ლიტერატურამოთხრობასაბავშვოწიგნები

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი სამხედრო მფრინავი

(თარგმანი ლალი კალანდაძისა)

მაიორ ალიასს, ყველა ჩემს ამხანაგს შორეული დაზვერვის
 2/33 ავიაჯგუფიდან, განსაკუთრებით კი – კაპიტან-მოთვალთვალე
მოროს და ლეიტენანტ-მოთვალთვალეებს – აზამბრსა და
დიუტერტრს, რომლებიც ჩემი თანამგზავრები იყვნენ რიგრიგობით
1939-1940 წლების ომში საბრძოლო დავალებების შესრულებისას
და რომელთა ერთგულ მეგობრადაც სამუდამოდ დავრჩები.

1

თითქოს სიზმარს ვხედავ. ისევ კოლეჟი. თხუთმეტი წლის ვარ, ხელში ფარგალი, სახაზავი და ტრანსპორტირი მიჭირავს და, მერხზე დაყრდნობილს, გულმოდგინედ გამომყავს გეომეტრიული ამოცანა. მშვიდად და გულისყურით ვმუშაობ. ჩემ გვერდით ჩურჩულით ბაასობენ ჩემი მეგობრები. ერთ მათგანს, რომელიც დაფასთან დგას, ციფრების სვეტები ჩამოუმწკრივებია. ზოგიც, ნაკლებ სერიოზული, ბრიჯს თამაშობს. დროდადრო ფანჯარაში ვიცქირები და უფრო ღრმად ვინთქმები სიზმარში. გარეთ ხის ტოტი ნელა ირხევა მზეზე, დიდხანს შევყურებ მას. ამოცანა გადამავიწყდა… შევხარი მზეს და ხარბად ვისუნთქავ ბავშვობის სურნელებას, მერხიდან, ცარციდან და შავი დაფიდან რომ იფრქვევა. სიამოვნებით ვუბრუნდები ესოდენ კარგად დაცულ ბავშვობას მე კარგად ვიცი: ჯერ პატარა ხარ. კოლეჟი, ამხანაგები. მერე კი დგება გამოსაშვები გამოცდების დღე, იღებ დიპლომს და გულის ფანცქალით აბიჯებ იმ ზღურბლს, რომლის იქითაც ერთბაშად ხდები მამაკაცი. და ახლა უფრო მძიმედ მიაბიჯებ დედამიწაზე. ცხოვრების გზას იწყებ. პირველ ნაბიჯებს დგამ. ახლა უკვე ნამდვილ მტერზე გამოცდი შენს იარაღს. ახლა სამკუთხედი, სახაზავი და ფარგალი იმისთვის დაგჭირდება, რომ ცხოვრება აშენო და მტერი დაამარცხო. დამთავრდა თამაში!

მე ვიცი, რომ, ჩვეულებრივ, არც ერთ მოწაფეს არ აშინებს ცხოვრებასთან შეხვედრა. იგი მოუთმენლად ელის ამ დღეს. ტანჯვა, საფრთხე, იმედების გაცრუება, რაც მამაკაცს ელის ცხოვრებაში, მას არ აშინებს.

მაგრამ მე უცნაური მოწაფე ვარ. მე ვგრძნობ ჩემს ბედნიერებას და არ ვესწრაფვი ცხოვრებას… გვერდით დიუტერტრმა ჩამიარა. მე ვეძახი მას.

– ჩამოჯექი, ფოკუსს გიჩვენებ…

და მე აღტაცებული ვარ, რომ ყვავის ტუზი ამოვიღე.

ჩემ პირდაპირ, ისეთივე შავ მერხზე, როგორზედაც მე ვზივარ, დიუტერტრი შემომჯდარა. იგი იცინის. მე წყნარად ვიღიმები. მერე პენიკო მოდის ჩვენთან და მხარზე მხვევს ხელს.

– რას შვრებით, ბებრებო?

ღმერთო ჩემო, რამდენი სინაზეა ყოველივე ამაში.

მორიგე (ნუთუ ეს მორიგეა?) კარს აღებს და ორ ამხანაგს იძახებს. ისინი თავს ანებებენ სახაზავებსა და ფარგლებს და გადიან. ჩვენ თვალით ვაცილებთ მათ. მათთვის დამთავრდა სკოლა. მათ ცხოვრებაში ისვრიან. აი სად დასჭირდებათ ყველაფერი, რაც ასწავლეს. ისინი ისე მიდიან, როგორც ნამდვილ მამაკაცებს შეშვენით, მიდიან, რომ მოწინააღმდეგეზე სინჯონ თავიანთი გაანგარიშებების შედეგები. არავის გაუმართავს მათთვის საზეიმო გაცილება. მათ არც კი შემოუხედავთ ჩვენთვის. თუმცა ცხოვრების ორომტრიალმა შეიძლება სადმე ქვეყნის დასალიერს გადაისროლოს ისინი! როცა სკოლის დამთავრებისას ცხოვრება ფანტავს ადამიანებს, განა მათ შეუძლიათ დაიფიცონ, რომ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს?

ჩვენ ისევ ვიხრებით რუკაზე. ჩვენ ჯერჯერობით სათბურის სიმშვიდეში ვართ.

– მისმინე, დიუტერტრ, ამ საღამოს…

მაგრამ ის კარი ისევ იღება. და მესმის სიტყვები, რომლებიც განაჩენივით ჟღერს,

– კაპიტანო დე სენტ-ეგზიუპერი და ლეიტენანტო დიფტერტრ, მეთაურთან.

დამთავრდა სკოლა. ეს ცხოვრებაა.

– იცოდი, რომ დღეს ჩვენი ჯერი იყო?

რაღა თქმა უნდა. დილით პენიკო გაფრინდა.

რაკი გვიძახებენ, ცხადია – უნდა გავფრინდეთ, მაისის მიწურულია. ჩვენ ყველგან უკან ვიხევთ. დამარცხებაა. სრული დამარცხება. ისე სწირავენ ეკიპაჟებს, როგორც ჭიქა წყალს – ტყის ხანძრის ჩასაქრობად. მაგრამ ვინღა დაგიდევს საფრთხეს, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა?

შორეული დაზვერვის ორმოცდაათი ეკიპაჟიღა დავრჩით მთელ საფრანგეთში, ორმოცდაათი ეკიპაჟი სამ-სამი კაცის შემადგენლობით, და ამათგან ოცდასამი ჩვენს პოლკს ეკუთვნის. სამი კვირის განმავლობაში ოცდასამი ეკიპაჟიდან ჩვიდმეტი დავკარგეთ. ცვილივით ვდნებით.

– ამაზე ომის შემდეგ დავფიქრდებით, – ვუთხარი გუშინ ლეიტენანტ გავუალს.

– იქნებ იმედოვნებთ, კაპიტანო, რომ ცოცხალი გადაურჩებით ამ ომს? – მომიგო გავუალმა.

გავუალი არ ხუმრობდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სხვა აღარაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ მიგვასხან მძვინვარე კოცონს, თუმცა ეს ჟესტი ამაოა, ჩვენ მხოლოდ ორმოცდაათნი ვართ მთელ საფრანგეთში. ჩვენს მხრებზეა დაყრდნობილი საფრანგეთის არმიის მთელი სტრატეგია! იწვის ვეება ტყე. ვინ დაზოგავს რამდენიმე ჭიქა წყალს: მას, რაღა თქმა უნდა, შესწირავენ.

ყველაფერი სწორია. არავინ აპირებს ჩივილს. განა ოდესმე გაუგონიათ ჩვენგან სხვა პასუხი – „არის, მეთაურო“, „დიახ, მეთაურო“, „გმადლობთ, მეთაურო“ ან „მესმის, მეთაუროს“ გარდა? მაგრამ ამ ომში ყველაფერზე ძლიერია ერთი გრძნობა – უაზრობის გრძნობა. ჩვენ ირგვლივ ყვეალაფერი ირყევა, ყველაფერი ინგრევა. სიკვდილიც კი სისულელედ გეჩვენება. მას სერიოზულობა აკლია ამ ორომტრიალში.

ჩვენ მაიორ ალიასთან შევდივართ (იგი ახლაც მეთაურობს 2/33 ავიაჯგუფს).

– გამარჯობა, სენტ-ეგზ. გამარჯობა, დიუტერტრ. დასხედით.

ჩვენ ვსხდებით. მაიორი რუკას შლის მაგიდაზე და მორიგეს მიმართავს:

– მეტეოცნობა მომიტანეთ.

ალიასი ფანქარს აკაკუნებს მაგიდაზე. შევყურებ და ვხედავ, რომ გამხდარა. მას არ უძინია. მაქოსავით დაქროდა წინ და უკან დივიზიებისა და კორპუსის გამქრალი შტაბების საძებრად. ცდილობდა, შებრძოლებოდა საინტენდანტოებს, რომლებმაც სამარაგო ნაწილების მოწოდება შეგვიწყვიტეს. გაჭედილ გზებზე ლტოლვილთა ბრბოში ემწყვდეოდა. ხელმძღვანელობდა ჩვენს უკანასკნელ ადგილგადანაცვლებას და ჩვენს უკანასკნელ დაბინავებას, იმიტომ, რომ ჩვენ ისე ვიცვლით ადგილს, როგორც ბანკროტი, რომელსაც შეუბრალებელი სასამართლოს აღმასრულებელი დასდევს. და ალიასი ყოველთვის ახერხებს რომელიმე თვითმფრინავის, სატვირთო მანქანის ან ათეული ტონა ტვირთის გადარჩენას. მაგრამ ვგრძნობთ, რომ უკვე ძალ-ღონე ელევა და ნერვები ღალატობს.

– მაშ ასე…

იგი განაგრძობს მაგიდაზე კაკუნს და ჩვენ არ გვიყურებს.

– … ძალიან არასასიამოვნოა…

მერე მხრებს იჩეჩავს და დასძენს:

– მოსაწყენი დავალებაა. მაგრამ შტაბში დაბეჯითებით მოითხოვენ. ძალიან მოითხოვენ… ვერაფერს გახდები…

მე და დიუტერტრი ფანჯარაში ვიცქირებით. ცა მოწმენდილია. მესმის ქათმების კაკანი. ჩვენი საკომანდო პუნქტი ფერმაში დაბინავდა, ისევე, როგორც დაზვერვა – სკოლაში. ჩემს ცნობიერებაში სავსებით ურიგდება ერთმანეთს ზაფხული – როცა ხეხილი მწიფდება, წიწილები სუქდებიან და თავთავები ივსებიან პურის ყანაში – და სიკვდილზე ფიქრი. და მე ვერ მივმხვდარვარ, რით უპირისპირდება ზაფხულის დღის სიჩუმე სიკვდილს და რატომ უნდა მიიღოს ამ სილამაზემ ირონიის იერი. მაგრამ, ამასთან ერთად, თავში მებადება ბუნდოვანი აზრი: „რაღაც დაემართა ამ ზაფხულს. ზაფხულს ხიფათი შეემთხვა. იგი დამტვრეულია…“ მე ვნახე მიტოვებული სალეწი, სათიბი და ძნის შემკვრელი მანქანები, მიტოვებული სოფლები. რომელიღაც მიტოვებულ სოფელში წყალი ისევ ისე იღვრებოდა ღიად დარჩენილი ონკანიდან და წმინდა წყალი, რომელიც ამდენი შრომისა და ზრუნვის ფასად იყო გამოყვანილი, ჭუჭყიან გუბედ დგებოდა. უცნაური სახე მეხატება უეცრად თვალწინ: დამტვრეული საათის სახე სოფლის სამრეკლოებისა და სადგურების საათების, მიტოვებული სახლების ბუხრებზე მდგარი საათების სახე… და მკვდარი საათების სასაფლაო გაქცეული მესაათის ვიტრინაში. ომია… აღარავინ მართავს საათებს. აღარავინ იღებს ჭარხლის მოსავალს. აღარავინ ფიქრობს ვაგონების შეკეთებას. წყალი, რომელიც წყურვილის მოსაკლავად და გლეხი ქალების მშვენიერი, სადღესასწაულო, მაქმანიანი ტანსაცმლის გასარეცხად იყო გამოყვანილი, ჭუჭყიან გუბედ დგება ეკლესიის წინ. და კვდებიან ზაფხულში…

ისეთი გრძნობა მიპყრობს, თითქოს უკურნებელი სენით ვიყო შეპყრობილი და ექიმს ეს-ეს არის ეთქვას „ეს მოსაწყენია…“ ესე იგი, საჭიროა ვიფიქრო ნოტარიუსზე და იმათზეც, ვინც ცოცხალი რჩება. ერთი სიტყვით, მე და დიუტერტრი მივხვდით, რომ ლაპარაკია დასაღუპავად განწირულ დავალებაზე.

– შექმნილ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ხიფათს მაინცდამაინც არ უნდა მოვერიდოთ…

გასაგებია, „მაინცდამაინც არ უნდა მოვერიდოთ“. და ეს არავის ბრალი არ არის. არც ჩვენა ვართ დამნაშავენი, რომ სევდა შემოგვაწვა. არც მაიორია დამნაშავე, რომ თავს უხერხულად გრძნობს, არც შტაბი, რომელიც ბრძანებებს იძლევა. მაიორი მოღუშულია, რადგან იცის, რომ ეს ბრძანებები უაზროა. ჩვენც ვიცით ეს და შტაბშიაც იციან. შტაბი ბრძანებას იძლევა იმიტომ, რომ უნდა გასცეს ბრძანებები. ომში შტაბი ბრძანებებს იძლევა. იგი მშვენიერ ცხენოსნებს ანდა მოტოციკლისტებს აბარებს ბრძანებებს. და აი ძრწოლისა და სასოწარკვეთილების ჟამს ერთ-ერთი ასეთი მხედარი გაქაფული ცხენიდან ხტება და, როგორც წინასწარმეტყველთა ვარსკვლავი, მომავალს გვამცნობს. მას მოაქვს ჭეშმარიტება და ბრძანებები კვლავ აღადგენენ შერყეულ წესრიგს.

ასეთია ომის სქემა, ფერად ნახატებზე ნაჩვენები ომისა. და აი ყველა, რაც შეუძლია, ცდილობს, რიშ ეს ომი ომს ჰგავდეს. არავინ იშურებს ძალ-ღონეს და მთელი კეთილსინდისიერებით ასრულებს თამაშის წესებს. იქნებ მაშინ მაინც დაემსგავსოს ეს ომი ომს.

ამიტომ სწირავენ ასე ჯიუტად და უმიზნოდ ჩვენს მფრინავ ეკიპაჟებს. არავის სურს აღიაროს, რომ ეს ომი არაფერს ჰგავს; რომ ყველაფერი უაზროა ამ ომში; რომ იგი არ შეესაბამება არც ერთ სქემას და ადამიანები მთელი თავიანთი მედიდურობით იმ ძაფებსღა ექაჩებიან, რომლებზედაც უკვე აღარაა გამობმული თოჯინები. შტაბები მოვალეობის სრული შეგნებით იძლევიან ბრძანებებს, რომლებიც ვერავისთან მიაღწევს. ჩვენგან მოითხოვენ ცნობებს, რომელთა მოპოვებაც შეუძლებელია. მაგრამ ავიაციას არ ძალუძს აუხსნას შტაბებს, რა ხდება ომში. ავიაციას მხოლოდ ის შეუძლია, რომ თავისი დაზვერვის საფუძველზე შეამოწმოს შტაბების ჰიპოთეზები. მაგრამ ახლა უკვე აღარავითარი ჰიპოთეზა აღარ არსებობს. რაღაც ორმოცდაათ ეკიპაჟს სთხოვენ შექმნან ომის სახე, რომელიც არ არსებობს. ისე მოგვმართავენ, როგორც მისნების რომელიღაც ტომს. მე შევყურებ დიუტერტრს – ჩემს მოთვალთვალე-მისანს. გუშინ იგი შეეკამათა დივიზიის პოლკოვნიკს: „როგორ გნებავთ მოწინააღმდეგის პოზიცია განვსაზღვრო მიწიდან ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე საათში ხუთას ოცდაათი კილომეტრის სისწრაფით?“ – „მაგრამ თქვენ ყველაფერს მიხვდებით, როცა ცეცხლს დაგიშენენ! რაკი გესვრიან, გერმანელთა პოზიციები ყოფილა“.

– ბევრი ვიცინე… – გვიყვებოდა შემდეგ დიუტერტრი.

იმიტომ, რომ ფრანგი ჯარისკაცები საერთოდ ვერ ხედავდნენ ფრანგულ თვითმფრინავებს. მხოლოდ ათასი თვითმფრინავია მიმოფანტული დიუნკერკსა და ელზასს შორის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, – გაფანტული უსასრულობაში. ამიტომ, როდესაც ფრონტის ხაზზე თვითმფრინავი გადაიქროლებს, იგი ყოველთვის გერმანულია და ჩქარობენ მის ჩამოგდებას, ვიდრე ყუმბარებს ჩამოყრიდეს. ამიტომაა, რომ, როგორც კი შემოესმებათ თვითმფრინავის ღმუილი, ჩვენი ჰაერსაწინაღობო დაცვა ხელადვე იწყებს სროლას საზენიტო და სწრაფმსროლელი ქვემეხებიდან.

– ძვირფას ცნობებს მიიღებენ ასეთი მეთოდების წყალობით, – დასძენს დიუტერტრი.

ჩვენს ცნობებს ანგარიშს უნდა უწევდნენ, რადგან, წესით, დაზვერვის მონაცემებს ანგარიში უნდა გაეწიოს,

მაგრამ ეს ომი შეშლილი ომია.

ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ, საბედნიეროდ, ჩვენს ცნობებს არავინ გაუწევს ანგარიშს. ჩვენ ვერავის გადავცემთ ცნობებს. გზები ჩახერგილია. ტელეფონები – გაფუჭებული. შტაბმა სასწრაფოდ გადაინაცვლა. მნიშვნელღვან ცნობებს მტრის პოზიციების შესახებ თვითონ მტერი გვატყობინებს. რამდენიმე დღის წინ ლაონის მახლობლად ჩვენ ვარაუდით განვსაზღვრეთ ფრონტის ხაზის მდებარეობა და ლეიტენანტი გავგზავნეთ გენერალთან კავშირის დასამყარებლად. ჩვენი ბაზისა და გენერლის ადგილსამყოფელის შუა გზაზე ლეიტენანტის მანქანა შეეჩეხა გზის გარდიგარდმო მდგარ სატკეპნ მანქანას, რომლის უკანაც ორი ჯავშნიანი ავტომანქანა იდგა. ლეიტენანტმა გადაწყვიტა შემოევლო სატკეპნისთვის, მაგრამ ტყვიამფრქვევის ცეცხლმა იქვე დაცხრილა იგი და დაჭრა მანქანის მძღოლი. ჯავშნიანი მანქანები გერმანელებისა აღმოჩნდა.

შტაბი, არსებითად, იმ ადამიანს ჰგავს, რომელმაც ბრიჯის თამაშის წესები იცის და მეორე ოთახიდან რჩევას სთხოვენ.

– მითხარით, რა ვუყო ჩემს პიკის ქალს?

ადამიანი, რომელიც თამაშში მონაწილეობას არ იღებს, მხოლოდ მხრებს იჩეჩავს ამ შეკითხვაზე. როგორ უნდა ურჩიოს რამე, როცა თამაშს ვერ ხედავს?

მაგრამ შტაბს ნება არა აქვს მხრები აიჩეჩოს. თუ მას ჯერ კიდევ ჰყავს რაღაც სამხედრო ნაწილები, იგი ვალდებულია აამოქმედოს ეს ნაწილები, რომ მათი მართვის უნარი არ დაკარგოს და ყველა საშუალება გამოიყენოს, ვიდრე ომი გრძელდება. იგი ვალდებულია იმოქმედოს და სხვებიც აიძულოს იმოქმედონ, თუნდაც ბრმად.

მაგრამ ძნელია რაიმე როლი მიანიჭო შემთხვევას ან პიკის ქალს. ჩვენ უკვე მივხვდით, რაც ადრევე იყო სავარაუდებელი. როდესაც ნგრევა იწყება, ყოველგვარი მუშაობა წყდება. ერთი შეხედვით, დამარცხებულს თითქოს უამრავი საქმე აწევს მხრებზე და ისიც ყველაფერს იყენებს ამ საქმისთვის, უკანასკნელ ლურსმანსაც კი – მთელ ქვეით ჯარს, მთელ არტილერიას, ტანკებს, თვითმფრინავებს… მაგრამ, სინამდვილეში, დამარცხება ყველა პრობლემას სპობს. თამაში ირევა. აღარ იცი, რა უყო თვითმფრინავებს, ტანკებს, პიკის ქალს…

და კარგა ხნის თავის მტვრევის შემდეგ მოთამაშე, რომელსაც პიკის ქალი ეჭირა, ალალბედზე ისვრის ბანქოს ქაღალდს მაგიდაზე. კატასტროფის დროს უხერხულობის გრძნობა ეუფლებათ ადამიანებს, და არა აღფრთოვანებისა, მხოლოდ გამარჯვება აყენებს მწყობრში, მხოლოდ გამარჯვება აშენებს. და ყველა, რაც ძალი და ღონე აქვს, ქვებს ეზიდება მშენებლობაზე. დამარცხება კი დაბნეულობის, სევდისა და, უწინარეს ყოვლისა, უაზრობის ატმოსფეროთი ბურავს ადამიანებს.

იმიტომ რომ, უწინარეს ყოვლისა, უაზრობაა – ეს დავალებები, ჩვენ რომ ვიღებთ, და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უაზრო ხდება. მათში უფრო და უფრო ნაკლები აზრია და უფრო და უფრო მეტი სისხლი. იმათ კი, ვინც ბრძანებას იძლევა, სხვა აღარაფერი დარჩენიათ ზვავის შესაჩერებლად, თუ არა ის, რომ უკანასკნელი კოზირები გადაისროლონ მაგიდაზე.

მე და დიუტერტრი კოზირები ვართ. და ჩვენ ვუსმენთ მეთაურს. იგი დღევანდელ დავალებას გვიმარტავს. იგი გვგზავნის, რომ შვიდასი მეტრის სიმაღლიდან არასის ოლქში განლაგებული ტანკების პარკი დავზვეროთ და მერე ამ სიშორიდან ათი ათას მეტრ სიმაღლეზე გამოვბრუნდეთ უკან. და იგი ისეთი ხმით გვამცნობს ამას, თითქოს გვეუბნებოდეს:

– მარჯვნივ მეორე ქუჩას გაჰყვებით პირველ მოედნამდე. იქ, კუთხეში, თამბაქოს ფარდულს დაინახავთ და ასანთს მიყიდით…

– არის, მაიორო.

ეს დავალება ისეთივე უაზროა, როგორც ყველა დავალება. და ბრძანებაც ისეთივე ლირიკული ენითაა გაცემული, როგორც ყველა ბრძანება.

„განწირული დავალებაა“, – ვეუბნები ჩემს თავს. მე ვფიქრობ… ბევრ რამეზე ვფიქრობ. მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერს კარგად დავუფიქრდე, ღამეს დაველოდები, ცოცხალი თუ გადავრჩი. ცოცხალი თუ გადავრჩი… როდესაც დავალება იოლია, სამიდან ერთი ეკიპაჟი ბრუნდება. ხოლო, როდესაც იგი „მოსაწყენია“, ბუნებრივია, რომ გაცილებით ძნელია დაბრუნება. აქ კი, მეთაურის კაბინეტში, სიკვდილი არც დიდებული მეჩვენება, არც ამაღლებული, არც გმირული და არც ტრაგიკული. იგი მხოლოდ ნგრევის სიმბოლოა. ჩვენ ისე დავეკარგებით პოლკს, როგორც ბარგს კარგავენ რკინიგზის ბაქანზე ატეხილ ორომტრიალში.

და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, თითქოს სხვა აზრები არ მქონდეს ომზე, სიკვდილზე, მსხვერპლსა და საფრანგეთზე, არამედ იმიტომ, რომ ახლა არავითარი მთლიანი კონცეფცია არა მაქვს და არ შემიძლია ნათლად გამოვთქვა ჩემა სათქმელი ახლა მე მხოლოდ ერთმანეთის საპირისპირთ დებულებებით ვაზროვნებ. ჩემი ჭეშმარიტება ნამსხვრევეაბადაა ქცეული და მე მხოლოდ ცალ-ცალკე შემიძლია განვიხილო ეს ნამსხვრევები. თუ გადავრჩი, ღამეს დაველოდები, რომ ვიფიქრო… ჩემს საყვარელ ღამეს. ღამით გონებას სძინავს და წყდება შეგნების დამანგრეველი მუშაობა. ის რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, კვლავ თავის სახეს იღებს. და ადამიანიც ისევ იძენს თავის მთლიანობას, მშვიდდება, როგორც ხე – ქარის ჩადგომისას.

დღე ოჯახურ უთანხმოებებს ხმარდება, ღამით კი ადამიანი ისევ პოულობს სიყვარულს, ვინაიდან სიყვარული სიტყვების კორიანტელზე ძლიერია. ღამით ადამიანი ფანჯარასთან ჯდება, ვარსკვლავების ქვეშ, და ისევ გრძნობს თავის მოვალეობას მძინარე ბავშვებისადმი. გრძნობს ლუკმაპურის შთვნის მოვალეობას და იმას, რომ ვალდებულია გაუფრთხილდეს ცოლის ძილს – ასეთ ფაქიზს, ფხიზელსა და ხანმოკლეს. სიყვარულზე არ კამათობენ, იგი არსებობს. დაე მოვიდეს ღამე, რომ ცხადად დავინახო ის, რაც ღირსია სიყვარულისა; რომ შემეძლოს ცივილიზაციაზე, ადამიანის ბედსა და მეგობრობაზე დაფიქრება. რომ მომინდეს რომელიმე ძლიერი, თუმცა იქნებ ჯერ კიდევ შეუცნობელი ჭეშმარიტების სამსახური…

ახლა კი მე იმ ქრისტიანს ვგავარ, რომელსაც რწმენა გამოეცალა. დიუტერტრთან ერთად მე პირნათლად შევასრულებ ჩემს როლს, ეს უეჭველია, მაგრამ მე ისე შევასრულებ მას, როგორც იმ წესს, რომელსაც აზრი აღარა აქვს, იმიტომ რომ მის მიღმა აღარ არის ღმერთი. და, ცოცხალი თუ გადავრჩი, ღამეს დაველოდები, რომ ცოტა გავისეირნო დიდ გზაზე, რომელიც ჩვენს სოფელს სერავს, და, მარტო დარჩენილმა, გავარკვიო, რატომ უნდა მოვკვდე.

2

მე ვიღვიძებ. უეცრად საგონებელში ჩამაგდო მაიორის უცნაურმა სიტყვებმა.

– თუ დავალება არ მოგწონთ… თუ კარგად ვერა გრძნობთ თავს, მე შემიძლია…

– რას ბრძანებთ!

მაიორმა მშვენივრად იცის, რომ ეს სიტყვები უსაფუძვლოა. მაგრამ, როდესაც რომელიმე ეკიპაჟი არ ბრუნდება, გაგონდება ეკიპაჟის წევრთა სერიოზული სახეები გაფრენის წინ. ამ სერიოზულობას ავის მომასწავებელ ნიშნად თვლი და სინდისი გქენჯნის, რომ არაფრად ჩააგდე ეს ნიშანი.

მაიორის ეჭვმა იზრაელი მომაგონა. გუშინწინ, დაზვერვის განყოფილების ფანჯარასთან რომ ვეწეოდი პაპიროსს, ეზოში იზრაელი დავინახე. სადღაც მიიჩქაროდა. მას წითელი ცხვირი ჰქონდა, დიდი ცხვირი, ძალიან ებრაული და ძალიან წითელი. და რატომღაც გამაოცა იზრაელის წითელმა ცხვირმა.

იზრაელთან, რომლის ცხვირმაც ასე მიიპყრო გუშინწინ ჩემი ყურადღება, გულითადი მეგობრობა მაკავშირებდა. იგი ჩვენი პოლკის ერთ-ერთი უმამაცესი პილოტი იყო; ერთერთი უმამაცესი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავმდაბალი ადამიანი. მაგრამ მას იმდენი რამ გაეგონა ებრაულ სიფრთხილეზე, რომ თავის სიმამაცესაც კი სიფრთხილედ თვლიდა. მართლაც, გამარჯვებით სიარული ხომ დიდი სიფრთხილის ნიშანია.

და აი მე დავინახე მისი დიდი წითელი ცხვირი, რომელიც მხოლოდ წამით გამოჩნდა, ისე სწრაფად ჩაიარეს ჩემს ფანჯარასთან იზრაელმა და მისმა ცხვირმა.

– რატომ აქვს ასეთი ცხვირი? – ისე შევეკითხე გავუალს, რომ ოდნავადაც არ მიფიქრია ხუმრობა.

– ასეთი გააჩინა დედამისმა, – მომიგო გავუალმა. და ხელადვე დასძინა – სულელური დავალება მიიღო – დაზვერვა მცირე სიმაღლიდან. ახლა გაფრინდება.

– ა!

და საღამოს, როდესაც იზრაელის ლოდინს თავი ვანებეთ, ეს ცხვირი მომაგონდა, ასე რომ გამოირჩეოდა სრულიად მშვიდ სახეზე. მხოლოდ ცხვირი გამოხატავდა მის შეშფოთებას. იზრაელის გაფრენის ბრძანება რომ მე გამეცა, ალბათ დიდხანს არ მომასვენებდა ეს ცხვირი და მუდამ ჩემ თვალწინ იტრიალებდა, როგორც სასტიკი საყვედური. იზრაელს, რაღა თქმა უნდა, სხვა არაფერი უთქვამს ბრძანების პასუხად – „არის, მეთაურო“, „მესმის, მეთაურო“ და „კეთილი, მეთაუროს“ გარდა. მის სახეზე, რაღა თქმა უნდა, არც ერთი კუნთი არ შეტოკებულა. მაგრამ მისი ცხვირი, მისდა შეუმჩნევლად, ვერაგულად ალაპლაპდა. იზრაელი ფლობდა თავის სახეს, მაგრამ არ შეეძლო დაემორჩილებინა ცხვირის ფერი. და ცხვირმაც ისარგებლა ამით და უხმოდ გამოთქვა თავისი სათქმელი. იზრაელისგან ფარულად ცხვირმა თავისი დიდი უკმაყოფილება ამცნო მეთაურს.

იქნებ ამიტომაა, რომ მაიორს არ უყვარს იმათი გაშვება დავალების შესასრულებლად, ვისაც, მისი აზრით, რაიმე წინაგრძნობა აქვს. წინაგრძნობა თითქმის ყოველთვის გვატყუებს, მაგრამ იგი განაჩენის ელფერს ანიჭებს სამხედრო ბრძანებებს. ალიასი კი მეთაურია და არა მსაჯული.

ასე მოუვიდა იმ დღეს სერჟანტ ტ-საც. რამდენადაც მამაცი იყო იზრაელი, იმდენად მშიშარა იყო ტ. ეს იყო ერთადერთი ადამიანი ჩემს ნაცნობებში, რომელსაც ნამდვილად ეუფლებოდა შიში. როდესაც ტ. დავალებას იღებდა, უცნაურად გაშეშდებოდა ხოლმე. ეს მდგომარეობა ნელნელა, მაგრამ გარდუვალად ეუფლებოდა მას და ისიც თანდათან ირინდებოდა თავით ფეხამდე. მის სახეზე ყოველგვარი გამომეტყველება ქრებოდა და მხოლოდ თვალები ენთებოდა.

იზრაელისგან განსხვავებით, რომლის ცხვირიც ასეთი აფორიაქებული მეჩვენა მისი პატრონის მოსალოდნელი სიკვდილის გამო, ტ.-ს, რომელიც ერთიანად ძრწოდა შიშისაგან, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. იგი აღარაფერს აქცევდა ყურადღებას და მეტყველების უნარს კარგავდა. როდესაც ტ.-სთან საუბარი მოთავდებოდა, იგი უკვე შიშით იყო შეპყრობილი. და ეს შიში ისე ეფინებოდა მის სახეს, როგორც თანაბარი სინათლე. ამ წუთიდან იგი უკვე სადღაც სხვაგან იყო, გრძნობდით, რომ სამყაროსა და მას შუა გულგრილობის უდაბნო ჩნდებოდა. ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არავისთვის შემიმჩნევია.

– არ უნდა გამეშვა იმ დღეს, – ამბობდა შემდეგ ალიასი.

იმ დღეს, როდესაც მეთაურისგან გაფრენის ბრძანება მიიღო, ტ. არა მარტო გაფითრდა, არამედ გაიღიმა კიდეც.

უბრალოდ გაიღიმა. იქნებ ასე იღიმებიან საწამებელ მარწუხებში, როდესაც ჯალათის გულმოდგინების ატანა ადამიანის ღონეს აღემატება.

– თქვენ ცუდად ხართ. მე თქვენ შეგცვლით…

– არა, მაიორო. რაკი ჩემი ჯერი დადგა, ჩემი ჯერია.

და ტ. სწრაფად გაიჭიმა მაიორის წინაშე და თვალებში შეაცქერდა.

– მაგრამ თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ…

– დღეს ჩემი ჯერია, მაიორო…

– მომისმინეთ, ტ…

– ბატონო მაიორო…

ადამიანი თითქოს კლდედ იქცა.

– და მაშინ დავრთე გაფრენის ნება. – გვიყვებოდა ალიასი.

იმის ახსნა, რაც შემდეგ მოხდა, ვერაფრით შევძელით.

ტ-ს, რომელიც ბორტ-მსროლელი იყო, მათკენ წამოსული მტრის გამანადგურებელი დაუნახავს. როგორც ჩანს, გამანადგურებლის ავტომატები მოშლილა და თვითმფრინავმა გვერდი აუქცია მათ. მფრინავი და ტ. თითქმის აეროდრომზე დაშვებამდე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მფრინავს განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევია მის საქციელში. მიწაზე დაშვებამდე ხუთი წუთით ადრე კი ტ.-მ აღარ უპასუხა მფრინავს.

საღამოს ტ. თავგახეთქილი იპღვეს. როგორც ჩანდა, თვითმფრინავის კუდზე ჰქონდა მიხლილი თავი. იგი სრული სიჩქარის დროს გადმომხტარა პარაშუტით და თანაც საკუთარ ტერიტორიაზე, როდესაც აღარავითარი საფრთხე აღარ ემუქრებოდა. გამანადგურებელთან შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.

– წადით, მოემზადეთ, – გვეუბნება მაიორი, – ხუთ საათსა და ოცდაათ წუთზე ჰაერში უნდა იყოთ.

– ნახვამდის, მაიორო.

მაიორი ხელის გაურკვეველი მოძრაობით გვპასუხობს. იქნებ ცუდის ნიშანია? ამ დროს პაპიროსი ჩამიქრა და ჯიბეებში ასანთის ძებნა დავიწყე.

– რატომ არასოდეს არა გაქვთ თან ასანთი?

იგი მართალს ამბობს. მეთაურის ამ სიტყვებზე კაბინეტიდან გავდივარ და ჩემს თავს ვეკითხები – რატომ არასოდეს არა მაქვს-მეთქი ასანთი.

– დავალება აბრაზებს. – ამბობს დიუტერტრი.

მისთვის სულ ერთია – ვფიქრობ მე. მაგრამ ამ უსამართლო დასკვნას რომ ვაკეთებ, ალიასზე არ ვფიქრობ. მე გაოგნებული ვარ ფაქტით, რომლის აღიარება არავის სურს: იმ ფაქტით, რომ სულის ცხოვრება ცვალებადია. მხოლოდ ჩვენი გონება მუშაობს თანაბრად და გამუდმებით. ანდა თირქმის გამუდმებით. მისი ნიჭი საგნების გაანალიზებისა ნაკლებ იცვლება. მაგრამ სულს საგნებთან კი არა აქვს საქმე, არამედ მათ არსთან, რომელიც ამ საგნებს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი ნათელყოფს მათ ნამდვილ სახეს, გარეგნული საფარის იქით რომ იმალება. და ადამიანის სულიერი ცხოვრებაც ხილვადობასა და სრულ სიბრმავეს შორის მერყეობს. ადამიანისთვის, რომელსაც თავისი სახლი უყვარს, დგება საათი, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ ყველაფერი, რასაც იგი ფლობს, მხოლოდ ერთმანეთისაგან განცალკევებული საგნების გროვა ყოფილა. ადამიანისთვის, რომელსაც ცოლი უყვარს, დგება საათი, როდესაც სიყვარულში საზრუნავისა და უსიამოვნების მეტს ვეღარაფერს ხედავს. ადამიანისთვის, რომელსაც რაიმე მუსიკა უყვარდა, დგება საათი, როდესაც ეს მუსიკა აღარაფერს ეუბნება მას. და დგება საათი, როგორც დღეს მოხდა, როდესაც მე აღარაფერი გამეგება ჩემი ქვეყნისა. ქვეყანა ხომ ოლქების, ჩვეულებებისა და სიმდიდრის ჯამი არ არის, რომელთა დანახვაც ყოველთვის შეუძლია გონებას. ჩემი ქვეყანა არსია. და დადგა საათი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დავბრმავებულვარ და ვეღარ ვხედავ არსს.

მეთაურმა ალიასმა მთელი ღამე გაატარა გენერალთან წმინდა ლოგიკურ დისკუსიაში. წმინდა ლოგიკა კი სულის ცხოვრებას ანადგურებს. მერე, უკან რომ ბრუნდებოდა, გზაზე დაუსრულებელმა ჭედვამ დაქანცა. მერე, პოლკში რომ დაბრუნდა, ათას ყოველდღიურ საზრუნავს და დაბრკოლებას შეეჩეხა, რომლებიც ნელ-ნელა ნთქავენ ადამიანს, როგორც ნთქავს ხოლმე ზვავი, რომლის შეჩერება შეუძლებელია. და ბოლოს მან გამოგვიძახა, რომ შეუძლებელი დავალების შესასრულებლად გავეგზავნეთ. ჩვენ მისთვის საყოველთაო ნგრევის ნაწილი ვართ. ჩვენ მისთვის სენტ-ეგზიუპერი და დიუტერტრი არა ვართ. ჩვენ არა ვართ ადამიანები, რომლებსაც მოვლენების დანახვის ან დაუნახაობის საკუთარი უნარი შესწევთ, უნარი შესწევთ იფიქრონ, იარონ, სვან, გაიღიმონ. ჩვენ რაღაც ვეება ნაგებობის ნაწილები ვართ, ხოლო ამ ნაგებობის აზრსა და დანიშნულებას რომ ჩასწვდე, გაცილებით მეტი დროა საჭირო, გაცილებით მეტი სიჩუმე და მეტი დაშორება. მე რომ რაიმე ტიკი [*] მაწუხებდეს, ალიასი მხოლოდ ჩემს ტიკს დაინახავდა. და იგი ამ ტიკს გაგზავნიდა არასში. პრობლემების გროვაში, საყოველთაო ნგრევის ქაოსში, ჩვენ თვითონაც ნამსხვრევებად ვიქეცით. ჩვენ ვართ ხმა, ცხვირი, ტიკი. ნამსხვრევები კი არავის აღელვებს.

ეს მარტო მაიორ ალიასზე კი არა, ყველა ადამიანზე ითქმის. მიცვალებულის დასაფლავების თადარიგში, როგორც არ უნდა გვიყვარდეს განსვენებული, ჩვენი კავშირი მასთან დარღვეულია. სიკვდილი დიდი საქმეა. სიკვდილი სრულიად ახალ დამოკიდებულებას ბადებს განსვენებულის შეხედულებების, ნივთებისა და ჩვეულებებისადმი. იგი ახალ წესებს ამყარებს. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა. და ამავე დროს ყველაფერი შეიცვალა. წიგნის ფურცლები იგივე დარჩა, მაგრამ წიგნის შინაარსი სხვანაირი გახდა. იმისთვის, რომ სიკვდილი ვიგრძნოთ, ის წუთები და საათები უნდა გავიხსენოთ, როდესაც ის, ვინც ჩვენგან წავიდა, საჭირო იყო ჩვენთვის. და მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როგორ გვაკლია იგი. უნდა გავიხსენოთ ის საათები, როდესაც ჩვენ ვჭირდებოდით მას. და აი ჩვენ უკვე აღარა ვართ მისთვის საჭირო. უნდა წარმოვიდგინოთ მისი მეგობრული სტუმრობის საათი და ვიგრძნოთ, რომ ეს საათი დაცარიელდა. ცხოვრება პერსპექტივაში უნდა დავინახოთ.

მაგრამ დასაფლავების დღეს არც პერსპექტივა არსებობს და არც სივრცე. მიცვალებული ჯერ კიდევ ნაწილებადაა დაქუცმაცებული. იმ დღეს, როდესაც მას ვასაფლავებთ, ჩვენ თადარიგის ფაციფუცით და გულწრფელი ან პირფერი ხელის ჩამორთმევით ვართ დაფანტულნი და დახურდავებულნი. მიცვალებული მხოლოდ ხვალ მოკვდება, სიჩუმეში. იგი მთელი თავისი არსით წარმოგვიდგება თვალწინ, რომ მთლიანად მოსწყდეს ჩვენს არსებას. და მაშინ გმინვა აღმოგვხდება იმის გამო, ვინც მიდის და ვისი შეჩერებაც აღარ ძალგვიძს.

მე არ მიყვარს ომის იაფფასიანი სურათები. ამ სურათებზე მკაცრი მეომარი სწრაფად იშრობს ცრემლს და მღელვარებას მწარე ოხუნჯობით ფარავს. ეს სიყალბეა. მკაცრი მეომარი არაფერს ფარავს. და თუ მას მწარე სიტყვა წამოსცდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სწორედ ასე ფიქრობდა.

ადამიანის ღირსებები აქ არაფერ შუაშია. მაიორ ალიასს დიდი გული აქვს და, თუ ჩვენ არ დავბრუნდით, იგი სხვებზე მეტად დაიტანჯება. რაღა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ლაპარაკი იქნება ჩვენზე, და არა რაიმე დეტალების ჯამზე. და კიდევ იმ პირობით, თუ მან მშვიდი წუთი გამონახა, რომ თვალწინ წარმოვუდგეთ, იმიტომ რომ, თუ სასამართლოს აღმასრულებელმა, რომელიც ჩვენ დაგვდევს, ისევ აიძულა ამაღამ პოლკი, ადგილი გამოიცვალოს, ანდა რომელიმე სატვირთო მანქანამ ბორბალი დაკარგა, გადაუდებელი პრობლემების ზვავი ჩვენი სიკვდილის აღქმის ვადას გაახანგრძლივებს. და ალიასსაც დაავიწყდება დაღუპულთა გამოტირება.

სწორედ ასევე მეც, დავალების შესასრულებლად რომ მივდივარ, ნაციზმთან ბრძოლაზე არ ვფიქრობ. მე აუცილებელ წვრილმანებში ვარ დანთქმული. მე ვფიქრობ შვიდას მეტრ სიმაღლეზე არასისკენ გაფრენის უაზრობასა და იმ ცნობების უსარგებლობაზე, რომლისთვისაც ჩვენ გვგზავნიან. ვფიქრობ კომბინეზონის ჩაცმაზე, რაც დიდხანს გრძელდება და რაც სიკვდილმისჯილის სამზადისს მაგონებს, და კიდევ – ჩემს ხელთათმანებზე. სად წავიღე, ეშმაკმა დალახვროს, ეს ხელთათმანები? ნამდვილად დავკარგე!

მე უკვე ვეღარ ვხედავ ჩემი ტაძრის კედლებს.

მე მკვდარი ღვთაების სამსახურისთვის ვემზადები.


[*] – ტიკი – ნერვული დაავადება, რომელიც მეტწილად სახის კუნთების უნებურ კრუნჩხვაში გამოიხატება.

1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button