ნატალია ჭყონია “დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია”
დ. უზნაძის განწყობის თეორიის ოთხი ძირითადი ცნებაა: ფუნქციონალური ტენდენცია; განწყობა; ობიექტივაცია – გაცნობიერება – გააზრება; ნებელობა და კიდევ: აღზრდის ძირითადი ტრაგედია.
ფუნქციონალური ტენდენცია ჯანსაღი ტრანსცენდენტაციის ანუ მისწრაფების მთავარი სახეობაა. სულიერის თანდაყოლილი შინაგანი მისწრაფებაა ყველა შინაგანი შესაძლებლობის ამოქმედება, მოქმედება და განფენა, მიმართული სრული და სავსე ყოფნისაკენ. ე.ი. სულიერს თანდაყოლილი აქვს არა მხოლოდ ნაირგვარი ორგანოები და ძალები, არამედ თითოეულის აქტიურობის მოთხოვნილებაც.
ფუნქციონალური ტენდენცია ყოველ ასაკში სათანადო შინაგანი ძალების ამოქმედებისა და განხორციელების მოთხოვნილებას აჩენს. ამიტომ სხვადასხვა ასაკის ადამიანის “სამყარო” სხვადასხვანაირია: სამყაროში გამოკვეთილია უპირატესად ის საგნები, რომლებიც ამ ასაკისთვის დამახასიათებელ მოთხოვნილებებს შეესაბამება (მაგ., ვაჟის ცხოვრების მხოლოდ გარკვეულ პერიოდში გამოიკვეთება სამყაროში ქალების სხეულის ფორმის თავისებურებანი).
“აღზრდის ძირითადი ტრაგედია” დ. უზნაძის მიერ შემოღებული ცნებაა. ესაა გარდაუვალი და გადაულახავი წინააღმდეგობა მოზარდისა და აღმზრდელის (მასწავლებელი, მშობელი, მეურვე) მისწრაფებათა შორის: აღმზრდელი ფიქრობს, მოზარდის შორეულ მომავალზე და აქედან გამომდინარე იქცევა; ხოლო მოზარდი წუთიერ სიტუაციური განწყობით იმართება; ჯანსაღ მოზარდს უფრო ხშირად გართობა თუ სეირნობა ურჩევნია ხანგრძლივ მეცადინეობას და ეს ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს. უფროსები კი ხშირად ბავშვისგან ისეთ სიბეჯითეს, შეგნებულობასა და მიზანდასახულობას მოითხოვენ, როგორიც თავადაც არ გააჩნიათ. მაგ. ზრდასულ ადამიანს უჭირს ერთი წლის შემდგომი მიზნისთვის დაძაბოს ნებისყოფა და იმოქმედოს, ბავშვს კი ათი წლის შემდგომი მიზნებიდან გამომდინარე სთხოვს მოქმედებას. დიმიტრი უზნაძის მიხედვით, არ არსებობს ისეთი პედაგოგიური მეთოდი, რომლიც აღზრდის ძირითად ტრაგედიას გადალახავს (სწავლის მოტივირებითა თუ სხვა მიდგომებით). ამ პრობლემის მხოლოდ შერბილებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, მოსწავლე დღესაც სკოლას მხოლოდ სქოლასტიკური ცოდნით ან არცოდნით ამთავრებს…
პედაგოგიკას უკავშირდება აგრეთვე დ. უზნაძის მიერ გამოყენებული ორი ცნება: 1. ინტროგენური (ინტრო+გენ) შინაგანი წარმომავლობის, კერძოდ ქცევის ფორმა. მაგ.: თამაში, შემოქმედება…(შეესაბამება მასლოუსეული “პირამიდის” მარჯვენა, ფუნქციონალურ მოთხოვნილებებს). 2. ექსტროგენური (ექსტრო+გენ) გარე წარმომავლობისა, კერძოდ კი ქცევის ფორმა. მაგ.: კვება, თავდაცვა, გაქცევა, შრომა…(შეესაბამება მასლოუსეული “პირამიდის” მარცხენა, ადაპტაციურ მოთხოვნილებებს). გამორჩეულია სწავლა – იგი ნახევრად ინტროგენური და ნახევრად ექსტროგენური ქცევაა. საზოგადოდ, ეს გამიჯვნა პირობითია. სწავლის მსგავსად, მრავალი სხვა ქცევაც მოიცავს როგორც ინტროგენურ, ისე ექსტროგენურ შემადგენლებს. მაგ: შრომა. ხშირად ისიც ნარევია: მას ასაზრდოებს როგორც ადაპტაციურ – ექსტროგენური ისე ფუნქციონალურ – ინტროგენური მოთხოვნილებანი.
განწყობა – ინდივიდის სულის მთლიანობითი მდგომარეობა: მისი ფსიქიკური და ფიზიოლოგიური ძალების (შესაძლებლობათა) მომართვაა შინაგანი მოთხოვნილებისა და გარე ვითარების შესაბამისი ქცევის განსახორციელებლად. განწყობა წარმართავს ინდივიდის განცდების მიმდინარეობასაც და ქცევასაც; იგი ინდივიდის ისეთი მზაობაა, რომელიც მოთხოვნილებისა და შესაფერისი ვითარების შეჯვარებით წარმოიქმნება და ინდივიდის ძალების მობილიზაცია – მომართვაში ვლინდება.
ინდივიდის განწყობა მის დაბადებასთან ერთად ჩნდება, თანდაყოლილ მოთხოვნილებათა საფუძველზე. იგი თანდათან ვითარდება, ნაწევრდება, ზოგჯერ თვლემს (ღრმა ძილის მსგავს მდგომარეობებში), სიფხიზლეში კი აქტიურია და განუწყვეტლივ ქმნადებაშია, იღებს გაღვიძებულ მოთხოვნილებას და ერგება მარადცვალებად გარემოს.
განწყობის ცნება თითქმის მაშინვე დაიბადა, როგორც კი ფსიქოლოგია დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა (XIX ს. ბოლო ხანები). ყველაზე ზოგადად და ღრმად ეს ცნება დ. უზნაძემ ჩამოაყალიბა და მასზე დააფუძნა მთელი ფსიქოლოგია.
განწყობისთვის მისი განცდა საჭირო არაა. განწყობა თავისთავადაც ახორციელებს მიზანშეწონილ ქცევას, რადგან თავისთავში აერთიანებს როგორც შინაგან მოთხოვნილებას, ისე გარემოს. სწორედ გარემოს ზეგავლენით და მის შესაფერისად იღებს განწყობა იმდენად ჩამოყალიბებულ და განაწევრებულ სახეს, რომ ქცევის აღძვრა და წარმართვა შეძლოს. ადამიანი კი, უფრო ხშირად, ვერც აცნობიერებს, რომ სწორედ საკუთარი განწყობით მოქმედებს..
განწყობა ანტიციპაციის ფსიქოლოგიური არსია. ანტიციპაცია (ანტი+ცეპტ ( ლათ. ანტიციპატიო – წინასწარ შექმნილი წარმოდგენა, წინასწარი შთაბეჭდილება) ესაა წინასწარი ჭვრეტა, წინასწარი განცდა, წინასწარი რეაგირება და მზაობა. მაგ. მოძრაობისას: ფხიზელი სულდგმულის მთელი სხეული, ყველა საჭირო კუნთი ყოველთვის მზად არის სასურველი მოძრაობის შესასრულებლად, ესაა განუწყვეტელი კუნთურ- მოტორული მზაობა, დაძაბულობა ანუ ნერვულ – კუნთური ტონუსი.
მარტივად რომ ვთქვათ, განწყობა არის ინდივიდის ფსიქიკური და ფიზიკური ძალების, შესაძლებლობათა ისეთი “განლაგება”, “კონფიგურაცია”, “დისპოზიცია”, “წყობა” ანუ “განწყობა”, რომელიც მომზადებულია და მიმართულია სწორად შესასრულებელ ქცევაზე. ამდენად, იგი პოტენციურად, წინასწარვე შეიცავს ამ ქცევის “ესკიზსქემას”(ვახანია 2012: 31).
დისპოზიცია (დის+პოზიც, ლათ. დისპოსიტიო – მოწყობილი, გაწყობილი) განლაგება, მოწყობა, გაწყობა. ფსიქოლოგიაში: ინდივიდის სულის “განლაგება” ანუ მყარად ფიქსირებული, ღრმა, ნაკლებცვალებადი განწყობა, რაც ამ ინდივიდის მახასიათებელია, მისი ხასიათია. აქედან გამომდინარე, აღზრდა – ესაა ოჯახისა და საზოგადოებისთვის სასურველი დისპოზიციების ჩამოყალიბება. პიროვნების ხერხემალს მის დისპოზიციათა თანწყობა ქმნის.
ჯანსაღი ინდივიდის ქცევა და განცდები არასდროს არ არის გარემო ზემოქმედებაზე უბრალო რეაქცია. გარემო თავისებურად გადაასხვაფერებს ინდივიდის განწყობას და გარემო მხოლოდ განწყობის საშუალებით ეძლევა ინდივიდს. ასევე, ინდივიდის არც ქცევა და არც განცდა უშუალოდ არ მიმდინარეობს, არამედ, მხოლოდ განწყობისეულად. დ. უზნაძისთვის ძალიან არსებითი იყო იმ “უშუალობის პოსტულატის” უკუგდება, რომელსაც ეფუძნებოდა და ამჟამადაც ეფუძნება თითქმის მთელი ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა თუ გნოსეოლოგია.
როგორც ცნობილია, განწყობა ზოგჯერ მიკერძოების, ილუზიების, შეცდომების მიზეზია. მაგრამ ეს არაა განწყობის არსი. მისი არსი, პირიქით, მიზანშეწონილი ქცევის სწრაფი და ადვილი განხორციელებაა და მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. განწყობის დაუფიქსირებლად არ იარსებებდა არც ერთი ჩვევა თუ უნარ-ჩვევა; არც ქცევის წესები და კულტურა; არც ინტუიცია და შემოქმედებითობა; ბავშვი მშობლიურ ენას ვერ დაეუფლებოდა და საზოგადოდ, შეუძლებელი იქნებოდა მეტყველება, რადგან ადამიანს ყოველი ფრაზის სიტყვები და მათი გრამატიკული ფორმები აზროვნებით უნდა დაეგეგმა და გაემართა (ესე იგი, ერთი წინადადების შედგენას ათწუთიანი შრომა მაინც დასჭირდებოდა).
დიმიტრი უზნაძისეული განწყობის ცნება აერთიანებს იმ საპირისპირო საწყისებს, რომელთა შეთანხმება სხვა ფსიქოლოგიური თეორიების “აქილევსის ქუსლია”. ესაა შიდა და გარე საწყისები, თანდაყოლილი და შეძენილი, არაცნობიერი და ცნობიერი. სხვა თეორიებში ერთ-ერთი ეს საწყისი გაზვიადებულად მძლავრობს მეორეზე და მათი ურთიერთქმედება გაუგებარი რჩება, რის გამოც თეორია ცალმხრივია.
“განწყობის თეორია თავ-თავის ადგილს მიუჩენს და აერთიანებს თანდაყოლილსა და შეძენილს, შინაგანსა და გარეგანს, არაცნობიერსა და ცნობიერს… ესაა ამ თეორიის უდიდესი ღირსება. მისი ღირსებანი აღნიშნული ჰქონდათ გამოჩენილ უცხოელ ფსიქოლოგებსაც: ჟ. პიაჟეს, პ. ფრესს, ლ. ვიგოტსკის, ლ. რუბინშტეინს, ანა ფროიდს”…
ბიბლიოგრაფია
ვახანია ზ. „განათლების ფსიქოლოგია“, თბილისი.
ნაწყვეტი სადისერტაციო ნაშრომიდან “მრავალმხრივი განათლების შინაარსის თანამედროვე პრობლემები”. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი. პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი. ბათუმი 2013. http://bsu.edu.ge/education/upload/disertacia_natalia_chkonia_2013.pdf