ლიტერატურაპოეზია

თემო ჭახნაკია ლექსები

სულში ფორიაქი

ოცნებათა ქარტეხილში სინამდვილეს ვეძებ,
მივაწყდები უკუნ ცაზე პლანეტათა ლატანს,
მძიმე გაცდის პოეზია ლექსით გამოვძერწე,
გონებამ და აზრის ექომ,ვთვლი, არ მიღალატა.

წლები მარდად დაიმსხვრევა,როგორც კერამიკა,
უსიამო სიკვდილის ხმა გულში დანას მახლის,
ვისაც ვძულდი -შევეგუე, ახლა ყველა მიყვარს,
ვარ კაეშნით მოკლული და მწუხრით დანამარხი.

მტარვალ ქარში ვეფეთები დაუნდობელ კვირას,
ბნელში მთვარის ანთებაა,აქ ,ცხოვრება მგოსნის,
ზეცა ელავს,გზა განათდა,გრგვინვამ დამიყვირა,
მეხდამცხრალი სარო იწვის, როგორც პაპიროსი.

გუშინ მოვრჩი ტოლსტოის და ვამჯობინე ჩეხოვს,
გონდაღლილი,აზრდაცლილი ,მივაშურებ ლოგინს,
ღამის ძილმა ყრუ სიზმართა ხრამში გადამჩეხოს,
მკრთალ სარკეში ილანდება მწერალთ კატალოგი.

ზოგს დუმბაძე ეამება გრძნობით, ზოგს_ დიუმა,
სევდას მალავ იუმორში,ცრემლსაც ღვრი,პოეტო,
სველმა, ლექსი შემოიცვი დარდის კოსტიუმად,
გრძნობითა და ღრმა გენიით,ჰგავხარ გრიბოედოვს.

2013წელი

***
ფიროსმანს

ღარიბი მხატვრის ნიჭს ხედავდნენ ადრეც მკაფიოდ,
ნიკოც ხატავდა ერთი ჭიქა ღვინის სანაცვლოდ,
ყველა შედევრი საფირონის ცაზე გავფინოთ
და”ფიროსმანი” ხმამაღლა და რიხით დავმარცვლოთ.

ის ძუნწ თავადებს უხატავდა ,თურმე ,სურათებს,
მაინც არავინ არ ეტრფოდა მხატვრის აღმასვლას,
მაგრამ დრო-ჟამი ბნელ გონებას ყველას უნათებს,-
კიბის ქვეშ ფიქრით, მან აიგო ოქროს ქარვასლა.

ღვთითნასწავლ მხატვარს არ გადარებ და ვინჩს,რენუარს,
შენ სიდუხჭირემ ვერ დაგჩაგრა , დიდო ფერმწერო,
ტანშიშველ ქალებს კირით აცმევ კოხტა პენუარს,
დიდების ხეზე შენ გეკუთვნის მხოლოდ კენწერო.

თუ ხელოვანი ცივ ალკოჰოლს ფიქრთან მიიტანს,
რომ გზები გახსნას დარდებიდან გამოსასვლელი,
ახლაც სავსეა დუქნები და გულქვა მიკიტანს
გული არ უზამს დაენანოს შენთვის სასმელი.

ნიკო ხატავდა მშიერი და მთვრალი, ნახატებს,
ბევრი ბრძენკაცი იგერიებს ღვინით კაეშანს,
როგორც ჯერ დღეა,საღამოს კი უნდა დაღამდეს
და სივრცის შუქი დედამიწას ზურგზე დაეფშვნას.

ალბათ ის ახლაც ,ნამთვრალევი ,სადმე ღვინოს სვამს,
ხელში უჭირავს დალეული ფუნჯის ნამტვრევი,
ჟამი ვერ მოკლავს უსულდგმულოდ ნიკო ფიროსმანს
და ჩვენს გულებში არ კვდებიან ბრძენი მხატვრები.

***

ლექსების ქუხილი

დამტვერილ წიგნში აჩოჩქოლდა ლექსების ჯარი,
პოეზიის მჭკნარ,ბნელ დილეგში ფურცლის გისოსებს
მოაწყდა ერთობ სტრიქონთა ხმა…დაფრთხეს ლაჩარი,
ანჩხლი ლექსები ქომაგობენ გარიყულ მგოსნებს.

ყველაზე მძლავრი წინ მიუძღვის ძალ-ღონით სუსტებს,
სათაურები ყალყზე უდგათ, შმაგ ხმას გზავნიან,
სიზმარია თუ ბრძოლის ცეცხლი,ვერ დააზუსტებ,
აშკარად ჩანს, რომ ყველა სტროფი პარტიზანია.

გამოანგრიეს ყდის კარიბჭე,ფურცლის კლიტული,
თეჯლისებს,ოდებს,ლაღ სონეტებს,ტერცინებს,სტანსებს,
მრჩობლედს,ოქტავებს,ბაიათებს-აქვთ გაკვირტული
ვნების ტოტები,მუხამბაზის ჩრდილს რომ მოსტაცეს.

აშუღური და მუსტაზადი შავთელურს ანთებს,
ყველას ასხია, რითმების და ბორგვის სუნამო,
მირბის მდენარი და გრძელ ფეხებს ხოხვით მიათრევს,
მიგრძენ, აზვირთდი, მძლედ იქუხე, ლექსთა ცუნამო.

თქვენ ავართაგან, დაფასებას ვერ ეზიარეთ
და ყრუდ იციან,თქვენს შესახებ, პოეზიაზე.

***

წმინდა მიწა ქართული

საქართველო-წმინდა მიწა ქართველთა,
საქართველო- წვით უქრობი ლამპარი,
მტრის ლახვარმა რწმენა ვეღარ გათელა,
სულ შეხორცდა ჭრილობათა ნაპრალნი.

საქართველო- ღრმა ემბაზის ჭურჭელი,
ღმერთო გვიხსენ, საქართველოს ოსსანა!
ერთგულება-ბასრი ხმლითაც უჭრელი,
საქართველო- მხნე ქვეყანა მგოსანთა.

ქართველკაცი-ერის მცველი მახვილით,
საქართველოს მიწა- სისხლის ღადარი,
წყაროს წყლებიცრემლებია დაღვრილი,
იალბუზის თხემზე თოვლად გამდნარი.

საქართველოს სულში მინდა ჩავეფლო,
საბნად მქონდეს ბამბის ქულა ნისლები,
გრძნობის ლავამ კოცონივით ჩამფერფლოს,
მეტად გეტრფი, სიყვარულში ვიცვლები.

საქართველო – ფეთქავს ლოცვის საკანი,
მის კარიბჭეს გრიგალიც ვერ შეარხევს,
გმირთ მჭლე მიწა,ხმლით ნარწევი აკვანი,
ზოგჯერ მწუხრი,შავ კუბასტში შეგახვევს.

მუდამ გმტრობენ- გამოღმიდან,გაღმიდან,
თავზე მკვირცხლად გესხმის მტერი აშარი,
გაიბრძოლებ, სისხლის ნაკადს დაღვრი და
სისხლის ნაცვლად,ძარღვში დაგდის შაშარი.

მიხმობს მთები, თვალწარმტაცი კორდები,
კბოდე კლდენი მხიბლავს,ეშხით,მეჩანგეს,
გეტრფი,თვალზე ლაღ ცრემლებად გორდები
შენ გმირი ხარ,მტრის ხმალს არ დაეჩაგრე.

***
ნაღვლიანი პოეზია

ზეცას ვეტრფი მონუსხული განთიადის თბილი მზით,
წუხილის ხმას ყრუდ მაგონებს დღით შემკრთალი თბილისი,
დილა თრთის და მტკვარზე ვხედავ იდუმალ და მოკლე ტივს,
ვრცელ ჰორიზონტს ჭმუნვით ვუმზერ მენესტრელი -პოეტი.

ახლოს კივის ელმავალი, ღრმა სიშორით ჩუმდება,
სისხამ დილის ცელქი სიო,გზად კვლავ შენარჩუნდება.
ცას ატყვია ვარსკვლავები, ფერგადასულ კვირტებად,
მე დღეს ვნახე პეიზაჟი,მხატვრებს გაუკვირდებათ.

დედამიწა ჯიბის სარჩულს მკვირცხლად გამოიხევს და
ცის თაღიდან ბადრმა მთვარემ ტრფობით გამოიხედა,
ლორთქ ბალახებს სისხლი უდუღთ,ცვარი არ შეიწოვეს,
ღრიანცელს ჰგავს გათენება,მთებო, არ შევიწროვდეთ.

მოხდენილად დგანან გასწვრივ,მარადმწვანე ნაძვები,
მათ ტოტებში დავცურავ და ციყვზე მარდად დავძვრები.
რიხით მეთქვა,დაუკრავდა ელვა–გრგვინვას მაესტრო,
მისტიურ, ბნელ აღტაცებით, რომ ქარისთვის გამესწრო.

შორეულ ცას მოეჭდობა ლურჯი ფარჩის ტილონი,
მძაფრ სიშორეს გადასწვდებახმა მზე- გალაკტიონის,
წითელ შუქთან ლევანდი დგას,ჟანგიანი მოპედით,
რას არ ფიქრობს,რას არ ხედავს,სარკმლებიდან პოეტი.

მგოსნის თვალებს აციმციმებს ცრემლის ზღვა-ამაზონი,
უსაზღვრო და უმიჯნოა ფიქრის დიაპაზონი,
მტკიცე გონში სხვა რწმენა და სხვა ცხოვრების გეზია,
ნაღვლიანი ხმით მეტყველებს ჩემი ღრმა პოეზია.

***
ოშკი და იშხანი

გონს მოდი, ქართველო, გინგრევენ მონასტრებს!
ძველ კედლებს ემჩნევათ წარწყმენდის ნიშანი,
ვდუმვართ და უღმერთო დანგრევას მოასწრებს,
კბილებით დავიცვათ ოშკი და იშხანი…

იშლება ნელ–ნელა გუმბათის რკალები,
ვუშველოთ სხალთას და ვუშველოთ არდაშანს,
ლოცვისთვის შევაღოთ იმ ტაძრის კარები,
რომელშიც მირონი წლების წინ გადაშრა.

ჩვენია ტყვე–მონა, საბრალო კლარჯეთი,
ნუ ანგრევთ ტაძრებს და ნუ აგებთ მეჩეთებს,
უფალი გიბრძანებს , უღმეღთოვ, გაჩერდი!
ნგრევა და შენება, ორივე შეჩერდეს.

სამსჯავრო მოელის სიმშვიდის ამრევებს,
ჩვენ მედგრად დავიცვათ ყოველი ჩარექი,
უგულოდ ჩამოშლილ წმინდა ქვის ნამსხვრევებს
აღდგენა უნდა და რიგებში ჩადექით.

არავის შევუნდობთ ჩვენ ტაძრის შებილწვას,
ლოცვისთვის აგებდა მათ გრიგოლ ხანძთელი,
მუხლებზე დავდგები და უფალს შევფიცავ:
ეშმაკი ვერ ნახავს, იმ ტაძრებს გაცვეთილს.

სანამ დგას ურყევად ჯერ კიდევ სვეტნარი,
რწმენას ვერ წაართმევთ ქრისტიან ქართველებს,
მონასტრის ზარები გმინავს და მხნედ არი,
ოშკი და იშხანი კვლავ უნდა გამრთელდეს.

***
შლეგებთან ჭიდილი

ცა როცა ჩემს მზერას ლაჟვარდში შეიძვრენს,
მისტიურ ხილვებში ღრმა სივრცე დამკარგავს,
სიმძაფრის განცდიდან შმაგ ფიქრებს შევიძენ,
დრო ზეცის პასტელზე ტრფიალით დამქარგავს.

მხნე სულის ვარამი დღის მსგავსად გაყუჩდა,
გონს ტიფი გაუჩნდა, ტვინის ბნელ სარდაფში,
თავს მადგას სიცოცხლე სიკვდილის მაყუჩად,
ხეპრე ქვებს ვპოულობ მტრედისფერ სადაფში.

ღმერთო, შენ შეუნდე შლეგხმიან გარეწრებს,
ბრძენ ვეშაპს დაირქმევს,ვინც არის პინგვინი,
კუშტად ვარ, ღრმა ფიქრით გონება დამეწვეს…
თუ მეფეს არ გავხარ, რად გინდა გვირგვინი?!

ნავს დაძრავს ბობოქარ ტალღებშიც მეხოფე,
ურას ვერ დააფრთხობს წყლის სვეტი ახმახი,
მოდით, დღეს სუყველა წინ გადამეღობეთ,
მომართეთ გულფიცხად ავსიტყვის ჩახმახი.

ატლასის ლურჯ ზეცას შემხიზნეს გედებმა,
რატომღაც ზღვის წიაღს მე დღემდე ვეფერე,
ჭმუნვით ვარ, შორეთის ყრუ სევდა მედება,
ნამდვილად არ ვგავარ უკვერთხო მეფეებს.
8თარანგი

მოგელავს ღრმა აზრი სტრიქონთა შეიკით,
თეთრ წიგნებს მიხატავს,ბისონის ყდებიანს,
მგოსნობის სიხარულს მათ ხარჯზე შევიმკი,
სული და სხეული გვამში რომ ტყდებიან.

ნეტა, მე სიკვდილი რა სუფრას გამიშლის!
სიცოცხლე, ვიცი ,რომ ცუდი აქვს პოეტებს,
სამანი იდება, ცივ ხალხთან გამიჯვნის
და იქნებ თითებიც მათ გამო მომემტვრეს.

უგლიმი დრო მოჰგავს სწრაფმავალ თოხარიკს,
საათის ფლოქვები მაბიჯებს ყველა წამს,
სადაც არ გელიან, შენ მაინც თუ ხარ იქ,
სიცივის წვეთები ჩაგიქრობს კელაპტარს.

რამდენი ლექსი დუმს,ოდნავ ხმას არ იღებს,
ის მხოლოდ ამშვენებს გონების დელაქარს,
კვლავ მტვერი დაფარავს უმზეო თარიღებს,
ელაგოს მტვრიანში, როგორაც ელაგა.

ლექსი ხომ ხმალია, მას ჰქვია თარანგი,
და სწორი წაკითხვა ნელ წამებს უვრცელებს,
ახლა კი, მარტოსულს, კითხულობს-არავინ,
ის უკვე სულს ღაფავს შაგრენის ფურცელზე.

მჯერა, დრო ჩააცმევს ბისონის სამოსელს
და ყდებზე მოაცხებს შარლახის საღებავს,
იქნებ და… სახლებშიც , თაროზე წამოწვეს
და ვიღაც მარტვილი მას ხიბლით დახედავს.

***

ზამთარი და ქალბატონი

ცამ მოაწყო ფანტელების მარათონი,
ხელებს ითბობს მოყუჟული აკაცია,
ფიფქთა თვლაში მონავარდე ქალბატონი
გულქვა ქარმა ცივ ყინულზე წააქცია.

ორთქლი ასდით უსიამოდ ქვის რიკულებს,
მე ,ცხელ გულზე,სუსხი ვეღარ შემეხება,
მზერა ვიგრძენ, ქალბატონი მე მიყურებს
და გავბედე, კიდეც, ტრფობით შემეხედა.

თეთრი ყინვით მოლიპულა ფილაქნები,
ზამთარს ვეტრფი შემოქმედის მენტალობით,
ნისლებს მთებზე გაუშლიათ იალქნები,
სუსხი ყინავს, ცივი ზამთრის ეტალონი.

დამსკდარ ღრუბლებს ფანტელები გამოეცრა,
ზედა სივრცე აკიაფებს ფერთა ციალს,
დღეს ზეიმობს საახალწლო თეთრი ზეცა,
ქარი არ წყვეტს გისოსებში წრეთა წრიალს.

ცივ კისერზე შემოვირტყი თბილი კაშნე,
ნაძვთა ტოტებს ყინვა ამტვრევს წიწვებიანს,
ქარი იქნევს უმოწყალოდ სუსხის დაშნებს,
ჩემს ცხელ გულში, ნაკვერჩხლები იწვებიან.

დეკემბერი გახურებულ გულში მიკრავს,
ჩემკენ მოდის ქალი, უნდა გამიხარდეს,
მისი სითბო,სიახლოვის თმენით მიყვარს,
მსწრაფლ შეხებით, მე სიცივე გავიხადე.

მუქი ციდან, ფიფქთა მწკრივი ასე თოვდა,
ვერ დავძლიე სიმარტოვე საღამომდის,
დღენიადაგ ბევრი ფიქრი დამიგროვდა,
ის მხნე ქალი გონებიდან არ ამომდის.

***
მზის დაღი

მზის სხივი დაადნა ფერმწვანე ტრამალებს,
ცას ქარმა ნისლები კლდის ქანად მოხეთქა,
სიშმაგის აფექტი მწყრალ აზრში დავმალე,
გმინვის ხმა აშფოთებს ბრბოს, მეამბოხეთა.
მეხი ვარ,მსურს ზეცა ელვებით გავფატრო,
კაეშანს ვერ ვატევ,ხორცის მყრალ ოთახში,
ავსულის შებერვით ნისლი რომ გავფანტო,
ვთვლი, უმალ ჩაცხრება ბრძენთ აჟიოტაჟი.
დუმს ვნების მინდორი, ქცეული ტანახად,
ულპობი ძარღვია, ზღვა სისხლის თერმოსი,
წარსულმა ყრუ აწმყოს მიზნები დალახვრა,
დაფიქრდი, ტაეპში სიბრძნე დევს თემოსი.
ქარი თვლემს ბორძიკით ქუჩებში, იორღა,
მთებს ადგას ხეები საწვიმარ ქოლგებად,
ბნელ ცას მეხს ვპარავდი,დღემ ამოიოხრა,
გიამბო, ქარების მსწრაფლ გამოქროლება?!
ვაჯავრებ მეფეებს ჩემ ჩვეულ სარკაზმით,
მზე ცაში წითელ თავს ღიღინით ამოსწევს,
ცა ბრწყინავს,ფერების პალიტრით ნაკაზმი,
ზეცა ვარ, რომელსაც მზე დაღად ამოწვეს.

***
ერის ვარამი

ვგონებ,სისხლი გაუთეთრდა ბებერ ზამთარს,
შავი ზვირთით თბილისს სერავს მლაშე მტკვარი,
ფიფქთა მწკრივი ცისფერ ქუჩებს დააზვავდა,
ღრმად ვიგრძენი ტანჯულ ქვეყნის სატკივარი.
ბნელ ცამ თოვლი ცოდვებივით ჩამობარდნა,
ცრემლი აკრთობს ყველა ქუჩას,ყველა პროსპექტს,
წარსულის მზე ცეცხლმილეულ ალში დადნა,
დღეს ძველ თბილისს ვერ იპოვით, იგი მოსპეს.
ვხედავ ბეჩავს და უბადრუკს, იმის პატრონს,
ძარღვში სისხლს რომ იწამლავენ კოკაინით,
მე მკლავზე რომ მჭლე ვენები გავიფატრო,
იგივეს ჰგავს, რომ დავლეწო კოკა ღვინის.
ხალხი არ ჰგავს ფიროსმანს თუ საათნოვას,
მეჩხრად ნახავ ნაღდ პოეტებს მეამბოხედ,
ნორჩ გაზაფხულს მწუხრმა ცრემლით დაათოვა,
სუფთა წიგნში ბინძურ ფურცელს მე ამოვხევ.
მე დავამჩნევ შავი მელნით შავ ქაღალდებს,
დღეს წიგნი ვარ, კრძალვის ყდები მოვიხიე,
რადგან მზად ვარ ვიქუხო და თან ავბღავლდე,
გმირად ვკვდები,ბრბო ხანჯლებით მოვიხვიე.
დაგვტოვა და დაგვიბარა ავხალხს ღმერთმა,
ჩვენ ეშმაკი ბნელ მიწაზე კარგად გვიცნობს,
კორბა მოტყდა არღანს, ხმა დუმს მეარღნეთა,
ყურადღებით, ხვალ დემონს არ შევეხიზნოთ!
წმინდა სული წაგვიბილწეს წარმართებმა,
ჩემს ქვეყანას, საპირჯვარო ხელი მოსჭრეს,
უფსკრულში ვართ,ნუ იგონებთ წარმატებას,
საქართველოს ცრემლს განვიცდი, შევიბოჭე.
მქუხარ ლექსით შევაშფოთებ შავ ქაღალდებს,
ქართველთ მიწა სანთლად ელავს, საკანდელო,
ქველ ღმერთს ერის გადარჩენას შევღაღადებ,_
კვლავ იელვებს ხელთჩამკვდარი საქართველო.

***
თამამი სიმართლე

აშკარად ვხედავ,რომ ცხოვრებას მონად ვჭირდები,
ხრამში ვარდნისას გამძლე ფესვს ვარ მონაჭიდები.
ღმერთმა კასც საყდრად პოეზია თუ მისცა მარტო,
უთვისტომოდ ჰქრის,ქარის მსგავსად,უმისამართო.
მგოსანი გრძნობებს ხან მიუშვებს, ანდაც იოკებს,
ხშირად ჰგავს ბეჩავს,მივარდნილს და ანაწიოკებს.
ბევრი მუზა ჰყავს,ბრძოლით კლდეზე შენახოცები,
ბასრი ჭრილობა, წვით და ტანჯვით შენახორცები.
ერკემალ მეფეს კუდში მისდევს ფარა მონების,
ჩემთვის ხალხს გქვიათ მეფენი და ფარაონები.
ზოგს ჰგონია, რომ უნდა რეცხოს მონამ ნოხები,
მტრებთან კამათით მე გული მაქვს მონაოხები.

საკუთარ მჯიღით ჩაილეწავს ავი ბრბო კბილებს,
მე კი დავამსხვრევ დაჟანგებულ სიტყვის ბორკილებს.
მუნჯი სიტყვები რაც არ უნდა გრძნობით ამარწყვო,
მომნუსხველ ჰანგებს , დატანჯულიც ,ვეღარ ააწყობ.
კოსმოსის ხმაურს ვუერთდებით მე და სამყარო,
ზეცავ არ შესცდე,მზის მტვერი არ გადმომაყარო.
მე ვწერდი ბრძნულ აზრს,გავიარე ღრმა ეტაპები
და კიდევ ვფრთხილობ,ხვალ გენიებს შევეტაკები.
ფრთხილად იყავი, მეგობარო,ჭკვიანზე ფრთხილად,
ბასრმა სიმართლემ, არაერთი ბრძენი დაცხრილა.

***
ცხენისწყლის ხეობას

ქვიშაზე ვდგავარ და გავყურებ უსიერ თხმელარს,
ქარი ტორტმანით მოაქუხებს მდინარის ტალღებს,
მურყნარს გრიალით გადუვლის,თან გადათელავს,
ცხენისწყალს ვეტრფი, პეიზაჟის ხილვა მალაღებს.
გაუსკდათ თევზით კუჭ-მუცელი გარეულ იხვებს,
მე სიყვაწვილე და ბავშვობა აქ მიდუღს მხოლოდ,
ზვირთით მოტანილ ეკალ-ბარდებს კუნძი ჩაიხვევს,
წუხილს წყალს ვატან,გული ტალღას გადავაყოლო.
აქ არაერთხელ წააწყდები,წყალთან, თეთრ გედებს,
სიოს მუსიკა, როდესაც სტვენს, უტკბილეს ქნარად,
შეთხზავ თეჯლისებს,იამბოებს,ლაღ ტრიოლეტებს,
ღამის პირზე კი, ვერ შეიგრძნობ, რომ დაგამთქნარა.
ტეხურ წყლებს შუა, ხშირად ნახავ, აბრაშთა რემებს,
მაძოვარს,გამძღარს,ნედლ ბალახზე უკვე გულ აყრილს,
ვთრთი, ცხენისწყალი იავნანის ჰანგზე მამღერებს,
ამღმამინდელ გზებს დღეს მოვივლი”ქურთა”ულაყით.
ღრუბლები ჰგვანან დაფეთებულ უშნო შევარდნებს,
ცისკროვანამდე მე შევრჩები ჩაბურვილ ცარგვალს,
მწადია, დილით,ცვართან ერთად მზეს რომ შევადნე,
ჩემი მელანიც ხომ ტაეპზე დანამულ ცვარს ჰგავს?!
დღეს, ცხენისწყალო, უშენობას მე რადგან ვუძლებ,
შენ მოდი ჩემთან, შეულეწე მკერდით კარი ფშანს,
გასცდი კალაპოტს, შავ ზვირთებით ჩამოიხუნძლე,
ხვალ შენს ტრფობაში დავეხანჯლო მინდა კაეშანს.

***
გალაკტიონის საფლავს

სიოს მუსიკის ჰანგი აჭრილ, ჩუმ სივრცეს თაფლავს,
პანთეონი თვლემს მყუდროდ,ბნელი ღამე კი ბოდავს,
ცახცახებს მიწის სივრცე მგოსანთ ღრმა სამეფოდან,
მთვარის კამკამა შუქი აკრთობს გალონის საფლავს.
ქარის ზვიადი ტალღა თავს მძლედ დაესხა ფოთოლს,
სამრეკლოს მგმინავ ზარებს ცრემლი დაუდის მშრალი,
ბრძენკაცი მგოსნის ბიუსტს მზერა სწუხს ნაკოშმრალი,
მინდა მის აჩრდილს შევხვდე და ლანდმა შემაშფოთოს.
მკრთალი საფლავის ჭრილში ცრემლები შევა ღვარად,
მხნე გაზაფხული ალბობს სულის გამყინავ ზამთარს,
ვერ ვხვდები,ღამის სუნთქვა ცრემლით რამ გაამძაფრა,
გალაკტიონის ქნარი ღრმა სიბრძნემ შემაყვარა.

***
პოეტური ამბიცია

მოუხდენია დაღვრემილ ცას ვარსკვლავთ სინაზე,
მძიმე მწუხრივით დაადგება ზორბა სერს ბინდი,
მუდამჟამ ვფიქრობ ჯერ არშეთხზულ პოეზიაზე,
ყომრალ ნისლებში გაუმართავს,მთვარეს სერფინგი.
ღამე ბნელ ფარჩად მოეხვია სივრცეს ხავერდით,
ზანზარებს გული,მიფეთქდება სისხლით აორტა,
ცელქ პანფლეტებს ვწერ,იამბოთი ვერ გახარებდი,
დღეს ყრუდ ჩამესმა ჩუმი სუნთქვა სასაფლაოთა.
უკუნში ვხედავ აჩრდილებს და წყვდიადი მიღრენს,
მე ვერ ავიტან მიწის ხვრელში სიბრძნის დამარხვას,
ბევრჯერ გავზომე უფსკრულების ვერაგი სიღრმე,
მომავალს ვუხმობ- დრომ მგოსანი უნდა დამარქვას.
როცა მოვკვდები, სულის თვალებს მარდად გავახელ,
ჩამცხრალი სისხლი ჯოჯოხეთის ბნელ კარს დაენთხა,
ნამდვილ სასწაულს,არ დავმალავ, ვიტყვი,გავამხელ,
ჩემს დამჭკნარ სიკვდილს დაბადება როგორ დაემთხვა.
შექსპირივით ,მეც, სიცოცხლის ხმამ ფრიად დამღალა,
ბატასინი ვარ, პოეზიის ზღვაში ლექსს ვიჭერ,
სქელი ყინული მზის გავლენით სწრაფარ გამლღვალა,
მზად ვარ ზვიგენთა დასაჭერად ფსკერზეც შევიჭრე.

***

ყაზბეგი
დილა დუმს,შავ კლდეზე ვზივარ და ვისვენებ,
ბნელ ცაზე იზრდება ბრმა ლანდის პროფილი,
სამყაროს ღაღადისს კლდე-ღრენი ისმენენ,
წვიმის ღვრებს ხეები იშრობენ ოფლივით
სიწმინდის ნისლში წუხს სამება გერგეტის,
ყურებში ჩამძახის, კლდის წყალო, შენი ხმა,
საჯიხვე ქარაფებს მზე ზაფრავს კერკეტი,
ჰუნების ბღავილს ცა თოფის წინ შენიღბავს.
მთებს ადნობს სინთეზი ცისა და ხმელეთის,
ყველა გზა, ყველა კლდე თერგის ხმამ დალია,
ქუხს,ქშინავს,გრიალებს ჩანჩქერი გველეთის,
პირქუში ნისლები მხრებს ათვლემს დარიალს.
მივალ და სნოს ციხეს შევუკრავ ქონგურებს,
ვხედავ, წინ სიცივით ცახცახებს მყინვარი,
მზისდარი ქალი ცეცხლს დაანთებს ჩონგურზე,
მღერიან, მზეზე კრთის კამკამა ტყის ცვარი.
პიტალო კლდის წვერზე დღესაც ჰქუხს ალუდა,
ნისლი თხემს იპარავს, როგორც ცრუ მელია,
ვინ თქვა, რომ ფანდურის ჰანგები განულდა?_
ხარჯიხვთა ჯოგი კვლავ მიაპობს ლელიანს.
კლდეებზე მგოსნები-ლექსებად დაღვრილნი,
ცეცხლის ხმას ანათებს შუა დღე… და მზე კი
მყინვარწვერს დააცხრა უზომო ნაღველით,
მთებს შორის ირწევა მძაფრი ხმა ყაზბეგის.

***
ქარიშხლის დაცემა

ტევრი აჩოქებს ნაომარ და დაქანცულ ქარებს,
ვერხვების ქუხილს უერთდება ქშენა წიფლების,
სინათლის სხივი უღრანის ჩრდილს ვერ მიაკარეს,
ადუღდა მუხა, სისხლი უჩქეფს ძარღვში წითელი.
ხეებს ფოთლები ეფლითებათ, გრიგალს- პერანგი,
ზორბა სხეული ეზნიქება მბრდღვინავ ალვის ხეს,
აჯამი ქარი ბურვილს დასდევს, ვით ბუმერანგი,
ბასრი წიწვები ნაძვს უელავს, უნდა განრისხდეს.
ტყე დაიღალა,მაგრამ გუგუნს არ წყვეტს ამალიც,
უფოთლებო და დამტვრეული ტოტებს იქაჩლებს,
ბრძოლის ჟინი აქვთ, არ დაცემის ნაღდი წამალი,
ყველა ხეს უჩანს, სიმედგრე და მეხის სიანჩხლე.
ბრაზით ცახცახებს სექვოია, ტყე სწუხს მეჩხერი,
ქარი მუშტებით დაანგრია ბობოქარ ცაცხვმა,
ვხედავ ქარიშხალს, უსიამოდ ტოტზე შეჩხერილს,
ჩაცხრა გრიგალი, უსიერთან როცა დამარცხდა.

გმირ ტყეს შეახმა ნაომარი მწვავე სისხლი და
მარჯვე ხეებმა ენერგიის ზღვები დახარჯეს,
ქარის ტალღები ვერდაჩაგარულ ტყემ აისხლიტა,
ბეჩავ ქარს სიქა გააძრეს და დაშნით დახანჯლეს.

***
შემიყვარდა

მომენატრე, ისე ძლიერ მომენატრე ,
რომ მუზებმა დამიშანთეს გულის გარსი ,
შენ ხომ მზე ხარ და სხვივებით მომენათე,
დამარწმუნე ,რომ სითბო გაქვს, არა ფარსი.

წინ სივრცეა,ლურჯ ლაჟვარდში ვიმზირები,
ცას ამშვენებს ფერად ნისლთა ნაკეცები ,
შენზე ვფიქრობ და ღრმა ფიქრში ვიძირები,
გამექცევი? და სად, როგორ გამექცევი?!

სიჩუმეა, დუმილს არღვევს ელმავლები ,
როგორც ქალაქს ხმა სჩვევია ყოველ დილით,
მემალები და მე უფრო მენაღვლები ,
ლექსს არ გიწერ მე, ურითმო პოეტივით.

ღამეს ვგავარ, მაგრამ არა – ავდარიანს,
მთვარე უკვე თმა ჭაღარა მოხუცია ,
მიყვარს წერა, მიყვარს, როგორც ადამიანს,
ჩემს კალამს დღეს წერა შენზე მოუწია.

მე დაგინთე მოგიზგიზე კოცონები,
შენ ცივ გულზე ცეცხლის ალად მემართები,
ქალი მომწონს მე პოეტის მოწონებით,
ლექსი მიყვარს,ლექსი- მთელი შემართებით.

როგორ შევძლო შენთან ყოფნა არ მიყვარდეს,
ვიცოდი, რომ ცა თეთრ ღილებს შეიკრავდა,
მიხარია ის , რაც უნდა გამიხარდეს,
ის,რომ ერთი კოხტა გოგო შემიყვარდა.

***
ჩემი ლექსების ამბავს

ყველა გაიგებს ვიცი, ჩემი ლექსების ამბავს,
როგორ ვიტანდი სიცივს,სულის სხეულში დაბმას,
საიდან, ამდენი დარდი, საიდან ამდენი სევდა,
მე ბებერ მუხას ვგავდი,გრიგალი რომ ამსხვრევდა.
სცენაზე, დრამის წამყვანს,სატირა მქონდა მკვეთრი,
პოეზიას ვცემ თაყვანს, ის არის განცდის ღმერთი.
მხიბლავს უძირო სივრცე და სილაჟვარდე ზეცის,
ცხოვრებას სტიმულს მივცემ,რომ აღარ იყოს მხეცი.
შენ არ გამწირო, ღმერთო,გზამ არ დამიდვას კვანტი,
აქ სანთლად რომ ავენთო,სიბრძნე მჭირდება კანტის.
ყველა გაიგებს, ვიცი, ჩემი ლექსების ამბავს,
როგორ ვიტანდი სიცივს,სულის სხეულში დაბმას.

***
სიცოცხლე სიკვდილს ითმენდა

სახლად მე მქონდა ბაქანი, ნანინად- ქარის ქაქანი,
სულ ვიღვრებოდი რითმებად,სხვა ჩემებრ ვერ აინთება,
აღმართზე მარდად ავქანდი, ფეხით და არა მანქანით,
სიცოცხლე სიკვდილს ითმენდა,პოეზია ღრმად მითრევდა.
ცის ქვეშ ვცხოვრობდი ვაკეზე, ჭკუა სიბრძნისკენ ვაქეზე,
თვალებს უდუღდა ისხარი,დრომ მომკლა მეხის რისხვამდი,
ბრმად არ მოვტყუვდი ანკესზე, გონის ხმა მარდად ვაკვესე,
სულზე ფუჭ განცდებს ვისხლავდი,მე ზანტი ვარ და ის სხარტი.
ხშირად სევდაში ვცურავდი, ზოგჯერ ვიყავი ლაღადაც,
მიყვარდა ლექსის წერა და დრო შედეგს ცამდე წელავდა,
ცხოვრებამ შექმნა სურათი,ჩემს თვალებში რომ დაღამდა.
ახლა ნისლებში ვწევარ და გზა იმედად მაქვს,რწმენადაც,
მე ვგავდი მოქნილ აკრობატს, ილუზიაც მწამს, გაქრობაც,
ჩემს ჯიბეს ცვეთდა აბაზი, ყრუ ბრბომ გამხადა ჯამბაზი,
ბრძენიც ვიყავი ,ჩერჩეტიც, ხრამის ჩერანთან შევჩერდი,
მკვირცხლად ავაგე ლამაზი ლექსების მტკიცე დარბაზი.
ჩემი მოყვასი გამტერდა, აწმყო ღრმა შუღლმა დამტვერა,
მივყვები თქორულ ნაკადებს,დრო ობოლ პოეტს დაბადებს,
ვინ თქვა, ჩემი გზა ფლატეა,დღეს ხომ მზეც მოღალატეა.
მინდა სევდა რომ მაკრავდეს,თვალებს ცრემლები დაბანდეს.
ქერა ცის თაღზე ტილი ზის,ცრემლს ღვრის ჭაღარა თბილისი,
კუბოს ყუთს ქსოვენ ანწლიდან,სული დამტოვებს ამ წლიდან,
სამყარო თვალთან მივისვი, ვხარობდი სისხამ დილის მზით,
ბოლოს ვესტუმრე მთაწმინდას,საფლავი დამხვდა მასპინძლად.
საფლავზე მადგას რბილი ქვა,ზედ წარწერაა ბილინგვა,
კუბოში მიდევს კონვერტი,წერილს გიგზავნით პოეტი,
მე გავხდი ნაღდი მწერალი,ზეცის დავიპყრე მწვერვალი,
აქ დირიჟაბლით მოვედი, მიწას კი ვტოვებ კომეტით.

2013წლის 17ივლისი
***
გავნაპირდი

ჩამცხრალი ქარი სულს მიამებს იოლი ნოტით,
თეთრი დილების შეძახილზე ვმალავ ალიონს,
სევდიან ჰანგებს მხნედ ვაჟღერებ ვიოლინოთი,
დავეძებ ბოდლერს,ალიგიერს და გალაკტიონს.

კამკამა მზერით უკუნეთის სამანებს ვამტვრევ,
მიწა ლეშია და მთვარე ჰგავს უკბილო აფთარს,
ატლასის ზეცა სპირალისებრ ელვით გავფატრე,
მიწის აჩრდილი სხივალმასა მზეს ჩაუსაფრდა.

თბილისს აღვიძებს გრილი სიო და ურა მტკვარი,
სული კაეშანს აშრიალებს,მე ვთხზავ ფოლიანტს,
ელავს ტრამალი, სხივალიან კოცნით დამტკბარი,
მე კი თავს ვწირავ ვერდაძლეულ მელანქოლიას.

პოეზიურ გზას ვერ დავლაშქრავ, ვიცი, მარტივად,
ცირკის სცენაა- ვხედავ ლოჟებს, უშნო ბალკონებს,
მე არჩევანში მსწრაფლ დავკრძალე ალტერნატივა,
და მგოსანი ვარ- ჩუმ ლოცვებში მკვდარი ფალკონე.

სიკვდილო ,მჩაგრავ,შენს წინ უკან ვიხევ ტიალო,
მზად ვარ კოსმოსში მარტო სულმაც ვიხეტიალო.
2013წ

***
მეტაფორული ლექსი

წარსულს ბლომად ჰყავს წმინდა ღვაწლის მოციაგენი,
რკინის ფლოქვებით დათქორილი დიდგორი ფეთქავს,
საუნჯის სიბრძნეს ვიმედოვნებ მსწრაფლ მივაგენი,
ხვალ მეც მერქმევა ღრმა ბრძენკაცი დიდ კორიფეთა.
ქვეყნის ტრფიალში ვამქუხარებ ლექსების მეწყერს,
ჩანს,უღმრთო სევდით მდუმარდება სივრცე სიონის,
არ ვმალავ შმაგი,ბრბოს წინაშე მტრულად განვეწყვე,
ტანში მცრის, მზარავს ურწმუნო და უმისიონი.
პრომეთეს მსგავსად სულს მიკორტნის შავი ყორანი,
კერეონივით ხშირად ვბრწყინავ,და ხშირად ვდნები,
დღეს ვმგოსანდები ლექს მფრქვეველი მაიორანი,
გზას მლოცველები მწინამძღვრობენ მზე-ჩირაღდნებით.
წრფელ ხედებს ვხატავ,ყურმოჭრილი როგორც ვინსენტი,
თითქოს კალმის გულს მელნის ნაცვლად უდუღს მირონი,
ჩემი სამშობლოს მხურვალ ლოცვას ტაძრად ვისმენდი,
დღეს ქართველები ქვეყნისთვის ვწუხთ?! უხეირონი.
მარად გახსოვდეთ,გულს უხარებს ჩვენი დავა მტრებს,
სჯობს გავუსწოროთ ბნელ ქვეყანას კვდომის ნაოჭი,
ეშმაკის თორნი ცრუ, ყალბია რისხვა დაგვამტვრევს,
ვერ გავიმარჯვებთ და გვნახავენ კისერ გამოჭრილს.

2014 წელი 6 იანვარi

***
ცა იღბლიანი

ბერწი ქალივით ნაღვლიანი ცა თვლემს ამაღამ,
შავ-ბნელ ძაძებში,უმთვარეო და უვარსკვლავო,
მშფოთვარე ჩრდილი უცახცახებს-კაეშნის დამღა,
ბედზე მწყრალია აფსუსს ამბობს და უარს კვლავო,
უარს ყოველგვარ ცხელ წვიმაზე მას სწამს სინათლის,
წარმტაცი ბრწყინვის ღრუბლებში რომ აგვიანდება,
არ სჯერა ბედის,მქისე ბედის,მკვდრებს რომ მიათვლის,
სხივის ლანდს ნატრობს, მხნე ქალური აკვიატება,
სიქუფრის წიაღს,ბნელშიც უჩანს ამშფოთვარება,
ზეცა გადაღრღნის გაბრწყინების გამო ამ ლაგამს,
ელავს, ციალებს გამომძვრალი ბნელში მთვარე და
ცამ უკვე ტრფობის ვარსკვლავებიც გამოალაგა.

თ.ჭახნაკია
2014წელი

***
უაქლემო ბედუინები

სიწმინდის ხნულში ბრმებმა ჩაფლეს ცოდვის მარცვალი,
მრუში ხელები მხნედ ჩასჭიდეს მურდალ სარქველებს,
ბელზებელი ჰქუხს,ფსევდოღმერთი სიბრძნის მძარცველი,
მხდალი ბრბო მიჰყავს ფარსკუზიან მტარვალ აქლემებს.
მზით მკვდარ უდაბნოს ყომრალ ნისლში იწვის მინდორი,
ხეთქავს ხრიოკ გზებს ბლანტი სიცხე, ჩნდება ყალიბი,
ზიზღის ზედაპირს მგოსნის ჭკუა კრძალვით იმდორებს,
სინდისი სკდება, როგორც ნაღმზე მჯდარი თალიბი.
თვლემს დედამიწა, კაცთა მოდგმის მყრალი სავანე,
აზრბილწ პლეადას ურცხვად უდგას გმირთა დალიჭი,
ღვაწლს ვინ შეასმენს,გაოხრებულ,გარყვნილ მავანებს,
ცაში გაფრენილ სპეტაკ სულებს ქრისტე დაიჭერს.
მთვარე ვარსკვლავთა საყაჩაღოდ ფრთხილობს-ბანდიტი,
აისბერგივით ზანტად ღოღავს, რწმენა აკლდა მას,
წვეთ-წვეთ გაალღო მცხუნვარე მზის კუშტმა ვენდეტამ,
ცრუ, ბრმა ციალი ნიშად უდგას მთვარის აკლდამას.
ავღმართე ბრბოს წინ უნდობლობის გამო ტიხარი,
გავხდი მონსტრებში ნაშუბარი რწმენით გობრონი,
სჯობს ვიყოთ მკვდრები, გარიყულნი, უმეგობრონი,
ვიდრე ავ სიტყვით სიბრძნის ფუძე გამოვითხაროთ.

14იანვარი,2014წელი

პამფლეტი

პოეზია არ სუფევს ნაღდ პოეტის გარეშე,
ეს დიადი,ღრმა სივრცე მგოსნის ასპარეზია,
არც პოეტი არსებობს პოეზიის გარეშე,
დღეს კი მავანთა ჭკუა,ეტრფის ფარს პოეზიას.
ფრენენ ნოხის კოხტა და ფრთანახატი პეპლები,
ერთ დღიანი სიცოცხლე მათი მწუხრის მარშია,
დროის მიერ მოკლულნი,დავიწყების მსხვერპლები,
ფრთებს არწივს რომ უღერენ,თქვით ეს რა თამაშია?!
ბრძნულ ეპოქის მგოსანი, პოეზიის კორიფე,
ელავს როგორც ტაძარზე საუკუნის ჩუქურთმა,
პეპელ, შენ რომ ყნოსავდი მე ის ვარდი მოვკრიფე,
შენ თქვი, მზე ვინ მოგპარა,შავ ღრუბელმა თუ ქურდმა?!
ფეხზე გამობნული გყავს,ბრმა ბატკანი ან ვერძი,
ხვალ კი მოინახულებ გარყვნილ ეშმაკს თუ უფალს,
შენებრ მფორთხავ პეპლიკებს დაუტოვე ანდერძი,
შიგ ეწეროს -ნუ ხდებით თქვენც სიკვდილის ულუფა.
პოეზია არ სუფევს ნაღდ პოეტის გარეშე,
ეს დიადი,ღრმა სივრცე მგოსნის ასპარეზია,
არც პოეტი არსებობს პოეზიის გარეშე,
დღეს კი მავანთა ჭკუა,ეტრფის ფარს პოეზიას.
20.01.14

პოეტის ალტერ ეგო

მწამს პოეზიის, ხვალ იგემებს ნდობას რეფრენი,
ჯერ თვლემს უძილოდ,სიძულვილის გამო მავანთა,
ჭკუას იღრძობენ, ზურგს მომდგარი მოპაექრენი,
სიბრძნის მძლე ჩრდილმა კერეონად გამოგანათა.
ფრინველთა დასი ღრუბლის ცას ჰგავს უფარშევანგოდ,
უმზეო ცა თრთის, სტროფნატკენი შავი ქაღალდი,
ნიჭი უმადლე, ყურმოჭრილო, უფალს, შენ ვან გოგ,
დღეს მხატვარი ხარ-მზის, ყალმებით შეიარაღდი.
ჰგავხარ ურდოსთან კალამ-შუბით მებრძოლ აქილევსს,
შევალიე ხარ, წასვლით გტანჯავს ტურფა ნანონი,
ექომაგები ქველ პოეტებს, ეტრფი აქ იმ ლექსს,
რომელსაც თხზავენ ღვთის რწმენაში უყოყმანონი.
შორ გზებს ნახავენ ხვალ სხივუხვი მზის მეოხებით,
შენ კი შმაგხმიან, ბასრ ლექსების დაგიცავს თორნი,
არ გხიბლავთ მგოსნებს ხალიჩები,ფეხქვეშ ნოხები,
პარტერებს ართობს ფარს პოეტთა ცრუ მარათონი.
ძველ სკივრებს ხსნიან,სხვისი განძით პლაგიატობენ,
ურა ზვირთების ბორგვით გიფრთხობს გულს ამაზონი,
ყალბი ბრბოს სმენა გეჩოთირა, მსწრაფლ მიატოვე,
დარჩნენ მყრალ მიწას ტლუ ვარსკვლავნი,ულამაზონი.

***
ქარში ფიქრი

ტყე-ტყე დაძრწის ძუ მგელივით ანჩხლი ქარი,
აფარფატებს,გამოფიტულ დამჭკნარ ფოთლებს,
ცას წვრილ-წვრილად როგორც ირმის ნაჩლიქარი
ვარსკვლავები უციალებს.მთვარე რომ თვლემს,
დარდი მღრღნის და ღამე მბოჭავს უაფსურდო,
ვკოცნი ციდან ჩამობარდნილ უჟმურ ფანტელს,
სწრაფად ყლაპე აბი ლექსის, თუ გაქვს სურდო.
შენ,მკითხველო,იგრძნობ შვებას და ჟრუანტელს.
ჩვენ მგოსნები ვწუხთ,ლექსებით მოუბარნი,
მტერს ისე ვჭამთ ვით მშიერზე უტკბეს ვახშამს,
ღმერთი უცქერს დედამიწას მთვარის ფარნით,
ხედავს ვინ ვის უნაწილებს თაფლს თუ შავ შხამს.
მოვა დილა, ძველ კალენდარს ერთ დღეს მოვხევ,
დროის კირთი ყელზე მაჭერს, ვუძლებ მათრახს,
ყველა ავგულს ხვალ მეგობრულ მარჯვენს მოვხვევ,
არ შევხედავ ზვიად მზერით,ჩემს წინ,მათ კრახს.
ძნელია, რომ დღეს გეჭიროს თავი დინჯად,
როცა მტრობის და სიავის სიტყვა გათოვს,
კაცის სახე ცრუ სიყალბით დამახინჯდა
და ცხოვრებაც გახდა ფრიად სახიფათო.

04.02.14

***
ზეცას შეხიზნული

შავი ღრუბლები ნაღვლიან, ქუშ ცის თვალებია,
ღაპა-ღუპით რომ წვიმა ჟონავს არის ცრემლები,
მეხი ცის ხმად ჰქუხს, ელვა-ჭექის ციალებიდან,
მთვარე ბრუვბდება. სასიამო სივრცეა ვრცელი.
ელვის სიბასრით ისერება მკრთალ ცის აფსიდი,
ვარსკვლავთა დასი თავს აფარებს ზეციურ სანგარს,
ცის ბიბილოზე თეთრ საყურედ მთვარევ აბზინდი,
მზე ტანს გაუთბობს პლანეტათა ურიცხვ მონაგარს.
ღამეა ბნელ ცის თავსახვევი შავი მაკნანი,
თაღები ღვრიან გამოულევ მძიმე კაეშანს,
ძგერს დედამიწა კაცთა მოდგმის ტურფა აკვანი,
ზეცა მოიხვევს ცისარტყელის ფერად კაშნესაც.
დილით მზე მოჩანს ბლაგვი მთების ლურჯ სავარძელში,
სხივის ისრებს ყრის თან მგვრალდება ვიტ არბალეტი,
მიკვირს ღამეო, სორ დილამდე როგორ გავძელით,
ბნელ ცის თეატრში არ მოგვბეზრდა ვარსკვლავთ ბალეტი.
07.02.14
***
ლირიკული სამყარო

მაღალ,ზორბა მთებს გადაეგო ბინდის ბალნურა,
პანტერის მზერა შევახიზნე ზეცის ნაზ ციალს,
ვწერ ურიმღამოდ,ნაღრძობ ჭკუით და ბანალურად,
ფიქრის ხმა მბოჭავს, ნადარდალს და ნაემოციალს.
სიბნელეს ვპარავ უცხო წყვდიადს ღამის ნახევად,
რომ ავაფარო ნათელ სახეს, ნიღბებს ვყიდულობ,
ჩაქრით მზეებო, დღემ სიცოცხლე გამინახევრა,
როგორც არავინ, არც მე ვდუმვარ უსაიდუმლოდ.
უხმო ღამეა,ღრმა ლექსს გიწერთ როგორც ტიჩინა,
თოვს მოვერცხლისფროდ, ზამთარია და ეს ხეები
დგანან ბებრები. დრომ ჭაღარა ვერ გაიჩინა,
დრომ,რომელსაც მე ხვალ ავ სიკვდილს დავესესხები.
მთვარე ღუზაა, ფრეგატ ღამის თეთრი დემირი,
მე ღამის გემი, ვქუხ გრიგალში უკაპიტანოდ,
მზის სინათლიდან ვამპირივით ვარ განდევნილი,
შმაგი დამარქვით, სიბრძნე თხემზე თუ ავიტანო.
მხოლოდ სევდაა,ჩემში მჯდომი წრფელი დამქაში,
ვთვლი რომ ყრუ ბედი, ორლესულა ქვის ტაპორია,
ვთმობ გამარჯვებას!სხვა გავიდეს ღია დამკაში,
ჩემს თავს მოვპარავ,ფარს ცხოვრების ბუტაფორიას.

08.02.14
***
ზამთარი სოფელში

ჩემი სოფლის გზებს მოვერცხლავს თოვლი,
ბურნულს ფლოქვს დასცემს ურა ფაშატი,
გრილ ჰაერს გემო დაჰკრავს მენთოლის,
კუშტ,ბნელ ღრუბლებით ზეცავ გაშავდი.
ულაყი მხნედ გლეჯს ჯილავს აღვირზე,
გნიასობს თოვლში,მიწა ჰგავს ემალს,
ცა ჭიშკარს აღებს,ჩნდება ლაღი მზე,
რქებით შუბლს უტეხს ვერძი,ერკემალს.
გრძელ ალვის ხეზე თოვლს კორტნის ქორი,
ცხენისწყლის ფშნიდან მოჟონავს წყარო,
დაჭრილ მზის სისხლი ვით ლიქიორი,
სხივად მეღვრება,მსურც ცამ მაწყნაროს.
წუხელ მძლე სუსხი თითებს მყინავდა,
და დავდე ზავი მტარვალ ზამთართან,
თითქოს ცა ფსკერით ამოყირავდა,
მთვარის დრო დადგა,მზის კი დამთავრდა.

2014 წელი
***

ფიქრის ტაძარში

ზეცის წყვდიადი ვარსკვლავებს ყლაპავს,
სადღაც დუქანში ხმა ბრდღვინავს არღნის,
ნათელ სხივს აფრქვევს ბნელ ჭეზე ლამპა,
ვთხზავ, მაგრამ ლექსი კაპიკიც არ ღირს.

მხდალ მავანს შვენის ფეხის ქვეშ ნოხი,
პოეტი ბრწყინავს ჩამქრალ მზედ მუხბე,
მონსტრებს ვერ აფრთხობს ჩუმი აბოხი,
სურთ მგოსანს სიტყვა ტუჩზე გაუხმეს.

შორეულ ციდან გვდარაჯობს ღმერთი,
სიმკაცრით უმზერს სულით ავ ყორნებს,
სილაღე ვიგრძენ, სტორფში ავმღერდი,
კაეშანს წამით, ვკლავ,ვფლეთ,ვაყოვნებ.

ჩემს წინ კიაფობს კრძალვით კანდელი,
ყრუდ ვასაფლავებ გულში ძველ ვარამს,
თრთოლვა ახლაც მცრის, მე წეხანდელი,
სანთლიდან ცრემლი თითს დამეღვარა.

***
ეპოქის დებიუტი

მზის ელვარება ბრმა წყვდიადის ღამემ გათიშა,
ზეცის საცქერლად მოვიმარჯვე ფიქრის ბინოკლი,
ლექსს უხმოდ ვწერდი,დრო რეფრენზე დამეპატიჟა,
დრო-მდუმარების დაუნდობელ ფინიშს მიმოკლებს.
სწუხს პოეზიის მწყრალი სივრცე უკიდეგანოდ,
უდაბნოს მტვრიან ქარისხალში კოჭლობს აქლემი,
სულის დაფერფვლას სხეულშივე თუ კიდევ ვნანობ,
გმირულ მისიით ნაამაგდრალს ღმერთი მაქველებს.
სამადაშვილი ნიკოს მსგავსად ვნაღვლიანდები,
ჩემს პოეზიას მწარე ცრემლის არღვევს სირისტი,
ლექსიდან ისმის გულთა ძგერა დაღლილ ლანდების,
ვწუხ! მგლოვიარე გრანელი და ღრმად პესიმისტი.
წრეზე ატარებს შორ ეპოქას მსწრაფლ ციფერბლატი,
შეურგებ მწვერვალს დამაშორებს მოკლე ჩარექი,
ციალებს ცელქი უცისარტყლო ცა ცისფერ-ბლანტი,
ავამღვრევ სევდას გულში გამჟდარს,სულში ჩალექილს.
მძლე პოეზიამ მტრულ ზვიგენთა შორის მაცურა,
ოცი წლის ვარ და ფარ-ხმლის დაყრა ვფიქრობ ადრეა,
ნაპირს გავაღწევ, მხნე ტორტმანით, ხვალ მამაცურად,
მქისე სიკვდილმა სიბერემდე თუ მიმათრია.

***
ოთარ ჭილაძეს

სხივმბრწყინავ მზეს ჰგავს, პოეზია ოთარი შენი,
მასში არ ბორგავს,ბრმა სიანჩხლე და სიბოროტე,
ნაღდი ლექსები მწყრალ გრიგალში მოთარეშენი,
ზოგჯერ გაუმშრალ ემოციით ილბობენ ტოტებს.
გკითხულობ,რადგან ჩემში მგოსნის ექო ჩატოვე,
სტროფში ხმიანობს,ტაეპმშვიდი ჰანგის გარმონი,
მე შენი ლექსი აზრით მხიბლავს და მაჯადოვებს,
მომრავლდნენ ოთარ აქ ლექსურო უდედ-მამონი.
არ მწამს, მჟავე და რიოში ხმის ყალბი მგოსნები,
მათ მტერს მიჰყიდეს, ჩვენი ენა,რწმენა,მამული,
თოვლმძლე ხეები დგანან როგორც ალბინოსები,
მე ხორხი მახრჩობს ნაბღავლები, ხმადაჟანგული.
ის შავოსანი, თმაჭაღარა, თვლემს საქართველო,
არც მეფესავით ფიქრობს ის მთა,მთა უტყეური,
შენ ჩამაგონე რა ლექსმა, რა ხმამ გაგვამთელოს,
მკვირცხლობს თაობა,უქართველო და უდღეური.
სხივმბრწყინავ მზეს ჰგავს, პოეზია ოთარი შენი,
მასში არ ბორგავს,ბრმა სიანჩხლე და სიბოროტე,
ნაღდი ლექსები მწყრალ გრიგალში მოთარეშენი,
ზოგჯერ გაუმშრალ ემოციით ილბობენ ტოტებს.

18.02.14

***
მემკვიდრეობა

ჩვეულ სიმკაცრით, წინ მიგოროს დრომ კამათელი,
მგოსნის სიცოცხლე, ვთვლი ბედკრული პეროიდია,
ირგვლივ მოჯარდნენ მქისე სიტყვით მოკამათენი,
მაგრამ მათ შორის ყველა აზრტლუ მტერი როდია.
წავალ და ყველას დაგიტოვებთ მდიდარ საუნჯეს,
ჩემი მხნე ლექსი, წრფელი განცდის გარდა უხვია,
როცა სიკვდილი გამყინავს და სულ გამალურჯებს,
ჩემზე თქვით-თემომ სიცოცხლის გზით გადაუხვია.
გალონის მსგავსად ჩემს გონშიც ზის შმაგი დემონი,
ჩემი სახელი ვერ გასცდება ამ საუკუნეს,
მე არ მსურს, თავზე მჭკნარი დაფნის დიადემანი,
მგოსნური ბედი, ბევრჯერ მწარედ ამასლუკუნებს.
ტანჯულ ცხოვრების სილაღე ჩანს გაღმა სადგურად,
ყელში მაქვს ბედის გულსიქვავე და ტირანია,
მე პოეზიამ ცოცხლად მომსპო, გამანადგურა,
ჩემი ლექსები ამ სიმართლის მატეანეა.
მე დავიღადრე ანჩხლი მტრების ბასრი დეზებით,
ალაგ მსმენია კაცთა მოდგმის მხრიდან მადლობა,
ქველი ლექსები თქვენ ყველას გაქვთ ნაანდერძები,
ჩემი მზე ქვეყნის გადამრჩენელ შთამომავლობას.

***
ფანტაზია

ზეცის ოთახი მოიკაზმა მთვარის მებელით,
დგება წყვდიადის უშორესი შავი ტრამალი,
ანდრეი ბელის შუბი მხვდება ვარ უვნებელი,
მგოსნების წრეში დუელია ახლა მტარვალი.

ლექსებს საკორტნად ვუზიარებ ყბაღია ღორნებს,
ზეცის პერანგზე ვარსკვლავია თეთრი ღილივით,
ყორე იშლება, მყარი სიტყვა ნგრევას აყოვნებს,
ჩემს ნატანჯ სახეს ენატრება ქორფა ღიმილი.

ნისლი დაჭრილ ცის შესახვევი თეთრი ბინტია,
ზღვის მაღლა სარტყელს გაუჟონავს სისხლი წითელი,
ბინდია მშრალი, გრძელ ცის მიღმა მზის ამინდია,
მთელი ცხოვრების კადრი ბრუნავს, დღეს უწნდელი.

ზამთარი ბუქავს,გზას აელვებს თეთრი ფიფქნარი,
მგოსნურ სიზმარში სიმართლეც დუღს მართლა ასეა,
ამთქნარებს დილა, სიო მღერის გზებზე ვით ქნარი,
მე მკვლელ სიცხადეს მაკარგვინებს ეს ფანტაზია.

20.02.14
***

ცხონებულ ბებიაჩემს

წარსული მტკივა, დამიფუფქა ცრემლებმა უპე,
თითქოს დამჭრეს და თვალები ღრმა წრილობებია,
მე ავქვითინდი, მწვავე ცრემლით,რომ დაირუპე,
ძლიერ გნატრულობ,მაგრამ არ ხარ ტკბილო ბებია.
ემოციით რომ დავტიროდი შენს დამჭკნარ ცხედარს,
თვალთა ჭრილები,ცხელი ცრემლით ჩამსივებია,
მე მაპატიე, ხის ბნელ ყუთში თუკი დაგცხება,
მეც მაშინ მოვკვდი,კუბოში რომ ჩაგსვი ბებია.
განვლილი წლები გაანელებს, ვიცი ამ ტკივილს,
გულქვა სიკვდილი შენს მოხუც თავს დახარბებია,
სხვამ ვერ შეავსო ჩვენს ოჯახში შენი ადგილი,
გამახსენდები, სახლის წინ რომ დგახარ ბებია
და მელოდები,ჯოხით ხელში მე-შენს შვილიშვილს,
ალბათ თვალები თბილ ცრემლებით დაგსველებია,
გამახსენდება, ცელქი ბავშვი ნერვს რომ აგიშლი,
და გრძელ ჭოლოკით ეზო-ეზო დამსდევ ბებია.
შენ დააკლდები მოსულ სტუმარს, ყველა მეზობელს,
ვწუხ, წინაპრები მონსტრ მიწაში იძირებიან,
ხვალ ან ზეგ როცა მივაშურებ კრძალვით მე სოფელს,
შენ არ დამხვდები თეთრ ჭიჭკართან ვიცი ბებია.
სანამ მე ვსუნთქავ, ეს იცოდე შენ არ ხარ მკვდარი,
რა ვუყოთ მერე თუ სხეული შავ მიწას კვებავს,
ცაშია ღმერთთან, შენი სუფთა სულის საყდარი,
შენი აჩრდილი სიკვდილამდე ჩემს ფიქრს წაყვება.

***
პოეტის ოხვრა

გქონდეთ პრემია, საბასია ეს თუ ნობელის,
რა ულმობელი ბედით ღმერთო გამამათრახე,
არ ვიმსახურებ მართალია, მე ჯერ ობელისკს,
ჩემს ქველურ ლექსებს მავანი ვერ გააპარტახებს.

ღამე მათ სახეს დაუმალავს, ვინც გვიან ეძებს,
როგორ დალეწეს, ლექსმართალი ქველი პოეტი,
ჩუმად ვწერ ლექსებს ნიკოსავით და გიანდერძებთ
ღრმა პოეზიას, ლექსებით რომ მკბენდა ბოეტი.

მე ვაბოლებდი ღვინის სმისას მავნე პაპიროსს,
სულ ვკითხულობდი,წიგნი მყავდა რჩეულ ვეზირად,
თარჯი ვერ ვნახე ფანტაზიის და სანაპირო,
ფუყე სიტყვები მე ვაქციე ნაღდ პოეზიად.

არცერთ გაზეთში არ დაეთმო ჩემს ლექსს ფურცელი,
თუ ვრცელი პრესა დღეს მასპინძლობს ყველა მოშურნეს,
ამ უსამართლო, მღვრიე ყოფას თუ გავუძელი
ოდესმე მაინც წაიკითხავთ ნაბეჭდ ბროშურებს.

23.02.14
***

წამიღოს წარღვნამ

ჩემში ტკივილი როცა გულის კარებზე ცოცავს,
ხატის წინ ჩუმი ლოცვა,ქრისტეს მუხლებზე კოცნა,
შვების მომგვრელი განცდა,სულის ხმა სხეულს გასცდა,
ხორცის შვებიდან დაცლა,შიშმა ტანში ღრმად გამცრა.
ასანთს ვუკიდებ სანთელს,სანამ ეშმაკი ჩათვლემს,
ვიწყებ უმიზნო გათვლებს,ვგავარ, მე ვგავარ ქართველს.
შუქი ეცემა ოლარს და ჩემი სულიც ბოლავს,
დერვიშს ვინ მისცემს დოლარს,მეჩეთს უგებენ მოლას.
არვინ გარგუნებს ქვის მეტს,თუ შველას არ თხოვ ქრისტეს,
ეშმა ბრძოლაში მიწვევს,ხმა ჯოჯხეთში მისწვდეს.
არსად ჩანს უფლის მადლი,რწმენაც მოიხსნის მანდილს,
ჩვენ სიკვდილი რომ დაგვთვლის,გზას გავუდგებით ადვილს.
გული დარდებმა დაღრღნას, მე კი წამიღოს წარღვნამ.

***
გულმაგარ ამაგდრებს

დაფლეთილ გულ-მკერდს დაეღვარა სისხლის ჩანჩქერი,
მხნე მეომრების შმაგ თვალებში კვესავდა ცეცხლი,
მეც ვგრძნობდი ტყვიებს,აალებულ ძვლებში გაჩხერილს,
იყო ბრმა სივრცე,მიმოფრენა ფრთამალი მერცხლის.
ლომგულ ქართველებს მფარველობდა ზეციდან ღმერთი,
ბრძოლის ქარცეცხლში ინთქმებოდა ზვირთთა სისუსტე,
სურნელი დუღდა , საზარელი, დამწვარი დენთის,
გმირთა ზღვა სისხლი ვერ დალიეს,ვერ შეისრუტეს.
თქვენ მათ ვერ მოგკლეს,სიცოცხლეც ვერ დაგიზიანეს,
მტერს მოხვდა გულში ულმობელი ნაღმის ნამტვრევი,
ჩვენ ერთობ ლხინიც და ღრმა მწუხრიც გავიზარეთ,
მხნე ამაგდრებო,მძაფრი გრძნობით მოგვენატრებით.
წარბი შეჭმუხნეს მგლოვიარედ მყურდო ნისლებმა,
თქვენს საფლავებზე სისხლი უდუღთ უცხო ზამბახებს,
სულ ტრფობით გიმზერთ,ტალღა ზვირთით როცა იცვლება,
ცამდე აღზევდით,ღრმად გადიდებთ,გულში დაგმარხეთ.
სუსტი ხარ, მტერო,ბრძოლის ველზე და მორჩი ქებას,
ქვეყნის დაცვისთვის,არ დაგინდობთ,დაგღრღნით კბილებით,
ვერ ეღირსებით ქართველის კვლავ დამორჩილებას,
კუთვნილ სისხლს დავღვრით,მტარვალო, თუ შეგვერკინები.
ჩვენ არ ჩავცხრებით,ვერ მოვითმენთ მტრის უშნო ლახვარს,
ჩვენ მედგარნი ვართ,ვერაგ მტრებზე ვიბრძვით ხშირად და
ბრიყვი მომხდური შეგვეჯახოს,ბნელ შედეგს ნახავს,
გმირთა დაცემა ვერ ჩაბჟუტავს რწმენის ჩირაღდანს.
ფაფუკ ნისლებში გაიელვეს თეთრმა გედებმა,
რადგან გადარჩნენ ტლუ სვავებთან ხოცვა-ჟლეტაში,
თუ მტრის წინ ვდგავარ,სადღეგრძელოც გაიბედება,
ავწევ ამ სასმისს,გმირებს გლოცავთ წმინდა ზედაშით.

08.08.13

***
გტოვებთ,წავედი

გტოვებთ,წავედი სამყაროში, სადაც არ ძინავთ,
სადაც სიწრფელე მეტად ფასობს ვიდრე ნაგავი,
სადაც ხის მარშრაფს იფერებენ ოქროს ბარძიმად,
სადაც ცხოვრობენ უდრეკნი და აულაგმავნი;

სადაც სიმშვიდეს მოიპოვებ ნაღვლიან გიჟთან,
სადაც ბინადრობს პოეტების შმაგი პლეადა,
სადაც ცის რწმენა კოცონივით ამიგიზგიზდა,
სადაც კალამი ემსგავსება მბრწყინავ კელაპტარს;

სადაც მზის შუქზეც ვერ იპოვი, უნდო ავარებს,
სადაც ღრუბლები ცას დაჰყვება ფაიტონებით,
სადაც ყინული ცივ შეგრძნებას გაგივარვარებს,
სადაც ლექსებით გაჰყვირიან ბარიტონები;

სადაც ჩაგძახის პოეზია-,, გალაღდი მონავ!”
სადაც წერ ლექსებს,სივრცეებში ვეღარ ეტევი,
სადაც ფიქრობ ,რომ დრომ დაგბადა გალაკტიონად,
სადაც სათნო ხმით ამაყობენ მხნე პოეტები;

აქ კი სამყარო ისეთია , თუ არ ვიგინეთ,
ვინ შეგვამჩნევს ან ვინ დაგვადგამს თავზე გვირგვინებს.

ბავშვობის მოგონება

ქარი დაუკრავს ფანდურს, წვიმის გაწყვეტილ სიმზე,
ქუშ ცაზე გადარეკავს ღრუბლებს-კამეჩთა ნახირს,
ნაზ ბეღურების გუნდი დაფრთხება ჩალის ზვინზე,
შორს გაისროლის ლერწებს, მგზნებარე ეს ვენახი.
დავლევ იმერულ ჭიდან, მონატრებული მე წყალს,
მესურვა რომ შეიგრძნოს სოფლის სილაღე სულმა,
ფრთებს დავუკოცნი ძლიერ შორგზაგამოვლილ მერცხალს,
შინ დაბრუნებით დამტკბარს, ჩემს წინ რომ ატუზულა.
ეჰ, სიჭაბუკევ ტკბილო, მარტის თოვლივით გალღვი,
წლებს დროის ზღვა დაახრჩობს, მოვა სიბერეც მალე,
გამახსენდება მინდვრად ცხენს რომ ვაცვავდი აღვირს,
და დავამჩნევდი მიწას, წითელ ულაყის ნალებს.
ახლა ის წლები მბორგავს, ვერ ვუმკლავდები პათოსს,
ღრმადარდიანი დავლევ ღვინოს, წიქარის რქებით,
დღეს გაზაფხულია და ტყემლის ფიფქები მათოვს,
ქველ წინაპართა ჩრდილნო,აწმყოს ბნელშიც ვერ ქრებით.
მწყურვალ გონების გიდი, შორს ფიქრში გაიხლართა,
დაღამებულა უკვე, ცა იცვამს ღამის ოლარს,
და ეხატება ზეცას მთვარის ბრწყინვალე ბალთა,
ეს თკბილი კადრი იყო, თვალწინ რომ ჩამიქროლა.

2014წელი

***
ვუძღვნი საკუთარ თავს

პულსდაკარგული ცხოვრების ხმა, ყელში ამოგდის,
ძარღვი გილპება, გადაღლილი მომლაში სისხლით,
არ გაგიკვირდეს, ბრბოს ქუხილში თუ კი გაოგნდი,
ძვლებდალეწილმა, ბნელ ბურუსით გადაინისლე.
პოეზიასთან მარადჟამის, ვგრძნობ გაქვს კავშირი,
ორ ბილიკს ხედავ,ვიწროს ირჩევ,მიდიხარ მარცხნივ,
მგოსნის სხეული, დაფერფლილი ხორცის ნახშირი,
ცის სარკეს ამტვრევ,უღრან ქოჩორს ცრემლში ივარცხნი,
გსურს,ბნელ თვალებში უწმინდესი ცრემლები გაშრეს,
შმაგ გულის ფეთქვამ, შეურყიოს ნეკნები ბუნაგს,
შენში ბრწყინავს დღეს, სხივსპეტაკი მზე მოკაშკაშე.
მსწრაფლ დაუოკებს,პოეზიის სიმაღლე გთრგუნავს.
თავს იხალისებ, ანეგდოტურ ცხოვრების ლხენით,
ვერ ნახავ ქრისტეს, ბიბლიური წესის თანახმად,
აქ, სადაც ცხოვრობს მტარვალნი და მეამბოხენი,
სულის თეთრ ფრთაზე,სისხლნარევი ცრემლი დაგახმა.
შხამ-სამსალას, რომ უწოდებენ დაღვრილ სიკეთეს,
შენს ზურგთან მდგომი, მოხარხარე ცინიკოსები,
ავართ შორდები, არ განაღვლებს,თავის სიკენტე,
საკენკად ყრია, ბრბოს ჭკუაში ჩინი მგოსნების.
დღეს ენა მიქუხს, რომ გაუწყო დანამდვილებით,
ფრთამომტყდარ პეგასს,მოგაჭამეს რგოლი აღვირზე,
თეთრად დასერა, განთიადის დანამ დილები,
ჩემში მთვლემარე დემონის ხმას, ნუ გააღვიძებთ.

თ.ჭახნაკია

2014წელი

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button