გამორჩეული ადამიანებიუცნაური

უილიამ ჯეიმს სიდისი – უჭკვიანესი ადამიანი ისტორიაში

უილიამ ჯეიმს სიდისი იყო ამერიკელი ვუნდერკინდი, რომელსაც ზებუნებრივი მათემატიკური და ლინგვისტური უნარები ჰქონდა. ნაადრევი განვითარებითა და ექსცენტრიკულობით მან შორს გაითქვა სახელი და ფართო მასების ყურადღების ობიექტად იქცა. ზრდასრულ ასაკამდე მან შეძლო იმდენი, რასაც ადამიანთა უმეტესობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ახერხებს.

უილიამი დაიბადა 1898 წლის 1 აპრილს ნიუ-იორკში, უკრაინელ-ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. მისი მშობლები გამოჩენილები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში – მამა, ბორის სიდისი, ფილოსოფიისა და მედიცინის დოქტორი იყო. ის 1887 წელს გახდა ემიგრანტი, რადგან პოლიტიკური ნიშნით დევნას გაექცა. დედა, სარა მანდელბაუმ სიდისი, 1889 წელს ოჯახთან ერთად გაექცა პოგრომებს. სარამ ბოსტონის უნივერსიტეტში ისწავლა და 1897 წელს მედიცინის ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა. ბორისმა სამეცნიერო ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიცვა და იქვე ასწავლიდა ფსიქოლოგიას. ბორისი ასევე იყო ფსიქიატრი და დაწერა უამრავი წიგნი, გამოაქვეყნა მრავალი სტატია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პათოლოგიურ ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა. ამ ყველაფერთან ერთად ის პოლიგლოტიც იყო, რაც გენებით მის შვილს გადაეცა.

უილიამის მშობლებს სურდათ, ექციათ ის გენიოსად თავიანთი განსაკუთრებული მეთოდების გამოყენებით – ე.წ. სწრაფი აღზრდითა და ცოდნის მიღებისადმი უზღვავი სიყვარულის ჩანერგვით, რის გამოც მათ ხშირად აკრიტიკებდნენ. 18 თვის ასაკში სიდისი გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმზს” კითხულობდა. 6 წლის ასაკში გახდა ათეისტი. 8 წლამდე დამოუკიდებლად ისწავლა 8 ენა – ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული, გერმანული, ებრაული, თურქული და სომხური. დამატებით მან გამოიგონა ახალი ენა, რომელსაც ვენდერგუდი უწოდა. ვენდერგუდის ენა ყველაზე მეტად ჩამოჰგავს ლათინურსა და ბერძნულს, ასევე გერმანულს, ფრანგულსა და სხვა რომანულ ენებს.

1907 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა სიდისის მიღებაზე უარი განუცხადა მის მშობლებს, რადგან ბავშვი მხოლოდ 9 წლის იყო. მიუხედავად ამისა, მან 2 წლის შემდეგ (1909 წელს) ისევ სცადა და ამჯერად სტუდენტის სტატუსი მოიპოვა. უილიამი გახდა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანი, რომელსაც ჰარვარდის სტუდენტობის ბედნიერება ხვდა წილად. ის ჩართეს სპეციალურ პროგრამაში, რომელიც განსაზღვრული იყო განსაკუთრებული ნიჭის მქონე არასრულწლოვანთათვის. ამ საექსპერიმენტო ჯგუფში ასევე შედიოდნენ მათემატიკოსი რობერტ ვინერი (1894-1964), ინჟინერი რიჩარდ ბაკმინისტერ ფულერი (1895-1983) და კომპოზიტორი როჯერ სეშენსი (1896-1985). XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში უილიამი უკვე იმდენად კარგად ფლობდა უმაღლეს მათემატიკას, რომ ჰარვარდის მათემატიკურ კლუბში ლექციებს კითხულობდა 4 განზომილებიან სხეულებზე. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა , დანიელ კომსტოკმა, სიდისს უწინასწარმეტყველა, რომ მომავალში დიდი მათემატიკოსი და ამ მეცნიერების ლიდერი გახდებოდა. 1910 წელს უილიამი ახალ მიმართულებას შეეჭიდა და 1914 წლის 18 ივნისს, 16 წლის ასაკში, ხელოვნების ბაკალავრის წოდება აიღო.

სწავლის დასრულებიდან მალევე უილიამმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება სურდა. სპეციალური ინტერვიუ მისგან ყოველდღიური გაზეთის “Boston Herald”-ის ჟურნალისტმა აიღო. გაზეთი იტყობინებოდა, რომ სიდისს ცელიბატობა სურდა და ცოლს არასდროს მოიყვანდა, რადგან ქალების მიმართ მაინცდამაინც დიდი მიდრეკილება არ ჰქონდა. თუმცა მოგვიანებით თავდავიწყებით შეუყვარდა გათხოვილი ახალგაზრდა გოგონა მარტა ფოული (1897-1977). რამდენიმე წლის შემდეგ უილიამი კიდევ ერთხელ ეწვია ჰარვარდს, ამჯერად ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლაში.

მას შემდეგ, რაც ჰარვარდის რამდენიმე სტუდენტი უილიამს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, ეს უკანასკნელი მშობლებმა საფრთხეს გაარიდეს და ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, უილიამ მარშ რაისის სახელობის ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტში უშოვეს სამსახური მათემატიკის სწავლების ასისტენტად. ეს მოხდა 1915 წელს, უილიამი 17 წლის იყო და დოქტორის ხარისხზე მუშაობდა.

სიდისმა შეისწავლა სამი დარგი – ევკლიდეს გეომეტრია, არაევკლიდეს გეომეტრია და ტრიგონომეტრია. ევკლიდეს გეომეტრიის საკითხებზე მან სახელმძღვანელო დაწერა ბერძნულ ენაზე. 1 წელზე ნაკლები დროის შემდეგ მის კარიერას ხელი შეუშალა უნივერსიტეტის დეპარტამენტმა, გამომდინარე სწავლების მისი მეთოდიკიდან და დამოკიდებულებიდან იმ სტუდენტებთან, რომლებიც მასზე უფროსები იყვნენ. სიდისმა დატოვა თანამდებობა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ახალ ინგლისში გადაინაცვლა. მოგვიანებით, როცა მეგობარმა ჰკითხა წამოსვლის მიზეზი, უილიამმა უპასუხა: “მე ისიც არ ვიცი, სამუშაო რატომ მომცეს – მე ხომ მასწავლებელი არ ვარ. მე არ დამიტოვებია სამსახური, მე წასვლა ვითხოვე”. სიდისმა მათემატიკას თავი დაანება და 1916 წლის სექტემბერში ჰარვარდის სტუდენტი გახდა იურიდიულ სკოლაში, თუმცა ბოლო სასწავლო წელს, 1919 წლის მარტში, თავი დაანება.

1919 წელს უილიამი დააპატიმრეს ბოსტონის სოციალისტურ აღლუმში მონაწილეობის მიღებისთვის. 1918 წლის აჯანყების საქმის მიხედვით, მას 18 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამ ამბავმა ფართოდ მოიცვა პრესა. სასამართლო პროცესზე სიდისმა განაცხადა, რომ I მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო სამსახურს თავი აარიდა, რადგან ამას ძალადობად თვლიდა. ასევე სიმპათიით იყო განწყობილი სოციალიზმისადმი, ხოლო რელიგიური შეხედულებით – ურწმუნო (ათეისტი). მოგვიანებით მან შექმნა ინდივიდთა უფლებებზე დაფუძნებული ლიბერტარიანისტული ფილოსოფია. უილიამის მამა ოლქის პროკურორს მოელაპარაკა და დაითანხმა, ციხიდან გამოეშვა მისი შვილი, სანამ სასამართლო საჩივარს განიხილავდა. თუმცა სანაცვლოდ მშობლებმა ის ნიუ-ჰემპშირის სანატორიუმში წაიყვანეს 1 წლით, შემდეგ კიდევ 1 წლით – კალიფორნიაში. სანატორიუმში მშობლებმა მოახდინეს მისი “რეფორმაცია” და გამუდმებით ემუქრებოდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაყვანით.

1921 წელს აღმოსავლეთ აშშ-ში დაბრუნებისას სიდისს დამოუკიდებლად და მშვიდად ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი. სამსახურიც უბრალო ადგილას დაიწყო – მექანიკური კალკულატორების მეთვალყურედ. ქალაქ ნიუ-იორკში მუშაობის შედეგად ის ჩამოსცილდა თავის მშობლებს. წლების შემდეგ მიეცა საშუალება, კანონიერად დაბრუნებულიყო მასაჩუსეტსის შტატში, მანამდე კი გამუდმებულ შიშში იყო, რომ დააპატიმრებდნენ. უილიამი აგროვებდა ტრამვაის ბილეთებს, აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებს, დაინტერესებული მეგობრების ვიწრო წრეს უყვებოდა ამერიკის ისტორიის მისეულ ვერსიას.

1944 წელს სიდისმა ამერიკულ ჟურნალ “The New Yorker”-ს სასამართლო დავა მოუგო 7 წლის წინ გამოქვეყნებული სტატიის გამო. მისი თქმით, მასში მრავალი სიცრუე იყო. სტატია სათაურით “სად არიან ისინი ამჟამად?” დაწერილი იყო ფსევდონიმიანი ავტორის მიერ და აღწერდა უილიამს, როგორც მარტოსულ ადამიანს. უილიამის თქმით, სტატია არღვევდა მის პირად უფლებებს და მის მიმართ “საზოგადოებას უღვივებდა ზიზღს, სიძულვილსა და მასხრად აგდების სურვილს”, რამაც გავლენა მოახდინა მის ფსიქიკაზე და თავი დამცირებულად აგრძნობინა.

უილიამ ჯეიმს სიდისი გარდაიცვალა 1944 წელს ბოსტონში, ცერებრალური სისხლჩაქცევების გამო 46 წლის ასაკში. მამამისიც იმავე მიზეზით დაიღუპა 56 წლის ასაკში 1923 წელს.

სიდისის ნაშრომები მრავალ სფეროს ეხებოდა – კოსმოლოგიას, ამერიკელ ინდიელთა ისტორიას, საავტომობილო გადაზიდვების ტაქსონომიას, სამოქალაქო ინჟინერიას, სატრანსპორტო საშუალებებს, ანთროპოლოგიის დაკარგულ ტექსტებს, ფილოლოგიას და ა.შ. მან იწინასწარმეტყველა კოსმოსში ისეთი ადგილების არსებობა, სადაც დროებით მიმართულებებში თერმოდინამიკის მეორე კანონი პირიქით მოქმედებს. ის ასევე აცხადებდა, რომ ასეთ რეგიონებში მატერია არ წარმოშობს სინათლეს. წიგნში “ტომები და შტატები” უილიამი აღწერს აბორიგენ ამერიკელთა 10 000 წლიან ისტორიას, პრეისტორიული პერიოდიდან 1828 წლამდე. წიგნში ის აყენებს ვარაუდს, რომ “ერთ დროს ევროპაში ამერიკის მსგავსად წითელკანიანი ადამიანები ბინადრობდნენ”. 1930 წელს სიდისი დააჯილდოვეს პატენტით მუდმივი კალენდრის შექმნის გამო, რომელიც ნაკიან წლებსაც მოიცავდა.

გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო პერიოდში უილიამი 40-ზე მეტ ენაზე საუბრობდა თავისუფლად. მისი სიკვდილის შემდეგ ნიუ-იორკის ინსტიტუტის დირექტორმა აბრაამ სპერლინგმა განაცხადა, რომ მისი გამოთვლებით სიდისის IQ შეადგენდა 250-300 ქულას, რაც იმას ნიშნავდა, რომ რიგ პერიოდებში სიდისი ინტელექტუალურად 2.5-3-ჯერ უსწრებდა თავის ასაკს.

გააზიარე

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button