შხამიანი შუბის ბაყაყები
ეს ფერადი, ლამაზი და ეგზოტიკური არსებები საკმაოდ საშიშნი არიან. ნათელი ფერებით აფრთხილებენ ყველას, მათგან თავი შორს დაიჭირონ.
შხამიანი შუბის ბაყაყები ბრწყინვალე და ნათელი ფერებით გამოირჩევიან. მათი საბინადრო არეალი მოიცავს კოსტა რიკიდან ბრაზილიამდე არეალს, ტროპიკულ ტყეებს, სადაც სითბო და სინათლეა. კანის ფერი შეიძლება იყოს ყვითელი, ოქროსფერი, სპილენძისფერი, წითელი, მწვანე, ლურჯი ან შავი.
სიგრძეში შეიძლება სულ 2-3 სმ იყოს, წონით კი 30 გრამამდე, მაგრამ საკმაოდ ძლიერი შხამი აქვს. ისინი ითვლებიან დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ შხამიან არსებებად. მაგალითად, ოქროსფერი ბაყაყის შხამს შეუძლია 20 000 თაგვი იმსხვერპლოს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ შხამს გამოიმუშავებენ იმ მწერებისგან, რომლებსაც მიირთმევენ. მწერები იკვებებიან შხამიანი მცენარეებით, შემდეგ კი ეს ბაყაყის ორგანიზმში ხვდება. ტყვეობაში გაზრდილ ბაყაყებს შხამი არ აქვთ, რადგან მათი დიეტა სხვანაირია.
მსხვერპლის დასაჭერად გრძელ და სწრაფ ენას იყენებენ. იკვებებიან ხილის ბუზებით, ჭიანჭველებით, ტერმიტებით, ჭრიჭინებით, ასევე პატარა ხოჭოებით, რომლებიც სავარაუდოდ, შხამის წყაროს წარმოადგენენ.
დღისით განსაკუთრებულად აქტიურები არიან. თუმცა მზეს ერიდებიან, რადგან შეიძლება კანი დაუზიანდეთ. ამიტომ უმეტესად მცენარეების ჩრდილში არიან. წყვილდებიან წვიმის სეზონის პერიოდში. მამრი მდედრს ზუზუნით ან ყიყინით იხმობს თავისთან. ასევე დარაჯობენ ტერიტორიებს, რომ სხვა მამრი არ შემოვიდეს.
ოქროსფერ შუბის ბაყაყს ერთადერთი ბუნებრივი მტერი ჰყავს: გველი, რომელზეც არ მოქმედებს ბაყაყის შხამი. ეს გველი გახლავთ Leimadophis epinephelus.
ადგილობრივები, რომლებიც ამ ბაყაყების საბინადრო არეალებთან ცხოვრობენ, იჭერენ მათ და სანადირო შუბებზე უსვამენ შხამს. ამ შუბით საშუალო ცხოველი რეტიანდება, პატარა კი მალევე კვდება. მონადირეები იმ ადგილს ამოჭრიან ხოლმე, რათა შხამი ორგანიზმში არ გავრცელდეს.
ტყვეობაში შუბის ბაყაყი 10 წელს ცოცხლობს. მათი ბევრი სახეობა საფრთხის ქვეშაა. ფერმერობისა და სხვა მიზნების გამო ტროპიკულ ტყეებს ჩეხავენ, რის გამოც ამ არსებებს საბინადრო არეალი ეზღუდებათ.
შხამს მათი კანი შეიცავს. ადამიანისთვის ძალიან სახიფათოა, თუმცა დადებითი მიზნითაც გამოიყენება – მედიცინაში გარკვეული წამლების დასამზადებლად. შხამი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომ მისი მეშვეობით მომავალში შეიძლება მძლავრი ტკივილგამაყუჩებელი შექმნან.
წყარო: ჩრდილოეთის ციალი