ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – ქართული აზრის გამართლება

დიდი ევროპა და პაწია საქართველო წერში სულ სხვა და სხვა გზას ადგნენ მთელის საუკუნოების განმავლობაში: ევროპიელთ საუკეთესო ხელად მიაჩნდა ირიბი ხელი და უარჰყოფდნენ პირდაპირს წერას, როგორც ყოვლად შეუსაბამოსა. ჩვენში-კი პირდაპირი ხელი გამეფებული იყო და ირიბს წერას ადგილს არ უცვლიდა. მთელის მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში სამოსწავლო მთავრობა ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ გადაეჩვია ქართველები პირდაპირ ხელსა და მიეჩვია ირიბის ხელის ხმარებასა, მაგრამ ამაოდ, თუმცა ევროპის ავტორიტეტი დიდი იყო და თუმცა ბევრს ქართველს გადაახვევია სწორე გზიდან ამ ავტორიტეტმა: გარნა ქართველობა საზოგადოდ მაინც მტკიცედ იდგა თავის აზრზედ და მხნედ ესარჩლებოდა პირდაპირ წერასა. ამ სარჩელს ირიბის ხელის თაყვანის მცემელნი აბრალებდნენ ეროვნულ რუტინასა, ძველის ჩვეულების ბრმა მიმდევრობასა, ვიწრო ჭკუასა. ვინ მოიფიქრებდა, თუ მახლობელს მომავალში პატარა ქართველების აზრი გამართლდებოდა და დიდი ევროპელებისა კი გაცრუვდებოდა. მაგრამ მოულოდნელი მოხდა. უკანასკნელს ხანში ევროპაში ჯერ ეჭვი დაიბადა შესახებ ირიბის სახელის ღირსებისა, მერმე ეს ეჭვი იზარდა, იზარდა და ბოლოს გარდაიქცა უარყოფად იმ ხელისა, როგორც შეუფერებლისა და მავნებლისა…

როგორც უკვე მოგეხსნებათ, ჩვენ ამას წინედ გამოვეცით რუსულ ენაზედ პატარა წიგნი “Нормальное писмо”, რომელშიაც ვამტკიცებთ პირდაპირის ხელის უაღესობას ირიბის წერის წინაშე პედაგოგიურის, ჰიგიენურის, ესტეტიკურის და ოკულისტურის (მხედველობის) მხრივ და ვიმოწმებთ დაწინაურებულს პედაგოგებს და ექიმებს. არ გასულა ამ წიგნის ბეჭდვის შემდეგ ორი კვირა და ფოსტამ მოგვიტანა ახალი ავტორიტეტული მოწმობა გასამართლებლად ჩვენის აზრისა ბელგიის გამოჩენილს დოქტორს ლეპლასს სულ უკანასკნელს ჟამს გამოუცია ცალკე თხზულება ამ სათაურითა: “გავლენა ბავშვების სიმრთელეზედ პირდაპირის და ირიბის ხელისა”, რომელშიაც უაღრესობას აძლევს პირდაპირ წერასა. მოჰყავს ერთი ფრიად სერიოზული მთავარნი მსჯელობანი რუსული გაზეთიდგან ბელგიელის დოქტორისა:

“ქალაქს ლიუტტისში მოწაფეთა გასინჯვით დოქტორს ლეპლასს აღმოუჩენია, რომ იმ მოსწავლეთა შორის, რომელნიც სწერენ პირდაპირის ხელითა, ამართული მხრები აქვთ ასში 56 %, მარჯვენა მხარი აწეული 40%, მარცხენა მხარი აწეული 2%. ხოლო საცა ინგლისურს ირიბს ხელს ხმარობენ, იქ ამართული მხრები აღმოსჩენია ასში 32 %, მარჯვენა მხარი აწეული 56%, ხოლო მარცხენა 12-სა. ირიბი ხელი არის ერთი უმთავრსი მიზეზი სიბეცისა მოსწავლეთა შორის და ხერხემლის გაბრუნდებისა. ოკულისტები, თვალის ექიმები, მიუცილებელ საჭიროებად სთვლიან პირდაპირის ხელის ხმარებასა სკოლებში, თანახმად ჟორჟ ზანდის სისტემისა, რომელიც ურჩევდა წერის დროს პირდაპირ დაედოთ რვეული მოწაფეებსა, პირდაპირ ამართულნი მსხდარიყვნენ და პირდაპირ ხელით ეწერნათ. ეს პირდაპირი ხელი ახლა ხმარებაშია შემოსული: ბერლინში, მიუნხენში, ლიუბეკში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და საფრანგეთში. დასასრულ ბ-ნი ლეპლასი მიდის ამ დასკვნამდე: “ირიბი ინგლისური ხელი ყოვლად მავნებელია ბავშვისათვის. ხოლო პირდაპირ ხელს აქვს უაღრესობა ყოველი მხრივ და იგი უნდა მიუცილებლად იხმარებოდეს ყველა პირველ დაწყებითს სკოლებში, (Рус. Ведмости.” 1894 წლისა, N28).

ყოველს ეჭვს გარეშე უნდა ჩაითვალოს, რომ ხსენებული ცენტრებიდგან პირდაპირი ხელი მოეფინება მთელს ევფროპასა. გამარჯვებული გადმოვა რუსეთში, სადაც ერთმა წერის მასწავლებელმა ბატონმა პროზოროვმა უკვე სცადა მოსკოვში პირდაპირი ხელი ორის წლის განმავლობაში და მშვენიერი ნაყოფი მიიღო (ეს ფაქტიც აღნიშნულია ჩვენს რუსულს წიგნაკში) და ბოლოს თავს დაგვიკრავს ჩვენცა, როგორც თავისს უცვლელს და უღალატო მეგობრებსა… ეს გამარჯვება ქართულის აზრისა გვასწავებს იმასა, რომ თუ ჩვენს ცხოვრბაში მოიპოვება რაიმე წესი, ან ჩვეულება, იგი არ უნდა უარვყოთ მარტო იმ საბუთებით, რომ სხვა უფრო განათლებულს ქვეყნებში ეს წესი არ არსებობს. საჭიროა თვით ბუნებ საგნისა, გავსინჯოთ ხოლმე, რათა არ ჩავარდეთ იმ სულიერის სასაცილო მდგომარეობაში, რომელიც ქვევრივით ამოძახებს იმასა, რასაც უკანასკნელი წიგნი ჩასძახებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button