რელიგიაუცნაური

გიგასის კოდექსი – სატანის ბიბლია

გიგასის კოდექსი, ანუ ,,ბუმბერაზი წიგნი” ლათინურად, წარმოადგენს შუა საუკუნეების ყველაზე დიდ მანუსკრიპტს. მას მოიაზრებენ, როგორც მსოფლიოს 8 საოცრებიდან ერთ-ერთს. წარსულში მიიჩნეოდა, რომ ეს წიგნი შეიცავდა მთელ იმ ცოდნას, რაც ადამიანს მოუპოვებია. ეს არის ყველაზე საოცარი, განსაკუთრებული, მიმზიდველი, მომხიბვლელი, უცნაური და გაუგებარი წიგნი. მისტიურ ელფერს მატებდა მას ის ლეგენდა, რომ მისმა ავტორმა სული ეშმაკს მიჰყიდა.

მონაცემებით საკმაოდ შთამბეჭდავია – 75 კგ-ს იწონის. ამიტომ მის გადასაადგილებლად მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო. სიგრძეში 1 მეტრამდეა, სიგანეში 0.5 მ, სისქით კი 22 სმ. აქვს ხის ჩარჩო და მორთულია მეტალის ნაკეთობებით. წიგნი შედგება 310 ფურცლისგან (620 გვერდი), რომლებიც დამზადებულია ველენისგან, საუკეთესო ხარისხის პერგამენტისგან. ეს მასალა კი 160 ცხოველის, სავარაუდოდ ვირების გატყავებით მიიღეს. არსებობს ეჭვი, რომ რამდენიმე ფურცელი, უფრო ზუსტად 10 ცალი, დაიკარგა. თუმცა სად აორთქლდა, არავინ იცის. გვერდები გაფერადებულია წითლად, ლურჯად, ყვითლად, მწვანედ და ოქროსფრად. დიდი ასოები გამუქებულია და გამოყოფილი.

გადმოცემის მიხედვით, წიგნს მხოლოდ ერთი ბერი წერდა ათწლეულების განმავლობაში მე-13 საუკუნეში. ეს ხდებოდა თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორიაზე, ბოჰემიის რეგიონში. ძველი და ახალი აღთქმის სრულყოფილი ტექსტები, ასევე უძვირფასესი ნაშრომები მათთან ერთად – ამ ყველაფრით გიგასის კოდექსი შუა საუკუნეების ენციკლოპედიას წარმოადგენდა. არის ერთადერთი წიგნი, რომელიც ძველ და ახალ აღთქმასთან ერთად შეიცავს შელოცვებსა და მაგიურ ფორმულებს. მათ ემატება იოსეფუსის “ებრაელთა სიძველენი” და “ებრაელთა ომები”, ასევე წმინდა ისიდორე სევილიელის ეტიმოლოგიური ენციკლოპედია და სამედიცინო ნაშრომები ჰიპოკრატეს, თეოფილუსის, ფილარეტისა და კონსტანტინეს ავტორობით.

სახელი – სატანის ბიბლია – ეწოდა ლუციფერის ილუსტრაციის გამო 290-ე გვერდზე. თავის ეპოქაში ეს იყო ერთადერთი ბიბლია, რომელშიც სატანის გამოსახულებას შეხვდებოდით. თუმცა ყარყუმის საცვლითა და უცნაური პოზით ეს არსება მულტფილმის რომელიმე პერსონაჟს უფრო ჰგავს, ვიდრე ხორცშესხმულ ბოროტებას.

გასაოცარია ის ფაქტი, რომ მთელი წიგნი ერთფეროვნადაა დაწერილი – არ იცვლება ხელწერა, არცერთ ადგილას ტექსტს არ ეტყობა ავტორის დაღლა, ასაკის მომატება, ავადმყოფობა, განწყობის შეცვლა. არადა ასეთი შრომა დააავადებდა ადამიანს, გაუარესებდა მხედველობას და გამოუფიტავდა კუნთებს, დაუკარგავდა კოორდინაციის უნარს. სწორედ ამ მიზეზის გამო მის შესახებ არსებობს მოსაზრებები შავ ძალებთან კავშირზე – რომ თითქოს ეს ყველაფერი ლუციფერის დახმარებით დაიწერა. თანაც არა ათწლეულების განმავლობაში, არამედ სულ რაღაც ერთ ღამეში.

ლეგენდა გვიამბობს, რომ მონასტერში მცხოვრებმა ბერმა წესები დაარღვია და საშინელი შეცდომა დაუშვა (რა სახის შეცდომა იყო, უცნობია), რის გამოც საპყრობილეში ჩააგდეს და მალე სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ბერმა შესთხოვა მის გამსამართლებლებს, მიეცათ მისთვის შანსი. ის დაწერდა წიგნს, რომელიც მონასტრის სახელს უკვდავყოფდა, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. ამ წიგნში მოაქცევდა უძვირფასეს ცნობებს და ის გახდებოდა საგანძური მომავალი თაობებისთვის. მართლაც, დათანხმდნენ და ამისთვის მხოლოდ 1 ღამე მისცეს. ბერმა დაიწყო წერა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ვერ მოასწრებდა, შუაღამით ლოცვა აღავლინა. ოღონდ არა ღმერთის, არამედ დაცემული მთავარანგელოზის, ლუციფერის მიმართ. წიგნის დასრულების სანაცვლოდ ბერმა სული დათმო. ეშმაკმაც განაგრძო წერა და დილამდე დაასრულა წიგნი. ზემოთხსენებული ნახატიც სწორედ ამიტომ მოხვდა მასში.

თუმცა საკითხავია, თუკი ამაში სატანის ხელი ურევია, რატომ არ იგრძნობა ეს ნაწერის შინაარსში? არაფერია მასში ისეთი, რაც ამ უკანასკნელს დადებითი კუთხით წარმოაჩენს. რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, ისაა რომ მთელი წიგნი ერთი ადამიანის მიერაა დაწერილი, კალიგრაფია მუდამ ერთი სახისაა. ნაწერი შესრულებულია მელნით. მეცნიერები გამორიცხავენ ერთი ღამის ვერსიას. მათი თქმით, ეს პროცესი დაახლოებით 20 წელი გრძელდებოდა.

ყველაზე ლოგიკური ვერსია ისაა, რომ ეს დაწერა ერთ-ერთმა ბერმა, რომელმაც თავისი სახელიც კი მიუთითა შესავალში. ამისთვის დასჭირდებოდა არაადამიანური შრომა წლების განმავლობაში, რკინის მოთმინება და შეუდრეკელი რწმენა. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი ეპიტიმიის მაგიერი იყო მისთვის. საუკუნეების მანძილზე ნაშრომი ინახებოდა ეკლესია-მონასტრებსა და სამეფო სასახლეებში. 1648 წელს შვედმა ჯარისკაცებმა მოიპარეს, მოგვიანებით გამოჩნდა და ამჟამად შვედეთში, სტოკჰოლმის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აქვს დამკვიდრებული ადგილი. 2008 წელს სპეციალისტებმა შეამოწმეს და მისი ღირებულება 1.5 მილიონი დოლარით განსაზღვრეს.

იმ გვერდს, სადაც ლუციფერია გამოსახული, მოჰყვება სხვა გვერდები, რომლებიც შეიცავენ ეგზორციზმის რიტუალის სწავლებებს. დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ უნდა განიდევნონ დემონები და ავი სულები ადამიანებიდან ან უსულო საგნებიდან. შუა საუკუნეებში ხშირად ითვლებოდა, რომ შეპყრობა იყო მიზეზი დაავადებების უმეტესობისა. ამის შემდეგ მოდის ინსტრუქცია იმაზე, თუ როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა დამნაშავე. მათ გარდა, არის შელოცვები ნებისმიერ სენზე, დაწყებული სიცხით, დამთავრებული უფრო რთული დაავადებებით.

სატანის გამოსახულების გვერდზე არის მეორე ნახატი, “სამოთხის ქალაქი”. აღსანიშნავია ის, რომ ლუციფერის გამოსახულება პირდაპირ მისკენაა მიმართული, ასევე სამოთხე ცარიელია, მასში ადამიანები არ ჩანან.

თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ ეს გამოსახულება სატანის უარსაყოფადაა, ანუ ამ ფორმით “ამარცხებს” მას. სამოთხის სურათი იმედისა და გადარჩენის სიმბოლოდ აღიქმება, რითაც მეზობელი ნახატის კონტრასტს წარმოადგენს. მეტი ნახატი წიგნში არ გვხვდება.

ვინ შექმნა წიგნი და რატომ? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მაინც ბუნდოვანია.

წყარო:  ჩრდილოეთის ციალი

Source
ჩრდილოეთის ციალი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button