ლიტერატურამოთხრობა

ბასა ჯანიკაშვილი – კოღო

ეს იყო ღამით…
შემ-ჭა-მეს! – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გულაღმა ვიწექი და კოღოს პწუილი სტერეოფონულად ერთი ყურიდან მეორეში გადადიოდა. კოღო დიდხანს ჩხვლეტდა ღამის სიჩუმეს და არ ისვენებდა.
ფხიზლად ვიყავი. ველოდი, როდის დაჯდებოდა კოღო ჩემს სხეულზე, რომ შემდეგ ხელის ელვისებური მოძრაობით ადგილზე მიმესრისა. კოღო კი ფრენდა და ფრენდა. ამ ფრენაში ყველაზე გულისგამაწვრილებელი მისი პწუილი იყო.
პწწწწ… პწწწწ…
როდესაც ეს ხმა გესმის, რწმუნდები, ბუნებაში საჭიროა ერთი მოკვდეს, რათა მეორემ გაიხაროს. ამ შემთხვევაში, კოღოს სიკვდილი ჩემი მშვიდი ძილისა და დაზოგილი ნერვების ტოლფასია.
საინტერესოა კბენისწინა მოსამზადებელი პროცესი. წარმოვიდგინე, რომ მე ვარ კოღო… აგერ, ჩემი მომავალი მსხვერპლი, ლოგინზე გაწოლილა და ხვრინავს. პირიდან მყრალი სუნი ამოსდის, რომელიც მთელს ოთახშია მოდებული. საკმარისია მიუახლოვდე, მიხვდები, რომ მისი დაუბანელი ფეხები, საბნიდან რომ გამოჩრილა, არანაკლებ ეხმარება კუჭის წყლულს და პლომბიან კბილებს სურნელების მოფრქვევაში. კარგი, ფეხებს სუნთქვაშეკრული გადავუფრინე, მივუახლოვდი წელის შუა ნაწილს – იქ შეიძლება ჩამოვარდეს კიდეც კოღო (კაცი). საბანი ძლივს აკავებს ჭუჭყიანი საცვლებისა და აყროლებული ტანის არომატს. ამ დროს ხვდები, რომ ფრენის თავი აღარა გაქვს, მაგრამ პწუილს უმატებ, ფრთების ტყლაშუნს განაგრძობ და მიფრინავ უფრო ზემოთ, საშველის საძებნად. მაგრამ სახეზე წურწურით ჩამოსული ოფლის წვეთები გხვდება, რომელიც მსხვერპლს გაზმურტლული თავიდან ჩამოსდის და მაშინ რწმუნდები, რომ მეტი სიქა აღარ დაგრჩენია; ეძებ ადგილს, სადაც შეიძლება მცირე ხნით დაისვენო. დაფრინდები თუ არა, გშივდება კიდეც.ფიქრობ, ბარემ აქ ვარ, წავიხემსებ, თორემ მთელი ღამე შიმშილით მოვკვდებიო. ოთახში სუნიანი კაცის გარდა არავინაა და იძულებული ხარ, ისევ იმ კაცს უკბინო, მისი სისხლი დალიო. მას არც ტანსაცმლის გამოცვლა სჭირდება, არც დაბანა და არც მოვლა, მაგრამ დახეთ საოცრებას – სისხლი უგემურია. გემოს უსინჯავ – პწა… პწა… ლეიკოციტები მომატებულია… პწა… პწა… ერითროციტები შემცირებულია… საცოდავი. პწა… პწა… მათ ადგილას რეტიკულოციტები, რეტიკულობლასტები და სხვა ახალგაზრდა განუვითარებელი უჯრედები მომრავლებულა… მართლა მსხვერპლი ყოფილა ეს საცოდავი… ორი თვეღა დარჩენია. მომიწევს მთელი ღამე მშიერი ყოფნა. თფუ! სისხლს გადააფურთხებ და ის არის, უნდა გაფრინდე, რომ ტყლაშ! კოღოს ცარიელი მუცელი ჩემს ხელისგულსა და ლოყას შორის გაიჭყლიტა. ხელისგული სველი მაქვს, ამიტომ კოღო ხელზე ამყვა და ხელი ლოგინს შევაწმინდე.
ესეც ასე, შეიძლება დაიძინოს კაცმა, მაგრამ იმავე წუთს კიდევ ერთი კოღო ფხაჭნის ღამეს…
ზეზე წამოვვარდი. დილის ოთხ საათზე წყალიც მოდის და შუქიც მაქვს. აბაზანაში შევედი და სასწრაფოდ დავიბანე, კბილები ჯაგრისით გავიხეხე, სუფთა საცვლები ჩავიცვი, თეთრეული გამოვიცვალე და გახამებულ-გაქათქათებულ ლოგინში შევცურე. საბანი ყელამდე დავიფარე, რომ მხოლოდ თავი მქონოდა გარეთ, კოღოს სატყუარად დატოვებული.
ვიწექი და ველოდი კოღოს მოფრენას. ღამის დაჭაობებულ სიჩუმეში კოღოს პწუილი ბაყაყის ყიყინივით თავგასული და მომაბეზრებელია. კოღო მომიახლოვდა და ისევ სტერეოფონულად, ერთი ყურიდან მეორეში იწყო პწუილი. ამ ბრძოლაში მთავარი ნერვებია. ვინ გადასძლევს – მე თუ კოღო. ახლა საჭიროა მოთმინება. არ უნდა გაინძრე, თორემ შეიძლება კოღო დაფრთხეს და ოთახს კიდევ ერთხელ შემოუფრინოს. ბოლოს მაინც შენთან მოფრინდება, მაგრამ ამას დრო სჭირდება, დროს კი – ზედმეტად დახარჯული ნერვები. ამიტომ ჩუმად უნდა იწვე. დასაშვებია, თუ ინსტინქტურად, კოღოს ფრენის ხმას თვალებით დაუწყე ძებნა. ეს ხელს არ გიშლის, მხოლოდ მეტისმეტი არ უნდა მოინდომო, არც ეცადო, კოღო დაინახო. ამ ბრძოლაში უხილავ მტერთან გიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება – მეც და კოღოსაც. ორივე ვგრძნობთ ერთმანეთის სიახლოვეს, ორივემ ვიცით, რა გვინდა.
კოღოს არ ვეძებთ, მხოლოდ ვუსმენთ. მან საკბენად მარჯვე ადგილი მონახა. მე ვიცი, სად ზის კოღო. ახლა საჭიროა, ჩამასოს ნესტარი და ძალაუნებურად ჩემს კანზე იქნება მიბმული; სანამ მოსაკლავად მოქნეული ჩემი ხელი კოღოს ადგილზე არ მიასრისავს, ვერ მოასწრებს გაფრენას. ორიოდე წამი ჩემს ხელთ არის. დრო მაქვს წინასწარ დავტკბე გამარჯვებით. ახლა კოღო მყარად ჩაებღაუჭა ჩემს სხეულს და ძალიანაც რომ მოინდომოს, იქიდან გაქცევას ერთ-ორ წამს მაინც მოანდომებს. ჩემი გაბოროტებული ხელი კი მასზე გაცილებით სწრაფია.
ტყლაშ! და კოღო მოკვდა.
ჰა… ჰა… ჰა…
ძილის დროა. გასრესილ კოღოს საბნის პირზე ვახოცავ, მარჯვნივ ვტრიალდები და ვიძინებ.
მართალია – ერთი უნდა მოკვდეს, რომ მეორემ იცოცხლოს. თავისუფალი კოღო სიკვდილისათვის იბადება. მას არანაირი მიზანი არ ამოძრავებს. იბადება წუმპეში, რომ ისეთივე ცხოვრებით იცხოვროს, როგორიც მისი დაბადების ადგილია. კოღოსთვის მთავარია, ვინმე გაამწაროს. მისთვის სულ ერთია ვის უკბენს, ძროხას თუ თაგვს, ადამიანს თუ არაადამიანს. სანამ შეჭამენ ან მოკლავენ, ვინმე თუ გაამწარა, მაშინ იმ კოღოს შეუძლია თქვას, რომ ცხოვრების გემო ნახა, ძნელი წარმოსადგენია ბედნიერი კოღო. მისი სიფათი იმდენ ბოღმას ატარებს, შეუძლებელია, რომ რითიმე იყოს კმაყოფილი. კოღო ნასიამოვნები არც მაშინ არის, როდესაც იგი სექსუალურ კონტაქტს ამყარებს, ანუ როგორც ჩვენ მას ვეძახით, მრავლდება. აბა, ერთი წარმოიდგინე კოღო ორგაზმის დროს?! ხომ შეუძლებელია? მაგალითად, ძროხის და ხარის აქტი ბევრს უნახავს და იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ერთიც და მეორეც სიამოვნებისგან ბღავის. ეგ კი არა, ტელევიზიით მარტორქების \”სცენა\” აჩვენეს. მამალი მარტორქა იმდენად შეიჭრა როლში, რომ უკანა ფეხებით მიწას მოსწყდა, დედალს ტანზე გადააწვა და ბოლოს ჩამოვარდა.
ერთ სასულიერო პირს ლოცვის დროს კისერზე კოღო დააჯდა და მწარედ უკბინა. მღვდელმა ვერ მოითმინა და კოღო ადგილზე მოკლა. როდესაც ტკივილმა გაუარა და გონს მოეგო, მიხვდა თუ რა ჩაიდინა: ხელში დასისხლიანებული კოღო შერჩა. მღვდელმა თავში ხელი იტაცა, ეს როგორ მომივიდა, ცოცხალი არსება სიცოცხლეს გამოვასალმეო და სამი დღე-ღამე, უჭმელ-უსმელი, მუხლებამდე ჭაობში იდგა. კოღოებმა გაიხარეს. სამი დღე-ღამე ათიათასობით კოღო მღვდელს სასტიკად კბენდა.
ხალხში ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც ათასებს და ათიათასებს დაიცავს კოღოს შხამიანი კბენისაგან და ყველა ნესტარს საკუთარ ლოყას შეუშვერს. მთავარია ქმედებას გამართლება ჰქონდეს. ჭეშმარიტად ქრისტიანული საქციელია.
თავის მხრივ, ათიათასში ერთი კოღო თავისი სიკვდილით მღვდელს ცოდვებს მოანანიებინებს და თანამოძმეებს სამი დღე-ღამე საკუთარ ქელეხში აქეიფებს. ამასაც სჭირდება გამართლება და ქრისტიანული თვითდაჯერება.
ასეთი კოღო, თავისი არსით მაცხოვარსა ჰგავს. იგი კვდება, რომ სხვამ გაიხაროს, რომ სხვა მის ადგილზე აღიზარდოს. იგი კვდება იდეისთვის, მიზნისთვის. იგი არ ჰგავს ჩვეულებრივ კოღოებს, რომლებიც კბენენ იქ, სადაც კბენა დასაშვებია და იქაც, სადაც კანონით აკრძალულია. წამებულმა კოღომ იცის, ვის და როდის უკბინოს. ამტკიცონ ამის მერე, რომ თევზი უფრო ქრისტიანული სიმბოლოა, ვიდრე კოღო.
ცხოვრების მთელი ფილოსოფია შემდეგშია: ვიღაცა მსხვერპლია და ვიღაცა მსხვერპლი ხდება, რაც თითქმის ერთი და იგივეა. ორივე შემთხვევაში მსხვერპლი ხარ, მორჩა და გათავდა. საუბრები იმაზე, რომ ადამიანს თვითონ სურს, გახდეს მსხვერპლი, თუნდაც გაუცნობიერებლად, რომ ადამიანი თვითონ არის თავისი ბედის ბატონ-პატრონი და ა.შ. – მცდარია!
ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა ორთვენახევარში სიკვდილი. ეს უჩემოდ გადაწყდა.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გაგება ყველას სხვადასხვა აქვს. ის, რაც სიამოვნებს კოღოს, სიამოვნებს მღვდელს და არა – მე. ხოლო რაც მე მსიამოვნებს, ის არც ერთს არ მოსწონს – არც კოღოს და არც მღვდელს.
კოღო იმდენად უჭკუო არსებაა, ვერ ხვდება, რომ ჩუმად უნდა იფრინოს. ნერვებისმომშლელი პწუილით სიბნელეში თავის ადგილსამყოფელს გასცემს.
ტყლაშ! გაფრინდა. გამომეღვიძა. კისერზე უზარმაზარი წითელი ბორცვი ამომსვლია. კოღოს ნაკბენია. ქავილით კისერს ვიწვალებ და თავს ვიმზადებ იმ აზრისათვის, რომ საჭიროა ავდგე და კოღოებს დავერიო.
ერთი, ორი, სამი… ნუთუ ეს ყველაფერი დამესიზმრა? საოცარია, მე უკვე მძინავს და ვფიქრობ… რამდენნი ყოფილან. მეოთხეც მოვკალი. ბრძოლის ჟინი სიზმარშიც არ მასვენებს. მეხუთე გამექცა, ე.ი. კიდევ ერთი კოღო დაფრინავს ოთახში. აი, კოღომ ანთებულ ნათურას ჩაუფრინა. გავედევნე. ჰაერში საკლავით ვერაფერს დავაკლებ, ამიტომ ხელით უნდა ვცადო დაჭერა. ჰოპ! და იქ არის. მუშტს მაგრად ვკუმავ, იქნება გაისრისოს. არა, ეს მეხუთე კოღო არ არის. მას უფრო გრძელი ფეხები და მოკლე ფრთები ჰქონდა. ვეძებ მეხუთეს. აი, კიდევ ერთი კოღო ჭერზე, კუთხეში მიმალულა, სკამზე ვდგები, ვაკვირდები, არც ეს არის მეხუთე. მოვკლავ იმიტომ, რომ მეხუთეს მერე ამას დავუწყებ ძებნას და გამოვასალმებ სიცოცხლეს. ჩემი სისხლი ჯერ კიდევ წითელი ფერის ლაქად ემჩნევა თეთრ ბიაზზე დაკლულ კოღოს.
მეხუთე კოღო არსად ჩანს, მისი პწუილი კი მესმის. სადღაც აქ არის და ვერ ვპოულობ. ოთახს დიდხანს ვუვლი გარს, ვუკვირდები ყოველ კუთხეს, საგანს. მეხუთე კოღოს ვეძებ და აი, მაგიდის მრგვალ, თლილ ფეხზე ჩრდილი შევნიშნე. ფრთხილად მივუახლოვდი და – ჩემი ნაცნობიც იქ არ ზის?! ისეთი, როგორიც გამიფრინდა – ექვსი გრძელი ფეხი, ციცქნა ტანი, ჩაჩუტული მუცელი და გამჭვირვალე, კოპწია ფრთები. ამდენი ძებნის შემდეგ ლამაზი მეჩვენება და მოკვლაც მიჭირს.
საკლავი მოვიმარჯვე. მართალია, ცოტა მოუხერხებელი ადგილია, მაგრამ უნდა შევეცადო, საკლავი კოღოს დავუმიზნე და დავარტყი. იმ იმედით, რომ მიზანს მივაღწიე, საკლავს დავხედე, მაგრამ იქ მკვდარი კოღო არ დამხვდა. მაგიდის ფეხზეც არავინაა. იატაკიც მოვათვალიერე. გარდაცვლილი იქ დავარდებოდა, მაგრამ ბოდიში. კოღო გაქრა. დარტყმის დროს ყურადღებით ვიყავი. გაქცეულს შევნიშნავდი, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. მეხუთე კოღო გაუჩინარდა. კიდევ დიდხანს ვეძებე ოთახში, მაგრამ ვერ ვნახე. თავი იმით ვინუგეშე, კოღო მოვკალი, მხოლოდ გვამი გაუჩინარდა-მეთქი. ხომ ხდება ასე?
დავწექი და ვფიქრობდი, მართლა მოვკალი თუ თავს ვიტყუებდი. სიჩუმეს მივაყურადე და პწუილი კვლავ მომესმა. ხმა მონოტონურად ისმოდა. გამოდის, რომ არ მომიკლავს ფრთოსანი მეგობარი.
მე ვარ მეხუთე კოღო და ჩემს წინ ილია ჭავჭავაძის განდეგილია, მუხლებზე დამხობილი ლოცვებს კითხულობს. სახეზე სიწმინდე და სისპეტაკე ისე არევია, ვერ მიხვდები, მლოცველი თავად ავტორია თუ მისი გმირი; ერთია თუ მეორე – ლოცულობს.
რაც ძალი და ღონე მაქვს, ფრთებს ვაქნევ და მომღიმარი სახით განდეგილს ყურზე ვაფრინდები. საინტერესოა, რას იზამს განდეგილი, ახლა რომ ვუკბინო? სიმწრისაგან ისიც მიმასრისავს. აი, შემდეგ თუ წავა და ჩადგება ჭაობში სამი დღე-ღამე?! არა მგონია! განდეგილი ჯერ ამისთვის მზად არ არის. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ინფარქტით მოკვდეს. სიკვდილი იმ მღვდელსაც შეეძლო, კოღოს გულისთვის თავი რომ იგვემა, მაგრამ უფრო ძნელი გზა აირჩია.
არ არის განდეგილი ის კაცი, ვის ყურზეც სიკვდილი ღირდეს. კოღოს ხმა შენამდე აღწევს: პწწ… არაფერი არ იცვლება – არც სიჩქარე, არც ტონალობა, არც ბგერის ხმოვანება. მოდის ისეთი, როგორიც არის. შეიძლება ჭკუიდან აიწიო.
განდეგილს ვუკბინე და სწრაფად გავშალე ფრთები. განდეგილმა ყურზე იტაცა ხელი, მაგრამ გვიან იყო; შემდეგ დამინახა, როგორ მივფრინავდი სარკმლისაკენ გასაქცევად და გამომიდგა. მდიოს, მდიოს, მდიოს, როდესაც მე უკვე აქ ვარ, ჩემს გახამებულ ლოგინში. განდეგილი კი სარკმლიდან მოწყენილი თვალებით მიყურებს. თანაც მიკვირს, რომ გასიებულ წითელ ყურს ის კი არა, მე ვიფხან.
გამომეღვიძა. ფეხზე ავდექი და მივაყურადე. ხმა კვლავ ისმის. ფეხაკრეფით ოთახის მეორე ბოლოში გავდივარ და ვიტრუნები. სიმშვიდის შენარჩუნება სულ უფრო და უფრო მიჭირს. ხმა იქაც მონოტონურად ისმის. იმ დროს ვნატრობ, როცა კოღოს პწუილი ერთი ყურიდან მეორეში სტერეოფონულად გადადიოდა. მასში სიცოცხლის ნატამალი იგრძნობოდა. აქ გამანადგურებელი ერთფეროვნებაა. მკლავს ჩემი უმწეობა. არაფრის გაკეთება არ ძალმიძს. წინააღმდეგობას ვერ ვუწევ ამ პატარა, საზიზღარ მწერს. შეიძლება დაეჭვდეს კაცი საკუთარ შესაძლებლობებში, მიზანსწრაფვაში, მომავალში. როცა ერთი უმწეო ცხოველი ვერ მომიშთვია ამ კაციჭამიების ქალაქში? მე ხომ შემჭამენ, ჩემს მეხუთე კოღოსაც ზედ დამაყოლებენ?! ლოგიკურია, ოღონდაც მეხუთე კოღო მოკვდეს და ყველაფერზე ხელს მოვაწერ. კარგია, რომ ჩემი ქვეყანა კაციჭამიების ხელშია. მე თუ არაფრის შეცვლა არ შემიძლია, იმას მაინც მივენდობი, ვისაც ეს ძალუძს.
ოთახის მეორე კუთხიდან მესამეში გადავინაცვლე. მაინც არაფერი შეცვლილა. ხმა იქაც ისმის. გაგიჟდები კაცი! ხმა მთელს ოთახში ერთი სიმძლავრით მოდის, ვერსად გაექცევი, ვერ დაემალები. ოთახიდან შეშლილივით გავვარდი. ხმა თან მსდევს. ეს უკვე მეტისმეტია, ეს უკვე ყველაფერს გამორიცხავს! ხმა თან მსდევს, ხმა თან მსდევს! ერთი წუთით!.. ერთი წუთით!.. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ათი, ოცი, ორმოცი… ყველაფერი კარგად იქნება…
სამზარეულოში სკამზე ჩამოვჯექი. ირგვლივ სიჩუმეა, პწუილს თუ არ ჩავთვლი… გამოდის, რომ არ მეჩვენება. ხმა აშკარად მესმის. საათს დავხედე – ხუთის ნახევარია. გათენებამდე კიდევ საათნახევარია.
უცნაური ხმაა: უცვლელი, ერთფეროვანი. ტელევიზორი იმ იმედით ჩავრთე, რომ ამ ხმას რაიმეთი დავფარავდი, მაგრამ იქაურ ბგერებს ისევ ნაცნობი ხმა მირჩევნია. რადიოზე გადავინაცვლე. იქიდან გადმოღვრილმა მშვიდმა ჰანგებმა გონზე მომიყვანა. რადიო გინარჩუნებს კონტაქტს გარე სამყაროსთან, მარტო არ გტოვებს, მაგრამ პაუზებს ისევ ჩემი ნაცნობი ბგერები მივსებენ. რაღაც მომენტში თავი კომფორტულად ვიგრძენი და მსიამოვნებდა კიდეც, რომ რადიოს მარტო არ ვუსმენდი. ოთახში მე და ჩემი ერთგული ხმა ვიყავით…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button