ლიტერატურაპოეზია

თემო ჭახნაკია – ოშკი და იშხანი

გონს მოდი, ქართველო, გინგრევენ მონასტრებს!
ძველ კედლებს ემჩნევათ წარწყმენდის ნიშანი,
ვდუმვართ და უღმერთო დანგრევას მოასწრებს,
კბილებით დავიცვათ ოშკი და იშხანი…

იშლება ნელ–ნელა გუმბათის რკალები,
ვუშველოთ სხალთას და ვუშველოთ არდაშანს,
ლოცვისთვის შევაღოთ იმ ტაძრის კარები,
რომელშიც მირონი წლების წინ გადაშრა.

ჩვენია ტყვე–მონა, საბრალო კლარჯეთი,
ნუ ანგრევთ ტაძრებს და ნუ აგებთ მეჩეთებს,
უფალი გიბრძანებს , უღმეღთოვ, გაჩერდი!
ნგრევა და შენება, ორივე შეჩერდეს.

სამსჯავრო მოელის სიმშვიდის ამრევებს,
ჩვენ მედგრად დავიცვათ ყოველი ჩარექი,
უგულოდ ჩამოშლილ წმინდა ქვის ნამსხვრევებს
აღდგენა უნდა და რიგებში ჩადექით.

არავის შევუნდობთ ჩვენ ტაძრის შებილწვას,
ლოცვისთვის აგებდა მათ გრიგოლ ხანძთელი,
მუხლებზე დავდგები და უფალს შევფიცავ:
ეშმაკი ვერ ნახავს, იმ ტაძრებს გაცვეთილს.

სანამ დგას ურყევად ჯერ კიდევ სვეტნარი,
რწმენას ვერ წაართმევთ ქრისტიან ქართველებს,
მონასტრის ზარები გმინავს და მხნედ არი,
ოშკი და იშხანი კვლავ უნდა გამრთელდეს.

ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close