბერძნებთან ფენიქსისა და ალფისიბეის, კვიპროსის მეფის ქალიშვილის ვაჟი. მშვენიერი ჭაბუკი შეუყვარდა აფროდიტეს (ვენერას), რომელმაც ადონისი მიწისქვეშეთის სამეფოს დედოფალს, პერსეფონეს მიანდო. პერსეფონეს თვითონვე შეუყვარდა ადონისი და აღარ მოისურვა მისი აფროდიტესთვის დაბრუნება. მათი დავა ზევსმა გადაწყვიტა, რომლის ბრძანებით წლის ერთი მესამედი ადონისს მიწისქვეშეთში უნდა ეცხოვრა, მეორე მესამედი აფროდიტესთან, ხოლო დანარჩენი დრო თავისი სურვილის მიხედვით გამოეყენებინა. ამით ისარგებლა ადონისმა და უფრო მეტ ხანს აფროდიტესთან რჩებოდა. როდესაც დავაჟკაცდა, მან ხელი მიჰყო ნადირობას და გარეული ტახისგან მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. ამ მითის უკვე დადგენილი ახსნის მიხედვით, ადონისი სიმბოლურად განასახიერებს ბუნების გაღვიძებას გაზაფხულზე და ჭკნობას შემოდგომის ჟამს, როდესაც ადონისი მიწისქვეშეთის სამყაროს უბრუნდება.

            დღესასწაული, რომელიც ადონისის სადიდებლად იმართებოდა, გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში. უძველესი რიტუალი გულისხმობდა ორი განსხვავებული წესის აგებას: პირველ დღეს ზეიმობდნენ ადონისის დაბრუნებას აფროდიტესთან, რასაც მოსდევდა მხიარულება, ხოლო მეორე დღეს ყოველთვის გლოვით აღნიშნავდნენ, რითაც გამოხატავდნენ მწუხარებას ადონისის პერსეფონესთან დაბრუნების გამო. ამ რიტუალის კვალი შენარჩუნებულია ძველ ბერძნულ პოეზიაში. თეოკრიტეს მეთხუთმეტე იდილია ხოტბას ასხამს პირველ დღეს; ასევე ბიონის პირველი იდილია – “ადონისის ეპიტაფია”, დასტირის მშვენიერი ჭაბუკის სიკვდილს.

            ქართული მითოლოგიური ლექსიკონის მიხედვით, ადონისი ფინიკიელთა ბუნების ღვთაების ბერძნული სახელწოდებაა – მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ბუნების განსახიერება. აღმოსავლეთში ადონისის კულტის ცენტრი იყო ჰებალი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში ადონისის კულტს უკვე თაყვანს სცემდნენ საბერძნეთში, ცოტა მოგვიანებით კი – რომშიც. ბერძნული მითების მიხედვით, იგი მშვენიერი მირას ანუ სმირნას და მისი მამის – კვიპროსის მეფის ვაჟია. ზოგიერთი მითის მიხედვით, ღმერთქალთა დავა და ადონისის ქვეყნად დაბრუნება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი ტახმა დაგლიჯა. სხვა მითები მოგვითხრობენ, რომ ადონისმა თავისი სილამაზის წყალობით შეძლო საყვარლად გაეხადა ევრონიმე, რამაც ზევსის რისხვა და ადონისის სიკვდილი გამოიწვია. კიდევ ერთი მითის მიხედვით, ადონისი მოკლა არესმა აფროდიტეზე ეჭვიანობის გამო.

            ფინიკიასა და სირიაში ყოველწლიურად იხდიდნენ ადონისის დღესასწაულს, რომელშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. საბერძნეთში ადონისის სახელზე აშენებდნენ ყვავილთა ბაღებს, ადონისისათვის საჩუქრად მოჰქონდათ საკუთარი თმები და სხვა….

ხელოვნებაში ადონისი გამოისახებოდა საოცარი სილამაზის ჭაბუკად (ჩვეულებრივ, აფროდიტეს გვერდით), ზოგჯერ როგორც მკვდარი ან მომაკვდავი. მითს აფროდიტეს და ადონისის შესახებ ხშირად იყენებდნენ ხელოვანნი (ტიციანი, ვერონეზე, რუბენსი და სხვა).

ძველ რომაულ პოეზიაში მითმა ადონისის შესახებ დაკარგა ადრინდელი რელიგიურ-რიტუალური მნიშვნელობა და შეიძინა ეროტიკული ხასიათი. სწორედ ამგვარად წარმოგვიდგენს ამ თქმულებას ოვიდიუს ნაზონი (43 წ.ძვ.წ. – 17წ.ახ.წ.) თავის მოთხრობების კრებულში “მეტამორფოზები” (მეათე წიგნი).

            შექსპირის მიერ დამუშავებული მითი ადონისის შესახებ არ წარმოადგენს ოვიდიუსის “მეტამორფოზების” მეათე სიმღერის ბრმა კოპირებას. ძველი თქმულების მოტივებს შექსპირი თავისუფლად, თავისი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის იყენებს, რაც აღორძინების ეპოქის ფილოსოფიურ პრობლემატიკას ეხმაურება.

1. ოფლიან ნებებს ­ ოფლიანი ხელები ითვლებოდა სისხლსავსე, ხორციელი სიყვარულისა და ვნებიანი ლტოლვის ნიშნად. შექსპირი ამაზე მიუთითებს „ოტელოში“ (III, 4) და „ანტონიუს და კლეოპატრაში“ (I, 2).

2. ნარცისიც თვისი ანარეკლის დადნა მზერაშიუ ­ ძველბერძნული მითის მიხედვით, რომლის შესახებაც შექსპირს შეეძლო წაეკითხა ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ (მესამე წიგნი), ნარცისი არის ულამაზესი ყმაწვილი, რომელიც უარყოფდა ქალის სიყვარულს და თავისივე ანარეკლი შეუყვარდა, რომელიც მან წყაროს წყალში დაინახა. მან ვერ მოსწყვიტა მზერა თავის ანარეკლს და სულ უფრო და უფრო ძირს იხრებოდა. ბოლოს იგი ჩავარდა წყალში და დაიხრჩო, შემდეგ კი ყვავილად მოევლინა ქვეყანას.

მდინარის ღმერთის ­ კეფისოსისა და ნიადლირიოპეს ვაჟი, ულამაზესი ყმაწვილი, მითის მიხედვით, ღმერთებმა იმის გამო, რომ მან უარყო ფერია ექოს სიყვარული, თავდვთიწყებამდე შეაყვარეს საკუთარი გამოსახულება, იგი გამუდმებით უყურებდა თავის ანარეკლს წყალში და სიყვარულით იბნიდებოდა. ამ მითის მიხედვით, იგი თავისთავის სიყვარულისაგან გარდაიცვალა.სიკვდილის შემდეგ იგი ღმერთებმა ყვავილ ნარცისად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით ნარცისს უწოდებენ თავისთავზე მეტისმეტად შეყვარებულ ადამიანს (მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 209).

3. დაღლილ ტიტანმა, სამყაროს რომ მწველ სხივებს აფრქვევს,უ ­ ოვიდიუსის მიხედვით, შექსპირი ტიტანს მზეს უწოდებს, თუმცა, ძველბერძნული მითის მიხედვით, ტიტანი ეკუთვნოდა იმ ღვთაებების რიცხვს, რომლებიც ოლიმპოს ღმერთების წინააღმდეგ აღდგნენ. გვ. 14

4. თუკი რამ დარჩა აუხსნელი ამ მუნჯი სცენითუ ­ დედანში ლაპარაკია პანტომიმაზე (დამბ სჰოწ), რომელიც შექსპირის დროინდელ სპექტაკლს წინ უსწრებდა და წარმოადგენდა პიესის სიუჟეტის მიმიკურ, უსიტყვო გამოხატვას. იხ. „ჰამლეტში“ (III, 2), სადაც მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენას წინ უსწრებს პანტომიმა.

5. სირინოზის ხმა აორკეცებს ჩემს გულის ტკივილსუ ­ სირინოზი ­ მითიური არსება, რომელიც წელსზევით მშვენიერ ქალს განასახიერებდა, ხოლო წელსქვევით კი თევზის კუდი ჰქონდა. გადმოცემის თანახმად, სირინოზები სიმღერით ხიბლავდნენ მეზღვაურებს და ავიწყებდნენ ყველაფერს, რის შედეგადაც შიმშილით კვდებოდნენ. ეს მითი ევროპულ ლიტერატურაში „ოდისეას“ მიხედვითგავრცელდა (წიგნი XII).

6. ვარსკვლავთმრიცხველმა რომ გვაუწყოს სიკვდილის მოსვლაუ ­ შექსპირის ეპოქაში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ვარსკვლავებს შეეძლოთ ადამიანის ბედის წინასწარმეტყველება.

7. თანაც მაცდურის კუპიდონის იფიცებს ისარსუ ­ კუპიდონი სიყვარულის რომაული ღვთაებაა, ვენერას ვაჟი.

8. განიცდის ტანჯვას ტანტალოსზე ათასჯერ მეტადუ ­ ტანტალოსი ­ ფრიგიის ან ლიდიის მეფე. ზოგიერთი მითის მიხედვით, იგი არგოსის ან კორინთოს მეფეა. ღმერთებმა იგი დასაჯეს სიამაყისთვის. სხვადასხვა მითი მის დანაშაულად სხვადასხვა ვერსიას ასახელებს. ერთ­ერთი მითის მიხედვით, იგი მიწისქვეშეთში ყელამდე წყალში იდგა და წყურვილით და შიმშილით იტანჯებოდა. როგორც კი წყლის დალევას მოინდომებდა, წყალი მისგან შორს გარბოდა, მის ზემოთ კი ხილით დატვირთული ტოტი იყო დახრილი, მაგრამ როგორც კი ხილის მოწყვეტას განიზრახავდა, ტოტი უმალ ზევით იწევდა და მიუწვდომელი ხდებოდა.

9. თუმც ელისიის მწვანე მინდვრებს მიადგა ნეტარსუ ­ ელისიის მინდვრები ­ ნეტართა და ცხონებულთა საცხოვრებელი ადგილი იმიერ ცხოვრებაში, სადაც მარტო ღრმად მორწმუნე და ღირსეული ადამიანები ხვდებიან სიკვდილის შემდეგ. გადატანითი მნიშვნელობით, ედემი, სამოთხე ნეტართა კუნძული, ელისიის მინდვრები სილამაზისა და ბედნიერების, მუდმივი განცხრომის სინონიმია.

10. ვით ოსტატურად დახატული ყურძნის მტევნები ­ იგულისხმება თქმულება ძველბერძენ მხატვარ ­ ზევკისზე, რომელმაც ისე ნატურალურად დახატა სურათზე ყურძნის მტევნები, რომ ჩიტები მოფრინდნენ მათ ასაკენკად.

11. და როცა ტახზე ნადირობა ახსენე, შევკრთიუ ­ ამბავი ტახის მიერ ადონისის მოკვლისა, სათავეს იღებს მითის/ ლეგენდის უძველეს ვარიანტებში.

12. დიანაც ცდილობს დაემალოს შენს მარჯნის ტუჩებსუ ­ დიანა ­ რომაელთა ღმერთქალი ­ ცნობილია, ზოგჯერ როგორც კეთილგონიერების, ზოგჯერ როგორც მთვარის, სინათლის ქალღმერთი; აგრეთვე, მას თვლიან მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ნაყოფიერების მფარველად. ამ პოემაში ვენერას სურს თქვას, რომ დიანაც ვერ გაუძლებდა ადონისის სილამაზეს და იძულებული იქნებოდა გაქცეულიყო, რომ ცდუნებისგან ეხსნა თავი. ხოლო, ის, რომ იგი მთვარის ღვთაებადაც იწოდებოდა, ამას მოწმობს პოემის მომდევნო სტროფები.

13. ცინტია ­ იგივე ბერძნული კინთია, არტემიდეს (დიანას) ერთ­ერთი სახელი

14. ამიტომ არ ღირს, რომ მიბაძო გულცივ წმინდანებს, / ანდა მონაზვნებს, შეყვარებულთ საკუთარ თავშიუ ­ ტექსტშია ვესტალს ­ ვესტალები, წმინდა ქალწულები, რაც შეეხება მონაზვნებს, ეს შექსპირის მიერ დაშვებული ტიპიური ანაქრონიზმია.

15. მიაშურა მირტის წარაფებსუ ­ წარაფი ­ პატარა, მოგრძო ტყე. მირტი ­ ერთგვარი მარადმწვანე ბუტკოვანი მცენარე ან დაბალი კენკროვანი ხე, ოვალური პრიალა ფოთლებით და ნაზი ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით. საბასთან ­ მურტი.

16. მსურდა ტრფიალის ოქროს ისრით დამეჭრა ისიც, / შენ კი გაწირე სასიკვდილოდ მაგ შავი ისრითუ ­ ადონისი უნდა დაჭრილიყო სიყვარულის ღმერთის ისრით, მას კი სიკვდილის ღმერთის შავი ისარი მოხვდა (ე. მელონის განმარტება).

17. აღარ გვჭირდება არც პირბადე, არც ქუდი ახლაუ ­ შექსპირისეული ანაქრონიზმი. შექსპირისეული მოდის გადატანა ძველ მითში.

18. ჩნდება ყვავილი მეწამული, თეთრი ლაქებითუ ­ ძველ მითში, ადონისის დაღუპვის ადგილას აღმოცენდა ყვავილი. პოეტი ბიონი „ადონისის ყვავილს“ უწოდებს ვარდს. პლინიუსი ­ ანემონს, სხვები ყაყაჩოს და ბოლოს ყვავილ დელონუქსს (დელონუხ გენ.), რომელიც თითქოს მოკლული მონადირის სისხლზე აღმოცენდა.

19. პატმოსისკენ მავალ ქალღმერთს მფარველობს ზენაუ ­ პატმოსი ­ ქალაქი კვიპროსზე, რომლის სიახლოვესაც, მითის თანახმად, ზღვის ქაფიდან დაიბადა აფროდიტე. რომში აფროდიტეს კულტი შეუერთდა ვენერასას.

            მთარგმნელის შესახებ:

            მედეა ზაალიშვილი მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე.

თარგმნილი აქვს:

            უმლიამ შექსპირი – “ტიტუს ანდრონიკუსი”;

            1983 წ.            ხუთტომეულის I ტომი;

            პერსი ბიში შელი – ლექსები; 1964-65 წ. “ლიტერატურული საქართველო”, “ცისკარი”

            უილიამ ბატლერ იეიტსი – ლექსები;  ”პოეზია” 1983 წ.

            უილიამ ფოლკნერი – “სული რომ ამომდიოდა”, 1989 წ. “საბჭოთა აჭარა”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button