პოლიტიკასაკითხავი

ლევან რამიშვილი – როგორ ავირჩიოთ მაიმუნის გალია ცირკის უკეთ სამართავად ანუ საარჩევნო რეფორმა პარტიული ოლოგოპოლიზმიდან თავისუფალი პოლიტიკური ბაზრისაკენ

სისტემური ჩარჩო

ქართული პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებები შეიძლება ახლებურად დავინახოთ, თუ პარტიას რაციონალური არჩევანის პარადიგმაში განვიხილავთ. გამოჩნდება, რომ, ერთი მხრივ, ამ სიკეთეზე მოთხოვნა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო მეორე მხრივ, მიწოდებაც უამრავ ბარიერს აწყდება.

შეზღუდული კონკურენციის პირობებში მომხმარებლის ინტერესების იგნორირება დაუსჯელი რჩება. საჭიროა სტრუქტურული ხასიათის რეფორმები, რომლებიც პოლიტიკური ბაზრის ლიბერალიზაციას, ასევე მიწოდების მხარეზე კონკურენციისა და შესაბამისად, ხარისხის ზრდასაც შეუწყობს ხელს. პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე ისედაც დაბალი საზოგადოებრივი მოთხოვნის უკეთ დაკმაყოფილება შეიძლება ბაზრის გაფართოების სტიმული გახდეს – ხარისხით უკმაყოფილო პოტენციურ მომხმარებლებს შესაძლოა, ბაზარზე შესვლის ინტერესი გაუჩნდეთ.

გარკვეულ შემთხვევებში, საარჩევნო სისტემა შეიძლება აღმოჩნდეს საკვანძო ფაქტორი იმის განსაზღვრისას, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში. ასეთი პირდაპირი ეფექტის გარდა, საარჩევნო სისტემა ბევრ სხვა რამესაც განაპირობებს. მან შეიძლება წაახალისოს ან შეაფერხოს პარტიების ფორმირება, აგრეთვე გავლენა იქონიოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების რაოდენობაზე, პარტიის შიგნით ძალაუფლების განაწილებაზე, საარჩევნო კამპანიის სახეობებზე, პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების ურთიერთობაზე ამომრჩეველთან ან ერთმანეთთან როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ და ზოგადად განხორციელებული პოლიტიკის შინაარსზე.

ზოგიერთი სისტემის ფარგლებში პოლიტიკური ძალებისათვის მომგებიანი იქნება საკუთარი საარჩევნო ბაზის გარეთ ამომრჩევლებზე მუშაობა და მათში თუნდაც ნაწილობრივი მხარდაჭერის ძიება უფრო ინკლუზიური პოლიტიკის შეთავაზებით თუ საკომუნიკაციო სტრატეგიით. სხვა სისტემა შეიძლება საპირისპირო სტიმულებს შეიცავდეს – იდენტობის პოლიტიკას, ექსკლუზიურობასა და ურთიერთდაპირისპირებას მეტი მანდატი მოჰქონდეს.

საარჩევნო სისტემამ შეიძლება ისეთი გარემოს შექმნა განაპირობოს, სადაც ბუნებრივი შერჩევის მექანიზმი წაახალისებს ფასეულობებსა და იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კონკრეტული პოლიტიკური პროგრამის, აგრეთვე ფართო პროფილისა და საარჩევნო ბაზის მქონე პარტიებს. სხვა სახის საარჩევნო სისტემამ კი შეიძლება ვიწრო კლანური, რეგიონული, რელიგიური თუ ეთნიკური ინტერესების გამომხატველ პოლიტიკურ ჯგუფებს მეტი გასაქანის მისცეს.

სისტემისგან მომდინარე იმპულსებმა შესაძლოა ამომრჩეველისთვის რაციონალური გახადოს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებში იყოს კარჩაკეტილი თუ ღია, სექტანტური თუ ეკუმენური, ტრაიბალისტური თუ კოსმოპოლიტური, ორთოდოქსული თუ მოქნილი. სწორედ ამიტომ, გარკვეულწილად საარჩევნო სისტემაზეცაა დამოკიდებული თუ რა იქნება პოლიტიკის წამყვანი მოდალობა – პრაგმატიზმი და ზომიერება თუ ექსტრემიზმი და რადიკალიზმი; როგორი იქნება საზოგადოების შიგნით ეთნიკური, რელიგიური თუ კლასობრივი დაძაბულობისა თუ შემწყნარებლობის ხარისხი.

ერთი სიტყვით, სათაურში გამოტანილი ჰენრი ლუის მენკენის მეტაფორას თუ გავაგრძელებთ, საარჩევნო სისტემა სწორედ ის გალიაა, რომელიც, კონსტიტუციასთან ერთად, ჩვენს პოლიტიკურ ცირკში სტიმულების ბაზისურ სტრუქტურას აყალიბებს და ამ ცირკის წარმმართველ მაიმუნებს სამოქმედო ჩარჩოებს უწესებს.

ჰანტინგტონის ტესტი

საქართველოს უახლეს ისტორიას ხშირად ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა გამოცდილების ჭრილში აანალიზებენ. ამ ნარატივის მიხედვით, ვარდების რევოლუცია ხავერდოვანი რევოლუციების დაგვიანებულ გაგრძელებად მიიჩნევა. ამავე დროს, ხაზგასმულია, რომ ახლა უკვე ევროკავშირის წევრი პოსტკომუნისტური ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია დროში გაიწელა.

ის გარემოება, რომელიც 1989 წლის ცენტრალურ-ევროპულ გაზაფხულთან 2003 წლის ქართულ შემოდგომას აერთიანებს არცთუ უმნიშვნელოა: ყოფილი სოციალისტური ქვეყნის სწრაფვა დემოკრატიისკენ, რამაც ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლილება გამოიწვია და კომუნისტური ნომენკლატურის მმართველობას მოუღო ბოლო.

ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2012 წელს საქართველოშიც შედგა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემის პირველი პრეცედენტი და ერთ დროს ქარიზმატულმა პირველი თაობის რეფორმატორებმა ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს.

თუმცა, როგორც პოსტსაბჭოთა ბელორუსსა და უკრაინაში ავტორიტარიზმის აღორძინებისა და სამართლებრივი განუკითხაობის მაგალითი გვიჩვენებს, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიის გარანტია არაა. სამუელ ჰანტიგტონის მიხედვით, იმისათვის რომ დემოკრატია შედგეს, აუცილებელია საარჩევნო ბიულეტენის მეშვეობით მმართველი ძალის მეორედ შეცვლა. პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიის ქვეყნების გარდა) ჯერჯერობით მხოლოდ მოლდოვამ შეძლო ჰანტინგტონის ტესტის ჩაბარება.

საქართველოს ეს გამოცდა ჯერ წინ აქვს. Freedom House-ის ინდექსებში საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ მუდმივად ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად ითვლება. დაახლოებით იგივე სურათს გვიჩვენებს წლიდან წლამდე NDI-სა და IRI-ს ეგიდით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები: ჩვენი მოქალაქეების 2/3-ს მიაჩნია, რომ საქართველო უკვე დემოკრატიაა, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს ან დემოკრატია ჯერ არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება.

რატომ დაგვჭირდა სულ მცირე ორი ათეული წელი იმისთვის, რაც ევროკავშირის წევრმა პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა სულ რამდენიმე თვეში მოახერხეს? ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შესაძლოა მრავალპარტიული სისტემის განუვითარებლობა იყოს. პარტიული სისტემა კი თავის მხრივ საარჩევნოს უკავშირდება.

მიკროსკოპული საშუალო კლასი

ქართული პარტიები მოქალაქეთა პოლიტიკაში მონაწილეობის საშუალებას არ წარმოადგენენ. მათ გამოკვეთილი და სხვებისგან განსხვავებული იდეოლოგია არ აქვთ, არც შინაგანი დემოკრატიზმი ახასიათებთ და არც ინსტიტუციური მდგრადობით გამოირჩევიან. პარტიებისათვის დამახასიათებელი შიდა პრობლემების გარდა, მათ სისუსტეზე გავლენას მთელი რიგი დამოუკიდებელი ფაქტორები – პირველ რიგში, საშუალო კლასის არარსებობა და ურბანიზაციის დაბალი მაჩვენებელი ახდენს.

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ლიბერალურ დემოკრატიას უკვე მოდერნიზებული საზოგადოება დახვდა. მაგალითად, ჩეხეთში საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, სოფლად მცხოვრებთა ხვედრითი წილი მოსახლეობაში მხოლოდ 25%-ს შეადგენდა (საქართველოში იგივე მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო). აგრარული საზოგადოების კრიზისი და ურბანიზაციის პირველი ტალღა სოფლის მოსახლეობას ჩვეულებრივ პოლიტიკური რადიკალიზაციისაკენ უბიძგებს. მსგავსი გააქტიურება, არცთუ იშვიათად, რევოლუციის სახეს ღებულობს. თუმცა, გლეხობის პოლიტიკური აქტივიზმის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნება, როგორც წესი, არ ხდება და ისტორიული განვითარების ამ ფაზის გავლისთანავე მისი ინტენსივობა მკვეთრად კლებულობს.

ამის მაგალითი ჩვენს ისტორიაშიც მოიპოვება – 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ის დასაწყისში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღზევება დიდწილად სწორედ იმან უზრუნველყო, რომ ის რადიკალიზებული სოფლის პოლიტიკურ იარაღად იქცა. მის რიგებში უფრო მეტი გლეხი იყო, ვიდრე სოფლის ინტერესების გამომხატველ რუსულ სოციალ-რევოლუციურ პარტიაში.

ფერმერული აქტივიზმის არასტაბილური ბუნების გამო, ცენტრალური ევროპის სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, ანტისაბჭოთა ძალებმა სოციალური დასაყრდენი საქართველოში შედარებით სწრაფად დაკარგეს. ამავე მიზეზის გამო, სსრკ-ს ისტორიის მეორე ნახევარში, შედარებით უფრო სუსტი დისიდენტური მოძრაობა გვყავდა.
ამავე დროს, ადამ პრჟევორსკის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ დემოკრატია თითქმის შეუქცევადი ხდება, როცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 6 ათას დოლარს აღწევს (1985 წლის დოლარებში, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით). დღევანდელ დოლარებში ეს თითქმის ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს სულადობრივი მშპ.

ამ დონის მისაღწევად დაახლოებით 15 წელი დაგვჭირდება, თუ მომავალში საქართველოს ეკონომიკა ისევე განვითარდება, როგორც ის ლარის შემოღებიდან დღემდე იზრდებოდა. თუ მოვლენები უფრო ოპტიმისტური სცენარით განვითარდა და ეკონომიკა ისე გაიზრდა, როგორც ეს ვარდების რევოლუციიდან აგვისტოს ომამდე ხდებოდა, მაშინ იგივე მანძილის გავლას 9 წელში შევძლებთ.

განვითარებულ ქვეყნებში მედიანური შემოსავალი დღეში დაახლოებით 85 დოლარია, საქართველოში კი მოსახლეობის 90% მეტს თვეში 1,000 ლარის შემოსავალი არ აქვს. ამერიკაში ისინი ღარიბებად ჩაითვლებოდნენ. ბრანკო მილანოვიჩისა და შლომო იცხაკის შედარებით უფრო ფართო დეფინიციის მიხედვით, საშუალო კლასი დღეში 10-დან 50 დოლარამდე საშუალო დღიურ შემოსავალს გულისხმობს. ამ კრიტერიუმს ხუთიდან ოთხი ჩვენი მოქალაქე არ აკმაყოფილებს.

სოციალური კაპიტალის დეფიციტი

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც პარტიებმა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდეს, საზოგადოებრივი განწყობებიცაა. ზოგისათვის ისინი ქაოსის წყაროა. სხვები პირიქით, განსაკუთრებით საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე, პარტიას თავისუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამენ. პარტიებისადმი უნდობლობას და მათ მიუღებლობას სხვა მრავალი მიზეზიც აქვს.

დროთა განმავლობაში განწყობები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში პარტიების შექმნას ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები უშლის ხელს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი სოციალური კაპიტალის ნაკლებობაა. ერთი მხრივ, ნათესაობისა და პირადი ნაცნობობის ქსელების, ძლიერ კავშირებზე დაფუძნებული მცირე ჯგუფების ე. წ. შემკვრელი სოციალური კაპიტალის სიჭარბე გვაქვს. მეორე მხრივ, სუსტი კავშირების საფუძველზე მოქმედი ანონიმური სოციალური გაერთიანებებისთვის აუცილებელი ე. წ. შემაერთებელი სოციალური კაპიტალის მწვავე დეფიციტს განვიცდით. იმას, რომ ჩვენი პარტიების კლანურობას ნაწილობრივ ეს გარემოებაც განაპირობებს.

ტოტალიტარული გათანაბრების 70 წლიანი დაღი ჩვენი საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას დღემდე ემჩნევა. განსხვავებული სოციალური ფენების არარსებობის პირობებში ბუნებრივია, რომ განსხვავებული ინტერსების რეპრეზენტაციისა და მათ შორის კონფლიქტების მოდერაციის მექანიზმებზე, პირველ რიგში, პარტიებზე, დიდი მოთხოვნილება არ არის. ინტერესები ან იმდენად ფართოა, რომ პრაქტიკულად ყველას აერთიანებს ან იმდენად ვიწრო და ცვალებადი, რომ რომელიმე პარტიის სტაბილურ სოციალურ საფუძვლად ვერ გამოდგება.

ამასთანავე, ახალი ტექნოლოგიების პირობებში პარტიებმა საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვასა და ადვოკატირებაზე მონოპოლია დაკარგეს. გარკვეული დროის შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ საკუთარი ინტერესების უკეთ გააცნობიერების, სოციალური კაპიტალის ზრდის და აქტიური მოქალაქეობის კულტურა ფართოდ გავრცელების შემთხვევაში პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე მოთხოვნილება მოიმატებს. თუმცა, ამ ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში პარტიებს სამოქალაქო ორგანიზაციების სახით სერიოზული ალტერნატივა ეყოლებათ.

ტელევიზიის მსხვერპლი

რობერტ პატნემი სოციალური კაპიტალის ეროზიას ტელევიზიის გავრცელებას უკავშირებს. ტელევიზია, ამ მხრივ, უნიკალური მედიუმია. მაგალითად, მელომანები რაც უფრო მეტს უსმენენ კლასიკურ მუსიკას, მით უფრო სოციალურად აქტიური მოქალაქეები არიან. მაყურებელი მათგან რადიკალურად განსხვავდება: რაც უფრო მეტს უყურებს, მით უფრო ნაკლებადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ანალოგიური კონტრასტია ჟურნალ-გაზეთების შემთხვევაშიც. სუფთა მკითხველები – ანუ ისინი, ვინც საშუალოზე მეტს კითხულობს და ტელევიზორს საშუალოზე ნაკლებს უყურებს – სუფთა მაყურებლებთან შედარებით 76%-ით უფრო მეტ სამოქალაქო გაერთიანებაში წევრიანდებიან და ადამიანებს 55%-ით უფრო მეტად ენდობიან.

ტელევიზიას სხვა ნაკლოვანებებიც ახასიათებს. აუდიოვიზუალური ინფორმაცია უკეთ აღიქმება, მაგრამ ბეჭდვითი მოვლენებს უკეთ ხსნის და უფრო ფართო კონტექსტში წარმოაჩენს. ამ შესაძლებლობას ტელევიზია ხშირად მოკლებულია, ვინაიდან მაყურებლის მისაზიდად ამბავი მოკლე დროში, ვიზუალურად მიმზიდველი ფორმით და დრამატიზმით უნდა იყოს გადმოცემული.

ტელევიზია უბრალოდ ვერ გუობს ვერაფერს, რაც მოკლე საუნდ-ბაიტში არ ეტევა, მითუმეტეს სიღრმისეული ანალიზს. ეს მედიუმი აუდიტორიას ძალაუნებურად უბიძგებს, ემოციებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები, მაშინ როცა ბეჭდვითი მედია მეტწილად რაციონალურ გააზრებას მოითხოვს. ეს ყოველივე უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეთა შესაძლებლობაზე, განახორციელონ ინფორმირებული თვითმმართველობა და უზრუნველყონ პოლიტიკოსთა საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება.

ტელევიზიას თითქმის ყველა ჩვენი მოქალაქე უყურებს, მაგრამ წიგნების და ჟურნალ-გაზეთების კითხვის კულტურის თვალსაზრისით საქართველო მესამე სამყაროს ქვეყნებს მიეკუთვნება. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი ქართული პრესა მკითხველთა განათლების ნაცვლად მათ დაბნელებას იწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, ბეჭდვითი მედიის ბაზრის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ახალი ჟურნალ-გაზეთების გაჩენას. შესაბამისად, გაიზრდება კონკურენცია და ხარისხიც.

ტეფლონის ეფექტიდან პრერიის ხანძრამდე

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილების დონეს უკავშირდება, დაბალ-ინფორმირებული ამომრჩეველის ფენომენია. ისევ მენკენი რომ დავიმოწმოთ, დემოკრატია ინდივიდუალური უმეცრებიდან მომდინარე კოლექტიური სიბრძნის ფუჭ რწმენას ეფუძნება.

როცა ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავებისათვის საჭირო ხარჯები ამ ინფორმაციით მისაღებ სარგებელს აღემატება, ადგილი აქვს რაციონალურ უმეცრებას. მიწოდების დაბალი ხარისხი ნაწილობრივ განაპირობებს იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში რიგითი მოქალაქე სათავისო ხეირს ვერ ხედავს, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო როლს თავად მოთხოვნების თავისებურებები ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლიდერების მიერ დაშვებული შეცდომების სიხშირე თუ სიმძიმე, როგორც წესი, პოლიტიკურ პროცესზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. წინდაუხედავი მოქმედებისა თუ მცდარი გათვლებისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში მათ პოლიტიკური ფასის გადახდა ძალიან იშვიათად უწევთ.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს შეცდომები დიდი ხნის მანძილზე დაბალინფორმირებული ამომრჩევლის რადარებს მიღმა რჩება. შედეგად, ელექტორალური დაუსჯელობით გათამამებულ ტეფლონის პოლიტიკოსებს ვიღებთ, რომელთა რეპუტაცია ხანგრძლივი კრიტიკის მიუხედავად არ ზარალდება.

ხშირად ადამიანები ხალხის კოლექტიურ სიბრძნეს უფრო ენდობიან, ვიდრე მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. ეს უკანასკნელი შესაძლოა სულ სხვა არჩევანს გკარნახობდეს, მაგრამ საკუთარ კომპეტენციაში დაეჭვების ან საკითხისადმი ინტერესის ნაკლებობის გამო, სხვების ავტორიტეტმა, Groupthink-მა თუ სოციალურმა პრესმა გადასწონოს.

ამ დროს საქმე ინფორმაციულ კასკადთან გვაქვს. ასეთი რამ პოლიტიკაშიც ხშირად ხდება ხოლმე, განსაკუთრებით დაბალინფორმირებული ამომრჩევლების პირობებში. ეს კასკადი შეიძლება არასაკმარის ან მცდარ ინფორმაციას ემყარებოდეს. ამიტომ, ის ძალიან მყიფეა და როგორ უსაფუძვლოდაც დაიწყო, ისევე მოულოდნელად შეიძლება დასრულდეს. ამით აიხსნება ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მეტეორული აღზევება და შემდეგ მისი პოპულარობის საპნის ბუშტივით გახეთქვა.

სოციალური მიმიკრია ამომრჩეველს ზოგჯერ საჯაროდ გაცხადებულ პრეფერენციათა ფალსიფიკაციისაკენ უბიძგებს. გარკვეული დროის მანძილზე ფრუსტრირებული საზოგადოების ჭეშმარიტი განწყობები შეიძლება შენიღბული იყოს. 1789 წლის საფრანგეთის, 1917-ის რუსეთის და 1979-ის ირანის მოვლენების მაგალითზე ამ ფენომენის კვლევამ თიმურ კურანს, ბერლინის კედლის რღვევამდე რამდენიმე თვით ადრე, ანაზდეული რევოლუციებისა და საზოგადოებრივი განწყობების რადიკალური ცვლილებების თეორიის შექმნისკენ უბიძგა.
ეს თეორია კარგად ხსნის, თუ როგორ აალდება ხოლმე ყველასათვის მოულოდნელად, პატარა ნაპერწკლიდან პრერიის ხანძარი. ინფორმაციული კასკადი, რომელიც თავიდან დომინანტი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს, ადრე თუ გვიან მის წინაღმდეგ იწყებს მოქმედებას. Bandwagoning-ის ეფექტი პოლიტიკურ მოდას აყოლილ დაბალ-ინფორმირებულ ამომრჩეველს ახალი უმრავლესობისაკენ უბიძგებს.

შედეგად, პოლიტიკური ცვლილებები, როგორც წესი, არა ინფორმირებული საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად გაკეთებული გაცნობიერებული არჩევანის შედეგი, არამედ სტიქიური კატაკლიზმის პროდუქტია. იცვლებიან პერსონალიები და არა პოლიტიკა. ნაწილობრივ ამის გამო, ყოველი ახალი ხელისუფლება წინამორბედის შეცდომების გამეორებისკენაა მიდრეკილი.

დომინანტი პარადიგმა

ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ტურბულენტობის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ქართული პარტიები ჯერჯერობით არა მასობრივი, არამედ პერსონისტული პოლიტიკური ორგანიზაციებია. ზოგიერთი მათგანი ისტებლიშმენტის შიგნით მოქმედი ელიტური ჯგუფია, რომელიც კვაზი-პარტიის მეშვეობით შიდა-სისტემურ ომში მოკავშირეთა მობილიზებას ცდილობს. სხვები – შეთქმულთა დასი, რომელმაც ხელისუფლების სათავეში ლიდერის კატაპულტირება უნდა უზრუნველყოს, ხოლო ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, საჯარო სამსახურის სიკეთეები პარტიის წევრებს ნადავლის სახით გაუნაწილოს.

დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე ქართული პოლიტიკა ზოგჯერ რადიკალურად იცვლებოდა, მაგრამ დომინანტი პარტიის სისტემა უცვლელი დარჩა. ამას მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობას ვერ მივაწერთ, ვინაიდან 1918-21 წლებშიც იგივე მდგომარეობა იყო – მრგვალი მაგიდის, მოქალაქეთა კავშირის თუ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ზეობის წლებში არც სოციალ-დემოკრატებს ყავდათ რეალური საარჩევნო კონკურენტი, ხოლო ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ყოფილი დომინანტი პარტიები ძალიან მალე გაქრნენ.
ოპოზიციის ძლიერება ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ თავად საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ქმედუნარიანი ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლობას, რომელიც მთავრობის პოლიტიკისა და კანონების გაკრიტიკებას შეძლებს, საზოგადოებას რეალისტურ ალტერნატივას შესთავაზებს და უმცირესობის ინტერესებს დაიცავს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა დომინანტი პარტიებისადმი ჩვენი მიდრეკილების გამო აქვს.

2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები ერთდროულად ამ წესის დადასტურება და გარკვეული გამონაკლისია. ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არჩეული წევრების 20%-მა დატოვა. კიდევ უფრო დიდია ამ პარტიის დანაკარგები მუნიციპალურ საკრებულოებში.

ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი დომინანტი პარტია სრულად არ გამქრალა. აქამდე პარლამენტში მმართველ ძალებს თითქმის ყოველთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონდათ. დღევანდელი პარლამენტი ამ ტრადიციასაც არღვევს.

ზემოდან ქვემოთ

ქართული პარტიების ასოციალური და ელიტური ხასიათის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ მათი მშენებლობა ზემოდან ქვემოთ მიმდინარეობს და არა – ბუნებრივი გზით, ქვემოდან ზემოთ. საზოგადოებრივ ფასეულობებთან, კულტურასთან და ტრადიციებთან ერთად ამ პრობლემის ფესვები საარჩევნო სისტემაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც 20 წელზე მეტი ხანი არსებითი ცვლილება არ განუცდია.

ყველა პოსტკომუნისტური საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პარალელური სისტემის საფუძველზე ჩატარდა. დეპუტატების ნაწილს ერთმანდატიან ოლქებში პლურალისტული სისტემით ვირჩევდით (ამ სისტემას არასწორად ეძახიან მაჟორიტულს. გამარჯვებისათვის საჭირო არ არის ხმების უმრავლესობა, საკმარისია უმეტესობა, თუ ის 30%-ზე მეტია), მეორე ნაწილს კი – პროპორციული სისტემის საფუძველზე საერთო-ნაციონალური დახურული პარტიული სიით. ყველა ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში მართველი პარტიის უპირობო დომინაციას ვღებულობდით.

ერთადერთი გამონაკლისი 1992 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როცა პარლამენტის პროპორციული ნაწილის ასარჩევად ელექტორატს 1 საერთო-ნაციონალური სიის ნაცვლად 10 რეგიონულისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა. ამასთან, რეგიონებში „მორჩენილი“ ხმები, რომლებიც სადეპუტატო მანდატის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, საერთო პარტიულ ყულაბაში გროვდებოდა და მე-11, ე. წ. საკომპენსაციო, სიაზე ნაწილდებოდა.

ამას გარდა, ამომრჩეველს პარტიების რანჟირების უფლებაც ქონდა ერთდროულად 3 პრეფერენციის მეშვეობით. შემთხვევითი არ იყო, რომ ამ წესით არჩეული პარლამენტი ყველასგან განსხვავდებოდა – არათუ დომინანტი პარტია არ არსებობდა, არამედ 28 ფრაქციად იყო დაყოფილი.

ფეოდალური პარტიები

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა, რომელიც დომინანტი პარტიების კვლავწარმოებას უზრუნველყოფს, ერთგვარი კომპრომისის შედეგია – მას სხვადასხვა ინტერესებსა თუ ფაქტორებს შორის ბალანსი უნდა უზრუნველეყო.

პროპორციულ სისტემას პარტიების (მათი მეშვეობით კი – ქალაქური საშუალო კლასის და პროგრესისტული ძალების) წარმომადგენლობა და პარლამენტის იდეოლოგიური მრავალფეროვნება უნდა მოეტანა, ხოლო ერთმანდატიანები – რეგიონების (და ამ გზით – ისტებლიშმენტის და კონსერვატიული ძალების) ინტერესების სამსახურში უნდა ჩაეყენებინა.

საარჩევნო სისტემის ორივე ელემენტს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ჩანაფიქრის მიხედვით, პარალელური სისტემის ფარგლებში მათ ერთმანეთის ნაკლოვანებები უნდა დაებალანსებინათ და უფრო ფართო წარმომადგენლობა უზრუნველეყოთ, მაგრამ პირიქით მოხდა. საერთო-ნაციონალური დახურული პარტიული სიების სისტემამ კიდევ უფრო შეასუსტა ისედაც სუსტი უკუკავშირი ამომრჩეველსა და დეპუტატებს შორის.

სამაგიეროდ, გაიზარდა პარტიული ბოსების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია. მოქმედ საარჩევნო სისტემაში ინდივიდუალური პოლიტიკოსი მათზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე საკუთარ ამომრჩეველზე. ამის მიზეზია ის, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარი დახურული პარტიული სიით აირჩევა და კანდიდატთა რიგითობაზე ამომრჩეველს გავლენა არ აქვს. პარტიული ბოსის ნებასურვილზეა დამოკიდებული სიაში მოხვედრაც. ამ ვითარებაში გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დეპუტატები დამოუკიდებლობითა და ინიციატივიანობით არ გამოირჩევიან.

განსხვავებული იდეოლოგიებისა და სოციალური ინტერესების არ არსებობის პირობებში, დახურულმა პარტიულმა სიებმა მოგვიტანა არა უფრო პლურალისტური პოლიტიკა, არამედ დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპზე დაფუძნებული ფეოდალური პარტიები. ამასთანავე, დომინანტი პარტია რეალურად იმპერიული პრეზიდენტობის დანამატია და არა ავტონომიური წარმონაქმნი.

ცეზარისტული დემოკრატურა

საქართველოს პოლიტიკურ სისტემას ბევრი ისეთი ნიშანი ახასიათებს, რასაც მაქს ვებერი, იოზეფ შუმპეტერი და კარლ შმიდტი ცეზარისტულ, პლებისციტულ ან ლიდერულ დემოკრატიას უწოდებენ. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში სპორადული ხასიათისაა და ძირითადად უკვე მომხდარის რატიფიცირებით შემოიფარგლება. თავად ამომრჩეველი იშვიათადაა ცვლილების ინიციატორი ან მამოძრავებელი ძალა.

ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ტრანსფორმაცია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარებაზე სწრაფად მიმდინარეობს, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ლიბერალიზმის დეფიციტი შეავსოს ავტორიტარიზმმა – უფრო ზუსტად, დემოკრატიისა და დიქტატურის ერთგვარმა ჰიბრიდმა, რომელსაც ზოგი დემოკრატურას უწოდებს.

საქართველოში ამომრჩეველსა და მის რჩეულს შორის უკუკავშირის ქმედითი მექანიზმი არ არსებობს. სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტის პირობებში ძალაუფლების ვაკუუმს იმპერიული პრეზიდენტობა ავსებს. როცა ყველა სხვა ინსტიტუტი თუ ცალკეული პოლიტიკური მოთამაშე არა საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებლად, არამედ პარტიკულარული ინტერესის ლობისტად გვევლინება, პრეზიდენტი პირდაპირი წარმომადგენლობის პრაქტიკულად ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად აღიქმება.

სახელმწიფოს მეთაურის განსაკუთრებული ავტორიტეტი არა იმდენად პიროვნულ მაგნეტიზმს (მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ეს პოსტი საკმაოდ ქარიზმატულ ლიდერებს ეკავათ), რამდენადაც საერთო სიკეთის სადარაჯოზე მდგომი სახალხო ტრიბუნის იმიჯსა და დანარჩენ, სახელგატეხილ, პოლიტიკურ ინსტიტუტებსა თუ მოთამაშეებთან კონტრასტს ეფუძნება. ამ ფაქტორების ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, კონსტიტუციის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური სისტემა პრემიერის პრეზიდენციალიზაციისაკენ იქნება მიდრეკილი.

ვოლტერი ამბობდა რომ საუკეთესო მმართველობა დროდადრო მკვლელობებით შერბილებული კეთილმოსურნე ტირანიაა. ადრე თუ გვიან ქარიზმა ძალას კარგავს და მარტის იდები დგება. თუმცა, ყოველ რეგიციდს ახალი ლიდერის კორონაცია მოსდევს და არა რესპუბლიკური პრინციპების ტრიუმფი.

მანდატის ილუზია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ცეზარისტული ხასიათი ფუნდამენტურად არ იცვლება, მუდმივი უმრავლესობა საქართველოში ვერცერთმა დომინანტმა პარტიამ ვერ შეინარჩუნა. ფართო, ყოვლისმომცველი კოალიციები წარსულშიც მყიფე იყო და სტაბილური ვერც მომავალში გახდება.

ისტორია გვიჩვენებს, რომ უმრავლესობა დაშლას ფორმირებისთანავე იწყებს, ვინაიდან ჭრელ საზოგადოებაში შეუძლებელია ერთდროულად ყველას დაკმაყოფილება. ნებისმიერი საარჩევნო წარმატება მოლოდინების ინფლაციას იწვევს, ამიტომ არჩევნების დამაჯერებელ მოგებას გამარჯვებულ კოალიციაში შინაგანი წინააღმდეგობების ზრდა მოყვება. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ქართულ პოლიტიკაში, როგორც წესი, ერთიანდებიან არა „თვის“ არამედ „წინაღმდეგ“.

ოპოზიცია ამ უთანხმოებებს სათავისოდ იყენებს, ხალისით ახდენს განდგომილებისა და რენეგატების კოოპტაციას. ნელ-ნელა დომინანტი პარტიის სოციალური ბაზა ეროზიას განიცდის, ხოლო მისი მოწინააღმდეგეების – ფართოვდება. გარკვეულ მომენტში მმართველი ელიტა სიტუაციაზე კონტროლს კარგავს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა წარსულში და მოვლენათა მსგავსი განვითარების მოწმეები სავარაუდოდ მომავალშიც გავხდებით. შედეგად, ელიტების ჩანაცვლების დაუსრულებელ ციკლს ვიღებთ.

როგორც ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, საარჩევნო წარმატებას გამარჯვებული პოლიტიკოსები სახალხო მანდატად აღიქვამენ. მათ ამპარტავნებასთან ერთად ამ შეცდომის ერთ-ერთი მიზეზი ამომრჩევლის მოტივაციისა და ლოგიკის არასწორი გაგებაა – ზოგჯერ ისინი არა არჩევანის, არამედ რეფერენდუმის პარადიგმის ფარგლებში მოქმედებენ; მათი გადაწყვეტილება უფრო რეტროსპექტულია ვიდრე მომავალზე ორიენტირებული.

ამომრჩეველი ძირითადად მოქმედი ლიდერის მოღვაწეობას აფასებს. ოპოზიციის ვინაობას, გამოცდილებას, მსოფლმხედველობას და გეგმებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. თუ ყველაფერი კარგად მიდის, ის სტატუს ქვოს შენარჩუნებას აძლევს ხმას, ხოლო თუ არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა, შეიძლება მხარი ცვლილებებს დაუჭიროს, ზოგჯერ ნებისმიერ ცვლილებასაც, პრინციპით – „ოღონდ ეს არა“.

ამიტომ, რეფერენდული არჩევნების მოგება, არათუ კარტ-ბლანშს, რეალურ მანდატსაც არ იძლევა. გამარჯვების გადაჭარბებული შეფასება სხვადასხვა პოლიტიკურ გადამეტებებს იწვევს. წარმატებისგან მთვრალმა ამბიციურმა ლიდერებმა შესაძლოა ძალიან ღრმად შეტოპონ, შედეგად, მკვეთრი უკურეაქცია გამოიწვიონ და საკუთარი ხელით გაითხარონ პოლიტიკური სამარე. დღევანდელმა უმრავლესობამ შესაძლოა მალე წინამორბედების ბედი გაიზიაროს, თუ მათ შეცდომებს დროულად არ გაითვალისწინებს და უფრო მეტ პოლიტიკურ მოკრძალებას არ გამოიჩენს.

კატალიზატორის გარეშე

დღევანდელი ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ჩვენს პოლიტიკურ ძალებს არაფერი აბრკოლებთ გუშინდელ მოწინააღმდეგესთან გაერთიანდნენ, რომელსაც ზეგ ისევ დაუპირისპირდებიან. ამის მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ცალკეული პოლიტიკოსების ისეთი პიროვნულ ნაკლოვანებები, როგორიცაა ახლომხედველობა ან უპრინციპობა.
იმისათვის, რომ პარტიებს სტაბილური სტრუქტურა, მიზნები და იდენტობა ჩამოუყალიბდეს, აუცილებელია საზოგადოებში პოლარიზაციამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწიოს. საჭიროა, გაჩნდეს ფუნდამენტური გამოწვევა, რომელიც სხვებს გადაფარავს და ძალაუნებურად, ყველას მკაფიო პოზიციის გამომუშავებას აიძულებს.

ეს შეიძლება იყოს ახალი ძალა, რომელიც არა ცალკეულ ჯგუფებს, არამედ მთლიანად სისტემას უპირისპირდება. ასეთ დროს ჩნდება ყველაფრის დაკარგვის რისკი. იგივე ფუნქცია შეიძლება მოდერნიზაციის კვალდაკვალ სახელმწიფოს როლის გაფართოებამ შეასრულოს – ეს კი გამარჯვების შემთხვევაში ალაფს ერთიორად ზრდის.

მოდერნიზებად საზოგადოებაში პარტიის ფუნქცია როგორც არსებული სოციალური ძალების სტატიკური ასახვა, ისე სისტემის გარედან ახალი ძალების მობილიზაციაა. არჩევნები ამ მობილიზაციისათვის ინსტიტუციურ ჩარჩოს ქმნის და მის კალაპოტს განსაზღვრავს. პოლარიზაციას კი ეს მექანიზმი მოქმედებაში მოყავს.

პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ასეთი მკვეთრი და ყოვლისმომცველი პოლარიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. სოციალური დაძაბულობა და აქედან გამომდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ რევოლუცია – ანუ, სოციალური მონაწილეობის მყისიერი და რადიკალური გაფართოება, რომელიც არსებული ინსტიტუციურ კალაპოტში ვერ ეტევა და ძალადობრივ გარღვევას იწვევს – მოსალოდნელი არაა.

მდორე მოდერნიზაციის პოლიტიკური ჰიდრავლიკა

ამ ტიპის რევოლუციას ძირითადად ისეთი მასშტაბური სოციალური ტრანსფორმაცია იწვევს, როგორიცაა საზოგადოების აგრარულიდან ურბანულად გარდაქმნა, ინდუსტრიალიზაცია, წერა-კითხვის გავრცელება ანუ ერთი სიტყვით – მოდერნიზაცია. სწორედ მოდერნიზაცია ქმნის იმ სოციალურ ეკოსისტემას, რომელშიც შეიძლება აღმოცენდნენ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქცია შეიძინონ და სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ ნამდვილმა პარტიებმა.

მოდერნიზაცია საქართველოში თითქმის ორი საუკუნეა მდორედ მიმდინარეობს, ხოლო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, საერთოდ სტაგნაციას განიცდის. ასეა თუ ისეა, ამ დიდი სოციალური ტრანსფორმაციის პროცესი შუამდეა მისული და უკვე დიდი ხანია გავლილი გვაქვს რისკის ზონა, როცა ისტორიულ ასპარეზზე გამოსული ახალი სოციალური ძალების მოზღვავებული ენერგია არქაული პოლიტიკური სისტემის გამო გასაქანს ვერ პოულობს და ძველი ინსტიტუტების ნგრევას იწყებს.

პოლიტიკური ჰიდრავლიკის კანონების შესაბამისად, რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა ერთგვარი კაშხლის ფუნქცია უნდა შეასრულონ: გადატიხრონ და დააგუბონ სოციალურ დინება, აწიონ ნაკადის დონე და გაზარდონ დაწნევის კონცენტრაცია – მოცემულ წერტილში სოციალური ნაკადის კუთრი ენერგია. ამ ენერგიამ კალაპოტი თუ ვერ იპოვა, ადრე თუ გვიან, კაშხალს გაარღვევს ანუ რევოლუცია მოხდება.

დღევანდელ საქართველოში არც ახალი სოციალური ძალები ჩანს, რომლებსაც თვითრეალიზაციის დაუკმაყოფილებელი მძლავრი მოთხოვნილება აქვთ. ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს, რომლებსაც რაიმე სოციალური ძალისათვის თუნდაც ხანმოკლე წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ. ძველი საბჭოთა ინსტიტუტები დიდი ხანია დაინგრა, მათ ნაცვლად ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

პოლარიზაციის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა რომ ახლო მომავალში ჩვენი პარტიების მასობრივ ორგანიზაციებად გარდაქმნა მოხდეს. გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში ისინი გაძლიერდნენ და დაიხვეწონ, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება.

დათვური სამსახური

თეორიულად, პროპორციული სისტემა (განსაკუთრებით დახურული სიები) ხელს უწყობს პარტიების ინსტიტუციონალიზაციას, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მას შედეგად ნაკლები საარჩევნო კონკურენცია მოაქვს. ეს პოლიტიკური წარმომადგენლობის დაბალი ხარისხის შენარჩუნებას განაპირობებს და შესაბამისად, მათზე ისედაც მცირე საზოგადოებრივ მოთხოვნას კიდევ უფრო ამცირებს.

პროპორციული სისტემა პარტიის პარლამენტში მოხვედრის შანსებს ზრდის, მაგრამ ამით მას დათვურ სამსახურს უწევს – უჩლუნგებს თვითგადარჩენის ინსტინქტს და უმცირებს განვითარების სტიმულებს. მეორე მხრივ, ცალკე აღებულ სოციალურ ჯგუფებს აღარ სჭირდებათ გაერთიანება – თითოეულს დამოუკიდებლად შეუძლია მოიპოვოს მართალია სუსტი, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობა.

შედეგად, თითოეული მცირე პარტია კონკრეტულ, არცთუ მრავალრიცხოვან, სოციალურ ჯგუფებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ დომინანტი პარტია ცდილობს ყველა ფენაზე აპელირებას, მაგრამ პრივილეგირებული სტატუსის გამო, ამას განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს.

მცირე პარტიებს შორის პოლიტიკური ბაზარი დანაწილებულია ერთგვარი კარტელური გარიგების ფარგლებში. კარტელის მონაწილე პარტიები მხოლოდ დომინანტ პარტიასთან შედიან კონკურენციაში, ერთმანეთთან კი – იშვიათად. კარტელი პარტიების ერთმანეთზე რიტუალურ თავდასხმებს სულაც არ გამორიცხავს, პირიქით, ზოგჯერ ახალისებს კიდეც. მაგრამ ამ თავდასხმის მიზანი არა სხვა პარტიის ამომრჩევლის გადაბირება, არამედ – საკუთარის შემომტკიცებაა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მოქმედი პარტიებისათვის რაციონალური არჩევანია, მხოლოდ საკუთარი მომხრეების მობილიზებით დაკმაყოფილდნენ და დიდი ძალისხმევა არ დახარჯონ ახალი დასაყრდენის ძიებასა და სოციალური ბაზის გაფართოვებაზე. ამ გარემოში პარტიის ძირითადი ფუნქცია სტატიკურ სისტემაში უკვე არსებულ პოზიციებზე საკუთარი წევრების საქმიანობის კოორდინაციაა და არა საარჩევნო კამპანიის წარმოება.

ზომიერების მექანიკა

ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა პლურალიტული სისტემისათვის დამახასიათებელ ორპარტიულობასთან შედარებით. ეს უკანასკნელი მედიანურ ამომრჩეველზეა ორიენტირებული, რადგან კონკურენტი პარტიის მიერ გადაბირებას ძირითადად ელექტორატის ეს ნაწილი ექვემდებარება. ამიტომ, სწორედ მისი ხმა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ამ ვითარებაში ბუნებრივია, რომ მედიანურ ამომრჩეველის ხმისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ეს პარტიებს ცენტრისტული პოზიციებისაკენ უბიძგებს.

პერსონიფიცირებული ხმის მიცემა ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, თითოეული პოლიტიკოსი ინდივიდუალურად შეაფასოს და თუ საჭიროა პასუხი აგებინოს. დეპუტატები წარმოადგენენ არა აბსტრაქტულ იდეოლოგიას ან განყენებულ პარტიას, არამედ კონკრეტულ თემს და გეოგრაფულ არეალს. განვითარებადი ქვეყნისა და აგრარული საზოგადოებისათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პლურალიტული სისტემისთვის დამახასიათებელი ორპარტიულობა ამომრჩეველს ნათელი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. პრაქტიკულად ყოველთვის ცხადია, ვინ არის ხელისუფლებაში და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ამ მედლის მეორე მხარეა ძლიერი ოპოზიცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საკმარისად არის წარმოდგენილი, რათა მთავრობის დაბალანსება შეძლოს და ამომრჩეველს რეალისტურ ალტერნატივად წარუდგეს.

ერთი შეხედვით, ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები მხოლოდ 30%-იანი მხარდაჭერის პირობებში მოიგო, თუ ამომრჩევლების ხმები რამდენიმე კანდიდატზე გადანაწილდება. თუმცა რეალურად, ხმების დაქსაქსვა არ ხდება. გამარჯვებულ კანდიდატს, ცალკეული გამონაკლისების გარდა, თითქმის ყოველთვის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს.

ეს უბრალო შემთხვევითობით კი არ არის გამოწვეული, არამედ თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს. ამომრჩეველი არჩევანს სტრატეგიულად აკეთებს იმისთვის, რომ ხმა არ დაეკარგოს. ვინაიდან მეორე ტური არ არის გათვალისწინებული ის მხარს უჭერს არა იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს, არამედ იმას, რომელიც შეიძლება კომპრომისულია, მაგრამ გამარჯვების მეტი შანსი აქვს. შესაბამისად, არჩეულთა უმრავლესობა ცენტრისტი და ზომიერია.

სტრატეგიულ ხმის მიცემას ემატება ბონუს-მანდატებიც. გამარჯვებული პარტიის ხვედრითი წილი პარლამეტში, როგორც წესი, უფრო მეტია, ვიდრე ამომრჩევლის მიერ მისთვის მიცემული ხმები. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 10-დან 9 შემთხვევაში არჩევნები ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობით მთავრდება, საიდანაც 2/3-ზე მეტი ხელოვნური უმრავლესობაა (მაგ., ბრიტანეთში თითქმის ყოველთვის ასეა).

ინკლუზიურობის იმპულსი

პლურალიტულ სისტემაში ყველაფერი მარტივადაა: ხელისუფლების შესანარჩუნებლად ან დასაბრუნებლად პარტიამ კონკურენტზე მეტი ხმები უნდა მიიღოს და უდიდესი უმცირესობა გახდეს. ამ მოდელის პირობებში მას დივერსიფიცირებული საარჩევნო ბაზა აქვს.

ორპარტიულ გარემოში პარტია სხვა არცერთ ცალკე აღებულ ჯგუფზე განსაკუთრებით დამოკიდებული არაა, გარდა კონკურენტის მიერ გადაბირებადი მედნიანური ამომრჩევლისა. ეს კი იმს ნიშნავს, რომ იდეოლოგიური ზილოტები უფრო მეტად არიან პარტიაზე დამოკიდებულნი, ვიდრე პირიქით. ამიტომ, ორივე პარტია უფრო პრაგმატულ პოზიციებს იკავებს და დოქტრიონიორული რადიკალიზმისაგან მეტ-ნაკლებად დაზღვეულია.

პლურალიტული სისტემა პოლიტიკოსებს უბიძგებს, გაუფრთხილდნენ თითოეულ ხმას, განურჩევლად ამომრჩევლის ასაკისა, სქესისა, აღმსარებლობისა, ეთნიკური კუთვნილებისა თუ სხვა ნიშნისა. ელექტორატის ნებისმიერი სოციალური, ეთნიკური ან რელიგიური სეგმენტის გაუცხოება მათ შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ. ამიტომ, პლურალიტულ ორპარტიულ სისტემაში ინკლუზიურობა ევოლუციურ უპირატესობას წარმოადგენს.

ამ მოდელში რისკის ფუფუნება პოლიტიკოსს უბრალოდ არ აქვს. გამარჯვებულისა თუ დამარცხებულის ვინაობა ერთ ტურში ირკვევა. ამიტომ შეცდომების კორექტირების და გაუცხოებული ამომრჩევლის მობრუნების დამატებითი შესაძლებლობა, განსაზღვრებისამებრ, გამორიცხულია. სიფრთხილის გამოჩენა და დელიკატური მოქმედება თავიდანვეა საჭირო. დისკრიმინაციის საფრთხით შეშინებული ან გაღიზიანებული ამომრჩევლის ხმამ შეიძლება ოპონენტს გამარჯვება მოუტანოს.

თუმცა, ამ სისტემას სხვა ნაკლოვანება ახასიათებს. უმცირესობების და ქალების ინტერესების მიმართ მგრძნობიარობის წახალისების მიუხედავად, თავად უმცირესობების წევრებს და ქალ კანდიდატებს არჩევნებში წარმატების ნაკლები შანსი აქვთ.

პოლიტიკური ბალკანიზაცია

ამის საპირისპიროდ, პროპორციული სისტემის ფარგლებში უფრო მეტია ქალებისა და უმცირესობების არჩევის ალბათობა. მეორე მხრივ, იგივე შესაძლებლობით ექსტრემისტები და ქსენოფობებიც სარგებლობენ. თითოეულ თემს პარლამენტში წარმომადგენლობა გარანტირებული აქვს და არჩევნებში გასამარჯვებლად კომპრომისული პლატფორმისა და კანდიდატების ყოლა აუცილებელი სულაც არ არის.

მრავალპარტიულობის პირობებში მცირე პარტია სოციალურ ჯგუფებზეა დამოკიდებული, რაც მის მობილურობას და მოქმედების თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს და გარკვეულწილად საკუთარი ამომრჩევლის მძევლად აქცევს. დომინანტი პარტია ერთ რომელიმე საზოგადოებრივ ფენაზე მიბმული არაა. უფრო პირიქით, საკუთარ პრიორიტეტებს ხანდახან იქით ახვევს თავზე ამომრჩეველს. პლურალიტული საარჩევნო სისტემა და ორპარტიულობა ამ ორ უკიდურესობის შუაშია.

პროპორციული სისტემა პარტიებს სულ სხვა სტიმულს აძლევს. ამ დროს ერთპარტიული უმრავლესობის შანსი დაახლოებით 4-დან 1-ა. შესაბამისად, პარტიის ხელისუფლებაში მოხვედრა ხშირად სხვა პარტიებთან კოალიციურ გარიგებაზეა დამოკიდებული და არა არჩევნებზე ხმების მაქსიმალური რაოდენობის მიღებაზე. ყველაზე რადიკალური ან მარგინალური პარტია შეიძლება შეუცვლელი კოალიციური პარტნიორი აღმოჩნდეს.

მედლის მეორე მხარეა პოლიტიკური ბალკანიზაციის საფრთხე: კლანური ან ეთნიკური, რელიგიური ან რეგიონული ნიშნით შექმნილი მცირე პარტიების მომრავლება. საპარლამენტო პარტიათა ეფექტური რიცხვი პროპორციულ სისტემაში საშუალოდ დაახლოებით 3.5 (სხვა და სხვა ფორმულის პირობებში შეიძლება იყოს ცოტა მეტი, ან ნაკლები), პლურალიტულში – 2, ხოლო სხვა პლურალიტულ-მაჟორიტულში – 2.8.

პარტიათა ეფექტურ რიცხვად მეცნიერები თანაბარი ზომის ჰიპოთეტურ პარტიათა ისეთ რაოდენობას მიიჩნევენ, რომელსაც პოლიტიკური სისტემის ფრაგმენტაციაზე იმდაგვარივე გავლენა ექნებოდა, როგორიც არათანაბარი ზომის რეალურ პარტიებს აქვთ. აქედან გამომდინარე, პარტიათა ეფექტური რიცხვი შეიძლება იყოს 2, მაგრამ რეალურად არსებობდეს 1 დომინანტი და რამდენიმე მცირე პარტია, ან იყოს ბევრი წვრილი პარტია და პარტიათა ეფექტურ რიცხვი გამოვიდეს 3.

თამაშგარე ამომრჩეველი

პროპორციული სისტემა მცირე პარტიებს არაპროპორციული გავლენის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. სამთავრობო კრიზისი პროვოცირების მუქარით მათ შეიძლება აიძულონ კოალიციური პარტნიორები, საზოგადოებისთვის მიუღებელ პოლიტიკას დაუჭირონ მხარი ან პირიქით, პოპულარული ინიციატივები დაბლოკონ. პლურალიტულ სისტემაში პირველ ადგილზე გასულ პარტიას დამოუკიდებლად შეუძლია ქვეყნის მართვა და სწორედ იმ პოლიტიკის გატარების შესაძლებლობაც აქვს, რისთვისაც ხმას მისცეს.

დემოკრატიული ანგარიშვალდებულება პირველ რიგში გულისხმობს ამომრჩეველის შესაძლებლობას, აირჩიოს ან გადაირჩიოს თავისი წარმომადგენლები, როგორც პერსონალურად, ისე გუნდურად, თუ მათი საქმიანობით უკმაყოფილოა. პროპორციული სისტემის ფარგლებში ელექტორატმა შეიძლება ხელისუფლების მიღმა არასასურველი პარტიის დატოვების შესაძლებლობა დაკარგოს. საკმაოდ ხშირად შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როცა ამ პარტიის გარეშე დანარჩენები კოალიციის შექმნას უბრალოდ ვერ შეძლებენ. ისრაელი, აგრეთვე ცივი ომის პერიოდის იტალია, ასეთი ვითარების ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს.

დომინანტი პარტიის სისტემაში პარტიებს შორის როლები არჩევნებამდეა განაწილებული. ხმის მიცემა, როგორც წესი, არსებით გავლენას არ ახდენს იმაზე, თუ ვინ იქნება მთავრობაში და ვინ – ოპოზიციაში. პოლიტიკურ ლანდშაფტს არჩევნები რადიკალურად არც მრავალპარტიულ სისტემაში ცვლის. მთავრობის შენარჩუნებას ან ცვლილებას არა მოქალაქეთა ხმები (როგორც წესი, პარტიები ელექტორატის საკუთარი სეგმენტის მხარდაჭერას რუტინულად იღებენ), არამედ უკვე არჩეულ პოლიტიკოსებს შორის კულუარული გარიგებები განაპირობებს.

არც მრავალპარტიული და არც დომინანტი პარტიის სისტემაში, მცირე პარტია ექსტრემიზმისთვის არათუ არ ისჯება, არამედ მისი გადარჩენის ყველაზე რაციონალური სტრატეგია შეიძლება სწორედ ექსტრემიზმი იყოს. ამომრჩეველთა სხვა ჯგუფისადმი შუღლისა და სიძულვილის გაღვივება ასეთი პარტიისათვის შესაძლოა მისი საკუთარი ელექტორატის მობილიზების ყველაზე ხარჯ-ეფექტურ გზას წარმოადგენს.

პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ჯგუფების გამოჩენას ხშირად ახალი პარტიის შექმნა მოსდევს და არა არსებულების გაფართოება. გარკვეული ლაგის შემდეგ ამ გამოწვევას ლეთარგიული დომინანტი პარტიაც პასუხობს. ის თავისი პოლიტიკის მოდიფიცირებას ახდენს ახალი ჯგუფის კოოპტაციის და მცირე პარტიების ზრდის განეიტრალების მიზნით.
განვითარებად საზოგადოებაში, სადაც პარტიული სისტემა სუსტია და პოლიტიკას არა იმდენად იდეოლოგია ან მსგავსი ფაქტორები განსაზღვრავენ, რამდენადაც კლანი, ეთნიკური, რელიგიური ან რეგიონალური კუთვნილება, მნიშვნელოვანია, რომ არჩევის შანსი დამოუკიდებელ კანდიდატებსაც ქონდეთ. დახურული სიის სისტემა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

მთლიანობაში ასეთი პარტიული სისტემა საკმაოდ სტაბილური და მოქნილია, რასაც ვერ ვიტყვით ცალკე აღებულ პარტიებზე. გარანტირებული სოციალური ბაზა მათში ინოვაციისა და ადაპტაციის უნარს აქვეითებს. ასეთი პარტიების გავლენის ზრდას ან კლებას, როგორც წესი, გარეშე ფაქტორები განაპირობებენ.

როგორ ავაშენოთ ეროვნული პოლითია

საქართველოში საერთო ეროვნული პოლითია, საუკეთესო შემთხვევაში, ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ზემოდან ქვემოთ მისი დანერგვა ხანგრძლივი კულტურტრეგერული საქმიანობის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ისიც ყურადსაღებია, რომ 19-ე საუკუნის გერმანულმა კულტურტრეგერობამ ტოტალიტარიზმისაგან ეს ქვეყანა, სულ მცირე, ვერ იხსნა, უარეს შემთხვევაში – წვლილი შეიტანა მისთვის ნიადაგის შემზადებაში.

პატერნალიზმი არა მხოლოდ არაეფექტურია დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ და პასუხისმგებელ მოქალაქეთა ჩამოსაყალიბებლად, არამედ ლიბერალურ ფასეულობებთან ფუნდამენტურად შეუთავსებელიცაა. ცივილიზატორული მისია შეიძლება ქონდეს კოლონიზატორს უცხო ქვეყანაში, რომლის მაცხოვრებლები მეტროპოლიის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. საკუთარი ქვეშევრდომების „გადანათლებას“ შეიძლება ავტორიტარული სახელმწიფო ეწეოდეს, რომლის მართვაში „აღსაზრდელები“ რეალურად ასევე არ არიან ჩართულები. მოსახლეობის სულიერ ზრდაზე შეიძლება თეოკრატიული რეჟიმი ზრუნავდეს, რომლის ძალაუფლების წყარო ტრანსცენდენტური საწყისია და არა ამომრჩეველი.
განსხვავებული გზით წავიდა ამერიკის შეერთებული შტატები. ალექსის დე ტოკვილის დაკვირვებით, აქ ლოკალიზმი და სუბსიდიარულობა პოლიტიკური წყობის საფუძველთა საფუძველია და მოქალაქეებისთვის დემოკრატიის სკოლის როლს ასრულებს. შეერთებულ შტატებში დღემდე, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ტიპ ო’ნილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველანაირი პოლიტიკა ლოკალურია.

ქართული პოლითიის ქვემოდან ზემოთ, ორგანულ ზრდას, სახელმწიფოს ფედერალიზაციის გარდა, არჩევნების დენაციონალიზაცია დაეხმარება. უნიფორმული და სტანდარტიზებული საერთო-ეროვნულის ნაცვლად, მრავალი ადგილობრივი საარჩევნო კამპანია პოლიტიკურ პროცესს საშუალებას მისცემს, ბუნებრივი დინებით წავიდეს, თავსმოხვეული ცენტრალიზებული სქემებისაგან დამოუკიდებლად განვითარდეს და უკეთ უპასუხოს ამომრჩევლის მოთხოვნებს.

მოქმედი საარჩევნო სისტემის მთავარი ნაკლოვანება ისაა, რომ ჩვენი რეალობიდან არ გამომდინარეობს და სოციალური ინჟინერიის მორიგი ექსპერიმენტია. ეს სისტემა ეფუძნება საეჭვო დაშვებას, რომ კანონმა შეიძლება პარტიები ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანული ნაწილად აქციოს; მართალია, დღეს სხვა ვითარებაა, მაგრამ სახელმწიფოს დახმარებით პროცესი დაჩქარდება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ექსპერიმენტიც წარუმატებელი აღმოჩნდა და ჩანაფიქრისგან რადიკალურად განსხვავებული შედეგები მოიტანა.

დაკარგული უკუკავშირი

ახალი მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლის ბარიერებიდან განსაკუთრებით მძიმე საარჩევნო ოლქის სიდიდე აღმოჩნდა. სოციალური კაპიტალის დეფიციტის, დემოკრატიული ტრადიციების არქონის, სამოქალაქო აპათიისა და ნიჰილიზმის პირობებში მცირე პარტიებისათვის რთულია საკმარისი რესურსების მობილიზება საერთო-ნაციონალურ პროპორციულ ოლქში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

რაც უფრო დიდია მანდატების რაოდენობა და ოლქის საზღვრები, მით უფრო სუსტია კავშირი ამომრჩეველსა და მის რჩეულს შორის. ელექტორატი წარმომადგენლის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს და შესაბამისად, ვერც პასუხს მოთხოვს. ამასთანავე, გაზრდილ ოლქებში კამპანიას მეტი რესურსი ჭირდება, როგორც ცალკეული კანიდატის, ისე პარტიის. განსაკუთრებით ართულებს ვითარებას მთელი ქვეყნის ერთ საარჩევნო ოლქში მოქცევა. ერთი შესაძლო გამოსავალი ბარიერის შემცირებაა, მაგრამ ეს პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციას კიდევ უფრო გაზრდის.

ერთმანდატიან ოლქებში დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის უკუკავშირი და ანგარიშვალდებულება თეორიულად უფრო ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება. ერთ-ერთი პრობლემა ამ შემთხვევაშიც ოლქების სიდიდეა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ დამოუკიდებელ და ახალი პარტიების კანდიდატებზე მოქმედებს.

საქართველოში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა ერთ ოლქზე დაახლოებით 43 ათასია. ერთმანდატიანი ოლქების 25%-ში ამომრჩეველთა რიცხოვნება ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ძირითადად ეს ოლქები ქალაქებში, აგრეთვე ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გვხვდება.
პრობლემას ართულებს კიდევ ერთი გარემოება – დღეს საარჩევნო ოლქების საზღვრები ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფას ემთხვევა. ოლქების გათანაბრება ამ პრინციპზე უარის თქმის გარეშე არ გამოვა. ეს კი ახალი გამოწვევის წინაშე გვაყენებს: – როგორ ავიცილოთ თავიდან ჯერიმაინდერინგის ანუ საარჩევნო ოლქების საზღვრების ისეთი მანიპულაციის საფრთხე, როდესაც ერთი პარტიის ამომრჩეველთა რაოდენობა ყოველთვის უფრო მეტია.

როცა წამალი ავადმყოფობაზე უარესია

პლურალიტული სისტემის ხარვეზების აღმოფხვრის პრეტენზია აქვს ორტურიან, ანუ მაჟორიტულ სისტემას. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა წამალი ავადმყოფობაზე უარესია. ორტურიანი არჩევნები დამატებით ტვირთს წარმოადგენს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე ამომრჩევლისათვის. შედეგად, მეორე ტურში, როგორც წესი, ელექტორატის აქტივობა მკვეთრად იკლებს.

ორტურიანი სისტემა მარტივი პლურალიტულის პრაქტიკულად არც ერთი ხარვეზის აღმოფხვრის საშუალებას არ იძლევა. ამას გარდა, სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ორტურიანი არჩევნების დროს პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციის რისკი ბევრად მაღალია და ექსტრემისტულ ძალებს გზა ეხსნებათ.

საილუსტრაციოდ გამოდგება 2002 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩვენები. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 20% ვერ მიიღო. მემარცხენე ბანაკის ხმები იმდენად გაიხლიჩა, რომ მათი ვერცერთი კანდიდატი მეორე ტურში ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, მეორე ტურში ფრანგი ნეო-ფაშისტების ლიდერი ჟან-მარი ლე პენი გაძვრა. შემთხვევითი არაა, რომ ამ სისტემას საპარლამენტო არჩევნებისათვის, საფრანგეთის გარდა, არცერთი დასავლური დემოკრატია არ იყენებს. ის ყველაზე მეტი დისპროპორციულობით გამოირჩევა.

განვითარებად ქვეყნებში მეორე ტური ხშირად ქაოსის და დაპირისპირების დამატებითი მიზეზი ხდება. უამრავი ასეთი მაგალითი გვხვდება 1990-იანი წლების აფრიკული ქვეყნების სისხლიანი კონფლიქტების ისტორიაში: პოლიტიკური ძალა, რომელიც პირველი ტურის შედეგად ჩათვლიდა, რომ მეორეს აუცილებლად წააგებდა, არ ელოდებოდა ხოლმე საარჩევნო ციკლის დასრულებას და სამოქალაქო ომს იწყებდა ან სამხედრო გადატრიალებას აწყობდა.

მეტი არჩევანი

პლურალიტული სისტემის რეფორმირება, მისი ძირითადი მახასიათებლების შენარჩუნებით, ორტურიანის არჩევნების გარეშეც შეიძლება. პრეფერენციული ელემენტის დამატებით პლურალიტული სისტემა მარტივად გარდაიქმნება მაჟორიტულად.

პრეფერენციული ელემენტი შეიძლება პროპორციულ სისტემებსაც დაემატოს. 1992 წელს საქართველოში უკვე აპრობირებული მოდელის გარდა, როცა ამომრჩეველს 3 დახურული სიისთვის ხმის მიცემა შეეძლო, ეს პრინციპი ინდივიდუალურ დონეზე ღია სიისა და ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემებში გამოიყენება.

პოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში მოქალაქეებისათვის პრეფერენციების მეშვეობით მეტი არჩევანის მიცემა მრავალფეროვანი, მაგრამ მონათესავე ინტერესების კომბინირების საშუალებას იძლევა. შედეგად, არჩეული კანდიდატი უფრო ფართო წრისთვის იქნება მისაღები.

აქ არაპოპულარული კანდიდატების მხარდამჭერთა ხმები არათუ არ იკარგება, მათი მეორე და მესამე პრეფერენცია შესაძლოა გამარჯვებულის გამოვლენისას გადამწყვეტი აღმოჩნდეს. დეპუტატი შეიძლება არჩეული იყოს სხვა პარტიის კანდიდატისაგან გადმოსული ხმებით. სხვადასხვა პარტიების კანდიდატებს შორის პრეფერენციათა გადანაწილებით ამომრჩეველი პოსტ-საარჩევნო კოალიციების შემადგენლობაზეც ახდენს გავლენას.

პრეფერენციის ელემენტი აკნინებს პარტიის როლს, ზრდის მის შიგნით კონკურენციას და ფრაგმენტაციის საფრთხეს შეიცავს. თუმცა მეორეს მხრივ, კანდიდატთა მრავალფეროვნება პარტიას მეტი ხმების მოზიდვაში ეხმარება.

რაც მთავარია, ეს მოდელი გახლეჩილი საზოგადოებისათვის შესაძლოა ოპტიმალური აღმოჩნდეს – კანდიდატებს კონკურენტის მხარდამჭერების მეორე და მესამე პრეფერენციის მოზიდვა დაჭირდებათ. ამისათვის მათ ფართო თემატიკაზე უნდა გააკეთონ აქცენტი და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ოპონენტზე პერსონალური თავდასხმებისაგან. ნეგატიური კამპანიის შემცირებასთან ერთად იკლებს პოლარიზაციის ხარისხი.

პოლიტიკური გეტოს ვირაჟები

პლურალიტული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი ისაა, რომ დამარცხებული კანდიდატებისათვის მიცემული ხმები იკარგება. პასიური ამომრჩევლის, სუსტი პარტიების და დიდი ოლქების პირობებში, ახალ, ლოკალურ პოლიტიკურ ძალებს ძალიან გაუჭირდებათ ისტებლიშმენტის კანდიდატებზე მეტი მხარდაჭერის მიღება. ქვეყნის მასშტაბით კი მცირე პარტიები თამაშგარედ რჩებიან.

შესაბამისი საარჩევნო ტალღის წარმოქმნამდე ისინი პერმანენტული მარგინალიზაციისათვის იქნებიან განწირულნი. პოლიტიკურ გეტოში სოციალიზაცია არ ხდება, ამიტომ თუ ოდესმე ეს ძალები არჩევნებს მოიგებენ, პარლამენტში ველური იდეებით მოვლენ, დიდი დრო დაჭირდებათ საქმის არსში გასარკვევად და ქვეყნის მართვისათვის აუცილებელი გამოცდილების დასაგროვებლად. მანამდე კი საზოგადოებამ პოლიტიკის მემკვიდრეობითობა უნდა დაივიწყოს და მკვეთრი ვირაჟებისათვის მოემზადოს.

გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე განსხვავებული ინტერესების უკეთ ასახვის შესაძლებლობას მრავალმანდატიანი ოლქი ქმნის. გარკვეულ შემთხვევებში მან შეიძლება ისტებლიშმენტის გარეთ მყოფი კანდიდატების არჩევის შანსები გაზარდოს. თუმცა, პლურალიტული სისტემების უმეტესობას მრავალმანდატიან ოლქებში საპირისპირო ეფექტი აქვს. ამის მაგალითი 2006 წლის თბილისის საკრებულოს არჩევნებია.

მრავალმანდატიანობა უკეთეს შედეგებს იძლევა პროპორციულ სისტემის პირობებში. თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შეიძლება პლურალისტულ სისტემებზე უფრო დისპროპორციული შედეგები მივიღოთ, თუ მანდატების რაოდენობა ძალიან მცირეა.

ზოგადად, ოპტიმალურად ითვლება მანდატების კენტი რაოდენობა, არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7. თუმცა, გარკვეული საარჩევნო ფორმულების საფუძველზე (მაგალითად, მოდიფიცირებული დ’ონტი ან იმპერიალი) 6-ზე ნაკლები მანდატიც ქვეყნის მასშტაბით ასევე დისპროპორციულ სურათს ქმნის.

დახურული სიების მიღმა

მოქმედი სისტემის პროპორციული ელემენტის რეფორმირებაზე მსჯელობისას ყველაზე ხშირად შერეული პროპორციული სისტემა განიხილება. პრობლემა ისაა, რომ შერეულ პროპორციულ სისტემაში დღეს მოქმედი პარალელურის ხარვეზების მხოლოდ მცირე ნაწილს ასწორებს.

თუკი პარალელური სისტემის ფარგლებში ამა თუ იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას სიით არჩეულ დეპუტატებს ოლქებში არჩეულები ემატებიან, შერეულ სისტემაში მიმატების ნაცვლად გამოკლება მოხდება. აქედან გამომდინარე, საბოლოო მანდატების განაწილება უფრო პროპორციულია. შედეგად, მცირე პარტიები პოზიციებს იუმჯობესებენ, მაგრამ ცალკე აღებული პლურალიტული თუ სიითი არჩევნების ყველა სხვა ნაკლოვანება უცვლელი რჩება.

დახურული სიის მთელი რიგი ნაკლოვანებებისგან თავისუფალია ღია სიების სისტემა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში სწორედ ეს მოდელი გამოიყენება. ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა პარტიას, შესაძლებლობა აქვს თავისი პრეფერენციებით კორექტივი შეიტანოს კანდიდატთა მიმდევრობაში.

თუმცა, ამ შესაძლებლობას საკმაოდ ცოტა იყენებს, ხოლო ვინც იყენებს, მათი პრეფერენციები გაფანტულია. ამიტომ მიმდევრობის კორექტირებისათვის საკმარისი ხმების მოგროვება იშვიათად ხდება.

განსხვავებული წესები მოქმედებს ფინეთში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში. მართალია, მათი სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე საერთო მახასიათებელი გააჩნიათ. აქ კანდიდატთა მიმდევრობა წინასწარ განსაზღვრული არ არის. ამომრჩეველი ინდივიდუალურ კანდიდატებს აძლევს ხმას (და არა პირდაპირ პარტიას). შემდეგ კანდიდატთა პერსონალური ხმები ჯამდება მათი პარტიული კუთვნილების შესაბამისად. ასე გამოითვლება, თუ რა მხარდაჭერა მიიღო პარტიამ და რამდენი ადგილი ეკუთვნის მას პარლამენტში. მანდატები იმ კანდიდატებზე ნაწილდება, რომლებმაც პარტიაში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

პროპორციული წარმომადგენლობის პერსონალიზაციის კიდევ ერთი ვარიანტია ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემა. 1990 წელს სწორედ ამ სისტემით ჩატარდა საქართველოში საკრებულოების არჩევნები. შერეული პროპორციულის მსგავსად, ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემა პლურალიტული და პროპორციული მოდელების შერწყმის მცდელობაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხდება არა მექანიკური გაერთიანება, არამედ თვისობრივი გარდაქმნა.

ისტორიული კონტექსტი

საარჩევნო სისტემა შეკავებისა და გაწონასწორების სისტემასთან ურთიერთკავშირში უნდა გავიაზროთ. მისი ცვლილება პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ინსტიტუტებისა და პრაქტიკების მთელ კომპლექსზე ახდენს. ამიტომ საარჩევნო რეფორმა კონსტიტუციის გადახედვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პოლიტიკური მოდელი დაბალანსდეს და სისტემურად გაიმართოს. უფრო მეტიც, საარჩევნო მოდელის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და ისტორიული კონტექსტი.

დღევანდელი ქართული პოლიტიკის მთავარი ნაკლოვანება არა დემოკრატიის, არამედ ლიბერალიზმის ნაკლებობაა. ჩვენივე უახლესი გამოცდილება ადასტურებს, რომ უმცირესობის უფლებების (განსაკუთრებით – საკუთრების ხელშეუხებლობისა და აღმსარებლობის თავისუფლების) სათანადო დაცვისათვის უმრავლესობის მმართველობა უკიდურესად არასაკმარისი წინაპირობაა. რაც უფრო წინ მიდის დემოკრატიზაცია, მით უფრო უფრო დიდი და რთული პრობლემები იკავებს არსებული გამოწვევების ადგილს. საარჩევნო რეფორმისას ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

პოლიტიკური მონაწილეობის გაფართოებას თან სდევს სახელმწიფო ხარჯების ზრდა. რაც უფრო კონკურენტული ხდება საარჩევნო პროცესი, მით უფრო მატულობს პოპულიზმი და ცდუნება, რომ სიღარიბის პრობლემა (სხვადასხვა მონაცემებით მოქალაქეთა 20-25% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს) გადაიჭრას არა თავისუფალი ბაზრის, არამედ სახელმწიფოს ჩარევის მეშვეობით. საარჩევნო სისტემამ ეს ტენდენცია შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს.

დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან გარდაუვლად იზრდება მთავრობაზე ზეწოლა, რომ მან სიკეთეთა რედისტრიბუცია საკუთარი პოლიტიკური პოზიციებისა და მხარდაჭერის გასამყარებლად მოახდინოს. ჩვენი ქვეყნის ისტორია, ისევე როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება, გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ეს სახელმწიფო ხარჯების, რეგულაციების, ვალისა და ინფლაციის ზრდით მთავრდება.

ერთი საუკუნის წინ მსოფლიოში სახელმწიფო ხარჯები მშპ-ს 10 % არ აღემატებოდა და მხოლოდ იშვიათად, მაგალითად როგორც გერმანიის შემთხვევაში, იყო 15 %-ზე მეტი. დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის ერის დაწყების შემდეგ, 1920-1930 წლებში, სახელმწიფო ხარჯები მშპ-ს 20-30 %-მდე გაიზარდა, ხოლო 1970-იანი წლების შუა ხანებში 50 %-ს მიაღწია. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მე-19-ე საუკუნის ბოლომდე იშვიათად აღემატებოდა მოსახლეობის 3 %-ს, მაშინ როცა 1970-იანი წლების შუაში, როგორც წესი, 15 %-ზე მეტი იყო.

მოდერნიზაცია გლობალიზაციის ეპოქაში

ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალიზაცია პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. საგრძნობლად გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მკვეთრად იკლო შობადობამ. უფრო და უფრო მეტ მოხუცებულზე სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა მოდის. სახელმწიფო ხარჯები მატულობს, შემოსავლები – კლებულობს. არსად ისე მწვავედ არ დგას ეს პრობლემა, როგორც დემოკრატიის აკვნად წოდებულ საბერძნეთში.

იმის გათვალისწინებით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საგადასახადო ტვირთის ზრდა თითქმის ორჯერ აღემატებოდა ეკონომიკის ზრდას, ცხადი ხდება, რომ საბერძნეთიზაციის საფრთხისაგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები. თუმცა, საქართველოს ევროპული ქვეყნებისგან ერთი მნიშვნელოვანი გარემოება განასხვავებს: ამ სახელმწიფოებისაგან განსხვავებით ჩვენი მოდერნიზაცია გლობალიზაციის ეპოქაში ხდება.

ამასთანავე, საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება – ევროპული ქვეყნები ჯერ გამდიდრდნენ და შემდეგ დაიწყეს დოვლათის გადანაწილება. როცა ისინი განვითარების იმავე საფეხურზე იყვნენ, რომელზეც დღეს ჩვენ ვართ, მათ სოციალური სახელმწიფოს მოდელი არ ქონდათ.

დღეს საქართველოს მთელ მსოფლიოსთან უხდება კონკურენცია. ამ პირობებში ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა შეიძლება მცირე და ეფექტური სახელმწიფო სექტორი იყოს, რომელიც გადასახადების, რეგულაციების, ინფლაციის, საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის სახით მძიმე ტვირთად არ აწვება ბიზნესს.

გარკვეული სახის საარჩევნო სისტემებმა ეს ამოცანა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულონ. ქვეყნებს, რომლებმაც ორი, სამი ან თუნდაც ერთი საუკუნის წინ განიცადეს მოდერნიზაცია, მაშინ ქონდათ იმის ფუფუნება, რომ ამაზე არ ეფიქრათ. დღეს ისინიც იძულებულნი არიან, კერძო სექტორისათვის ტვირთის შემსუბუქებაზე იზრუნონ.

მაშინ როცა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ისეთი არქეტიპული სოციალისტური ქვეყანა, როგორიც შვედეთია, მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ხარჯების მოცულობას თითქმის 20 %-ით ამცირებს, საქართველოს მსგავს ქვეყანას განვითარებისთვის აუცილებელი უცხოური კაპიტალის მოზიდვის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში კიდევ უფრო შეამცირებს.

კაპრიზებსა და რევიზიონიზმს შორის

რაც უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ საკუთრების უფლებები სახელმწიფოს, ან მესამე პირების სასარგებლოდ გადაიხედოს, მით უფრო ნაკლებია ინვესტიციისგან მოსალოდნელი მოგება და შესაბამისად, თავად ინვესტირების სტიმულიც. ამრიგად, ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კერძო საკუთრების დამცავი კანონები, არამედ პროგნოზირებადი თამაშის წესები.

საარჩევნო სისტემა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ერთი დომინანტური პარტიის მეორით ჩანაცვლებას განაპირობებს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დომინანტი პარტიის კაპრიზები, მეორე მხრივ, ყოველი ახალი ხელისუფლების მიერ წინას პოლიტიკისა და კანონების რევიზია, ინვესტორთა ნდობას ძირს უთხრის.

სამართლებრივი გარემოს სტაბილურობა სახელმწიფოს რეპუტაციას უკავშირდება. ერთი რომელიმე მესაკუთრის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელმწიფოს არაკეთილსაიმედო მოთამაშის სახელს მოუტანს და პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს. ამიტომ, პირის გატეხვა მის გრძელვადიან ინტერესში არ უნდა შედიოდეს.

თუმცა, ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ლოგიკის პარალელურად კიდევ ერთი ლოგიკა მოქმედებს. ერთი მხრივ, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ომისა და სხვა ეგზისტენციური გამოწვევებისათვის. მეორე მხრივ, ლიდერები საარჩევნო კონკურენციაში არიან ჩაბმულები, სადაც მათი პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
თანამედროვე ქართული სინამდვილისთვის ერთიც აქტუალურია და მეორეც. მომავლის დისკონტირება და დღეს მისაღები ერთჯერადი სარგებელის სანაცვლოდ ხვალინდელ პერსპექტივებზე უარის თქმა აბსოლუტურად რაციონალური სტრატეგიაა, როცა საქმე გადარჩენას ეხება.

არჩევანის არქიტექტურა

სწორედ ამიტომ, ინვესტორისთვის სახელმწიფოს უმწიკვლო რეპუტაცია არასაკმარისია. მისი ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია ისეთი ინსტიტუტების არსებობა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მესაკუთრის უფლებების საწინაღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას გაართულებს. ასეთი ინსტიტუტები შემაკავებელი ფაქტორია მაშინ, როცა მხოლოდ რეპუტაცია საკმარის წინაპირობას არ ქმნის საიმისოდ, რომ სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარი არ თქვას.

იმისათვის, რომ მთავრობის მიერ თამაშის წესების ცალმხრივად შეცვლა იოლი არ იყოს, აუცილებელია ხელისუფლების დანაწილება და ბევრი ვეტო-მოთამაშის არსებობა, რომელთა გარეშეც სტატუს ქვოს შეცვლა შეუძლებელია.

კონსტიტუციის შემდეგ საარჩევნო კოდექსი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ინსტიტუციურ და პარტიულ ვეტო-მოთამაშეთა რაოდენობასა და მათი (აგრეთვე კოლექტიური ვეტო-მოთამაშეთა შემადგენელ ერთეულთა შორის) პოზიციების პოლარიზაციაზე. ამით ის ირიბად განაპირობებს, თუ რამდენად ადვილი ან რთული იქნება მთავრობისათვის ინვესტორის საწინააღმდეგოდ მოქმედება და შესაბამისად, რამდენად საიმედოდ იქნება დაცული საკუთრების უფლება.

საარჩევნო რეფორმისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ წარმომადგენლობის გაზრდამ სახელმწიფო სპეციალური ინტერესების მძევლად არ აქციოს. პოლიტიკური მოწყობის ამერიკული თეორია ერთი ინტერესის მეორესთან დაპირისპირების და შეზღუდვის პრინციპს ეფუძნება. შეკავებისა და გაწონასწორების დახვეწილი სისტემის გარეშე, ლოგროლინგის გზით, სპეციალურ ინტერესთა ნაკლოვანებათა შეკრება მოხდება და არა მათი ურთიერთგაქვითვა.

სახელმწიფოს სიმსივნური ზრდის თვიდან ასაცილებლად, საარჩევნო კონკურენციის ზრდა უნდა დაბალანსდეს ისეთი კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც ვეტო-მოთამაშეთა ინტერესებს კი არ შეკრებს, არამედ გაქვითავს. პირის თავისუფლების შესაზღუდად და სახელმწიფოს გასაზრდელად ბევრი ვეტო-მოთამაშის თანხმობა უნდა იყოს აუცილებელი. პირის თავისუფლების გაზრდა და სახელმწიფოს შემცირება კი ვეტო-მოთამაშეთა მინიმალურ ოდენობას უნდა შეეძლოს. ამით პოლიტიკურ ძალები ლიბერტარიანული ბიძგის შემცველ არჩევანის არქიტექტურაში მოექცევიან.

არაფერია იმაზე უფრო სახიფათო, ვიდრე თამაში, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. პოლიტიკა მაინც ნულოვან-შედეგიანი თამაში გამოდის, ოღონდ ამ შემთხვევაში წაგებული მოქალაქე რჩება, ვინაიდან ყველა სპეციალური ინტერესის დაკმაყოფილება საბოლოო ჯამში სწორედ მას უხდება – მარგარეტ ტეტჩერს თუ დავესესხებით, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

გამოქვეყნდა: სუპერსაპრეზიდენტოდან საპარლამენტომდე: საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში. სტატიების კრებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 2013

http://moambe.blogspot.com

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button