ლიტერატურაწიგნები

10 ქართული წიგნი, რომლის მოსმენაც საკუთარ ტელეფონში შეგიძლიათ

„აუდიოწიგნები“  საქართველოს ეროვნული არქივის პროექტია. პროექტი აერთიანებს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერილია 1960-2014 წლებში. ლიტერატურულ ნაწარმოებებს კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მურმან ჯინორია, გურამ საღარაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ტარიელ საყვარელიძე და ლიტერატორი თამაზ კვაჭანტირაძე.

თუ თქვენც გიყვართ, როცა წიგნს გიკითხავენ, მაშინ გთავაზობთ
საქართველოს ეროვნული არქივის კატალოგში განთავსებულ 10 ხმოვან წიგნს:

1. ჩემი თავგადასავალი – აკაკი წერეთელი. კითხულობს: გიორგი გეგეჭკორი, 1967 წ.

ეს წიგნი საშუალებას მისცემს მოზარდ მკითხველს, სხვა თვალით შეხედონ და უკეთ გაიცნონ ყველასათვის საყვარელი მწერლის, აკაკი წერეთლის შემოქმედება. აქ თავმოყრილია მოთხრობები, რომელთა სიუჟეტი და თემატიკა მეტად მრავალფეროვანია. წაიკითხავთ როგორც მარტივი შინაარსის, ასევე დიდაქტიკურ, ალეგორიულ, ისტორიულ თუ ზღაპრულ მოთხრობებს.

2. ხევისბერი გოჩა – ალექსანდრე ყაზბეგი. კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე, 1968 წ.

მოქმედება ვითარდება ხევის ერთ–ერთ სოფელში. გუგუა ფიჩიტაურს ცოლად მოჰყავს თექვსმეტი წლის ძიძია. თუმცა ადათის და ტრადიციის მიხედვით მომოვალ ცოლ–ქმარს ჯვრისწერამდე ერთმანეთის ნახვის უფლება არ აქვთ. ამიტომ გუგუა მაყრიონს გაგზავნის ძიძიას ოჯახში. ხელისმომკიდედ კი თანასოფლელ ონისეს აირჩევს. სწორედ ონისეს ევალება პატარძლის მომოვალ ქმართან მშვიდობიანად და უვნებლად მიყვანა. თუმცა პირველივე შეხვედრისთანავე ონისეს და ძიძიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. ძიძიას დედა ხაზუა კი სიტყვას ჩამოართმევს ონისეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი მშვიდობით ჩააბაროს საქმროს

3. ტყის კაცი – მიხეილ ჯავახიშვილი. კითხულობს: თამაზ კვაჭანტირაძე, 2014 წ.

ტყის მცველ პავლეს ავადმყოფობით ცოლი დაეღუბა. ამის შემდეგ თავის ორ შვილთან ერთად სოფლიდან მოშორებით ტყეში დასახლდება და მუშაობას ახალი ძალებით იწყებს.დრო გადის. მისი უფროსი ვაჟი ნიკა 15 წლისაა, ხოლო გოგია – 4-ის. პავლე ერთ-ერთ ნადირობისას დათვს მოკლავს. მის ორ ბელს კი გასაზრდელად წამოიყვანს. ერთხელ გოგია გაცივდება და პავლე ნიკას ქალაქში წააყვანინებს სამკურნალოდ.გოგიას ექიმი უმკურნალებს, მაგრამ უკან დაბრუნებისას უბედურებას შეეყრებიან. გზაზე ბუღა დაედევნებათ და ნიკას დაჭრის. გოგია კი გაიქცევა, მაგრამ სიბნელეში ქვევრს ვერ დაინახავს და ჩავარდება. ნიკას ეკლესიის დარაჯი მათე ნარიკაშვილი იპოვის. პავლე ამ ამბავს მალე გაიგებს. ჩამოვა და თავის შვილს დაიტირებს, თუმცა როდესაც ბუღას დაინახავს თოფს მოიმარჯვებს და სროლას შეეცდება. იქ მყოფნი ხელს შეუშლიან და მაშინ ხანჯალს ამოიღებს და ცხოველისკენ გაექანება.ბრძოლის შემდეგ პავლე დაიჭრება, თუმცა ბუღას მაინც მოკლავს.

4. გველის პერანგი (ტფილისი) – გრიგოლ რობაქიძე. კითხულობს თამაზ კვაჭანტირაძე, 2014 წ.

გველის პერანგი — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის ნოსტალგიური რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, სწორედ გველის პერანგში ხორციელდება ვირტუალურად. უაღრესად მაღალი ოსტატობით შესრულებული თხზულება არც ერთ ქართველ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.რომანში აღწერილია ახალგაზრდა ემიგრანტის, არჩიბალდ მეკეშის(არჩილ მაყაშვილის) ისტორია სამშობლოში დაბრუნების შესახებ.ნაწარმოებში სრულად ჩანს ემიგრანტის პატრიოტული ტკივილი,სულისკვეთება და ის პრობლემები რაც სამშობლოში დაბრუნების დაატყდება თავს.

5. სახელის მილოცვა – გიორგი ლეონიძე. კითხულობს: თამაზ კვაჭანტირაძე, 2014 წ.

ფრაგმენტი ნაწარმოებიდან: ჩემი სოფლის თავში თეთრი ციხე-კოშკი დგას, თავჩამორღვეული, ნანგრევი, ხავსდასხმული ლოდებით, სახელოვანი სიმაგრე, ძველად დიდად ნაბრძოლი ახლაც ატყვია, ალყაში ჩამდგარ, მოიერიშე მტერს ხმლები რომ ზედ ულესია ციხის ძირითა ლოდებზე.ერთხელ, ბრძოლა რომ გათავებულა და მტერი გაქცეულა, ჩვენებს თურმე ნიჩბით მოუხვეტიათ ტყვია ციხის გარშემო, იმდენი უსროლია მტერს!ჩემს ბალღობაში მსმენია, თურმე, დანიშნულ ღამით, ცისკრის ამოსვლის უწინარეს, თმაჭაღარა მანდილოსანი გაფოთებული ჩამორბის ციხიდან თავქვე, მთვარის კიბეზე, ვიღაცას შორიდან აუქნევს ხელს და ამრიზებული მკაცრად შესძახებს:

6. პალიასტომის ტბა – ეგნატე ნინოშვილი. კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე, 1967 წ.

პალიასტომს მზის დახედვამ კიდევ უფრო საშიში ფერი დასდო. მთა და მონასტერი ჯერ კიდევ შავად მოჩანდა, რადგანაც მზე ჯერ კიდევ არ მისდგომოდა. წყალს, ჰაერს და არემარეს უსიამოვნო, საიდუმლო ფერი ედო. თითქო მზის შუქს ამოჰყვაო, ქარმა რამდენჯერმე გაიგრიალა პალიასტომზე და გააღვიძა ეს ვეშაპი. “გააგდე ჭოლოკი ხელიდგან, დაჯე ტივზე და მოუჭირე ხელჩასაკრავს!” – შესძახა ივანემ ნიკოს. თითონ კი ლომივით ტრიალებდა, რომ როგორმე ტივი მიეყენებია ნაპირზე. მაგრამ ივანეს ბრძოლა უძლური იყო განძვინვებულ სტიქიონის ძალასთან. ტივს თანდათან აშორებდა ტალღები ნაპირიდან და გაჰქონდა შუაგულისკენ

7. გოგია უიშვილი – ეგნატე ნინოშვილი. კითხულობს: ზინაიდა კვერენჩხილაძე, 1967 წ.

8. სოლომან მორბელაძე – დავით კლდიაშვილი. კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე, 1968 წ.

9. როსტომ მანველიძე – დავით კლდიაშვილი. კითხულობს: თამაზ კვაჭანტირაძე, 2014 წ.

10. კაცია ადამიანი?! – ილია ჭავჭავაძე. კითხულობენ: გიორგი გეგეჭკორი და ელენე ყიფშიძე, 1968 წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button