ლიტერატურამოთხრობა

ლეო ქიაჩელი – ალმასგირ კიბულან

ინგურზე, ხუბერ–ჭალას შესართავთან, ლენხერში, სვანები ხე–ტყეს ამუშავებდნენ. სულ ათამდის იქნებოდნენ. მათ შორის იყო კალას თემის შორეული სოფლის ხალდეს მცხოვრებიც, ალმასგირ კიბულან. იგი თავისი დევური აღნაგობით ისე განირჩეოდა დანარჩენებისაგან, როგორც ველებური სვანური კოშკი სვანების ჩვეულებრივი სადგომებისაგან.
ამ ალმასგირ კიბულანს თან ახლდა თხუთმეტი წლის ვაჟი, სახელად გივერგილა, საკვირველი მონადირე, რომელსაც თავის სოფელში “დალი გეზალ”–ს უწოდებდნენ, რაც დალის შვილს ნიშნავს.
იგი პირველად იყო ხე–ტყის დამზადებაზე.
მამა–შვილი ხუბერზე სამუშაოდ მათ ნათესავს ბიმურზოლა მარგველიანს გამოეწვია ხალდედან. თვითონ ბიმურზოლაც ხალდეელი იყო, მაგრამ ამჟამად ლენხერს ესახლა. მას ჯერ კიდევ შარშან პირობა დაედო ხის მოიჯარადრე კაუზა ფიფიასთან, რომ წელს ზაფხულის დამდეგს ამ სატივედ გამზადებულს, განსაზღვრული ზომის ხეს – სულ ფიჭვსა და ნავს – სოფელ ჯვარში ჩააბარებდა, საქართველოს ხე–ტყის ტრესტის რწმუნებულის კანტორის სატივესთან.
გარიგებისთანავე ბიმურზოლას ფიფიასაგან ბე და მეტყევის სათანადო მოწმობა მიეღო. ალმასგირ კიბულანსა და მის შვილს გარდა, კიდევ რამდენსამე მეზობელს, ხის გამოცდილ მუშებს, შეთანხმებოდა, და ამნაირად იმავე ზამთარს სვანები ხუბერ–ჭალას ნაპირებზე ამართულ ფიჭვის ტანაყრილ დევებს შესჭიდებოდნენ. წამოექციათ ასი რჩეული, იქვე ფერდობებში, მდინარის გასწვრივ, ჩაერიგებინათ საზამთროდ, რომ ადრე ზაფხულზე ადიდებული ხუბერით ინგურის ტანწყლისკენ დაეცურებინათ და ასე სოფელ ჯვარში დანიშნულ ადგილს ჩაერეკათ.
და მთელი კვირა იყო, რაც ახლა, გაზაფხულის მიწურულზე, ისინი ისევ ხუბერს მისულიყვნენ და მუშაობას შესდგომოდნენ.

ნიაღვრიან გაზაფხულს ხევები ნაკადულებით დაესერა, მთების გულმკერდი ღელეების თეთრი აბრეშუმის არშიებით დაებლანდა და აქაფებული ჩანჩქერები შმაგი ხევებისათვის ცალკე მდინარეების შნო და ძალა შეემატებინა, ხოლო ღარავსილი ხუბერ–ჭალა მათ შორის გაენადგურებინა.
ერთი კვირის განმავლობაში სვანები საერთო ღონითა და მომარჯვებული ოწინარებით ძელებს ფერდობებიდან სძრავდნენ და თავდაქანებულთ აღმუილებული ხუბერის ზვირთებში ნთქავდნენ. მათ დაჯახებაზე კლდეებს თეთრი ნაპერწკალი სცვიოდა და მაღლა ავარდნილი ქაფის ალები მზეზე მოქნეული ხმლებივით კიაფობდნენ.
ირს, ინგურის შესართავთან, მაღლიდან დაქანებულ ხეებს ალმასგირ და გივერგილა დარაჯობდნენ გრელი ჭოლოკებით აღჭურვილები. – ინგურის მორევში ჩაყვინთულ ძელებს ზედაპირზე ამოტივტივებისთანავე ისინი ჭოლოკებით ეგერებოდნენ და მიწოლით მდინარის მარცხენა ნაპირისაკენ მირიყავდნენ* აქ კი, კლდის ჩიხისებურ ღრუში მოქცეული, მთავარ კალაპოტს აცდენილი წყალი დამდორებით ტორტმანობდა და ისევ მარჯვნით უხვევდა მთავარ ტანთან შესაერთებლად.
ეს ადგილი ინგურზე ხეების ნავსადგურად იყო მიჩნეული. აქ აქუჩებდნენ მოდენილ ელებს, რომლებსაც შემდეგ სათითაოდ, მწყობრად სოფელ ჯვარისკენ ისტუმრებდნენ. ნაპირ–ნაპირ აედევნებოდნენ, სადაც ეს შესალებელი იყო, და გზას უკაფავდნენ.
ალმასგირსა და გივერგილას დიდალი ხე მოემწყვდიათ ამ ჩიხში.
ცხვრის განაჭირ ფარასავით ქლოშინით ისვენებდნენ აქ ელები. ცახცახით ეკვროდნენ ერთმანეთს და კლდეებთან ბროლაში მიღებულ ჭრილობებს იშუშებდნენ.
ამ ადგილიდან დაშორებით, უნაგირივით მაღლიდან გადმოზნექილი ნაპირის ძირში, ჩამონაპობი კლდის კედელთან, სვანებს სახელდახელოდ კარვისებური საჩრდილობელი სადგომი აეგოთ, ოთხსვეტიანი, ნაბდითა და ნავის წიწვიანი ტოტებით გადახურული. ეს იყო მათი ღამის სათევი და დასასვენებელი ბინაც.
ამ კარვის წინ თანაბარი სიდიდის სამ ქვას შუა მუდამ ცეცხლი ენთო გაუქრობლად და ქვებზე პატარა კარდალა იყო შედგმული. ხელმარჯვე გივერგილას წყალობით სვანებს თითქმის ყოველდღე ჰქონდათ ნანადირევის ხორცი, უფრო კი კაკბისა, რომელიც მრავლად ბუდობდა მახლობელი ხევების ხრიოკ კლდეებზე. კარვის სვეტებზე ტყაპუჭები ეკიდა, გუდანაბდები და მოკლე სვანური ჩოხები ქამრებითა და ყამებით. წინ, ცალკე, ზემო ბოყვთან, ჯიხვის ტყავის “ქვირქზე” თასმით გადაკიდებული ერთლულიანი ფილთა ბზინავდა, ველებური ვერცხლით შემოსალტული.
“ქვირქიც” და თოფიც გივერგილას ეკუთვნოდა. ერთი იყო მის მიერ პირველად მოკლული ჯიხვის ტყავისა, მეორე – მისი სიამაყე, სანადირო ველი ფილთა, დალის მიერ საკუთარი ხელით სამჯერ ნაფერი და ამდენჯერვე დანალოცი.

საღამოვდებოდა, როცა ალმასგირმა ხუბერის ღარით ჩამოქანებული უკანასკნელი ხე ჩიხში დააბინავა, ჭილოკი მხარზე გადიდო. კორიანი კაუჭა სალოკი თითი ჰაერში შეარჭო და ძელების ჯოგს თვლა დაუწყო.
მალე ბიმურზოლაც დაეშვა მაღლიდან დანარჩენი მუშების თანხლებით. ალმასგირთან ნაპირზე მოქუჩდნენ. უხაროდათ, რომ მძიმე სამუშაოს მორჩნენ: აქედან ხეებთან ჭიდილს ინგურის ტალღებს უთმობდნენ. ახლა ბიმურზოლამაც დაიწყო თვლა. მას სხვებიც დაეხმარნენ. სრულად ასი აღმოჩნდა, რაც ერთმანეთს დაუმოწმეს.
მერე კარვის ცეცხლთან მოგროვდნენ.
ტანი დაიფერთხეს. ნაბდები მოისხეს. ყალიონი გააბოლეს.
ღერღლიანი სვანური მასლაათი წამოიწყეს.
გივერგილამ სვეტზე ჩამოკიდებული თავისი “ქვირქი” და ფილთა ჩამოხსნა. “ქვირქი” ზურგზე მოიგდო, თოფი იღლიაში და შეუმჩნევლად, ბოკვერის ნახტომით, როგორც ცხენს, აღმართის ზურგს ისე შეახტა.
ერთი გაინაბა და ხევებზე გადმოწოლილ ხრიოკ კლდეებს თვალი მიმოავლო.
ასაფრენად გამზადებულ შევარდენივით შეკუმშულიყო.
ნისკარტივით მოკაუჭებული ცხვირის ორთავე მხარეს მოწითალო შუქთა მფრქვეველი ჟღალი თვალები უელავდნენ.
კაჟისფერ მკლავსა და მკერდზე შვილდივით მოჭიმული კუნთები უკრთოდნენ.
თვალი შეასწრეს უფროსებმა. ამაყად ჩაიღიმეს და ცოტა განზე კლდესთან აყუდებულ ალმასგირს შურით შეხედეს.
ბიმურზოლამ ჭაღარა წვერი დაიბერტყა, ახმიანდა და კიბულანის ვაჟს სიმღერის კილოზე წარმოთქმული მონადირეთა ლექსით მიმართა წასაქეზებლად:
ვოიდა ლემჩილ იჰავოდა იაკამ,
ვოიდა გივერ იჰავოა გილა,
ხითხვიიარე ჭანგულისგა
კოჯას ფივერს დემ ხაცური.
გივერგილაც მოსწყდა თავის ადგილს და, თითქოს ჰაერში აფრინდა, ისე გაქრა.
ალმასგირს მოულოდნელად სახე მოეღრუბლა:
– გვიან არის. აქ ადგილიც უცნობია.
მას სიფრთხილე უსაყვედურეს. მონადირე შვილის ქება უთხრეს და მოაგონეს, რომ გივერგილას ნადირობაში განსაკუთრებული ბედი წყალობდა დალის სახით.
მხრები აიწურა ალმასგირმა. თავის გასამართლებლად ჩაილაპარაკა:
– დედაკაცმა დამაბარა, ბიჭს გაუფრთხილდიო, წამოსვლის წინ სიზმარი ენახა. ახლა მენიშნა რაღაც, თორემ არც მახსოვდა.
ჩაიხარხარა ამაზე ბიმურზოლამ. იგი ქალაქებში ნამყოფი იყო და წერა–კითხვაც იცოდა.
– ბევრი სძინავთ ჩვენს დედაკაცებს, ალმასგირ. მეც ასე მეტყვის ჩემი, მაგრამ ცოცხალი ვარ ამდენი ხანია, სიზმრის ნუ გჯერა: ძველ დროში შეიძლებოდა, ახლა კი ცხადიც სიზმარია.
ალმასგირმა არაფერი უპასუხა, მაგრამ ბიმურზოლას სხვები შეეკამათნენ.
ერთმა კამათს გრძელი ამბავი მოაბა. შიგ ყველა სვანური საშინელება არია: “ცხეკი დაავ”, “ჰეერია”, “შაშშარ” და “ლახავარ”.
უცებ, თითქოს ზღაპარს მოჰყვაო, დღემ ფრთები შეკეცა და მთებში ფერთა აღრევის დრო დადგა.
აიმრიზა ალმასგირ კიბულან, დევის ლანდივით საშინელი, და იმ აღმართს შეეფინა გულჩათხრობით, რომლითაც გივერგილა სანადიროდ გაიჭრა.
მზისაგან შერუჯულ კლდეებს შორის თვითონაც გვერდებშელეწილ კლდეს ჰგავდა, რომელსაც სასწაულებრ სული ჩადგმოდა და ამოძრავებულიყო.
ახმახი იყო, უსწოროდ ნაგები, უხორცო, კუთხეებ–ჩამოხეთქილი. ნაკვთსა და ნაკვთს შორის შეღრუებული, მხრებსა და გულმკერდში სვანური რკინით შესალტული.
გამოხედვა ირიბი ჰქონდა, უნდობი და მალი. ჩამოზნექილ შუბლზე წარბები შავი ფრთებივით ესხა, რომლებიც მოყვითალო, ხორბლისმარცვლისფერ თვალებს უჩრდილავდნენ.
აღმართზე რომ შედგა, ბარისოდენა ხელისგული თვალებზე ჩამოიფარა და მზის უკანასკნელ სხივზე ოქროსფრად მოხამხამე შორეულ მთებს გახედა. სახის ვალზე დაბეგვილი აბედივით გადაკრული კანი ჩაღრმავებულ ნაოჭებს დაესერა და ზედ გაურკვეველი შიშის ლანდი გადაფენოდა.
– გივერგი–ილ!
მაგრამ ამ დროს თოფიც გავარდა და ფეხზე წამოცვივნული სვანები ხრიალით წამოვარდნენ.
“ვოიდა გივერ იჰავოდა გილა”
მეორედაც გაისმა თოფის ხმა და სერზე გივერგილაც გამოჩნდა.
ფერხულით შეეგებნენ გამარჯვებულ მონადირეს სვანები. კაკბიანად შუაში ჩაიყენეს. დარაზმეს ფეხები და ტანის საზეიმო რხევით გარს შემოუარეს.
ბიმურზოლა იყო პირველი, რომელმაც ინგურის გმინვის ხმაზე შემოსახა:
“ვოიდა ლილევო ისგვანი დიდაბ ბინგოშია, ვოიდა ლილე”,
მეორედ უკვე თვითონ გივერგილას კამკამა ხმამ მაღლა ასწია:
“ვოიდა ლილევო დიდება თარინგლეზერის, ვოიდა ლილე”
ალმასგირის ბანმაც ბოლოს მეხური ლევამოსილებით ჩაიგუგუნა…

ძირს ინგურს ნისლიანი საბანი წამოეხურა.
მაღლა ნაპირებს საღამოს ბინდის ლურჯი ლაშქარი შემოსეოდა.
უფრო მაღლა, მახლობელ მთებზე, ღონედალეული მზის ოქროსფერი ლივლივი ქრებოდა.
შორს კი თვალშეუწვდენელი “ჩოხა–თვალაშ” უშბა თავისი უბადლო ალმასების აბრჭყვიალებით დედამიწის საზღვარს გაცილებულ მზეს შორეულ გზას უნათებდა, ხოლო თავის მოძმეთ, სვანეთის გუშაგთ, თეთრგვირგვინიან თეთნულდსა და ჭაღარა ლაჰლას, ღამის მოახლოების ნიშნებს აძლევდა…
ასე მიიწურა დღე ხუბერზე ფერხულში ჩაბმული სვანების გარშემო.
გათენებისას, ისევ ჭოლოკებით შეიარაღდნენ სვანები აიკიდეს გუდა–ნაბადი, აიყარნენ და ინგურის ვიწრო ღარის გასწვრივ ჩამწკრივდნენ ხელფეხაკაპიწებულები. ჩიხიან მაღალ ნაპირთან მირიყული ძელები რიგ–რიგად ადგილიდან დასძრეს.
ჯერ კიდევ ნისლი ბურავდა გარემოს და მოახლოებულ განთიადს ღამის ბინდი ვერ გაეფანტა. მაგრამ ინგურს უკვე ეგრნო დღის გამარჯვება, მკლავები გაეშალა, სადაფის არტახები დაეგლიჯა და ნისლის საბნის ნაფლეთები შორს, მთის კალთებისაკენ გაეტყორცნა.
ყველაზე წინ მდინარის მარჯვენა ნაპირით ალმასგირ კიბულან მიუძღვოდა ხეების აშლილ ჯოგს, მის პირდაპირ, მეორე მხარეს, კლდეებსა და ტალღებს შებროლებული გივერგილა ჭოლოკს ხმალივით იქნევდა და ნისლის ღრუბლების აკაფვით წინ მიიწევდა მამის თანაბრად.
მისი ჯიხვის “ქვირქით” ბეჭებში შეკრული ტანი, რომელსაც მხრებს ზემოდან ჰაერში შემართული თოფის ლულა გადმოჰყურებდა, დროგამოშვებით ქაფის თეთრ დუღილში ბრინჯაოს ქანდაკებასავით გამოიკვეთებოდა და ისევ კლდეებსა და მათზე ნასხლტომ ზვირთებში იმალებოდა.
– გივერგ–ი–ილ! იმე ხარი?!
გაისმოდა მაშინ ალმასგირის ძახილი და ინგურის ღმუილში უცხოდ შეჭრილი მისი დაგმინება მთების თაღოვანი კალაპოტით მაღლა ცას მამის გულის ფარულ რწოლას შეღაღადებდა.
ასე განვლეს კარგა დიდი მანძილი.
უკვე დილა იყო, როცა სვანეთის საზღვრებიც გადალახეს და ხუდონს დაუახლოვდნენ.
ხუდონს ზემოთ ანაზდად წინ გარდაუვალი დაბრკოლება გადაეღობათ – უფსკრულს ჩაირული ინგურის შუა ტანში წყლიდან ვეება კლდე ამოზიდულიყო და ხეებისათვის გზა შეეკრა. კლდეს თავზე შეყენებული ძელების ხროვა მაღალი ჯიხურივით დადგომოდა და ახლად მოდენილებსაც იჭერდა.
ალმასგირისა და გივერგილას ხეებიც ტალღებმა ამ ჯებირს დაატაკეს. უკუიქცნენ შეტორტმანებით. მაშინ მორევმა ისინი ნაფოტივით შეატრიალა, ხოლო შემდეგმა წამოსწრებულმა ტალღამ ზე აიტაცა და ზოგი ჯებირის ღრუში შესტყორცნა, ზოგიც მის ზემო სართულში აისროლა.
განაპირას, ამ ორომტრიალის პირდაპირ, ალმასგირმა ადამიანების ჯგუფი შენიშნა. მათ შორის მოიჯარადრე კაუზა ფიფია დაინახა. ორიოდე ნაცნობი სვანიც შეამჩნია. სმენა ინგურს ჰქონდა წართმეული, მაგრამ თვალმა კი მიახვედრა, რომ ხალხი კაუზა ფიფიას უყვიროდა და ემუქრებოდა.
ფიფიას კი ერთ ხელში დახვეული თოკი ეჭირა, მეორეში – ოთხკუთხიანი თეთრი ქაღალდი, რომელსაც ხშირად შლიდა და კეცავდა. აღელვებულ ხალხს ამშვიდებდა და რაღაცას ბეჯითად უმტკიცებდა. თანაც ქაღალდიან ხელს კლდისკენ აშვერდა, რომელიღაც ძელზე უთითებდა, თოკსაც მისკენ აქნევდა და გაუგებარი ნიშნებით ახსნაგანმარტებას ილეოდა.
მალე ბიმურზოლაც გამოჩნდა. მოვიდნენ ალმასგირის სხვა ამხანაგებიც.
– კაუზამ მოგვატყუილა: კლდეს ტრესტი ააფეთქებსო. ასეთი იყო დაპირება.
განაცხადა ბიმურზოლამ. აიყოლია სვანები და კაუზასკენ გაემართა.
გამოირკვა, რაც უნდოდა მოიჯარადრე ფიფიას და ის ოთხკუთხიანი ქაღალდიც რას წარმოადგენდა.
იგი ერთ ჩერვონეცს პირდებოდა იმას, ვინც გაბედავდა ჯებირზე გასვლას და კლდეზე განით მიჯოგრილ ძჭელებში ყველაზე უფრო ძირში მოქცეულს თოკს გამოაბამდა.
ადვილი ჩანდა ამ ნაძლევის მოგება, განსაკუთრებით ტანმსუბუქთათვის. ნაპირსა და კლდეს შუა დიდი მანძილი არ იყო. ისიც წყალზევით ხეებს ხიდივით დაეფარა, რომლის თავები აქეთ–იქით კლდეებს მტკიცედ მიბჯენოდა.
მხოლოდ იქ თავმოყრილ მუშებს ნაძლევის რაოდენობა ეცოტავებოდათ და მომატებას მოითხოვდნენ.
ბოლოს ერთი ტანთხელი ყმაწვილი ხის მუშა დათანხმდა ჯებირზე გასვლას. კაუზამაც ფული მის არჩეულ კაცს გადასცა.
ყოველ შემთხვევისათვის, გაბედულ ყმაწვილს თოკის ერთი თავი წელზე მაგრად გამოაბეს, მეორე რამდენსამე კაცს მისცეს ხელში ნაპირზე და ასე გაისტუმრეს.
მაგრამ ხეების მრგვალი ზედაპირი ლიპიანი აღმოჩნდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაღა მოასწრო ყმაწვილმა, ფეხი დაუსხლტა და ძელებზევე დაეცა. ხელი იტკინა. ისევ ნაპირზე გადმოიყვანეს.
ცდამ დაამტკიცა, რომ ხეები მაგრად იყო შეკრული და ხიდი ამ მხრივ მართლა უშიშარი აღმოჩნდა. მაგრამ ფერწასულმა ყმაწვილმა ცდის განმეორებაზე უარი განაცხადა. ხელის ტკივილი მოიმიზეზა.
მაშინ გივერგილამ ბიმურზოლას ყურში ჩასჩურჩულა, რომ იკისრებდა ძელზე თოკის მობმას.
ბიმურზოლამ ხელი დასტაცა გივერგილას, კაუზა ფიფიას წინ დაუყენა და მისი სურვილი საჯაროდ გამოაცხადა.
გაჯავრდა ალმასგირ. შვილს მკლავები ფრთებივით გადააფარა და განზე გაიტაცა. შეუწყრა ბიმურზოლას ასეთი საქციელისათვის. ეგონა, რომ გივერგილას ის აქეზებდა.
გივერგილას თავის გამოჩენის სურვილით ანთებული თვალები ისევ ჩაუქრნენ.
აჩოჩქოლდნენ ნაცნობი სვანები, გივერგილას გამბედაობა მოუწონეს. ალმასგირს ზოგი საქმის სიადვილეს უმტკიცებდა, ზოგი კი ფულს აბარებდა.
უცნობებმაც, როცა გივერგილა შეათვალიერეს, გადაჭრით სთქვეს:
– ეს ნაძლევი ამ ვეფხვს მოუგიაო.
გივერგილას წინააღმდეგ ახლა სხვა არავინ გამოჩნდა მსურველი.
ბოლოს იმდენი იყაყანეს, რომ ალმასგირიც ჩააჩუმეს.
გახარებულმა მოიჯარადარემ ფულიც უმალვე მას გადასცა. მეტი გაფიქრება არ აცალა, ისევ უარი არ სთქვასო, თავისი ხელით უბე გაუხსნა და შიგ ჩაუჩარა.
გივერგილამ თოფი ჩამოიხსნა, მამას მხარზე ჩამოჰკიდა.
შეაბეს თოკი. მეორე თავი ალმასგირმა სხვებს არ დაანება, ჩასჭიდა ხელი და კლდის კიდურზე ფეხის მიბჯენით მთასავით დაეყუდა ჯიხურის გალია პირდაპი.
ხელები ფრთებივით გაშალა გივერგილამ. ტანის სიმძიმე მხრებიდან შემოიბოჭა და დარხეული წონასწორობით თვალის დახამხამებაში გალია მანძილი ჯებირამდე.
ყველანი სულგანაბულნი შესცქეროდნენ.
არავის ესმოდა ყრუ, ჩანთქმული ძახილი, რომელიც ალმასგირს გულის სიღრმიდან ჯლოხინივით ამოსდიოდა:
– გეყოფა, გივერგილა… ახლა დაბრუნდი.
გივერგილა ჯებირს ჩაჰყვა ზევიდან ქვევით. მარჯვედ შეაჯდა ერთს მოხდენილად გამოწეულ ხეს, გადაიღუნა და იმ ძელს მისწვდა, რომელიც დასათოკად იყო მიჩნეული.
– აი, ბიჭი! ყოჩაღ! – დაიგუგუნა ნაპირმა.
და ერთდროულად რაღაცამ მდინარეში საშინლად გაიხრიალა. მისგან მთების კედლები შეჰქანდნენ და გარშემო მიწაც შეინძრა.
დაინგრა ჯებირი და საკვირველი ძლიერებით გამოტყორცნილმა ისარივით სწორმა ძელებმა, ზევით ჰაერში, დაბლა კიდევ წყალში, თავზარდამცემი ჭმუილ–შუილით თვალით უნახავი დოღი გამართეს. მათმა სიმრავლემ კიდევაც ჩამოაბნელა ვიწრობში.
ერთ წუთში ვერავინ ვერ გამორკვეულიყო.
უცებ ჯებირის ნგრევის ხმაზე არანაკლებად შემზარავი გმინვაც გაისმა ნაპირზე:
– გივერგილ, იმე ხარი?
იქ მყოფთ ახლა ამ ხმისკენ მოიხედეს.
ალმასგირ კიბულან წყლის პირად დამდგარიყო მხარბეჭგაშლილი, მარჯვენა ხელში თოკის ერთი თავი ეჭირა, მარცხენაში – მეორე თავი. ხან ერთს დახედავდა, ხან მეორეს და ცოფმორეული მხეცივით ღმუოდა:
– გივერგილ, იმე ხარი?
ახლა ხალხიც გამოერკვა.
– გივერგილ! გივერგილ! – გაისმა ჩოჩქოლით.
მაგრამ გივერგილა არსად იყო.
ალმასგირმა ახლა ნაპირი შეათვალიერა.
– გივერგილ! – დაიყმუვლა და შემოტრიალდა.
ნაპირზე მყოფთ შემზარავი თვალები შეანათა.
ხალხის დანახვა ეოცა, თითქოს პირველად დაინახაო.
– გივერგილ… – შესახა კიდევ.
– სად არის, ძმებო, გივერგილა? – იკითხა მერე და თვალების ცეცხლზე ცრემლი გადაეღვარა.
კლდის კედელთან შეშინებული კაუზა ფიფია აწურულიყო.
ალმასგირ მას მივარდა. თოკი ხელიდან გააგდო.
– კაუზა, აჰა, შენი ფული! დამიბრუნე ჩემი გივერგილ!
ფული ამოიღო, გაუწოდა. მერე უბეშივე ჩაუდო საკუთარი ხელით.
– აჰა, ძმაო…
ორთავე მკლავებზე ხელები მოჰკიდა. შეევედრა, შეანჯღრია.
– აჰა, შენი ფული! წაიღე. ჩემი შვილი დამიბრუნე, – კვლავ ვედრებით მიმართა. მაგრამ რაკი კაუზა ფიფია ხმას არ იღებდა, ერთხელ კიდევ შეანჯღრია და შეაქანა.
უცებ კაუზას ზურგს უკან ამართული მაღალი კლდის შავი კედელი წითლად შეიღება. ზედ ტვინგარეული სისხლი შეექცა. წინწკლებად დადინდა. ალმასგირს სახეზე შეეშხაპუნა.
ცოცხალი ფიფიას ნაცვლად ახლა კიბულანს ჩოხის მოგლეჯილ სახელოებში გაყრილი უტანო მკლავები ეჭირა. ძირს კი მის ფეხებთან მოიჯარადრის უთავო ტანი ეგდო.
ალმასგირი ხან ერთ ხელს მიიტანდა თვალებთან, ხან მეორეს. გაოცებული დასცქეროდა ხელებში შერჩენილ სისხლიან მკლავებს. ეტყობოდა, ჩადენილის აზრი და მნიშვნელობა ვერ გაერკვია.
– ალმასგირ, რას სჩადიხარ? – მოესმა მოულოდნელად ბიმურზოლას ხმა, მაშინ ალმასგირმა ხელები შეუშვა კაუზას მკლავებს და მთელი ტანით შექანდა.
– ბიმურზოლ! – შესახა საშინელი ხმით და მოტრიალდა.
მის ხმაში ახლა სისხლის წყურვილი ჰკიოდა.
მიმოიხედა. გარშემო არავინ იყო. ბიმურზოლაც არ ჩანდა, რომელსაც ეძებდა. ყველანი შიშით მიმალულიყვნენ.
ალმასგირმა ისევ ინგურს მიმართა.
კლდის ქვემოთ, სადაც ჯებირი დაინგრა, წყლის ზედაპირზე რაღაც ნაცრისფერი ამოტივტივდა და ზვირთში გაერია.
– გივერგილ!
გადასახა ინგურს ალმასგირმა და დევის ლაჯებით მიჰყვა მის გაშმაგებულ მდინარებას…

წყლის ყოველი აქოჩრება შვილს ალანდებდა. ზვირთის ყოველი გაქანება გივერგილას სახეს წარმოუდგენდა.
შვილის ფილთა შერჩენოდა მხარზე, მაგრამ მას არ გრნობდა. თავში, გულში, ტანში, თვალებში – მხოლოდ გივერგილა ჰყავდა. ხმაც პირიდან ამ სახელის სახით ამოდიოდა, მიდიოდა, საცოდავად მიბღაოდა. კლდეებზე აბიჯებდა, ქვებს ახტებოდა. საკუთარი ძალისათვის ახლა გივერგილას სიმარდე მიემატებინა.
სადღაც გულში იმედი უღვივოდა, რომ გივერგილა თავს არ დაიღუპავდა. ვერ წარმოედგინა მისი დაღუპვა. ამ იმედით ეგონა, რომ გივერგილა მდინარეს გამოყოლილი სადმე წყლიდან ამოსული დახვდებოდა ნაპირზე მდგარი.
მეორე ფიქრით კი სასოწარკვეთილებას გრნობდა, მაგრამ ცოცხალის თუ არა, მკვდრის ნახვის იმედი მაინც ჰქონდა. ამ შემთხვევაში თვალებს ხუჭავდა და შუბლს ხელისგულით იფარავდა, რომ საშინელი სურათი არ წარმოედგინა და მკვდარი შვილის სახე არ მოჩვენებოდა, რადგანაც გაგიჟების ეშინოდა და გონების ძალა არ ჰყოფნიდა.
დილა უკვე დღეში გადადიოდა, როცა ალმასგირის წინ სოფელი ჯვარიც გამოჩნდა.
ჯვართან ინგური გაშლილიყო. თითქოს სვლაც შეენელებინა, აქამდე მაღალი ნაპირები დავაკებულიყვნენ.
ამ ადგილებსაც იცნობდა ალმასგირ. მაგრამ ამ მხრივ სოფელი ჯვარი იყო დასასრული მის მიერ ხილული და ნაცნობი ქვეყნიერების.
თემის აღმასკომის შენობის პირდაპირ ჩავლის დროს მან შენიშნა, რომ იქ შექუჩებული ხალხი მის დანახვაზე ახმაურდა და მისკენ ხელების გამოშვერით ინგურისკენ გადმოდგა. ხალხს რამდენიმე ბიჭი გამოეყო და ყვირილით ნაპირისკენ დაეშვა. – გაკვირვებოდათ დანახვა მთიდან უეცრად გადმოვარდნილი საკვირველი შესახედაობის სულიერისა, რომელიც ძველი ზღაპრების დევგმირივით, ამ დღის სიცხადეში, ცეცხლის მთასავით მოაბიჯებდა და პირიდან მუგუზლებს, ხოლო თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.
მისკენ გამოქანებული ბიჭების დანახვაზე გული აუჩქროლდა ალმასგირ კიბულანს, შედგა. ერთს მათგანს სვანური ქუდი ეხურა და გივერგილასავით ტანასხლეტილი იყო.
– გივერგილ! – დაიღმუვლა ალერსიანად ალმასგირმა.
მაგრამ ბავშვები დაფრთხნენ, უკუიქცნენ და მიიმალნენ.
მაშინ სიმწრისაგან გულზე მოქნეული მუშტი ისე მაგრად დაირტყა ალმასგირმა, რომ მაღალმა მკერდმა ღრმად ჩაიგუგუნა და მიდამოს შემზარავი ზმუილი მოსდო:
– გივერგილ! ვაიმე, გივერგილ…
და თვალებიდან ცრემლი ღვარად დადინდა.
მალე ისევ ინგურს მიმართა და მის მსრბოლავ ტალღებს კვლავ შეუსვენებლად მისდია.
მთები თანდათან უკან რჩებოდნენ. წინ მინდვრები და ველები იშლებოდნენ. ინგურიც საკვირველად იზრდებოდა, დიდდებოდა და ტოტებს ისხამდა. გარშემო ჰაერი მიმდებოდა და ალმასგირს სულს უხუთავდა. ვაკეს შეუჩვეველს სწორი ხაზებისაგან თვალები სტკიოდა.
არ იცოდა რა ადგილი იყო, სადაც შემოაღამდა.
ძლივს მიდიოდა. ჭაობში იფლობოდა. მყარ ნიადაგს ვერ ჰპოვებდა. ეკალი ჰკაწრავდა. ოფლი და სისხლი ერთად სდიოდა.
გზას მდინარის ტანით მიიკვლევდა, რომელსაც თითბრის ცის სინათლე ადგა.
როცა მთვარე ამოვიდა, გულს ესალმუნა: იგი ერთადერთი ნაცნობი იყო ამ უცხო, შმორიან არემარეში.
უსიტყვოდ შეჰღაღადა მას გულისტკივილი.
მთვარემ პასუხად უცებ ოქროს დალალები გადმოშალა და დალის სახე მიიღო. მერე დაირხა, მოწყდა და ძირს დაეშვა ალმასგირის პირდაპირ, საკვირველად ახლოს.
ალმასგირმა კარგად დაინახა, რომ დალის ჭირისუფლური სახე დაკაწრული ჰქონდა და მოესმა, რომ ისიც გივერგილას სახელს გაჰკიოდა.
– დალი, დაა–ლი! – მაგრამ ხმა არ ჰქონდა. მხოლოდ ხრიალი ამოსკდა მკერდიდან.
იმედი მაინც მიეცა ალმასგირს. ღონე მოიკრიბა და მუხლების ქნევით კვლავ წინ გაეშურა.
მაგრამ ამ დროს ანაზდად ალმასგირის არეულ თავში ჯერ საიდანღაც მოვარდნილი საშინელი ძალის ღმუილიანი ჩაშუილება შეიჭრა და შემდეგ თვალწინ გაუგებარი საკვირველება გადაეშალა. – ჰაერისა და წყლის უსაზღვროება ერთმანეთში არეულიყო და უსახოებას ქვეყნიერება ჩაენთქა. ეს იყო ზღვა ინგურის შესართავთან.
სადღაც კიდევ დაიგუგუნა და ატორტმანებულ სივრცეში ყალყზე შემდგარმა წყლის ტალღამ ალმასგირს გზა გადაუჭრა.
განგმირულივით შედგა შიშით ზარდაცემული ალმასგირ. მას ზღვა არასოდეს არ ენახა.
პირველ წამს საშინელმა დაგუგუნებამ მის ყურთა სმენას ხუდონთან ინგურის კედელზე მიჩიხული ჯებირის დანგრევის ხმა მოაგონა.
“ნუთუ კვლავ უნდა განმეორდეს საშინელება და მის თვალწინ გივერგილა აქაც უნდა დაიღუპოს?”
– დალი… უშველე შენს გივერგილას! – უკანასკნელი ღონის მოკრებით დაიღრიალა ალმასგირმა და წყალში შესდგა ფეხი.
წინ აციალებული ზღვის სიღრმეში მან მართლა დაინახა მთვარის შუქმფენი სახე, რომელიც თითქოს ზედაპირისაკენ მოისწრაფოდა. ეს გივერგილას მფარველი დალი იყო, რომელიც ამას წინ ზეციდან ძირს დაეშვა, სადღაც ახლოს. ოქროს თმებში თვალგახილული, მოღიმარი გივერგილა გაეხვია და ალერსით გულში ჩახუტებული უფსკრულიდან ამოჰყავდა.
– გივერგილ! – არაადამიანური გახარებით შესახა ალმასგირმა, მიმე ტანი აიმჩატა, ჰაერში შემართული ხელების დიდრონი, კაუჭა თითები მოლანდებული შვილისკენ გააშვირა, წყალი შეაპო და ზღვაში შეიჭრა.
მაგრამ მას ზღვა არ უგრძვნია.
და არც სიკვდილი უგრძვნია სიკვდილის წინ, რადგანაც თვალგახელილი შვილის მომღიმარი სახე თვალთაგან არ მოშორებია.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button