2011 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური არსებები
ძალიან იშვიათი ცალთვალა ზვიგენი, რომელიც იმავდროულად ალბინოსიცაა, ოქტომბრის თვეში აღმოაჩინეს მექსიკაში. 56 სმ სიგრძის ჩანასახს თავის წინა მხარეს ერთადერთი, მაგრამ ფუნქციონირებადი თვალი აქვს. ცალი თვალის ქონა დამღაა იმ თანდაყოლილი დარღვევისა, რომელსაც ციკლოპიას უწოდებენ. ციკლოპია შემჩნეულია ცხოველთა სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ადამიანშიც.
ჩრდილოეთ ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოლოგისა და ზვიგენების სპეციალისტის ჯიმ გელსლეიჩტერის თქმით, ციკლოპი ზვიგენები მეცნიერებს წარსულშიც რამდენჯერმე დაუფიქსირებიათ. მიზეზი, რის გამოც ყველა მათგანი ჩანასახია და არა განვითარებული ან ზრდასრული თევზი, ისაა, რომ ამ დაავადების გამო ველურ ბუნებაში დიდხანს ვერ ძლებენ.
წინწკლებიანი ქამელეონი Furcifer timoni ზაფხულში აღმოაჩინეს მადაგასკარზე – აფრიკის კუნძულზე, რომელიც ცხოველთა სახეობებითაა მდიდარი. ამის შესახებ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ივნისში გაავრცელა განცხადება. ახალი ფერადი ქამელეონის აღმოჩენა დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ჩრდილოეთის ტროპიკული ტყეები – ამ არსების საბინადრო ადგილი – ბევრჯერ გულდასმით დაათვალიერეს ქვეწარმავლების ძიებაში.
სიაშია ნახევრად ალბინოსი ობობაც – მისი აღმოჩენა ავსტრალიელი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი იყო. “საგონებელში ჩავვარდი, როცა მისი თეთრი თავი დავინახე”, განაცხადა მარკ ჰარვეიმ, დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმის უფროსმა კურატორმა.
ახლად აღმოჩენილი ობობა ნამდვილი ალბინოსი არაა, რადგან მას ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს პიგმენტაცია სხეულზე – მისი ტანი ყავისფერია, როგორც სხვა მსგავსი ობობების შემთხვევაში ხდება ხოლმე.
3 სმ ზომის არაქნიდს დროებით ალბინოსი მძრომიალე ობობა უწოდეს, სანამ მეცნიერულ სახელს მოუფიქრებენ და შესაბამის სახეობას მიაკუთვნებენ.
გაიცანით მიწისქვეშეთის ახალი პრინცი – ბელზებუბი ღამურა. ეს სახელი ეშმაკის მსგავსი შეფერილობის გამო ეწოდა, მას შავი თავი და მუქი ზურგის ბეწვი აქვს, რაც მკვეთრ კონტრასტს ახდენს თეთრ მუცელთან.
სასტიკი სახელის მიუხედავად, ბელზებუბი ღამურები საკმაოდ მორცხვი არსებები არიან, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ადამიანებს მოერიდონ. თუმცა დაჭერის შემთხვევაში შეიძლება აგრესიულები გახდნენ და ყველაფერს იზამენ თავის დასაღწევად. მათი საბინადრო არეალია ვიეტნამის ტროპიკული ტყეები.
სოკოს სახეობა Ophiocordyceps camponoti-balzani იზრდება “ზომბი” ჭიანჭველას თავზე ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში. თავდაპირველად ეს დუეტი ერთი არსება ეგონათ და უწოდეს Ophiocordyceps unilateralis, თუმცა სინამდვილეში ჭიანჭველასთან ერთად სოკოს 4 სახეობა გვხვდება. მეცნიერების თქმით, ისინი ჭიანჭველას “გონებას აკონტროლებენ”.
ამ სოკოებს შეუძლიათ დააავადონ ჭიანჭველა, დაეუფლონ მის ტვინს და შემდეგ მოკლან, რის შემდეგაც სოკო გადაინაცვლებს ახალ და უკეთეს გარემოში, სადაც უფრო თავისუფლად შეძლებს სპორების გავრცელებას.
ფერადი ბლინის მსგავსი ზღვის ბინადარი შიშველშტოიანი ზღვის ლოქორაა. ის ერთ-ერთია იმ ასობით ახალი სახეობიდან, რომლებიც ფილიპინებში წელს ჩატარებული ექსპედიციებისას აღმოაჩინეს. ამ არსების შესახებ კი განცხადება მეცნიერებმა ივნისში გაავრცელეს.
ვიეტნამის მთიანი ჯუნგლების ტერიტორია “ვამპირის” ახალი სახეობის სამშობლოა – ამ “მფრინავ” ხის ბაყაყს მეცნიერულ წრეში Rhacophorus vampyrus შეარქვეს.
ამფიბიას პირველად 2008 წელს წააწყდნენ. ის სიგრძეში 5 სმ-ია და მხოლოდ სამხრეთ ვიეტნამში ბინადრობს, სადაც აპკოვან ფეხებს ხიდან ხეზე სასრიალოდ იყენებს.
ჩვეულებრივ თავკომბალებს ძირითადად ნისკარტის მსგავსი პირი აქვთ. მათგან განსხვავებით, პატარა ვამპირ ხის ბაყაყს მყარი შავი კაუჭები აქვს, რომლებიც პირის ქვედა მხრიდანაა ამოზრდილი. ამგვარი ეშვის მსგავსი გამონაზარდები მეცნიერებმა პირველად ნახეს თავკომბალებში.
“ეშმაკი ჭია” დედამიწის სიღრმეში, ზედაპირიდან რამდენიმე კილომეტრით ქვემოთ აღმოაჩინეს. ივნისში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, ის აქამდე ცნობილი ყველაზე ღრმად მობინადრე არსებაა.
ნემატოდის ახალ სახეობას Halicephalobus mephisto უწოდეს, რაც ფაუსტის დემონი პერსონაჟიდან, მეფისტოფელიდან გამომდინარეობს. ეს აღმოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს ქვემოთ საკმაოდ მრავალფეროვანი და აქამდე უცნობი სახეობებით მდიდარი ბიოსფერო იმალება.
ნათელი ფუქსიის შეფერილობით გამორჩეული ზღვის ჭიის ახალი სახეობა 2700 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს შუა ატლანტის ქედში. ფერად ქმნილებას ძალიან გრძელი “ტუჩები” აქვს, რაც საშუალებას აძლევს, ადვილად მოინადიროს მსხვერპლი იქ, სადაც ცოცხალი არსებები იშვიათია.
ფლორიდა-კისის არქიპელაგის სანაპიროსგან მოშორებით ასობით შხამიანი საცეცი ჰკიდია მოვარდისფრო მედუზის სხეულზე. დრიმონემას გვარში მყოფი სხვა სახეობების მსგავსად ეს არსებაც ნადირობს მთვარის მედუზაზე, როგორც საკვებზე.
მოზრდილი დრიმონემები საჭმლის მონელებისთვის იყენებენ ე.წ. “ორალურ საცეცებს”, რომლებიც ჩვეულებრივი საცეცების სიახლოვეს მდებარეობს. ისინი გამოყოფენ საჭმლის მომნელებელ წვენებს, რომლებიც მსხვერპლის ორგანიზმს შლის და ადვილად ასათვისებელს ხდის.